"გაუპატიურებელი ოფოფი" სიგიჟის ზღვარზე

ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელ სატელევიზიო გამოსვლებს რომ უსმენ, შეიძლება შიშმა შეგიპყროს _ არ არის გამორიცხული, ეს ადამიანი პირდაპირ ღია ეთერში გაგიჟდეს და "რუსთავი 2"-ის სტუდიიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოყოს თავი.

ეს კაცი რომ გაგიჟების ზღვარზეა, ამას, როგორც ჩანს, კარგად გრძნობს მისი თანაწამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც ხან დაყვავებით, ხან ცოტათი მკაცრი შეძახილით ცდილობს, დააშოშმინოს დაუკრეფავში გადასული გენდირექტორი, მაგრამ ამაოდ _ გვარამია ვერ მშვიდდება, ვერ წყნარდება და თავისას მიერეკება.

დაბნეული, დამფრთხალი ჩანს კვესიტაძე _ პატარა ამბავი რომ არ არის, ათიათასობით მაყურებლის თვალწინ ღია ეთერში გენდირექტორი დასაბმელი რომ გაუხდეს?

ბოლო ერთი წელია, გარეგნულადაც და ფსიქიკურადაც უცნაურ მეტამორფოზას, უფრო ზუსტად, უცნაურ დეფორმაციას განიცდის გვარამია და სულ უფრო და უფრო ემსგავსება ანჩხლ, რაღაცით გაბოროტებულ და გაკაპასებულ დედაკაცს, რომელიც მზად არის, მოწინააღმდეგეს ლოყები ჩამოატყავოს, თვალები ამოკორტნოს, თმებით ითრიოს.

ეტყობა, შემთხვევით არ მომხდარა, ვაჟკაცმა გვარამიამ ერთ-ერთ აქციაზე უამრავი მამაკაციდან მაინცდამაინც ქალბატონი რომ ამოიღო მიზანში და "ფუთიანი" მუშტი რომ "ხეთქა".

კაცების მეტი რა იყო იქ, მაგრამ გვარამიამ მაინცდამაინც ქალბატონი ამოირჩია თავისი რისხვის ობიექტად.
ბატონი ზიგმნუდი (ფროიდი), რომელიც კარგად ერკვეოდა ასეთ საქმეებში, ზუსტ ფსიქოანალიტიკურ დასკვნას გამოიტანდა გვარამიას საქციელიდან, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

მამაკაცი, მით უმეტეს, ქართველი მამაკაცი, მანდილოსანთან სერიოზულ პოლემიკაში შესვლას არ იკადრებს, იმიტომ, რომ მამაკაცია. არ იკადრებს მანდილოსნის საჯაროდ და სახალხოდ ლანძღვას, იმიტომ, რომ მამაკაცია, აი, ბატონი მამაკაცი გვარამია კი ისე თათხავს და ლანძღავს, ისეთ ქოქოლას აყრის ქალბატონ სალომეს, თითქოს მამაკაცი კი არა, თავადაც ქალბატონი იყოს.

ეხ, მართლაც რა დროს არ არის ცოცხალი ის ცხონებული ფროიდი…

_ სამშობლოს მოღალატეა ეს ქალი, სამშობლოს მოღალატეს კი ვერ დავინდობ, პატრიოტი ვარო, _ წიკვინებს გვარამია და ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაზე ისეთ იაფფასიან ჭორს ჰყვება, რომლის მოყოლას ბაზრის ყველაზე ჭორიკანა დედაკაციც არ იკადრებდა.

_ ბატონო ნიკა, პირად ცხოვრებაზე ნუ ვილაპარაკებთ, არ არის ეს სწორიო, _ ეკა კვესიტაძე ცდილობს შეაჩეროს ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე მყოფი შეფი, მაგრამ არაფერი გამოსდის.

კვესიტაძე რაღაცით ჰგავს ექთანს თუ სანიტარს, რომელსაც მძიმე ავადმყოფი ჩააბარეს მოსავლელად და მკაცრად გააფრთხილეს: _ გააკონტროლე, როგორც კი დაუკრეფავში გადავა, სადავეები მოქაჩე და დააოკეო.

გვარამია ვერ ოკდება _ მე რომ პირადი ცხოვრება დამინგრიეს, მე რომ ფსიქიკა შემირყიეს და ჩემი განადგურება სცადეს, ახლა მიიღონ სამაგიერო კბილებშიო.
გვარამია არ აკონკრეტებს, ვინ დაუნგრია პირადი ცხოვრება, ვინ შეურყია ფსიქიკა და ვინ შეცვალა ასე, კაცს კი არა გაუპატიურებულ ოფოფს რომ ჰგავს.
პატივცემული ნიკას მინიშნებებს თუ ჩავუღრმავდებით, როგორც ჩანს, ის თავისი გაუბედურების მთავარ მიზეზად "ქართულ ოცნებას" მიიჩნევს, არადა, სულ ტყუილად.

ნიკა გვარამიას გაუბედურება-გაპარტახების დრამატული ისტორია მაშინ დაიწყო, როცა ის თავისი ცხოვრების გარიჟრაჟზე მიხეილ სააკაშვილს გადაეყარა.
სააკაშვილს, რომელიც თავისი გამზრდელის, შევარდნაძის წინააღმდეგ დაგეგმილი დიდი ღალატისთვის ემზადებოდა. საწყის ეტაპზე, "ნაცმოძრაობის" სახით, სულების შემსყიდველი პუნქტი ჰქონდა გახსნილი, სადაც მომავალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის საჭირო კადრებს იზიდავდა და "ავერბოვკებდა".
ასე მოხვდა ნიკა გვარამია სააკაშვილის "სასტავში" და ასე ჩააბარა სააკაშვილის სულების შემსყიდველ პუნქტს სული.

ასე რომ, ნიკა, ბიძიკო, სულ ტყუილად იშვერ შენ ხელს ბიძინა ივანიშვილისკენ და "ქართული ოცნებისკენ" _ სააკაშვილმა დაგღუპა შენ, სააკაშვილმა ამოგაცალა სული და ყველაფრის მკადრებელ, ყველაფერზე წამსვლელ, სინდის-ნამუსისგან გარეცხილ, უტიფარ და ურცხვ რობოტად გაქცია.
თუმცა შენი გოლგოთა ჯერ არ დამთავრებულა, ნიკა გვარამიავ, მთავარი განსაცდელი წინ გელოდება და რამდენიც არ უნდა იხვანცალო, შენ ამ განსაცდელისგან თავს ვერ დაიხსნი.

ციხე ან საგიჟეთი _ აი, ეს არის შენი ბოლო ნავსაყუდელი.

გიორგი გამეზარდაშვილი
скачать dle 12.0