კვირის ამბები

სანამ პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთში ბრალდებებს ცვლიან, „პატრიოტთა ალიანსი“ ვაშაძისთვის მიცემულ ხმებს ითვლის. საგანგებო ბრიფინგზე, ირმა ინაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაიწყოს გამოძიება, ენმ-ს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებთან დაკავშირებით.

„ადგილი აქვს პოლტიკუირ აფერისტობას, რადგან შეუძლებელია 780 ათასი ამომრჩეველი გყავდეს და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მინიმუმ 30 ათასი მხარდამჭერი არ იდგეს“ – დარწმუნებულია ინაშვილი. გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა უდავოდ, არჩეული პრეზიდეტის ინაუგურაციის ადგილის განხილვა გახლდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციამ ხელისუფლებას ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევა გაქცევად შეაფასა, თუმცა ვალში არც ხელისუფლების მხარდამჭერები დარჩნენ და ნაციონალურ მოძრაობას 2004 წელს ქუთაისში გამართული ინაუგურაცია გაახსენეს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილისთვის ინაუგურაციის თელავში ჩატარება სხვა მხრივაც მიუღებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, თელავი სიმბოლურად ქართული მონარქიის, ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება და საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს. „თუ სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს სიმბოლიკა უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ეს ქალაქი სიმბოლურად ქართული მონარქიის ანუსახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება. თელავი რა თქმა უნდა, ნამდვილად არის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი და ძალიან მიყვარს, მაგრამ სიმბოლიკა ძირითადად მაინც სევდიანი და ნეგატიური აქვს“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, ლეიბორისტული პარტია გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმს შეუერთდა. 5 დეკემბერს „ძალა ერთობაშიას“ წევრები ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შეხვდნენ. პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს და ხელისუფლებას 3 მოთხოვნას წაუყენეს:

პირველი – საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულიწესით ჩატარება;
მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა;
მესამე: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეები არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა – ნუცუბიძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე და მასთან ერთად მყოფი ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიება მინდია გოგოჭურს, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება.

რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს სოციალურ ქსელში არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს. ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა 2012 წლის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქალბატონი თაკო სააკაშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებს და ციხეებში პატიმრების გაუპატიურებაზე საუბრობს. სოციალური ქსელის მომხმარებელმა რუსიკო ყიფიანმა კი ჩარკვიანს შემდეგი შინაარსის სტატუსით მიმართა: „ქ-ნო თაკო, ვინაა ბიძინას მონა?

თქვენ ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა ისრაელში, ძმა გაგიცოცხლა, მამათქვენი იღებდა მისგან 5 000-ს, მისი დასაფლავების ხარჯები გაიღო, მიხვედით მამაჩემის ხელფასი დედაჩემს დაუტოვეთო … კიდევ რამდენი არ ვიცით… და ჩვენ ვართ ბიძინას მონები? აბა, დაფიქრდით! (ქმარი კი მილიონერი გყავთ, უხერხული ხომ არაა?)მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ჩარკვიანი მშიდადშეხვდა და განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად ახსოვს, უსამართლობას ყოველთვის ებრძოდა და მის ოჯახს არავის ვალი არ აქვს. პირიქით, მათთან ვალში სახელმწიფოა, რომელმაც ოჯახის ბიზნესი „შეიტყაპუნა“ (სავარაუდოდ, საუბარია, სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეულ ბიზნესზე)

ბოლო დღეებში გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანობას ბზარი შეეპარა. „აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს“ – ამის შესახებ„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე განაცხადა. სამადაშვილის განმარტებით, ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები თანამებრძოლის პოზიციით არ აღფრთოვანებულან, რადგან იმავე დღეს ნინო კალანდაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთი და იგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან”. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვირთხებში ვინ იგულისხმება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა პარტიაში განხეთქილებას მთლიანად გამორიცხავს. „არანაირი განხეთქილება, ეს დარჩება ივანიშვილის აუსრულებელ ოცნებად“ – განაცხადა ბოკუჩავამ. „ძირს კინკლაობა! ერთიანობის დროა! ან თქვენ გადაარჩენთ ქვეყანის დემოკრატიის მომავალს, ან ავტოკრატია გადაგვყლაპავს ყველას ერთად და მოგვისპობს ხვალინდელ დღეს“ – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი მომხდარს.
სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმის შეჩერებას „ქართულმა მარშმა“ იუსტიციის სახლთან გამართული აქციით უპასუხა.

აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიან აჯანყებას მოაწყობს. „ეს იქნება ლეგიტიმურიკონსტიტუციური აქტი“- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალიკონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებიცდილობენ არ დაუშვან 16 დეკემბრამდე დარჩენილ დროში მიწების უცხო ქვეყნების მოქალაქეებზედარეგისტრირება.

„ღმერთი არავის გაუწყრესდა ამ 6 დღეში სანამ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, 1 სანტიმეტრი ქართული მიწა არ გაიყოდოს დაინაუგურაცია სამოქალაქო პანაშვიდებში არ გადაიზარდოს … ეგ მიწა ჩვენი ისეა, როგორც თქვენი და ეხლაპოლიტიკოსობანას თამაში არ დაიწყოთ, დილიდან და რამე არ მოხდეს, კარგად გაითვალისწინეთ“ – წერია „ქართული მარშის“ მიმართვაში.

აქციების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში” შეიძლება პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და საპარლამენტო არჩევნებში სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად, ბლოკის სახით მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი ახლად დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობისთვის კეთილსინდისიერ ადამიანებს ეძებს. ელისაშვილი ამბობს, რომ მოძრაობის წევრთა რიგებში მიიღებს ყველა მსურველს, ვინც მხოლოდ ორ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს: პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.

ბოლო დღეებში მედია აქტიურად განიხილავს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თემას. ერთ-ერთი ვერსიით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მამუკა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოიაზრებენ. გახარიას ადგილზე შესაძლოა, ალეკო ტაბატაძე ვიხილოთ. მაია ცქიტიშვილს სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია შეცვლის. იზორიას შემცვლელად მედიამ უკვე დაასახელა იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე. რამდენი მინისტრი დაკარგავს პოსტს მამუკა ბახტაძის კაბინეტში, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი.

და ბოლოს, ერთი სასიამოვნო ინფორმაცია, ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველომ იმდენად მოხიბლაა, რომ საცხოვრებლად ჩვენს ქვეყანაში გადმოდის. ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ვან დერ ბელენის შვილმა ფლორიან ვან დერ ბელენმა 2018 წლის მაისში საკუთარი კომპანია დააარსა და ახლა უკვე საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლასაც გეგმავს. „ჩემი ნარატივი საქართველოზე აღვიძებს სიყვარულს ამ ქვეყნის მიმართ პოტენციურ ინვესტორებში და საინვესტიციო შესაძლებლობებს აცნობს მათ. ევროპელებს საქართველო დღემდე ეგზოტიკურ ქვეყანად მიაჩნიათ, თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ რწმუნდებიან, რომ ეს ასე არ არის. საქმიან ადამიანებს საქართველოს ლიბერალურ გარემოსა და შესაძლებლობებზე ვუყვები.“ „როდესაც ავსტრიაში დავბრუნდი, ვერც კი ვიძინებდი. რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. იცით, როგორ ვიყავი?! აი, განსაკუთრებულ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ რომ აცნობიერებ, რომ შეყვარებული ხარ მასზე“ – აცხადებს ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემასთან ინტერვიუში ფლორიანი.

ნელი თორდია
скачать dle 12.0