"ქართულმა ოცნებამ", თუ სურს, რომ გადარჩეს, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს შიდა საკადრო რევოლუცია

გვესაუბრება ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე:

_ ბატონო სოსო, მოდით შევაჯამოთ და შევაფასოთ არჩევნების ორივე ტური, როგორია თქვენი შთაბეჭილებები, რა მოლოდინები გქონდათ და ელოდით თუ არა ასეთ შედეგებს?

_ არჩევნების პირველ ტურში "ოცნების" გუნდი იმდენად მოუმზადებელი იყო, მეტიც, თითქოსდა იმდენად ყოყმანობდნენ, რომ ხალხი ვერც მიხვდა, უჭერდა თუ არა მხარს ხელისუფლება პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს. რჩებოდა შთაბეჭდილება და იყო კიდევაც მინიშნებები, რომ ხელისუფლება, თითქოსდა მეტი დემოკრატიულობისთვის, აპირებდა მხარი ე.წ. ოპოზიციონერი ბაქრაძის კანდიდატურისთვის დაეჭირა.

ყოველივე ამას ოსტატურად იყენებდა მოწინააღმდეგე, რამაც უდიდესი დაბნეულობა გამოიწვია, როგორც ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოებაში, რასაც ვერ ვიტყვით, კარგად კონსოლიდირებულ ოპოზიციაზე, რომელსაც შესანიშნავად უკვალავდა გზას მოწვეული პიარის სპეციალისტები, კერძოდ, შკლიაროვის ჯგუფი, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ ჩამოიყვანა.

ამას დაერთო ხელისუფლების სრულიად გაუაზრებელი წინადადება მარიხუანის ლეგალიცაზიის თემასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებამ მკვეთრად უარყოფითად მიიღო. ამაზე ააგო, ფაქტობრივად, გრიგოლ ვაშაძემ მთელი წინასაარჩევნო კამპანია.

მეორე ტურის წინ უკვე თვალნათელი გახდა, რომ "ნაცმოძრაობის" რევანში რეალური იყო, რაც მანამდე თითქოს არავის არ სჯეროდა. ეს კი, საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა პოლიტიკური ლანდშაფტის ისეთ რღვევას, რომელიც კატასტროფით დამთავრდებოდა "ქართული ოცნებისთვის". გააცნობიერეს ეს და გაჩაღდა უპრეცედენტოდ აქტიური მუშაობა სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად. ამ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "პატრიოტთა ალიანსმა" და ტელეკომპანია "ობიექტივმა". არ შეიძლება მათი ნამოქმედარის უგულებელყოფა.

არჩევნებზე მივიდა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხალხი. მეორე ტური აღმოჩნდა არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურა, არამედ ერთგვარი რეფერენდუმი _ უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას "ნაცმოძრაობის" მობრუნება?! და მოსახლეობამ ცალსახად განაცხადა, რომ მას არ სურს ხელისუფლებაში კვლავ იხილოს "ნაცმოძრაობა", მაგრამ მას არ უთქვამს, რომ უნდა "ქართული ოცნება". ამიტომ, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის თავმოწონება და ზეიმი იმაზე, რომ მათ გაიმარჯვეს! საქართველოს მოსახლეობამ უდიდესი სურვილი და ნება გამოხატა ამ არჩევნებზე, ხმამაღლა უთხრა უარი "ნაცმოძრაობას", მაგრამ ეს, რატომღაც, ვერ გაიგო "ნაცმოძრაობამ" და კარგად ვხედავთ, რასაც აკეთებენ.

_ რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ"?

_ "ქართული ოცნება" ვერანაირ პოზიტიურ და ეფექტურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, თუ არ შეცვალა იდეოლოგია და არ იფიქრა სახელმწიფოებრივად. "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შიდა "რევოლუცია" უნდა მოხდეს. ეს "რევოლუცია" უნდა მოახდინონ იდეურმა, განათლებულმა, გამოცდილმა ადამიანებმა.

_ ბატონო სოსო, რით ახსნით იმას, რომ 780 000 ადამიანი მხარს უჭერს თურმე "ნაცმოძრაობას". რას ფიქრობთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?

_ ყველგან, ყველა ქვეყანაში, 15-დან 20%-მდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მშვიდობისა და წესრიგის ლოზუნგით ნებისმიერ რეპრესიას გაამართლებენ.
"ნაციონალებს", თითქმის ყველას, ერთი და იგივე რამ უდევთ გულში და ტვინში, რასაც ის ცნობილი ნაციონალი ბადრი შუბლაძეც ახმოვანებს _ ვინც ციხეებში იჯდა, ვისაც აწამებდნენ, ღირსი იყვნენო, ისეთივე რიტორიკაა, როგორც სტალინის რეპრესიების დროს _ "ნევინნიხ ნე ბივაეტო". ასე იყო გერმანიაშიც.

რასაც ესენი აკეთებენ და ითხოვენ, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი.

სააკაშვილი მოქმედებდა ჩამოყალიბებული იდეოლოგიების მიხედვით. ის მოლაპარაკებული იყო იმაზე, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გაკეთდებოდა კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის საფარველქვეშ, იქნებოდა გამართლებული. ის იყო "დემოკრატიის შუქურა" და საქართველო იყო "ფერადი რევოლუციების" გავრცელების კერა. ხომ გახსოვთ ყირგიზეთში ბატონი თარგამაძის ჯორით სეირნობა და ა. შ. უზბეკეთში, რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აპირებდნენ ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების მოწყობას. ცხადია, ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული და დასავლეთი ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს _ უპრეცედენტო რეპრესიებს და რის გამო და რატომ, ეს უკვე გაშიფრული ფაქტია.
ტრამპის გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვხედავთ "ფერადოვანი რევოლუციების" დამუხრუჭების ტენდენციებს.

სააკაშვილმა მაშინვე იგრძნო ახალი სიოს ქროლა და უცბათ აიტაცა ის ლოზუნგები, რასაც აჟღერებდა დონალდ ტრამპი მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება კვლავ ამერიკის დემოკრატიული პარტიის იმ უკიდურესად მემარცხენე ფლანგის იდეოლოგიის მიმდევრად რჩება. ამის შედეგი იყო მარიხუანას თემაც, ლგბტ თემის მხარდაჭერა, ოჯახში ძალადობაზე კანონების შექმნა და ა. შ.

სამწუხაროდ, ტრამპის "ხაზს" საქართველომდე არ ჩამოუღწევია და ვართ, ფაქტობრივად, გეოპოლიტიკურ ვაკუუმში.

შეიძლება არ გახსოვთ, ამიტომ მე შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა სტუდენტებთან შეხვედრაზე უნივერსიტეტში და თქვა: მე მრავალი მიზეზის გამო მხარს ვუჭერდი ჰილარი კლინტონს და უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთმა და აშშ-მა შესაძლოა მოილაპარაკონ ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაში ერთობლივ მოქმედებებზე, მაგრამ ჩვენ არ გვაწყობს, აშშ-მა და რუსეთმა მოილაპარაკონ გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, რადგან ასეთ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება მოითხოვოს თავისი გავლენების აღდგენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიო.ე.ი. საქართველოს უნდა აწყობდეს, რუსეთმა და აშშ-მა ვერ მოილაპარაკონ და ჩვენ ისეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ხოლო ჩვენი როლი უნდა იყოს მათ შორის დაპირისპირება. ეს უნდა იყოს ჩვენი ფუნქციაო, ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ პროვოკატორებიო.

2008 წელს ერთხელ უკვე ვითამაშეთ პროვოკატორის როლი.

ახლა რა უნდა გავაკეთოთ? რას გვთავაზობს ბატონი ვაშაძე? _ მარტივია. უნდა გავაკეთოთ ტერორისტების ტრანზიტი ჩღდილო კავკასიიდან სირიაში, კვლავ გავხდეთ მსოფლიო ტერორიზმის ოფშორი იმასთან ერთად, რომ უკვე ვართ სათამაშო ბიზნესის, პროსტიტუციის, ნარკოლიბერალიზაციის ოფშორი. ანუ გავხდეთ უკიდურესად რეაქციული დასავლური ძალების დასაყრდენი, იმ ძალებისა, რომლებიც არ დაუშვებენ რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს და რითი უნდა მოხდეს ქართველი ხალხის დაყოლიება ამ შენიღბულ პროვოკაციაზე? _ რა თქმა უნდა, ურაპატრიოტიზმით!

ურაპატრიოტიზმი უკვე ვიხილეთ არაერთხელ და აპოგეა იყო უკანალების ჩვენების პერფორმანსი სასაზღვრო ზოლთან.
ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი აქტი. მოკლედ, ჩვენ უკანალები ვუჩვენოთ და გავაღიზიანოთ გამძვინვარებული დათვი და გადავიქცეთ, როგორც ვთქვი, გლობალურ პროვოკატორად. ტრაგედია, რაც შეიძლება მოხდეს, ვის კისერზე იქნება, ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ახლა ხომ არ არის 2008? არც რუსეთია 2008 წლის რუსეთი, არც 2008 წლის ირანია ჩვენი მეზობელი და არც 2008 წლის თურქეთი. ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია და სახეზე გვაქვს ერთი ზესახელმწიფო და ორი რეგიონალური ზესახელმწიფო. ყოველ წუთს, ნებისმიერი გეოპოლიტიკური რყევის შემთხვევაში, ჩვენ განწირული ვართ გადარჩენის ყოველგვარი შანსის გარეშე.

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ იალტის ზავის შემდგომ პერიოდში ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის, მეგობრებო.

დღეს, როცა ვინმე საუბარს იწყებს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე, მაშინვე მოედინება ლანძღვა-გინების ნიაღვარი `ნაცმოძრაობისგან~, რადგან მოღალატეების მთავარი მიზანია, შენარჩუნდეს პროვოკატორის ფუნქცია… უნდათ გლობალური დაპირისპირებების პროექცია გადმოიტანონ საქართველოში და ჩვენი ქვეყანა შეწირონ ამ დაპირისპირებას თავიანთი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების სანაცვლოდ. აი, ეს არის მთელი ალგორითმი, რაც ხდება საქართველოში და ის 780 000 ადამიანი, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით, სრულიად გაუცნობიერებლად ემხრობა `ნაცმოძრაობას~, თუმცა არც ისინი არიან დიდად გათვითცნობიერებულნი, ვინც საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0