სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები 59,52 პროცენტით მოიგო

ცესკო–ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა უბანი. სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59, 52% აქვს, რაც რაოდენობრივად არის 1 147 627 ხმა.


ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 780633 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40,48%-ია.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.

რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს გაიმართა, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.

საქართველოს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ეწვევა ბრიუსელს, ბერლინს, ასევე პარიზს.

„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა.скачать dle 12.0