მურად მთვარელიძე: აი, რა არ მინდა დაბრუნდეს!

ორიოდე დღის წინ მწერალმა მურად მთვარელიძემ სოციალურ ქსელში ხაშურელი პედაგოგების სია და შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„აი, რა არ მინდა დაბრუნდეს!

არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ისეთია, აუცილებელია ობიექტურობა. `ქართულმა ოცნებამ” რომ ჩვენი იმედები ვერ გაამართლა, ეს ყველასათვის ცხადია, მაგრამ წარსულში დაბრუნება საზოგადოებისათვის უკვე განაჩენის ტოლფასი იქნება.

ასეთი სიები ყველა უწყებაში დგებოდა წინა ხელისუფლების დროს და მსგავსი არაფერი ხდება დღეს. ეს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში შედგენილი სიაა. ბოდიშს ვუხდი ამ სიაში შეტანილ ადამიანებს. ბევრი მათგანი პირველად გაიგებს, რას უმზადებდა წინა ხელისუფლება მათ, როგორც ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს საზოგადოებისა. შედეგად ამ სიებს ჩვენს სისტემაში რაც მოჰყვა, ესეც კარგად არის ცნობილი. გაბრაზებული ვარ ოცნებაზე, მაგრამ წარსულში არასოდეს დავბრუნდები!“ – წერს მურად მთვარელიძე.

როგორ იწერებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში ოპოზიციურად განწყობილი პედაგოგების სიები და რა ელოდათ სიაში მოხვედრილ ადამიანებს, ამაზე სასაუბროდ მწერალს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს მურად მთვარელიძეს დავუკავშირდით.

– სანამ სიების შესახებ გიამბობდეთ, მოგიყვებით როგორ მოხვდა ამ სიებში ჩემი გვარი. მთელი ცხოვრება განათლების სისტემაში ვმუშაობ. 1978 წელს დავიწყე სოფლის სკოლის მასწავლებლობიდან და გავხდი რკინიგზის მე 3 სკოლის დირექტორი, განათლების განყოფილების გამგე, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის რეგიონალური ფილიალის კათედრის გამგე და ა.შ.
2003 წელს. ნაციონალები რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, სისტემაში რეორგანიზაციები დაიწყო და ლომაიამ რესურს-ცენტრის დირექტორების შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებაც და გასაუბრებაც წარმატებით გავიარე, ლომაიამ რესურს ცენტრის ხელმძღვანელად არ დამნიშნა და კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა. სწორედ ეს იყო რეპრესიის პირველი ტალღა, თუმცა მაშინ ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. აგვისტოში ისევ გამოცხადდა კონკურსი, ისევ გავედი, ისევ ჩავაბარე, მაგრამ ჩემს ნაცვლად მინისტრის მოადგილის პროტეჟე დანიშნეს. 2007 წელს ჩავაბარე სკოლის დირექტორის გამოცდები და ლოტოტრონის წესით მოვხვდი ჩემს სახლთან ახლოს მდებარე #9 სკოლაში. მალე ეს სკოლა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად ვაქციე. ისეთი რამეები გვქონდა გაკეთებული, რომ ხალხი ექსკურსიებს აწყობდა და სანახავად მოდიოდა. მეამაყება, რომ ამ სკოლას დღემდე მთვარელიძის სკოლას ეძახიან.

– წარმატებული სკოლის დირექტორი როდის და რატომ გახდა ხელისუფლებისთვის მიუღებელი?

– პოლიტიკა არასოდეს მაინტერესებდა, მაგრამ ვიღაცისთვის ისიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საკუთარ აზრს ყოველთვის თამამად გამოვხატავდი და მონურად არ ვასრულებდი იმ მითითებებს, რაც შეიძლება სხვა დირექტორს შეესრულებინა. აქედან დაიწყო მტრის ხატის შექმნა და დაგვირგვინდა იმით, რომ ახალი გამგებელი, რომლის სულელურ მოწოდებებს არ ვემორჩილებოდი, პირდაპირ ჩემთან ბრძოლაზე გადმოვიდა. ღიად დამემუქრნენ, გაგანადგურებთო და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ.

– იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას ითხოვდნენ თქვენგან და რომელი მითითებების შესრულებაზე თქვით უარი?

– პირდაპირ ითხოვდნენ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას. თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს მათთვის არასასურველ გარემოში ან განსხვავებული შეხედულებების ადამიანების სიახლოვეს შენიშნავდნენ, იწყებოდა საშინელი შემოტევა. ბევრი ასეთი შეტევის მოგერიება მოგვიხდა. 2011 წლის აგვისტოში სკოლაში განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური შემოვიდა და დაიწყეს შემოწმება. რას ეძებდნენ არ ვიცი, მაგრამ შემოწმება ერთი თვე გაგრძელდა. აუდიტის სამსახურის თანამშრომელი სკოლიდან რომ მიდიოდა, გულწრფელად მითხრა, ჩვენ სხვა დავალებით ვიყავით შემოსული და საერთოდ სხვა განწყობით მივდივართო. ის ხალხი წავიდა, მაგრამ ჩემთან ბრძოლა ამით არ დამთავრებულა.
ვგრძნობდი, რომ დიდხანს აღარ გამაჩერებდნენ და სანამ სკოლას დავტოვებდი, ვაჟა-ფშაველას პოეზიაზე შესანიშნავი საღამო გავაკეთე. მალე სამინისტროდან მოვიდა სამეურვეო საბჭოსთვის რეკომენდაცია დირექტორის გათავისუფლების შესახებ.

– გასაჩივრება არ გიცდიათ?

– რა აზრი ჰქონდა? როგორც კი სამინისტროდან რეკომენდაცია მოვიდა, საბჭოს გადავეცი, დავკეტე ჩემი კაბინეტი და წამოვედი. ამას მოჰყვა დიდი ამბები. გაიფიცნენ მოსწავლეები, მასწალებლები და მოსწავლეების მშობლები, მაგრამ ყველაფერი ამით დასრულდა. ჩემს შემდეგ სკოლის დირექტორად კანალიზატორი დამნიშნეს. მე კი საბერძნეთში მიმიწვიეს შემოქმედებითი მივლინებით. საქართველოში 2012 წლის გაზაფხულზე ჩამოვედი. ის პერიოდია, რომ ნაციონალები რომ მიდიან და ოცნება მოდის. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი შეიცვალა და ერთხელ, ჩემსავით გათავისუფლებულ სკოლის დირექტორთან ერთად რესურს-ცენტრში რაღაც საბუთის მოსაძებნად მივედით. საბუთების ძებნის დროს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ სია, რომელსაც აწერია „ოპოზიციურად განწყობილი პედაგოგების სია ხაშურის რაიონში“. იქვე გავაკეთე ამ სიის ქსეროასლი და წამოვიღე. მოგვიანებით გავიგე, რომ სიის ორიგინალი რესურს-ცენტრიდან გაქრა.

– ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განათლების სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანების საქმეებს სწავლობდა. ამ კომისიას თუ მიმართეთ ან თქვენი სიები თუ გააცანით?

– ის კომისია საერთოდ სხვა თემაა. როგორც იცით, კომისიაში განათლების სისტემიდან გათავისუფლებული ათასამდე ადამიანის განცხადება შევიდა და აქედან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული სულ რამდენიმე ადამიანი აღმოაჩინეს. მეც სხვების მსგავსად, სამინისტროდან მშრალი პასუხი მივიღე – კომისიაზე ვერ დადასტურდა, რომ ჩემი გათავისუფლება ოპოზიციური განწყობის გამო მოხდა. ვხვდებოდი, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა, ამიტომ სიის სამინისტროში მიტანა არც მიფიქრია და დღემდე მაგიდის უჯრაში მიდევს. განათლების სისტემაში მეტ-ნაკლებად გათვიცნობიერებულმა ადამიანმა იცის, რას ნიშნავდა ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთ სიაში მოხვედრა. ამ მიზეზით გაათავისუფლეს ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბუხრიკიძე, ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნანი (ანა) ლაბაძე და მრავალი სხვა. იმ ხელისუფლებისთვის ეროვნული მუხტის მატარებელი ადამიანი მიუღებელი იყო და ყველა ხერხით ებრძოდა, ამიტომ სწორედ ახლა, როცა ამ პოლიტიკური ძალის მობრუნების რეალური საფრთხე დგას, მომინდა პედაგოგებისთვის შემეხსენებინა როგორი რეპრესიები გავიარეთ და რომ არ შეიძლება იმ მდგომარეობაში დაბრუნება.

პირადად მე, ადამიანი, რომელიც მოწოდებული ვიყავი იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება განათლების სფეროსთვის მიმეძღვნა, დღეს სრულიად სხვა პოლუსზე ვარ გადასული. დავუბრუნდი ჩემს მწერლობას და მეცნიერებას. ვმუშაობ უნივერსიტეტში, მყავს სტუდენტები და ფიანდაზები რომ დამიფინონ, სკოლაში შემსვლელი აღარ ვარ, მაგრამ ჩემი და ჩემნაირების სახით სკოლამ უამრავი თავის საქმეზე შეყვარებული ადაამიანი დაკარგა. 

ნელი თორდია
скачать dle 12.0