სამი "წინასწარმეტყველი" "საერთო გაზეთიდან" და ქალბატონი გულიკოს ჯადოქრული კალკულატორი

როგორ მოახერხა "საერთო გაზეთმა" არჩევნების  წინა დღეს არჩევნების რეალურ შედეგებთან ყველაზე მეტად მიახლოებული პროგნოზი დაედო?

მართლაც საოცრება არ არის, როგორ მოახერხა "საერთო გაზეთმა" არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, არჩევნების საბოლოო შედეგებთან ყველაზე მეტად მიახლოებული პროგნოზი გამოეთვალა, რომელიც "საერთო გაზეთის" 27 ნოემბრის ნომერში პირველ გვერდზე გამოქვეყნდა?

ჩვენ არც "გელაპი" გვყავდა და არც "სელაპი", არც "ედისონ რიჩერსი" და არც "ედისონ ფიქჩერსი", არც სოციოლოგიური კვლევებით შეგვიწუხებია თავი და არც საველე სამუშაოებით, არც კაჭკაჭიშვილებისთვის დაგვიძახნია და არც ბულბულაშვილებისთვის, შევიკრიბეთ სამი კაცი, რედაქციის ბუღალტერს ქალბატონ გულიკოს ვუხმეთ თავისი კალკულატორით, დავსხედით, გავაანალიზეთ, მივუმატეთ, გამოვაკელით, გავამრავლეთ, გავყავით, მერე ისევ შევკრიბეთ და ზუსტად ის შედეგი მივიღეთ, რაც ცესკომ გამოაცხადა _ 60% _ სალომე ზურაბიშვილი, 40% _ გრიგოლ ვაშაძე.

მართალია, 40% ცრუპენტელა გრიგოლ ვაშაძისთვის ვერ გავიმეტეთ _ მის 40%-ს 4% ჩამოვაჭერით და სალომე ზურაბიშვილის 60%-ს დავუმატეთ, მაგრამ სხვა კვლევებთან შედარებით მაინც ყველაზე ზუსტი ციფრები დავდეთ _ 64% _ 36%.

რამდენმა ავტორიტეტულმა თუ არაავტორიტეტულმა ორგანიზაციამ იმუშავა, რამდენმა ადამიანმა იწვალა და იჯახირა, რამდენი დრო და ენერგია დაიხარჯა, რამდენი მილიონი გაიცა და მაინც არაფერი _ "საერთო გაზეთის" სამკაციანმა ჯგუფმა და ქალბატონმა გულიკომ თავისი 10-ლარიანი კალკულატორით ყველას "გადაუჯოკრა", ისე, რომ არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

ხომ არის ეს სასწაული?

არა, სულაც არ არის ეს სასწაული, ეს ყველაფერი იმის დადასტურებაა, რომ რეალურ სურათთან მიახლოებული ზოგადი სურათი რომ მიიღო, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, დღედაღამ "მკითხავებში" ირბინო და ამაში უზარმაზარი ფული ხარჯო _ ამას სჯობია, ყურადღებით იკითხო გაზეთები, ყურადღებით უყურო და უსმინო ტელე და რადიო გადაცემებს, თვითონ შენ ან შენი ნდობით აღჭურვილმა პირებმა ხშირად იაროთ ხალხში და ყური მიუგდოთ, რას ფიქრობენ შენზე, შენს პარტიაზე, შენს ხელისუფლებაზე შენი ქვეყნის მოქალაქეები, მერე განმარტოვდე, ყველაფერი ეს გააანალიზო და სათანადო დასკვნები გამოიტანო.

მკითხავები-მეთქი, ვთქვი ზემოთ და შეიძლება ამით ვიღაცებს ვაწყენინე, მაგრამ განა მკითხაობა არ არის, როდესაც სამი სხვადასხვა პრესტიჟული და ავტორიტეტული ორგანიზაცია ერთსა და იმავე კითხვაზე სამ განსხვავებულ პასუხს იძლევა და მერე იმაზე უნდა იმტვრიო თავი, რომელია ამ სამიდან სწორი და მართალი.

სოციოლოგია, საზოგადოების აზრის და განწყობების კვლევა და შესწავლა, ცხადია, საჭირო და სერიოზული საქმეა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის ციებ-ცხელების დროს რამდენად გამართლებულია, ეს კვლევები საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის, სხვადასხვა მანიპულაციების და სპეკულაციების საშუალებად იქცეს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არაჯანსაღ აჟიოტაჟს და ვნებათაღელვას იწვევს.

თუ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას, გნებავთ, რომელიმე პოლიტიკოსს ან ადამიანთა რაღაც ჯგუფს ძალიან აინტერესებს, რა განწყობებია საზოგადოებაში და რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, კი, ბატონო, ვისაც უნდა, იმას შეუკვეთოს ყოველივე ამის კვალიფიციური შესწავლა, მაგრამ გამოიყენოს ეს კვლევები შიდა მოხმარებისთვის და არა საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

ბევრ ქვეყანაში, სადაც მაღალი დემოკრატიული სტანდარტები მოქმედებს, საარჩევნო პერიოდში სოციოლოგიური კვლევების და ელექტორატის წინასწარი გამოკითხვების შედეგად მიღებული მონაცებების გასაჯაროება, ამასთან ერთად, ეგზიტპოლების გამოქვეყნება, კანონით არის აკრძალული.
იქნებ დროა, საქართველოშიც ვიფიქროთ ამ მიმართულებით და ისედაც ნერვებდაწყვეტილი მოსახლეობა ამ უსაგნო და არაფრისმომცემი აჟიოტაჟის გამო დამატებით ნერვების წყვეტას ავარიდოთ.

ხოლო თუ ვინმეს ხმების დათვლამდე გული არ გითხმენთ და წინასწარ გინდათ, გაიგოთ, რა ბედი გელით არჩევნებზე, აგერ ვართ `საერთო გაზეთის~ სამკაციანი ჯგუფი, აგერ არის ქალბატონი გულიკო თავისი კალკულატორით, დაგვიძახეთ, მოვალთ და რამდენიმე საათში ზუსტად გეტყვით ყველაფერს, თანაც ამას ყოველგვარი ანაზღაურების და განსაკუთრებული ვალდებულებების გარეშე გავაკეთებთ.

აბა, თქვენ იცით.

ვახტანგ ხარჩილავა
скачать dle 12.0