ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, საქართველოს ერთგული ჯარისკაცები ვართ და ამ ქვეყნის ხელყოფის უფლებას არავის მივცემთ!

გვესაუბრება საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი.

_ ბატონო ალი, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული საარჩევნო კამპანიაში და "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს გვერდით უდგახართ. მიმაჩნია, რომ მამულიშვილურ საქმეს ემსახურებით. რის გამოც "საერთო გაზეთის", ჩვენი მკითხველების და ქართული საზოგადოების სახელით მადლობა მინდა გითხრათ პატრიოტული საქციელისთვის და უანგარო თავდადებისთვის.
რამდენადაც ვიცით, თქვენ ინტენსიურად დადიხართ რეგიონებში. რა მდგომარეობაა, ზოგადად, რა განწყობაა ხალხში?


_ ვინც ცხოვრობს საქართველოში, ყველა ადამიანის ვალია, იყოს ამ ქვეყნის პატრიოტი და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სტაბილურობა იყოს ქვეყანაში.

მე შემოვიარე თითქმის მთელი აღმოსავლეთი საქართველო _ ქვემო ქართლი და თბილისი. თითქმის ყველა ოჯახში ვიყავით და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ზოგი ნაწყენი იყო უყურადღებობით. აღმოჩნდა, რომ 2014 წლიდან ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერები, მათი აპარატი, საკრებულოების ხელმძღვანელობა მთლიანად იყო დაშორებული ხალხს. შეწყვეტილი იყო სოციალური დახმარებები, შემწეობები და ა. შ.

"ნაცმოძრაობის" და სხვა ვითომ გაერთიანებული ოპოზიციონერების მხრიდან ვგრძნობდით, რომ იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია, არასწორი ინფორმაცია მოსახლეობასთან.
აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს სალომე ზურაბიშვილი არის სომეხი, თითქოს აფინანსებს სომხური დიასპორა საფრანგეთში, თითქოს ეწეოდა ანტითურქულ პროპაგანდას. თურქეთიდანაც კი დამირეკეს _ ჩვენს მოწინააღმდეგე პრეზიდენტს ირჩევთო?!

ხალხში მრავლად იყო მცდარი ინფორმაციები.
შესაძლოა, ვიღაცებს ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით I ტურში აუცილებლად გაიმარჯვებდა ხელისუფლების მხარდამჭერი კანდიდატი.

ადგილობრივმა მუნიციპალტეტებმა ძალიან ცუდად იმუშავეს, ფაქტობრივად, საერთოდ არ უმუშავიათ, ამიტომ, რაც მოხდა I ტურში, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს.

36 სოფელი მოვიარე ბოლო ხანებში ჩემს მეგობრებთან ერთად. სრული არაინფორმირებულობა იყო ქარელის, კასპის, გორის, გარდაბნის რაიონების სოფლებში. სამი ინტერვიუ მივეცი აზერბაიჯანულენოვან საიტებს, რომ გაეგოთ, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი და რატომ უნდა დავუჭიროთ მას მხარი. ხალხი გაოცებული მხვდებოდა. მუნიციპალიტეტებში კი საარჩევნო პლაკატები იატაკზე ეყარა და ხალხამდე არავის მოჰქონდა. არავითარი სოციოლოგიური კვლევა არსად არ იყო ჩატარებული, "კარდაკარებზე" ხომ საუბარიც ზედმეტია.

_ რატომ, რა ხდება, რა მოხდა, ბატონო ალი?

_ მე ვფიქრობ, ეს საქმე "ქართულ ოცნებაში" პორტირებულებისთვის ჰქონდათ დავალებული. სიტყვით `"ქართული ოცნების", ანუ სახელმწიფოს მხარეს იყვნენ, საქმით "ნაცმოძრაობას" ემხრობოდნენ. 
დაწინაურებული არიან ისინი, ვინც გვატერორებდა, თითს გვიქნევდა და სასიკვდილოდ გვიმეტებდა. მათ შორის საკრებულოების დეპუტატებიც არიან, ზოგიერთი მერიც გახლავთ. მაგალითად, გარდაბნის დღევანდელი მერი, რომელიც წლების განმავლობაში აყალბებდა "ნაცმოძრაობის" ხმებს.

მოგეხსენებათ, სართიჭალა-მუღანლო დიდი დასახლებაა. სასტიკად წააგო იქ სალომე ზურაბიშვილმა, რადგან არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებია არავის ხალხისთვის. სოფლის დეპუტატს ჰქონდა მხოლოდ სახლის კარებთან გაკრული ზურაბიშვილის პლაკატი. სხვათა შორის, ეს ადამიანი "ნაცმოძრაობის" დროს ვაჟა ლელუაშვილის და ყოფილი გუბერნატორის მოადგილის სოინ უსუბოვის აგენტურაში იყო ჩართული. ეს ადამიანი ახლა გარდაბნის საკრებულოს დეპუტატია.

ასეთები ბევრი იყვნენ.

ბატონი ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები გააქტიურდნენ, დადიან მოსახლეობაში, მაგრამ რაც მოხდა, იმაზე უნდა განხორციელდეს სერიოზული რეაგირება.
ჩემი აზრით, პარტიამ სერიოზული ანალიზი უნდა გაუკეთოს თავის ქმედებას 2014 წლიდან 2018 წლამდე. არც რეგიონებში იმუშავეს, არც პოლიტსაბჭომ იმოქმედა. პარტიამ თავისი პლატფორმა უნდა გადაახალისოს, რადგან წინ სერიოზული ბრძოლაც გველის საპარლამენტო არჩევნების სახით.

კასპში არის სოფელი ხიდისყური. იქ საარჩევნო უბანზე ყოფილა შეხლა-შემოხლა. ნიკოლოზ მელია მისულა იმ სოფელში, მაგრამ ხალხს კი არ შეხვედრია, ამ არეულობის დროს დაზარალებულის ეზოში მისულა და დაუწყია ტრაბახი _ ჩვენ ვიცავთ ეთნიკურ უმცირესობებსო და ა. შ.
ბატონო მელია, მელიასავით რომ მიცუნცულდი იმ სოფელში, არ შეგეკითხა არავინ, 9 წლის განმავლობაში სოფელ ხიდისყურში ან მის მახლობელ სოფელ საქადაგიანოში, რა გააკეთა "ნაცმოძრაობამ"?

მე გეტყვით, რაც გააკეთა _ ამ სოფლებშიც ატერორებდა ხალხს, უდებდნენ ნარკოტიკს, განადგურებული ინფრასტრუქტურა იყო ყველგან.
ამ ხელისუფლების დროს ხიდისყურსა და მადლობელ სოფლებში გაკეთდა გზა, გაიყვანეს გაზი, წყალი მიეწოდება მოსახლეობას, გარე განათებები დამონტაჟდა, სკოლები გარემონტდა, გეგმაშია ასევე ძალიან სერიოზული პროექტების განხორციელება.

როგორ შეიძლება "ნაცმოძრაობას" მხარს უჭერდეს ვინმე, როცა ესენი არიან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მტრები, ისლამური რელიგიის გამანადგურებლები, ტრადიციების მომსპობები. ამის დადასტურებაა ისიც, რომ შარვლები ჩაიხადეს სასაზღვრო ზოლთან. გაიგეთ, ხალხო, ნაციონალებისთვის ქართული და აზერბაიჯანული სულ ერთია. ყველა ტრადიცია, რასაც ვთვლით, რომ წმინდაა და კავკასიურია, ესენი ფეხით თელავენ.
კავკასიელი კაცი შარვალს არასოდეს ჩაიხდიდა და უკანალს არ აჩვენებდა.

_ ასეთ სიმართლეს რომ ამბობთ, ნაციონალები არ გიტევენ?

_ 2007 წლიდან აქტიურად ვდგავარ მათ წინააღმდეგ ქართველი ხალხის გვერდით. როგორც ჩემი წინაპრები იდგნენ საქართველოსთან. როგორც ხუდია ბორჩალოელი ედგა მხარში ერეკლე II-ს. საქართველო ჩემი სამშობლოა. ამას ვერავინ ვერ წამართმევს. მე ვიდექი და ვდგავარ ფეხზე საქართველოსთვის და ვერავინ ვერ დამაშინებს, მიუხედავად დიდი ტერორისა, რაც განვიცადეთ და რასაც განვიცდით მთელი ჩემი ოჯახი.

II ტურში ხმა უნდა მივცეთ 48 ნომერს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გახლავთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მშვიდობიანი დღის გარანტორი.
ჩემო აზერბაიჯანელო თანამემამულეებო, მე ვიბრძოდი და ვიბრძვი საქართველოში აზერბაიჯანელთა უფლებებისთვის წლების განმავლობაში და გპირდებით, თქვენს უფლებებს მე ყველგან და ყოველთვის დავიცავ. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ და გაიხსენეთ ის დრო, როცა გარბევდნენ, თქვენს შვილებს იჭერდნენ, ჯიბეებში ნარკოტიკებს და იარაღს უდებდნენ, მიწებს გართმევდნენ, საცხოვრებელი სახლებიდან გყრიდნენ. მიდით საარჩევნო ყუთებთან და ხმა მიეცით თქვენი შვილების მომავალს, ხმა მიეცით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოების ასპარეზზე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელები, რომლებსაც ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდათ ნაციონალების დროს. წიხლს რომ გირტყამდნენ და თვითონ კარგად ცხოვრობდნენ, ის ახლხი აღარასდროს არ უნდა მობრუნდნენ ხელისუფლებაში.

_ ბატონო ალი, "რუსთავი 2"-ს აზერბაიჯანული ეროვნების ახალი კორესპონრენტი გამოუჩნდა, რომელიც ამტკიცებს, აზერბაიჯანულ მოსახლეობას პურზე და ყურანზე აფიცებინებს "ქართული ოცნებაო"

_ რას ლაპარაკობთ. "ნაცმოძრაობის" სიცრუეზე დაფუძნებულ ტელევიზიას როგორ უნდა დაუჯეროთ. ეს არის მოგონილი ტყუილი "ნაცმოძრაობის" ქვემო ქართლის მთავარი მაფიოზის, აზერბაიჯანელების პირველი დამტერორებლის, ყოფილი `კმარას~ წარმომადგენლის დავით კირკიტაძის მიერ. ის არის ამის ინიციატორი. ეს კაცი ნაციონალების დროს იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. მასე უამრავი საზიზღრობა აქვს გაკეთებული ქვემო ქართლში. დღევანდელი პროკურატურა, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან სუსტად მუშაობს, არ აქცევს ყურადღებას იმ ადამიანების საჩივრებს, კირკიტაძის წინააღმდეგ რომ არის შეტანილი.

2012 წლის არჩევნების დროს კირკიტაძემ რუსთავში მუსულმანი სასულიერო პირები, შეიხები და იმამები დაიბარა. მოუწოდა მათ: თითოეულმა თქვენგანმა უნდა იაროთ ყოველ სახლში, ხელში გეჭიროთ ყურანი და ყველა ოჯახში დააფიცებინათ ყურანზე, ხმა მისცენ "ნაცმოძრაობასო". კირკიტაძის ამ მეთოდს ასაღებენ ახლა "ქართულ ოცნებას". არ გამოუვათ. ჩვენი ხალხი ამ პროვოკაციას არ წამოეგება. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ქართული სახელმწიფოს ერთგული ჯარისკაცები ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ!

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0