საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ბოლო თვეების განმავლობაში სწრაფად იზრდება. ერთ თვეში გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობამ 4,6 ათასით მოიმატა. 

თუ 2018 წლის 20 იანვრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 234 958 ჩანაწერი იყო, ახლა ეს რიცხვი 239 831-ს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 6,4% გადახდისუუნაროა, (სტატისტიკის სამსახურის მონაცემების, საქართველოში დღეს 3,718,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს.)

ეკონომისტების პოზიციით, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება. სპეციალისტები ამის მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სამომხმარებლო კრედიტების გამარტივებას და მასზე დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ.

ცნობისათვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2010 წლის პირველი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოებაა. აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრში ყველა სახის დავალიანების შესახებ ინახება ინფორმაცია. მათ შორის სამგზავრო ჯარიმების თაობაზეც.
ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

მეტის ნახვა
21-02-2018, 09:30


2017 წლის განმავლობაში "დელტა" არსებული კონტრაქტების შესრულებას ახორციელებდა, 2018 წლის მდგომარეობით კი ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს. სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "საქმის კურსში" გასული 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„გასული 2017 წლის განმავლობაში „დელტა“ აქტიურად მუშაობდა კლიენტების მოთხოვნაზე მორგებული სერიული პროდუქტის წარმოებასა და დახვეწაზე. ასევე დაინტერესებულ ქვეყნებთან შეთანხმებითა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით გადაიდგა ნაბიჯები ახალი პროდუქციის შექმნისკენ. შედეგად, 2018 წელს ცენტრი კვლავ შეძლებს გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო კონტრაქტებზე.

„დელტას" შესაბამისი გუნდი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს პოტენციურ მყიდველებთან. ამ ეტაპზე გვყავს წარმომადგენლობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ისინი აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ შემსყიდველებთან, რათა მოახდინონ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი. „დელტა" აქტიურად მუშაობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განვითარებაზე, ამავდროულად მივდივართ ჯავშანტექნიკის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებულ ფოკუსს ვაკეთებთ მოდულურ და მულტიფუნქციურ ჯავშანტექნიკაზე, ასევე ვმუშაობთ საარტილერიო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და პირადი შეიარაღების მიმართულებებითაც. მულტიფუნქციური მოდულური სისტემებით შესაძლებელია მრავალწლიანი კომერციული ურთიერთობების დამყარება, ვინაიდან ერთი ტიპის ჯავშანტექნიკის შემთხვევაში შესაძლებლობა გვეძლევა ერთი პლატფორმის ბაზაზე ათობით სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა შევთავაზოთ. ასევე, შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს არსებული კადრების შენარჩუნების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მოზიდვის მიზნითაც. ამისათვის „დელტაში“ ფუნქციონირებს შესაბამისი სასწავლო ცენტრი" - განაცხადა ძოძუაშვილმა.

მეტის ნახვა
16-02-2018, 10:00


საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება. მცირე მეწარმედ 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოს ნაცვლად, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება, რაც მცირე ბიზნესზე საგადასახადო ტვირთს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ახალ მეწარმეებს წაახალისებს, რომელთაც საქმიანობის წამოწყება სურთ.

თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის ბოლოდან, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, აქსელერატორს უფასო სამუშაო სივრცეებით უზრუნველყოფის, კონსულტაციის გაწევის, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ, მათ შორის, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე მიმართოს.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მცირე მეწარმეთათვის ბრუნვის გადასახადი 5%-ის ნაცვლად, 1% ექნება, ხოლო მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან ის კომპანიები, რომელთა ბრუნვა 100 000 ლარის ნაცვლად, 500 000 ლარი იქნება. ასევე, თბილისის მერიის ინიციატივით, დამატებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, ერთიანი სამუშაო სივრცით უფასოდ ისარგებლონ, მიიღონ ბუღალტრული, მარკეტინგული, იურიდიული და სხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურება“, - განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის კონსულტანტმა ვიქტორ წილოსანმა.

მისი თქმით, შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მეწარმეები დარეგისტრირებას შეძლებენ. მათ ასევე, ექნებათ ვალდებულება, ერთი თვის ვადაში, საკუთარი ბიზნესის კონცეფცია წარმოადგინონ, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს მოდელების შერჩევა და შესაბამისი მომსახურების გაწევა მოხდება.
პროექტის ფარგლებში, სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.

მეტის ნახვა
15-02-2018, 10:21


გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "მშენებელთა ლიგის" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე

მშენებლობის სფეროში რომ სრული განუკითხაობა და ქაოსია, ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია მედიასაშუალებებით, მაგრამ დღეს მინდა პირველ რიგში, რამდენიმე დღის წინ მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარ სამწუხარო ფაქტს შევეხო. მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი დაშავდა, რომ
არა მატარებლის მემანქანის პროფესიონალიზმი, დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი  იქნებოდა.

ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა, რისთვის ჩატარდა ამ მეტროსადგურის რეკონსტრუქცია თუ რემონტი, ვის ჭირდებოდა?

საქართველოში თუ რაიმე კეთდება, იქნება ეს მშენებლობა, რეკონსტრუქცია თუ სხვა, ეს იმისთვის კი არ კეთდება, რომ მოქალაქეებს ჭირდებათ, არამედ იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტულმა კომპანიამ ფული "გააკეთოს", ტენდერი იქნება თუ კომერციული შესყიდვაო. აი, ეს არის მთელი პრობლემა, უფრო მეტიც, ტრაგედია. მეტროსადგურ "ვარკეთილში" მანამდეც შეკიდული ჭერი იყო, რომელიც მყარ ანკერებში იყო გადაწყვეტილი, ხისტად და მყარად იყო მიერთებული ლითონის მილაკები, რასაც თავისი დანიშნულება ჰქონდა და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებოდა. ამიტომაც ვფიქრობ, რეკონსტრუქცია ფულის საშოვნელად გაკეთდა. მშენებლობის სფეროში გამეფებული სრული განუკითხაობის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მშენებლობის სამინისტრო. სამინისტროს ვინ ჩივის, სანთლით რომ ეძებოთ, მთავრობაში, სამინისტროებში, პარლამენტში და მერიაში ერთ მშენებელს ვერ ნახავთ. ამ დარგის თითო მრჩეველი მაინც აიყვანონ პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა, რომ მშენებელი როცა მივა იქ, დაელაპარაკოს. ყველგან მხოლოდ არქიტექტორები და ურბანისტები, იგივე არქიტექტორები არიან. ყველაფერი არქიტექტორებმა აიღეს ხელში,მშენებლები კი გვერდით გაწიეს, რაც ყოვლად დაუშვებელია. არქიტექტურა არ არის მშენებლობა, ის მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ნაწილია (20%), დანარჩენი სამშენებლო ნაწილებია დაწყებული საძირკვლიდან, კონსტრუქციული ნაწილი, ტექნოლოგია, ორგანიზაცია, შრომის დაცვა და ა.შ.

თბილისს არც ურბანისტის (განაშენიანების სპეციალისტი) ხელი ეტყობა, განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილს, მიჯრით მიწყობილმა მრავალსართულიანმა კორპუსებმა ქვის ჯუნგლებს დაამსგავსა დედაქალაქი. ერთმანეთთან ასე ახლოს იმიტომ აშენებდნენ ამ კორპუსებს, რომ ფართობი მოეგოთ, ქაოტური მშენებლობების პროცესი თუ არ შევაჩერეთ, უარესი გველის, მთლად ჩაბნელდება ქალაქი. უამრავი ადამიანია მშენებლობებისგან დაზარალებული, სახლები თავზე ენგრევათ. ე.წ. ხრუშჩოვკებს რამდენჯერმე უფრო მეტ სართული დააშენეს, რომლებსაც გაცილებით ღრმა საძირკველი ჭირდება, მიწა რომ მოჭრეს და საძირკველი ჩააღრმავეს, ძირი შენობის ფუნდამენტი გაშიშვლდა და ჰაერში გამოეკიდა, გრუნტი დასუსტდა, რის გამოც შენობა "დაჯდა" და კედლები დაებზარა. ძველ შენობას მთლად გვერდით უშენებენ მრავალსართულიან კორპუსს, რის გამოც ზიანდება ფუნდამენტი და ძველი კორპუსები ინგრევა. აქ მეორე სერიოზული პრობლემაც წარმოიშვა, შენობები ისე უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან, რომ მზის სხივი თავისი დახრით შევიდეს იქ, რადგან ულტრაიისფე- რი სხივები მიკრობებს სპობს, გამ- რავლების საშუალებას არ აძლევს.

ისეა მიწყობილი ერთმანეთზე ეს მრავალსართულიანი კორპუსები, რომ მზის სხივი შიგნით ვეღარ აღწევს, მიკრობებით გამოვსებული კორპუსები კი სვადასხვა დაავადებებს იწვევს. ცალკე საკითხია რა მასალებით ვაშენებთ, ან ვარე- მონტებთ სახლს, საშენი მასალა, განსაკუთრებით მოსაპირკეთებელი მასალები აუცილებლად უნდა გადიოდეს შემოწმებას. ჩვენთან მოსაპირკეთებელი მასალები ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის, ცნობილი ფაქტია, რომ ამ იმპორტული საქონლის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას საბაჟოზეც კი არ ამოწმებენ. იგივე რუსეთში მოსაპირკეთებელ მასალაზე სამმაგი კონტროლია დაწესებული, პირველად საბაჟოზე მოწმდება მისი ეკოლოგიური უსაფრთხოება, მეორედ რეალიზაციის დროს საცალო თუ საბითუმო ვაჭრობაში, ბოლოს უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე, შემოწმების გარეშე ამ მასალის გამოყენება არ ხდება. შეიძლება ცალცალკე ეს მასალები გარკვეულ სტანდარტებს აკმაყო- ფილებს, მაგრამ მშენებლობისა თუ რემონტის დასრულების შემდეგ, სპეცხელსაწყოებით (დოზიმეტრები) უნდა მოხდეს მთლიანად შენობის შემოწმება, ჰაერის ტოქსიკურობის განსაზღვრა, რადიაციის, რადონის (რადიოაქტიური მძიმე ინერტული აირი), ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ რადონი რადიაციაზე მეტად თუ არა, ნაკლებად სახიფათო ნამდვლად არ ყოფილა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, მისი გამოსხივების გასაზომადაც სხვა აპარატურას (რადონომეტრი) იყენებენ. რომ ეგონათ რადიაციის მიზეზით არიან გარდაცვლილებიო, ამ ადამიანების 70% რადონით ყოფილა მოწამლული. ურანისა და სხვა რადიაქტიური ნივთიერებებისგან განსხვავებით, რადონს გარკვეული დოზით ყველა საშენი მასალის შეიცავს, რადგან იგი დედამიწის ქერქში არსებული ყველა ქანის შემადგენლობაშია. ამიტომ აუცილებლად უნდა განისაზღვროს საშენ მასალებში რადონის შემცველობის დონე, შეესაბამება თუ არა დასაშვებ დოზას. ეს ნივთიერება მიწის ქერქიდან თავისითაც თავისუფლად ამოდის, ამიტომ მშენებლობას როცა ვიწყებთ, აუცილებლად უნდა შემოწმდეს გრუნტი რადონის შემცველობაზე, რადგან იატაკსა თუ კედლებში უპრებლომოდ გაივლის და მისი დახურულ სივრცეში დაგროვება სასიკვდილო შედეგს იწ- ვევს. უკვე აშენებულ შენობებში სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს სარდაფი და პირველ-მეორე სართული. ამ შემოწმებებს რომ არ ვაკეთებთ, იმიტომაც იმატა კატასტროფულად ონკოლოგიურმა დაავადებებმა. უცხოეთში არათუ ადამიანს, შინაურს ცხოველსაც კი არ უშვებენ სადგომში, თუ რადონის დონე არ არის შემოწმებული. მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სტა- ტისტიკის მიხედვით, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეული დაავადებებით უამრავი ადამიანი იღუპება, გარდაცვლილთა რაოდენობის ლამის 70%-ზე მეტი.

საქართველოსთვის რადონზე არანაკლები პრობლემა რადიაციული გამოსხივებაა, ვგულისხმობ სამშენებლო სფეროს. მოგეხსენებათ, 1986 წელს უკრაინაში აფეთქდა ჩერნობილის ატომური რეაქტორი. ის რეგიონი, სადაც ეს ობიექტი მდებარეობს (მოცულობით საქართველოზე დიდი ტერიტორიაა) ძირითადად სამრეწველო ზონა იყო მსხვილი ფაბრიკა-ქარხნებით, რეაქტორის აფეთქების შემდეგ, მთლიანად ჩაიკეტა იქაურობა და წლების განმავლობაში აღარავის უშვებდნენ. მოგვიანებით, ნელნელა ფარულად დაიწყეს მავანთ იქ შესვლა, იმ უზარმაზარი ფაბრიკა-ქარხნების ჯართად დაჭრა და სამშენებლო ლითონის გამოშვება, რომლის ნაწილი საქართველოშიც შემოდიოდა. თბილისში ხმები დადიოდა, რომ ნაციონალების მაღალი ეშელონების წარმომადგენელი გივი თარგამაძე და მისი ძმა ეწეოდნენ უკრაინიდან სამშენებლო ლითონის იმპორტს და ძალიან დიდი ეჭვი არსებობდა, რომ ეს სწორედ ჩერნობილის არმატურა იყო. ეჭვს ის ინფორმაციაც აძლიერებდა, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით (2006–2007 წლები), რომ ერთი მილიონი ტონა არმატურა, რომელიც რუსეთში უნდა შესულიყო, რუსებმა დააკავეს და ქვეყანაში არ შეუშვეს. მათ შეამოწმეს ეს სამშენებლო ლითონი, აღმოაჩინეს რომ რადიაციული იყო, ტვირთი არ გაატარეს და საერთოდ ჩაკეტეს უკრაინიდან იმპორტისთვის საზღვარი. ეს ტვირთი შემობრუნდა და საქართველოში შემოვიდა, წარმოიდგინეთ, ერთი მილიონი ტონა რადიაციულად დაბინძურებული სამშენებლო ლითონი. ჩვენთან არავინ ამოწმებდა და დღესაც არავინ ამოწმებს, რომც შეემოწმებინათ გივი თარგამაძეს ვინ გაუბედავდა ამას?! დიდი ეჭვია, რომ ეს ლითონი უკვე ჩადებულია "საქმეში", ახალაშენებულ შენობების კედლებში, იატაკში, გადახურვებსა და სახურავში ჩადებულია ეს არმატურა და ასხივებს რადიაციას, კიდევ რამდენი წელი გაგრძელდება ასე, ვინ იცის.

ფაქტობრივად, ყველა ახალაშენებული კორპუსია შესამოწმებელი რადიაციაზე, გარდა ამისა უნდა შემოწმდეს კაფეები და ბარები, რომლებიც ძირითადად სარდაფებში და პირველ სართულებზეა განთავსებული, ოღონდ უფრო რადონის შემცველობაზე, რადგან ნიადაგიდან ამოსული ეს ნივთიერება პირველად იქ აღწევს, ზემო სართულებზე კონცენტრაცია შედარებით მცირდება.

– ბატონო ანზორ, ვთქვათ, შეამოწმეს და რადონის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, კა- ფეებს და ბარებს კი დახურავენ, მაგრამ რა ეშველება იმ მრავალ- სართულიან კორპუსებს, სადაც უამრავი ხალხი ცხოვრობს?

– ძალიან ძნელი საშველია, იმიტომ ვამბობ, რომ მშენებლობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს ყველაფერი. ჩემი ახლობელი იყო რუსეთიდან ჩამოსული, რომელსაც სამშენებლო ფირმა ჰქონდა, გაოგნებული იყო იმ განუკითხაობით, რაც საქართველოში ხდებოდა. 30 წელზე მეტია, რაც მსოფლიოში დაიწყეს რადონის შემცველობის შემოწმება, ჩვენ ისევ ღრმად გვძინავს. ინგლისის ერთ-ერთ საგრაფოში ჩაატარეს შემოწმება მას შემდეგ, რაც გამოიკვლიეს რა უბედურებას იწვევდა რადონი, აღმოჩნდა, რომ შემოწმებული შენობების მესამედი ისე იყო გაჯერებული ამ ინერტული აირით, რომ აღარაფერი ეშველებოდა, ამიტომ დაანგრიეს. უზარმაზარ ფინანსებს დებენ ქვეყნები ამგვარ გამოკვლევებში. ყველაზე უკეთესი რადონით გაჯერებული შენობის დანგრევაა, მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მძლავრი ვენტილაცია უნდა დავამონტაჟოთ, რომ მავნე აირი გაიწოვოს, ეს ვენტილაცია 24-საათიან რეჟიმში უნდა იყოს ჩართული. გარდა ამისა, შემოდის ჩვენთან უკვე შემოდის სპეციალური ნივთიერებები, კალმატრონი და სხვა, რომელიც ემატება ბეტონსა თუ დუღაბში და ის გაზს აღარ ატარებს, უკვე აშენებულ სახლში შეუძლიათ ამ დანამატიანი დუღაბით შელესონ კედლები, იატაკი და ჭერი. ერთი სიტყვით, შეიძლება შეველა და ამის რეკომენდაციებსაც გამოვაცხადებთ, "მშენებელთა ლიგაც" ამზადებს ამ დანამატებს და სურვილის შემთხვევაში, რა- დონის შემცველობაზე შემოწმებასაც ვახდენთ.

ვითარების გამოსწორება თუ გვინდა, პირველი რიგში მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი უნდა შეიცვალოს, ასევე ის მავნე პრაქტიკა, ელექტრონულად რომ ხდება ნებართვის გაცემა. მხოლოდ არქიტექტურული ნაწილია საჭირო ნებართვის მისაღებად, თანაც მთლიანად კი არა, მხოლოდ შენობის ფასადის არქიტექტურულ ნახაზს წარადგენენ და ისე ღებულობენ ნებართვას. კანონი მიიღეს, სადაც გაწერილი იყო, რომ, როდესაც ნებართვა გაიცემა, შესაბამისი ბანერი დაიდგმება და მშენებლობა დაიწყება, მერე ადგილზე უნდა ჰქონდეს მშენებელს გაკეთებული დანარჩენი სამშენებლო ნაწილი, გეოლოგიური, კონსტრუქციული ნაწილი და ა.შ. აი, ეს წესი უნდა გაუქმდეს აუცილებლად, პროექტის გზადაგზა კეთება არ გამიგია, ის ბოლომდე უნდა იყოს დამთავრებული, ექსპერტიზებიც გავლილი უნდა ჰქონდეს და მერე უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავეები ექსპერტები არიან, რომლებიც ისე ახურდავდნენ, რომ 300–400 ლარის გამო, ნებისმიერ საექსპერტო ცნობას აწერენ ხელს. იმიტომაცაა კედლის ძირში რომ აუშენებენ ვინმეს მაღლივ კორპუსს და სახლი თავზე ენგრევა. მერე ეს ექსპერტი ცნობას გასცემს ამ მრავალსართულიანი კორპუსის გამო არ დანგრეულაო, აბა ვისი ბრალია? პროექტში პირველი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაა, უნდა ჩატარდეს გრუნტების გამოკვლევა, შეიძლება თუ არა ამ გრუნტზე ამდენი სართულის აშენება, ამხელა დაშორებით და ა.შ. შემდეგ კონსტრუქციული შემოწმება ხდება, გარემოს დაცვის კუთხით, რამდენად მისაღებია იმ კორპუსის აშენება და ა.შ. სრულფასოვნად რომ არ კეთდება პროექტი, დაუხატავენ შვიდსართულიან შენობას, მიიღებენ ნებართვას და მერე ერთი იმდენი სართული, თუ მეტი არა, ემატება. ჯერ როგორ შეიძლება დაბალსართულზე გათვლილ საძირკველზე ამდენი სართულის დაშენება.

ხომ ხედავთ რა ამბავია ატეხილი ატენის ქუჩაზე 27-სართულიან კორპუსს რომ აშენებენ, აქაც ხომ შენებისას შეცვალეს სართულების რაოდენობა. ამასაც თავი დავანებოთ, დარღვეულია შესაბამისი კანონი, რკინაბეტონის კარკასული შენობა 12 სართულიანზე მეტი არ უნდა იყოს, თუ მაინც ააშენებ, მაშინ დაცული უნდა იყოს ოთხი პირობა, პირველი ესაა ანტისეისმური მედეგობა. ამას როგორ გააკეთებ, როცა არც რაიმე მოწყობილობა გვაქვს, არც კადრები გვყავს, რომ ეს გააკეთე- ბინო და არც გაკეთებულა არასდროს საქართველოში. ყველა 12-ზე მეტ სართულიანი რკინა-ბეტონის კარკასიანი შენობა, რაც შენდება უკანონოა. რა ეშველება ამას, ან ეს შენობები დაიყვანონ 12 სართულზე, მაგრამ როგორ მოანგრევენ, როცა უკვე ხალხი ცხოვრობს იქ. ერთი "გმოსავალია", ეს კანონი შეცვალონ ან საერთოდ გააუქმონ. მიეჩვია ხალხი უკანონობას, ორი სართულით მეტი რომ ააშენეს და შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება არ მიაქციეს, მერე უმატეს და ლამის 40 სართულზე ავიდნენ.

ჰაერიდან კი არ მოიტანეს სტანდარტი რკინა-ბეტონის კარკასული შენობა 12 სართულზე მეტი რომ არ უნდა იყოს. ისინი მკვლელ შენობებად გამოაცხადეს, 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის დროს, ლენინანაკანში კარკასული შენობების 98% დაინგრა, სხვათა შორის, მაშინ არცერთი "ხრუშჩოვკა" არ დანგრეულა. 1999 წელს თურქეთის ქალაქ იზმითში მომხდარი მიწისძვრის დროსაც ძირითადად ამგვარი შენობები დაინგრა, ძალიან დიდი მსხვერპლი იყო. ჩვენ კი რას ვაკეთებთ, სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ, უკვე 8 ბალზე გათვლილი შენობები უნდა აშენდეს, იმის მაგივრად, რომ ნებართვა არ გავცეთ ამ "მკვლელი შენობების" დარღვევით აშენებაზე, 30–40 სარ- თულიან კორპუსებს ვაშენებინებთ. ისე, ვინ არის ოფიციალურ დონეზე პასუხის მომთხოვნი, როცა მშენებლობის სამინისტრო გააუქმეს და პროფესიონალი მშენებლები ყველა დონეზე ჩამოიცილეს. მშენებლობის სამინისტრო არ არის მხოლოდ რაღაც სამეურნეო დარგი, რომელიც მხოლოდ შემოსავალს გაძლევს და ხალხს გისაქმებს, მას სამხედრო სტრატეგიული დანიშნულებაც აქვს, ამიტომაა ყველა ქვეყანაში ეს სამინისტრო. ნათქვამია, მშვიდობა თუ გინდა, ომისთვის ემზადეო, თუ ვემზადებით ომისთვის, სამხედრო ობიექტებს მშენებლობის სამინისტრო აშენებს, სხვას ვერც გააკეთებინებ, რადგან ეს სამხედრო საიდუმლოება უნდა იყოს, როგორ შეიძლება გარეშე პირს, მითუმეტეს არაპროფესიონალს ანდო.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-02-2018, 17:16


გვესაუბრება ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:

– ბატონო ვახტანგ, "ეროვნულმა ბანკმა" მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოიღო. რას მოგვიტანს ეს სიახლე?


– დიახ, ეს ფორექსის ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს ეხებათ. მოგეხსენებათ, ფორექსი საერთაშორისო სავალუტო ბაზარია, სადაც გარკვეული სადეპოზიტო თანხის მეშვეობით ვალუტების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. ეს მხოლოდ უცხოურ ვალუტებს როდი ეხება, არამედ უცხოეთის ბირჟებზე არსებულ ფასიან ქაღალდებს, მათ შორის, კრიპტოვალუტებსაც. პირველი, რაც "ეროვნულმა ბანკმა" გამოაცხადა, მდგომარეობს შემდეგში – ყველა აღნიშნული კომპანია ვალდებულია "ეროვნულ ბანკში" დარეგისტრირდეს და ამ სახის ვაჭრობის ჩატარების უფლება საბროკერო კომპანიებს მიანიჭა. ამ შემთხვევაში, საბროკეროში ის კომპანიები იგულისხმება, რომ- ლებიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონით რეგულირდებიან, ანუ, ვისაც საფონდო ბირჟაზე ოპერირების უფლება გააჩნია. ამ ინიციატივით, პრაქტიკულად, "ეროვნულმა ბანკმა" მარტივი გამოსავალი მოძებნა – ყველა ფორექს კომპანია, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილნი, უფლებამოსილნი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში არიან თუ საფონდო ბროკერის ლიცენზიას მიიღებენ. ეს ლიცენზია საბროკერო კომპანიაში გარკვეულ რეგულაციებს, შიდა ნორმატიულ ბაზას ითვალისწინებს, რაც ძირითადად, ფასიან ქაღალდებზეა ორიენტირებული და რაც მთავარია, გულისხმობს საწესდებო სააქციო კაპიტალის კაპიტალიზაციას 500 ათასი ლარის ოდენობით. ეს არის მთავარი მოთხოვნა.

ამ ინიციატივის წყალობით, ფორექს კომპანიებს ორი გამოსავალი რჩებათ – უნდა გაზარდონ კაპიტალიზაცია. არადა, მინდა გითხრათ, რომ უმეტესობას, ვინც ჩვენთან არიან წარმოდგენილები, კაპიტალიზაცია არ აქვთ. მათ მხოლოდ კაპიტალის გაზრდის შემდეგ შეუძლიათ "ეროვნულ ბანკს" მიმართონ, რათა შესაბამისი ლიცენზია მიიღონ. თუ ამას ვერ ახერხებენ, ამ შემთხვევაში, უნდა დაიხურონ.

რაც შეეხება უშუალოდ საბროკერო კომპანიების მიმართ მოთხოვნას 500 ათასი ლარის ოდენობის თაობაზე, ვთვლი, რომ ეს გადაჭარბებულია იმდენად რამდენადაც დღეს, საბროკერო კომპანიების უმეტესობა ამ მოთხოვნის მიღების შემდეგ დაიხურა. კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, დღესდღეობით, მოთხოვნა უფრო ნაკლები უნდა იყოს. თუ საბროკერო კომპანიაში ოპერაციების და კლიენტურის ზრდა იქნება, მაშინ შეიძლება კაპიტალის ზრდა ეტაპობრივად იყოს დაწესებული. არსებული მოთხოვნები კი, რაც საფონდო ბაზარზეა, დღევანდელ სიტუაციას, აბსოლუტურად, არ შეესაბამება.

– ბატონო ვახტანგ, კიდევ რა ინიციატივებს გვთავაზობს "ეროვნული ბანკი"?

– "ეროვნული ბანკის" კიდევ ერთი ინიციატივა შემდეგია: კომპანიები რომლებიც სესხებს 20-ზე მეტ ადამიანზე გასცემენ, ვალდებულნი არიან რეგისტრაცია "ეროვნულ ბანკში" გაიარონ. კი ბატონო, დავუშვათ, რეგისტრაცია გაიარეს, მერე რა ხდება? – ამას "ეროვნული ბანკი" არ გვეუბნება. "ეროვნული ბანკის" მთავარი ამოცანა და მიზანი შესრულებული არ არის. იმიტომ, რომ მან ამ კომპანიებს რეგისტრაცია არ უნდა მოთხოვოს. რა ხდება დარეგისტ- რირების მერე? – გაურკვეველია.

"ეროვნული ბანკი" ითხოვს კომპანიებმა, რომლებიც სესხებს 20-ზე მეტ სუბიექტზე გასცემენ, მიკროსაფინანსო კომპანიების სტატუსი მიიღონ. აქვე, აღსანიშნავია, რომ როგორც მიკროსაფინანსო კომპანიებს, ისე სხვა დანარჩენებს მოსახლეობიდან, ნებისმიერი სუბიექტიდან წვრილი თანხების – 100 ათას ლარამდე მოზიდვა აკრძალული აქვთ. 100 ათაზე ნაკლები დეპოზიტები არ შეიძლება, ამის უფლება არ აქვთ, რაც ჩემი აზრით, გამოსავალი არ არის. ერთადერთი გამოსავალი, რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით, მიკროსაფინანსო კომპანიებს ის რჩებათ, რომ ფასიანი ქაღალდები გამოუშვან. ამ შემთხვევაში, ეს რეგულაცია, თავისთავად არ მოქმედებს იმიტომ, რომ ეს უკვე ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონს ექვემდებარება. ანუ, ნებისმიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია გამოუშვას როგორც ჩვეულებრივი აქციები, ისე პრივილეგირებული ფიქსირე- ბული დივიდენდი ხმის უფლების გარეშე, ისე ობლიგაციები. მაგრამ, ამ შემთხვევაში, აქაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან აქტიურობას ვერ ვხედავთ. იმიტომ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც, ალბათ, მიჩვეულები არიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე "ეროვნულ ბანკთან" კონსულტაციები გაიარონ, ეს უკანასკნელი, უბრალოდ, არ აძლევს რეკომენდაციას, რათა მათ ობლიგაციები გამოუშვან. ასეთი არაჯანსაღი მიდგომა "ეროვნული ბანკის" მხრიდან ფასიანი ქაღალდების ემისიებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ნეგატიური მოვლენაა.

– ხშირად ისმის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავის ნებაზეა მიშვებული და "ეროვნული ბანკი" არ აკონტროლებს, ახლა, შეზღუდვები დაწესდა, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა?

– შეზღუდვასაც გააჩნია. როცა "ეროვნული ბანკი" კომპანიას, პრაქტიკულად, რესურსების მოზიდვას უკრძალავს, ეს რასაკვირველია, ნეგატიური მოვლენაა. "ეროვნულ ბანკს" რაღაც ნორმატივები, კოეფიციენტები, ფინანსური მაჩვენებლები, როგორიც კომერციულ ბანკებს აქვთ რომ დაეწესებინა, მაშინ სულ სხვა რამ იქნებოდა, ასე, რისკების მართვის თვალსაზრისით, სიტუაცია გაჯანსაღდებოდა იგივე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სფეროში. მაგრამ როცა არავითარი მარეგულირებელი ნორმები არ არსებობს და ამის გარეშე პირდაპირ, ადმინისტრაციული წესით ხდება აკრძალვა, რაც ყველაზე ადვილია, ეს ბანკების ინტერესებში შედის. ამას არ სჭირდება არც ტვინის ჭყლეტვა და არც კომპეტენცია, აკრძალე და მორჩა. შედეგად, მიკროსაფინანსო ბაზარი რომ მოკვდება, "ეროვნულ ბანკს", აბსოლუტურად, არ ადარდებს. აი, ასეთი ფსიქოლოგია აქვს "ეროვნული ბანკის" ხელმძღვანელობას.

– ანუ, "ეროვნული ბანკი", ამ შემთხვევაში, ზედამხედველობის ფუნქციას ჯანსაღად არ იყენებს?

– რასაკვირველია, ასეა, რასაც საფინანსო, საკრედიტო სფეროზე უფრო ნეგატიური შედეგი და მავნე გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიური. ასეთი რეგულაციები, მიდგომები კომუნისტების დროსაც არ ყოფილა, რასაც ახლა, "ეროვნული ბანკი" იყენებს.

– საუბრის დასაწყისში ახსენეთ, ეს ინიციატივა მოსახლეობისთვის რისკიაო. გამოდის,
"ეროვნული ბანკი" საკუთარ თავზე ზრუნავს?


– ნამდვილად, ასეა. შემდგომში რა იქნება და როგორი რეგულაციები დაწესდება არ ვიცი. თუმცა, ერთიც უნდა ითქვას: პოზიტიურიიყო "ეროვნული ბანკის" ანონსი, რომ საბანკო ჰოლდინგებთან და ბანკებთან ასოცირებული კომპანიების ჯგუფებთან დაკავშირებით რეგულაციებს შემოიღებს. რაც შეეხება ფორექს კომპანიებს, პოზიტივი აქაც არის იმ მხრივ, რომ ყოველ კუთხეში არ იქნება გახსნილი გაურკვეველი წარმომავლობის და შემადგენლობის კომპანიები. მაგრამ ეს კომპანიები შემდგომში აუცილებლად საჭიროებენ ცოტა განსხვავებულ რეგულირებას.

იმიტომ, რომ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე და საფონდო ბაზარზე საბროკერო კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები განსხვავებულია. ამიტომ, ეს გამიჯნული უნდა იყოს.

– დასაწყისში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ახსენეთ. რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში?

– ეს მართლაც საინტერესო მომენტია. კრიპტოვალუტებით ვაჭრობა უკვე რამოდენიმე ბირჟაზე დაშვებულია, მათ შორის, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე. ჩვენი "ეროვნული ბანკი" არ ცნობს კრიპტოვალუტებს როგორც საგადამხდელო საშუალებას, თუმცა ეს მაინც არამატერიალური აქტივია, რაც ძალიან დიდ ინტერესს იწ- ვევს. ჩვენთანაც არის წარმოდგე- ნილი ე.წ. მაინინგის კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტებს წარმოქმნიან. კრიპტოვალუტების სფეროში ძალიან დიდი კაპიტალების გადადინება ხდება და ეს რეალურად, "ეროვნული ბანკის" ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.

თამარ შველიძე



მეტის ნახვა
8-02-2018, 17:13


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წარადგინა 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსი", რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია. „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 82 ქულა მიიღო, რაც 2015 წელთან შედარებით, 16 პუნქტიანი გაუმჯობესებაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს, მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა (2015 წელს მე-16 ადგილზე იყო) - მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია უსწრებენ.

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვე გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ღია ბიუჯეტის კვლევას 2012 წლიდან ახორციელებს.
ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

  1. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
  2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
  3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი
  4. მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
  5. სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
  6. სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
  7. სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
  8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას ამახვილებს ასევე საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობასა და ბიუჯეტზე ეფექტური ზედამხედველობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები, განსაკუთრებით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 22 ქულა (მსოფლიოში მე-17 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 74 ქულა (მე-18 ადგილი).

ვულოცავთ საქართველოს ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მეტი ყურადღება დაეთმობა საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.
შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწა და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამჭირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.openbudgetsurvey.org.

მეტის ნახვა
31-01-2018, 13:47


„საერთო გაზეთის“ სტუმარია ეკონომისტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იური პაპასქუა:

– ბატონო იური, სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთი განმაპირობებელი, ალბათ, ქვეყნის სწორი საგადასახადო პოლიტიკაა. მოდით, საუბარი საგადასახადო კოდექსით დავიწყოთ, ამ კუთხით, რა პრობლემებია?

– კოდექსი რომ გვაქვს, ეს კარგია.
მოქმედი საგადასახადო კოდექსი რიგით მესამეა. წინამორბედებში დაუსრულებლივ შეჰქონდაც ცვლილებები და დამატებები. ყველა შემთხვევაში, ეს ცვლილებები არ იყო ორიენტირებული სრულყოფასა და გამარტივებაზე. ცვლილებების ნაწილი ცალკეული ლობისტური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების ახირებებს ითვალისწინებდა. ხშირი, გაუმართავი, გამკაცრებისკენ მიმართული, გადამხდელის ინტერესების საწინააღმდეგო ცვლილებები და დამატებები ქმნიდენ არასტაბილურ, ამასთან გადამხდელისთვის არახელსაყრელ გარემოს. ამ მხრივ, არც მოქმედი კოდექსია გამონაკლისი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული საგადასახადო სისტემა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ პარტნორობის წევრ ქვეყნებში ყველაზე საუკეთესოა. გადამხდელები ოფისიდან გაუსვლელად უკვე სარგებლობენ ელექტრონული დეკლარირებით, სასაქონლო ზედდებულებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა მთლიანად ელექტრონულია, საკასო აპარატების ფისკალური მეხსიერება მიერთებულია ერთიან ელექტრონულ ბაზასთან, საბაჟო ოპერაციები და დეკლარირებაც ელექტრონულად ხორციელდება, ნებისმიერი ნორმატიული აქტის კონსოლიდირებული ვერსია და სიტუაციური სახელმძღვანელო განთავსებულია შემოსავლების სამსახურის საიტზე და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.

– გაძვირდა აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას და ლარს კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აგდებს. აქვე, საინტერესოა რამდენად მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვის მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელი?


– ერთი შეხედვით, აქციზის გაძვირება და „მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელი“, კავშირში არ უნდა იყოსო, შესაძლოა იფიქროს სხვამ, თუმცა თქვენ სწორად შენიშნეთ მათი ურთიერთდამოკიდებულება.
ის, რაც ჩვენთან დამკვიდრდა, ესტონური არაა. ესტონურისგან მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრის იდეაა გადმოღებული. ესტონურ მოდელს მხოლოდ ესტონეთში, კონკრეტულ გარემოში, დროსა და ვითარებაში ქონდა წარმატება. ეს მოდელი სხვა არც ერთ ქვეყანაში არ გადაუღიათ, ევროკავშირმაც კი არ მიიღო და გავრცელება ვერ ჰპოვა. თეორიული გათვლებით, ამ მოდელს (ასე მას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ) კვლავწარმოების გაფართოების მოტივაცია გააჩნია. ვერ ვუარვყოფ, რაღაც ეტაპზე ეს ასეც მოხდება. მაგრამ მაშინ, როდესაც სამეწარმეო სუბიექტების 90%-ზე მეტი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოა, მათ გაფართოებისთვის იმდენი რესურსი არ რჩებათ, რომ ეკონომიკას მატება მალე დაეტყოს.
მოგების გადასახადის ახალი მოდელის შემოღებით ბიუჯეტის შემოსავლებს არანაკლებ 500,0 მილ. ლარი აკლდება რამდენიმე წელიწადს მაინც. ეს მნიშვნელოვანი თანხაა, მით უფრო, ჩვენი ეკონომიკისთვის.

– რით ივსება ბიუჯეტი?


– ეს მართლაც საინტერესო საკითხია – რით ივსება, რისგან შედგება ბიუჯეტი?
ადრე, ბიუჯეტში ყველაზე დიდ ნაწილს გადასახადები შეადგენდა. დღეს, გადასახადები მთლიან შემოსავლებში იმდენი არაა, მათი ადგილი მოსაკრებლებმა, ჯარიმებმა, საურავებმა შეავსო. ნახეთ, რა წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე: 2011 წელს პრეზიდენტმა გამოსცა ეკონომიკური დამოუკიდებლობის აქტი, რითაც ახალი გადასახადის დაწესების, მისი გაზრდის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ რეფერენდუმით არის შესაძლებელი. არ ვიცი, ვის შეიძლება მოუვიდეს ასეთი აზრად, ხალხს შეეკითხოს: გინდათ ეს გადასახადი თუ არა, მოქნილია იგი თუ არა? რომელი გადამხდელი იტყვის, არიქა, გამიზარდეთ გადასახადი, მეტი მაქვს და არ მჭირდებაო. ამიტომაცაა, როცა ბიუჯეტს პრობლემები ექმნება, ყოველთვის არის ცდა მოსაკრებლები გაზარდონ. დღეს ბიუჯეტის შემოსავლების უფრო მეტი ნაწილი მოსაკრებლებია.

– გამოდის, რომ ბიუჯეტი მოსაკრებლებით ივსება. რატომ ხდება ასე?

– აბა, გადასახადები იმდენი არაა, ბიუჯეტს რომ ეყოს. ეკონომიკა არ იზრდება ან ნელა იზრდება. გადასახადების განაკვეთების გაზრდა ისედაც უკმაყოფილებას გამოიწვევს, ამასთან, ეს შესაძლებლობა შეზღუდულია ეკონომიკური დამოუკიდებლობის აქტით. ჯარიმების გადაუხდელობაზე საურავებს ვერ დააწესებ. ჯარიმებზე საურავები რომ დააწესო, წარმოგიდგენიათ რა მოხდება? – ასე მოსახლეობას სულ განადგურდება.

– ოპოზიცია მუდმივად გადასახადების შემცირებას ითხოვს. რას მოგვცემს ეს ყოველივე?

– სიმართლე გითხრათ, ჩვენთან საგადასახადო ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე ნორმალურია. იგი არც ყველაზე დაბალია და არც ძალიან მაღალი. მაგრამ პრობლემა სხვა რამ არის. ვინ იხდის გადასახადს? – კოდექსის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელიც შემოსავალს ღებულობს. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. სინამდვილეში, იურიდიული პირი არაფერს იხდის. არაპირდაპირი გადასახადები – დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი მომხმარებლის გადასახადია, საწარმო, იურიდიული პირი აგენტის ფუნქციას ასრულებს მხოლოდ. პირდაპირ გადასახადებსაც (მოგებას, საშემოსავლოს, ქონების გადასახადს) სინანდვილეში მომხმარებელი იხდის. რა არის მოგების გადასახადი? ესაა გადასახადი სხვაობიდან შემოსავალს მინუს ხარჯები. ქონების გადასახადს ვინ იხდის? ქონების გადასახადი თვითღირებულებაში აისახება და შესაბამისად, როცა პროდუქციას ვყიდულობ, მომხმარებელი მას იხდის. რაც თვითღირებულებაში შედის, იმის გადამხდელი მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელია. ასეა ამ გადასახადების რეალური ბუნება.

– ამდენი გადასახადი ზურგზე ღატაკ ადამიანებს აწევთ, ასე როგორ ავაშენოთ მდიდარი სახელმწიფო?

– უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რაზეც ახლა ვისაუბრე, ეს გადასახადი არ არის. გადასახადი არის ის, რაც კოდექსითაა გათვალისწინებული. ეს არც მოსაკრებელია. ჩვენ გვაქვს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი (ქონების) გადასახადი. სულ 6 გადასახადია დაწესებული: აქციზი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, მოგების, საშემოსავლო, იმპორტის და ქონების გადასახადი. ეს არის რასაც საგადასახადო კოდექსი არეგულირებს. სხვა მოსაკრებლებია სათამაშო ბიზნესიდან, მომსახურებიდან და საქმიანობიდან, ჯარიმებია, საურავებია. ბიუჯეტში გადასახადებს ბევრად სჭარბობს სხვა შემოსავლები. ეს ნიშნავს, ეკონომიკა არ ვითარდება. მოსახლეობაზე სახელმწიფო არ ზრუნავს. მომხმარებელი, მოსახლეობა ინახავს სახელმწიფოს და ბიუროკრატიას, რომელიც, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. ადრე, ძალიან საინტერესო საზოგადოებაში ვცხოვრობდით, სადაც სხვა რამ იყო პრივილეგია. ჩვენ ის მოვსპეთ, გავანადგურეთ. აღმოვჩნდით, სრულიად უცხო, დაუცველ გარემოში, სადაც დამოუკიდებლად თავი უნდა გაიტანო და სხვაც უნდა არჩინო. სოციალისტურ იდეალაბს მრავალჯერ დაუბრუნდება საზოგადოება. სანამ მთავარი საზრუნავი ადამიანი არ გახდება, საშველი არ მოვა.

– ბატონო იური, ბოლოს ინვესტიციებზეც მინდა გკითხოთ. მაგალითად, თურქეთმა ეკონომიკა სწორედ იმით გააძლიერა, რომ ინვესტორებს ბეგარა ხუთი წლით მოუხსნა. ჩვენთან როგორი საინვესტიციო გარემოა?

– ძალიან რთულ თემას შეეხეთ. იცით, როგორ განვითარდა სამხრეთ-კორეა? მან საოცარი რამ გააკეთა. როცა ქვეყნის თავები დაფიქრდნენ, მიხვდნენ, რომ არ ჰყავდათ სათანადო კადრები. გადაწყვიტეს კადრების კვალიფიკაცია აემაღლებინათ, თუ ადგილზე არ ჰყავდათ შესაბამისი სპეციალისტები, სასწავლებლად ევროპაში აგზავნიდნენ, ოღონდ, მიზნობრივად ასწავლიდნენ საჭირო სპეციალობებს. შედეგად, კორეა უცებ განვითარდა, დღეს, იგი, იაპონიის დონეზეა. თურქეთმა 80-იანი წლების დასაწყისიდან საოცარი რამ გააკეთა, მან ლიბერალური პოლიტიკა გაატარა, რამაც ბაზა შექმნა და მერე, ყველაფერი დალაგდა. ინვესტიციები უფაქიზესი თემაა. ვინც ევროპაში წავიდა და ისწავლა, მათი გაგებით, საქართველოსთვის, ინვესტიციები აუცილებელია. ბევრს წარმოუდგენია, რომ უცხოური ინვესტიცია ეს არის საქართველოს გადარჩენა, სინამდვილეში ასე არ არის. თუ განვიხილავთ იმ ინვესტიციების გენეზისს, რაც საქართველოში განხორციელდა, თუ როგორ დაიწყო, რა ხდებოდა, გაოცდებით. რა ინვესტიციაც მივიღეთ, უფრო მეტი საქართველოდან გავიდა. არცერთი პირველი ინვესტორი აქ, არ დარჩენილა. იმიტომ კი არა, რომ მას არასაინვესტიციო გარემო შეექმნა, არა! იგი სხვა მიზნით იყო აქ ჩამოსული. იყიდა იაფად, გაამსხვილა ადვილად და გაყიდა. ვიღაც ამბობდა: უცხოურ ინვესტიციაში ის კი არ უნდა დავინახოთ, რომ ვიღაცა ფულს დებს, ეს კულტურაც არისო, ჩვენ წარმოების კულტურას ვღებულობთო. უცხოური ინვესტიციის აკრძალვის მომხრე არ ვარ, მაგრამ უპირატესობა რომ მივანიჭოთ, სწორი არ იქნება. მავანი ამბობს: ბიუჯეტს ხომ უხდისო. რას უხდის? – მოგების გადასახადს არ გადაუხდის. უცხოური ინვესტორი თუ აქაური მუდმივი დაწესებულების სახით ჩამოყალიბდება, მასზე ის კანონი მოქმედებს, რაც გვაქვს. კონკრეტული ინვესტორი აქ ჩადებს ფულს, რათა დაიწყოს მუშაობა, მერე წარმოებას გააფართოვებს, მოგებას მიიღებს და რაღაც მომენტში უკან წაიღებს, თანაც აქ, თავის ხალხს ასაქმებს და ის შემოაქვს რაც სჭირდება. როცა ჩვენ იმპორტს ვზრდით, ბევრმა არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ, ვმუშაობთ იაპონიაზე, ამერიკაზე, საფრანგეთზე, ანუ იმ ქვეყნებზე, საიდანაც ეს იმპორტი მოდის. ჩვენ მათ ქვეყნებს ვუწყობთ ხელს. როგორც იცით ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გავხდით. უნდა ვიყოთ კიდეც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორგანიზაციის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ და ჩვენი არაფერი გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა შევცვალოთ იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობა. თუ ეს არ შეიცვლება, ჩვენი ვალუტა არასოდეს არ იქნება მყარი და ა.შ. კარის გაღება იმპორტისათვის სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ და ჩვენი არ შევქმნა თ. პირიქით, ისეთი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რომ აქ შეიქმნას უფრო მეტი და ფასეული და მაშინ გვეშველება. თავის დროზე, აქ, უცხოური ინვესტიცია იყო წახალისებული. დღეს, ეს მიდგომა შეიცვალა, ადგილობრივთან გათანაბრდა, მაგრამ ჩვენ, მაინც უცხოურ ინვესტიციას გავიძახით. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს უცხოური ინვესტიციაა და სხვა ვინმე მოდის? – არავინ დაიჯეროს, ეს ტყუილია. ეს არის აქ შექმნილი ფული, ოფშორში დარეზერვებული და იქედან ისევ აქ შემოსული. ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
19-12-2017, 17:11


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსახლეობას საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს და ეროვნული ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ გაფრთხილებას ახსენებს.
"შეგახსენებთ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად გადავდგით - 2017 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ გაცემული სესხის ფასი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ეფექტურ 100 პროცენტს. ასევე, 100,000 ლარამდე სესხები ფიზიკურ პირებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/3534478
ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ კარგად გადაამოწმოთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციების დროს შემოთავაზებული პირობები. რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით უხვია მსგავსი შემოთავაზებებით, ხელმოწერამდე გულდასმით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას და ყურადღება მიაქციეთ პირობებს. თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელი ხაზის ნომერზე 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge " - წერს კობა გვენეტაძე.
ინფორმაციას newposts.ge ავრცელებს.

მეტის ნახვა
14-12-2017, 14:42


დედაქალაქის მერი კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიის მიზანია, თბილისი მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებს შორის ყოველთვის იყოს და უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი გაცილებით ლამაზად განათდეს.

„ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუვარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით, იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო.
„კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გასულ წელს, საახალწლოდ ლონდონი ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი იყოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მეტის ნახვა
7-12-2017, 15:12