"მიცემულებისა" და "შეცემულების" შესახებ

ცხოვრებაში პერიოდულად დგება მომენტი, როცა შენი ძირითადი საქმე გვერდზე უნდა გადადო და წახვიდე იქ, სადაც საჭირო ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინმე დაგიძახებს, ვინმე გთხოვს თუ ვინმე დაგავალებს. როდესაც ჩემი რაიონი (სიღნაღი) საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "კაგებეშნიკებთან" დამარცხდა, კალამი (კლავიატურა) გადავდე და წავედი. მე ვერასოდეს დავიჯერებდი და წარმოვიდგენდი, რომ ქიზიყი ოდესმე მგლების ხახაში ჩავარდნას და ავაზაკების თავზე დასმას მოისურვებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშე დავდექით.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფრონტზე მივდიოდი… რა გითხრათ, მთლად ფრონტს ვერ დავარქმევ, მაგრამ ბრძოლის ველს კი ნამდვილად ვუწოდებ. ის ადამიანები, ანუ ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებიც ერთ დროს ხელისუფლებაში იყვნენ და რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ისევ ცდილობდნენ (ცდილობენ) მობრუნებას. ეს ის არსებები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ჯიჯგნიდნენ რაიონს, სულს ხდიდნენ მოსახლეობას, აყაჩაღებდნენ, აუპატიურებდნენ, ართმევდნენ და მასხრად იგდებდნენ.

როდესაც სიღნაღში ჩავედი, 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებდით, გული ცუდს არ მეუბნებოდა. განსაკუთრებით მოზღვავებულ ძალას გრძნობ, როცა გვერდით ძლიერი მეგობრები გიდნანან და ახლა უკვე შეიძლება მათი დასახელებაც: უპირველესად, მე და ძალიან ბევრს გვქონდა ყოფილი დეპუტატის, წინა მოწვევის პარლამენტარის (2012-იანელის), გელა გელაშვილის იმედი. მართალია, პირველი ტურის შემდეგ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი მავნე ელემენტებისგან გაწმინდეს და უფროსად ამჟამინდელი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი დანიშნეს, მაგრამ მთელი სიმძიმე მაინც ამ კაცზე გადავიდა. 

მოკლედ, ახლა იმაზე უნდა მოგითხროთ, სანამ "დამკაში" გავიდოდით, რა ხდებოდა და როგორ იბრძოდნენ (გვებრძოდნენ) "ნაცები". მათი ხელწერა იცით, ამაზე ბევრს აღარ მოვყვები — დაძრწოდნენ უბნებში, დაძრომიალობდნენ და ხალხს აშინებდნენ, ჩვენ უკვე მოვედით, ეს ოფიციალურად 28-ში გაფორმდება, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ნებით გვაბარებსო. რასაკვირველია, ამ ფანდზე ბევრი ბრიყვი წამოეგო. თან ძნელია, გაუძლო ცდუნებას, როცა კაი თანამდებობას და კაი ცხოვრებას გპირდებიან. რაც უფრო უვიცია ადამიანი, მით მეტი პრეტენზიები აქვს და ესენიც თეორიულად უკმაყოფილებდნენ ამბიციებს. კიიი, ტოოო, ოღონდ ხმა მოგვეცი, ოღონდ შენი ნათესავებიც გადმოიყვანე ჩვენს მხარეზე და გამგებლის მოადგილედ დაგნიშნავთ, ამ სფეროს ჩაგაბარებთ, იმ სფეროს ჩაგაბარებთ, ესა და ეს სოფელი შენი იქნება. მიდიიი, დაპირდი, შენი რა მიდის, როცა უამრავ ბრიყვს სჯერა, რომ ხვალ კაბინეტში გამოიჭიმება?! დღეს "ნაციონალები" ამტკიცებენ, "ოცნებამ" ხუთ-ხუთი კილო კარტოფილი და ხახვი დაარიგაო. ჯერ ერთი, მე კარტოფილი და ხახვი საერთოდ არ მინახავს და მეორეც — ფული, ხახვი, მაკარონი, ზეთი და კარტოფილი თავად მათ ჰქონდათ დარიგებული პირველ ტურში. ამიტომაც დადიოდნენ უკვე "მიცებულებთან" თუ "შეცემულებთან" მეორე ტურის წინ და სასტიკად აფრთხილებდნენ, ემანდ არ მიჰქაროთ, იმათ მხარეს არ გადახვიდეთ, თორემ დაგიმახსოვრებთ და დედებს მოგიტ…ნავთ, ყველაფერს ასმაგად მოგატანინებთო. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც შეშინდნენ "მიცემულები". მოგეხსენებათ, ამჟამად სოფლებში ძალიან ბევრი მარტოხელა მოხუცია, ბოლო-ბოლო, მაგათ შეშინებას რა უნდა? ასაკოვანი ქალი ვნახე, ტიროდა, პირველი ტურის წინ ცოტაოდენი ფული მიუციათ, ხმა დაითრიეს. მეორე ტურში აღარ მოუნდა ხმის მიცემა "ნაცებისთვის", მისი სახლიდან "ოცნების" აგიტატორი დაინახეს გამოსული, ეგრევე დაურეკეს, ბებო, ემანდ არაფერი შეგეშალოს, მავანს რა უნდოდა შენთანო? არა, შვილო, თბილისიდან ჩემ დას "ჩულქები" გამოუტანებია, ცელოფანით ის მომიტანაო. ახლა "ნაცები" ის ჩიტები არიან, ეგეთი რამეები ჭამონ? ყველას ყარაულობდნენ სახლის კართან, ვისაც კი პირველი ტურის წინ პატივი სცეს, უცებ "პლასტინკა" არ გადაატრიალონო, თან ემუქრებოდნენ, უკვე მოვედით ხელისუფლებაში, დედებს გიტირებთო!

ერთი საყურადღებო ფაქტი: სიღნაღში მაცხოვრებელთა უმეტესობას თავში აქვს ჩაჭედილი, რომ ოდესღაც ამ დალოცვილ მიწაზე მოვიდა მზეჭაბუკი მიშა, ჯერ აღაშენა მათ ქალაქი, შემდეგ კი გააბრწყინა. მეტიც, მან შემორეკა ქიზიყსა შინა უთვალავნი ტურისტნი, ვითარცა ყივჩაღნი და დააყრევინა ურიცხვი დოლარი, რუბლი, ევრო, ლირა და ლარი. აი, ასეთი გახლავთ მითი მზეჭაბუკ მიშაზე, მაგრამ სიმართლე ძალიან ცოტან თუ იცის. რა მოხდა სინამდვილეში? ოდესღაც, როცა გაჩნდა იდეა სიყვარულის ქალაქად სიღნაღის გამოცხადებისა, მზეჭაბუკმა მიშამ დაიბარა დეპუტატი თემურ ჩარკვიანი, რომელიც თავადვე ჩაწერა "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიაში, რათა ახლოს ჰყოლოდა და კარგად გაეყვლიფა, დაისვა მაგიდასთან და დაავალა, სიღნაღი უნდა გაალამაზო, ფასადები შეღებო, გზები გააკეთო, სახლები გადახურო საკუთარი ხარჯებით, როცა ყველაფერს მორჩები, ბიუჯეტიდან ჩაგირიცხავთ ბოლო თეთრამდე, არ დაგაღალატებთო. თუმცაო, სახურავებზე ბევრი არაფერი დაგეხარჯება, მაგ მხრივ ბიძინა ივანიშვილი დაგეხმარებაო. ჩავიდა ბათუმელი თემურ ჩარკვიანი სიღნაღში, რომელიც დეპუტატობის პარალელურად სამშენებლო კომპანიასაც ხელმძღვანელობდა, დაიწყო ღებვა და მშენებლობა, სახურავებზე ივანიშვილი ზრუნავდა. მორჩა სამშენებლო სამუშაოები, შეიძლება ზოგგან ცოტა უხარისხოდ გაკეთდა, ზოგგან ჭერიდან წყალიც ჩავიდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც გალამაზდა, მილიონები დაიხარჯა, ქალაქი რაღაცას დაემსგავსა. დადგა დრო ვალის გადახდისა. თემურ ჩარკვიანს ზურაბ ადეიშვილმა და მიშა სააკაშვილმა გამოუცხადეს, ერთ თეთრსაც ვერ მიიღებ, მადლობა გვითხარი, თუ არ გიჭერთო. გადაირია კაცი, თავისას აღარ ჩიოდა, მილიონობით დოლარის სამშენებლო მასალა ჰქონდა შემოზიდული "პოსლეზე", ყველა ფულს ითხოვდა. თავმოყვარე კაცი გახლდათ ბატონი თემური, შევარდნაძის ეპოქაში მშენებლობის მინისტრი იყო, პირადად ვიცნობდი, თბილისშიც კარგი სახელით სარგებლობდა და ბათუმშიც. გამოსავალი რომ ვეღარ მოძებნა, თავი მოიკლა. თან წერილი დატოვა, ჩემი ოჯახის ცოდვა ადეიშვილისა და სააკაშვილის კისერზე იყოსო. წესით, ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ. ახლა ერთი გაქცეულია, მეორე კი რევოლუციით გვემუქრება ამსტერდამიდან, თითქოს დასჯილები არიან, მაგრამ ამ კონკრეტულ საქმეზე ბრალი მაინც არ აქვთ წაყენებული. ამის თაობაზე ბევრს ველაპარაკე სიღნაღში, ბევრს ავუხსენი, სინამდვილეში რაც მოხდა, ბევრმა თავი გადააქნია, არ ვიცოდითო… ესე იგი, იმ კაცმა თავი მოიკლაო? ჰო, თავი მოიკლა, ასეთ დღეში ჩააგდეს-მეთქი. თუმცა რა? ისეთებიც გამომიჩნდნენ, რომლებმაც აქეთ შემომიტიეს, შეიძლება სიღნაღი ვიღაც ჩარკვიანმა ააშენა და ბიძინა ივანიშვილმა გადახურა, მაგრამ ხელმძღვანელი ხომ მაინც მიშა იყო, მაგათ ხომ ფული მიშამ აახია. რა უნდა ელაპარაკო ახლა ამნაირებს?

ჩვენ გავიმარჯვეთ, "ნაციონალური" ბანდა დავამარცხეთ, ხალხის დიდი ნაწილი გამოვაღვიძეთ, გამოვაფხიზლეთ, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება და ყველაზე დიდი პრობლემა იცით, რა არის? 2012 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" ეგიდით მოსულთა "ბაირამობა". დღეს ხშირად ვამბობთ, რომ ყველა სახელმწიფო თუ ბიზნეს-სტრუქტურებში "ნაციონალები" არიან, თავიდან მეც ვეთანხმებოდი აზრს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრებულიყო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ, რადგან ამ მეთოდმა არ გაამართლა. როდესაც პოლიტიკური ნიშნით აჟიტირებული ადამიანები გიწყობენ საბოტაჟს და ოცნებობენ ხელისუფლების დამხობაზე, ეს უკვე აღარ არის სიტყვისა თუ გამოხატვის თავისუფლება. კი, ბატონო, თუ პროფესიონალი ხარ და ამავე დროს გაგაჩნია განსხვავებული აზრი, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ როცა ამ განსხვავებული აზრით აზიანებ სახელმწიფოს, ეს უკვე მიუღებელი უნდა იყოს. მოგიყვებით ერთ მაგალითს, რომელიც მოხდა დედოფლისწყაროში: ესე იგი, ერთმა გოგონამ თბილისში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, დაბრუნდა თავის რაიონში და მიაკითხა გამგებელს (მერს), იქნებ სადმე დამასაქმოთო? გამგებელი ნებივრად გადაწვა სავარძელში და ეუბნება — ერთ შეკითხვას დაგისვამ, თუ სწორად მიპასუხებ, დაგასაქმებო. კაი, ასე იყოსო, მიუგო გოგონამ. აბა, თუ იცი, რამდენ კვერცხს დადებს ქათამნახევარიო? რაო? ჰო, ერთი ქათამი ერთ კვერცხს დებს, ეს ვიცით, მაგრამ რამდენს დადებს ერთი ქათამი და კიდევ ნახევარიო? ადგა ბავშვი და უპასუხოდ დატოვა გამგებლის კაბინეტი, თან ცრემლები მოადგა თვალებზე, იგრძნო, რომ მასხრად აიგდეს. მისი ოჯახი "ნაციონალებს" ებრძოდა 2012 წლამდე, ყოველთვის იყვნენ რისკის ქვეშ, მოვიდა ახალი ხელისუფლება, ახალი გამგებელი და ახლა ეკითხებიან, ქათამნახევარი რამდენ კვერცხს დადებსო? ამას ეკითხება ადამიანი, რომელიც სააკაშვილის დროსაც მშვენივრად იყო და ახლაც მშვენივრად გამოიყურება. თქვენ გგონიათ, ეს ერთადერთი შემთხვევაა? არა, ბატონებო და ქალბატონებო, ასე მოხდა მასობრივად, ვინც კი "ნაციონალებს" ებრძოდა, ყველა გაირიყა, ყველას პანჩური ამოარტყეს და იმ გოგოს ოჯახიც იმ დონეზე გამწარდა, პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც "ნაციონალების" მხარეს იყვნენ. 

ამდენი მძიმე ამბების შემდეგ აღარ გავიცინოთ, მამაძალი?! რასაკვირველია, უნდა გავიცინოთ, კაი ხასიათზე დავასრულოთ მე წერა, თქვენ — კითხვა. სიღნაღში ყველაზე მაგარი ის იყო, დავით უსუფაშვილის მამა, რომელიც სოფელ ნუკრიანში ცხოვრობს, მთელი ძალებით რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობდა. ეს იმ დავითის მამაა, რომელიც მეორე ტურის წინ ტელევიზორში იჭაჭებოდა, ჩემს გემოვნებას არც ერთი კანდიდატი არ აკმაყოფილებს, არც სალომეს ვაძლევ ხმად და არც ამხანაგ გრიგოლსო. მე თუ მკითხავთ, ე.წ. "შუალედები" უფრო საშიში წარმონაქმნები არიან, ვიდრე თავად "ნაციონალები". ჰოდა, ეს ის შემთხვევაა, როცა ის ურჩევნია მამულსა, შვილი ვერ სჯობდეს მამასა. ეგრეც არი, დავით უსუფაშვილს გაცილებით უკეთესი მამა ჰყოლია, ვიდრე გვეგონა.

გელა ზედელაშვილი
скачать dle 12.0