უფროს თაობას ახსოვს დრო, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდეს საწარმოო სიმძლავრეებს ფლობდა და ლამის ყველა ქუჩაზე ფაბრიკა-ქარხანა გუგუნებდა. მე 20 საუკუნის საქართველოში მანქანათმშენებლობა მოწინავე დარგი იყო: ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, რომელიც სატვირთო ავტომობილებს აწარმოებდა, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, რომელიც მუდმივ ძაბვაზე მომუშავე ელმავლებს აწარმოებდა, ფოთის ჩარხმშენებელი ქარხანა, რომელიც წყალქვეშა ფრთიან კატერებს აწარმოებდა, კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა, რომელიც მაღალი სიზუსტის ჩარხებს აწარმოებდა, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა და რა თქმა უნდა, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა, სადაც 14 000-მდე ადამიანი მუშაობდა და ყოველწლიურად, 100 საბრძოლო თვითმფრინავს ამზადებდა. აღსანიშნავია, რომ ქარხანა, რომელმაც არსებობის მანძილზე, სხვადასხვა ტიპისა და მოდიფიკაციის 8 500 ზე მეტი თვითმფრინავი დაამზადა, სსრკ-ში პირველმა შეძლო რეაქტიულძრავიანი გამანადგურებლების სერიულად გამოშვება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში არსებული ფაბრიკა-ქარხნების უმეტესობა გაჩერდა. 1990-იანი წლების განუკითხაობის პერიოდში საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა და სამრწეველო პოტენციალის შენარჩუნებაზე ფიქრისთვის არავის ეცალა. სამაგიეროდ, ბევრი გამოჩნდა ისეთი, ვინც სახელმწიფოსა და ხალხისთვის წართმეული ქონებით მილიონები იშოვა.

„საერთო გაზეთს“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და მწერალი ვაჟა კაკაბაძე ესაუბრა:


– დავიწყებ იმით, რომ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო გიგანტური ქარხნების მშენებლობა, რაც ორი ფაქტორით იყო განპირობებული: ერთი ის, რომ სოციალისტური წყობა ყველა ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებდა და ამასთან, ლოკალიზების ნაცვლად, წარმოება მთელ ქვეყანაზე იყო გაშლილი, რომ მოკავშირე რესპუბლიკების ერთმანეთზე დამოკიდებული ყოფილიყვნენ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ნედლეული ფაქტობრივად, ყველა რესპუბლიკიდან შემოდიოდა და მზა პროდუქცია ისევ რესპუბლიკების მიხედვით ნაწილდებოდა. იგივე პრინციპით მუშაობდნენ ქუთაისის საავტომობილო და თბილისის საავიაციო ქარხნები. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირში საუკეთესო იყო და უმაღლესი ხარისხის სამხედრო თვითმფრინავებს ამზადებდა. მე ეკონომიურის გარდა, გეოლოგიური ფაკულტეტის მაქვს დამთავრებული და ვიცი, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის მარგანეცი ჭიათურაში იწარმოება. სტუდენტობის პერიოდში, ჭიათურაში პრაქტიკას გავდიოდი. სწორედ ამ პერიოდში ამერიკელები ჩამოვიდნენ და ჩვენებს შესთავაზეს, ყვირილაზე ფილტრებს დავაყენებთ, დარჩენილ მარგანეცს წავიღებთ და მდინარესაც გავასუფთავებთო. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი ამერიკელების შემოსვლას არ დაუშვებდა და ყვირილა დღემდე შავი მოედინება..

— თქვენი აზრით, რატომ ვერ მოვახერხეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიღებული მემკვიდრეობის შენარჩუნება?

– ზოგჯერ, დროშების ფრიალი და ემოციურობა რაციონალურად აზროვნებაში ხელს გვიშლის და იმიტომ. რასაკვირველია, დამოუკიდებლობა უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ შეიძლებოდა, ეკონომიკური სარგებელიც გვენახა. მაგალითად, პოლონელებმა სტალინის ძეგლი კი არ გადააგდეს, გაყიდეს და შემოსავალი მიიღეს. თუ გახსოვთ, რკინიგზის საავადმყოფოს მახლობლად, მიონის ქარხანა მდებარეობდა. ეს იყო გასაიდუმლოებული საწარმო, სადაც სამხედრო დანიშნულების რადიო და ელექტროაღჭურვილობას და მიკროსქემებს ამზადებდნენ. შემდეგ ამ ნაწილებს კოსმოსურ ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებზე ამონტაჟებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, მიონს დროშებით და ტრანსპარანტებით მივადექით და მოვითხოვეთ რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს გაჩერება. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, ქარხნის დირექტორმა გვითხრა, საწარმოში ხალხი მყავს დასაქმებული და რუსები ფულს გვიხდიან. საწარმოს გაჩერება კი არა, რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ ქარხანაო. მაშინ ემოციებმა გვძლია და დღეს ოდესღაც უმნიშვნელოვანესი ქარხნისგან მხოლოდ გაყიდული შენობებია დარჩენილი. ამ პერიოდში გაჩერდა საავიაციო, მეტალურგიული და კიდევ რამდენიმე ქარხანა, მაგრამ საავიაციოს კარგი დირექტორი ჰყავდა და გადარჩა. შრომითი რესურსების შენარჩუნებისა და შემოსავლების მიღების მიზნით, ვაჟა თორდიამ ქვაბების და ტაფების გამოშვება დაიწყო და დღეს თუ ეს ქარხანა მუშაობს, მისი დამსახურებაა.

– როგორც ამბობენ, მღვრიე წყალში თევზი ადვილი დასაჭერია. იმ არეულობით ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა კარგად ისარგებლა და მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე დიდძალი ქონება დააგროვა.


– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაწყდა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონება ხალხის იყო და ხალხზე უნდა განაწილებულიყო, მაგრამ ამ დროს ისეთი დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ქვეყანაც დააზარალეს და ხალხიც. იმ პერიოდში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც ნიკო ორველაშვილთან ერთად, მეც ვიყავი. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ქონების გადანაწილებამდე მომხდარიყო მოსახლეობის აღწერა, თუმცა ჩვენი აზრი არავინ გაითვალისწინა. 1993–1994 წლებში დაახლოებით, 5 მილიონი აქცია-ვაუჩერი დაიბეჭდა, მაგრამ ამ დროისთვის, საქართველოში 5 მილიონი ადამიანი აღარ ცხოვრობდა. ვფიქრობ, მოსახლეობის რიცხობრივი აღწერა შეგნებულად არ მოხდა, ამიტომ როცა ვაუჩერების დარიგება დაიწყო, ვიღაცას ძალიან ბევრი შეხვდა. აქცია-ვაუჩერის საწყისი ანუ ნომინალური ღირებულება 20 დოლარი იყო. მფლობელს შეეძლო თავისი აქცია რომელიმე საწარმოში ჩაედო, მოწილე გამხდარიყო და დივიდენდები მიეღო. იმ დროს მინისტრთა კაბინეტში ვიყავი, 1994 წელს კი უკვე ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობდი და ამ პროცესებმა ჩემს თვალწინ ჩაიარა. მაშინაც და დღესაც ვფიქრობ, რომ იმ დროს მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგება არ შეიძლებოდა, რადგან გაღატაკებული ადამიანი მას საწარმოს განვითარებაში არ ჩადებდა, მაგრამ ჩემი აზრი არავინ გაითვალისწინა. როგორც ვვარაუდობდი, ხალხმა, რომელსაც პურის ფული უჭირდა, ვაუჩერების გაყიდვა დაიწყო. მიდიოდნენ სავალუტო ჯიხურებში და 20 დოლარის ღირებულების ვაუჩერს ხან 25 დოლარად, ხან 20-ად, ბოლოს კი 5 დოლარადაც ყიდდნენ. რა თქმა უნდა, ვიღაცამ ეს ვაუჩერები ხელში ჩაიგდო, მაგრამ წარმოების ამუშავება მაინც ვერ შეძლო. საბჭოთა დირექტორები საბაზრო ეკონომიკისთვის მზად არ იყვნენ. წარმოდგენა არ ჰქონდათ მარკეტინგსა და მენეჯმენტზე და არ იცოდნენ პროდუქციის ბაზარზე გატანა. ამიტომ უმეტესობამ პროდუქციისა და მანქანა-დანადგარების ჯართად გაყიდვა დაიწყო. სახელმწიფო ქონება კაპიკებში გაიყიდა, რადგან საზღვარგარეთ ჯართის ნორმალურ ფასად გაყიდვისთვის საჭიროა ISO-ს სტანდარტების დაცვა — ჯართი ერთნაირ ზომაზე უნდა იყოს დაჭრილი, ჟანგი არ უნდა ჰქონდეს შეპარული, რომ დნობის დროს ფოლადი არ გაფუჭდეს და ა.შ.

– მანქანა-დანადგარების გარდა, ასევე კაპიკებად გაიყიდა ტრამვაი-ტროლეიბუსის პარკი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან დამზადებული ლიანდაგები, თუმცა სახელმწიფო ქონების განიავებისთვის არავინ დასჯილა.


– იცით, ლიანდაგები როგორ გაიყიდა? მივიდოდა ათი კაცი, დაიწყებდა ლიანდაგების აყრას, დაადგებოდა თავზე პოლიცია და იმასაც წილში სვამდნენ. ტროლეიბუსის სპილენძის სადენებს მოხსნიდნენ, შეაგდებდნენ მანქანაზე და მიჰქონდათ. ერთი სიტყვით, სრული განუკითხაობა იყო, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა საშინელ დღეში ჩააგდო. დაახლოებით, 1990 წელს თბილისში გაჩნდა რაღაც საფონდო ბირჟის მსგავსი, მაგრამ სამოქალაქო ომი და კრიმინალების თარეში ამ ტრადიციის გაღრმავების პირობებს არ ქმნიდა. ამ ბირჟის ბაზაზე ჩამოყალიბდა „კავკასიის ბირჟა“, რომლის მფლობელები ამჟამად ქვეყნიდან გაქცეულები არიან. კუპონების პერიოდში „კავკასიის ბირჟამ“ შევარდნაძის მთავრობასთან შეთანხმებით აქციები გამოუშვა და ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ამით მილიონები იშოვა.

– როგორ?


– მარტივი სქემა მოქმედებდა: ადამიანი მიდის ეროვნულ ბანკში, იღებს კუპონებში კრედიტს, მიდის ბირჟაზე და ყიდულობს მაგალითად, 20 დოლარს. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როცა კუპონი ყოველ საათში განიცდის ინფლაციას. ამ 20 დოლარიდან 15 დოლარს იტოვებს და მეორე დღეს 5 დოლარით ზუსტად იმდენ კუპონს ყიდულობს, რამდენიც ბანკიდან გამოიტანა. სესხს უკან აბრუნებს, მოგება რჩება და ისევ კრედიტი გამოაქვს. რასაკვირველია, ამ მაქინაციებში შევარდნაძის ხელისუფლების ხელი ერია. საბოლოოდ, ადამიანთა გარკვეულმა წრემ დიდი ფული იშოვა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი გაღატაკდა.

– როგორც იცით, ხალხისთვის წართმეული ფულით ზოგმა არასათავრობო ორგანიზაცია დააფუძნა, ზოგმა ბანკი გახსნა და ხალხის „გატყავებას“ აგრძელებს. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა წართმეული ფულის სახელმწიფოსთვის დაბრუნება?

– მომხრე ვარ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი აგონ და ფული სახელმწიფოს დაუბრუნდეს, მაგრამ ჩემი აზრით, უკვე დაგვიანებულია.. როგორც ეკონომისტს მგონია, რომ ახლა ამ ხალხის „გაკულაკებით“ ისიც დაინგრევა, რაც გაკეთებული აქვთ და ქვეყანა უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. ჩვენ წარსულის შეცდომებზე ვსაუბრობთ, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება. ყველა ბიზნესმენი ცდილობს, რომ ფული სწრაფად იშოვოს და მომავალზე ორიენტირებული არავინაა. კი ბატონო, აშენდა მეფრინველეობის ფერმა, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავენებელი საწარმო და გაიხსნა რამდენიმე სასტუმრო, მაგრამ ეს ეკონომიკას ჩიხიდან ვერ გამოიყვანს. ბაზარზე რომ გავიდეთ, აქცენტი ინოვაციებზე უნდა გავაკეთოთ. ბაზრის მოთხოვნა ყოველ წუთს იცვლება და რომ დავეწიოთ, ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიას აუკრძალეს სამხედრო ინდუსტრიაში თანხის ჩადება. ამათაც აიღეს და მეცნიერებასა და ეკონომიკაში ჩადეს და იაპონია ზესახელმწიფოდ იქცა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, რადგან იაპონელებზე ნაკლებად ნიჭიერები არ ვართ. ჩვენს მოსწავლეებს ისეთი გამოგონებები აქვთ, რომ ამერიკელებმა ნასას პროგრამაში წაიყვანეს. ამიტომ მგონია, რომ წარსულის შეცდომებზე ტირილს მომავალზე ორიენტირებული საწარმოების აშენება ჯობია და კარგი იქნება, თუ ჩვენი მეწარმეები ამაზე იფიქრებენ…

ნელი თორდია

მეტის ნახვა
9-04-2018, 13:00


2006 წელს საქართველოში სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში სიღარიბის შემცირება გახლდათ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პროგრამა სიღარიბის დაძლევის კი არა, საარჩევნო ხმების მობილიზაციისთვის შეიქმნა, მეორე ნაწილი შეფასების სისტემას უსამართლობაზე საუბრობს, მესამე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ პროგრამა ერის გაზარმაცებას და სახელმწიფო ბიუჯეტის განიავებას იწვევს.

რატომ არის აუცილებელი სოციალური დახმარების არსებული მოდელის შეცვლა, ამაზე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე გვიამბობს:

– დავიწყებ იმით, რომ თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ სოციალური დახმარების პროექტი პოლიტიკური მიზნებისთვის შემოიტანა, რადგან ეს მათთვის ხალხზე მანიპულირების ძლიერი ბერკეტი იყო. იმ დროისთვის, ქვეყანაში დაახლოებით 700 000 პენსიონერი იყო და სოციალურად დაუცველთა რაოდენობას თუ დაამატებდნენ, საარჩევნო ხმები გარანტირებული ჰქონდათ. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სტატუსს ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები იღებდნენ. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. აღმაშენებლის გამზირზე, იტალიურ ეზოში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ოჯახი სამ ბინას ფლობდა. აქედან ორი გაქირავებული ჰქონდათ და თვითონ სარდაფში ცხოვრობდნენ. ასეთ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს, როცა იმავე სახლში მცხოვრებ, ოპოზიციურად განწყობილ და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სტატუსი არ აღირსეს. სოციალური დახმარებები პოლიტიკური მხარდაჭერისთვის დაწესებული საჩუქარი იყო და არავის ანაღვლებდა, რომ ბიუჯეტს, საიდანაც დახმარებები გაიცემა, ხელისუფლების მხარდაჭერი თუ ოპოზიციაში მყოფი ერთნაირად ავსებს. ეს სრული სიმახინჯე იყო და საბედნიეროდ, ასე აღარ ხდება. წარსულის ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც იგივეს ელოდნენ და ასე რომ არ მოხდა, ხელისუფლებას გაუნაწყენდნენ.
– სოციალური დახმარებების თემაზე ხელისუფლებასთან მხოლოდ მხარდამჭერებს კი არა, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებსაც პრეტენზიები აქვთ.
– ხელისუფლების მხარდამჭერი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობის, უსამართლოდ მინიჭებული სტატუსი ყველას უნდა მოეხსნას. ვაღიარებ, რომ ზოგიერთს სტატუსი უსამართლოდ მოუხსნეს, მაგრამ აღუდგინეს ან აღდგენას ელოდებიან. სტატუსის მინიჭება თუ მოხსნა ცალკე თემაა, თუმცა, ამჯერად მინდა თავად პროექტზე გიამბოთ. განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ანალოგიური პროექტები მოქმედებს, ეს დროებითი ღონისძიება გახლავთ. სოციალურად დაუცველის სტატუსს 5, 10 და 15 წლით კი არა, ხანმოკლე ვადით ანიჭებენ და შემდეგ ამ ადამიანის დასაქმებაზე სახელმწიფო ზრუნავს. წარმოიდგინეთ, ძალიან ძლიერი სახელმწიფოებიც კი ბიუჯეტის ყველა კაპიკს უფრთხილდებიან და თანხას ისე არ გასცემენ, რომ უკუგება არ მიიღონ. საქართველოში რა ხდება? 2013 წელს, სოციალური დახმარებების გაზრდას სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრი ზრდა მოჰყვა. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი დახმარების მოხსნის შიშით არ მუშაობს. ამჟამად, თითქმის ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და კიდევ ერთი ამდენი სტატუსს ითხოვს. გამოდის, რომ ნახევარი მილიონი არ მუშაობს იმიტომ, რომ სოციალური დახმარება არ მოეხსნას და კიდევ ნახევარი მილიონი არ მუშაობს იმიტომ, რომ სტატუსი მიიღოს და შესაბამისი განცხადება დაწერილი აქვს.

— თუ სწორად გავიგე, სამუშაო ადგილები არის, მაგრამ ადამიანები მუშაობას თავს სოციალური შემწეობის გამო არიდებენ..

– მე არ ვამბობ, რომ ქვეყანაში გაჭირვება და პრობლემები არ არის, მაგრამ რაღაც ვაკანსიები მაინც არსებობს. სამი წელია, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტი ძირითადად, სოციალურად დაუცველებისთვის დასაქმების ფორუმს ატარებს, სადაც ვაკანსიებს აცხადებენ. საუბარი არ არის მაღალანაზღაურებად სამსახურებზე. ძირითადად, 300-დან 600 ლარამდე, ზოგჯერ კი 700 ლარიანი ვაკანსიებია. ორი წლის წინ, ფორუმზე 9000-მდე ვაკანსია გამოცხადდა, მაგრამ მხოლოდ 540 სამუშაოს მაძიებელი მივიდა და აქედან 112 დასაქმდა. წარმოიდგინეთ, 9000-მდე ვაკანსია იყო და მხოლოდ 112 ადამიანი დასაქმდა. სამწუხაროდ, ამ პროექტმა ხალხი ისე გააზარმაცა, რომ მუშაობის სურვილი აღარ აქვთ. ვიმეორებ, ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრს მუშაობას სახელმწიფოსგან მიღებული გარანტირებული შემოსავალი ურჩევნია. პირადად გადავამოწმე და დავრწმუნდი, რომ სოციალურად დაუცველების ნახევარზე მეტი შეფარულად მუშაობს და მათი შემოსავლები არსად აისახება. მოგეხსენებათ, რომ თუ ანგარიშზე დარიცხვები ექნებათ, შემწეობას დაკარგავენ, ხელზე გაცემულ თანხას კი ვერავინ აკონტროლებს. იცით, რაიონებში რა ხდება? ახალი კრიტერიუმების მიხედვით, თუ ოჯახს ჰექტრობით მიწის ნაკვეთი აქვს, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ეკუთვნის, მაგრამ ბევრმა აქაც გამოსავალი ნახა — ვითომ მიწა გაყიდა, სინამდვილეში ნათესავებზე გადააფორმა და დღემდე სოციალურ დახმარებას იღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უამრავ პროექტს ახორციელებს, ოთხი წელი ხვნა-თესვა საერთოდ უფასო იყო, მაგრამ ასეთებს სურვილი არ აქვთ, რომ მიწა დაამუშაონ და მოსავალი მოიწიონ. ურჩევნიათ, ისევ სახელმწიფოს მიადგნენ, სტატუსი მჭირდება და დამეხმარეო. სახელმწიფო ასეთ მდგომარეობას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ერის დაბერების პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

– იქნებ განგვიმარტოთ, ერის დაბერების პროცესი სოციალური დახმარებების მოცულობასთან რა კავშირშია?

– ერის დაბერება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გაზრდას ნიშნავს, რაც ძალიან კარგია და ჯანდაცვის პროექტების დამსახურება გახლავთ. ერის დაბერება ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოხუცებულთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას რამდენჯერმე აჭარბებს. წარმოიდგინეთ, 60-იანი წლების საქართველოში ბავშვების რაოდენობა 700 000-ით აჭარბებდა მოხუცებულთა რაოდენობას, დღეს კი მოხუცებულთა რაოდენობა ბავშვებისას 120 000-ით აჭარბებს. სულ რაღაც 10–15 წელიწადში ხანდაზმულთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 33% გახდება, რადგან 60-იან წლებში დაბადებული მილიონნახევარი ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს. ერის დაბერებამ ისეთ განვითარებულ ქვეყანასაც კი შეუქმნა პრობლემები, როგორიც იაპონიაა და ბუნებრივია, საქართველოსაც პრობლემებს შეუქმნის. შობადობის კლების ფონზე, ქვეყნიდან გადის მწარმოებელი ფენა, რომელიც პროდუქტს ქმნის და ბიუჯეტში ფული შეაქვს. ამავე დროს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც მოხუცები და ბავშვებიც შესანახი ჰყავს, მილიარდობით ლარი სოციალურ დახმარებებში გაედინება. გამოდის, რომ სახელმწიფო მუდმივად გასცემს და ძალიან ცოტას იღებს, რადგან ქვეყანაში მწარმოებელი ფენა ცოტა დარჩა. ასეთ დარტყმას ვერც ერთი, თუნდაც ძალიან ძლიერი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს და ხერხემალში გადატყდება.

— თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ სოციალური დახმარების დღეს არსებული მოდელი უფრო ეფექტური მოდელით შეიცვალოს?

— ჩემი აზრით, სოციალურად დაუცველის სტატუსის პროექტი მთლიანად მიზნობრივ პროექტებზე უნდა გადაეწყოს. ქვეყანა უდიდესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და ჩვენ კაპიკებს ვეძებთ, რომ მრავალშვილიანებს დავეხმაროთ და შობადობა წავახალისოთ. დაფინანსდა რაღაც ინიციატივები და გარკვეული წინსვლა გვაქვს, მაგრამ მაინც უამრავი პრობლემაა. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა გაიზარდოს საბაზისო პენსია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, სათანადოდ დაფინანსდეს დემოგრაფიული ინიციატივები და ა.შ. ხოლო სოციალური დახმარებები საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავსად, მხოლოდ მოხუცებს და არაქმედითუნარიანებს უნდა დაუტოვონ. მოსახლეობის საპროტესტო ტალღის ყველა ხელისუფლებას ეშინია, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფოს აზიანებს. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად დღეს ან ხვალ უნდა მოხდეს, მაგრამ შეიძლება გარდამავალი ეტაპი მომზადდეს, რომ სახელმწიფომ მოქალაქეს ვაკანსია შესთავაზოს. დასაქმება ნებაყოფლობითი კი არა, სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ყველა ქვეყანაშია.

– სოციალურად დაუცველს სტატუსი დასაქმებისთანავე შეუწყდება?


– დასაქმების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველს სტატუსი და შესაბამისად, შემწეობა რამდენიმე თვე უნარჩუნდება. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, დღეს მოქმედ პროექტს სხვა ნეგატიური მხარეებიც აქვს. შემწეობის მოხსნის შიშით, ხალხს სახლში ტელევიზორი და კომპიუტერი არ ჰქონდა. მსოფლიო ვითარდება და ჩვენთან ბავშვებს ტელევიზორი და კომპიუტერი არ ჰქონდათ ნანახი.

– როგორც ვიცი, 2015 წლიდან ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულების გამოსათვლელად ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა, რომლის მიხედვით, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა ფუფუნებად აღარ ითვლება და სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე გავლენას აღარ ახდენს.

– დიახ, ახლა ტელევიზორისა და კომპიუტერის გამო, სტატუსს აღარ ართმევენ, მაგრამ სხვა პრობლემებს ასე ადვილად არ ეშველება.. ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც შვილებს მაღალი შემოსავალი აქვთ და მშობლები სოციალურად დაუცველის სტატუსს იღებენ და ეს ბიუჯეტიდან ფუჭად გაღებული ფულია. ოფიციალურად, კანონი შვილს მშობლის რჩენას არ ავალდებულებს, მაგრამ თუ ჩვენი მორალი, კულტურა და ტრადიციები იქამდე დავიდა, რომ კანონის მოთხოვნის გარეშე, მშობლის მოვლა აღარ გვინდა, მაშინ ეს ქვეყანა საქართველო აღარ ყოფილა. ამჟამად, ხანდაზმულებისთვის სტატუსის მინიჭების დროს, შვილების შემოსავლები არ აღირიცხება, მაგრამ ჩემი აზრით, ასე არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, სტატუსის მინიჭების დროს მხოლოდ ხანდაზმული მშობლების კი არა, მათი შვილების ქონებრივი მდგომარეობის აღწერაც უნდა მოხდეს.

– ამა თუ იმ მიზეზის გამო, შვილს თუ ხანდაზმული მშობლის რჩენა არ სურს?


– მაშინ მშობელზე და მის სახელზე არსებულ ქონებაზე უარი უნდა თქვას და მე მომხრე ვარ, რომ ეს კანონმდებლობაში ჩაიწეროს. საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ სანამ ეს პროექტი დღევანდელი ფორმით არსებობს, სანამ სახელმწიფო ყოველწლიურად, მილიარდებს ყრის და ამ მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი ზარმაც ადამიანებთან მიდის, როგორი ეკონომიკური წინსვლაც არ უნდა გვქონდეს, სახელმწიფო წინ ვერ წავა და დროა, ამ ვითარების შეცვლაზე ვიფიქროთ.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
3-04-2018, 16:30


საქართველოში საპენსიო დანაზოგი მოსახლეობის უმცირეს ნაწილს აქვს. ოფიციალური სტატისტიკით, კერძო სადაზღვევო კომპანიებში საპენსიო შენატანს 23 077 ადამიანი აკეთებს, 13 484 ადამიანი მოქმედი საპენსიო ხელშეკრულებით. ბოლო 1 წელიწადში პენსიაზე მზრუნველი მოსახლეობის რაოდენობა 1255 -ით არის გაზრდილი. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

 სულ საპენსიო რეზერვი 26.7 მლნ ლარს აღემატება. 12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ახალ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა. 2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

მეტის ნახვა
26-03-2018, 17:30


გაეროს ჯინის ინდექსის (კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი) მიხედვით, სოციალური უთანასწორობის მხრივ, საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ლიდერია და ევროპულ დონეს 2-ჯერ აღემატება. ბოლო მონაცემებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა, რადგან მათ მეტი მდიდარი და ნაკლები ღარიბი მოქალაქე ჰყავთ. საქართველოში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანების შემოსავლები ყველაზე ღარიბის შემოსავლებს 17-18-ჯერ აღემატება. მხოლოდ ფულადი შემოსავლებით კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 28-მდეც კი ავიდეს. შემოსავლების არათანაბარი გადანაწილების გამო, ადამიანების უდიდესი ნაწილი შემოსავლების მხრივ, საშუალო დონესაც ვერ აღწევს. მოსახლეობის 21% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, ყოველი მეხუთე ადამიანი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. რა შიდა თუ გარე ფაქტორებმა გამოიწვია მოსხლეობის მასობრივად გაღატაკება, როგორ ხდება მევახშეობით „ფულის გათეთრება“ და რომელი სახელმწიფო სტრუქტურები არიან ამაში ჩართული? ამ და სხვა თემებზე „საერთო გაზეთს“ „უსამართლობის მსხვერპლთა დაცვის სახალხო კომიტეტის“ ხელმძღვანელი და „სახალხო ტრიბუნების“ პრეზიდენტი მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

– ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ქართველი ხალხის დასახმარებლად, საქართველოში უზარმაზარი ფულის ნაკადები შემოვიდა, თუმცა ადრესატამდე მხოლოდ მცირე ნაწილმა მიაღწია. ისიც ვიცით, რომ ათასნაირი გრანტების სახით, საქართველოში დღესაც დიდი ფული შემოდის, თუმცა, ადგილზე ხდება ამ თანხისთვის მიმართულების შეცვლა და „თითიდან გამოწოვილი თემებით“ მოვაჭრე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მევახშეებს ხმარდება. ასე, რომ ყველაფერს დასავლეთს ვერ დავაბრალებთ..

– უფრო გასაგებად აგვიხსენით, როგორ ხვდება ქართველი ხალხის დახმარებისთვის გამიზნული თანხა მევახშეების ხელში?

- კონკრეტულ მაგალითს გეტყვით… 2008 წელს ამერიკაში იპოთეკური კრიზისის გამო, ორი უდიდესი ბანკის ნაციონალიზაცია მოხდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ადამიანების ხელში დიდი რაოდენობის „შავი ფული“ მოხვდა. ჯერჯერობით, სახელისა და გვარის გამხელისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ კონკრეტული ადამიანისგან მივიღე შეთავაზება, რომ გარკვეული რაოდენობის ფული მევახშეობაში „გამეთეთრებინა“ და მიღებული სარგებელი გაგვენაწილებინა. რა თქმა უნდა, მე მაშინვე უარით ვუპასუხე, მაგრამ ვიღაც სხვა დათანხმდა.. ძალიან ბევრია ბანკებიდან 0,5 პროცენტად გასული ფული, რომელიც უზარმაზარ პროცენტებში სესხდება. მერწმუნეთ, დღეს ქართულ მევახშეობაში მთლიანად აღურიცხავი, „შავი ფული“ ტრილებს, რომლის წარმომავლობა არავინ იცის.

წესით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, საიდან აქვს მევახშეს, რომელსაც 200 სახლი აქვს იპოთეკით დატვირთული, ამხელა თანხა და გაარკვიოს ამ ფულის წარმომავლობა, მაგრამ ამას არ აკეთებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ისევ ფულის გამომგზავნები დაინტერესდებიან, სად მიდის გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად თუ სამუშაო ადგილების შესაქმნელად გამოგზავნილი ფული. საქართველოს მოსახლეობას აქვს შანსი, რომ ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოთხოვოს, რომ საკუთარი ფულის ხარჯვა აკონტროლონ და მკვიდრ მოსახლეობას მიაქციონ ყურადღება. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ამ სიტუაციის გამოყენებას, თუმცა ყველაზე ცუდია, რომ რომ ასეთ გარიგებებში სახელისუფლებო რგოლების ცალკეული წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.

– დაგვიკონკრეტეთ, რომელ რგოლებს გულისხმობთ?

– ალბათ იცით, რომ ქვეყანაში მოქმედებს უამრავი პროგრამა: სოფლის მეურნეობისა თუ მეცხოველეობის განვითარების, დასაქმების და ა.შ. მაგრამ ვერც განვითარებულ სოფლის მეურნეობას ვხედავთ და ვერც დასაქმებულ ადამიანებს. ეს იმიტომ ხდება, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი ფული სხვა მიმართულებით იხარჯება. მაგალითად, ვიღაც ვითომ მეცხვარეს მეცხვარეობის განვითარებისთვის გარკვეული თანხას გადასცემენ, მაგრამ არავითარი ცხვარი და საქონელი... ეს ფული მეცხვარესთან შეთანხმებით, პირდაპირ გაპროცენტებისთვისაა გამიზნული.

ფულის "გასათეთრებლად“, უამრავი სქემაა შემუშავებული. თქვენი აზრით, შემთხვევითია, რომ ზოგიერთი დევნილი სოლიდურ მევახშედ ჩამოყალიბდა და ოჯახის ყველა წევრისთვის ცალ-ცალკე სახლი მიიღო, როცა უამრავ დევნილს ერთი სახლიც არ გაჩნია? განსაკუთრებით საწყენია, რომ ადამიანები, რომლებსაც უსახლკაროდ დარჩენის სიმწარე გამოცდილი აქვთ, დღეს აგრესორის როლში თავად გვევლინებიან და ადამიანებს ქუჩაში ყრიან.

— შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები დაგვისახელოთ?

– რამდენიც გინდათ.. 6 მარტს სოხუმიდან დევნილი მოქალაქე გ-ია ნორიოში მცხოვრებ ოჯახს ასახლებს. სამი წელია, ეს დავა გრძელდება. ნორიოში მცხოვრებ ოჯახს გ-იასგან 12 000 დოლარი ჰქონდა ნასესხები. ოჯახმა მევახშეს 4 000 დოლარამდე პროცენტების სახით გადაუხადა და თხოვა, ერთად ვერ მოგცემ და ნაწილ ნაწილ, 3000 დოლარობით დაგიფარავო. მევახშე არაფრით დათანხმდა და დღეს 12 000 დოლარის სანაცვლოდ, 35 000 დოლარს ითხოვს. მსესხებელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ გამუდმებით თავის მოკვლაზე ფიქრობს და ახლობლები მარტო არ ტოვებენ. აი, ამას აკეთებს დევნილი, რომელმაც მშვენივრად იცის, რა არის უსახლკაროდ დარჩენა .. მეორე დევნილმა მევახშემ ხ-ძემ გორში მცხოვრებ ოჯხს 5000 დოლარი ასესხა და სანაცვლოდ, 25 000 მოითხოვა. რომელი ერთი დაგისახელოთ?  ბევრი დევნილი ვიცი, დაუნდობელ მევახშედ რომ ჩამოყალიბდა და ათობით ოჯახი გამოასახლა.

ვაცნობიერებ, რომ ყელამდე ჭაობში ვართ ჩაფლული, მაგრამ ვერ ვხვდები, როდის გავხდით ასეთი კაციჭამიები? ეს ხომ არც დასავლეთის ბრალია, არც აღმოსავლეთის, არც ხელისუფლების და არავისი ჩვენს გარდა? ასეთი მევახშეები ხალხის დასანახად, ეკლესიაში ლოცულობენ და მერე წვრილშვილიან ოჯახებს ქუჩაში მიერეკებიან. მაინტერესებს, სანთლით ხელში რომ დგანან, რას ფიქრობენ და რას ინანიებენ? იმდენ და ისეთ საშინელებას ვხედავ, რომ შეიძლება თავი ვეღარ შევიკავო და აღდგომა დღეს სვეტიცხოველში მეგაფონით ვიყვირო, ფარისევლებო გაეთრიეთ გარეთ თქო.

ათწლეულებია გრძელდება და უკვე შევეგუეთ, რომ დედები, ცოლები და დები უცხოეთში მოახლეებად გავუშვით, რომ ქმრებმა ახალი აიფონები დიჭირონ, ახალ მანქანებში ჩასხდნენ, ახალი საყვარლები გაიჩინონ და სუფრასთან საქართველოზე და ქართველობაზე რიხიანად ილაპარაკონ. ამიტომ მარტო გარე მტერს ნუ ვეძებთ, ცოტა საკუთარ თავსაც მოვკითხოთ რა არის ჩვენთვის ქართველობა, ჩვენი გენეტიკური კოდი და ჩვენი მორალი?

— თუ საქართველოში მევახშეობა ყვავის და ამ საქმეში სამთავრობო თუ არსამთავრობო სტრუქტურები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვიღაცისთვის მასიური უმუშევრობა და გაღატაკებული ოჯახები მომგებიანიც კია, რადგან ეკონომიურად წელგამართულ ადამიანს არც ბანკის და არც მევახშეების ფული არ ჭირდება..

– დიახ, ასეა. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ყველანაირი ღორის და ქათმის გრიპი ხელოვნური იყო და ვიღაცის ინტერესებში შედიოდა. გლეხს ქათმები და ღორები გაუწყვიტეს, რომ ბრაზილიიდან შემოტანილი ბარკლები ძვირად გაეყიდათ. მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, ფაროსანაც რომელიღაც ბოროტი ძალის მიერ არის შემოყვანილი. ცხადია, დასავლეთ საქართველოს ძალიან გაუჭირდა, იმიტომ, რომ ბევრ რაიონში თხილი ერთადერთი შემოსავალი იყო. დღეს თხილზე დამოკიდებული ხალხი ფაქტობრივად, გაკოტრდა. მოგეხსენებათ, ფშავ-ხევსურეთი, მთა თუშეთი და საქართველოს უამრავი რეგიონი მოსხლეობისგან დაცლილია. ამ ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნებისმიერ სხვა რაიონზე მეტად არის შემორჩენილი მოსახლეობა. თუ ასე გაგრძელდა, ეს რეგიონიც დაიცლება მოსახლეობისგან.

— თბილისში გახშირებულ ხანძრები, ბაზრობების და სავაჭრო ცენტრების გადაწვაც ხელოვნურია?

– სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნესი წესების გარეშე ვითარდება. მახსოვს რამდენიმე თვის წინ ბოლოს დამწვარი ბაზრობა „თერგის“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ მითხრა, დირექტორს ბაზრობის გაყიდვა უნდა და თავიდან რომ მოგვიცილოს, ყოველ თვე გადასახადს გვიზრდისო. ბუნებრივია, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მგონია, რომ ეს ხანძრები ბაზრობების მესაკუთრეთა ხელშეწყობით მოხდა. ასეთ ვაიბიზნესმენებს მინდა ვუთხრა, რომ ბოროტებაზე აგებულ ბიზნესს დიდი დრო არ უწერია. 1988 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში პირველი ლიცენზირებული აფთიაქი მე გავხსენი და ამ სფეროში მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ შინაგანმა მორალმა საშუალება არ მომცა, რომ წარმატებული ბიზნესი ადამიანების ძარცვის ხარჯზე მეკეთებინა. სამწუხაროდ, ჩვენს ბიზნესმენებს „სუფთა ბიზნესით“ და ხელისუფლებასთან გარიგების გარეშე ფული არც ერთ სფეროში არ უშოვიათ და ამას ნებისმიერ მათგანს დავუმტკიცებ. ქართველ ბიზნესმენებზე გულაცრუებული დღემდე, პროდუქტის შესაძენად დიდ მარკეტებში არ შევდივარ.

უცხოეთიდან შემოტანილ, ლამაზად შეფუთულ გენმოდიფიცირებულ შხამს მირჩევნია, ქართველი გლეხის წარმოებული, ნატურალური პროდუქცია ვიყიდო. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ამიტომ გეზი პროდუქციის რაოდენობაზე კი არა, ხარისხზე უნდა გავაკეთოთ. ქვეყანაში ყოველწლიურად, სულ უფრო ცოტა ქართველი რჩება, მილევადი ერების რიცხვში ვართ და იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, საკუთარი სიხარბისა და გაუმაძღრობის გამო, მოწამლულ პროდუქტს ვაჭმევთ, სახლებიდან ვყრით და ქონებას ვუწვავთ ერთმანეთს. ამ დღეებში, ოფისში ერთი იპოთეკარი გვესტუმრა, რომელმაც მევალე გამოსახლებისთვის ვერ გაიმეტა და აღმასრულებელს თხოვა, ცოტა დროს კიდევ მივცემ, იქნებ ფული იშოვოსო. აღმასრულებელმა იცით რა უპასუხა? მარტო მე ათასობით გამოსახლება მაქვს ჩანიშნული და ახლა თუ არ გამოასახლე, არ ვიცი, მომდევნო პროცესი როდის ჩაინიშნებაო. ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში ვართ და პარლამენტი კიდევ აჭიანურებს ჩვენი ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტის განხილვას, სადაც ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელიდან გამოსახლების აკრძალვაზეა საუბარი.

– როგორც ვიცი, ხელისუფლებამ თქვენი ინიციატივა მოიწონა.

– ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებაში ამ კანონპროექტის მომხრეები არ არიან, მაგრამ მათ ის ხალხი უპირისპირდება, ვინც მევახშეობითაა დაკავებული. კანონპროექტის განხოლვა კი არა, რამდენიმე დღის წინ, პაპაშვილმა საპოლიციო გამოსახლების დაბრუნება მოითხოვა. ან საპოლიციო გამოსახლება დააბრუნეთ ან ჩვენ შევიმუშავებთ რაღაც ახალსო. საინტერესოა, ზონდერ-ჯგუფების შექმნას ხომ არ გეგმავენ?

საზოგადოებაში გაცხოველებული კამთი მიდის რუსეთია ჩვენი მეგობრი თუ დასავლეთი. მე კი ვიტყოდი, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არიან და ყველა ქვეყანას თავისი სტრატეგიული ინტერესი ამოძრავებს. ამიტომ საკუთარი ქვეყნის მეგობრები და მხარდამჭერები თავად უნდა ვიყოთ და საკუთარ სიხარბეს და გაუმაძღრობას ქვეყანა არ გადავაყოლოთ...

ნელი თორდია

მეტის ნახვა
12-03-2018, 16:00


"საყდრისის კომიტეტი" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს.„2018 წლის 6 მარტს ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ იჯარით გადასაცემად ელექტრონულ აუქციონზე წარადგინა 162868.00 კვ.მ. (16.2 ჰექტარი) მიწის ფართობი (საკადასტრო კოდი 82.12.45.415, დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიდი დმანისი). აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია "არემჯი გოლდი" სამთო სამუშაოებს აწარმოებს, რაც ცხადყოფს რომ აუქციონს მხოლოდ ერთი მონაწილე ეყოლება. ჩვენს ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს მიმართა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გადაცემა მოითხოვა, რასაც სასწრაფო წესით, 2018 წლის 26 იანვარს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსით დარეგისტრირება და აუქციონზე გამოტანა მოჰყვა. საყურადღებოა ასევე აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის იჯარის დაბალი ღირებულება - მხოლოდ 15000 ლარი.

ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს კიდევ ერთი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 82.12.45.380), რომლის პრივატიზებას "არემჯი გოლდი" ასევე სთხოვდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თუმცა იანვარში სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობამ უარი განაცხადა ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემაზე იმ მიზეზით, რომ "სოფლის არსებობის ძირითადი საშუალება მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა. სოფელს ისედაც მცირე საძოვრები და ასევე მცირე ტყის მასივი აქვს, ამიტომ რაიმე მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია, სოფლის მოსახლეობის მძიმე საარსებო პირობებს კიდევ უფრო უფრო გააუარესებს.“ (სოფ. დიდი დმანისის საერთო კრების ოქმი, 11.01.2018 წ.).
16.2 ჰექტარი მიწის ფართობის აუქციონზე გატანას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ "ტერიტორიით ფაქტობრივად არ სარგებლობენ დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი, რადგან აღნიშნული ნაკვეთის მიმდებარედ შპს „არემჯი გოლდი“ აწარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს და ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია სპეციალური საშვის გარეშე.“ (დმანისის მერის, გიორგი ტატუნაშვილის წერილი 22.02.2018/N07-782).

აღსანიშნავია, რომ დმანისის მერის ეს წერილიც ფაქტობრივად ადასტურებს აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილის - „არემჯი გოლდის“ არსებობას.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთზე კომპანია ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებას გეგმავს, სადაც მანამდე კომპანიის მხრიდან უკანონო სამუშაოების არაერთი ფაქტი გამოვლინდა („არემჯი გოლდზე“ გაცემული გარემოზე ზემოქმედების N000056 ნებართვით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვით სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გეგმიერი შემოწმება-დასკვნა, გვ. 36. გარემოს დაცვის სამინიტრო 29.12.2015-15.03.2016წწ).

ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "არემჯი გოლდი“ უახლოეს პერიოდში კვლავ აპირებს დამატებით, დაახლოებით 17 ჰექტარი მიწის ფართობის იჯარით აღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც:

  • უახლოესი კვლევის თანახმად ("მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა", 2017 წ.) "არემჯი გოლდის" მიერ საყდრისის საბადოზე საქმიანობის შედეგად ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებამ საგანგაშო ნიშნულს გადააჭარბა (ტყვია, კადმიუიმი) და საეჭვოდ გახშირდა ონკოლოგიური და სხვა ტიპის დაავადებები ადგილობრივ მოსახლეობაში;
  • კომპანიას არ შეუსრულებია არცერთი ნაკისრი ვალდებულება და დღემდე არ ანაზღაურებს მისი საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებულ ზიანს (2013 წ. - 29 153 880 ლარი, 2014 წ. – 1 078 188 ლარი, 2016 წ. - გარემოზე მიყენებული ზიანი დაუზუსტებელი ინფორმაციით მილიარდ ლარს აჭარბებს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო დათვლას დღემდე „ვერ ახერხებს“);
  • ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდა კომპანიას.
  • აქედან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია „არემჯი გოლდზე“ დამატებითი ტერიტორიების იჯარით გადაცემა, რადგან კომპანიის საქმიანობის თუნდაც ერთი ჰექტრით გაფართოება ნიშნავს დაბინძურების ახალი წყაროს გაჩენას და კიდევ უფრო მეტ დაავადებულ ადამიანს.

მივმართავთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აუქციონიდან მოხსნას ან უარეს შემთხვევაში შეაჩეროს 16.2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა.

ამასთან, „საყდრისის კომიტეტი“ მოვუწოდებთ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ აღნიშნული პრობლემების მიმართ და აქტიურად ჩაერთონ პროცესებში" - აღნიშნულია "საყდრისის კომიტეტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
newposts.ge


მეტის ნახვა
12-03-2018, 13:30


საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, პიარის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დანახარჯებზე საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციას ნულები შეეშალა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნულები შეეშალა. მაგალითად, შარშან 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარაქტივობისთვის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხებოდა. რაც შეეხება ამ მიმართულებას, არიან თანამშრომლები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და ხელფასები ეძლევათ“, - განაცხადა სერგეენკომ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა.


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 3 მარტს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა."საკვლევ პერიოდში, რომელიც 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით მონაკვეთს და
121 საჯარო უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას მოიცავს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ ჯამურად 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 423-დან 643-მდე გაიზარდა. ამ მონაცემებში არ არის ასახული მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემები, რადგან მან ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა.
2016 საარჩევნო წელს როგორც თანამშრომელთა, ისე საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ პიკს მიაღწია"- აცხაებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში".

მეტის ნახვა
3-03-2018, 18:00


გვესაუბრება ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე:

– ბატონო ვაჟა, ფინანსთა სამინისტრომ მცირე მეწარმეებისთვის ახალი რეგულაციები დააწესა. რა სიკეთეს მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას და რამდენად საკმარისია საგადასახადო რეფორმის ეს ინიციატივა?

– ეს, უდაოდ, წინგადადგმული ნაბიჯია, ცვლილებები ეკონომიკას დადებითად წაადგება. თავისთავად, ცხადია, ბიზნესგარემო სისტემურ, პერმანენტულ გაუმჯობესებას მოითხოვს მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის ეკონომიკა არასახარბიელოა, ხოლო ბიზნესი, მაინცდამაინც, ვერ იძლევა შედეგს. ხელისუფლების დადებითი მხარეა, რომ ბიზნესის ინტერესებიდან გამოდის, კარგი გაგებით მისი ლობისტია. პრემიერის ხედვები უფრო ლიბერალური, ცენტრისტულია, ვიდრე მემარცხენული, იგი ბიზნესის მხარდამჭერია, რაც ჩანს დაწყებული მოგების გადასახადის რეფორმიდან, ესტონური მოდელის დამკვიდრებიდან, დამთავრებული ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, რაც ბიზნესის წახალისების, მასში მეტი თანხის დატოვებისკენ, მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. თუ გვინდა ერთ ადგილას გაჩერებული მდგომარეობიდან ეკონომიკა დაიძრას, რათა მოიხსნას ფანფარონული დემოკრატია, სწორედ, რეალური მხარდაჭერაა საჭირო.

– თუმცა, საგადასახადო პოლიტიკაში ბევრი ხარვეზია. თუნდაც ნონსენსია ის, რომ საარსებო მინიმუმი ისევე იბეგრება როგორც მაგალითად, 500 ათასი ლარი. 

– ამ საკითხზე დაფიქრება აუცილებელია, მაგრამ საგადასახადო ველის დიფერენცირება, პრაქტიკულად, ძნელია. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ მას ეკონომიკის აღმავლობა არ მოჰყვება-ხოლმე. მდიდრები რომლებსაც უფრო მეტად ბეგრავენ, მეზობელ სახელმწიფოებში – იქ გარბიან, სადაც, ამ თვალსაზრისით, უკეთესი მდგომარეობაა. საქართველოდან საკმაოდ დიდი კაპიტალის გადინება ხდება. ქართველი მილიონერების, მათი კომპანიების და ბიზნესების კაპიტალი ოფშორულ ზონაში გადის. ფაქტობრივად, მთელი ქართული ეკონომიკა ოფშორულ ზონაშია გატანილი. ეს, თავისთავად, იმის მაუწყებელია, რომ ბიზნესი ცდილობს მემარცხენული ხედვების მქონე ქვეყნებს გვერდი აუაროს, თავი დაიცვას და იქ, სარგებელი ნახოს. მემარცხენულ პოზიციებზე გადასვლამ ისეთ ქვეყანასაც კი არ მოუტანა შედეგი როგორიც საფრანგეთია, საიდანაც კაპიტალი ინტენსიურად გავიდა მას შემდეგ, რაც დაბეგრეს. მოგეხსენებათ, ამის გამო, ჟერარ დეპარდიე რუსეთში გაიქცა, ახლა, ალჟირში გადაბარგდა. იგი ექსცენტრიული პიროვნებაა, მაგრამ უშუალოდ ტენდენციის გამომხატველია. ამიტომ, ასეთი მიდგომა, ერთი შეხედვით, ეფექტურია, მაგრამ შეიძლება საპირისპირო შედეგი მოიტანოს. კარგად მესმის, `აუდიტორია 115-ის~ სტუდენტების პროტესტის პათოსი, რასაც ვიზიარებ. ჩვენი დასაქმებულები მართლაც დაუცველნი არიან. დაბალი ფენები, საერთოდ, უუფლებო მდგომარეობაშია, შრომის კოდექსის ნორმების გამკაცრება და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სანქციები კიდევ უფრო დაამძიმებს დაბალი სოციალური ფენების მდგომარეობას. აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა, რათა ქვეყანაში დოვლათი შეიქმნას. როცა ეს მოხდება, მერე, თანდათან, განაწილების სისტემის დახვეწაზე, სოციალური სამართლიანობის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ. 

– ევროპელები 3 ათას ევროდ თავიდან გვიცილებენ. ასე მიგვიღებენ ევროკავშირში? რა როლი აქვს ამ ყველაფერში რუსეთს?

– ქართველ ხალხს ცივილიზაციის ყველაზე მოწინავე გამოვლინებებისკენ აქვს მიდრეკილება. ამიტომ უნდა მას ევროპა, ოღონდ უზრუნველყოფილი სოციალური პირობებით და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებით. ვინც ამ სტერეოტიპს არ ემთხვევა, პრო-რუსად ცხადდება, ეს სიბრიყვეა. გამოსამშვიდობებელ საღამოზე კელიმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და გვითხრა: ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით საჭიროა მკაფიო ნარატივი. თუ ეს არ გექნებათ, ამ ნარატივს, განვითარების გეზს სხვები დაგიწერენო. მან, რუსეთი იგულისხმა. დავუშვათ, ეს ასეა, მაგრამ იქნებ ელჩს კარგად გაეაზრებინა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის – ტრამპის ნარატივი, რომელიც მეორე წელია ხელისუფლებაშია, მაგრამ პოლიტიკური კლასის და მისი ნარატივი ცოტათი თუ მიუახლოვდა ერთმანეთს. ჩვენგან კი მკაფიო ნარატივს ითხოვს. თავად აშშ-ს მოსახლეობა ვერ გარკვეულა რუსული ფაქტორი საზოგადოების პრობლემების გადაფარვაა თუ რეალურად არსებობს. თუ სოციალური ქსელების მეშვეობით რუსეთს შეუძლია აშშ-ში არჩევნებზე მოახდინოს ზეგავლენა, მაშინ ცივილიზებული სამყარო კატასტროფის წინაშე დგას. 

ჩვენ, დიდი გაჭირვებაგამოვლილი ერი ვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ გიორგი ბრწყინვალეს დროიდან მოყოლებული, ამ ქვეყანას, სრულფასოვანი ერთიანი სახელმწიფოებრიობა არ ჰქონია. როცა შენ დამპყრობელის, კოლონიის პირობებში გიხდება თავის გადარჩენა, სხვა მენტალობა გიყალიბდება. სახელმწიფო მოხელესა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის სხვა სტილია, რაც აგებულია ცბიერებაზე, მოტყუებაზე, პარვაზე. მერე იყო კომუნისტური საბჭოთა ექსპერიმენტი, რომელმაც ადამიანური ბუნება თავდაყირა დააყენა. შემდეგ, მრავალი ბრძოლის შედეგად დამოუკიდებლობა მივიღეთ, რისთვისაც მზად არ აღმოვჩნდით.
იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების უმეტესობა კრიმინალური მენტალიტეტის არის და პარვა კეთილდღეობის ამაღლების ერთადერთი საშუალებაა, ბუნებრივია, შედეგის მომტანი არ იქნება თუნდაც, ნახევარი საქართველო ციხეში გამოკეტო. ეს ხედვა დამარცხდა. ახლა, შედარებით ლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგის პირობებში, წინა პლანზე წამოვიდა დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ხარვეზი. ხედავთ, რა ნეგატივი ახლავს აშშ-ში განვითარებულ დემოკრატიას. იქ, ადამიანები ამბობენ: იარაღის ქონა არის ჩვენი უფლება, ფსიქიურად გაუწონასწორებლები ყიდულობენ მას, რასაც მერე მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოსდევს. არადა, უმარტივესია იარაღის თავისუფალი გაყიდვა აკრძალო. ამხელა ისტორიული რაკურსი წარმოვადგინე, რათა ამეხსნა, რატომ არის ჩვენთან კრიმინალური აზროვნების მენტალიტეტის ადამიანი. თუმცა, კრიმინალი აქ არც მეტია, არც ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ დონეზე, რომ ევროპაში თავი ღირსეული შრომით დავიმკვიდროთ. ქართველს აქვს შეგონება, რომ კარგად უნდა ცხოვრობდეს. ასე იყო საბჭოთა პერიოდში. მაგრამ მაშინ იმპერია ამას რომ უშვებდა, ეს გარკვეული ხარკი იყო საიმისოდ, რომ შენ, რომელიც ამბოხდი, 1918–21წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადე, მერე, 1924-ში აჯანყდი, მერე, ინტელიგენცია ვერ დაიმორჩილე, მერე, 1956-ში გააპროტესტე ამან ანტი-ქართული ხასიათი რომ მიიღო, ოღონდ გაჩერდი და მე, თვალებს დავხუჭავ. ხელისუფლება თვალს ხუჭავდა კორუფციაზე, მექრთამეობაზე. ეს არის გარკვეული ხარკი, რომელსაც შენ მეტროპოლია გიხდის, რათა მას დაემორჩილო. მაგრამ ევროპელები ასე არ ფიქრობენ. ისინი თვლიან: შენ გეძლევა შანსი საქართველოში ასეთი კეთილდღეობა თავად შექმნა. ახლა, შეიძლება ისეთი რამ ვთქვა, რისაც ჩემს გარდა არავის სჯერა, მაგრამ საქართველოში ცხოვრება 30–40 წელიწადში პრესტიჟული იქნება, თუმცა ვინც დღეს ქვეყნიდან გადის, ვერ გაამტყუნებ. რეალურად, ჩვენ, საქართველოში ცხოვრება პრესტიჟულად უნდა ვაქციოთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია ისეთი ქვეყანა გვქონდეს, როგორიც შვეიცარიაა. ეს არ არის ზღაპარი. ჩვენი ქვეყანა მარგალიტია, ეს რუსმაც იცის, აზერბაიჯანელმაც, სომეხმაც, ყაზახმაც, თურქმაც, ოსმალომაც. ამ ბაღნარს ამ ბაღნარს მოვლა უნდა, ყველა თუ ევროპაში გაიქცა, ასე არაფერი გამოვა.

– მოდით, ეკონომიკურ მხარეზეც ვისაუბროთ. ვალდებულებები, რასაც ევროკავშირი გვიწესებს გაწევრიანებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მიუღწევადია. ამ მაღალმა სტანდარტებმა, შეიძლება, ჩვენი ეკონომიკა მთლიანად შეიწიროს. 

– ეს გლობალური თემაა. ევროპა, თითქოს, ჩვენი მოქალაქეებისთვის აღთქმულ ქვეყნად აღიქმება, სადაც შეხვალ და ყველაფერი ია-ვარდით იქნება მოფენილი, კეთილდღეობა ევროპულ სტანდარტებს გაუთანასწორდება, სოციალური დაცულობის ხარისხი იქნება მაღალი და ა.შ. არა, ასე არ იქნება. ჩვენ არაფერს გვეუბნებიან იმ პრობლემებზე, რაც ევროკავშირთან ადაპტაციის პროცესში აქვს რუმინეთს, ბულგარეთს, ბალტიისპირეთს, პოლონეთს. ამაზე ჩვენთან არავინ არაფერი იცის. რუმინეთში ცხოვრების დონე, როცა იგი ევროკავშირის წევრი გახდა, იმაზე მაღალი არ ყოფილა, ვიდრე საქართველოშია. დღესაც, რუმინეთს უამრავი პრობლემა აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ავსტრიაში, საფრანგეთში და რუმინეთში ერთიდაიგივე სოციალური დაცულობა და პრობლემებია, მაგრამ მათ აქვთ მიზანი და ორიენტირი – საით მიდიან, ასევე, შესაძლებლობა თავი გამოიჩინონ. თუმცა, პრობლემებიც საკმაოდ შეექმნათ – მათი წარმოებების დიდი უმეტესობა დაიხურა, ხალხი უმუშევარი დარჩა. ევროპაში იყო პოლონელი ელექტრიკოსოს და სანტექნიკოსის სინდრომი. ისინი მთელს ევროპას მოედვნენ, ასევე, რუმინელებმა, ბულგარელებმა, ხორვატიელებმა დაბალფასიანი, ნაკლებადპრესტიჟული შრომის ბაზარი აითვისეს. ეს პრობლემა არის. მთავარია, ჩვენ, ამ პრობლემების დაძლევაში თანმიმდევრულნი ვიყოთ. ის რომ დასავლური ინვესტიციები ქვეყანაში არ არის, ამას თავის ახსნა აქვს – მეტისმეტად რისკიანი გარემოა. იგივე, როცა საუბარია დიპლომატიური გზებით აქტიურობაზე – 25 წელი საკმარისი დროა იმისთვის, როგორმე რომელიმე მსოფლიო ბრენდის ფილიალის საქართველოში ამოქმედება შევძლოთ. არცერთი სერიოზული წარმოება საქართველოში არ არის. რატომ გამართავენ აქ მსოფლიო ბრენდები წარმოებას, როცა ჩვენზე იაფი მუშახელია ჩინეთში, ინდოეთში. ვამბობთ, მაღალი კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ ევროკავშირში რომ შევიდეთო. მთლად ასეც არ არის. თუ ევროკავშირს და ნატოს დასჭირდება, ძალიან სწრაფად გაგვაწევრიანებენ, თუ მათი ინტერესების სფეროში მოვხვდით, უმალ მიგვიღებენ. მუშაობაა საჭირო. 

– ბატონო ვაჟა, კიდევ ერთ საკითხზე მინდა მკითხველის ყურადღება მივიქციოთ. ბანკების დიდი ნაწილი, რომლებიც მოსახლეობას ტყავს აძრობენ, ევროკავშირის ქვეყნებიდანაა. ქვეყნიდან გასულთა დიდი ნაწილი ხომ სწორედ ამ ბანკების მიერ არის გაკოტრებული. ევროკავშირს არ შეუძლია, ამ მიმართულებით, გარკვეული რეგულაციების დაწესება?


– ესეც მთავრობის პრობლემა, თავსატეხია. კრედიტებზე მაღალი პროცენტები ნიშნავს, რომ ბანკებში კონკურენტული გარემო არ არის. ცხადია, ბანკები საქართველოში ყოვლისშემძლეები არიან. მათ უკან ვინ დგას, ჯერჯერობით, კიდევ არ ვიცით. მათი საკონტროლო პაკეტი გაედინება და ოფშორებში იკარგება. მაგალითად, არავინ იცის ვინ დგას `საქართველოს ბანკის~ უკან. აქედან გამომდინარე, ვერ გადაწყდა არაპროფილური აქტივებისგან ბანკების გამიჯვნა. მთელი საქართველოს ეკონომიკა ბანკების საკუთრებაა. "საქართველოს ბანკი" ლამისაა მთელ საქართველოს ფლობს. როცა თქვეს ბანკებს არაპროფილური აქტივები უნდა გამოეყოსო, "საქართველოს ბანკმა" საინვესტიციო ორგანიზაცია "ბი-ჯი-ე-ო" შექმნა, ვითომ გამიჯნა, მაგრამ მან ("ბი-ჯი-ე-ომ") საქართველოს ბანკის კონტროლქვეშ მყოფი ყველა ბიზნესი გააერთიანა. ვთქვათ, გინდათ ღვინის წარმოება ააწყოთ და "საქართველოს ბანკში" მიდიხართ, ამ დროს, იგი, ღვინის კონკრეტულ კომპანიას აფინანსებს, რომლის კონკურენტს თქვენ გინდათ რომ კონკურენცია შეუქმნათ. ამიტომ, მას ამ სფეროში ინტერესი აქვს და, რა თქმა უნდა, სესხს არ გაძლევთ. არადა, სხვასთან ვერ მიხვალ. ფაქტობრივად, საბანკო სფეროში ოლიგოპოლიაა.

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა აუცილებელია, რათა ამით არამარტო ტურიზმი, არამედ სხვა სფეროც უზრუნველვყოთ. რისი წარმოებაც აქ შეგვიძლია, უეჭველად, უცხოური პროდუქცია ადგილობრივით უნდა ჩავანაცვლო თ. ამ მხრივ, მთავრობას გეზი აქვს, ერთ-ერთი მიმართულებაა "აწარმოე საქართველოში", მაგრამ ამის შედეგები საზოგადოებამ არ იცის. ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლებაზე დაუსრულებელი დავებია. საქართველოში ძალიან ცოტაა ბიზნესმენი, რომელსაც წარმოების აწყობა შეუძლია. ჯერ აქ, უნდა იყოს პრესტიჟული ადგილობრივი წარმოება და მერე გავიტანოთ. მაგალითად, არსებობს ფირმა, რომელიც ამერიკული ბაზრისთვის სულგუნს აწარმოებს. გეზი, სლოგანი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის ამ ხელისუფლებას აქვს, რაღაც კიდეც კეთდება, მაგრამ ეს არასაკმარისია.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
2-03-2018, 14:00


„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახვლედიანის ქუჩაზე განაცხადა, სადაც კაფეებისა და ბარების ფასადებზე დარღვევით განთავსებულ წარწერებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი მითითება მისცა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ მიმართულებით, მუშაობა საკანონმდებლო დონეზე გაგრძელდება.

„ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს, დედაქალაქში ვაწყდებით. ამას წინასაარჩევნოდაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და მკაცრი ვიქნებით. დღესვე დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, ყველა მესაკუთრეს მისცენ გონივრული ვადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ცვლილებები განხორციელდეს. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით და ვერჩით - ყველას აქვს უფლება და საშუალება, ქვეყანაში ჩამოვიდეს, ბიზნესი აწარმოოს, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციებია საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით - პარლამენტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონი დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ობიექტი დაჯარიმდება. მისი თქმით, საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, ცვლილებები იგეგმება.

თბილისის მერთან ერთად, ახვლედიანის ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი იმყოფებოდა.

მეტის ნახვა
26-02-2018, 12:30


გვესაუბრება "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე:

– ხშირად ისმის მოსაზრება: უნდა გავცვალოთ თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ნატოს წევრობაზე. რამდენად ადეკვატურია ასეთი მიდგომა?

– ეს სრულიად არაადეკვატური მიდგომაა. აქ, გასაცვლელი არაფერი არ არის. თეორიულად ვამბობ, ეს გეგმა რომც განხორციელდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი – ჩვენი ძირძველი მოსახლეობაც და მიწებიც მივატოვეთ ან დავივიწყეთ. არავითარ შემთხვევაში! ამიტომ, პირველი ტყუილი რაც საქართველოს მასმედიაში ისმის, ეს არის მსჯელობა იმაზე უნდა გავცვალოთ თუ არა ჩვენი ტერიტორიები ნატოს წევრობაზე? ამას არც არავინ გვეუბნება. ნატოში ამ საკითხს არავინ იხილავს. როცა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლუკკოფი ამბობს როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ. ამაზე, მინდა გითხრათ: ამ ორგანიზაციას არანაირი წონა და გავლენა ამერიკის და არც ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებზე, არ აქვს. ეს მისი აზრია. წარმოიდგინეთ, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვას: მოდით, პეტრე მამრაძეს ნობელის პრემია მივცეთ. აქ, კი ატყდეს დისკუსია – დავთანხმდე თუ არა ამ პრემიას. ვინმე გაძლევს პრემიას?! 

– თქვენ ახსენეთ, ნატო მაპსაც კი არ გვაძლევს იმიტომ, რომ საქართველოს უფრთხილდებაო. თუ, დავუშვათ, გაცხადდება, რომ მაპს გვაძლევენ, რომელიც თავდაცვის არანაირი გარანტია არ არის, რა საფრთხის შემცველია ყოველივე?

– ყირიმის ანექსიამ პუტინის რეიტინგი 90-ზე მეტ პროცენტზე აიყვანა, ახლა, უკვე ასე დიდი აღარ არის. ეჭვი არავის ეპარება, რომ იგი არჩევნებში გაიმარჯვებს. დავუშვათ, დაფიქსირდა პროცენტული კლების ტენდენცია. დავიწყოთ იმით, რომ პუტინის ადმინისტრაციას გამზადებული აქვს ყველა დოკუმენტი იმისათვის, რომ სამხრეთ-ოსეთი ჩრდილო-ოსეთს შეუერთონ. როგორც კი პიარისთვის დასჭირდებათ, ამ ქაღალდს ამოიღებენ და მაგიდაზე დაუდებენ, რუსეთის კონსტიტუცია იმ დღესვე შეიცვლება, როგორც ყირიმთან დაკავშირებით შეიცვალა და მოხდება, როგორც თავად ამბობენ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა – შეიქმნება ერთიანი ოსური სახელმწიფო. მაშინ რეიტინგი ისევ აიწევს 100%-მდე. ზუსტად ასე, გავშიფროთ ამერიკის ელჩის ცნობილი განცხადება მაპთან დაკავშირებით: ვუფრთხილდებით საქართველოს. რომ არ გაუფრთხილდნენ? ნატოს სამიტმა რომ გამოაცხადოს, გადავწყვიტეთ საქართველოს მაპს – გაწევრიანების გეგმას ვაძლევთო (არადა, როგორც ვახსენე, თავდაცვის მხრივ იქ, არავითარი გარანტია ჩადებული არ არის. უბრალოდ, ერთგვარი სიგელია, რომ კარგად ემზადები), აი, იმ ღამითვე გადაადგილდებიან რუსეთის სამხედრო ნაწილები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, (თბილისიდან 30 კილომეტრში ტანკები დგას), თუ გიუმრიდან და ნებისმიერ იმ ტერიტორიას დაიკავებენ, რომელიც აწყობთ.

საქართველო ამ სამკუთხედშია მოქცეული, ამ სამი მძლავრი სამხედრო ბაზის სამკუთხედში. მაგალითად, დაიკავებენ ახალქალაქის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიას იმ საბაბით, რომ აგერ, თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოც უკვე შედის ნატოში და საჭიროა დაცვა. თანაც, იმ საბაბით, რომ ამას ის ხალხები ითხოვენ, ვინც დაუცველია, იგივე, სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობა. შულავერის კომიტეტებს რა გამოლევს. ზუსტად იგივე მოხდება, რაც ჩერნოგორიის შემთხვევაში მოხდა. ჩერნოგორია, იმის გამო რომ გეო-პოლიტიკური ვითარება იქ სულ სხვაა, ანუ, შორსაა, ამან გადაარჩინა. ჩვენ, კარის მეზობელი ვართ, რომლის ტერიტორიაზე ორი მძლავრი ბაზაა და ერთ-ერთი ბაზის ნაწილები დედაქალაქიდან 30 კილომეტრშია. ამის გამოა, რომ ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული ნატოს წევრ ქვეყნების ლიდერებს, ნატოს ადმინისტრაციას ბრიუსელში. არაერთხელ მქონდა გულახდილი საუბარი წარმომადგენლებთან, ეს ძალიან კარგად იციან და სამიტებზე მაპზე საუბარსაც კი დაანებეს თავი. გახსოვთ, თინა ხიდაშელის კომიკური განცხადება – ჩვენ, მაპს უნდა გადავახტეთ, პირდაპირ წევრობა გვჭირდებაო. ასეთი ვითარებაა. 

– ბატონო პეტრე, ქართველ პოლიტიკოსტაქ მხრიდან ასეთი მოსაზრებაც ისმის: შევიდეთ ნატოში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე. დასავლეთი ხომ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ტერიტორიებიც ავტომატურად თან შემოგვყვებაო?


– ეს არის სრული მარაზმი, რომლის უკან ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსი დგას. პოლიტიკოსს ვერ უწოდებ ადამიანს, რომელსაც მსგავსი თემით სპეკულირება შეუძლია. ორი რამ არის: თუ ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ ნატოში შევა, ეს ნიშნავს, რომ არაადეკვატურია, რეალობას ვერ აღიქვამს. მაგრამ თუ შესანიშნავად იცის რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რეალობა სულ სხვაა და მაინც ასე ლაპარაკობს, ე.ი. თაღლითია და დასავლეთის თვალში ქულების შესაგროვებლად ხალხს ატყუებს, ეს დანაშაული, პოლიტიკური თაღლითობაა. იგივე ითქმის ვაი-ექსპერტებზე. დახედეთ, ხალხის მასას. რეგულარული ურთიერთობა მაქვს მოსახლეობის ყველა ფენასთან, პრაქტიკულად, არავის ეს თემა აღარ აინტერესებს, ყველა სკეპტიკურად და საღად უდგება ამ ამბავს იმიტომ, რომ 25 წელი გავიდა. 25 წლის წინ, 1992 წელს თავად მახსოვს როგორ ყვიროდა მიტინგზე ირაკლი წერეთელი, რომ ნატო უკვე ჩვენს დასახმარებლად მოდის. ხალხი ცაში იყურებოდა ნატოს ვერთმფრენების მოლოდინში. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მასმედიის ნაწილში, ვაი-პოლიტიკოსებში თუ ვუი-ექსპერტებში ეს თემა დარჩა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის დროს მიიღეს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ეს არის კანონი, რომლის ამოქმედებით სააკაშვილი საკუთარი ხელით ანიჭებდა პუტინის რეჟიმს ექსკლუზიურ უფლებას აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით. რატომ? – იმიტომ, რომ რუსული ტანკები, სხვა შეიარაღებული ძალები, რაკეტებიც კი, ბაზები, იქ, დგას. რუსები ორივე რეგიონში შესულები არიან მაქსიმალური ძალით, ხოლო ოკუპაციის კანონი დანარჩენებს ხელს უშლის, რომ აფხაზებთან ურთიერთობა ჰქონდეთ.

რამდენი შემთხვევა ვიცი, ამერიკელ, ევროპელ, თუ კანადელ ჟურნალისტებს გაუჭირდათ ჩასვლა აფხაზეთში, რადგან პირდაპირ რომ ჩასულიყვნენ, მერე, საქართველოში ვერ ჩამოვიდოდნენ. ეს ერთი, მეორეც: ეს მარაზმი დღემდე გრძელდება. მაშინ ევროგაერთიანების კომისარმა თქვა, რომ სამწუხაროდ, ქართველები თვითონ აშენებენ რკინის ფარდას და აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს საკუთარი თავისგან იზოლაციაში ამყოფებენ. იგივეს ამბობდა პიტერ სემნებიც: სამწუხაროდ, ეს კედლები ქართველების მხრიდან შენდება. ევროპელები გაოგნებულნი არიან: თქვენ, სააკაშვილის გზას მიყვებითო. მიშა ასე მოქმედებდა – რაც უარესი მით უკეთესი. ევროპას ეს აოგნებს. ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს ნაბიჯების წინ გადადგმას, ამბობს: ეს რომ გავაკეთოთ, `ნაცებს~ ვინ გააჩერებს მერეო. "ნაცების" ყვირილის თუ ეშინოდათ, რა უნდოდათ ხელისუფლებაში?! "ნაცები", რა თქმა უნდა, ყოველთვის ყვირიან იმიტომ, რომ პარტიოტიზმი არის ნაძირალების ბოლო თავშესაფარი. მათ ყველაფერი რუსეთს გადასცეს და მერე, აყვირდნენ გაზპრომთან არ შეიძლება მოლაპარაკებაო. ზურაბ აბაშიძემ მთელი სია დაბეჭდა, რა გადასცეს რუსეთს. ამ სიის მნახველს ერთი კითხვა დაგებადებათ – რა არ გადასცეს? ერთს ლაპარაკობდნენ, სულ სხვას აკეთებდნენ, რაც სამშობლოს ღალატია.

სააკაშვილი რუსეთზე ჰყიდდა რკინიგზას, ძლივს გააჩერეს, იმ მილს ჰყიდდა, რომელიც რუსეთს სომხეთთან აერთებს. ასე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი საქართველოს ძირძველი ტერიტორიაა, მაგრამ დასავლეთი გაოგნებულია იმ კონტრპროდუქტიული, საპირისპიროს მომტანი მოქმედებით, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ პუტინის რეჟიმზე ასხამს წყალს. პუტინის საქმეს აკეთებს. გაიხსენეთ, ლინკოლნ მიტჩელის წერილი: "ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში?", რომელსაც სააკაშვილს უძღვნის. პუტინის პროფესიონალი აგენტი იმდენს ვერ გააკეთებდა, რაც სააკაშვილმა თავისი ხელით გააკეთა. იგი პროფესიონალი აგენტი არ ყოფილა, მაგრამ კაკებეს ჯარებში მსახურობდა.

– კიდევ ერთ თემაზე მინდა ვისაუბროთ. ვიზა-ლიბერალიზაცია, ახლახან, მივიღეთ, თუმცა, უკვე, დავდექით მისი შეჩერების საფრთხის წინაშე.

– მოსალოდნელი იყო, რომ ძალიან ბევრი ქართველი ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმით ქვეყნიდან მხოლოდ ერთი მიზნით გავიდოდა, რომ როგორმე ევროგაერთიანებაში დარჩენილიყო და სამუშაო ჰქონოდა. რთულია ადამიანებს ბრალი დასდო, რადგან ამას უკიდურესი გაჭირვების გამო აკეთებენ. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ მილიონერები, რომლებიც აგრძელებენ ხალხის გატყავების ხარჯზე ფულის შოვნას. ბევრიც იმიტომ მიდის, რომ ევროპაში მოქმედი ქართული მაფიის წევრებს იცნობენ. ეს საწყენია, მაგრამ მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, თავშესაფარს ითხოვენ.

– აქ ჩნდება მეორე პრობლემა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ევროკავშირში გაერთიანების საკითხი.

– ეს საკითხი, დღის წესრიგში, საერთოდ არ დგას.

თამარ შველიძე


მეტის ნახვა
24-02-2018, 08:30