"ნაციონალებო", თქვენი სიტყვებით ჩვენ უკვე მოგვკალით და შავ ხვრელებში გადასაყრელ გვამებად გამოგვაცხადეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცოცხლებთ, რომ თქვენნაირებს ხმამაღლა ვუთხრათ: არა!!!

თუ ღმერთი, რაიმე სახის კეთილი ძალა და სამართალი არსებობს, მხოლოდ ამ ფრაზის გამოც ვერასდროს მოხვალთ - ვერსად!

წლების წინ, ლისის ტბაზე მდებარე ონკოლოგიურ საავადმყოფოში ახლობელის მოსანახულებლად მივედი. პაციენტის ძებნაში გართულს სართულები ამერია და მოზრდილთა ნაცვლად, ბავშვთა განყოფილების კარი შევაღე. გრძელ დერეფანში შესულს დაახლოებით ათი წლის, გამხდარი გოგონა დამხვდა. თავზე ჭრელი თავსაფარი ჰქონდა მოხვეული და ცისფერი, სევდიანი თვალებით მიყურებდა. ასე პატარას და ასე ფერადს იმდენად არ უხდებოდა საავადმყოფოს მძიმე და რუხი კედლები, რომ ვერ მივხვდი, რატომ იყო აქ, რატომ ეზოში, თანატოლებთან არ დარბოდა, ბურთს არ თამაშობდა და რატომ ჰქონდა ასე პატარას თვალებში ასეთი დიდი ტკივილი და სევდა..

იმის შემდეგ წლები გავიდა და მჯერა, რომ ის გოგონა ახლა ჯანმრთელი და ბედნიერი ქალია, მაგრამ როცა რამდენიმე დღის წინ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პირველი არხის გადაცემაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა, სწორედ ის გოგო და მისი სევდიანი თვალები გამახსენდა. გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პროგრამის მთავარი ხარვეზია, რომ ფინანსები არა დაავადებების პრევენციაზე, არამედ – მომაკვდავი ადამიანის მკურნალობაზე იხარჯება.

„ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები პრევენციის მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება". 

2009–2010 წელი იქნებოდა, როცა ჩემს სამეზობლოში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. გოგონას ბრმა ნაწლავი გაუსკდა და საავადმყოფოში აუტანელი ტკივილებით გადაიყვანეს. გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ საოპერაციოში ვერ შევიყვანთ, სანამ ფულს არ გადაიხდითო – თავზარდაცემულ მშობლებს გამოუცხადეს ექიმებმა. სანამ გაგიჟებული მამა ფულის საშოვნელად ახლობლებში და ნათესავებში დარბოდა, საოპერაციოს კართან, ურიკაზე მწოლი ბავშვი გარდაიცვალა და იმ წლებში ასეთი არაერთი შემთხვევა მოხდა.

რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, იმის უარყოფა შეუძლებელია, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ უამრავი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და საოპერაციოს კართან არავინ მიუტოვებია. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რა საფრთხეს უკავშირდება მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებისთვის პროგრამის შეწყვეტა, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სრულიად რეალურია და ეს გიორგი ვაშაძის სიტყვებმაც დაადასტურა.

სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია, რომელთან გამკლავება ფიზიკურადაც, მორალურადაც და ფინანსურადაც რთულია. ონკოლოგიურ პაციენტებს, სერიოზული გამოკვლევის გარდა, ქირურგიული ჩარევა, რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის არაერთი კურსი ჭირდება თ. საყოველთაო ჯანდაცვამდე ონკოპაციენტების უმეტესობა უბრალოდ, ვერ იტარებდა მკურნალობას. პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი ისინი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ, ამიტომ გიორგი ვაშაძის განცხადება ყველაზე მტკივნეული ამ კატეგორიის ავადმყოფებისთვის აღმოჩნდა. ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები თოდუას კლინიკასთან შეიკრიბნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელის განცხადება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქიმიო-თერაპიის კურსი მათთვის აუცილებელია.
ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელშიც უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ნინი მთვარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე თვალხატულა ბავშვის ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„ბატონო გიორგი ვაშაძე, თქვენთვის ე.წ. “შავი ხვრელი” ჩემთვის მთელი ცხოვრებაა – აი, ეს მზესავით ბიჭი, რომელიც ახლა გერმანიაში მკურნალობს. ეს ის ბიჭია, თქვენი განცხადება რომ წავიკითხე და ნაგავი-მეთქი რომ წამოვიძახე, შენიშვნა რომ მომცა, ადამიანებზე ასეთი სიტყვის თქმა არ შეიძლებაო. 
მე ახლა ისეთი დრო მიდგას ვინმეს “გამპრავებლად” და მხარდამჭერად ნამდვილად ვერ გამოვდგები, იქეთ ვარ მხარდასაჭერი, მაგრამ მისგან ასეთი გაუმართლებელი ბოროტება არც გვსმენია და გულით მჯერა, არც არასდროს გავიგებთ. და კიდევ იმის მჯერა გულით, რომ თუ ღმერთი, რაიმე სახის კეთილი ძალა და სამართალი არსებობს, მხოლოდ ამ ფრაზის გამოც ვერასდროს მოხვალთ – ვერსად! თქვენ და თქვენი თანამებრძოლები, ძველებიც და ახლებიც! თქვენ, რომელმაც ძალიან ბევრი დედის, მამის, ძალიან ბევრი შვილის, ძალიან ბევრი ძმის და დის გული კიდევ ერთხელ მოკალით ამ ნათქვამით. ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ვებრძვით ამ ვერაგ დაავადებას და წარმოუდგენელ სიძლიერეს ვიჩენთ, გვითხარით, რომ ეს ყველაფერი ფუჭია, რომ აზრი არ აქვს. და თქვენმა თანაგუნდელებმა, რომლებმაც ბევრი ხან სიტყვით და უფრო ხშირად პირდაპირ საქმით მოკალით.

მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას და მთელი გულით, სულით და სხეულით მინდა ერთ დღეს, დემეტრე რომ უფლის წყალობით, დიდი ბიჭი გაიზრდება განახოთ, როგორ უნდა დაუდგეს სახელმწიფო “შავ ხვრელში” მყოფ ადამიანებს გვერდით, იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ, იცოცხლონ და დიდები რომ გაიზრდებიან თქვენგან განსხვავებით თავად გადაარჩინონ ბევრი სიცოცხლე ამ ძალიან მძიმე განსაცდელგამოვლილებმა!“

ონკოლოგიური დაავადების მქონე ზოგიერთმა პაციენტმა „ვაშაძე და კამპანია“ ფაშისტებს შეადარა, რომლებიც მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ.

„კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატალია ენუქიძე, რომელიც ექვსი წელი მე 4 სტადიის სიმსივნეს ექვსი წელი ებრძვის.

მერწმუნეთ ჩემნაირებო 6 წელია ცოცხალი ვარ და კიდევ მრავალი 6 წელი უნდა ვიცოცხლო. არაფერს შეუშინდეთ და არასდროს იფიქროთ რომ უკვე გვიანია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, არდაიღალოთ, არ დანებდეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, სიხარულზე იფიქრეთ და მოვა, სიცოცხლეს დაუძახეთ და გესტუმრებათ, სიკვდილი გააპანღურეთ და წავა!!! ძალიან გთხოვთ როდესაც სიტყვა მო(მა)კვდავს ახსენებთ და შავ ხვრელში გადასაყრელ გვამებად მოგვიხსენიებთ, დაფიქრდით რომ თქვენ თვითონაც ისეთივე მო(მა)კვდავები ხართ როგორც ჩვენ და ოდესღაც თქვენც გაივლით იმ შავ გვირაბს, რომლის ბოლოშიც ყოველთვის სინათლეა. ღმერთს ებარებოდეთ!!! “

და ბოლოს, ნაციონალებს რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ფიქრით ღამე არ ეძინათ, იქიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი ფასიანი გახდა. აღარაფერს ვიტყვით ძვირადღირებულ ოპერაციებზე. ამიტომ დრეს გიორგი ვაშაძემ როგორც არ უნდა „გადააბრუნოს პლასტინკა“ ასე კი არა, ისე ვთქვიო, მეხსიერებიდან ვერ ამოშლის, რომ მათი მმართველობის დროს, უფულო პაციენტი საავადმყოფოს ეზოშიც ვერ შედიოდა. პირადად მე, საყოველთაო დაზღვევამ ინსულტიანი დედის 5 თვის სიცოცხლე მაჩუქა და ამ ხუთი თვის ფასი მხოლოდ მე ვიცი..

ამასწინათ, ახლობელმა, რომელიც საავადმყოფოში მუშაობს, გამიმხილა – ამდენი პაციენტი დიდი ხანია არ გვყოლია. ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებით შეშინებული ადამიანები მოგვაწყდნენ – სანამ ჯანდაცვის პროგრამა გაუუქმებიათ, ოპერაციის გაკეთება მოვასწროთო. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები არჩევნებზე ხმას ვის მისცემენ? გგონიათ, „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზება ჯანმრთელობის დაკარგვის შიშს გადაწონის? ასე, რომ რაც დათესეთ, 28 ოქტომბერსაც იმას მოიმკით, ნაცებო!

ნელი თორდია
скачать dle 12.0