პირდაპირ ვამბობ - ამ "მომღიმარი" ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი

"საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი შოთა გლურჯიძე:

_ ბატონო შოთა, როგორ შეაფასებთ 2018 წლის არჩევნების I და II ტურებს?

_ ამ საკითხზე ძალიან დუალისტური დამოკიდებულება მაქვს. დადებითია ის, რომ არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მეორე ტურში "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, ცდილობდა ხალხისთვის საკუთარი თავი გაეხსენებინა და ეთქვა, რომ არჩევნები მანაც მოიგო. ჩვენ, ძალიან მძიმე ბრძოლაში სახალხო პრეზიდენტი მივიღეთ. ეს რაც შეეხებოდა დადებით მხარეს. უარყოფითი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფრიდან არანაირი დასკვნები არ იქნა გამოტანილი. ვფიქრობ, ქალბატონი სალომე, აბსოლუტურად, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება. იგი დამოუკიდებელი ადამიანია, ძნელად შეიძლება ვინმემ საკუთარ დღის წესრიგზე გადაიყვანოს. იმედია, კონსტიტუციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი დღის წესრიგის განმსაზღვრელი იქნება, ზღვარს არ გადავა და როგორც ევროპელი ადამიანი წესებს დაიცავს. 

ამ გარემოებაში ძალიან დიდი შანსია, პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელების როლი შეასრულოს, რაც ჩემი აზრით, მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის ეროვნულ ამოცანებს, ვიდრე "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ატეხილი კინკლაობა. ასე თუ გაგრძელდა და "ქართული ოცნება" არ გამოფხიზლდა, ის და "ნაცმოძრაობა" როგორც კარტოფილი ხახვში ერთად მოიხრაკებიან. ეს არის ჩემი პროგნოზი. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით შესაძლებელია სხვა დღის წესრიგი გაჩნდეს, შეიქმნას ხალხის ოცნებებისა და სურვილების გამხმოვანებელი მესამე ცენტრი. ჩვენ, ქართველი ხალხი ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ქალბატონი სალომე შეძლებს ხალხს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს. ზურაბიშვილი შეიძლება ქართველი ხალხის უპირობო ლიდერი გახდეს. თუ სწორად მოიქცევა, მას ამის შანსი აქვს. მისი პირველი ნაბიჯი ძალიან მომეწონა, როცა გამარჯვების შემდეგ საპატრიარქოში უწმინდესს შეხვდა და თქვა: ახლა, ვიგრძენი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვარო. ეს ძალიან სიმბოლური, სწორი გზავნილი იყო. მას სწორად აქვს აღქმული, რა უნდა ხალხს. ქართველი ხალხის სურვილებისა და მისწრაფებების გამომხატველი ჩვენი სამოციქულო ეკლესია მუდამ იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის ფაქტიც, რომ მან ადმინისტრაციის უფროსად აირჩია ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიასთან კავშირშია, ძალიან მახარებს. ანუ, ზურაბიშვილმა, არჩევანი ამ ჭინკა ლიბერალების წრიდან არ გააკეთა. ლაშა ჟვანიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არ მგონია პატრიარქის გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იქნება.

_ ბატონო შოთა, მთავარ ოპოზიციურ პარტიად კვლავ "ნაცმოძრაობა" რჩება. გამოდის, იმავე ჯადოსნურ წრეზე ვტრიალებთ?

_ მოდით ვთქვათ: "ნაცმოძრაობა" ეს არის ცალკე "შპს" _ შეზღუდული პასუხისმგებლობის და აზროვნების საზოგადოება. მეორე მხარეს კი არის ქართველი ხალხი თავისი ტრადიციული პრობლემებით, ადათით, წესით. ჩვენ, სხვადასხვა ხალხი ვართ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სხვადასხვა ნაცია ვართ. 

_ ბატონო შოთა, 800 ათასამდე ადამიანმა მხარი ვაშაძეს დაუჭირა. ამას რა ახსნა აქვს?

_ ამ ხალხიდან უმეტესმა ნაწილმა მხარი "ქართულ ოცნებას" იმიტომ დაუჭირა, რომ მათ "ნაცმოძრაობის" მობრუნება არ უნდოდათ. მე, მხარი დავუჭირე ქალბატონ სალომეს. ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის პერიოდი დისტანცირებულად გავიარე, მაგრამ დახმარებასაც ვცდილობდი. ქართველი ხალხიც, ალბათ, ამ პოზიციაზეა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ძალას დიდი მატერიალური რესურსი აქვს _ "ქართული ოცნების" უკან დგას ბიძინა ივანიშვილი დიდი ფულით და "ნაცების" უკან დგას მიხეილ სააკაშვილი ასევე დიდი ფულით. ამ არჩევნებზე ადგილი არ ჰქონდა ერთგულებას როგორც ეს ლევან გაჩეჩილაძისდროინდელი არჩევნების დროს იყო. ქართველი ხალხი ლევან გაჩეჩილაძეს მართლა გულით აძლევდა ხმას იმიტომ, რომ მასში ქართველ კაცს, მათი პრობლემების, ჭირ-ვარამის გამზიარებელს ხედავდა. თუმცა, ვიმეორებ, ამ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" კი არა, არამედ ქართველმა ხალხმა და მისი სახით, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან არ უნდა ჩათვალოს, რომ "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ვალდებულება აქვს. პირდაპირ ვაცხადებ: ქალბატონო სალომე, მე, "ქართული ოცნებისთვის" არ მიმიცია ხმა, არამედ ხმა თქვენ მოგეცით, როგორც ქართული ეროვნული პოზიციის, ემიგრაციის ღირსეულ წარმომადგენელს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი იყო.

_ წინ 2020 წლის არჩევნებია, ასე თუ გაგრძელდა გამორიცხული არ არის "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდოს.

_ მეტი არაა ჩემი მტერი "ნაცმოძრაობა" გაძლიერდეს. მათ ქართველი ხალხის გულების მოგება არ ძალუძთ. იმედი მქონდა, რომ მმართველ გუნდში პრაგმატულად მოაზროვნე ხალხი იყო, მაგრამ როგორც ცხენები რომელთაც შორებს უკეთებენ, რათა მარტო ერთ მხარეს იყურონ, ქართული ოცნებაც~ ასეა _ გვერდზე ვერ იყურება. "ქართული ოცნებისთვის" ისევე მისაღები აღმოჩნდა სინგაპურის მოდელი, როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის. სინგაპურში ორივე ძალა ვირტუალურ სინგაპურში ცხოვრობს, რომელიც საქართველო არ არის. სულ, ალბათ, 150 კაცი იქნაბა, ხომ. როგორმე ამ 150 კაცის სინგაპურში პორტირება უნდა მოვახდინოთ, ჩვენ კი საქართველოში ვიცხოვროთ. ახლა, დიდი ამბით გვამცნეს, რომ 2019 წელს დედა ენას დააბრუნებენ. შედგება კომისია, რათა დედა ენის რევიზია მოახდინონ. ამდენი საუკუნეა საქართველოში დედა ენის რევიზია არ მომხდარა და ახლა, ზოიძეები და სხვანი ისეთი ჭკვიანები არიან, რომ დედა ენის რევიზია უნდა მოახდინონ?! ეს არის სამარცხვინო.

_ ბატონო შოთა, "ქართული ოცნება" პორტირებული წევრებისგან უნდა გაიწმინდოს?

_ კი ბატონო, მაგრამ ვინ უნდა გაწმინდოს? ჩვენ შევქმნათ ახალი დღის წესრიგი. თუ ამაში ქალბატონი სალომე დაგვეხმარება, მადლობას გადავუხდით და გვეცოდინება, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. 

ხალხი ეკონომიურად ძალიან მძიმე სიტუაციაშია, განსაკუთრებით, ინტელიგენცია, რომელიც ასფალტზე ხახვს და კარტოფილს ვერ მოიყვანს. შესაბამისად, ინტელიგენცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, იმ ძალის ფორმირება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ძალიან ძნელია. იმედი არ მაქვს, რომ ამას 2020 წლამდე მოვახერხებთ. შეიძლება პოლიტიკურ ძალებს კიდევაც აწყობთ არჩევნების უფრო ადრე ჩატარება იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ძალა ვერ მოიკრიბოს. მოთხოვნა რაც "ნაცმოძრაობიდან" გაისმა _ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, შეიძლება "ქართულ ოცნებასაც" აწყობდეს. ასე მგონია, 2020 წლამდე ვერც "ქართული ოცნება" მიაღწევს და ვერც "ნაცმოძრაობა". ახალი ძალა უნდა გამოჩნდეს. მოვუწოდებ ეროვნული განწყობის ადამიანებს, ბიზნესმენებს ჩაიდონ თანხა ამ საქმეში, რათა ეროვნული ძალების კოორდინირება მოხდეს.

_ ბატონო შოთა, საერთაშორისო ორგანიზაციები ცუდად ჩატარებულ არჩევნებზე ალაპარაკდნენ.

_ იცი რა, მოდი სხვა არჩევნების გამოხმაურებები ამოვწიოთ და ზუსტად იგივე შეფასებებს დავინახავთ. მაგალითად, მე, საზიზღრობად მიმაჩნია, თუ ადამიანების კარტოფილით მოსყიდვა მართლაც ხდებოდა. მეორე მხრივ, მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ "ნაცებს" ამომრჩევლისთვის ფული პირდაპირ ტომრებით მიჰქონდათ. ასე ხომ ადამიანს ღირსებას ულახავ. ერთი რამ უდაოდ დადებითია: ამ არჩევნებზე არ ყოფილა პირდაპირი მუქარა, ზეწოლა, ცემა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ამ მხრივ, წინ ვართ, რაც მნიშვნელოვანია. "ნაციონალებმა" წინასაარჩევნოდ ყველაფერი იკადრეს, ბრალდებები, ცილისწამება ქალბატონი სალომეს მიმართ თითქოს, იგი მოღალატე ყოფილიყო. როგორც ქართველს, ამ ყველაფერის გამო, მრცხვენია. საერთაშორისო ორგანიზაციები "ქართულ ოცნებასაც" მხარს უჭერენ და "ნაცმოძრაობასაც". მათ აწყობთ, რომ პოლიტიკურ ველზე ეს ორი ძალა არსებობდეს. ჩემი აზრით, გარიგების მომენტია ის, როცა "ქართული ოცნების" ლიბერალი წევრები საუბრობდნენ, რომ პარტიას, თურმე, საერთოდ, არ უნდა დაეყენებინა კანდიდატი. ეს პირდაპირ იმას ნიშნავდა, რომ ისინი "ნაცმოძრაობას" აბარებდნენ ხელისუფლებას. "ქართულ ოცნებაში" დიდი ბრძოლა იყო გამართული იმ ხალხთან ვინც თვლიდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

_ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებებზე რას იტყვით?

_ ამას ისე უბრალოდ ნუ შევაფასებთ, თითქოს, ეს გიჟის ნათქვამია. ჯარშიც, პოლიციაშიც, უდიდესი ნაწილი, "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები, მათი ზონდერები არიან. სააკაშვილს სწორედ მათი იმედი აქვს. ეს ყველაფერი კი "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნა. დიდ ბოდიშს ვიხდი იმ ჯანსაღ ნაწილთან, რომელსაც მართლა შესტკივა საქართველოზე გული, მაგალითად, ზაზა პაპუაშვილს, გედევან ფოფხაძეს და კიდევ რამდენიმე მათგანს. დანარჩენები არც ვიცი ვინ არიან, არც ის მინახავს სად იყვნენ იმ 9 წლის მანძილზე, როცა ჩვენ ვიბრძოდით. ისინი მაშინ "ნაცმოძრაობის" ოფისებში იყვნენ მოკალათებულნი.

_ სააკაშვილმა რადიკალიზმისკენ მოუწოდა თავის გუნდს და მხარდამჭერებს. საფრთხის შეგრძნება გაქვთ?

_ იცი რა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საფრთხის შეგრძნება სულ უნდა გქონდეს. "ნაცმოძრაობის" უკან დგას უდიდესი ხიფათის შემცველი ძალა, როგორიც რუსეთის ფედერაციაა. საქართველოში სიტუაციის არევა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. შესაბამისად, გაზრდის იმის შანსს, რაც დომბასში და ლუგანსკში მოხდა, საქართველოშიც იგივე განმეორდეს. პირდაპირ ვამბობ: მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი. აქედან გამომდინარე, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ, განსაკუთრებით, იმ ხალხმა, რომელსაც არ უნდა, რომ ისევ საქართველოს ანექსია მოხდეს. ვიმეორებ, საქართველოში დესტაბილიზაცია, სიტუაციის არევა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, რომელიც აქ არსებულ 2ათას კაციან აშშ-ს საელჩოს დედაბუდიანად ამოძირკვავს. ეს ამერიკელებსაც უნდა ესმოდეთ. რით ვერ გაიგეს, რომ მიშა ორმაგი აგენტია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გააცნობიერებს, რომ არეულობას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0