ხალხი და მხოლოდ ხალხი!

2012 წლის 2 ოქტომბერი _ 2018 წლის 25 ნოემბერი _ ეს ერთმანეთისგან ექვსი წლით დაშორებული ორი დღე სინამდვილეში ერთი და იგივე დღეა.

2018 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულა აქციაზე ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2012 წლის 2 ოქტომბერი და კიდევ ერთხელ უთხრა `ნაცმოძრაობის~ კრიმინალურ-ფაშისტურ რეჟიმს: არა!!!

_ არჩევნები კი არა, რეფერენდუმია ეს, რეფერენდუმი! _ იმდენი იძახეს ნაციონალებმა, რომ 25 ნოემბერს მართლაც მიიღეს რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა "ნაცმოძრაობას" უკან მობრუნების ყოველგვარი ილუზიები გაუქარწყლა და ეიფორიულ-აჟიტირებული მდგომარეობიდან მკაცრ რეალობაში დააბრუნა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, 25 ნოემბრის აქციაზე არავინ მისულა მატერიალური სარგებლისთვის, არავინ მისულა მძიმე სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, არავინ მისულა რაღაცის სათხოვრად, ყველანი ღირსების დასაცავად, სამშობლოს დასაცავად, ქვეყნის გადასარჩენად მივიდნენ.

25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ეს ასი ათასი კაცი რაღაცით გაგონებს საუკუნეების წინათ, თავისუფლების მოედნის ცოტა ქვემოთ, სარწმუნოებისათვის, მამულისათვის, ღირსებისათვის წამებულ ასი ათას ქართველს.

მინდა მუხლი მოვიყარო მათი ხსოვნის წინაშე და ყველა იმ ქართველის წინაშეც, ვინც დღეს, 21-ე საუკუნეში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მტკიცედ და შეუპოვრად აგრძელებს იმ მოწამებრივ გზას, რომელიც განგებამ გვარგუნა.

მინდა მუხლი მოვიყარო იმ ასი ათასი ქართველის წინაშე, რომელიც 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე იდგა, მინდა მუხლი მოვიყარო იმ ქართველების წინაშეც, რომლებიც 28 ნოემბერს საარჩევნო ყუთებთან მივლენ და 48 ნომერს შემოხაზავენ, არა იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის ან "ქართული ოცნების" ვალი აქვთ, არა იმიტომ, რომ ან ერთისგან ან მეორისგან რაიმე განსაკუთრებულ სიკეთეს გამოელიან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მეტად საქართველოზე ფიქრობენ, საკუთარ თავზე მეტად საქართველო უყვართ და მასზე წუხან და დარდობენ.


ოცდაათი წლის წინათ დაწერილი ჩემი ერთი ლექსი მინდა გავიხსენო:

როცა ეგონათ, გადაივიწყა
ხალხი და მხოლოდ ხალხი
გალაკტიონი
როცა ეგონათ, გადაივიწყა,
რაც ტკივილი და ტანჯვა იწვნია,
მაშინ თქვა სწორედ: _ მე არაფერი,
მე არაფერი არ დამვიწყნია!

როცა ეგონათ, დაჩაჩანაკდა,
დაუძლურდა და უკვე იძლია,
მაშინ შესძახა: _ მე არაფერი,
მე არაფერი არ დამვიწყნია!
მაღალ დროშებს რომ ასდით ალმურად,
უანკარესი მისი სისხლია.

_ ნუ გეშინია, ჩემო მამულო,
მე არაფერი არ დამვიწყნია!
არ შეიძლება გახდეს ბეჩავი,
ვინც ისტორიის მეკვლედ გვიცვნია,
_ თქვენ არაფერი არ შეგეშალოთ,
მე არაფერი არ დამვიწყნია!

თითქოს დღევანდელ დღეზეა ეს ლექსი დაწერილი, არადა, როგორც გითხარით, ოცდაათი წლის წინათ გამოქვეყნდა.

ოცდაათი წლის შემდეგაც ასე იქნება და ორმოცდაათი წლის შემდეგაც _ ქართველ ხალხს არასოდეს არაფერი დაავიწყდება და მის შეურაცხმყოფელს, მის აბუჩად ამგდებს ყოველთვის ღირსეულ და საკადრის პასუხს გასცემს.

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0