დრო - 168 საათი! არჩევნებამდე 168 საათი დარჩა...

ღრმად ვარ დარწმუნებული, 28 ნოემბერს, მათთან ერთად, ვინც I ტურში ხმა მისცა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, I ტურში შინ დარჩენილთა 54% უმრავლესობაც შეუერთდება და ხმას ვაშაძის წინააღმდეგ მისცემს, რომ "ნაცმოძრაობის" კრიმინალურ-ფაშისტური რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთოს.

ვინც არ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში შიგნიდან თუ გარედან, "ქართულ ოცნებაში" მეხუთე კოლონად შეგზავნილ-პორტირებული ნაცების არმია თუ პიარტექნოლოგიებით აღჭურვილი იდეოლოგიური დესანტი კრემლიდან, მაინც არაფერი გამოვა _ ქართველი ხალხი 2012 წლის მონაპოვარს არავითარ შემთხვევაში არ დათმობს, რადგან იცის _ უკან დასახევი გზა არ არსებობს _ უკან წყვდიადია, სიბნელეა, ძალადობაა, სადისტების და მანიაკების რევანში და ანგარიშსწორებაა.

28 ნოემბრის გამარჯვება ეს იქნება არა მხოლოდ "ქართული ოცნების" და სალომე ზურაბიშვილის, არამედ, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც აცნობიერებს, რომ ნაცების უკან მობრუნებით შეიძლება სამშობლო დაკარგოს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი აქამდე ბევრჯერ ნათქვამს: მიკვირს იმ ადამიანების, ძალიან მიკვირს, რომლებიც მხარს ვაშაძეს და "ნაცმოძრაობას" უჭერენ.
სიტუაციაში რომ ვერ ერკვეოდე, რაღაც დაფარული და დამალული რომ იყოს და ამის გამო ცდებოდე და მცდარ არჩევანს აკეთებდე, მესმის, მაგრამ, როცა "ნაცმოძრაობის" ცხრაწლიანი რეჟიმის ნამოქმედარი წინ გიდევს, როცა მათ მიერ ჩადენილი უამრავი შემზარავი დანაშაულის მოწმე და თვითმხილველი ხარ, როცა საკუთარ თავს წესიერ, პატიოსან, პატრიოტ ადამიანს უწოდებ, ხმას როგორ აძლევ ყოველივე ამ უბედურების ჩამდენებს და შემოქმედებს, თუ შენც, ბოდიში მომითხოვია და მათნაირი არ ხარ და მათ მსგავსად, თუ შესაძლებლობა მოგეცემა, იგივეს გააკეთებ, რასაც ისინი აკეთებდნენ _ მოკლავ, გააუპატიურებ, დაჩაგრავ, დააჩმორებ, წაართმევ,. დააყაჩაღებ.

სხვანაირად რით და როგორ შეიძლება ამ საქციელის ახსნა ან გამართლება?

როცა მკვლელს და მოძალადეს მხარს უჭერ, შენც მკვლელი და მოძალადე ხარ, უფრო ზუსტად, მკვლელსა და მოძალადეზე ცოტათი უარესი და ცოტათი უფრო საშიში.

"ნაცმოძრაობა" 9 წლის განმავლობაში მთელ საქართველოს და დანარჩენ მსოფლიოს თვალში ნაცარს აყრიდა, მაგრამ გასკდა ნაცრის ეს დიდი გუდა და დღეს ყველამ ყველაფერი გაიგო, გარდა იმ 600 000 კაცისა, რომელიც ვაშას ძახილით კუდში დასდევს ვაშაძეს, რუსეთის აგენტს.
ფარისევლობა და უტიფრობა კი გამიგია, მაგრამ ასეთი და ამ მასშტაბის ნამდვილად არა.

რას ნიშნავს და როგორ ავხსნათ ის ფაქტი, როცა რუსეთს ოკუპანტს და მტერს ეძახი და ამ დროს რუსეთის ზესაიდუმლო სამსახურების მაღალჩინოსანს, ფაქტობრივად, რუს პოლიტიკოსს, საქართველოს პრეზიდენტის გვირგვინი გინდა თავზე დაადგა, ამის პარალელურად კი მოღალატეს სალომე ზურაბიშვილს ეძახი, რომ შენი ღალატის და ქვებუდანობის ამბავი ამით გადაფარო.

ოცი წელია "ნაცმოძრაობაზე" ვწერ და მის ანატომიას ვუკირკიტებ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მაინც ბოლომდე ვერ გავიგე და ვერ ამოვხსენი, რა ძალაა ეს, რომელიც ფორმალურად თითქოს პოლიტიკური ორგანიზაციაა, მაგრამ მის მოქმედებებს და მის მიერ ჩადენილ საქმეებს რომ დააკვირდები, ის პოლიტიკურ პარტიას კი არა, უფრო მეტად კარგად ორგანიზებულ ბანდას ჰგავს, რომელიც ნაწილია რაღაც გრანდიოზულად დიდი მასშტაბების საერთაშორისო ბანდისა.
"ნაცმოძრაობა" თითქოს ამ ტრანსკონტინენტალური ბანდის რეგიონალური განყოფილებაა, მისი ფილიალია.

"ნაცმოძრაობისთვის" საქართველო სამშობლო კი არა ტერიტორიაა, ზონაა, საიდანაც "ნაცმოძრაობის" დროს ძალზე სერიოზული თანხები მიედინებოდა საერთაშორისო "ობშიაკში".

როცა საჭიროებამ მოითხოვა, ეს ბანდა უკრაინაში იქნა გადასროლილი და კარგა ხანს იქ ალაგებდა "პალაჟენიას".
სულაც არ არის გამორიცხული, `ნაცმოძრაობა~ და მისი ლიდერი ხვალ თუ ზეგ სხვაგან და სხვა ქვეყანაში მიავლინონ წესრიგის დასამყარებლად.
ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა ბეწვის ხიდზე გაიარა და რა სახიფათო ძალას დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილი და ქართველი ხალხი 2012 წელს.

ამ ძალის ხელისუფლებაში მობრუნება გარდაუვალ კატასტროფას ნიშნავს ქართული სახელმწიფოსთვის.
კარგად დაიმახსოვრონ ეს იმ ადამიანებმა, რომლებიც სრულიად ალოგიკური და უსაფუძვლო მოტივებით ხმის მიცემას გრიგოლ ვაშაძისთვის აპირებენ.
ქვეყნის ღალატია ეს, ქვეყნის მტრობაა, ქვეყნისთვის ზურგში ლახვრის ჩაცემაა.
_ წყეულიმც იყოს ყველა, ვინც მხარს "ნაცმოძრაობას" უჭერს! წყეულიმც იყოს ყველა მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი! _ ასეთი წყევლა ამოვიკითხე ამასწინათ სოციალურ ქსელებში.

მართალია, ნაციონალებს არც ღმერთის სწამთ, არც ზნეობრივ-მორალური ნორმები და სხვა ღირებულებებია მათთვის პატივსაცემი და მისაღები, ისინი მხოლოდ ეგოისტურ და ძალაუფლების პყრობის მანიაკალურ ინსტინქტებს ემორჩილებიან, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ისჯება იმ სამართლით, რომელსაც განგების სამართალი ჰქვია და რომელსაც ვერავინ ვერ დააღწევს თავს.
ამიტომ გეშინოდეთ, ნაციონალებო, გეშინოდეთ ცხრა წლის განმავლობაში თქვენი არაადამიანური, სასტიკი და სადისტური დანაშაულების გამო თქვენს წინააღმდეგ აღვლენილი ყველა წყევლის.

ერთად შეკრებილ და ერთ ენერგიად გაერთიანებულ წყევლას იმდენად დამანგრეველი და გამანადგურებელი ძალა აქვს, მას ვერაფერი ვერ შეაჩერებს.
"ნაცმოძრაობასთან" ერთად თქვენც გეშინოდეთ, ნაციონალების მხარდამჭერებო, გეშინოდეთ ყველას, ვინც II ტურშიც 5-იანის შემოხაზვას აპირებთ და ამით იმ დიდ ცოდვას უერთდებით, იმ შემზარავი დანაშაულების თანამონაწილე ხდებით, რომელიც "ნაცნოძრაობამ" ჩაიდინა.

"ნაცმოძრაობა" ცდილობს, ყოფილი სამხედროები დაუპირისპიროს სალომე ზურაბიშვილს და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და ამ მიზნით უამრავ ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ყოფილი სამხედრო პირი იოლად წამოეგო "ნაცმოძრაობის" ამ პროვოკაციულ ხრიკს.
_ ჩვენ მთელი ცხოვრება საქართველოს ვიცავდით, ახლა კი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებით შეურაცხყოფილები ვართო, _ ამბობენ ეს პატივცემული ადამიანები და ზოგი ღიად, ზოგიც შეფარვით მხარს ვაშაძის კანდიდატურას უჭერს.
კი, მაგრამ, ბატონებო, თქვენ რა მალე დაგვიწყნიათ, რა რეპრესიების რისხვა დაგატეხათ თავს, თქვენ, სამხედროებს, თქვენმა მთავარსარდალმა აგვისტოს სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ და როგორ უტიფრად ცდილობდა იგი თავისი უუნარობა, თავისი შეცდომები, თავისი დანაშაულებრივი ქმედებები და გაუაზრებელი, წინდაუხედავი ნაბიჯები, რომლებიც მიზეზი გახდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებისა, თქვენთვის, სამხედროებისთვის, გადაებრალებინა.

როგორც სულმოკლე, სულმდაბალ, ლაჩრული ბუნების კაცს სჩვევია, მან თავისი შეცდომები რეზერვისტებს, რიგით ჯარისკაცებს, სერჟანტებს, ოფიცრებს გადააბრალა და ზოგს დეზერტირობაში დასდო ბრალი, ზოგს ღალატსა და ჯაშუშობაში.

მაშინ სად იყავით, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა, ბატონო გენერლებო და ოფიცრებო, როცა უდანაშაულო ადამიანებს მასობრივად ათავისუფლებდნენ სამხედრო შენაერთებიდან, ავიწროებდნენ, ზეწოლას ახდენდნენ, ციხეებში ყრიდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ და ეს ყველაფერი იმის გამო ხდებოდა, რომ ჭკუიდან გადასული თქვენი მთავარსარდლის დანაშაულებრივი ქმედებები მიჩქმალულიყო.
განა მარტო სააკაშვილი, გიგი უგულავა, სამხედრო საკითხებში აბსოლუტური პრაფანი, თქვენი სარდალი არ იყო და იმის ბრძანებებსაც უსიტყვოდ არ ასრულებდით?

აკი, თქვა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, გიგი უგულავა იყო მთავარი "ქანჩი" ამ სამხედრო ოპერაციებშიო.
ეს მაინც როგორ დაუშვით, ამაზე მაინც რატომ არ ატეხეთ განგაში _ ქალაქის მერს, სამოქალაქო პირს, რა ესაქმება საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვაში? ომი გვაქვს ჩვენ აქ თუ ცხინვალის დასუფთავების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოგვარების "ოპერაციას" ვატარებთო?
რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომში ყველამ ყველაფერი ვიცით, ვიცით დეტალებში, საათების და წუთების მიხედვით.
ასე რომ რაღაც-რაღაცების დამალვას და სალომე ზურაბიშვილისთვის გადაბრალებას აზრი არ აქვს _ მოვა დრო და არა ჰააგის, არამედ ქართული სასამართლოს წინაშე აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა, როგორც მთავარსარდალ სააკაშვილს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი გაუაზრებელი, პროვოკაციული, ლოგიკურად აუხსნელი და უკიდურესად საეჭვო გადაწყვეტილებებით უდიდესი ზიანი მიაყენეს საქართველოს, მის მოსახლეობას, ქართულ ჯარს, მთლიანად ქართულ სახელმწიფოებრიობას.

"ქართულ ოცნებას" ამ ექვსი წლის განმავლობაში ორჯერ და სამჯერ მეტი საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე "ნაცმოძრაობას" 9 წლის განმავლობაში, მაგრამ დავუშვათ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა "ქართულ ოცნებას", განა ეს არ გადაწონის ყველას და ყველაფერს, თავის გზებიან-ხიდიან-საწარმოებიან-სასტუმროებიანად?

აბა, წარმოვიდგინოთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ამ პროგრამამ, რამდენი ოჯახი ისხნა ეკონომიკური გაჩანაგებისგან და გაკოტრებისგან.
რა თქმა უნდა, არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, ზუსტი ციფრები, რა კოლოსალური თანხები დახარჯა ხელისუფლებამ მისი მოქალაქეების გადასარჩენად, თუმცა "ქართულ ოცნებას" საარჩევნო პერიოდებშიც კი არ უკადრია თავის გამოსაჩენად და საკუთარი ღვაწლის წინ წამოსაწევად ეს ციფრები შეეხსენებინა საქართველოს მოსახლეობისთვის.
ძალიან მაინტერესებს, იმ 600 000 ადამიანიდან, რომლებმაც ხმა `ნაცმოძრაობას~ მისცეს, არავინ გამხდარა ავად, არავის დასჭირვებია ოპერაცია თუ სხვა სახის სამედიცინო დახმარება?

როგორც ჩანს, უმადურობას საზღვარი არ აქვს, თორემ როგორ შეიძლება თუნდაც ამ პროგრამის გამო "ქართული ოცნების" ხელისუფლების მადლიერი არ იყო და "ისტუკანივით" იძახო _ აბა, რა გამიკეთა "ქართულმა ოცნებამო"?
რა გაგიკეთა და სიცოცხლე გაჩუქა შენ, შენს ახლობლებს, შენს მეზობლებს, სიცოცხლე გაჩუქა, ოჯახი გადაგირჩინა.
სააკაშვილი დღეს გამოდის და ბრტყელ-ბრტყელ დაპირებებს იძლევა თუ როგორ გააკეთილშობილებს საბანკო სისტემას, როგორ გააუქმებს საჯარიმო საურავებს, როგორ დასწევს საპროცენტო განაკვეთებს და ა. შ.

ამ დაპირებებიდან, სააკაშვილი, ცხადია, არც ერთის შემსრულებელი არ არის. მას ამის იოტისოდენა სურვილი რომ ჰქონოდა, თავისი 9-წლიანი პრეზიდენტობის დროს ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდა ამ მიმართულებით.

ვინც "ნაცმოძრაობის" უკან მობრუნებას ნატრობს, კარგად გაიხსენოს, რა ხდებოდა "ნაცმოძრაობის" დროს ჯანდაცვის სფეროში.
რა ხდებოდა და ადამიანები იძულებულნი იყვნენ, გაეყიდათ სახლ-კარი, გაეყიდათ ყველაფერი, ბანკებიდან კაბალური პირობებით აეღოთ სესხები, რომ საჭირო სამედიცინო მომსახურება მიეღოთ და თავიანთი თუ თავიანთი ახლობლები სიკვდილისგან ეხსნათ.

ფაქტობრივად, ეს იყო კარგად დაგეგმილი გენოციდი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც არა მარტო ერთი კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ განადგურებას, არამედ მთელი მისი ოჯახის დედა-ბუდიანად გაკოტრებას და ამოძირკვას ისახავდა მიზნად.

ბანკებზე და ბანკების მიერ გაძარცვულ მოსახლეობაზე რომ ლაპარაკობთ, ნაციონალებო, განა ზუსტად თქვენს დროს არ გაუბედურდნენ ეს ადამიანები, განა თქვენი "ბედნიერი" და "აყვავებული" ეპოქიდან არ მოჰყვება ის ვალები მოქალაქეთა დიდ ნაწილს?
"ნაცმოძრაობას" თითი არ გაუნძრევია ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად _ იჯდა და მშვიდად უყურებდა, როგორ ყრიდნენ ადამიანებს სახლებიდან გავეშებული "აღმასრულებლები".

სამწუხაროდ, დემოკრატიას ერთი დიდი ნაკლი აქვს _ დემოკრატიის დროს სულელის და ჭკვიანის, გიჟის და ნორმალურის, გონებაჩლუნგის და გონიერის, ავანტურისტის და კეთილსინდისიერი ადამიანის ხმას ერთი წონა და ერთი ფასი აქვს.

დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ჭკვიანი, გონიერი, კეთილსინდისიერი ადამიანები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე უგუნურები.
სინამდვილეში, უგუნურების ხსნა და შველაც ჭკვიანი და კეთილსინდისიერი ადამიანების გამარჯვებაშია…

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს სულ რაღაც 168 საათი დარჩა...

ვახტანგ ხარჩილავა

скачать dle 12.0