სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურს დიდი უპირატესობით მოიგებს

"საერთო გაზეთის" სტუმარია ბატონი ნიკუშა შენგელაია:

_ არჩევნებამდე მოცემულ ინტერვიუში, თუ გახსოვთ, დავუშვი ალბათობა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივიდოდა. მოგეხსენებათ, დემოკრატიული გარემოსთვის მეორე ტური ტრაგედიას სულაც არ წარმოადგენს. ფაქტია, საზოგადოებაში არსებულმა უკმაყოფილებამ იფეთქა. პირადად, მე, "ნაციონალური მოძრაობა" ნორმალურ ოპოზიციურ ძალად არ მიმაჩნია. იგი ყოველგვარ ბოროტებას თესავას. ეს რომ არა, ასეთი დაძაბული გარემო არ იქნებოდა. მათი მმართველობის პერიოდშიც იგივე ხდებოდა. "ნაცმოძრაობის" ლიდერის პირიდან სიძულვილის ენისა და ტყუილის გარდა, სხვა არაფერი მახსენდება, რაც სრულად აქვს მის პარტიას ათვისებული. შედეგად, სიძულვილის, არეულობის, ტყუილის, ბოროტების გარდა, მათგან სხვა არაფერი მოდის. ეს რომ ნორმალური ოპოზიციური ძალა იყოს, სამოქალაქო საზოგადოებაში ასეთი დაძაბულობა არ იარსებებდა. ხალხი მოჯადოებულ წრეშია, მუდმივად ორ ძალას შორის იჭყლიტება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა რომელიც არჩევნებზე არ მივიდა, დღევანდელ ხელისუფლებას ამით კონკრეტული მესიჯი გაუგზავნა. აღვნიშნე, რომ "ნაციონალების" სახით ჯანსაღი ოპოზიცია არ გყავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მოადუნოს და ხალხის გულისცემას აღარ მოუსმინოს. ასე, რომ მეორე ტურამდე ბევრი მიზეზის გამო მივედით. ეს გახლავთ: მმართველი ძალის პოლიტიკისადმი წარმოების მიმართ არსებული დამოკიდებულება, არასწორი მართვის ვერტიკალი, სამართლიანობის აღდგენის დაყოვნება და ა.შ. ვიცით, რომ "ნაცმოძრაობამ" ათასობით ოჯახი დააქცია, ამ დროს, სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდა. გარდა ამისა, საზოგადოება საკვანძო თანამდებობებზე ხედავს პორტირებულ ადამიანებს, რომლებიც "ნაცმოძრაობის" დროს ძალადობდნენ, რაც ხალხს აღიზიანებს. ამას ემატება უკიდურესად დიდი გაჭირვება, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილზე აისახება. ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა ის სურათი, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა არჩევნები მხოლოდ ერთი პროცენტით მოიგო. ხალხს, პროცენტულად ასეთი მცირე სხვაობა, გაუკვირდა. პრინციპში, ამომრჩევლის 100%-იდან "ნაცმოძრაობამ" 17% მიიღო. ეს ის 17%-ია, რაც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებშიც ჰქონდათ. ადამიანების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ ამ ძალას პოლიტიკაში მოსვლაზე კიდევ აქვს პრეტენზია, მაგრამ როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სამართლიანობის აღდგენას ისევ ელოდება, შეიძლება ეს შედეგი მიიღო. ამიტომ, ვივარაუდე, წინა ინტერვიუში მეორე ტური. ჩვენ, საზოგადო მოღვაწენი ხომ ხალხის მაჯისცემას მძაფრად ვგრძნობთ იმიტომ, რომ კაბინეტებში არ ვსხედვართ, ხალხთან ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ხალხი გვიყვარს, გვიცნობს, ჩვენთან მოდიან და საკუთარ გულის წუხილს გვიზიარებენ, რითაც ვგებულობთ მათში თუ რა განწყობაა. სამწუხაროდ, კაბინეტებში მსხდომთათვის ეს განწყობა უცნობია, ისინი სწორ ანალიზს არ აკეთებენ, ჭკვიან ხალხს ყურს არ უგდებენ, ფიქრობენ, რომ თავად ყველაფერი ყველაზე კარგად იციან. აქ იწყება ხელისუფალის დაავადება, რაც ცუდად მთავრდება-ხოლმე. სხვათა შორის, ზუსტად ეს ვიგრძენი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაშიც და "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც. იმედი მაქვს, მმართველი ძალა ამ გზავნილს სწორად გაიგებს. "ნაცებისგან" განსხვავებით, "ქართული ოცნება" შენიშვნებს ითვალისწინებს და იმედია, სწორ ანალიზსაც გააკეთებს. არ დაგვავიწყდეს, რომ წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოდის. ჩვენ, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ხელისუფლების გადაბარება 2020 წელს ხდება. ამიტომ, ამ ორ წელიწადში საზოგადოება უნდა გააქტიურდეს. აუცილებელია, გაჩნდეს მესამე ძალა, რაზეც "საერთო გაზეთთან" ინტერვიუებში ადრეც მისაუბრია. კი, ბევრი ავანტიურისტიც გამოჩნდება, მაგრამ წესიერ, კომპეტენტურ ძალას საზოგადოება ყოველთვის მიესალმება.

_ ბატონო ნიკუშა, პირველმა ტურმა გამოაჩინა თუ რა ძალა აქვს ხალხს. მეორე ტურის წინ ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა _ "მე ვიცავ თავისუფლებას", რომელიც მეტად აქტიურობს, ვიდრე თავად "ქართული ოცნება".

_ საზოგადოება, ყოველთვის, უფრო ჯანსაღ რელსებზე დგას. კარგი იქნება პოლიტიკური პარტიაც ასე იყოს. წინა პლანზე ხალხის გულწრფელი წუხილია. მას არ სჭირდება გაუგებარ თამაშებში შესვლა, იგი წუხს ქვეყნის, მისი ოჯახის ბედზე. ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი პოლიტიკის წარმოებაა. თუ დემოკრატიულ სივრცეში ცხოვრება გვინდა, ამ თამაშის წესისთვის, საზოგადოებრივი პოლიტიკის კეთება, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების მხრიდან არ ჩანდა, გარკვეული გათიშულობა იყო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისას აღნიშნა: ვიგრძენი, რომ მმართველმა ძალამ ხალხის გულისცემა დაკარგაო. ამიტომაც დაბრუნდა. რაც მთავარია უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და არა ფასადური. საკადრო პრობლემაც სახეზეა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს. ბევრი რამ კეთდება თუმცა, შეიძლებოდა უფრო ეფექტური ყოფილიყო საკადრო, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ქვეყანას წაადგებოდა. მნიშვნელოვანია.

_ ბატონო ნიკუშა, სამოქალაქო მოძრაობა _" მე ვიცავ თავისუფლებას", საქართველოს მასშტაბით ატარებს შეხვედრებს. რა განწყობებია რეგიონებში, რამდენად მზად არის სახლში დარჩენილი 53% არჩევანის გასაკეთებლად?

_ ხალხის განწყობა ძალიან შეცვლილია. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არჩევნებზე არ მივიდა. ჯანმრთელი გარემოს კუთხით, კარგიც კი არის, რომ მეორე ტური დაინიშნა. ამან დღევანდელი მმართველი გუნდი გამოაფხიზლა. ეს რომ 2020 წელს მომხდარიყო, შეიძლება დიდი ტრაგედია მოჰყოლოდა და "ნაცები" ყველა სახელისუფლო შტოში დაბრუნებულიყვნენ. "ნაცმოძრაობის" კანდიდატი ვერცერთ სახელისუფლებო შტოში ვერ წარმომიდგენია. ეს, უკვე, მორალურ-ზნეობრივი საკითხია. ამ კუთხით, ხალხი, ერთიანია. მაგრამ მოსახლეობა მხოლოდ მორალურ-ზნეობრივი თემებით არ ცხოვრობს. შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრობს ასე, მაგრამ მათ ასევე ესაჭიროებათ სამსახური, საკვები, შვილების განათლება. ხალხს მხოლოდ ზნეობრივ პოსტულატებს ვერ მიაწოდებ. ამიტომ, აშკარაა, რომ ხალხი ჩვენს გარეშეც აქტიურობს. მეორე ტურში ბევრად უფრო იმედიანად ვარ, რომ ქალბატონი სალომე გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ერი გამოფხიზლდა. "ნაციონალების" მოსმენა უკვე შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ ღირსეული, თავისუფლების მოყვარული, შვილების ბედზე მზრუნველი და სამშობლოს მოყვარული ადამიანი გაიმარჯვებს.

დიახ, ამიტომაც მაქვს ადამიანების იმედი. ახლა, საკითხი ასე დგას: ან ბნელ წარსულს ვირჩევთ ან ქვეყნის განვითარებას. დემოკრატია ერთჯერადი აქტი არ არის, მუდმივად, განვითარებულ პროცესებს უნდა მისდიო და ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაში ჩააყენო, რომ იგი, იძულებული გახდეს სულ გისმენდეს და საზოგადოების დაკვეთას ასრულებდეს. `ნაცმოძრაობის~ სურვილები ქართველი ხალხის მოთხოვნებს არ ემთხვევა ამიტომ, ვერაფერს გახდებიან. ხომ გამოჩნდა მათი რეალური სახე _ ვინ ვინ არის, ვინ ვის მიეტმასნა, ვითომ, გაყრილები რომ იყვნენ. ვერ გამიგია, ეს რა სამყაროა. მათ უზნეო საქციელს არც ვიცი რა დავარქვა _ ერთ დღეს ერთმანეთს ლანძღავენ, მეორე დღეს პროშნიან, რათა ძალაუფლებაში მოხვდნენ და თბილი კაბინეტები დაიკავონ. ეს არანაირ ადამიანურ ფასეულობაში, ზნეობაში არ ჯდება. ადამიანების დიდ ნაწილს მათი მხარდაჭერა ვერც წარმოუდგენია, მაგრამ ხომ ხედავთ ეს ყველაფერი სად მიდის. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ასე რატომ ხდება. ყველამ იცის `ნაცმოძრაობა~ რასაც წარმოადგენს. ამიტომ, ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე არ მოვიდნენ კიდევ ერთხელ ვთხოვ: იაქტიურონ, რათა თავიანთი პასიურობით ამ მოძალადე, ბნელი ძალის დაბრუნებას ხელი არ შეუწყონ.

_ რას იტყვით, საარჩევნო კამპანიაში მასმედიის, ენ-ჯე-ოების როლზე?

_ "რუსთავი2"-ს როგორ უნდა მოატყუებიო თავი, ეს თავმოყვარეობის საკითხია. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილიამ არხს უყურებს და გულს იოკებს. რაც შეეხება ენ-ჯე-ოებს, ისინი ყველა ქვეყანაში დემოკრატიული წყობის ერთ-ერთი ნაწილნი არიან. ისინი კონსტრუქციული კრიტიკოსები უნდა იყვნენ, ამხილონ შეცდომებში როგორც ხელისუფლება, ასევე, ოპოზიცია. თუმცა, ხშირად მათ სპონსორები თუ დამფინანსებლები პოლიტიკური მოტივებით იყენებენ. ამიტომ, ხალხმა უნდა განსაჯოს რომელი ენ-ჯე-ო რას ემსახურება.

_ რა არის დღეს ჩვენი არჩევანი _ ევროპა თუ საბჭოთა წარსული?

_ "ნაციონალებს" რომ უსმინო: ევროპა თავად არიან, ხოლო ქალბატონი სალომე თურმე, რუსეთის გადმონაშთია. სირცხვილია ამაზე საუბარი. თუ ხალხი ტყუილ-მართალში ვერ ერკვევა, მაშინ უბედურება არ აგვცდება. ყველაფერი ცხადზე ცხადია. გადაბრალება, რაც "ნაცებს" სჩვევიათ, ძველი ჩეკისტური ტაქტიკაა.
"ნაცმოძრაობა" გვსაყვედურობს: ცხრა წლიან რეჟიმს რატომ იხსენებთო. იმიტომ ვიხსენებთ, რომ როგორც ილიამ თქვა: წარსული ქმნის აწმყოს, აწმყო _ მომავალს. თუ ჩვენი წარსული არ გვეხსომება, ვერასდროს შევცვლით ვერც აწმყოს, ვერც მომავალს. თუ წარსული აწმყოში არ გავაანალიზეთ, სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ამიტომ, ეს სულ უნდა გვახსოვდეს. მთელს მსოფლიოს ახსოვს ნაციზმი. იცით რატომ? _ განა იმიტომ, რომ უნდათ ეს ახსოვდეთ, არამედ იმიტომ, რომ იციან: მომავალში ეს არ უნდა განმეორდეს.

თამარ შველიძე
საერთო გაზეთი # 43
27 ნოემბერი
скачать dle 12.0