"ბოროტსა სძლია კეთილმან..."

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!

გამარჯვებას ვულოცავთ ქართველ ხალხს და "ქართულ ოცნებას"!

გამარჯვებას ვულოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლა და არ დაუშვა ბოროტების, ძალადობის, ფაშიზმის დაბრუნება საქართველოში.
გამარჯვებას ვულოცავთ ამ გამარჯვების სულისჩამდგმელს და მის შემოქმედს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ იხსნა საქართველო კატასტროფისგან.

დაბოლოს, "ქართული ოცნების" გამარჯვებას ვულოცავთ იმ 780 000 ქართველს, რომელმაც მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა და დამარცხდა;
მათ არ იციან, მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომ მათი ხსნა და გადარჩენა, მათი გამარჯვება "ნაცმოძრაობის" დამარცხებაშია.
როგორც ჩანს, ისინი ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ, რა საბედისწერო ხიფათის შემცველია "ნაცმოძრაობისა" და მისი ავანტურისტი და ქვეყნის გამყიდველი ბელადის, სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში.

ისინი ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს, შეიძლება საქართველო დაუყოვნებლივ იქნას ჩათრეული ახალ, ფართომასშტაბიან ომში, რომელიც ქართული სახელმწიფოს დაშლით და განადგურებით დამთავრდება.
იმ 780 000 ადამიანს ვეკითხები: თქვენ საქართველოში არ ცხოვრობთ, მეგობრებო და მის თავს დატეხილი უბედურება თქვენ არ გეხებათ?
ის საქართველო თქვენი არ არის, რომლის ტერიტორიის 20% მოღალატე სააკაშვილმა ხონჩით მიართვა რუსებს?

არც ის საქართველოა თქვენი, სადაც შლეგი და პარანოიკი სააკაშვილი უდანაშაულო ადამიანებს ქუჩაში ხოცავდა, ათიათასობით ადამიანს ციხეებში ყრიდა, ქონებას ართმევდა, აყაჩაღებდა?

რომელ საქართველოში ცხოვრობდით თქვენ, რომ არაფერი გაგიგიათ, არაფერი გსმენიათ იმ შემაძრწუნებელი დანაშაულების შესახებ, რომელსაც სააკაშვილი და მისი ბანდა ცხრა წლის განმავლობაში ჩადიოდა?

ეტყობა, თქვენ არაფერი იცით იმ შემზარავი, ნორმალური ადამიანის გონებისთვის დაუჯერებელი საიდუმლოს შესახებაც, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის საიდუმლო ჰქვია.

თქვენ ისიც არ იცით, რომ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველებისთვის თქვენც, ეს 780 000 ქართველი და დანარჩენი ქართველებიც, უკლებლივ ყველა, მხოლოდ საზარბაზნე ხორცი ხართ, იმ პროვოკაციების სისრულეში მოსაყვანად, რომელთა უპირობო განხორციელებაზეც `ნაცმოძრაობამ~ დიდი ხანია ხელი მოაწერა.

საქართველო "ნაცმოძრაობის" ლიდერებისთვის სამშობლო კი არა ტერიტორიაა, რომელიც შეიძლება გაასხვისო, დაკარგო, გაყიდო და ვითომც არაფერი.
_ რა ხმაური და განგაში ატეხეთ, 150 ქვაღორღიანი და კლდიანი სოფელი დავკარგეთო, _ ეს სიტყვები სააკაშვილმა არ თქვა აგვისტოს ომის შემდეგ?
თუ დასჭირდა, ის მთელ საქართველოსაც ასე დაუნანებლად დაკარგავს, თვითონ, თავის ბანდასთან ერთად გაიქცევა, თქვენ კი უსამშობლოდ დაყრილებს, უსამშობლოდ დარჩენილებს, რომელიმე უცხო ქვეყნიდან მხიარულად დაგიქნევთ ხელს.

დიახ, თქვენ ძალიან ბევრი რამ არ იცით, ძალიან ბევრ რამეს ვერ ხვდებით, ძალიან ბევრ რამეს ვერ აცნობიერებთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თქვენი ბრალი.

პირველყოვლისა, ეს, ალბათ, ბრალია "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა, რომელმაც გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის თუ სხვა მიზეზების გამო ექვსი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა არგუმენტების, ფაქტების, დოკუმენტური მასალების მოშველიებით ნათლად, ობიექტურად, მიუკერძოებლად აეხსნა თქვენთვის, რას წარმოადგენდა და რას წარმოადგენს "ნაცმოძრაობის" ელიტა და მისი ლიდერი.

"ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა ქართული ნიურნბერგის პროცესი მოეწყო 21-ე საუკუნის ქართული ფაშიზმისთვის და ამით გაეთავისუფლებინეთ თქვენ ამ ბოროტი ძალის ტყვეობიდან.

არა მარტო ხელისუფლებაა ამაში დამნაშავე, არამედ დამნაშავეა ქართული მედია, რომლის დიდმა ნაწილმა უდიდესი როლი ითამაშა "ნაცმოძრაობის" კრიმინალური რეჟიმის და ამ რეჟიმის თავკაცების მორალური რეაბილიტაციისთვის.
სათანადო პრიონციპულობა და სიმტკიცე ვერც ქართულმა ეკლესიამ გამოიჩინა, რომელმაც შავს შავი არ დაარქვა და თეთრს თეთრი და რაღაც ნეიტრალური, შუალედური პოზიცია აირჩია.

ის კი არა, ქართულმა ეკლესიამ იმ მღვდელმთავართა ალაგმვაც კი ვერ მოახერხა, რომლებიც ღიად და დაუფარავად მოგვევლინენ "ნაცმოძრაობის" აგიტატორებად და პროპაგანდისტებად.

ასე დარჩა 780 000 ქართველი "ნაცმოძრაობის" სატანისტურ-კრიმინალური სექტის მძევლად.
არადა, 780 000 ქართველი კი არა, ერთი ქართველიც არ უნდა გვემეტებოდეს "ნაცმოძრაობის" ტყვეობისთვის.
მომავალი 2019 წელი ფარისევლების, დემაგოგების, უღმერთოების, მოღალატეების, სადისტების და მანიაკების კლანჭებიდან ამ 780 000 ადამიანის გათავისუფლების წლად უნდა იქცეს.

2018 წელს ამ 780 000 ადამიანს ღვთის განგებით გაუმართლა და "ნაცმოძრაობა" დამარცხდა, მაგრამ ქართველთყლაპია ეშმაკს არ ძინავს, ქართველთყლაპია ეშმაკი რევანშისთვის ემზადება და 780 000 ადამიანთან ერთად მთელი საქართველოს გადასანსლვას აპირებს.

კიდევ ერთხელ ვთქვათ: არული კუდიანებს! არა "ნაცმოძრაობას"! არა ძალადობას! არა ფაშიზმს! არა სააკაშვილს!
გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია".
ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0