რატომ გაუღო "ნაცმოძრაობამ" მისთვის ვითომდა საძულველ რუსეთს და მის ეკონომიკას ასე ფართოდ კარები?

"დღეს, განსხვავებით სამი თვის წინანდელიდან, რუსეთის საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად პოზიტიურად განეწყო საქართველოს მიმართ. მე ეს ვერ წარმომედგინა რომ შეიძლება ასე სწრაფად მომხდარიყო. დღეს საქართველოს ხსენებაზე, რუსეთში უკვე აღარ არის ის უარყოფითი, რომელიც იყო და რომელმაც ძალიან დაგვაზარალა თავის დროზე. დღეს აღარ არის მოდაში, თუნდაც ყველაზე ნაციონალისტი პოლიტიკოსების მხრიდან, საქართველოს ლანძღვა და ამით პოლიტიკური ქულების დაწერა, იმიტომ, რომ ამას აზრი არა აქვს. და თავის დროზე ასეთმა რიტორიკამ საქართველოში, ათჯერ და ასჯერ დაგვაზარალა და სერიოზულად მოგვითხარა ძირი აფხაზეთშიც და საქართველოს სხვა რეგიონებში.
ამიტომ სერიოზული, პარტნიორული ურთიერთობის წარმოება რუსეთთან, მე მიმაჩნია ჩემს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად და ამ მხრივ ჩვენ, უახლოეს პერიოდში, იმედია, მივიღებთ სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას, რაც მნიშვნელოვანია. შეიძლება მთლიანად შეცვლა, მთლიანად გაუქმება, სწორი არც იყოს, მაგრამ გამარტივება სრულიად აუცილებელია. ჩვენ მივიღებთ ახალი ეკონომიკური პრეფერენციების მიღების გარანტიებს რუსეთიდან, ყოველშემთხვევაში, ამაზე ვლაპარაკობთ. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ნაბიჯები გადმოდგა რუსეთმა ჩვენთან შესახვედრად და ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო, ჩვენს წინაშე მდგომი, ასევე შიდა ამოცანების აუხლოეს მომავალში გადასაწყვეტად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფაქტორი", – ამ სიტყვების ავტორი არის მიხეილ სააკაშვილი და ეს მან პარლამენტში განაცხადა, ეგრედ წოდებული ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში. ამის შემდეგ იყო – პუტინს პატიოსანი კაცის თვალები აქვს. 

იმ დროინდელი ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბევრს მუშაობდა, რათა ქვეყანაში გაზრდილიყო უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მადნეული, მინერალური წყლები, განხორციელებული ინვესტიციების დიდი წილი რუსულ კომპანიებზე მოდის. 2015 წლის მდგომარეობით, კომპანია "ინტერ რაო", რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია "თელასს", თბოსადგურ "მტკვარი ენერგეტიკას", ჰესებს "ხრამჰესი 1", "ხრამჰესი 2". "ინტერ რაოს" მართვაში აქვს გადაცემული ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური "ენგურჰესი". რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს "ენერგიასაც", რომელსაც ეკუთვნის დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი, შილდა ჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ "საქრუსენერგოსაც", რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ჟინვალჰესი, რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ნავთობ კომპანიები "ლუკოილი", "გალფი", "ფოთის ნავთობტერმინალი", ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები RMG Gold და RMG Copper, აგრეთვე მინერალური წყლების მწარმოებელი "ბორჯომი", მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი სს “ელმავალმშენებელი”, "ვითიბი ბანკი ჯორჯია", ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინი" და ბევრი სხვა კომპანიები. აღსანიშნავია რომ, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პრობლემები ექმნებათ ირანისა და ინდოეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენებს, შეუფერხებლად საქმიანობენ ის რუსული კომპანიები, რომლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა – მათ შორისაა "ლუკოილი", "ვითიბი ბანკი" და "როსნეფტი", რომელიც ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ათწლეულში რამდენიმეჯერ გააფართოვეს ევროკავშირმა და აშშ-მ, მიზეზი კი უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ უკრაინელი ამბოხებულების მხარდაჭერა და კონფლიქტის ესკალაცია გახდა. ყველაზე ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ აშშ-მ და ევროკავშირმა 2014 წლის სექტემბერში გამოაცხადეს. სანქციების მიხედვით, ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა, მათთვის ნავთობის მომპოვებელი და ნავთობსაბადოების საკვლევი ტექნოლოგიების მიწოდება, ასევე, გრძელვადიანი სესხების მიცემა და ა.შ. სანქციები, ძირითადად, შეეხო ენერგეტიკის, ნავთობისა და საბანკო სექტორებს. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკები, მათ შორის VTB ბანკი, აგრეთვე, უმსხვილესი ნავთობკომპანია "როსნეფტი" და "ლუკოილი". მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰქონდა საერთაშორისო სანქციებისთვის მიერთების პრაქტიკა, რუსეთის შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ვერ მიიღო. 

საქართველოში დაფუძნებული კომპანიების, ნუსხა რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ საკმაოდ ვრცელია, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ნაცხელისუფლება" თან რუსეთს ლანძღავდა და არასასურველ ხალხს რუსეთის აგენტს უწოდებდა, თან სარფიანად ყიდდა სტატეგიულ ობიექტებს "მოსისხლე მტერ სახელმწიფოს~ მოქალაქეებს. 2015 წლის მონაცემებით, "ინტერ რაო" -ს საკუთრებაშია "თელასის" აქციათა 75%, დაახლოებით 25%-ს კი ქართული სახელმწიფო ფლობს. 2011 წელს გაფორმებული ახალი მემორანდუმით, “ინტერ რაო” ხრამზე სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ვალდებულებას იღებდა, რისთვისაც 193 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა. ამ პროექტით ახალი ჰესებით 85100 მეგავატი ენერგიის გამომუშავება იყო დაგეგმილი. IDFI-მ გამოიკვლია, რომ "ხრამჰესის" გაყიდვიდან მიღებული თანხა (99 774 000 ლარი) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა. 2008 წლის დეკემბერში, რუსეთ – საქართველოს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ "ინტერ რაოსთან" კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა, რაც "ენგურჰესის" ერთობლივ მართვას გულისხმობდა. "ენგურჰესი" უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია კავკასიაში, რომელიც მდინარე ენგურთან მდებარეობს. მასში შედის ვარდნილჰესების კასკადიც. მისი ჯამური სიმძლავრე 1300 მგვტ-ია. ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს. "ინტერ რაოსა" და საქართველოს შორის დადებული მემორანდუმის შესახებ ქართულმა მხარემ პირველი კომენტარი ხელმოწერიდან ორი კვირის შემდეგ გააკეთა. 2009 წლის 12 იანვარს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მედიას განუცხადა, რომ ენგურჰესის მართვა რუსული და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად განხორციელდება. "ინტერ რაოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ენგურჰესის "ეფექტიანად ექსპლუატაციის" მიზნით შეიმუშავონ ათ წელზე არანაკლები ხანგრძლივობის პროგრამა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, რუსულ კომპანიასთან დადებული მემორანდუმი არ გასაჯაროებულა. უცნობი დარჩა რეალურად რას ითვალისწინებდა მხარეებს შორის შეთანხმება. რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური ეკუთვნის შპს "ენერგიას", რომელიც 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა. მისი 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს "ფერის" მფლობელობაშია. შპს "ენერგია" სს "დარიალი ენერჯის" აქციონერია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა. მევლუდ ბლიაძე საქართველოში დაიბადა. მოგვიანებით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს კი რუსული სააქციო საზოგადოება "პილონის" ხელმძღვანელობა დაიწყო. დღეს ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. "პილონი" სანკტ პეტერბურგში ხიდების, გზების რეკონსტრუქციასა და შეკეთებას უზრუნველყოფს და ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ამ მიმართულებით. 2012 წელს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული მორიგი პროექტის გახსნას თავად პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი ესწრებოდა. მევლუდ ბლიაძეს მინიჭებული აქვს "რუსეთის დამსახურებული მშენებლის" წოდება. წყალმომარაგების სექტორში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიის გამოჩენა საქართველოში 2008 წლის მაისიდან იწყება. 

(გაგრძელება იქნება)

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0