(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28-32)

ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილიდან მცირე ამონარიდით დავიწყებ – ვისთან ვერ ვითანამშრომლებ? წერს ბატონი ბიძინა 2011 წლის მიწურულს და იქვე აკონკრეტებს:
"ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ".

ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმთან გარიგებულთა ვინაობა ღიად დაასახელა, პირადად ჩემთვის ჩამონათვალი მოულოდნელი არ ყოფილა – მაგალითად, "ახალ მემარჯვენეებზე", გიორგი თარგამაძეზე, ბაჩუკი ქარდავაზე, გია თორთლაძეზე, პაატა დავითაიასა და სხვებზე საზოგადოებაში მანამდეც არსებობდა ეჭვები, მოულოდნელი იყო "ლეიბორისტებისა" და შალვა ნათელაშვილის ხსენება მათ გვერდით. ბიძინა ივანიშვილის წერილის ეს თავი ასე მთავრდება:
"დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ".

ივანიშვილმა დასაწყისიდანვე უარი თქვა ნათელაშვილთან თანამშრომლობაზე და როგორც დრომ გვიჩვენა, არც რაიმე სახის რევიზიას ჰქონია ადგილი. ქარდავები, დავითაიები, თორთლაძეები და სხვები რომ ყოველთვის სააკაშვილის "პადელნიკები" იყვნენ და დღესაც არიან, ეს ვიცოდით და ვიცით, მაგრამ შალვა ნათალაშვილი, კაცო, შალვა, რომელიც 2007-ში (როცა მიშა დასაჭერად დასდევდა) სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა, რომელიც რუსეთის აგენტად იყო შერაცხული?! არა, კი დადიოდა რაღაც ჭორები, მიშას საკრებულოს თავმჯდომარეობა მიჰყიდაო, კაი "მაყუთი" აიღოო, მაგრამ ჩემთვის ამის დაჯერება მაინც წარმოუდგენელი იყო და ამის თაობაზე ბატონ ბიძინას ვკითხე კიდეც. პასუხი ასეთი გახლდათ:

- ვინ უნდა დავიყენო გვერდით, გაყიდული შალვა ნათელაშვილი, 2007-ში ფორმალურად რომ დარბოდა და იმალებოდა?!
- აი, შალვაზე ვერ წარმომიდგენია, რომ გაყიდული იყოს, სააკაშვილს ებრძვის გააფთრებული.
- მე წარმომიდგენია და ვიცი!
`ლეიბორისტების~ ოფისი. შალვა ნათელაშვილის კაბინეტი. მე ვცდილობ, დავამშვიდო აღელვებული შალვა, მაგრამ არ გამომდის:
- ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილსა და სააკაშვილს დაუკვეთა ჩემი მკვლელობა!!!
– შალვა, მე მგონი, აჭარბებ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა შენი მხრიდან.
- ნახე, რას აქვეყნებს ცნობილი საიტი "ვიკილიქსი", ეს არის ამერიკელი დიპლომატის წერილი გაგზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტში: "საქართველოში
ამერიკის ელჩმა, ჯონ ტეფტმა მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით დაურეკა. ტეფტმა და საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის შესახებაც ისაუბრეს. სააკაშვილმა უთხრა ელჩს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს შალვა ნათელაშვილი თავის ოჯახთან ერთად ცხინვალის გავლით რუსეთში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ნათელაშვილი კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად რუსულ ფულს იღებდა იმისთვის, რომ 2 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციები ხელისუფლების დასამხობად გამოეყენებინა". ნახე, როგორი გეგმა იყო, მე უნდა გავქცეულიყავი ცხინვალის გავლით, რუსეთის მიმართულებით და ჩამცხრილავდნენ საზღვარზე. ამ ყველაფერში ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილი, ის არის მკვლელი, ქილერი, მას ბევრი ჰყავს გასტუმრებული ამ ქვეყნიდან. მე ხომ არაფერს ვიგონებ?!

- აქ ივანიშვილი რა შუაშია? როგორც ვხედავ, ტეფტი მას საერთოდ არ ახსენებს.
- სააკაშვილი ელაპარაკება ტეფტს და ისიც აგზავნის სახელმწიფო დეპარტამენტში ამ წერილს. აი, რა დონის გულუბრყვილო ვარ, კაცს ჩემი მოკვლა აქვს შეკვეთილი და მე პრემიერ-მინისტრად ვასახელებ. პრემიერ-მინისტრად დავასახელე კაცი, ამხელა პიარი გავუკეთე მთელ მსოფლიოში და მადლობის სანაცვლოდ აგერ, ტყვიას მესროდა თურმე!
- საინტერესოა, რატომ დაასახელე პრემიერობის კანდიდატად, რა აზრი გქონდა ამაში ჩადებული?
- ნესტან კირთაძემ მირჩია.


ალბათ, დამეთანხმებით, ეს უკვე შეურიგებელი მტრობაა. შალვა ნათელაშვილი განიცდის, ნერვიულობს, ივანიშვილს აკრიტიკებს, ლანძღავს, ყველგან უჩივის, ამერიკაშიც, ევროპაშიც, კერძოდ – ჰააგაშიც, მაგრამ ჩემი აზრით, ჯერ ვერაფერი დააკლო. თუ ნინო ბურჯანაძე უფრო დელიკატურია და დიპლომატიის რაღაც დონეს მაინც ინარჩუნებს მილიარდერის მიმართ, ნათელაშვილი ყველაფერზე მიდის. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს მომენტს, სატელევიზიო გამოსვლების დროს არ გაკენწლოს ნათელაშვილი. აშკარაა, ამ ჭიდილში ივანიშვილი იგებს, მისი პირველივე წერილის შემდეგ "ლეიბორისტებში" იწყება რყევები, პარტიიდან მიდიან მნიშვნელოვანი ფიგურები – კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და სოსო შატბერაშვილი. ისინი თავიანთ ყოფილ ლიდერს ადანაშაულებენ ფულის აღებასა და ათასგვარ მაქინაციებში. რასაკვირველია, არ არის ლამაზი, როცა თანამებრძოლები ასე შორდებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს გახლავთ ჩვენი სამწუხარო რეალობა. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს შალვა ნათელაშვილმა, ჩემი პარტია ამ ადამიანების წასვლით არ დაზარალდაო, ივანიშვილმა ვერაფერი დამაკლო, ვერ ჩამძირაო, ეს იქნება მტკნარი სიცრუე. "ლეიბორისტების" ლიდერი იმაზე მეტად ფიცხია, ვიდრე პოლიტიკური მოღვაწე უნდა იყოს, ის ხშირად გადადის გაუწონასწორებელ მდგომარეობაში და უშვებს უამრავ შეცდომას.

მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ურყევი დამოკიდებულებისა, შალვა ნათელაშვილს ჰქონდა შანსი, შეენარჩუნებინა სოლიდურობა, აეღო კურსი სიდინჯისკენ, რათა თავადვე არ გაენადგურებინა ჯიბეში ჩადებული გარკვეული რეიტინგი, რაც სრულიად საკმარისი იყო ხოლმე პარლამენტში მოსახვედრად. არა, მან ეს ვერ და არ გააკეთა, სრულად ავარდა `ფინთი გოიმივით~ და 2012 წლის შემდეგ თავისი ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ ივანიშვილი არ ტყუოდა, უნებლიედ თავადვე "გააპრავა". სულაც რომ მართალი ყოფილიყო არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ უფალთან და ერთან, წუპაკი `"ნაციონალების" გვერდით მაინც არ უნდა დამდგარიყო. ბოლოს და ბოლოს, ქარდავებთან, დავითაიებთან, მაჭუტაძეებთან, ვაშაძეებთან, გვარამიებთან და ათასი ჯურის უნიჭო ავანტიურისტებთან რომ დადგები, სააკაშვილთან ხარ გარიგებული, აბა, რა ხარ?!

წინა საპარლამენტო არჩევნების დროს დავწერე, "ლეიბორისტული პარტია" ვერ გავა, დაახლოებით 5 პროცენტს აიღებს-მეთქი. მაშინ შალვამ დამირეკა და "შემაჩვენა" – მეგონა, თუ არ გიყვარდი, პატივს მაინც მცემდიო. შალვა, მიყვარხარ და პატივსაც გცემ, მაგრამ რეალობა ასეთია, მე არაფერ შუაში ვარ-მეთქი. ჩემი პროგნოზი გამართლდა. შალვა ისე იყო გაღიზიანებული, ყვიროდა, ივანიშვილს ცულით მივუვარდები თავის შუშის სასახლეში და თავს მოვაჭრიო. გრაფიკიდან ამოვარდნილმა ნათელაშვილმა ივანიშვილს ვერა, მაგრამ თავად კი მოიჭრა უამრავჯერ თავი – ჭორების გავრცელება იქცა მის მთავარ ხელობად, სადაც კი რამე საეჭვო თემა წამოიჭრება (მაგალითად ნარკოტიკები), ეგრევე ბერა ივანიშვილს მიაწერს, არიქა, ეგ "კრიშავსო". შემდეგ კი რამდენიმე საათში ირკვევა, რომ ბერას არანაირი კავშირი არ აქვს იმ საქმესთან. რომ გითხრათ, შალვას ნათქვამ სიტყვას შედეგი არ აქვს-მეთქი, მოგატყუებთ, აქვს სადღაც 3–5 პროცენტის ფარგლებში, რაც ნამდვილად აღარ არის საკმარისი, რათა პოლიტიკაში "იბაირამო". ბოლოს კიდევ ერთხელ გამოვთქვამ წუხილს, რომ შალვა ნათელაშვილი, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა მშვენიერი რეიტინგი, ვიღაც მაჭუტაძის დონეზე დაეშვა და იმ პოზიციებიდან გამოუცხადა ომი ბიძინა ივანიშვილს. ამით მან გაუშვა ხელიდან დიდი შანსი, რომ ქართულ პოლიტიკაში დარჩენილიყო სოლიდურ პიროვნებად და ივანიშვილთან ელაპარაკა ცოტა სხვა სიმაღლეებიდან. შალვა, ჩემო მეგობარო, შენ შეგეშალა, ბიძინამ გაგიგო, გაგთქვა და ამიტომაც შეიძულე სამარადჟამოდ. თუმცა მანამდე სცადე, "პლასტინკა" შენებურად დაგედო, გამოხვედი და პრემიერ-მინისტრობა შესთავაზე. არ დატრიალდა "პლასტინკა" შენებურად, ბიძინამ სულ სხვა სიმღერა დაუკვეთა და მოდი, ვთქვათ სიმართლე, კაი გვარიანადაც მიგაფარჩაკა. მაპატიე, არ მინდოდა ამის თქმა, უბრალოდ შენმა გამოხტომებმა მაიძულა… აი, ამას წინებზე რაღაც ვიდეო ვნახე რომელიღაც სატელევიზიო გადაცემიდან ამოჭრილი, სადაც ივანიშვილს მახინჯს უწოდებ – ტიპი ისეთი მახინჯია, დაკომპლექსებული იყო და საზოგადოებაში თავს ვერ ყოფდა, გარეთ ვერ გამოდიოდაო. ჯერ ერთი, ივანიშვილი სულაც არ არის საფრთხობელა და მეორეც – ასეთი ლაპარაკი რა კაცის საქმეა, ამით რას მიაღწევ? ვერაფერს, რაც აქამდე პოლიტიკური ქულები მოგინაგრებია, თუ უკვე არ გაგიცამტვერებია, ნულამდე დაიყვან.

გელა ზედელაშვილი
(გაგრძელება იქნება)

მეტის ნახვა
Yesterday, 17:30


თქვენი არ ვიცი და… მე ამხანაგი გრიგოლ ვაშაძე თავისი ჰაბიტუსით ფილმ "ღიმილის ბიჭების" ერთ-ერთ პერსონაჟს — ბეთჰოვენას მაგონებს. ერთი ეგაა, ბეთჰოვენა, რომელიც ვიოლინოს თანხლებით დადიოდა და სულ ცაში იყურებოდა, უფრო კეთილშობილი გახლდათ. მას მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო, ვიოლინო გადადო და ფრონტის ხაზზე წავიდა.

პრინციპში, ვაშაძეც ჩამოვიდა ფრონტის ხაზზე რუსეთიდან, როცა სამშობლოს დასჭირდა, მაგრამ ეს საქმე ცოტა ვირეშმაკულად გამოუვიდა — თან პატრიოტულს მიაწვა, თან რუსული პასპორტი ვერ დათმო, თან პროდასავლური კურსი აიღოსავით. ერთი სიტყვით, რამდენიმე ცხენზე ერთდროულად ჯდომა მოინდომა და აერია რამსები — თან რუსებს ლანძღავდა 2008-ში, ეს რა გვიქენით, თქვე ბოზებოო, თან კიდევ წერილი გააგზავნა რუსეთის კულტურის სამინისტროში — არიქა, ჩვენი ერები კულტურულად უნდა დავაახლოვოთ, ერთობლივი კონცერტები გავმართოთო… უი, არა, არა, თქვენ ნუ შეწუხდებით, მომღერლებსა და მოცეკვავეებს ჩვენ გამოვაგზავნით, თქვენ მხოლოდ ტაში დაუკარით, რომ ძმობას, ერთობას და სოლიდარობას უფრო ღრმა საფუძველი ჩაეყაროსო. დიახ, ეს წერილი იწერებოდა მაშინ, როცა გორი, ახალგორი და მიმდებარე სოფლები ჯერ კიდევ ცეცხლის ალში იყო გახვეული.

დღეს ამხანაგ გრიგოლს თავის ბიოგრაფიასაც უხსენებენ — შენა, კაცო, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრე 1981-ში… 1990 წლამდე, როცა საქართველო საბჭოთა იმპერიას ებრძოდა და ჩვენი ახალგაზრდობა ტანკებით გადათელეს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში იყავი მოკალათებული, ახლა იმ ნიგერიელისა არ იყოს, ტელევიზორში აქეთ რომ დაგვამუნათა, რა "ფრითენზიები" გაქვსო? აბა, რა გითხრათ… შენიშვნა სამართლიანია, ამხანაგი გრიგოლი ვერც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა მოიყვანა აზრზე და ისე იყო წამოპლაკული საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, ისე გახდა დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი, ისე ჩააგრიალა ცხოვრება 2008 წლამდე, გეგონება არც არაფერი მომხდარა. ჰო, კიდევ იმას საყვედურობენ, იმ ბირთვულ რაღაცაში რომ მუშაობდი, მანდ კაგებეს გარეშე არ მიგიღებდნენ, ვის ატყუებ, რომ ვითომ პროდასავლელი ხარო? ვერაფერს იტყვი, ესეც სამართლიანი შენიშვნაა, მაგრამ ამხანაგი გრიგოლი მაინც იძახის, ჩემი წილი რუსეთი ჩემია, ჩემშია, ვერავინ წამართმევსო. რასაკვირველია, მისი წილი რუსეთი მასშია, მისია და ვერც ვერავინ წაართმევს. ან კი რატომ უნდა წაართვას?!

შემდეგ, როცა ამხანაგი გრიგოლი უმუშევარი დარჩა, რაღაც ბიზნესი წამოიწყო. ბიზნესი კი არა, სინამდვილეში ეს იყო საკუთარი მეუღლის პიარ-მენეჯერობა, სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს უგეგმავდა. მამუკა გამყრელიძემ, მიშას დროს ჩინეთში ელჩად რომ იყო გამწესებული, "კავკასიის" ეთერში თქვა: გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე დიდი გამოცდილება ცოლის სამსახურში მიიღოო. ჰა, ჰა, ჰა… გაიგონეთ? ცოლის სამსახურში მიიღო დიდი გამოცდილებაო. დიახ, სწორედ ამაზე ამბობს ზაალ უდუმაშვილი, ამხანაგ გრიგოლს რომ ვუყურებ, კლასი, გამოცდილება და ცოდნა ზედ აწერიაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მიხა სააკაშვილს მისივე ნათელ-მირონმა ნინო ანანიაშვილმა სთხოვა, ჩემი პიარ-მენეჯერობით ბევრი არაფერი გამოდის, ქმარი უნდა დამისაქმოო. იმან უთხრა, არ არი პრობლემაო და 2008 წელს ეგრევე მოსვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად, ბოლოს კი საგარეო საქმეთა მინისტრად. აი, კლასი… აი, გამოცდილება… აი, ცოდნა-განათლება!

თუმცაღაააა… ამხანაგი გრიგოლი მაინც არაადექვატურია, ხშირად ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, კაცს რუსი ვანია გეგონება. თუნდაც ის ვთქვათ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ჟურნალისტებს რომ წამოუწვინა: უკვე ЗАЕБАЛИ, ანუ უკვე ტვინი მოტ…ანითო!
მას შემდეგ, რაც გრიგოლმა საპრეზიდენტო ხეტიალი დაიწყო, ბევრი მიჰქარა, ანუ ბევრი თავხედობა ჩაიდინა. მაგალითად, ჩავიდა კახეთში და რამდენიმე დედაკაცს ეუბნება, ყველა ყურით მოათრიეთ საარჩევნო უბნებშიო. ჰმ… სადაა, ბიჭო, ყურით მოსათრევი ხალხი კახეთში? ან სამიოდე გამოშტერებულმა ქალმა როგორ უნდა მოგითრიოს ყურით ზაქებივით ბიჭები?!

კიდევ ერთი დიდი სისულელე: ამ დღეებში საჩხერეში ჩავიდა, ერთ მუჭა ხალხს შეხვდა, როგორც იცის ხოლმე, ყველა გადაკოცნა, ყველას ხელი ჩამოართვა (ეს "ნაციონალების" საფირმო ნიშანია) და უცებ დააბრეხვა:

"საჩხერე, ივანიშვილის მშობლიური მხარე, სხვა რეგიონების მსგავსად, უყურადღებოდ არის მიტოვებული. ადგილობრივებმა ყველაზე უკეთ იციან ოლიგარქის ტყუილის მაღალი ფასი. მოსახლეობა თანადგომას ითხოვს და ჩვენი ეიმედება. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოძრაობა "ძალა ერთობაშია" გაზრდის პენსიას 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასს — 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასს — 2000 ლარამდე. ჩვენ გამოვაცხადებთ ორ წლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტების გადახდაზე და ყველა ვალი დაანგარიშდება 2012 წელს არსებული ლარის კურსით".

აი, ამ რამდენიმე წინადადებაში უამრავი ტყუილია — ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილისგან საჩხერე ნამდვილად არ არის მიტოვებული, ჯერ კიდევ 2012 წლამდე იქ ყველაფერი იყო მოწესრიგებული — გზები, გაზი, წყალი… რომელი ერთი ჩამოვთვალო? მშობიარობა უფასო, გაზი — უფასო, დიდი სპეციალური დარბაზი, სადაც ჭირია თუ ლხინი — უფასო, ყოველ დაქორწინებულზე — ხარჯები უფასო, პლიუს 5 ათასი ლარი საჩუქრად. ჰო, კიდევ ისა… თავის დროზე ყველა ოჯახს რომ თეთრი ნივა აჩუქა ივანიშვილმა, მაგაზე არავინ ლაპარაკობს. აი, ახლა ჩავიდა საჩხერეში ამხანაგი გრიგოლი გაზეთ "პრავდაში" გახვეული ღიმილით და იძახის, აქაურებს ჩვენი იმედი აქვთო. ვისაც მაჭუტაძე-ვაშაძე-დავითაია-ქარდავას იმედი აქვს, ის აზრზე არ არის, რომ მომავალ პრეზიდენტს არც პენსიების გაზრდა შეუძლია, არც ხელფასებისა და მით უმეტეს, ვერც ბანკების საკითხს მოაგვარებს. ტყუის ამხანაგი გრიგოლი, ტყუის და ვირეშმაკობს!
მისტერ ბეთჰოვენს მარიხუანასთან დაკავშირებითაც აქვს თავისებური ხედვა, ამ შემთხვევაში ტრადიციულ გაგებას აწვება და სინამდვილეში აბრაკადაბრა კი გამოსდის:
"არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის. ეს არის შიდა მოხმარებისთვის გათვალისწინებული. თავიდანვე გასაგები იყო, ეს ისტორია საით მიდიოდა, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე ადამიანს უფლება აქვს, ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონტიტუციურ სასამართლოსთან: პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს როგორც უნდა?! ამ პლანტაციებს რომ გვიშენებენ, ხომ გასაგებია, ვის ჯიბეში წავა აქედან აღებული მილიონები".

ან სიმღერები, ან პედოფილია რა შუაშია მარიხუანასთან? რა სიმღერები შემოგვაპარეს და ვინ ამბობს, რომ პედოფილია თავისუფალი "პროფესიაა"? არა, ამას არ აინტერესებს სინამდვილე, ამას მხოლოდ სიტუაციის დაძაბვა სწყურია და ამ დროს რომ კაი გვარიანად უქიქინებს, ვერ გრძნობს. წააგებს ამხანაგი გრიგოლი, უთუოდ წააგებს და მერე დაიწყებს, გამიყალბესო!

პრინციპში, უკვე წაგებულია, რაღა გაყალბება უნდა?!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
Yesterday, 14:00


გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, 46 კანდიდატი ქვეყნის პირველი პირობისთვის ემზადება. როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო მარათონს?

_ დიდი ჭადრაკის მოლოდინი არ მაქვს, უფრო მარტივი თამაშები იქნება. ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრს საუბრობენ კანდიდატების მრავალრიცხოვნობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გასაკვირი არც არის, რადგან კანდიდატები გარკვეულ თანხას იღებენ. ამ კუთხით, მათი რიცხვი, მე თუ მკითხავთ, ცოტაც კი არის. ჩვენთან არ არსებობს სპეციალობა, რომელიც პრეზიდენტად მოგამზადებს. ნებისმიერს შეუძლია თავის კანდიდატურა წარადგინოს, ამის მაგალითია ტრამპი. მაგალითად, უცხოეთში ასეთი ფილტრის ფუნქციას ქონება ასრულებს. თუ ადამიანს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შესაბამისი სახსრები არ მოიზიდა, არჩევნებში მონაწილეობას ვერც მიიღებს. ერთხელ, როცა ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, ერთ-ერთ უცხოელ ექსპერტს ჰკითხეს: პრეზიდენტის არჩევისას, თქვენთან, სულით ავადმყოფობაზე _ ფსიქოს ტიპის შემოწმება თუ ხდებაო. მანქანის მართვისას ამოწმებთ ნორმალურია თუ არა ადამიანი და სახელმწიფოს მართვისას არ უნდა შემოწმდეს? ეს სწორი შეკითხვა იყო. მან გვიპასუხა: არჩევნებში მონაწილეობა მოითხოვს ბიზნესი გქონდეს, ისე ვერ მიიღებ მონაწილეობას ფულია საჭირო, ასევე, საიმისო რიტორიკა რათა ადამიანები მიიზიდო და ა.შ. ამ ჩამონათვალიდან გამომდინარე ფილტრს ვერ გაივლი თუ ჯანსაღი ფსიქიკა არ გექნაო.

_ ბატონო რამაზ, "ქართული ოცნება" დამოუკიდებლ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. მის განცხადებას, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რას ფიქრობთ რა შანსები აქვს სალომეს?

_ ამ საკითხზე, ბევრი მიზეზის გამო, შეიძლება ობიექტური არ ვიყო. ჯერ ერთი, თვითონ სალომე ძალიან მესიმპატიურება _ დიდი ხნის ნაცნობობა გვაქვს, მის მეუღლესაც დიდ პატივს ვცემ, ეს ფაქტორები ჩემზე მოქმედებს. ზურაბიშვილი დასაკარგი კანდიდატურა არ არის, ამ შეფასებაში ვერავინ შემედავება. იგი თავისი საქმის პროფესიონალია. შეიძლება მან, ხშირად, არ იცის პიარზე მუშაობა, არ იცის რა არის მისთვის მომგებიანი, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მას ნაფიქრი არ აქვს იმაზე, რასაც ლაპარაკობს. მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები ტენდენციურია. ბოლოს შარი მოსდეს აფხაზეთს მეზობელი უწოდაო. როგორც ირკვევა ასეთი კონტექსტი იყო: ის საუბრობდა სამეგრელოს მეზობელ აფხაზეთზე, ანუ იგი, აფხაზურ-მეგრულ ურთიერთობებზე მსჯელობდა. ეს სხვადასხვა რამ არის. აფხაზეთი სამეგრელოს მეზობლად რომ არის, ამას ნებისმიერ გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ. რატომ უნდათ ზურაბიშვილის გაფუჭება? _ იმიტომ, რომ ის რაც სამაჩაბლოს ომის დაწყებაზე თქვა, სინამდვილეში, სხვაგვარად იკითხება. მან, რეალურად, საქართველო კი არა, სააკაშვილი დაადანაშაულა. ეს სააკაშვილის წინააღმდეგ ნათქვამი განცხადებაა. თუ დააკვირდებით ზურაბიშვილი მიუღებელი სწორედ სააკაშვილის მომხრეებისთვისაა. ასე, რომ სალომეს გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის მომხრეებმა იციან: მათ პრეზიდენტის სავარძელში შეურიგებელი მეტოქე დახვდებათ. ზურაბიშვილი კოჰაბიტაციისკენ გადახრილი პრეზიდენტი არ იქნება. სწორედ ამაშია ყველაზე უფრო ძაღლის თავი დამარხული _ თუ რატომ არის ასეთი შეურიგებლობა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" როცა მას უტევს საკუთარ თავს იცავს.

სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ კანდიდატურა მოხსნას ხომ? ვის აწყობს, თუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ასარჩევი კანდიდატი აღარ დარჩებათ? _ ისევ და ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ხომ? მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ზურაბიშვილმა პიარს ცოტა მეტი ყურადღება არ უნდა მიაქციოს. იმ პირდაპირობას, რაც აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს ახასიათებთ. იგი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, რაც პროფესიონალიზმის დასტურად მიაჩნია. დიახ, ზურაბიშვილი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, უბრალოდ, იგი, ამჟამად, საჯარო პოლიტიკაში ჩაერთო და დახმარება ესაჭიროება.

_ დავუშვათ, ზურაბიშვილი აიძულეს კანდიდატურა მოხსნას. რა გამოდის, არჩევნები ოპოზიციას უნდა შევატოვოთ ხელთ? ასე რა შედეგამდე მივალთ?
_ ამ შემთხვევაში, მიღებულ შედეგს დიდი "მარჩიელობა" არ დასჭირდება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ საუკეთესო ვარიანტში შეიქმნება მეორე ტურის პირობები _ "ევროპულ საქართველოსა" და "ნაცმოძრაობას" შორის. მათგან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, გამარჯვებული "ნაცმოძრაობა" იქნება. მერე უკვე აურზაურის ატეხავენ, რაც იმისთვის სჭირდებათ, რასაც ვაშაძე საზოგადოებას დაუფარავად ჰპირდება. იგი ამბობს: ჩვენ თუ მოვალთ ამ ხელისუფლებას შევარყევთ, დაიწყება დემონტაჟიო. ამის სურვილს არც მალავენ. აი, რა სიტუაცია შერჩება მოსახლეობას.

_ რუსეთის ძუძუთი გაზრდილი და ახლა, პრო-დასავლელად მოვლენილი ვაშაძე თან გვპირდება, რომ შეიწყალებს სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას. რა საქართველოში მოგვიწევს ცხოვრება?

_ რევანშის პირობებში ყოფნა მოგვიწევს. ერთ-ერთი ვის კისერზეც ეს რევანში ნამდვილად გადატყდება, ეკლესია იქნება. "ნაცმოძრაობა" ისედაც არ გამოირჩეოდა, ეკლესიის მიმართ, დიდი ლოიალობით. ეკლესიის მოწოდება _ ზურაბიშვილმა კანდიდატურა მოხსნასო, პირდაპირ "ნაცმოძრაობას" აძლევს ხელს.ე.ი. რა გამოდის?! _ ეს მოთხოვნა `ნაცმოძრაობის~ მიერაა გაკეთებული. ვინც ეკლესიაში ამას ითხოვს, სავარაუდოა, რომ მას "ნაცმოძრაობის" რევანშის ინტერესი აქვს.

_ ბატონო რამაზ, მიუხედავად იმისა რომ 46 კანდიდატია, არჩევანის საშუალება არ არის, პოლიტიკურ მრავალფეროვნებას ვგულისხმობ?

_ გეთანხმებით, არ არის. საქართველოში, ზოგადად, მრავალფეროვნების საქმე ძალიან ცუდად გვაქვს. პრინციპში, დღეს, ისევ იგივე ალტერნატივის წინაშე დგას საზოგადოება _ "ნაციონალები" სხვადასხვა სახით, ფორმით და მეორე მხრივ, "ქართული ოცნება". კი ბატონო, ეს ისევ და ისევ ჩვენი ხარვეზია, რომ ერთიდაიგივე ვითარებაში ვართ, მაგრამ აქედან ადეკვატური გამოსავალი თუ არ ვიპოვეთ, ჩვენ, ისევ, როგორც 9 წლის წინ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

_ მოდით, კიდევ ერთ უცნაურ კანდიდატს შევეხო თ. ზურაბ ჯაფარიძემ ქართული პოლიტიკა პორნოგრაფიამდე დაიყვანა.

_ ნუ, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკა აღარ არის. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ყველა ადამიანს ვინც პოლიტიკაში შეაბიჯებს, ჩვენ, პოლიტიკოსს ვეძახით, მაგრამ ასე არ არის. ყველა ადამიანს არ აქვს პოლიტიკის უნარი და ამას ვერც მოთხოვ. ამ ადამიანებმა ნახეს ღია კარები, შანსი რომ შესულიყვნენ და შევიდნენ. ეს უკვე ჩვენი საზოგადოების მოუმწიფებლობის შედეგია. პოსტ.საბჭოთა სივრცეში გვაქვს ასეთი სიტუაცია _ იქაც, ვინ აღმოჩნდება პოლიტიკაში კაცმა არ იცის. ამიტომ, შექმნილი მდგომარეობა დიდად გასაკვირი არ არის, მაგრამ ხალხზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ამერიკის სინამდვილეში ამბობენ, რომ იქ, სულ ორი პარტიაა, რაც ტყუილია. ორი კი არა, ასზე გაცილებით მეტია, მაგრამ ხალხი ამ ორი პარტიის გარდა, სხვას გასაქანს არ აძლევს. იქ, საზოგადოებამ შეზღუდა პარტიების რიცხვი და პოლიტიკური სიტუაცია უფრო გაამარტივა. ხალხი თავისას შვება, თუმცა, შეცდომას ხელისუფლებაც უშვებს. ჩვენი ხელისუფლება ფულს წაგებულებისთვის რომ არ დებდეს _ წაგებული პარტიისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის _ შენ კი წააგე, მაგრამ უკეთესად, ვიდრე სხვამო, მაშინ პოლიტიკური პარტია რომელიც წააგებდა, პოლიტიკიდან წავიდოდა. ახლა, პრაქტიკულად, მარტო იმიტომ რჩებიან პოლიტიკაში, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ შემოსავალი ჰქონდეთ. ეს შემოსავალი აქვთ კიდეც. სხვა მოტივი არც მათ აქვთ და არც კანონმდებლობამ არ შექმნა იმის პირობა, რომ პოლიტიკოსებში ბუნებრივი შერჩევა მოხდეს. ცნობილი გამონათქვამია: სადაც ბუნებრივი შერჩევა არ ხდება, იქ ევოლუციაც არ არსებობს. ამიტომაც გვყავს ევოლუციის გარეშე განუვითარებელი პოლიტიკური სპექტრი.

_ ბატონო რამაზ, რამდენად მომგებიანია მარიხუანას კულტივაციის თემის შემოგდება ახლა, არჩევნების წინ?

_ რა გარანტია გვაქვს, რომ საკმაოდ მოკლე დროში მარიხუანას თემა საწინააღმდეგო გავლენას, იმ მუხტს არ მოაგროვებს, რომლის პიკი არჩევნების დღეს იქნება. ეს არის მთავარი _ როდის მოდის ამ გავლენის პიკი. რა გარანტია გვაქვს, რომ არჩევნების დღეს "ქართული ოცნების" დამარცხებაში დაინტერესებული ძალები ამ მუხტს კულმინაციამდე არ მიიყვანენ?! ამის გარანტია არ მაქვს. ამიტომ, უფრო ის მაწუხებს რა მოხდება არჩევნებში, ვიდრე ის რა მოყვა მარიხუანას კულტივაციის პროექტს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
21-09-2018, 16:30


ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება საქართველოში – რომელიმე კერძო ტელეკომპანიის მფლობელს ბიზნესი ჩაუვარდება თუ არა, მყისვე საყოველთაო-სახალხო განგაშს ტეხს _ ხელისუფლება დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას ებრძვის და ჩემს ბიზნესზე ზეწოლას ახდენს, რომ ტელევიზიის დაფინანსება ვერ შევძლო და იძულებული გავხდე, გავაჩეროო.

განსაკუთრებით თამბაქოს ბიზნესში ჩართული ბიზნესმენები აქტიურობენ ამ მიმართულებით.

ჯერ იყო და, TV პირველის მეთამბაქოე მფლობელმა შემოჰკრა ბუკსა და ნაღარას, ახლა იგივეს აკეთებს ტელეკომპანია "იბერიას" მეთამბაქოე მფლობელიც.
ცოტა არ იყოს, გასაკვირი კი არის, რატომ მაინცდამაინც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მფლობელებს უჩნდებათ მოთხოვნილება, ჩვენი ფილტვების "დაკაპჩონების" ხარჯზე ნაშოვნი ფულით თავისუფალი მედიის განვითარებას და მედიაპლურალიზმის დამკვიდრებას ემსახურონ, თუმცა ეს მათი ნებაყოფლობითი არჩევანია, რომლის ფინანსურ უზრუნველყოფაზეც თვითონ არიან პასუხისმგებელნი და არა სახელმწიფო, და არა ხელისუფლება და არა ბიუჯეტი, რომელიც, მოგეხსენებათ, მოსახლეობიდან აკრეფილი თანხებით ივსება.

ესენი კი, ეს დალოცვილები, ფინანსური პრობლემა შეექმნებათ თუ არა, იმწამსვე ხელისუფლებას მივარდებიან და ლამის არის თავიანთი ტელეკომპანიების ბიუჯეტიდან დაფინანსება მოსთხოვონ. (ვალების ჩამოწერას რომ ითხოვ, ექსკლუზიურ პირობებს რომ ითხოვ, შეღავათებს რომ ითხოვ, ეს ყველაფერი ხომ ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულის ხარჯზე უნდა გაკეთდეს?).

კი, მაგრამ, ჩვენ, ხალხმა, როდის განვაცხადეთ თანხმობა, თV პირველი ჩვენ ვარჩინოთ, "იბერია" ჩვენ ვარჩინოთ, "კავკასიაც" და სხვა დანარჩენი მედიასაშუალებებიც ჩვენ ვარჩინოთ?

ამასწინათ უცნაური აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

უცნაური იმდენად, რამდენადაც შინაარსი ამ აუდიოჩანაწერისა, არავითარ ლოგიკას, არანაირ საღ, პრაგმატულ აზრს არ შეესაბამება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა.

გავიხსენოთ, რაზეა საუბარი ამ ჩანაწერში.

ლევან ყიფიანი ურეკავს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს და ეუბნება, რომ თუ ის სამ მილიონს გაიღებს, ყიფიანი მზად არის საქმეში ჩართოს გავლენიანი პირები და ბიზნესმენს მოუხსნას ის ფინანსური დავალიანება, რაც მას სახელმწიფოს წინაშე აქვს.

საუბარია 53 მილიონზე, რომელიც ომეგა-ჯგუფს სახელმწიფოსთვის აქვს გადასახდელი.

ქველმოქმედებისა და სიკეთის ქმნის ხასიათზე დამდგარი ყიფიანი ამ 53 მილიონის ჩამოწერას სულ რაღაც სამ მილიონად ჰპირდება პატივცემულ ბიზნესმენს _ ამ სამი მილიონიდან ნახევარ მილიონს ბიუჯეტში შეიტან, დაბნარჩენ 2,5 მილიონს გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, ვინც ამის გაკეთებაში დაგვეხმარებაო.

ბიზნესმენი, რომელმაც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანგარიში ნამდვილად იცის და ისიც იცის, რომ 53 მილიონი თითქმის 18-ჯერ მეტია 3 მილიონზე, გაკვირვებასაც კი არ გამოთქვამს ყიფიანის ამ ჰუმანურ შეთავაზებაზე და არც კი სვამს კითხვას: რაიმეს ხომ არ მატყუებთ თქვენ, ბატონო ლევან, როდის იყო, სამ მილიონად 53 მილიონს "არასხოდებდნენ". თანაც, ამ სამი მილიონიდან მხოლოდ ნახევარი მილიონი მიდის ბიუჯეტში. დანარჩენ 52,5 მილიონს ნახევარ მილიონად როგორ და რანაირად ჩამოწერენ. ეს ხომ შეუძლებელია? – მსგავსი არაფერი უთქვამს ყიფიანისთვის ოქუაშვილს, ისე მშვიდად და წყნარად მოუსმინა "შუამავალს", თითქოს, რაც მან ილაპარაკა, იოლად და დაუბრკოლებლად განსახორციელებელი საქმე იყო.

სწორედ ეს გარემოება ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ეს აუდიოჩანაწერი თავიდან ბოლომდე გაყალბებული და ფალსიფიცირებულია.

თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ აუდიოჩანაწერი როგორც გინდა, ისე შეცვალო _ ამოაგდო ან ჩასვა სიტყვები, ჩაამატო ან ამოიღო მთელი წინადადებები, მოახდინო მოსაუბრეთა ხმის ზუსტი კალკირება და მიიღო ის ტექსტი, რომელიც გჭირდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარია, არსებობდეს მასალა, ანუ ორ პირს შორის საუბრის ჩანაწერი, მერე კი, თუ მოინდომებენ, ამ ჩანაწერს ისე შეუცვლიან ტექსტს, მხოლოდ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ტექსტი ფაბრიკაციაა, თუმცა ზოგჯერ ამის დადგენაც ვერ ხერხდება, იმდენად დიდი ოსტატობით და იუველური სიზუსტით არის გაყალბებული ჩანაწერი.

როგორც ჩანს, ყიფიანსა და ოქუაშვილს შორის რაღაც ტიპის სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა, რომელიც შემდეგ ახალი შინაარსის ტექსტის დასამონტაჟებლად იქნა გამოყენებული.

რა ამოძრავებდა, რა მიზანი ჰქონდა მას, ვინც ამ აუდიოჩანაწერის გაყალბება შეუკვეთა?

მიზანი პირველი: მედიაზე ზეწოლად გაესაღებინა და ამით დაეშანტაჟებინა მთავრობა, რომელიც მას სრულიად კანონიერად იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას სათხოვდა, რომელიც მას ბიუჯეტის წინაშე გააჩნდა.

მიზანი მეორე: ეს ჩვეულებრივი ფინანსური დავა, რომლის მსგავსი სახელმწიფოსა და ნებისმიერ ბიზნესჯგუფს შორის უამრავჯერ წარმოქმნილა, გადაეყვანა პოლიტიკურ ჭრილში, მექრთამეობაში დაედანაშაულებინა ადამიანები ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან, რომ ამით ჩირქი მოეცხო თვით ბიძინა ივანიშვილის სახელისთვისაც.

ჩვენი აზრით, სწორედ ეს მეორე მიზანი იყო ის უმთავრესი და უპირველესი მიზანი, რისთვისაც ეს აუდიოჩანაწერი შეითითხნა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ჩანაწერის უკან არა მარტო "ომეგა-ჯგუფი", არამედ ის პოლიტიკური ძალა დგას, რომელსაც `ნაცმოძრაობა~ ჰქვია და რომლის წისქვილზეც, დიდი ხანია, ასხამს წყალს ტელეკომპანია "იბერია".

"სააკაშვილ-ოქუაშვილ ფიქჩერსის" ერთობლივი "ნაწარმოები" მგონია ეს თეთრი ძაფით ნაკერი აუდიოსიყალბე, ასე რომ გამოირჩევა მის შემოქმედთა უნიჭობით, პრიმიტიულობით, გონებრივი სიდუხჭირით.

ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებული რომ არის, ამ აზრს კიდევ უფრო მიმტკიცებს ის გარემოება, რომ ჩანაწერში გაჟღერებულია ანზორ ჩუბინიძის გვარი, რომელიც ამ კორუფციული სქემის მთავარ ფიგურანტად არის წარმოდგენილი.

ვინც ანზორ ჩუბინიძეს იცნობს, დაგვერწმუნება, რომ იშვიათზე იშვიათია ისეთი წესიერი, კეთილშობილი და პატიოსანი ადამიანი, როგორიც ბატონი ანზორია.

ანზორ ჩუბინიძისა და უჩა მამაცაშვილის სახელების "ჩაკერება" ამ ჩანაწერში იმიტომ დასჭირდათ მის ავტორებს, რომ ეჭვის კვალი რაც შეიძლება ახლოს მიიტანონ ბიძინა ივანიშვილის სახელთან.

ჭიტა, სააკაშვილო, გიცანი! შენ ხარ ამ "პროექტის" ავტორი, ოქუაშვილი, "იბერია" და "ომეგა-ჯგუფი" კი ის მასალაა, რომელსაც ამ არჩევნების პერიოდში შენი ინტერესებისთვის გამოიყენებ, მერე კი ნახმარი `პრეზერვატივივით~ მიაგდებ, როგორც ეს გჩვევია და როგორც ეს არაერთხელ გაგიკეთებია.

ერთადერთი, რასაც ამ აუდიოჩანაწერის გასაჯაროებით ოქუაშვილი მიაღწევს, ისაა, რომ მას ახლა ნამდვილად მოუწევს ამ 53 მილიონის ბოლო კაპიკამდე გადახდა…

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
20-09-2018, 15:00


გვესაუბრება "გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი:

_ ქალბატონო ნანა, საუბარი რუსულ-ქართული ურთიერთობებით დავიწყოთ. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან, გარკვეული სიგნალები არის. ხომ არ დადგა დრო ურთიერთობების დალაგებაზე ვიფიქროთ?


_ ყველა ადამიანს ვინც ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, რუსეთუმეებად ნათლავენ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ: პროცსი დაგვიანებულიც კი არის იმიტომ, რომ რუსეთს სრულიად აკმაყოფილებს ის სტატუს-კვო, რაც საქართველოში აქვს. მან, უგუნური ხელისუფლების დამსახურებით, გაყვანილი ჯარი უკან შემოიყვანა როგორც სამხრეთ-ოსეთში, ისე აფხაზეთში. ფაქტობრივად, ამ ორ რეგიონს მთლიანად აკონტროლებს. საბოლოოდ, მათი დამოუკიდებლობა აღიარა და ახლა, სულაც რომ არ დაელაპარაკო, მას ეს სტატუს-კვო ძალიანაც აწყობს. უგუნური პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ: რუსეთმა ჯერ ჯარი გაიყვანოს და მერე დაველაპარაკებითო. მამაცხონებულო, თუ ჯარს გაიყვანს, რაღაზე უნდა დაელაპარაკო, მერე უკვე სალაპარაკოც აღარაფერია, ხომ? 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, ექსპერტები გაუთავებლად ყვირიან: ნატოში უნდა შევიდეთ, აუცილებლად მიგვიღებენო, ამის მიღმა არაფერი დგას იმიტომ, რომ ნატოს ხელმძღვანელობაში, ლიდერ სახელმწიფოებში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხის შემცველი იქნება. ამიტომაც, არ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ჩვენ მაინც ჯიუტად ვიმეორებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებს არაფერში ადგება. აი, ეს არის მოცემულობა, რაშიც დღეს ვიმყოფებით. რუსეთის ხელმძღვანელობას ჰყოფნის გონიერება, გამოცდილება, რათა მიხვდეს, აქედან დიალოგის დამწყები არავინაა, ამის არც უნარ-ჩვევები აქვთ, არც გამოცდილება და არც სურვილი. ამიტომ, რუსეთი სხვადასხვა ხელმძღვანელის და მაღალჩინოსნის პირით მუდმივად იმეორებს მესიჯს: კი ბატონო, მზად ვართ დიალოგისთვის. მათ გარანტია აქვთ, რომ აქედან დიალოგში ვერავინ შევა.

_ ნატოსთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტისას, მერკელმაც ისაუბრა.

_ დიახ, საინტერესოა მერამდენედ უნდა გვითხრან, რომ გავიგოთ: ნატოში არავინ გვღებულობს. თუკი ვინმე ნატოს წევრი ქვეყნის ხელმძღვანელობაში არის ეს ყველას სათითაოდ აქვს ნათქვამი. როცა ვამბობთ: საფრანგეთის, გერმანიიც ხელმძღვანელობა გვეუბნება ნატოში ვერ შეხვალთო, ჩვენ რუსეთუმეებს გვეძახიან. გეგონება, მერკელი მე მირეკავს ღამე და მითანხმებს რა უნდა თქვას. იგი ელემენტარულ რამეს გვეუბნება: სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ნატოში ვერ მიგიღებთ. თუ ოკუპირებული აღარ იქნება და საქართველო გამთლიანდება რაღად გვინდა ნატო?! 

_ მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი ნატოში გაწევრიანებისკენაა მიმართული.

_ ჩვენი კურსი მიმართული არის ხელისუფლების შენარჩუნებისკენ. ხელისუფლებას ყველა დასავლეთის მხარდაჭერის იმედით ინარჩუნებს. აი, ეს არის ჩვენი კურსი. ეს არ არის ქვეყნის კურსი, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კურსია, რასაც ქვეყნის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
ის ექსპერტები, რომლებიც თავგადაკლულები გაჰკივიან: თქვენ რუსეთუმეები ხართ, ჩვენ მედასავლეთეები, ნატოში უნდა შევიდეთო, იცით ვის მაგონებს? _ ცუდად გაზრდილ ბავშვს, რომელიც სუპერმარკეტში იატაკზე გაწვება, ხელ-ფეხს იქნევს, ისტერიკას მართავს მიყიდე, მიყიდეო. აი ვის გვანან ეს უმწიფარი ადამიანები.

ამ დროს გვავიწყდება ისიც, რომ მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და აქ ოჯახებს არჩენს. ჩვენ გვინდა რუსეთში ფულიც ვიშოვოთ, ღვინოც გავყიდოთ, თან მას დედა ვაგინოთ და ოკუპანტი ვეძახოთ. ეს რა პოლიტიკაა?

_ როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან მტრობიდან პარტნიორობაზე გადასვლა?

_ მიუღწეველი არაფერია, ყველაფერს თავის საფასური აქვს. თუ ქვეყნის მთლიანობიის აღდგენა გინდა, უნდა დაჯდე და კარგად იანგარიშო ეს რის საფასურად გიღირს. პარტნიორული ურთიერთობა ახსენე, ხომ. ამ იდეის მოწინააღმდეგეები ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი პარტნიორულ ურთიერთობას არასდროს მოინდომებს, ყოველთვის ენდომება შენი უფროსი იყოს. ამ ფასად პარტნიორობა არც მე მიღირს. პარტნიორობა ნიშნავს თანაბარს, თანასწორუფლებიანს. როცა ვიღაც უპირატესია, თავზე გადგას, გინდ რუსის ჩექმა ყოფილა კისერზე მობჯენილი და გინდ ნატოს ჯარისკაცი, რა მნიშვნელობა აქვს.

_ ბოლო დროს საინტერესო ტენდენცია იკვეთება: პოლიტიკოსები ორად იყოფიან _ პრო-დასავლელებად და პრო-რუსებად, პრო-ქართული სად არის?

_ პრო-ქართულთან დაკავშირებით ძალიან ნიშანდობლივი იყო შემდეგი განაცხადი: ყველა პრო-ქართული, სინამდვილეში, პრო-რუსულიაო. თუ ქართული ინტერესები რუსეთის ინტერესებშია, მაგას რა სჯობს. სიტყვების რახა-რუხში, ლოზუნგებში, უაზრო პროგნოზებში ჩანს მთელი მათი სიმარტივე და სიბრიყვე. რატომღაც ჰგონიათ, ვიღაცაზე თუ იტყვიან: ეს რუსეთუმეაო, ამით გაანადგურებენ. რაც უნდა იძახონ, შინაარსი არ იცვლება. ცნობილი ქალაქური გამოთქმაა: უსაქციელო ქალი სხვას ბოზს ეძახისო. სჯობს, საკუთარ უსაქციელობას მიხედონ.

ერთ შედარებას მოგიყვან: საქართველოში ბოლო წლების მანძილზე, რაც შეერთებულმა შტატებმა გრანტები დახარჯა, დღეს, კრემლმა რომ გამოაცხადოს იმავე რაოდენობის გრანტებს გაძლევთო, ეს ვითომ პრო-დასავლელები ყველას მიასწრებენ იქ მისვლას, ვისაც კი რუსეთუმეებს ეძახიან. ამით ყველაფერია ნათქვამი: მთელი მათი პრო-დასავლურობაც და პრო-რუსულობაც. მე გადავეცი რუსეთს ყველა სტრატეგიული ობიექტი?! 2008 წლის ომი ახალი დამთავრებული იყო, რომ ენგურთან დაკავშირებით საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა. წყალზე, ოქროს საბადოებზე და სხვა რესურსებზე, აღარაფერს ვამბობ. ახლა, "რუსთავი 2"-ის მეწილე კობა ნაყოფიას შვილი გახდა. ეს თუ არ არის რუსული ფული, აბა, რა არის?! საბჭოთა პერიოდის მერე რუსული ფული ჩემს ჯიბეში არ ყოფილა. კი ბატონო, აქ შესაძლებელია აკეთო რუსული განცხადებები და რეალურად, სულ სხვა ქვეყნის ინტერესებს მოემსახურო და პირიქით, იძახო ამერიკული ლოზუნგები და რუსეთის ინტერესებს მოემსახურო. ერთ სასაცილო მომენტს გავიხსენებ: სტრატეგიული ობიექტები რომ გაყიდეს ერთი ამბავი ავტეხეთ. მაშინ ბენდუქიძე გამოვიდა და თქვა: ბუნებაში სტრატეგიული ობიექტი არ არსებობს, ასეთი რამ არ ვიცი, ყველაფერი უნდა გაიყიდოსო. 2008 წელს კი თავად კიოდნენ: დაგვიბრუნდეს სტრატეგიული ობიექტებიო. თუ ბუნებაში არ არსებობს, მაშინ რა უნდა დაგიბრუნდეს?!

ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ხანდახან, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ლოზუნგით ისეთი მარგინალური პიროვნებები გამოდიან, რომლებიც თავად ამ იდეის მარგინალიზაციას ბრწყინვალედ ახრეხებენ. ვფიქრობ, არც ეს არის შემთხვევითი.

_ შამბას ბოლოდროინდელ განცხადებებსაც მინდა შევეხო თ. მან თქვა, რომ ქართველები აფხაზების მტრები არ არიან და რომ ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ.


_ შამბას განცხადება ქართველმა საზოგადოებამ მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვა. მის განცხადებაში საკვანძო სიტყვებია _ მეზობელი სახელმწიფოები. ანუ, ის ამბობს, რომ ჩვენ ცალკე სახელმწიფო და ქართველების მეზობლები ვართო. მეზობლები რომ ვართ ეს გეოგრაფიის სახელმძღვანელოდანაც ვიცით, მაგრამ ერთი სახელმწიფო ვართ, რასაც შამბა არ აღიარებს. აფხაზეთში ძალიან მწვავედ განიცდიან, რომ რუსეთთან ასეთმა მჭიდრო დაახლოებამ და რუსეთის ფაქტიურმა პროტექტორებმა აფხაზებს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. მას როგორც ეთნოსს, რეალურად, გადაშენების საფრთხე ემუქრება. შამბა ამას ხედავს, იგი მეცნიერი კაცია, მაგრამ იგი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ, რასაც ვერცერთი ქართველი ვერ გაიზიარებს. რა ფორმულით, რა სახით უნდა მოხდეს ჩვენი ინტეგრირება ერთიან სახელმწიფოში, ამაზე არც არავინ ფიქრობს და არც არავინ ლაპარაკობს. ეს არის პრობლემა.

_ ახლახან, საქართველოში რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დიდი ხმაური მოჰყვა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

_ ამ ამბავს მწვავედ არ აღვიქვამ და მოგახსენებთ რატომ: რუსებმა უნდა იცოდნენ: აქ რომ ჩამოდიან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ალტერნატიული ინფორმაცია მიიღონ, ვიდრე ის, რაც რუსეთში აქვთ. მათ უნდა დაინახონ, რომ საზოგადოებაში მოწინააღმდეგე ჯგუფებიც არსებობენ და მომხრეც. იმ ხალხს რაც შეეხება, რომლებიც აქ კივილ-წივილით დახვდნენ, მათ ზრდილობას და კდემამოსილებას ვერ მოთხოვ. როცა რუსები აქ ჩამოდიან უნდა იცოდნენ რა ვითარებაც არის. რაც არ უნდა იძახონ არ ვიცოდითო, ფაქტია, აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი მათ სახელმწიფოს აღიარებული აქვს და ეს, რეალურად, ქართული მიწებია, რაც მათ მშვენივრად უწყიან. ვიღაცამეს თუ გააპროტესტა, ამაში გასაკვირი არაფერი არის.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
18-09-2018, 13:30


აი, მეგობრებო, დასრულდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატთა საბუთების მიღება, მთავარსარდლობის სულ 41-მა მსურველმა მოიყარა თავი. სიმბოლურია, არა? "ქართული ოცნების" პირობებში 41-მდე ავედით და ამ ეტაპზე გავჩერდით. წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს 21 იყო, ახლა ეს მაჩვენებელი გავაორმაგეთ. მართალია, ამ ჯერზე რაოდენობამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ჩვენი რა მიდის? ერთი ეგ არი, ბევრი და უხარისხო ხალხი ცოტა ძნელი საყურებელია.

რასაკვირველია, 41-ვე კანდიდატს ვერ გავწვდებით, ყველას ჩვენებურად ვერ გაგაცნობთ, მაგრამ ვეცდებით, ე.წ. ცნობადი სახეების პოლიტიკური პორტრეტი დაგიხატოთ, ანუ გაჩვენოთ ის, რასაც ვერ ამჩნევთ ან არ ჩანს. მაგალითად, დავიწყოთ დავით ბაქრაძით, რომელიც "ნაციონალების" ზეობის ხანაშიც კი ინარჩუნებდა კაი ბიჭის სტატუსს. არ ვხუმრობ, ბაქრაძე ერთადერთი იყო იმ დაუნდობელ ბრბოში, ვისთან დალაპარაკება, ასე თუ ისე, შეიძლებოდა. მე პირადად, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ, ხშირად მქონდა ხოლმე სატელეფონო მიმოწერა და ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის იძლეოდა პასუხს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბატონი დავითი ნამდვილად არ არის გარეული სააკაშვილის ბინძურ საქმეებში, მკვლელობებში, გაუპატიურებებსა და ბიზნესების "ახევებში". შემდგომშიც, იცოდა რა ბიძინა ივანიშვილმა მისი `უმანკოების~ შესახებ, არაერთხელ შესთავაზა, შეეშვი მიშას, თავი დაანებე, არ აჰყვე, თორემ გაგაგიჟებსო. ბაქრაძე თავს იკავებდა კაი ხანს, მამა-მარჩენალს როგორ ვუღალატოო? ბოლოს მაინც `უღალატა~, ჩაჯდა გიგა ბოკერიას ნავში, აქეთ უგულავა მოისვა, იქით კიდე ძველი "პადელნიკები" და გაცურა სხვა მიმართულებით, დღეს ამ ნავს "ევროპული საქართველო" აწერია.

ახლა მკითხავთ, ნუთუ დავით ბაქრაძეს ცოდვები არ აქვსო? წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის "პადელნიკი" იყო და ნუთუ არაფერი დაუშავებიაო? უი, ეგ არც იფიქროთ, ცოდვები აქვს იმდენი, ვერ დაითვლით. პირველი – მას ძალიან კარგად ეხერხება თვალის დახუჭვა, სიტუაციიდან განზე გადგომა და სიცილი მაშინაც კი, როცა იცის, რომ ქვეყანაში ტრაგედია ტრიალებს. რაც მართალია, მართალია, იუმორის გრძნობა არ ღალატობს მაშინაც კი, როცა ტირის. გაიხსენეთ, როგორ ბღუოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და როგორ მოგვიწოდებდა, ჩანგლებით, კოვზებით და ჯაყვებით დავიცვათ ჩვენი მამულ-დედულიო. ვერ დაგიმალავთ, ამასაც ნიჭი უნდა, ნიჭი და მოხერხება. შეიძლება არ გახსოვთ, იმ დღეებში, როცა რუსი თბილისისკენ მოიწევდა, როცა თავზე ბომბებს გვაყრიდა, ბატონმა დავითმა გურამ პეტრიაშვილის რეკორდი დაამხო. ბატონი გურამი გახლავთ საბავშვო მწერალი და მსახიობი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი. აი, სწორედ ის აკეთებდა ანალოგიურ განცხადებებს, როცა ნაძირლებმა ეროვნულ ხელისუფლებას შეუტიეს და დასამხობად გაწირეს – გამოდით, ხალხო, ჩანგლებით, ჯაყვებით და ფიწლებითო. საბავშვო მწერალს დაავიწყდა, რომ ხელისუფლებას აქეთ უნდა დავეცავით, იქით უნდა შეეტია, იქით უნდა გაერეკა შეიარაღებული მანქურთები. კაი, ვაპატიოთ ერთსაც და მეორესაც ეს შეცდომა, ემოციურ ნიადაგზე ადამიანს შეიძლება ყველაფერი დაემართოს. დავით ბაქრაძე, საერთოდ, არ გახლავთ პროტესტანტი ადამიანი, მან ხმის ამოუღებლად "გაატარა" სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, 2007 წლის მოვლენები, 2001 წლის დარბევა, ციხეებში წამების ამბები, გაუპატიურებები, უამრავი უდანაშაულო ადამიანის გასტუმრება საიქიოში, ბიზნესების "ახევები" და ასე შემდეგ. როგორ იტყვიან ხოლმე ჩვენში? თუ დანაშაულს ხედავ და ხმას არ იღებ, შენ უფრო მეტი დამნაშავე ხარო, ხომ? ნაღდად ეგრეა, ბატონი ბაქრაძე ხედავდა უამრავ სიბინძურეს, მაგრამ ხმას არასოდეს იღებდა, ის უბრალოდ იღიმოდა.

თუ ბატონი დავითი აგვისტოს ომის დღეებში ჩანგლებით ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა, შემდეგ, როცა ამ დღეებზე ამერიკელებს ფილმი გადააღებინეს, საპიაროდ ჩამოყვანილ შერონ სტოუნთან პოზირებდა და ყველის ვაჭარივით იკრიჭებოდა. მაშინ ერთ-ერთ ფოტოზე "წავიღადავე" და ბაქრაძეს ეწყინა – ეგრევე მომწერა, ეგ საჭირო არ იყოო. შეიძლება მართლაც არ იყო საჭირო, არ ვიცი, მაგრამ თვითონ სიტუაციამ ამაღებინა ხელში კალამი.

ყველაზე მთავარი დანაშაული, რაც დავით ბაქრაძემ ჩაიდინა, ეს გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის გაუპატიურება და სააკაშვილის საგოდრე კისერზე მორგება. ალბათ, გახსოვთ, სააკაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ ქვეყანაში რუსული "პონტი" გაეთამაშებინა – როცა პრეზიდენტობის ვადა ამოეწურებოდა, პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაბრძანდებოდა, შემდეგ კი დრო გვიჩვენებდა. ამიტომ, ბაქრაძეს უთხრა, ჩამოართვი ყველა უფლება მომავალ პრეზიდენტს, ანუ შენს თავს და გადმომეცი მე, ანუ მომავალ პრემიერსო. ამანაც აიღო, მიჭრა-მოჭრა, მიკუწ-მოკუწა და დაახლოებით მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. ზოგს ჰგონია, დღევანდელი კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყო… არა, ბატონებო და ქალბატონებო, ეგ მიხა სააკაშვილმა ქნა დავით ბაქრაძის ხელით. აი, ფოტომტკიცებულება, სადაც ვდგავართ მე, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და დავით ბაქრაძე, ეს ის დროა, როცა კონსტიტუციის საბოლოო, გაუპატიურებული ვარიანტი წარმოგვიდგინეს სასტუმრო "ივერია ბლუ"-ში. სოსო იძახდა, მე არა ვარ დამნაშავე, მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილს ვხელმძღვანელობდიო. დავიჯერე. ავთო დემეტრაშვილი თავისებურად "აპრავებდა" სააკაშვილის დავალებას, ხოლო ბაქრაძე ისევ უმისამართოდ იღიმოდა და ამბობდა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, დემოკრატიას არ ექმნება არანაირი საფრთხეო. ესეც დავიჯერე, მაგრამ სახეზე მაინც მეტყობა წუხილი. მაგარი ის იყო, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი რომ მოვარდა კონსტიტუციის ე.წ. პროექტის განხილვის დაწყებამდე და ცინცაძეს უთხრა:

– ბატონო სოსო, მოდით, ჩაგწერთ, რა, ჩაგწეეერთ!

– შვილო, ჯერ განხილვა არ ყოფილა, როგორ ჩამწერ? – მხრები აიჩეჩა ცინცაძემ.

– არაუშავს, ბატონო სოსო, ვითომ უკვე დამთავრდა, ჩაგწერთ, რააა, ჩაგწეეერთ! – არ მოეშვა "რუსთავორელი".

გაიყვანა, ჩაწერა, ვითომ უკვე დამთავრდა, გაუშვეს ეთერში ვითომ დამთავრებულზე. აი, ასეთ დემოკრატიას აშენებდნენ სააკაშვილი და ბაქრაძე საქართველოში – ვითომ დემოკრატიას.

ზემოთ აღვნიშნე, ბატონ დავითს იუმორის გრძნობა არ ღალატობს-მეთქი, მაშინაც კი ხუმრობს, როცა ტირის, მაგრამ ზომიერების გრძნობა აქვს მიშვებული ალჩუზე, ვერ აკონტროლებს საერთოდ. ჯერ იყო, ტელეფონით თავისი ოჯახის წევრებს ახარჯინა წელიწადში 10 ათასი ლარი ბიუჯეტიდან, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ახლა კიდევ პლაკატებს აკვრევინებს ყველგან – ტყეში, ღრეში, ქუჩებში, კედლებზე, სახურავებზე, კლდეებზე და ვინ იცის, სად, რომელ კუთხე-კუნჭულში. სხვათა შორის, სანამ პლაკატების გაკვრას დაიწყებდა, მინდოდა შემეთავაზებინა, წინ

მეტის ნახვა
18-09-2018, 12:30


გვესაუბრება "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე, ანალიტიკოსი რეგიონალური პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი.

ვფიქრობ, საქართველოში ბევრმა არ იცის, მათ შორის აფხაზებმაც, რომ რკინიგზის დაცვასთან დაკავშირებით, ედუარდ შევარდნაძესა და ვლადისლავ არძინბას შორის მოხდა შეთანხმება, რომ ქართული შინაგანი ჯარი შესულიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე და დაეცვა რკინიგზა. ეს ჯარი რომ შევიდა აფხაზეთში, არძინბამ იმის მაგივრად, რომ გამოსულიყო და საჯაროდ ეთქვა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით უნდა აღვკვეთოთ კრიმინალი, დავიცვათ რკინიგზა და ტვირთების გადაადგილებაო, განაცხადა ქართველები თავს დაგვესხნენო. შევარდნაძეს მისი მომხრეები დიდ პოლიტიკოსად თვლიდნენ, შეუძლებელია დიდ პოლიტიკოსს ეს საფრთხეები არ გაეთვალა, ყოველ შემთხვევაში, ალბათობა მაინც უნდა დაეშვა, რომ მესამე მხარე პროვოკაციას მოაწყობდა, მაგრამ საეჭვო სცენარს დათანხმდა.

— თქვენი აზრით, რა გახდა მისი თანხმობის მიზეზი?

— შევარდნაძე სამხედრო გადატრიალების შედეგად იყო ხელისუფლებაში მოსული, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ისედაც მიუღებელი იყო და თუ კისერზე დააწვებოდა აფხაზეთის პრობლემაც, რომელიც 70-იან წლებში ძლივს გადაწყვიტა, სავარძელს ვეღარ შეინარჩუნებდა, ამიტომ შეყვა ამ თამაშში და მისთვის ესოდენ სასურველი სავარძელი შეინარჩუნა. იმ პერიოდშიც და მერეც იყო აფხაზების მხრიდან ფედერაციულ თუ კონფედერაციულ მოწყობაზე მოთხოვნები, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ფედერაციული მოწყობა ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ადმინისტრაციული სუბიექტის არსებობას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ნაწილია, ერთია ინფრასტრუქტურა, ჯარი, ფულის ერთეული, მაგრამ ამ სუბიექტის პარლამენტი განსხვავებული პირობებით ირჩევა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქვოტები აქვთ. ამგვარი მოწყობა აფხაზეთს საბჭოთა საქართველოს პირობებში ჰქონდა და მერეც უნდოდათ შენარჩუნება. კონფედერაცია ორი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის ნებაყოფლობით გაერთიანებას ნიშნავს, ანუ საქართველო და აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები დადებდნენ ხელშეკრულებას, რომ ერთ ტერიტორიაზე, ერთ სივრცეში უფლებამოსილების გამიჯვნით ექნებოდათ ურთიერთობა, თუმცა ჯარი და ფულის ერთეული კვლავ ერთი იქნებოდა. ეს უფრო ცუდი ვარიანტი იყო, მაგრამ ახლა ესეც სანატრებელი გაგვიხდა. 

მე და ჩემი თანამოაზრეები მაშინაც ვამბობდით და დღესაც იმავე აზრზე ვართ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის სისხლი არ დაღვრილიყო, რადგან, როცა კავკასიაში სისხლი იღვრება, ჩნდება ორი მოსისხლე მხარე, რომელთა შერიგებაც ძალიან ძნელია. როგორც ჩანს, ორივე მხარის მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობებმა სავარძლების შენარჩუნების მიზნით, არაფერი იღონეს. 

დიალოგის საუკეთესო პირობა სიმართლეა, სიმართლე უნდა ვუთხრათ აფხაზებსა და მთელ მსოფლიოს და მათგანაც სიმართლე უნდა მოვისმინოთ. 
უკვე გითხარით და გავიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ, აფხაზების უმრავლესობამ არ იცის, არძინბასთან რომ იყო შეთანხმებული ქართული შინაგანი ჯარის აფხაზეთში შესვლა, ისინიც მოატყუეს. ქართულ პრესაში უკვე გაჩნდა, თუ არა და გაჩნდება აფხაზების სალანძღავი პუბლიკაციები, იგივე მოხდება აფხაზურ მედიაში ქართველების მიმართ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიზანია, არაფრის დიდებით არ დაელაპარაკონ აფხაზები და ქართველები ერთმანეთს, 25 წლის წინანდელი ზიზღი გააღვივონ ახალ თაობებში.

– ბატონო ზაალ, როგორ ფიქრობთ, სერგეი შამბა კრემლის ასე ვთქვათ, ვიზირების გარეშე გააკეთებდა საქართველოსთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს?

– უკვე გითხარით, რომ შამბა არის ძველი აფხაზური ე.წ. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ის და მისი თაობის ბევრი ავტორიტეტი გვერდზეა გაწეული. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ახალი თაობის "ფეესბეშნიკები" წამოსწია უკვე წინ, რომლებსაც კონკრეტულ მითითებებს ასრულებინებს. მათი წარმომადგენელია აფხაზეთის ხელისუფლების დღევანდელი პირველი პირი რაულ ხაჯიმბა, რომელიც მინსკის უშიშროების უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ იგი საბჭოთა აფხაზეთში გაუშვეს, "კაგებეს" პოლიტიკა იყო იქ ანტიქართული განწყობის შექმნა. ამ "ფეესბეშნიკური" მთავრობის ხელში ეკონომიკურად გაპარტახდა აფხაზეთი, ჩასახლებული სომხების სასარგებლოდ შეიცვალა აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფია. ამ მთავრობის პირობებში არსებობს რეალური საფრთხე, რომ დაუშვან მიწების ყიდვა-გაყიდვის უფლება, რის წინააღმდეგაც აფხაზური ოპოზიცია ბოლომდე იბრძვის, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლაა. ვფიქრობ, სწორედ ასეთმა მდგომარეობამ გააკეთებინა შამბას ბოლოდროინდელი პოლიტიკური განცხადებები. 

პირველად თქვენს გაზეთთან ვამბობ — თუ აფხაზეთი რუსეთს შეუერთდება, მაშინ აფხაზებმა უნდა, იცოდნენ, რომ ძალიან ბევრი ქართველია რუსეთის მოქალაქე, რომლებიც თავისუფლად ჩავლენ აფხაზეთში და იცხოვრებენ. თუ რუსეთს უნდა აფხაზეთის მიერთება და აფხაზები ამაზე უარს იტყვიან, რუსები მათ მეორე დღესვე აუჯანყებენ სომხებს და ხელოვნურად წარმოშობილი კონფლიქტის გამო სამხედრო გავლენას შეინარჩუნებენ, `მშვიდობისმყოფლებად~ მოგვევლინებიან. ჩვენ გული გვტკივა ჯერ იმაზე, ძმებს შორის სისხლი რომ დაიღვარა და მერე ამ ძმას კიდევ ცხვირწინ გვიჩაგრავენ. გგონიათ, აფხაზები ვერ ხვდებიან, რუსეთთან მიერთების შემთხვევაში პერსპექტივა რომ არ აქვთ. ამიტომ აფხაზებმა თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი. 

როდესაც სომხებისა და აფხაზების დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახალი, ნიკოლ ფაშინიანის დროის სომხეთი. დღეს სომხეთში სახალხო რევოლუციის ხარჯზე ხელისუფლებაში მოვიდნენ პროდასავლური ორიენტაციის სომხები, რომლებიც საქართველოს მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. 

ფაშინიანის მთავრობას დღეს არ აქვს იმის საშუალება, რუსეთისგან ან უფრო მეტი დამოუკიდებლობა, ან სომხეთის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოითხოვოს, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ნორმალურად მოაზროვნე სომეხია, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ სომხეთის, როგორც სახელმწიფოს ცივილიზებული და დასავლური მომავალი მხოლოდ კავკასიელებთან, მის მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობით ექნება. სომხების სომხეთისკენ აქტიური მოძრაობა ახსენეთ, ეს ბუნებრივიცაარუსეთში ძალიან დიდი კრიზისია, არსებულ სანქციებს კიდევ დაემატება სხვა სანქციები და ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, ამიტომ ყველა თავის ფესვებს უბრუნდება. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არ სჯერათ, რომ დასავლეთთან ასეთი დაპირისპირების შემდეგ, რუსეთი კიდევ ფეხზე დადგება და ეკონომიკურად გაძლიერდება. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველის, უკანასკნელი ასი წლის მანძილზე, გკობალური პოლიტიკური პროცესები საქართველოს სასარგებლოდ ახლა რომ ვითარდება, არასდროს ყოფილა. ამას გამოყენება უნდა, ჩვენ ერთიანობა, ეკონომიკური გაძლიერება, ეროვნული განვითარების კონცეფცია გვჭირდება, რასაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია.


– რუსი ჟურნალისტების საქართვველოში ჩაამოსვლას რა აჟიოტაჟიც მოყვა ერთი მუჭა ვითომდა დემოკრატ-ლიბერალების მხრიდან, ეს მისაღებად მიგაჩნიათ?

– ჩვენი აზრით, ძალიან წამგებიანი იყო რუსი ჟურნალისტების მაგ თემებით საქართველოში გამოშვება, რა თემებითაც ისინი ჩამოვიდნენ. მათ რუსულ-ქართული კონფლიქტის და ოკუპაციის გარდა ყველაფერზე ილაპარაკე, რუსეთის საგარეო პრიორიტეტებს აცნობდნენ საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს
იყო ჩვეულებ- რივი დაზვერვითი სამუშაო, ხალხის განწყობის გაგება უნდოდათ, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, როგორმე საქართველოს გულში შემოვიდნენ და აქედან გაშალონ ასე ვთქვათ, საინფორმაციო ომი, თანამონაწილეები გაგვხადონ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ბრძოლისა, თანამონაწილეები და თანამებრძოლები რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებისა, რასაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოყვა. მთელმა მსოფლიომ და მათ შორის რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ხალხს ძალით არ უნერგავენ ანტირუსულ განწყობას. ჩამოვიდნენ და ნახონ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას არავინ შეეგუება. ერთხელ და სამუდამოდ გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს არ უნდა ჩვენთან ურთიერთობა, აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ჯოკერებივით უჭირავს ხელში და ვაჭრობს. ერთს გეტყვით, დასავლეთმა სააკაშვილის ხელით "შეტენა" რუსეთს ეგ თემა, ახლა საქართველოში აღარ არის პრობლემური ტერიტორიები, ოკუპირებული ტერიტორიებია. საერთაშორისო ორგანიზაციებში პრობლემური ტერიტორიებით არ მიგიღებდნენ, ოკუპირებული ტერიტორიებით კი მიგიღებენ, როგორც ორად გაყოფილი გერმანია მიიღეს.

რუსები ამას ვერ მიხვდნენ თავის დროზე და ანკესიზე წამოეგნენ. გერმანიის კანცლერის ვიზიტი ძალიან დადებითად შეიძლება შეფასდეს, რამდენადაც ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან ვიცით, მერკელი "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ალტერნატივას ეძებს, საქართველო ენერგომატარებლების ალტერნატიულ გზად
განიხილება. ეკონომიკურად კი გვიჭირს, მაგრამ ამ მდგომარეობაში რაღაცა პატარა პერიოდი დაგვრჩა გასავლელი, ვფიქრობ, 2019 წლის შუიდან, შეიძლება უფრო ადრეც, ნავსი გატყდება. ამას მხოლოდ პროგნოზების დონეზე არ ვამბობთ, ჩვენი კოლეგები და პარტნიორები ევროპიდან და ამერიკიდან
გვაწვდიან ინფორმაციებს, რომ დასავლეთში ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა და საქართველო დასავლური ინვესტიციების დაბანდების კეთილსაიმედო რეგიონებად გამოცხადდა. რამდენადაც ვიცით, ძალიან სერიოზული ინვესტორები მზად არიან ამ სამი მიმართულე- ბით განახორციელონ ასევე სერიოზული თანხებით ინვესტირება, თანაც არა წამგებიანი პირობებით, არამედ სანახევროდ. ამ მიზნით ჩვენი ხელისუფლება ისეთ ბრენდებთან კონტაქტობს, რომელთაც შეუბღალავი რეპუტაცია აქვთ და შემოსვლის შემთხვევაში კაბალურ პირობებში არ ჩააყენებენ საქართველოს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ის ინფორმაცია მოგაწოდეთ, რაც ეტაპზე გვაქვს.


მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
18-09-2018, 09:30


10 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატების ცესკოში წარდგენის ვადა დასრულდა. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გარეშე ჩაივლის – საქართველოს პრეზიდენტობის მსურველ 46-მა კანდიდატს შორის მმართველი პარტიის კანდიდატი არ აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილის არჩევანზე, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ფავორიტისა და ოპოზიციის შანსებზე და საქართველოში უახლოესი წლების პოლიტიკურ ამინდზე ჟურნალისტი და კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა გვესაუბრა:

– პირველ რიგში გეტყვით, რომ ბოლო წამამდე მქონდა სურვილი და განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვას იტყოდა და პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა, ვინაიდან ახლა ძალიან კრიტიკული მომენტია და ქვეყანას გამოკვეთილი მმართველი ჭირდება. არავინ თქვას, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს უფლებები არა აქვს. პრეზიდენტი ქვეყნის სახეა, ამიტომ დიდი იმედი მქონდა, რომ ეს სახე იქნებოდა ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ქვეყანა რეალურად იხსნა.

– არათუ ბიძინა ივანიშვილი, „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ არ წარადგინა კანდიდატი, თუმცა პრეზიდენტობის მსურველთა სიმცირეს არ ვუჩივით..


– როდესაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი კანდიდატი იბრძვის, როდესაც ევროპულ ქვეყნებში მაქსიმუმ სამი კანდიდატი ჰყავთ და შენ თავს უფლებას აძლევ, რომ 46 ამბიციური კანდიდატი გყავდეს, რომელთაგან ზოგიერთს ალბათ საკუთარი ოჯახისთვის ვერ მიუხედავს, ე.ი. რაღაცა მოიშალა და ქვეყანა არასწორი გზით წავიდა. 

– „ქართულ ოცნებას“ ფეხდაფეხ მიყვებიან ძველი და კარგად ნაცნობი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“...

– დიახ, მე მქონდა ეჭვი, რომ არსებობდა გეგმა – ყველა მინუს ერთი ანუ სააკაშვილი. სავარაუდოდ, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა ამერიკელებთან მოლაპარაკება, რომ მოხდებოდა დროებით ჩანაცვლება, თუნდაც ორი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში, ოღონდ სააკაშვილის გარეშე. გამოდის, რომ მხოლოდ სააკაშვილი იყო პრობლემა და არა სისტემა? მე ასე არ ვფიქრობ. იმაში, რაც ხდებოდა, ყველა ადამიანი იყო გასვრილი, მაგრამ დღეს ევროპული საქართველო ხორავას ქუჩის საქმეში მტყუან-მართალს არჩევს, ბაქრაძე და ვაშაძე კი სოფელ-სოფელ დადიან და ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ზოგადად, ჩემთვის ორივე კომიკური ფიგურაა. ამიტომ მეცინება ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ვაშაძეს, ის მენტალურად რუსი პოლიტიკოსია, რომელიც თავს უფლებას აძლევს საქართველოს პრეზიდენტობის ამბიცია ჰქონდეს, ეს დაახლოებით იგივე მგონია, მე რომ ჩემი რუსული გვარით წავიდე რუსეთში და პრეზიდენტობაზე პრეტენზია განვაცხადო. აღარაფერს ვიტყვი მის გაუმართავ ქართულ მეტყველებაზე და იმაზე, ომის დროს როგორც მოიქცა. ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ და ამ დროს არ არსებობს ფიგურა, რომელიც ქვეყანას დაალაგებს.

– სალომე ზურაბიშვილის შანსებზე რა აზრის ხართ?

– რაც შეეხება ზურაბიშვილს, კი ბატონო არჩევნებს ის იგებს, ვინც ხმებს ითვლის, მაგრამ თუ არის ხალხის კრიტიკული რაოდენობა, ამის გაყალბება არ გამოდის. თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამაც იმიტომ ვერ გააყალბა, რომ ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ „ქართული ოცნება“ მზად არ იყო გამარჯვებისთვის. სალომე ზურაბიშვილის იმიჯის შელახვაზე ნაციონალებისა და „ევროპული საქართველოს“ პიარტექნოლოგებმა იმაზე ადრე იზრუნეს, ვიდრე `ქართული ოცნება~ მის გაკეთილშობილებაზე ზრუნვას დაიწყებდა. როგორც პიარტექნოლოგმა შემიძლია ვთქვა, რომ როცა რაღაც საქმეს იწყებ, გათვლილი უნდა გქონდეს კრიზისული სტრატეგია, მით უმეტეს, როცა ისეთ პიარტექნოლოგიურად აღჭურვილ მონსტრებს ებრძვი, როგორებიც სააკაშვილის გუნდის წევრები არიან. არ არის ეს მუშაობა ჩატარებული. სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს გამარჯვების შანსი, მაგრამ ამისთვის ისევ ჩვენ, ქართველი ხალხი, უნდა შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ პრინციპული ამბავია და პრეზიდენტი სალომე უნდა იყოს და არა ვინმე სხვა.

სამწუხაროდ, „ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შედეგად მივიღეთ სრული ნიჰილიზმი, აბსოლუტური უიმედობა და ჩიხური ვითარება. ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზე ხალხი საერთოდ არ მივა ან იმისთვის მივა, რომ ყველა გადახაზოს. ამიტომ ველოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვას იტყოდა და რეალურად ძალიან ძლიერი კანდიდატი გვეყოლებოდა, იმიტომ, რომ თავისი კეთილი საქმეებით 46-ვე კანდიდატს გადაწონის. არ ვიცი ასე რატომ არ მოხდა, თუმცა არ გამიკვირდება, რომ ნაწყენია და ეს მისი რევანში გახლავთ. რომ ქვეყანაში ისევ ელიტარული კორუფცია ყვავის და ეს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ივანიშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა. მის ადგილზე ბევრი ალბათ უკან არ გამოიხედავდა, ისე წავიდოდა საქართველოდან. უბრალო მაგალითს გეტყვით, შეკვეთილის ზღვის კურორტების განვითარების დიდი გეგმა არსებობს, უზარაზარი ფულია ჩადებული, მაგრამ არ აკეთებენ. წელს შეკვეთილში პატარა მშენებლობა მეც მქონდა და ვხედავდი, რომ ზუსტად იმ არეალში, სადაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ვეღარ აკონტროლებს, პრაქტიკულად აღარაფერს აკეთებდნენ. ამ ადამიანმა ბაზა შექმნა, ფული და სული ჩადო და ახლა მაინცდამაინც წკეპლით უნდა იაროს და ამოწმოს ვინ რას აკეთებს? აი, ამიტომ მგონია პრეზიდენტობაზე ივანიშვილის უარი რევანშისტული პოზიცია – არ გინდოდათ? მიდით ახლა და თავად მოიგეთ არჩევნებიო.

– რიგითმა მოქალაქეებმა რა დააშავეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს მხარი დაუჭირა და ბოლომდე გვერდით ედგა? ხომ შეიძლება, რომ ეს ხალხი იგივე პოლიტიკური ძალის ხელში ჩავარდეს, რომლისგანაც ივანიშვილმა 2012 წელს იხსნა?

– აუცილებლად, რადგან ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ და იგივე უნდა გავიაროთ, რაც ერთხელ უკვე გავიარეთ. მეშინია, ამასობაში ისე არ მოხდეს, რომ ტერიტორიები დავკარგოთ, რადგან ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ირანის დაზვერვაა შემოსული და დაახლოებით იგივე სქემით მოქმედებს, რაც თავის დროზე თურქებმა გერმანიაში განახორციელეს. ყველამ ვიცით, რომ დღეს გერმანია პრაქტიკულად, გადათურქებულია და საფრანგეთში ფრანგის დანახვას ნატრობენ. ჩვენც ზუსტად ამ მშვიდობიანი ექსპანსიის გზით მივდივართ, ოღონდ ჩვენთან ტერიტორიის ნაწილს თურქეთი წაიღებს და ნაწილს – ირანი. ვხედავთ, რომ აჭარა პრაქტიკულად გამუსულმანებულია და იქ, სადაც ეკლესია დუმს, მოლას ხმა ისმის. იმასაც ვხვდებით, რომ მერკელის ვიზიტის რეალური მიზანი საქართველოში მიგრანტების შემოდინება გახლდათ. ძალიან ტოლერანტული ადამიანი ვარ, მაგრამ როცა ეს ქართველების არნახული ემიგრაციის ფონზე ხდება, მშვიდად ვერ ვიქნები. მე ხშირად მიწევს რეესტრში მისვლა და ვხედავ, რომ ინდოელი, არაბი, ჩინელი და ყველა იფორმებს ჩვენს მიწებს ქართველების გარდა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იქამდე, რომ ქრისტიანები და ქართველები უმცირესობაში მოვექცევით. მერე ყველანაირი არჩევნების ბედი თავისთავად გადაწყდება. შეიქმნება უცხოელების პარტია, გააკეთებენ ბინადრობას, გვიჩვენებენ, რომ საქართველოში 5 წელი ცხოვრობენ და მშვენივრად შევლენ პარლამენტში. ასე, რომ სავალალო პროგნოზი მაქვს და კარგს ვერაფერს ვიტყვი. უვიზო რეჟიმმა, რომლისთვისაც ძალიან მძიმე ხარკი გადავიხადეთ, საქართველოდან ქართველები საბოლოოდ გაიყვანა.

გენოფონდის დაკარგვა კი ტერიტორიების დაკარგვაზე მძიმეა. წლებია ვამბობ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ნარკოტიკის გამტარი ქვეყანა ვართ და არა ქვეყანა, სადაც ქარხნები და ფაბრიკები უნდა აშენდეს და რაც უფრო ადრე დავიჯერებდით ამას, მით უფრო ადრე შევძლებდით სიტუაციის გაკონტროლებას. ახლა სიტუაცია უკვე კონტროლიდან გამოვიდა, იმიტომ, რომ ავღანურმა წამალმა იმატა. ადრე თუ ათასობით ჰექტარზე იყო ლაპარაკი, ახლა ავღანური კანაფი ათიათასობით ჰექტარზე მოდის და პირდაპირი ნარკოტრაფიკი ვართ.. ცხადია, ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, წამლის გამტარი ქვეყნები ბიუჯეტში საკმაოდ დიდ ფულს იღებენ და მილიონერების ქვეყანა უნდა ვიყოთ, მაგრამ ამის შნოც არ აღმოგვაჩნდა. საბოლოოდ, მივიღეთ დასუსტებული ეკლესია, დამუნჯებული პატრიარქი, დაკნინებული სასულიერო პირები, სრულიად დეგრადაციის გზაზე დამდგარი და გამარგინალურებული პოლიტიკური ძალები და ასე მივექანებით კაცმა არ იცის, სად. ახლა ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი სოფლებში დაბრუნება, მიწაზე შრომა და მოსავლის მიღება იქნებოდა, მაგრამ ადამიანს რომ შია, იმას ურჩევნია სადღაც წავიდეს, მოხუცს პამპერსები გამოვუცვალოს და ფული დააგროვოს.

– როგორც პიარტექნოლოგი რას იტყვით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოში უცხოელი პიარტექნოლოგების მომრავლებაზე?

– მე გავიცანი კიდეც ოცნების ერთ-ერთი პიარტექნოლოგი, რომელიც ბალტიისპირეთიდან ჩამოვიდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ საქართველოში ამას ქართველები უნდა აკეთებდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ იმ ადამიანების გვჯერა, რომლებმაც ამ ქვეყანაში მიაღწიეს წარმატებას და უცხოელი, რომელიც რაღაცა ფორმულებით გვესაუბრება, ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია. მე სააკაშვილის პიარში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს რამდენად მორგებული იყო მისი მუშაობის სტილი კავკასიურ მენტალიტეტს. ამ ადამიანს მიზნად ჰქონდა ქცეული, რომ ყოველდღიურად 400 ადამიანისთვის ჩამოერთვა ხელი. რატომ 400 და იმიტომ, რომ ქართველისთვის ხელის ჩამორთმევა მისიანად ქცევას და მეგობრობას ნიშნავს. 400 კაცი კი მინიმუმ სამი ოჯახია და წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი გამოდისო. სააკაშვილი შეიძლება ცუდი პრეზიდენტი იყო, მაგრამ კარგი პიარტექნოლოგი გახლდათ და ასეთი „ნიუანსები“ ფანტასტიკურად ჰქონდა გათვლილი. არ მესმის, რატომ არ ავიღეთ ის, რისი აღებაც სააკაშვილისგან შეიძლებოდა და რატომ ვენდეთ „ცხვირმოუხოცავ“ ბიჭებს, რომლებიც არსაიდან მოვიდნენ და ოცნების მთავრობაში მილიონერები გახდნენ.

– ამასწინათ ფეისბუკში დაწერეთ, ალბათ ხუმრობით – ისე არ ქნათ, რომ სააკაშვილი ჩამოვიყვანო, ხომ იცით, რომ შემიძლიაო. როგორ ფიქრობთ შესაძლებელია მოვლენების ამგვარად განვითარება?

– სააკაშვილი უკვე "ჩამოყვანილია". ის დიდი ხანია აქ არის და განიხილავს ხორავას ქუჩის საქმეს, განიხილავს ყველა მნიშვნელოვან პრობლემას, მისით იწყება ყველა მთავარი საინფორმაციო გამოშვება და მისით მთავრდება. ნახეთ, დღეს ვინ
არჩევს საქმეებს, ვინ უბრახუნებს მუშტს ოცნებას ეს ხომ ყველა კრებითი სააკაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში არ არიან, შეძლეს და გუნდურობა შეინარჩუნეს, ე.ი. ტექნოლოგიებმა იმუშავეს კარგად ხომ? ამ დროს სად არის „ოცნება“?
ნინო ბურჯანაძე, რომელიც გაწაფულია პოლიტიკურ თამაშებში როგორც ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი არ შევიდა ამ ბრძოლაში. სალომე მასავით გამოცდილი პოლიტიკოსი არაა და ჩემს თვალში ბრძოლის ველზე უიარაღოდ დატოვებულ ადამიანს ჰგავს. შეიძლება ჩემი საუბარი პესიმისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თვალის დახუჭვა და იმის ძახილი, რომ ყველაფერი კარგად
არის, სირაქლემას პოზიცია და დათვური სამსახურია. უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა ამერიკა ამდენი ხანი ელჩს არ აგზავნის. ანუ ამჟამად ჩვენ არც რუსეთის ელჩი გვყავს იმიტომ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და არც ამერიკის. ორი ზესახელმწიფო ჯერ კიდევ ბჭობს და განიხილავს ვინ რამდენ პროცენტს წაიღებს ჩვენგან. არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთისა და ირანის ინტერესები. თურქეთი რას მოილაპარაკებს რუსეთთან და როგორ მოვყვებით ამ გადანაწილებაში არავინ იცის და როგორ
შეიძლება ამ დროს არ გვყავდეს ძალიან კვალიფიცირებული წარმომადგენელი, რომელიც მინიმუმ, მაღალ ტრიბუნას გამოიყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასახმოვანებლად?

„ოცნების“ გულშემატკივარი რომ არ ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ დღეს დამარცხების დღეა, მაგრამ ვგულშემატკივრობ, რადგან ჩემი ცხოვრების საუკეთესო ცხრა წელი ბრძო-აში გავატარე.  მწყინს, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩემი ოჯახის ასევე ძალიან ბევრი ოჯახის გადამრჩენელია, იმ პოზიციაზე ვერ ვიხილავ, სადაც ვისურვებდი.

აღმოჩნდა, რომ ქართველებს მოკლე მეხსიერება გვაქვს და წარსული მალე გვავიწყდება. ახლახან სერგო თეთრაძის საქმეზე ახალი დეტალები გამოქვეყნდა, სადაც პირდაპირ წერია ადამიანი როგორ მოკლეს და დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ არსებობს და დაუსჯელია, ჩვენს უზარმაზარ პრობლემად იქცა. აი, ამიტომ ვერ მივდივართ წინ და როდესაც ქვეყანა წინ არ მიდის, ჭაობს ემსგავსება. ჩვენ ჭაობად ვიქეცით და დღეს ზუსტად ამ ჭაობიდან ამოსული რეპტილიები გამოვიდნენ სარბიელზე. ამ სიტუაციაში ერთადერთი პოზიტივია, რომ სიტუაცია იმდენად გაფუჭდება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა დადგება და ეს არჩევნები ქვეყნის ანსი იქნება.


ნელი თორდია

მეტის ნახვა
15-09-2018, 14:00


ვინ, როგორ და რატომ უღალატა ბიძინა ივანიშვილს?
(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28-32)

ვიგინდარა “ნაციონალები” ბიძინა ივანიშვილს ხშირად ადანაშაულებენ, რუსი ოლიგარქია და თანაც პუტინის მონა, პოლიტიკაში მოსვლის დღიდანვე გაიძახის, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყოო. რასაკვირველია, სააკაშვილის ხელის ბიჭებმა ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ თავიანთ მომხრეებს და საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილს მაინც აბოლებენ, ანუ კოკას ყურს იქიდან აბამენ, საიდანაც აწყობთ. ივანიშვილის პირველ წერილში, რომელსაც ასე ხშირად ვახსენებ, არის ერთი საინტერესო ფრაგმენტი ამ ომთან დაკავშირებით. გთავაზობთ მცირე ამონარიდს, სადაც მიმართავს ვანო მერაბიშვილს:
“გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი, ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა:

– ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?
– სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს-მეთქი, — გავაფრთხილე.

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა”.

რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო ჯერ კიდევ 1801 წელს, შემდეგ 1921 წელს, შემდეგ 1993 წელს… ბოლო-ბოლო, 1991 წლის მიწურულს სამოქალაქო ომი გაგვაჩაღებინეს რუსთაველზე, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ხროვა იყო აჟიტირებული — ბოკერიები, მერაბიშვილები, უგულავები და სხვები რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტაშ-ფანდურით შევიდოდნენ ცხინვალში და ოკუპანტები ამას გაატარებდნენ, თვალებს დაიბრმავებდნენ. განა საქართველოში იყო ვინმე ნორმალური, ვისაც არ უნდოდა ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიების დაბრუნება? არ იყო, მაგრამ ჩვენ კვლავაც უშედეგოდ დავიცალეთ სისხლისგან. სხვათა შორის, აგვისტოს დასაწყისში ბევრ “არანაციონალსაც” სჯეროდა, რომ რუსები ცხინვალს დათმობდნენ. საიდან ჰქონდათ ასეთებს ასეთი ინფორმაცია, ვერ გეტყვით. გარკვეულ წრეებში მიმტკიცებდნენ, ეს საკითხი მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი, სააკაშვილმა ჩააწყო, ამერიკელებიც მხარს გვიჭერენ, ესე იგი, მათთანაც შეთანხმებულიაო. მე საპირისპიროს ვამბობდი — თუ ოკუპანტები ამას გაგვიტარებენ, მაშინ რამდენიმე დღეში მთელი ჩრდილოეთი კავკასია აუჯანყდებათ-მეთქი. მხოლოდ დღეს კი არა, მომავალშიც ასე იქნება, რუსეთი, სანამ ამ სახით არსებობს, არ დაუშვებს პრეცედენტს, ვინმემ ტერიტორია ომით გამოგლიჯოს, რადგან ეს ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს წაახალისებს, უპირველესად კი ჩეჩნებს.

ბევრმა არ იცის, ბევრს არ ახსოვს, რა უბედურება დატრიალდა ჩეჩნეთში 1990-იან წლებში, როგორ გაიჟუჟა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი და მერე რა, რა მიიღო ამით გმირმა ერმა? არაფერი, მხოლოდ რამზან კადიროვის ხელისუფლება, რომელიც ვლადიმერ პუტინს უძვრება ერთ ადგილას დღეგამოშვებით. მიხეილ სააკაშვილმა მოინდომა გმირობა, მაგრამ საამისოდ არც ბაზა ჰქონდა, არც შესაძლებლობა და არც ნიჭი. თუმცა, ვიმეორებ, ჰქონდა ავადმყოფური ლტოლვა, სიშლეგე, სურვილი, რომ რაღაცნაირად აელაპარაკებინა მსოფლიო პრესა. როგორც აალაპარაკა, ვნახეთ და ისიც ვნახეთ, როგორ გამოიტანა მისმა უწმინდესობამ ცხინვალის ქუჩებში წამოკრეფილი ქართველი ბიჭების უკვე გახრწნილი ცხედრები. ომამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად ვესაუბრე “ნაციონალების” ერთ-ერთ ლიდერს, შოთა მალაშხიას, რომელიც მიმტკიცებდა, დღეს საქართველოს ისეთი შეიარაღება აქვს, ისეთი ჯარი ჰყავს, თავისუფლად შეუძლია, კრემლის თავზე ქართული დროშა ააფრიალოსო.

ვახ, ბატონო შოთა, მაშაყირებთ-მეთქი? რას ამბობ, როგორ გეკადრება, ამას საკუთარი თვალით ნახავო. ვნახე, ბატონებო, ვნახე, როგორ გარბოდნენ დიდი სარდლები წითელი ხიდისკენ და კახეთის მიმართულებით, რათა ოჯახებთან ერთად თავი სასომხეთისთვის და აზრებაიჯანისთვის შეეფარებინათ. დიახ, ვნახე, როგორ ღეჭავდა ჩემი მთავარსარდალი ჰალსტუხს "ბი-ბი-სი"-ს პირდაპირ ეთერში ჩართვამდე და შემდეგ როგორ გადახნა ცხვირით გორის ქუჩები. მახსოვს, საქართველოს მწერალთა კავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მიყვებოდა ომის დღეებში, აღარ შემიძლია, მაღალჩინოსნები მირეკავენ და მთხოვენ, შენ სომხეთსა და აზერბაიჯანში გავლენიან მწერლებს იცნობ, გადარეკე, იქნებ ოჯახებით მიგვიღონ და დაგვაბინავონო. კარგად გაიგონეთ? თავშესაფარს ეძებდნენ, ეს ოხრები, ეს მოღალატეები!

აი, ამაზე ამბობს ბიძინა ივანიშვილი, წელიწადნახევრით ადრე ველაპარაკე გიგა ბოკერიას, ლამის ვეხვეწე და ძლივს გადავაფიქრებინე, მაგრამ შემდგომში მაინც წამოაგეს პროვოკაციაზე მთელი ქვეყანაო. 2008 წლის პროვოკაცია, რასაკვირველია, ერთ დღეს არ დაწყებულა, რატომღაც აღარ ახსენებენ 2004 წლის ამბებს, როცა “სარდალ” ირაკლი ოქრუაშვილის მეთაურობით საცდელი შეტევა განახორციელეს. 

დღეს ხშირად ამბობენ, სააკაშვილმა კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა, დაახლოებით 2006 წლამდე ნორმალური იყოო. არ დაიჯეროთ, არც ის და არც მისი გუნდის წევრები ნორმალურები არასოდეს ყოფილან, ისინი ყოველთვის ფიქრობდნენ რაღაც არაორდინალურ ბოროტებაზე, რაც აალაპარაკებდა მსოფლიო მედიას. არ ვიცი, რამდენად მართალია, მე არ მაქვს საუბრის ჩანაწერი, მაგრამ სანდო წყარო მიყვება, როდესაც ამათ ზურგი გაიმაგრეს, მაშინვე დაიწყეს არაერთ სისულელეზე ფიქრი სერიოზული ტონითო. მაგალითად, ყოფილა ასეთი მომენტი: სააკაშვილთან შეიკრიბნენ ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და კიდევ რამდენიმე “ბალვანი”. ვანოს უთქვამს, ეს კარგია, ამერიკელები და ევროპელები პატივს რომ გვცემენ, მაგრამ ანგარიშს მაინც არ გვიწევენო. მიშაც დაფიქრებულა, შენ მართალი ხარ, რაღაც ისეთი უნდა გავაკეთოთ, ანგარიშგასაწევ ძალად ჩაგვთვალონ და რაღაცები გვკითხონო. ვანოს წამოუყენებია წინადადება, სასტუმრო “აჭარის” ადგილზე ისეთი “ტრიუმფალური თაღი” ავაშენოთ, ფრანგებმაც რომ პირი დააღონო. ამ წინადადებაზე კეზერაშვილს გაუცინია (მაინც ეშმაკია), თაღი რა ფეხებად გვინდა, მაგის გამო ანგარიშს ვინ გაგვიწევსო? ვანო გაჯიქებულა, მაშინ ატომური ბომბი ვიყიდოთ, დღეს ვისაც ბირთვული იარაღი აქვს, მარტო იმათი ეშინიათო. მიშა გაოცებულა, ჭკვიანი რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ ეგეთი გენიოსი მაინც არ მეგონეო. ოქრუაშვილს უთქვამს, თქვენ ნაღდად შიგ გაქვთო, წამომხტარა და გამოუჯახუნებია კარი. თუ ეს არ გჯერათ, მაშინ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას ჰკითხეთ, როგორ ჰქონდა “ჩახვეული” ვანო მერაბიშვილს, ნეტა ბათუმი რომ დავბომბოთ, რა მოხდებაო? ეს ის დროა, აჭარას რომ უტევენ და ასლან აბაშიძის გაგდებას აპირებენ.

მაგალითები უამრავია, მაგრამ ყველაზე საშინელი და ქვეყნისთვის დამანგრეველი ის გახლდათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე სააკაშვილმა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდა, ხოლო სოფელ ქურთაში სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ პრეზიდენტად დიმიტრი სანაკოევი დანიშნა. ეს ის სანაკოევი გახლავთ, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქართველებს ხოცავდა, შემდეგ კი ფულს დახარბდა და ვითომ ჩვენს მხარეს გადმოვიდა. ფაქტობრივად, სააკაშვილის ხროვამ მკვლელი გადმოიბირა და ფული ათეთრებინა. თუ რა ხდებოდა სოფელ ქურთაში, ანუ სანაკოევის საპრეზიდენტო რეზიდენციაში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ამაზე მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ცაბოშვილი პირადად მესაუბრა უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სამწუხაროდ, ომის შემდეგ ის იძულებული გახდა, უცხო ქვეყანაში გადახვეწილიყო:

“დიახ, არა მარტო მაშინ, როცა ეს ადმინისტრაცია ქურთაში იყო, არამედ 2008 წლის ომის შემდეგაც 19-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა. სად, როგორ და ვინ განკარგავდა ამ თანხებს, არავინ იცის. დასაწყისში საერთოდ შავი ბუღალტერია მოქმედებდა, ჩემოდნებით მოჰქონდათ ფული და ასე ინაწილებდნენ. მე კარგად მასხოვს ჩემი საუბრები უშიშროების მაშინდელ წარმომადგენლებთან, როცა ერთი 50-დოლარიან სკამში 500 დოლარს იხდიან, სად მიდის ამდენი ფული-მეთქი? სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირად იყო, მაგრამ როცა ფულის გათეთრებაზე მიდიოდა მუშაობა, ხმას ვინ ამოიღებდა? მეტსაც გეტყვით, ალბათ გახსოვთ, მაშინ გაკეთდა შემოვლითი გზა ერედვიდან. ძალიან საინტერესოა, რამდენი დაჯდა ეს გზა, რამდენი იხარჯებოდა მის ვითომ შეკეთებაზე? მილიონები. ჯერ შეიქმნა ალტერნატიული არჩევნების პრეცედენტი. თავიდან მე ვიყავი, დიმიტრი სანაკოევი და კიდევ რამოდენიმე ოსი. იმ ეტაპზე არ ერქვა ადმინისტრაცია, ჩატარდა არჩევნები იმ ადგილებში, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა და პრეზიდენტად აირჩიეს დიმიტრი სანაკოევი. იმ პერიოდში მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ გადაერქვა სახელი და გავხდი ინტეგრაციის მინისტრი. იმ პერიოდში სანაკოევსაც შეეცვალა სტატუსი და გახდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ვის სჭირდებოდა სანაკოევი? ეს ძალიან საინტერესოა… ქართულმა მხარემ ოსური მხრიდან დაიწყო ბნელი წარსულის მქონე ადამიანების გადმობირება, მოსყიდვა. ასეთების გადმოსვლა დიდი ვერაფერი შეღავათი იყო და ეჭვები გამიჩნდა 2007 წლის დასაწყისში, თუნდაც იგივე ფინანსური მომენტების შესახებ, საკადრო პოლიტიკის შესახებ.ე.წ. მთავრობაში, რომელიც სოფელ ქურთაში განთავსდა, ისეთი გაბერილი შტატები იყო, ლამის გული მისკდებოდა — ყველაფრის სამინისტრო შექმნეს და დაახლოებით 500 ადამიანი შეყარეს. წარმოიდგინე, მე ვიყავი მინისტრი და ამ დროს არავინ არაფერს მავალებდა, არავინ არაფერს მთხოვდა და არავინ არაფერს მაკეთებინებდა. უბრალოდ მოდიოდა ფული და არ მინდოდა ასეთი ფულის აღება. მე მაინც არ ვეპუებოდი, ჩემებურად ვცდილობდი, მემოქმედა, მაგრამ ყველანაირად მიშლიდნენ ხელს… პირველ რიგში სანაკოევები, რომლებიც პიროვნულად ვერ მიიტანდნენ.

(გაგრძელება იქნება)

მეტის ნახვა
15-09-2018, 09:30