სხვა გზა არ არის - "ქართული ოცნება" პორტირებული "ნაცებისგან" და შინაური მოღალატეებისგან უნდა გაიწმინდოს!

"სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ასე დამაჯერებლად რომ გაიმარჯვა, ეს ქართველი ხალხის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა", აცხადებს "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.
სრულად ვეთანხმები პოეტ დავით მაღრაძის განცხადებას, რომ ეს არჩევნები ქართველმა ხალხმა მოიგო, სახელისუფლებო რესურსები ვისზე მუშაობდა, კაცმა არ იცისო. სახელისუფლებო რესურსების გარკვეული ნაწილი, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ მუშაობდა, ამიტომაც მივიღეთ პირველ ტურში ის შედეგი. სწორედ ამიტომ ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესში და ვიღაცების თავების დაგორებაზეც დაიწყეს საუბარი. ვიმეორებ, რომ არა ქართველი ხალხი, არჩევნები წაგებული გვქონდა, რადგან ფაქტობრივად ყველა ტელევიზია, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაციონალების მხარეს მუშაობდა. 
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ თითქოს "ქართულ ოცნებას" არავინ უჭერს მხარს. გვარამიას რომ უსმინო, ყველა ხელოვანი ნაციონალებს უჭერს მხარს, არადა მთელი საქართველო სალომე ზურაბიშვილის მხარეს დგას, მაგრამ ამის აფიშირება არ ხდება. ტელეკომპანია "იმედმა" ბოლო ხანს პოლიტიკა შეცვალაო, ამას დიდად ვერ ვამჩნევ, 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე 100.000 ადამიანი შეიკრიბა, თუმცა "იმედმა" საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი "ლაივიც" კი არ ჩართეს. სამაგიეროდ, ნაციონალებმა 2000 კაცი რომ შეკრიბეს ფილარმონიაში, ყველა ტელევიზია პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ირმა ინაშვილს ეუბნება, თქვენს აქციაზე სულ ხანდაზმული ხალხი მოვიდა, ისეთი ხალხი, რომლებიც სოციალურ ქსელთან არ არიან ახლოს, გარიყულებივით არიანო. ჯერ ერთი, იმ აქციაზე ყველა ასაკის ადამიანი იყო, მეორეც ამხელა შეურაცხყოფას როგორ უნდა აყენებდე საზოგადოებას, "რუსთავი 2"-ის ენით ლაპარაკობს იმ ტელევიზიის ჟურნალისტი, რომელსაც ეს ხალხი უხდის ხელფასს. აი, ზუსტად ეს არის მტრობა. თავების დაგორებაზე რომ არის საუბარი, პირველი სწორედ სახელმწიფო არხზე უნდა დააგორონ თავები. "გირჩებისა" და რესპების გარდა, ამ ტელევიზიაში ფაქტობრივად არავის იწვევენ. 

მე მომხრე ვარ, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზი, რომლის წევრებიც იქნებიან იგივე დავით მაღრაძე, თქვენი გაზეთის რედაქტორი ბატონი ვახტანგ ხარჩილავა, საზოგადოების სხვა ღირსეული წარმომადგენლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც ჩანს, მინისტრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მას სიმართლეს უმალავენ. ბატონ ბიძინას ობიექტურ ინფორმაციას რომ მივაწვდით, ის აუცილებლად დაინტერესდება და რეაგირებასაც მოახდენს. პირველი ტურის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა, რაც ფაქტობრივად წაგება იყო, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი თურმე დაცარიელებული იყო, კომპიუტერებიც კი წაღებული ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, არჩევნები არ დამთავრებულა, წინ მეორე ტური იყო და შტაბიდან ყველა გაიხვეტა. ამის შემხედვარე ბიძინა ივანიშვილი გაოგნებულა. 

ჩემს სოფელში, ჭანიეთში (ოზურგეთის რაიონი) კომუნისტების დროსაც კი არ გაკეთებულა, რაც "ქართული ოცნების" მმართველობისას გაკეთდა, აშენდა ახალი სკოლა, ახალი საბავშვო ბაღი, ფაქტობრივად ახალი გზა გაკეთდა, ამ დროს პირველ ტურში ნაცების კანდიდატმა გაიმარჯვა ოზურგეთში. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხალხთან კომუნიკაცია.
კარგია "იმედი" მეორე ტურის წინ მაინც რომ აჩვენებდა 7 ნოემბრის აქციის და მათი ტელევიზიის დარბევის კადრებს, მაგრამ ერთი სიუჟეტი არ გაუკეთებიათ `ქართული ოცნების~ მმართველობის პერიოდში ამდენი სკოლები, საბავშვო ბაღები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები რომ აშენდა, ჯანდაცვაში რამხელა სასიკეთო ძვრებია. ისე, კერძო ტელევიზიასთან რა პრეტენზია მაქვს, როცა ხელისუფლება არ აპიარებს რა გააკეთა. "ქართული ოცნების" მტრები პარტია ნაცმოძრაობაზე მეტად თავად მმართველ პარტიაში ჩაბუდებული ვითომდა ყოფილი ნაციონალები არიან. როგორც ყოფილი "კაგებეშნიკი" არ არსებობს, ისე არ არსებობს ყოფილი ნაციონალი, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს "ქართული ოცნება" ამ პორტირებულებისგან. როგორ შეიძლება იმის არდაფასება, რაც ირმა ინაშვილმა გააკეთა, ვიღაცას 100.000 კაცის შეკრება ადვილი საქმე ხომ არ ჰგონია? მაინტერესებს, ამ "კრიტიკოსებმა" ძალიანაც რომ მოინდომონ, ამის მეათედ ხალხს თუ შეკრებენ. მე მეგონა, სალომე ზურაბიშვილი მივიდოდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხთან და მადლობას ეტყოდა, ეს ხალხი ხომ მის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ვფიქრობ, ქალბატონი სალომე იმიტომ არ მივიდა მხარდამჭერებთან, რომ მას არ ყავს მრჩევლები, რომლებიც ამას ეტყოდნენ. მე მადლობა მინდა ვუთხრა ირმა ინაშვილს, რომელიც რკინის ლედიც არის, მაია წყნეთელიც, იმიტომ, რომ რაც მან ახლა გააკეთა, გმირობის ტოლფასია. რომ არა ის 100.000 კაცი, არ ვიცი რა შედეგით დამთავრდებოდა არჩევნები. მე პირადად ამდენი ხალხი რომ დავინახე, იმედი მომეცა, ქართველი ერი არ წაქცეულა, თორემ ამ ტელევიზიებს შემხედვარე, იფიქრებ, რომ ყველაფერი დამთავრდა. 

– გჯერათ, რომ ნაციონალებს 800.000 კაცი უჭერს მხარს?

– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსის ლუსტრაციაც მოხდა, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ, არჩევნებზე არ მიხვიდეთო. ნაცმოძრაობას ყავს თავისი ამომრჩეველი, ეს არის სექტა, რომელსაც რა კადრებიც არ უნდა აჩვენო, ვერაფერს შეასმენ, მაგრამ ეს სექტა არ არის მრავალრიცხოვანი. როცა ვამბობთ, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები ნაცებითაა სავსეო, რატომ გამოვრიცხავთ, რომ ცესკოშიც იყოს ეს კონტიგენტი, რომლებმაც ნაცების სასარგებლოდ გააყალბეს ეს არჩევნები? იცით თქვენ, რომ მთელი ცესკო "სამართლიანი არჩევნების", საიას და სხვა მათი მსგავსი ენჯეოების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ამიტომ ცესკოშიც ბევრი რამ არის შესამოწმებელი, ასევე გადასამოწმებელია ის ციფრები, რაც მათ გამოაქვეყნეს. ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც ბოლო შანსი მისცა "ქართულ ოცნებას". ახლა მართლა თავებიც უნდა დაგორდეს და "ქართული ოცნებაც" გაიწმინდოს პორტირებული ნაცებისგან, ამას უკვე თავად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ. ვინაიდან ამ გამარჯვებაში მთელ ერს მიგვიძღვის წვლილი, ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს ჩვენი მთავარი მოთხოვნა, დაასრულონ ნაცებთან კოჰაბიტაცია, გაასამართლონ ყველა დამნაშავე ნაციონალი.
 
საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამ "ენჯეოშნიკების" სრული ლუსტრაცია მოხდა, ხომ გამოჩნდა ვის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებებით. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, ხელისუფლებას მოვუწოდებ, კარვები არ დაშალოს პარლამენტის წინო. რომელ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომლის წარმომადგენელიც თვითონ არის? ამ ქალბატონს თავი ისევ საია-ს თავმჯდომარე ჰგონია, ვის მოუწოდებ, ვიცე-სპიკერი ხარ, თუ რამე გინდა, დაურეკე მინისტრს და უთხარი. სახალხო დამცველზე აღარაფერს ვამბობ. აი, ასეთი მოღალატეებითაა სავსე ეს ხელისუფლება. ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კახიშვილი ჩაჩოჩებული და გადამალული რომ ყავთ, ისინი წამოსწიონ წინ და დანიშნონ თანამდებობებზე, ესენი კი, ვის მიმართაც ხალხში უკიდურესი უკმაყოფილებაა, მოაშორონ ხელისუფლებას, თორემ, როგორც გითხარით, ხალხმა ბოლო შანსი მისცა ხელისუფლებას. 

მთლიანად გასაწმენდია "ქართული ოცნება", განსაკუთრებით მათი პიარ-სამსახურები. ის ხალხი, რომლებიც სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ, გვაქვს ეროვნული, კონსერვატიული პოზიცები, არჩევნების პერიოდში ტელევიზიებს არ გაგვაკარეს. ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის დასაცავად ისეთ ხალხს უშვებდნენ, რომლებსაც არ შეუძლიათ პოლემიკასა და დისკუსიაში შესვლა. არჩევნების წინა დღეს შორენა შავერდაშვილი უნდა გეჯდეს, როცა მეორე მხარეს 30–40 ადამიანი ყავს თავისი კანდიდატის დასაცავად? ვინ არის საერთოდ შორენა შავერდაშვილი, ან ის ხალხი ვინც ვითომ მმართველი პარტიის პოზიციას იცავს, იცნობს ვინმე, ან რა პრინციპით შეარჩიეს? ეს არის საინფორმაციო პოლიტიკა? სახელმწიფო სტრუქტურების პიარ-სამსახურის წარმომადგენლები თავიანთ ფოტოებს კი არ უნდა დებდნენ სოციალურ ქსელებში, როგორი კაბა ან საცურაო კოსტიუმი აცვიათ და როგორ "გრიალებენ" უცხოეთში ვიზიტების დროს, ის ინფორმაცია უნდა გაასაჯარონ ახალი ობიექტები რომ იხსნება და სასიკეთო რაღაც კეთდება. თუ "ქართული ოცნება" ჭკუას არ ისწავლის და არ შეცვლის პოლიტიკას, ცუდად დაამთავრებს. ქართველი ხალხი უკვე ნაცებს კი არ დაეტაკება, ამათ მოვთხოვთ პასუხს. აუცილებლად უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზი, სადაც ვიღაც მოღალატეები კი არ იქნებიან, არამედ საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს რეალურ ინფორმაციას მიაწოდებენ და იმასაც ეტყვიან, სად რა არ კეთდება სწორად.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0