ხალხის ხმა

დავით გაგნიძე (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი): "კაგებეს" გენერალი თემურ ალასანია და მისი "მრევლი", რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატიც ამავე სამსახურის გამოზრდილი კადრი გრიგოლ ვაშაძე ყავთ. სააკაშვილისთანა ვამპირის გამზრდელი, სირცხვილით ხმას ვერ უნდა იღებდეს, ამ დროს თემურ ალასანია უწმაწური სიტყვებით ლანძღავს ქართველ ერს, ვინ მისცა მას ამის უფლება? ნაცსექტანები გასაგებია, მაგრამ ინტელიგენციას მინდა მივმართო, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ვაშაძის მხარდამჭერებად მოიაზრებიან, სულ დაკარგეთ თავმოყვარეობა, ნუთუ არავის გაგიჩნდათ პროტესტის გრძნობა ქართველი ხალხის ასეთ შეურაცხყოფაზე, ხმას რომ არ იღებთ?! ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, ხმა როგორ უნდა მისცე იმ ადამიანს, რომელიც კომუნისტების ნაჩუქარ "მოსწავლეთა სასახლეს" ართმევდა ბავშვებს. ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნება არაფრით არ შეიძლება, ეს ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ დაღუპვას ნიშნავს. ჩემს ადრინდელ ინტერვიუებში არაერთხელ მითქვამს, რომ ნაციონალები დესტაბილიზაციას გეგმავდნენ, თუ ერი არ გაერთიანდა, დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ, წყენა იქნება თუ გულგატეხილობა, 28 ნოემბერს მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს".

ნუკრი ქირია (26 მაისის დარბევის დაზარალებული, მცხეთა): "არჩევნების პირველ ტურში მცხეთაშიც იგივე მოხდა, რაც საქართველოს დანარჩენ რაიონებში, "ქართული ოცნება", რომ იტყვიან, მხართეძოზე წამოწოლილი შეხვდა საპრეზიდენტო არჩევნებს, ეგონათ ხალხი ისედაც მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, მეორე ტური გახდა საჭირო, რომ ხალხს კარგად გაეანალიზებინა, რომ მათმა გულგრილობამ, კატასტროფამდე შეიძლება მიგვიყვანოს. არავინ დაუშვებს ნაციონალების უკან დაბრუნებას, ხალხმა თვითონ აიღო ხელში ინიციატივა, ყველა მივა არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. პირადად მე, არაერთხელ გავხდი ნაცრეჟიმის სამიზნე. 2008 წელს საკუთარი თვალით ვუყურებდი, როგორ გააყალბეს ნაციონალებმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი ვიყავი მცხეთაში. საპარლამენტო არჩევნების დროს, მოტყუებით მიმიყვანეს პოლიციაში, ვერაფერი რომ ვერ მომიძებნეს, მითხრეს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ხარო, რა ნარკოტიკი, მაღალი სიცხე მქონდა, სერიოზული ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. პოლიციელები მეუბნებოდნენ, დაურეკე გუბერნატორ ჩოჩელს, ხომ კარგად იცნობ, ის თუ გვეტყვის, რა პრობლემაა, გაგიშვებთო. არაფერი დამიშავებია, რა მქონდა ჩოჩელთან სათხოვარი, უარი ვთქვი ვინმესთან დარეკვაზე. ის ღამე საკანში გამათევინეს, ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე წამიყვანეს და ვითომ ნარკოტიკის მოხმარება დამიდგინდა. სასამართლომ 500 ლარით დამაჯარიმა, არ გამისაჩივრებია, იურისტებმა მირჩიეს, აზრი არ აქვს გასაჩივრებას, ამათ ხელში სამართალს მაინც ვერ იპოვნიო. ჩემთვის ყველაზე მძიმე გასახსენებელი მაინც 2011 წლის 26 მაისია, იმ ღამეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ასეთი სისატიკე, როგორითაც ხალხს უსწორდებოდნენ ნაცზონდერები, არასდროს მინახავს. რუსთაველის გამზირი ყველა მხრიდან ჩაკეტეს, ხალხს უმოწყალოდ ურტყამდნენ ხელკეტებს. კინოთეატრ "რუსთაველის" წინ წავიქეცი, ხალხის ტალღამ რკინის მოაჯირი გადაანგრია, ამ მოაჯირის ქვეშ მოვყევით მე და ცნობილი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე. ლუკამ მოახერხა მოაჯირის აწევა, რომ გამოვსულიყავით, თორემ გადაგვჯეგავდნენ მარბიელები. ასე რომ, ლუკა კურტანიძემ გადამარჩინა სიკვდილს. კინოთეატრის შენობაში შევცვივდით, მარბიელები იქაც შემოგვყვნენ, აქ უკვე შავფორმიანი რაღაც დაჯგუფება გამოუშვეს, რომელთა სისასტიკემ სპეცრაზმელებიც კი გააოგნა, ძირს დაყრილ, ხელებშეკრულ ხალხს რაღას ერჩით, ნუღარ ურტყამთო ეუბნებოდნენ, მაგრამ ესენი ჭკუაზე აღარ იყვნენ, ზომბებივით იქცეოდნენ. სპეცრაზმელები ამათზე ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილის "ლიჩნიკები" არიან, 30-კაციანი დაჯგუფებაა, მხოლოდ სააკაშვილს ემორჩილებიანო. როგორც დაგეშილი ძაღლები, ისე იწევდნენ ხალხზე, ლამის ორმეტრიანი ხელკეტები ეჭირათ და იმით სცემდნენ ხალხს განურჩევლად, ქალი იყო, მოხუცი თუ ბავშვი. ბევრს გაუტეხეს თავი, მათ შორის, ჩემს მეგობარსაც. ერთი მოხუცი კაცი ეუბნებოდა, აქციის მონაწილე არ ვარ, აქ შემთხვევით მოვხვდი, შვილიშვილს ვეძებო, არც ის დაინდეს, ხელკეტით გაუხეთქეს თავი და სისხლში აბანავეს. ამ შავფორმიანებმა დარბაზიდან გაიყვანეს ქალები, გვეგონა მათ უშვებდნენ, ვიფიქრეთ, რაღაც სინდისი კიდევ შერჩენიათო, შენობიდან რომ გავყავდით, მერე გავიგეთ ქალები ტუალეტებში ჰყავდათ შეყრილი, ისეთი წივილ-კივილი იყო, გახსენება აღარ მინდა, ნურაფერს მკითხავთ. კი ამბობენ, ამ დარბევის დროს ორი კაცი დაიღუპაო, მაგრამ მსხვერპლი გაცილებით მეტი მგონია. 

აი, ამ ნაძირალებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს. ჩემსავით გამწარებული უამრავი ადამიანია, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ ის სისხლიანი რეჟიმი უკან დაბრუნდეს და უარესი სასაკლაო მოგვიწყონ. ყველას მოვუწოდებ, 28 ნოემბერს მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, დღეს ეს არის მთავარი, მერე სამართლიანობაც აღდგება, ყველაფერი დალაგდება და ხალხსაც ეშველება."

გიორგი თევზაძე (უფლებადაცველი): "თუ არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს იქნება მოსახლეობის მხრიდან ავანსად გაცემული ნდობა. ამიტომ პოლიტიკოსები ნუ ჩაიკეტებიან საკუთარ ნაჭუჭში, გამოვიდნენ ილუზიებიდან. ხელისუფლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ, ვაზის ქვეყაანაში "მარიხუანასა" და სხვა ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების კულტივაცია-ექსპორტზე, როგორც შემოსავლების სერიოზულ წყაროზე არ უნდა საუბრობდეს. ეს ყველაფერი უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენს გენოფონდს, მომავალ თაობებს, ამიტომ ბუნებრივია, მოსახლეობა ამ ინიციატივას დადებითად არ შეხვდებოდა. მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინა ჩვენი ბრძენი პატრიარქის რჩევა და გაიწვია ეს პროექტი. მაინც და მაინც მოსახლეობას მკვეთრად უარყოფითი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა არჩევნების პირველ ტურში და მეორე ტურის დანიშვნის აუცილებლობა უნდა დამდგარიყო, რომ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება მიეღო?!"

როგორც ჩანს, ნაციონალების "რჩეულმა" გრიგოლ ვაშაძემ თავი უკვე პრეზიდენტად დაიგულა და ქვეყნის "დალაგებას" მიჰყო ხელი. სახელმწიფო თურმე არც თეატრებს უნდა აფინანსებდეს, არც ფეხბურთს. მისი მოგვარე და მარჯვენა ხელი გიორგი ვაშაძე უფრო შორს წავიდა, სახელმწიფომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ავადმყოფები არ უნდა დააფინანსოს, ეს წყალში გადაყრილი ფულიაო. ვაშაძეების ტანდემის "ნოვაციებმა" დიდი აღშფოთება გამოიწვია ნაციონალებისადმი ისედაც უარყოფითად განწყობილ საზოგადოების უდიდეს ნაწილში.

მსახიობი თემურ გვალია გრიგოლ ვაშაძის "ბრძნულ" მოსაზრებას თეატრებთან დაკავშირებით ასე ეხმაურება: "ეს ენოტთან ნაჯვარი მაჩვი ნახეთ რა დღეშია, 80-იანი წლების შემდეგ ქართულ თეატრში არავის შეუხედიაო. სხვას რომ დასცინი ქართულად ვერ მეტყველებსო, ჯერ ერთი "შეუხედია" კი არა, "შეუხედავს". მეორეც, ვინმე ხომ არ გეხუმრა, უკვე პრეზიდენტი ხარო და შემთხვევით ხომ არ დაიჯერე? შე მართლა თანამდებობისთვის შეუფერებელო "კაგებეს" პრაპორშჩიკო, ჯერ ფეხბურთელებს დაემუქრე, ახლა ქართულ თეატრს, ხვალ ალბათ მომღერლების ჯერი დადგება. ყველას კარგად გვახსოვს როგორი მონდომებით "ახევდი" ბავშვებს "მოსწავლეთა ახალგაზრდულ სასახლეს", რომ შენი წეროსთვის თუ გედისთვის "ტბა" მოგეწყო ფულის გასაკეთებლად, უბრალოდ არ დაგცალდა. მთელი ქართული "თეატრალური საზოგადოების" საყურადღებოდ, მოუსმინეთ ამ "ბეთხოვენას" რეების გაკეთებას აპირებს და ისე გააკეთეთ არჩევანი! ეს კანდიდატი დაღუპავს საქართველოს. საქართველოში "მიშა-გრიშას" დრო წავიდა. არა მიშას! არა ნაციონალურ მოძრაობას და მასში შემავალ ხუთკაციან "პარტია-სამიკიტნოებს"!

ზურაბ ყიფშიძე (მსახიობი): "გრიგოლი იტყოდა ასეთ რამეს… აბსოლუტურად იდიოტია, რა იცის მაგან. ყოველთვის ასე იყო, სახელმწიფოში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ არის. თეატრი არის ქვეყნის სიამაყე, ან საერთოდ როგორ შეიძლება ვაშაძემ ილაპარაკოს ხელოვნებაზე. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ერთადერთი ბროდვეის თეატრია, რომელიც თავს თვითონ ინახავს."

ვეტერანი ფეხბურთელი ლადო ბურდული: "თავს ვიკავებდი განცხადების გაკეთებისგან, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს რომელი პარტიის "ჩლენია"? თავის ენაზე რომ მივმართო, მართლა "ჩლენია", ამხელა კაცი ფეხბურთზე ამბობს, არ უნდა დაფინანსდესო. ვინმემ ამ "ჩლენს" აუხსენით, რომ საქართველოში პროცენტულად რა სპორტსმენებიც ფიქსირდებიან, იმის ნახევარი ფეხბურთით არის დაკავებული და ეს ამ განცხადებით უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში? ზუსტად ეს საფეხბურთო სამყაროს ოჯახები და ფეხბურთელები გეყოფით, რომ გადაგახიოთ თავზე ეს არჩევნები".

ანა მიქაძე (ფერმერი): "ხალხი დარაზმულია, მე არ ვიცი ვის აძლევენ ხმას მეორე ტურში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შეშფოთებულები არიან პირველი ტურის შედეგებით, მათაც ჩემსავით არ უნდათ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება. მე არ მომწონდა მათი მართვის სტილი. სიამოვნებით გავუწევ პროპაგანდას, რომ ფერმერული მოძრაობის წარმომადგენლები პოლიტიკაში მოვიდნენ, ეს იქნება ხალხის ხმა, მერე ყველა ნახავს ნამდვილ მშრომელ ადამიანებს რა აწუხებთ და ჭირდება თ. "ქართულ ოცნებას" პიარი არ უვარგა, ამდენი გადამამუშავებელი საწარმო, სათბური, დამუშავებული მიწები ამ ხნის ქალს, არ მახსოვს. თქვე დალოცვილებო, თქვენ თუ არ გინდათ ამდენი გაკეთებული საქმის გაპიარება, მე მჭირდება მოტივაციისთვის. ძალიან მიხარია რაიმე კარგი თუ კეთდება, ასეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. მმართველ პარტიას მოვუწოდებ, კეთილი ინებეთ და გააპიარეთ, რაც ქვეყანაში კარგი ხდება, მიიტანეთ ეს მოსახლეობამდე, რომ ვიღაცებს სათქმელი არ ჰქონდეთ, რომ ამ ხელისუფლების ხელში, თითქოს ქვეყანა თავზე გვენგრევა".

მანანა სუხიშვილი

скачать dle 12.0