რატომ გაუღო "ნაცმოძრაობამ" მისთვის ვითომდა საძულველ რუსეთს და მის ეკონომიკას ასე ფართოდ კარები?

(დასასრული. დასაწყისი იხ. "სგ" N42)

საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ქალაქ თბილისის მერიამ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს "მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედს" მიჰყიდა "თბილისის წყალი", "რუსთავწყალკანალი", "მცხეთაწყალკანალი", "საქწყალკანალი". ხელშეკრულების თანახმად, წილის ნასყიდობის საფასური იყო ჯამში 80 011 208 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. თანხის გადარიცხვა ორ ტრანშად განხირციელდა. კომპანიაში მალევე შეიცვალა მენეჯმენტი და გენერალურ დირექტორად რუსეთის მოქალაქე იური ლესი დაინიშნა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სახელწოდებით კომპანია 2009 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მესაკუთრე "მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედსაც" სახელწოდება იმავე წელს შეეცვალა და "ჯორჯიან გლობალ უთილითის" გახდა.შპს "რუსთავწყალკანალი", შპს "მცხეთაწყალკანალი", შპს "საქწყალკანალი" და შპს "თბილისის წყლი" შპს "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს" (ყოფილი შპს "მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს") საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მაისს გამოცემული № 325 განკარგულებით გადაეცა. არასამთავრობო ორგანიზაციამ "მწვანე ალტერნატივა" ამ კომპანიებთან მთავრობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები ვერ მოიპოვა ვერც სასამართლოს გზით. ხელშეკრულების სრული ტექსტი, ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლითვე მიჩნეული იყო მყიდველის კომერციულ საიდუმლოდ. "ლუკოილ ჯორჯია" 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში, "ლუკოილ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები 2005 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით გახლდნენ, რუსეთის მოქალაქეები სერგეი ფედორცოვი და ვალერი გოლოვუშკინი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ასევე რუსეთის მოქალაქე ფიკრეტ ალდაჯან ოგლია. 2005 წლის შემდეგ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში აღნიშნული მონაცემები არ შეცვლილა. "პეტროკას ენერჯი ლიმიტედი" საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, თუმცა, აღნიშნული მფლობელობა საქართველოს საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ხორციელდებოდა. კომპანიის წარმომადგენლების საჯარო განცხადებების მიხედვით, "პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" ძირითადი მეწილე რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია, 2014 წლის 29 დეკემბერს რუსულმა კომპანია "როსნეფტმა" განაცხადა, რომ მან "პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" 49%-იანი წილი შეიძინა, თუმცა, აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის საქართველოს საჯარო რეესტრში. სავარაუდოდ, აღნიშნული გარიგება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს შორის გაფორმდა. "როსნეფტის" ინფორმაციით, გარიგების შედეგად კომპანიამ გაიმყარა ლიდერის პოზიციები კავკასიის რეგიონში არსებულ ნავთობბაზარზე. გარდა ამისა, "როსნეფტისვე" განცხადებით," პეტროკასთან" თანამშრომლობით მოხდება კავკასიისა და ცენტრალური აზიის მზარდი ბაზრების უკეთ ათვისება და ნავთობით მომარაგების დივერსიფიცირება. 

2003 წელს ხელისუფლების "ვარდების რევოლუციით" შეცვლიდან დაახლოებით სამ კვირაში, ბოლნისში ძვირფასი მადნის მომპოვებელ ყველა კომპანიაში, მათ შორის "კვარციტში", "მადნეულსა" და მათთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებში პროკურატურა შევიდა. 2003 წლის 15 დეკემბერს აღნიშნული კომპანიებიდან საფინანსო დოკუმენტაცია მოსამართლის ბრძანებით ამოიღეს, რადგან დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადების ფაქტზე. ამის შემდეგ მალევე, "კვარციტში" ავსტრალიური კომპანიის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა იმდროინდელი მმართველი გუნდისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ მაჭავარიანის ძმა ივანე მაჭავარიანი. 2004 წლის ნოემბერში "კვარციტისა" და "მადნეულის" გენერალურ დირექტორად, ასევე, ორივე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კობა ნაყოფია, რომელიც მოგვიანებით, 2008–2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, ის იყო მმართველი გუნდის, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. კობა ნაყოფია ჟურნალ "ლიბერალთან" საუბარში იხსენებს, რომ 2004 წელს ის რუსეთში, რუსი მილიარდერის, სერგეი გენერალოვის კომპანია "პრომიშლენიე ინვესტორში" მუშაობდა, როცა მას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან, იმდროინდელი მინიტრის, კახა ბენდუქიძის სახელით დაურეკეს და საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზეს. როგორც ნაყოფია იხსენებს, ბენდუქიძემ მას ასარჩევად "ჭიათურმანგანუმის", ან "მადნეულის" დირექტორობა შესთავაზა.

საქართველოს ხელისუფლებამ კობა ნაყოფიას ძვირფასი ლითონების მომპოვებელი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებისთვის მომზადება დაავალა, 2005 წელს კი გასაყიდად გამოიტანა. კომპანიებისადმი დაინტერესება დიდი იყო, თუმცა, საბოლოოდ, "მადნეული" და "კვარციტი" კობა ნაყოფიას ყოფილი პარტნიორის, სერგეი გენერალოვის ჰოლდინგის, "პრომიშლენიე ინვესტორის" შვილობილმა კომპანიამ "გეოპრომაინინგმა" (Stanton Equites Corporation) შეიძინა დაახლოებით 33 მილიონ აშშ დოლარად. ოფიციალურად, "გეოპრომაინინგი" ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, თუმცა, "კვარციტისა" და "მადნეულის" რეალური მფლობელი რომ "პრომიშლენიე ინვესტორი" იყო, ამას კომპანიის ვებგვერდზე დღემდე განთავსებული ინფორმაციაც ადასტურებს. რაც შეეხება "პრომიშლენიე ინვესტორის" მფლობელს, რუს მილიარდერ სერგეი გენერალოვს ის რუსეთის პოლიტიკისა და ბიზნესის ერთ-ერთი გავლენიანი პერსონაა. (სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას მეგობარი) ბიზნესთან ერთად, გენერალოვს რუსულ პოლიტიკაში მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვს. "აიდიეს ბორჯომი საქართველოს" ოფიციალური მესაკუთრე არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი". მისი დირექტორი კი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. აშუროვი ხელმძღვანელობს IDS  Borjomi International-საც. კავშირგაბმულობის კომპანია "მობიტელი" საქართველოში 2007 წელს "ბილაინის" ბრენდით შემოვიდა. კომპანია რუსული "ვიმპელკომის" ჯგუფის წევრია. ელმავალმშენებლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში რუსეთის მოქალაქეები 2005 წლიდან ჩნდებიან, როდესაც რუსულმა Dema Computers-მა აქციათა 51% შეიძინა. 36% ზურაბ ცინცაძეს, 12,76% კი საწარმოთა მართვის სააგენტოს დარჩა. სამეწარმეო რეესტრში დაცული დაკომუნეტებიდან არ ჩანს, რა თანხად იყიდა საკონტროლო პაკეტი Dema Computers-მა. "გაერთიანებული ქართული ბანკის" აქციები რუსულმა "ვითიბიმ" 2005 წელს შეიძინა. კომპანიის რებრენდინგი 2006 წლის დეკემბერში განხორციელდა, შეიცვალა სახელწოდება და "ვით იბი ბანკი" ეწოდა. "ვიმ ბილ დან საქართველო" რძის პროდუქტების მწარმოებელი რუსული სს "ვიმ-ბილ-დანის" მფლობელობაში მყოფი კომპანიაა. საქართველოში 2008 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. ქართულ ბაზარზე მისი პროდუქცია ცნობილია სახელწოდებით "სოფლის ნობათი". 2011 წელს ვიმ ბილ დანის აქციათა 66% პეპსიკომ 3.8 მილიარდ დოლარად იყიდა 56. მანამდე ის 11%-ს ფლობდა. ამ გარიგებთ "პეპსიკო" ჯამში კომპანიის აქციების 77%-ს მფლობელი გახდა.
 
დოკუმენტებით ირკვევა, რომ "ტიფლისკი ვინნი პოგრების" 100 პროცენტიანი წილი "დიონისემ" "დკ სერვისს" 2014წლის ოქტომბერში 2 ათას ლარად მიჰყიდა. "დკ-სერვისის" მფლობელი რუსეთის მოქალაქე ელენა შჩელკანოვაა, გენერალური დირექტორი კი – იმავე ქვეყნის მოქალაქე ნაძეჟდა სტროკატოვა. ვიდრე "დიონისე" "დკ სერვისს" მიყიდიდა, "ტიფლისკი ვინი პოგრების" დირექტორი რუსეთის მოქალაქე გერმან ლისოვი იყო.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბიზნესებისა, რომლებიც "ნაცმოძრაობამ" მისთვის საძულველ რუსეთს გადასცა ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში.

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0