"ნაციონალები" რომ უკან მობრუნდნენ, სისხლის ტბები დადგება საქართველოში"

რედაქციის სტუმარია, ცნობილი იურისტი, ადვოკატი დიანა გვიშიანი.

- ქალბატონო დიანა, თქვენ, სტაჟიან, გამოცდილ იურისტს, რითი დაგამახსოვრდათ „ნაციონალების“ ცხრაწლიანი მმართველობა?

- არნახული უკანონობით, კანონის ფეხქვეშ გათელვით.

- მე მახსოვს 2012 წლის სექტემბრის ბოლო, როცა გავრცელდა ე.წ. ციხის კადრები, რაც საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო…

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს კადრები არ იყო მოულოდნელი და წარმოუდგენელი, რადგან მაგ დროისთვის უკვე დიდი ხანია სისტემაში ვმუშაობდი და ვიცოდი, რომ კარანტინის დაშლის დროს პატიმრებს სცემდნენ. ამიტომ, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს ყოველთვის ვაფრთხილებდი: არ შეეპასუხოთ, არ გაუძალიანდეთ, თორემ ცემით მოგკლავენ-თქო. ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია პრაქტიკაში.
მერე, ციხეშიც ხდებოდა ზეწოლა, ღირსების შელახვა. მაგალითად, შედიოდა ბადრაგი და ეუბნებოდა ტუსაღს: შეძვერი საწოლის ქვეშ და სანამ არ მოვალ, არ გამოხვიდეო. აბა, გაგებედა და არ შეგესრულებინა ბადრაგის ახირება! სამწუხაროდ, პატიმრები ამაზე იშვიათად თუ ყვებოდნენ, თან გთხოვდნენ, არ გაახმაუროთო. ჯალათების ეშინოდათ. არ მისახელებდნენ მოძალადე ბადრაგების ვინაობას, რადგან პატიმარს მართლა მოკლავდნენ.

- ცემით?

- არა მარტო ცემით. გადაიყვანდნენ სამკურნალო დაწესებულებაში, იქ სხვა დიაგნოზს დაუწერდნენ და ვერსად იჩივლებდი. შეკრული წრე იყო, გამოსავალი არ არსებობდა… სწორედ, ასე მოექცნენ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, თამაზ დადვანს. თამაზი 22 წლის იყო, როცა ყაჩაღობის მუხლით გაასამართლე. რვა წელი მიუსაჯეს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია; ხოლო, რამდენიმე თვეში სიცოცხლე მოუსწრაფეს. ჯანმრთელი, ძლიერი ბიჭი იყო, ვერ ეგუებოდა მათ „წესებს“. ეტყობა, სიტყვასაც უბრუნებდა, როცა უმიზეზოდ ურტყამდნენ. მან მომიყვა, როგორ ჩაუნგრიეს ორგანოები ოცმა თანამშრომელმა. ერთ დღეს დაგვიკავშირდნენ თამაზის ოჯახის წევრები, გვითხრეს, ძალიან მძიმედ არის და გვიშველეო. ვუთხარი მათ, შევალ და ვნახავ-მეთქი. ციხის საავადმყოფოში შევედით მე და ჩემი კოლეგა – მაია დონაძე. თამაზი ჯერ კიდევ დადიოდა, მაგრამ ძალიან გაუბედურებული იყო. მახსოვს მთხოვა, ჩემი შეყვარებულის სურათი დამრჩა საპყრობილეში და გეხვეწები, იმ კედლებში ნუ დამიტოვებო… მეორედ რომ მივედით, ციხის ექიმებმა გვითხრეს, მფრინავი ტუბერკულოზი აქვს და პირბადეების გარეშე ნუ შეხვალთო. პირბადეები თავად არ ჰქონდათ და მაინც შევედით. თამაზ დადვანმა მოგვიყვა, როგორ სცემეს ის ბადრაგებმა. მანდ მთავარია, არ წაიქცე, თუ წაიქეცი, ზედ შეგდგებიანო. თავიდან ვუძლებდიო, თქვა, მერე დიდი ტანის ბადრაგი მოვიდა, იმან დამარტყა, წავიქეცი და შემდგნენო… სვანი იყო და ღირსების შელახვას ვერ აიტანდა. ალბათ, ამიტომაც ცემდნენ უმოწყალოდ, რომ ოთხზე არ დადიოდა, საწოლის ქვეშ არ ძვრებოდა, როგორც ზოგიერთი… რეანიმაციაშიაო გვითხრეს. ის ოთახი მორგს უფრო წააგავდა. თამაზი საწოლზე ეგდო, არაფერი ეფარა, მოძრაობის უნარიც არ ჰქონდა. ხელი მოვკიდე ხელზე და ისე მოვაწერინე ექსპერტიზის დანიშვნის თხოვნაზე… გვერდით ედო ხელუხლებელი ცელოფნის პარკში ოჯახიდან გამოგზავნილი თეთრეული და ტანსაცმელი. თეთრეული არც კი გადაუკრავთ. ზამთარი იყო. ერთადერთი ამოილუღლუღა: ფანჯარა დახურეთო. იქვე კიდევ ორი პატიმარი იწვა მოკუნტული საწოლზე, არანაირი სამედიცინო აპარატურა და ნივთი იქ არ მოიპოვებოდა. იწნენ და ელოდნენ სიკვდილს. მაიამ და მე თამაზი გავამხნევეთ: ნუ გეშინია, ყველაფერს გავაკეთებთ, ხვალ გამოხვალ-მეთქი. -ექსპერტიზის დასკვნა რომ იქნება, მერე, მაინც, ხომ დაიჯერებენ, რა მიქნესო, თქვა. იმედი მიეცა. ოთახიდან რომ გამოვედით, ექიმი ვნახეთ, ვუთხარით, მიხედეთ ბიჭს, რომ გდია იქ, გადასხმა მაინც გაუკეთეთ- თქო. ექიმმა ირონიულად გაიღიმა… მეორე დილას დამირეკეს და უხეშად მითხრეს, შენი პატიმარი მოკვდა და ოჯახს გააგებინეო. ოჯახის წევრებს ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ პრეტენზიები არ ექნებოდათ…

- ქალბატონო დიანა, ოჯახის წევრებს პრეტენზიები რომ გაჩენოდათ, მაშინ რა იქნებოდა?

– თამაზ დადვანის ოჯახის წევრები დააშანტაჟეს, ამ საბუთს ხელს თუ არ მოაწერთ, ცხედარს არ გაგატანთო…
სააკაშვილის მმართველობისას, პატიმარი ვერ წერდა საჩივარს კოკრეტულად რომელიმე ბადრაგის წინააღმდეგ. ვინც დაწერა, არ დაადგა კარგი დღე, ცემით მოკლეს ამის გამო. მაგალითად, გადავიყვანე ნაცემი, ფეხმომტვრეული პატიმარი ციხის საავადმყოფოში, მაგრამ პატიმარმა არ დამიდასტურა, რომ მას ფეხები ციხის ადმინისტრაციამ მოუმტვრია. მე როგორღა უნდა დამემტკიცებინა ადმინისტრაციის დანაშაული?

- რისთვის მოუმტვრიეს მას ორივე ფეხი?

– შესთავაზეს, ან გაგაუპატიურებთ, ან ფეხებს მოგამტვრევთო. მეორე აირჩია. ეს მერე გავიგე. დღემდე ეტლში ზის და, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას, როგორც რეჟიმის მსხვერპლი, არ ეხმარებიან, რადგან სააკაშვილის ხელისუფლება იურიდიულად არ არის გაფორმებული, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი… მახსოვს, ერთხელ ციხის საავადმყოფოში ერთ-ერთ პატიმარს გავესაუბრე, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტს. ცემასა და ზეწოლას ვერ გაუძლო და ფსიქიკური აშლილობა დაემართა. ეს ახალგაზრდა აღმოჩნდა მწერალ ლერი ალიმონაკის შვილი, გიორგი ალიმონაკი. თავის ადვოკატს ჰყავდა შემოყვანილი ინვალიდის ეტლით. გიორგის ეჩვენებოდა, რომ მასთან მუდვივად იმყოფებოდნენ 6–7 ბიჭი, თითოეული მათგანი თავისი ბავშვობის ეპიზოდი ეგონა. გვთხოვდა, სახლში წამიყვანეთ, დედასთანო. არც კი ახსოვდა, რომ პატიმარი იყო. ერთი სიტყვით, სააკაშვილის რეჟიმის დროს პატიმარი ბადრაგის საკუთრება იყო, ნივთი …

– თქვენი აზრით, „ნაცები“ ასე სასტიკად, რატომ ეპყრობოდნენ ადამიანებს?

– შეხედეთ მათ ლიდერებს. ვინ არიან ისინი? სულით და ხორცით მახინჯი არსებები, რომლებმაც გადაწყვიტეს ლამაზი, ჭკვიანი ქართველი ერის გენოციდი. მათი პათოლოგიური სისასტიკის მიზეზის სხვა ახსნა მე არ მაქვს.

გიორგი კორძაძე
скачать dle 12.0