3 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით გრიგოლ ვაშაძის მკვლელობა იგეგმებოდა

2 დეკემბრის ღამეს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ლიახვის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის დონბასში მებრძოლი ლუკა ჩხეტიაა.
სპეცოპერაციის მეორე დღეს ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ „ობიექტივის“ ეთერში სკანდალურ ინფორმაციას გააჟღერა. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით, იგეგმებოდა გრიგოლ ვაშაძის მკვლელობა, რისი მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო. „ქვეყანამ აიცილა ძალიან სერიოზული არეულობა. დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა და გუშინ, ჩვენ კადრებშიც კარგად ვნახეთ, რომ მას საკმაოდ სქელი ჯავშანჟილეტი აცვია და ძალიან შეშინებულია. ზოგადად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეტყვიან, რომ “შენ ხარ სამიზნე”, ძალიან რთულია ამის გადატანა, თუ ის არ არის პროფესიონალი სამხედრო…“ – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

სწორედ მოსალოდნელ დესტაბილიაციაზე და ყოფილი პრეზიდენტის რევოლუციურ გეგმებზე ვესაუბრეთ ლალი მოროშკინას ლიახვის ქუჩის სპეცოპერაციამდე ერთი დღით ადრე და პირველი კითხვაც სწორედ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ დავუსვით:

– ქალბატონო ლალი, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია და მისი ლიდერები მშვიდობიანი პროტესტის შესახებ საუბრობენ, საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ სადღაც იწერება ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური სცენარი.

– ჩვენ ვიცოდით ამ სცენარის შესახებ. მასობრივი არეულობის და სისხლიანი სცენარის დროს სააკაშვილი განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ავიწყდება, რომ რევოლუციის დროს მთავარი მოქმედი პირი ადგილზე უნდა იყოს. ოდესღაც ლენინმა შეძლო დისტანციურად რევოლუციის მოწყობა, მაგრამ მაშინ ხალხი მზად იყო ამისთვის. დღეს ხალხს მშვიდად და მშვიდობიანად ცხოვრება უნდა. როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ხალხი ნელ-ნელა გამოდის სააკაშვილის დანატოვარი შოკური მდგომარეობიდან და უკან დაბრუნება არ სურს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურზე არჩევნებზე მისვლის დიდი სურვილი არ გვქონდა და ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდით ბევრ რამეს, მეორე ტურზე ყველა ერთსულოვნად მივედით. ერთმანეთს ვუკაკუნებდით კარებზე, რომ არ დაგვეგვიანა, მოხუცები გამოგვყავდა სახლებიდან, რომ ხმა არ დაკარგულიყო. წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ შეიძლება საქართველოს ყოლოდა პრეზიდენტი, რომელიც ქალზე ამბობს, რომ უსულო საგანია. ეს არის ქვეყნის კატასტროფა.

– საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ იცოდით რევოლუციური სცენარის შესახებ. კონკრეტულად რა ინფორმაცია გქონდათ?

– ვიცოდით, რომ რეგიონები ემზადებოდნენ არევისთვის და ცალკეული ჯგუფები გასულებიც იყვნენ ასარევად. ვიცოდით, რომ ეს უნდა დაწყებულიყო გარეუბნებიდან, ამიტომ სასაზღვრო ადგილებში და კონფლიქტურ ზონებთან სიტუაცია იძაბებოდა. პრაქტიკულად, საბოლოო შედეგს ელოდნენ, რომ დაწყებულიყო სერიოზული არევა, მაგრამ შსს-მ ძალიან კარგად იმუშავა. საოცრად მობილიზებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურები. გმირობის ტოლფასი იყო, რაც გახარიამ სამეგრელოში გააკეთა, სადაც განსაკუთრებით მობილიზებული იყო ერთი ჯგუფი. არჩევნებიდან ერთ საათში უკვე ცხადი იყო, რომ ვაშაძე დამარცხდა. ამან ისე გაამწარა სააკაშვილი, რომ აგრესიას ვერ იკავებდა. ფსიქიკის სრული ნგრევა იყო, როდესაც ის ჯარს, პოლიციას და ა.შ. დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა და სწორედ ზემოთხსენებული სტრუქტურების გამართული მუშაობის შედეგად, ეს თავიდან ავიცილეთ. თუმცა, აქვე უნდა უნდა ვთქვათ, რომ ისეთი სახელმწიფო მოხელეებიც გვყავს, რომლებმაც არათუ რისკები ვერ აიცილეს, საერთოდ არ უმუშავიათ ამ მიმართულებით.

– იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელ სახელმწიფო მოხელეებს გულისხმობთ?

– მაგალითად, იზორიას, რომელმაც ვერ შეძლო, რომ ჯარში ნდობა მოეპოვებინა და სამხედროებმა სრული იგნორი გაუკეთეს. იგივეს ვიტყვი ქალაქებების მერებზე, სადაც შედეგი არ დადგა. ის სამი რაიონი, სადაც "ოცნებამ" არჩევნები წააგო, იმ ადამიანებზე მეტყველებს, რომლებსაც ეს რაიონები ებარათ. ეს იმ ადამიანების პირადი პასუხისმგებლობაა, რომლებმაც არ იმუშავეს. მუშაობაში ვგულისხმობ ადამიანების გულთან ახლოს მისვლას, იმედის მიცემას, დაპირებას, იმიტომ, რომ რეალურად, ეს 6 წელი ოცნებამ შეცდომებით იარა. შეცდომებთან ერთად, პიარი ან საერთოდ არ ჰქონდათ ან არ უვარგოდათ. მე ხშირად მიწევს მგზავრობა განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ვხედავდი ახალ ავტობანებს და ვერ ვხვდებოდი, როდის გაიხსნა, იმიტომ, რომ ამაზე არავინ საუბრობდა. ვხედავდი რეალურად გაკეთებულ საქმეებს, მაგრამ ვერ ვხედავდი ხალხს, რომლებიც ამაზე ისაუბრებდნენ. მარტო „ჩ“ ჰეპატიტის პროგრამა ეყოფოდა სალაპარაკოდ რამდენიმე მთავრობას.. ცალკე თემაა ეს დამღუპველი კოჰაბიტაცია. აქამდე იმიტომ მივედით, რომ თავის დროზე მთავარ ოპოზიციურ ძალად არა ალიანსი, არამედ, ანაციონალების ანასხლეტები ვაღიარეთ. სწორედ ამ შეცდომების დამსახურებით მოხდა, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელმაც ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას, უბრალოდ, ხმა არ მისცა "ოცნებას" და ეს ამ განაწყენებული ადამიანების ერთგვარი რევანში იყო. დიდი შეცდომა იყო, რომ ინაშვილს გაუყალბეს საპარლამენტო არჩევნები, რომ კანცელარიასთან შიმშილობდა და მასთან არავინ გამოდიოდა. ისეთი ადამიანების უგულებელყოფა მოხდა, რომელთა უკან მართლა ასიათასობით ადამიანი დგას, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ მრავალათასიანმა აქციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია. ალბათ, კარგად უნდა დაგვენახა ვის შეუძლია ხალხის გამოყვანა, ვისი სჯერა ხალხს, ვინ არის ხალხის ერთგული და რეალურად, ვინ მოიგო არჩევნები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არჩევნები ქართველმა ხალხმა მოიგო, რომელსაც ერთმანეთი გამოჰყავდა არჩევნებზე.

– თუმცა, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას ულტიმატუმების ენით ელაპარაკება.

– ეს უკვე აღარ არის აქტუალური, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები ჯეიმს აპატურაიდან და ამერიკის საელჩოდან დაწყებული, პრაქტიკულად, ევროპის ყველა ქვეყანამ აღიარა. საკმაოდ ღირსეულად მოიქცა „ევროპული საქართველო“ და დათო ბაქრაძე, რომლისგანაც არანაირი ლოზუნგები არ გამიგია. მათ პირდაპირ უარი თქვეს ქუჩის აქციებზე. მეორე მხარეს ვხედავთ აგრესიულ, არაადეკვატურ ადამიანს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ მიულოცოს, ქალს უყვირის, – უსულო საგანი ხარო.. მე არ ვიცი ვინ თქვა, რომ ამ ადამიანს დიპლომატიის რამე ნასახი აქვს. შესაძლოა, ეს იყო ფსიქოზი და შოკური მდგომარეობა, მაგრამ როცა პრეტენზია გაქვს ქვეყნის პირველი პირი გახდე, ნებისმიერ შოკებს უნდა გაუძლო. ასეა თუ ისე, არჩევნების გარდა, ნერვების ომიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. მიუხედავად ამ საშინელი ჭაობისა, ქალს ნერვი არ შეტოკებია, ღიმილი არ მოშორებია სახიდან და ერთხელაც არ გაუკეთებია უცენზურო განცხადება. სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნო, რომ 40% კარგი მაჩვენებელია და ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგი შანსები აქვს, თუ მოიცილებენ თავიანთი რიგებიდან ექსტრემალურ პიროვნებებს.

– ამერიკელმა მკვლევარმა, ლინკოლნ მიტჩელმა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ვაშაძის დამარცხებაში სააკაშვილის როლი უმთავრესია.“ნაციონალური მოძრაობისთვის” ის თავსატეხია, თუმცა მისი მხარდამჭერების წყალობით “ნაცმოძრაობა” ქვეყანაში კვლავ მეორე მსხვილ პოლიტიკურ ძალად რჩება“ – ეს მიტჩელის სიტყვებია.

– საქმეც ისაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვერასდროს ახერხებენ ამ აგრესიული სახეების შეჩერებას. მათი რამდენიმე ლიდერისგან გაგვიგია კიდეც, რომ სააკაშვილი ვერ დაადუმეს. სწორედ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა იყო "ოცნების" ყველაზე დიდი პიარ ტექნოლოგი და გამარჯვებაში ეხმარებოდა.

– იგივე ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართითაც ისმოდა. მომავალ პრეზიდენტს საყვედურობდნენ, რომ მისი ყოველი გამოსვლა `ოცნებას~ მომხრეებს აკარგვინებდა და ამიტომ გადამალეს..

– მე ასე არ ვფიქრობ, თუმცა აღსანიშნავია, რომ სალომეს ის ხალხი აქილიკებდა, რომელიც მის გამინისტრებას ტაშს უკრავდა. ეს ადამიანი ძალიან უარყოფით პიარში მოაქციეს, იმიტომ, რომ კარგად ვერ წარადგინეს და ჯეროვანი პრეზენტაცია არ ჰქონდა. დღეს რომ ვუყურებთ ძალიან ლამაზ და გულის ამაჩუყებელ სიუჟეტებს სალომეს ოჯახის ცხოვრებიდან, ეს ყველაფერი გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. სალომე პოზიცონირებული უნდა ყოფილიყო როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსი და ძალიან კარგი დიპლომატი. ამ ძალიან ღირსეულ ქალბატონს არანაირი დახმარება არ ჰქონია "ოცნებიდან" ბოლო წამამდე. პირიქით, თავად `"ოცნების" წარმომადგენლები უფუჭებდნენ საქმეს. ეს ჩემთვის ნაცნობია, რადგან პირადად გამივლია ეს წნეხი, როდესაც ოცნების დროს თანამდებობაზე ვიყავი დანიშნული. როგორც კი მე გავამახვილე ყურადღება ძალიან დიდ პრემიებზე, შეცდომებზე და გადაცდომებზე სასჯელაღსრულებაში, ერთ დღეში გადამთელეს დეპუტატებმა. წარმომიდგენია, რას განიცდიდა სალომე, როცა მიხვდა, რომ თანაგუნდელებში მეტი მტერი ჰყავდა.

– შეგიძლიათ სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირებული თანაგუნდელები დაასახელოთ?

– ბიძინა ივანიშვილის გარდა, მიჭირს დასახელება ვინ იყო მის მხარეს. ალბათ, ყველაფერთან ერთად, ეს იყო ქართული, ხალხური შური და კავკასიური აზროვნება- არ გაატარო და დააკნინო ქალი. სამწუხაროდ, არასამთავრობოები, რომლებიც გრანტებს იღებდნენ ქალზე ძალადობასთან ბრძოლისთვის, თავად აღმოჩნდნენ ქალზე მოძალადეები. მამაკაცები ყველაფერს კადრულობდნენ, რომ ქალისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და ოცნება ამაზე კულუარებში ქილიკობდა, რაც ძალიან კარგად ვიცი.

სხვათა შორის, საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ საფრანგეთსა და იტალიაში არაჩვეულებრივი ელჩები გამოცვალეს. ამით ძალიან ჩამოიშალა სიტუაცია ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ დავით ზალკალიანს პირადად ვიცნობ, ვფიქრობ, რომ მან იზორიასთან ერთად უნდა დატოვოს თანამდებობა. ზოგადად, ქვეყანას ჭირდება ძლიერი გუნდის შექმნა, რომელიც საკუთარ ჯიბეზე კი არა, ქვეყნის აღმავლობაზე იქნება ორიენტირებული. წინასაარჩევნოდ კახი კახიშვილის „ჩრდილში“ გადაყვანაც ხომ ბოროტის გაკეთებულია? კახიშვილი ჩემი მეგობარია და ზუსტად ვიცი, შიგნიდან როგორ „ჭამდნენ“, როგორ არ სიამოვნებდათ მისი წინსვლა და მისი წარმატებული, ევროპული რეფორმები.

– შეიძლება, რომ კახიშვილი რომელიმე სხვა, უფრო აქტიურ პოზიციაზე ვიხილოთ?

- ვისურვებდი, რომ ასე მომხდარიყო. იმ ადამიანების „ჩაჩოჩებით“, რომლებიც რეალურად მუშაოდნენ ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა. მთელ მსოფლიოში ასეა, რომ არჩევნებამდე მიდიან საჩუქრებით მიდიან და არჩევნების შემდეგ იწყება ხისტი ნაბიჯები. ჩვენთან პირიქით მოხდა. რატომღაც ხისტი ნაბიჯებით გადავწყვიტეთ არჩევნების მოგება.. საინტერესოა, ვის თავში „მოიხარშა“ ეს პიარი? საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ საკუთარი გუნდისგან მოტყუებული და აბსოლუტურად გაჭაღარავებული ბიძინა ივანიშვილი ჩაერევა წკეპლით ხელში და ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს თუნდაც 10-კაციანი ნდობის ჯგუფი, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილთან ექნება კონტაქტი. დაარქვას თუნდაც „ჩაი ჩაკითხვით“, ჩაგვეკითხოს ყველაფერზე, რაც აინტერესებს და ჩვენ სრულ და ობიექტურ სურათს დავდებთ. 2020 წლამდე ცოტა დრო რჩება და შედეგის მისაღწევად მთელი ძალით და მონდომებით მუშაობაა საჭირო. ხელისუფლებას სხვა გზა და გამოსავალი უბრალოდ, არ აქვს.

ნელი თორდია
скачать dle 12.0