კახა ძაგანია: "ნაცმოძრაობა" რეალური ოპოზიცია კი არა, დამნაშავეთა აგრესიული ჯგუფია, რომელიც ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს

"მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია.

_ ბატონო კახა, როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა ვითარებას, როგორც ნაციონალები ამბობენ, პრინციპულ კონკურენციას ამჩნევთ თუ?

_ ჩვენი ამომრჩეველი უკვე გამოცდილია და თუ დააკვირდება, მიხვდება: როცა სუბიექტი ხვდება, რომ არჩევნებს აგებს, ხდება აგრესიული, ტოვებს კონსტიტუციით, საარჩევნო კოდექსით გათვალისწეინებულ ნორმებს, გადის ეთიკის ჩარჩოებიდან, აღარ ითვალისწინებს საარჩევნო პროგრამას და გადადის აგრესიაზე, მუქარაზე, ცილისწამებაზე, პროვოკაციებზე.

ასეთი პერიოდი დაეწყო "ნაცმოძრაობას". მათი მხარდამჭერი ტელევიზიებიდან ისმის უცენზურო სიტყვები, გინება, ლაფის სროლა, სხვის ლოგინში ჭვრიტინი.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული არასამთავრობოები, ვითომ ძალიან ობიექტურები რომ არიან, უსირცხვილოდ იტყუებიან. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას რომ ვუსმინე, პირადად მე შემრცხვა. ეს არის შეურაცხმყოფელი ცილსიწამება თვით ცილისმწამებლისთვის.
თუ დააკვირდებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, კითხვებს კი არ სვამენ, პირდაპირ ჩხუბობენ _ ჟურნალისტი ხდება რესპონდენტის ოპონენტი და კითხვას კი არ უსვამს, ეჩხუბება სტუმარს.
ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ `ნაცმოძრაობა~ აგებს.

ხალხის გონიერების იმედი მაქვს, რომ ყოველივე ეს დასრულდება ხელჩართული ჩხუბის, სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე იმის მიუხედავად, რომ ამის დიდი სურვილი აქვს მიხეილ სააკაშვილს.
მე არ შემიძლია დავადასტურო სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ჩანაწერები, ავთენტურია თუ არა, მაგრამ ფაქტია, სხვა გზა მას და "ნაცმოძრაობას" არ დარჩა და უნდათ, რომ საქართველოში მოხდეს არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ხელისუფლებამ თქვას: მე მირჩევნია, წავიდე და მოვიდეს "ნაცმოძრაობა", ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს. მაგრამ ეს არ გამოუვა "ნაცმოძრაობას". ხალხი ბრძენია. ჩვენ უკვე გავიარეთ ყოველივე ეს 90-იან წლებში. ეს კინო ნანახი გვაქვს. ჩვენი სიდინჯით, მობილიზებით პასუხს გავცემთ ამ მოძალადეებს!

_ ნაცმომხრეები ამბობენ, სააკაშვილი არ ჩამოდის საქართველოში, თუ ჩამოვა, არ ითხოვს არანაირ ძალაუფლებას, ნუ აშინებთ ხალხსო. დავუშვათ მოხდა ისე, რომ გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ, სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში და უწყინრად იჯდება სახლში?


_ მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ მომეცით საშუალება, ფაქტები გავახსენო ჩვენს მოსახლეობას, მაგალითად, როგორ შევიდა უკრაინაში მიშა. ის პოლონეთის საზღვრიდან მიადგა უკრაინას. მაშინ სააკააშვილს უკრაინაში არავითარი სახელისუფლო საყრდენი არ ჰქონია, უკრაინის მოქალაქე იყო მხოლოდ. გაიხსენეთ, როგორ აძვრა სახურავზე და იქიდან როგორ გაჰყვიროდა. არ დაგვავიწყდეს, როგორ მოაწყო ე.წ. "ვარდების რევოლუცია". მისი ხასიათიდან და იმ პოლიტიკური დივიდენდებიდან გამომდინარე, ვთქვათ, რაღაც სასწაული მოხდა და გაიმარჯვა ვაშაძემ, სააკაშვილი არ მოისვენებს, სანამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავენ, რადგან ეს იქნება იმის გარანტი, რომ უმრავლესობით მოვლენ ხელისუფლებაში ნაციონალები.

გამორიცხულია, ეს რომ მოხდეს, მაგრამ მე ვარიანტებს განვიხილავ და მოსალოდნელ შედეგებზე ვსაუბრობ.
თუ ასეთი აპოკალიფსური უბედურება დატრიალდა, საქართველო უკან დაიხევს ათეული წლით და დაიწყება ყველაფერი თავიდან, როგორც 2003 წელს _ სააკაშვილი და სააკაშვილისტები ჯერ ვითომ კანონმორჩილები იქნებიან, მერე რეიტინგს რომ მოიპოვებენ, გამხეცდებიან, დაიწყებენ ოპონენტების დევნას, რევანშს, რეპრესიებს, ტერორს, მაგალითად, ყველა ნამდვილი ოფიცრისგან და ჯარისკაცისგან გაწმენდენ ჯარს და ისეთ სამხედროებს ჩააყენებენ იქ, სააკაშვილის ყურმოჭრილი მოსამსახურეები რომ იქნებიან და ა. შ. და ა. შ.

_ თქვენი აზრით, რატომ ამოირჩიეს ნაცებმა ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად?

_ როგორც წესი, პოლიტიკური კონსულტაციები, როგორც ღიად, ასევე ფარულადაც მიმდინარეობს და ფარულად უფრო ინტენსიური შეხვედრებია ხოლმე. სააკაშვილი ფარულ, იატაკქვეშა კონსულტაციებს გადის თავის ბიძასთან თემურ ალასანიასთან, ვაშაძეც თემურ ალასანიას კოლეგაა. როგორც ჩანს, ვაშაძის კანდიდატურა, ერთობლივი მოლაპარაკლების შედეგია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ "ნაცმოძრაობასთან" ასოცირებული კანდიდატი და თვით "ნაცმოძრაობა" არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. არადა, ესენი ოღონდ დაბრუნდნენ და მზად არიან მოაწყონ სისხლისღვრა, სამოქალაქო დაპირისპირება. ასე არ შევარდნენ კოდორში, ცხინვალში და ა. შ. ესენი ავანტურისტები არიან.

_ თქვენმა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერთ სახელისუფლო კანდიდატს, არადა, ოპოზიციური პარტია ხართ, რატომ ემხრობით სალომე ზურაბიშვილს?

_ ჩვენთან ერთად სახელისუფლო კანდიდატის მხარდაჭერა გამოაცხადა "პროგრესულ-დემოკრატიულმა" პარტიამ.
"პატრიოტთა ალიანსიც" ოპოზიციური პარტიაა და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
დიახ, ცოტა არაორდინარული ვითარებაა _ ოპოზიცია მხარს უჭერს სახელისუფლო კანდიდატს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს ხელისუფლებას ოპონენტად რეალური ოპოზიცია კი არ ჰყავს, არამედ დამნაშავეთა ჯგუფი. ვის დავუჭიროთ მხარი ხელისუფლებას თუ დამნაშავეთა ჯგუფს? პასუხი ცალსახაა. ჩვენ არ გვინდა კრიმინალური ჯგუფის მიერ შემოთავაზებული კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტად. ეს ძალიან მარტივი და გასაგები არჩევანია.

ჩემი საბოლოო პროგნოზი ასეთია: სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს!

სააკაშვილი თავიდან შეეცდება სიტუაციის არევას, მაგრამ ჩვენი ბრძენი ხალხი დაასრულებს მათ ბოგინს საქართველოში!

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0