სარეკლამო ადგილი

947x125



"საერთო გაზეთში" გამოქვეყნებულ სტატიას "ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, სააკაშვილი კი ბიძიან-ნათესავებიანად, კგბ-დან მოდის?!", სადაც 2008 წლის ომის შესახებაც იყო საუბარი, გორელი ტარიელ თოდაძე გამოეხმაურა. იგი იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ავტობაზის უფროსი იყო და თავად არის შემსწრე ბევრი ფაქტის, რაც ამ ომს უკავშირდება.

ტარიელ თოდაძე:
 - 2008 წლის 14 აგვისტოს, კახა ლომაია მობრძანდა გორში. თურმე მას მანამდე ტელეფონითაც ესაუბრებოდა რუსი გენერალი ბორისოვი და იქაც უთხრა, ქრისტიანები არ ხართ, ორი დღეა გეხვეწები, რომ გადმოასვენოთ ცხინვალიდან დაღუპული ქართველი ჯარისკაცები, ცხედრებს ღორები და ძაღლები ჭამენო. ლომაიას პასუხმა, ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცითო ისე გამამწარა, რომ ძლივს გამაჩერეს, შევეკამათე და ვაგინე, ხმა არ ამოუღია, ჩახტა მანქანაში და გაიქცა. მასთან ერთად მეორე ჯიპიც იყო, ვიღაცა სათვალიანმა კაცმა დააპირა იქიდან გადმოსვლა, მაგრამ ეტყობა ამ შელაპარაკების გამო გადაიფიქრა. ვიცანი, საკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია იყო. ბორისოვმა მხარზე ხელი დამარტყა და ქართულად მითხრა, ნუ გეშინია ბიჭო, ყველაფერი კარგად იქნებაო. მერე გავიგე, ბორისოვს გორის რუსული სკოლა ჰქონია დამთავრებული, მამამისი გორის სატანკო ნაწილში მსახურობდაო. ლომაიასთან ინციდენტი და ბორისოვის ეს სიტყვები დაიმახსოვრეს ნაციონალებმა, სხვა მხრივაც არ მოსწონდათ ჩემი საქციელი, მოგვიანებით ყველაფერი გამიხსენეს და დამიჭირეს.
2008 წლის ომი 8 აგვისტოს კი არა, რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, რისთვისაც გაცილებით ადრე ემზადებოდნენ.
    სამხედრო ავტობაზის უფროსად 2008 წლის 1 მაისს დავინიშნე, რამდენიმე თანამშრომელიც ავიყვანე, რომ სამხედრო ავტომანქანები და ჯავშანტექნიკა დაგვეცვა. 15 მაისიდან აქტიურად დაიწყო ბაზაში ავტომანქანებისა და ტექნიკის სარემონტოდ შემოყვანა. მე აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე ვარ, ამიტომ მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, მთლად კარგად არ იყო საქმე. ტრისტან წითელაშვილი ჩემი მეგობარია, თან მაშინ ჩემი უშუალო უფროსი იყო, ამიტომ ტელეფონით დავუკავშირდი, სამასახურიდან უნდა წავიდე, სააკაშვილი მგონი, ომს იწყებს, ჩემს თანამშრომლებს ვერ ჩავახოცინებ-თქო. ტრისტანმა დამამშვიდა, საშიშროება არ არსებობს, ძალიან გთხოვ, მუშაობა გააგრძელეო. თურმე ჩვენი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა, გორის წვენების ქარხნის (ეს ქარხანა ნაცების "ბულბულის" ნინა წკრიალაშვილის მამას ეკუთვნის) ეზოში სპეცავტომანქანა ყავდათ გაჩერებული, რომელიც 30 კილომეტრის რადიუსში სატელეფონო საუბრებს ისმენდა. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილი სულ იქ იჯდა, განსაკუთრებით ომის დღეებში, იქ იყვნენ უგულავა, კარბელაშვილი, ბოკერია და სხვა "ნაცელიტარები, ფაქტობრივად ეს ჯგუფი იყო ომის მწარმოებელი "გენერალიტეტი". იქვე სასტუმროც აქვს ზურაბ წკრიალაშვილს, სადაც ცხოვრობდნენ ეს "დიდი სტრატეგები".
   ერთ დღეს ორი მძიმედ დატვირთული დიდი ავტომანქანა შემოვიდა ბაზის ტერიტორიაზე, რომლებიც დახურულ შენობაში გააჩერეს. ავტომანქანებს თბილისიდან გამყოლი ახლდა, რომელმაც გამაფრთხილა, ავტომანქანებისთვის დღე და ღამე თვალი არ მოგვეცილებინა. დამაინტერესა რა ტვირთი იყო, დავათვალიერე და აღმოჩნდა, რომ ორივე ავტომანქანის ძარა ტროტილით იყო სავსე. მეორე დღეს ამ გამყოლს ვუთხარი, მოეშორებინათ იქიდან ეს ავტომანქანები, ჩვენი ბაზა წისქვილკომბინატის სიახლოვეს იყო, საიდანაც მთელი შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი მარაგდება ფქვილით, ვუთხარი, ეს ტროტილი რომ აფეთქდეს, მარტო წისქვილკომბინატს კი არა, მთელ გორს დაანგრევს. თუ როკის გვირაბის ასაფეთქებლად გინდათ, ამას მაინც ვერ შეძლებთ და ხალხს ნუ გაწირავთ-თქო. ჯერ კიდევ სამაჩაბლოს პირველი არეულობის დროს მყავდა ჩამოყვანილი უკრაინიდან სამხედრო სპეციალისტი, მანქანით რომ გავატარე როკის გვირაბში, მითხრა, ამ გვირაბის აფეთქება გამორიცხულია, რადგან აქ ვაკუუმს ვერ შექმნით კედლებზე არსებული ე.წ. კარმუშკების გამო, თანაც ზემოდან კლდის უზარმაზარი მასააო. ეს ყველაფერი მოვუყევი იმ თბილისელს, ჩვენი საუბრის შემდეგ გაიყვანეს ტროტილით დატვირთული მანქანები, ამ კაცს ყველაფერი მოუხსენებია ხელმძღვანელობისთვის, ამის შემდეგ საბოლოოდ ამიყვანეს მეთვალყურეობის ქვეშ. ივნისის მიწურულიდან გორის პოლიციის თანამშრომლები დადიოდნენ ხეობის ზემო სოფლებში და მოსახლეობას აფრთხილებდნენ, ვისაც იარაღი გაქვთ ჩაგვაბარეთ, თორემ მალე რუსები შემოვლენ და ვისაც იარაღს აღმოგიჩენენ, დაგხოცავენო, "გაფრთხილებულთაგან" რამდენიმეს პირადად ვესაუბრე და მათაც დაადასტურეს ეს ინფორმაცია.
  ცხინვალის პოლიციის განყოფილებაზე მიმაგრებულ თანამშრომელს, რომელიც ვიცოდი "მწარე" ნაციონალი იყო, ვკითხე, რატომ აშინებდნენ ხალხს რუსების შემოსვლით, რატომ უნდა შემოსულიყვნენ რუსები, თუ ხელისუფლება ომისთვის არ ემზადებოდა. ცხადია, ეს ამბავიც მივიდა ხელისუფლების ყურამდე, სხვა "ცოდვებიც" გამიხსენეს და 25 აგვისტოს ათამდე ავტომატიანი პოლიციელი დამადგა თავზე, დამაპატიმრეს, სასტიკად მცემეს და მაწამეს, საათობით ვყავდი ფეხებით დაკიდებული, არც "დუბინკებითა" და წიხლებით ცემა დაუკლიათ. მაიძულებდნენ ხელი მომეწერა "აღიარებით" ჩვენებაზე, ტექსტი თვითონვე შეადგინეს, რომ თითქოს ხელისუფლების დამხობას ვგეგმავდით.

ქალაქში ხმები დადიოდა, რომ 1 და 2 აგვისტოს გორის ყველა ბანკიდან (8 თუ 10 ბანკი იყო მაშინ) მთლიანად გაიტანეს ფული, ოქროს ნივთები, დოკუმენტაცია და თბილისში წაიღეს, ბანკებს ერთი ოპერაციაც აღარ უწარმოებიათ. ინფორმაცია შიგნიდან ჟონავდა, გორი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს, ამიტომ მაშინვე ხდებოდა ცნობილი ყველაფერი. მეც ეს ინფორმაცია ერთ-ერთი ბანკის ინკასატორმა მითხრა. თუ ომს არ გეგმავდნენ, მაშინ რატომ გაზიდეს ყველაფერი ფასეული თბილისში? ან რატომ შეიტანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორი ავტომანქანით 3.000 ცალზე მეტი მიცვალებულის ჩასასვენებელი ე.წ. ტომრები. ყვითელი ავტობუსებით შემოიყვანეს რეზერვისტები, რომელთა გადაადგილების მარშრუტსაც აქტიურად აშუქებდნენ ტელევიზიები, გეგონება სპეციალურად აძლევდნენ მოწინააღმდეგეს ინფორმაციას, რომ დაებომბათ. შემოყარეს ზონდერებიც, რომლებსაც არაფერი ეტყობოდათ რომ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსული.

რაც მაშინ ხდებოდა, ეს არ იყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მცდელობა, როგორც ამის გასაღებას ცდილობდნენ ნაციონალები. ეს არ იყო ომი, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის და დიდი ფულის საშოვნელად მოწყობილი ოპერაცია, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა. როგორც შევატყე, რაც უფრო მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უკეთესი ნაციონალებისთვის.

რუსებმა იცოდნენ, რომ უფლისციხის ბაზაზე უამრავი იარაღი და საბრძოლო მასალა იყო, მაგრამ უშუალოდ ბაზა არ დაუბომბავთ, შორი ახლოს ჩამოაგდეს ბომბი. ომის და შემდგომ დღეებში, როცა იქ რუსი ჯარისკაცები იდგნენ, მე გორი ერთი დღითაც არ დამიტოვებია, მათ იქაურებისთვის ერთი აუგი სიტყვა არ უკადრებიათ. ტელეფონების ნომრები ჰქონდათ გამოკრული, რომ თუ მოსახლეობას რაიმე პრობლემა შეექმნებოდა სამხედროებისგან თუ სხვა პირებისგან, მოგეხსენებათ, მაშინ ჩრდილო კავკასიიდან იყვნენ გადმოსულები საყაჩაღოდ, მაშინვე დაკავშირებოდნენ ამ ტელეფონებზე და ყველას პასუხს აგებინებდნენ. რუსმა სამხედროებმა ორი კაზაკი დახვრიტეს ადგილზე, რომლებსაც გორში სახლის გაძარცვა უნდოდათ, მესამე კაზაკი დააპატიმრეს და მერე როგორც გავიგე, ისიც დაუხვრეტიათ. ეს, რაც უტყუარად ვიცი. სტალინის სახლმუზეუმთან ჩამოვარდა ერთი ბომბი, რაც ვფიქრობ, რუსებს არ უსვრიათ, რადგან სამხრეთიდან, ატენის ხეობის მხრიდან იყო ნასროლი. ეს აშკარად ეტყობოდა ჩამოვარდნილ ბომბს, ეს რომ ვუთხარი ქართველ ოფიცერს, მეორე დილას ბომბი იქ აღარ იყო, ორმოც ასფალტით ამოევსოთ. ეტყობა ღამე იმუშავეს და კვალი მოსპეს. მთელმა შიდა ქართლმა იცის, 5 აგვისტოს "გრადები" რომ გაისროლეს გორის მხრიდან, ერთი ბომბი კარალეთში ჩამოვარდა და 5 წლის გოგონა იმსხვერპლა, თუმცა ეს ფაქტი დამალეს. იმ დროს ერთი მამაკაციც დაიჭრა, რომელსაც ვითომ უმკურნალეს, მაგრამ დღესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. კარალეთელები დაადასტურებენ ამ ამბავს, მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ვანო მერაბიშვილმა გააჩუმა დაღუპული ბავშვის მშობლები, ფულის საშუალებით მოხდა ეს თუ დააშინეს, რა მნიშვნელობა აქვს. ნაციონალებს რომ აწყობდათ, მსხვერპლი რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ლიახვის ხეობის სოფლებიდან გამოქცეულ ხალხს ახალაიები, "მასტერა", გოგი თათუხაშვილი, გია უჩავა და ძმანი მათნი აიძულებდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ, საშიში არაფერიაო, არადა 58-ე არმია და ჩრდილოკავკასიელი ყაჩაღები უკვე შემოსულები იყვნენ როკის გვირაბიდან. ტრისტან წითელაშვილმა მთხოვა ხალხს გამოსვლაში დავხმარებოდი, რომელთა უმეტესობაც ფეხით მოდიოდა. ტირძნისიდან ერედვში მოკლე გზა გადმოდის, იქ ვიყავი ასული ჩემი ხალხით და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ არ უშვებდნენ სოფლელებს გორისკენ წამოსულიყვნენ. პირველად მაშინ ვნახე გოგი თათუხაშვილი, უჩავას მანამდეც ვიცნობდი და ვიცი რასაც წარმოადგენს. ჯერ ზვიად გამსახურდიას როგორ მოექცა და ახლაც აგრძელებდა ავკაცობას, თუმცა ბურჯანაძე-ბიწაძის წყვილმა გვერდით დაიყენა. ბოლოს ამათაც უღალატა უჩავამ, არადა მანამდე გავაფრთხილე ბადრი ბიწაძე, რომ უჩავას ნდობა არ შეიძლებოდა. ხალხის მიმართ ასეთი უსულგულო დამოკიდებულების გამოც მომიწია `ნაცბობოლებთან~ დაპირისპირება, რაც ჩემი მხრიდან "უპატიებელი ცოდვა" ყოფილა.

ეს არ იყო ომი, ეს ნაციონალების მხრიდან ომობანას თამაში იყო, რასაც ჩვენი საჯიშე ბიჭები შეეწირნენ. ახლაც დადის გორში ხმები, რომ სააკაშვილს დროშები და ტრიბუნა ჰქონდა ჩამოტანილი, ცხინვალში საზეიმო მიტინგის მოსაწყობად. სასმელ-საჭმელიც ჰქონიათ ჩამოტანილი "გამარჯვების" აღსანიშნავი ბანკეტისთვის. გაიხსენეთ სააკაშვილის ტრაბახი, როკის გვირაბამდე მივედით, ჯავას და ცხინვალს ვაკონტროლებთო, სინამდვილეში ყველაფერი სიცრუე იყო, ცხინვალში პედაგოგიურ ინსტიტუმდე კი მივიდნენ, მაგრამ მერე უკან მოუხედავად გამოიქცნენ. ოსებმა 27 და 28 ივლისს დაიწყეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა, ავტობუსებით წაიყვანეს ეს ხალხი ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი), ე.ი. წინასწარ იცოდნენ, ომი რომ უნდა დაწყებულიყო. მოგვიანებით ყაზბეგში შემხვდა ცხინვალელი ნაცნობი, საუბარში მითხრა, ჩვენ ერთი თვით ადრე ვიცოდით სააკაშვილს ომი რომ უნდა დაეწყოო. ხელმძღვანელობისგან მიტოვებული ჯარისკაცები დეზერტირებად და მოღალატეებად გამოაცხადეს და ციხეში გამოამწყვდიეს. ე.წ. გენერალს, ბატონ კალანდაძეს კი ჩინ-მედლები უბოძეს და გმირად გამოაცხადეს. ალბათ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც წაგებულ ომში მავანთ გმირის ტიტულს ანიჭებდნენ, ხოლო სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ ისეთი ზეიმი და ცეკვა-თამაში გავმართეთ, თითქოს ამ ომში ჩვენ კი არა ჩვენი მოწინაღმდეგე დამარცხებულიყოს. წარმოიდგინეთ, ისეთი არეულობა იყო, ქართველები ქართველებს ესროდნენ. ხელისუფლების უცოდინარობას და მოღალატეობრივ პოლიტიკას შეეწირა უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც წინასწარ წაგებულ ომში ჩაითრიეს. ისეთ მძლავრ სამხედრო ძალას როცა უპირისპირდები, როგორიც რუსეთია, ან სრული უწიგნური ხარ, ან მოღალატე.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
29-01-2018, 18:06


როგორია "მეტისმეტად სტაბილური გენიოსის" ჯანმრთელობა?

მელორ სტურუა:
ეს მოსალოდნელი იყო:
როგორია პრეზიდენტ ტრამპის სამედიცინო გამოკვლევის შედეგები
"პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენი მთავარსარდალი, გამუდმებით სვამს დიეტურ "კოკა-კოლას', მიირთმევს ნაღების ნაყინს და წითელ ხორცის ნაჭრებს. დღე-ღამის განმავლობაში სძინავს ხუთი საათი. მისი ფიზიკური აქტივობა შემოიფარგლება გოლფის სათამაშო ეტლით სიარულით", _ ასე აღწერენ თეთრი სახლის თანამშრომლები თავიანთი პატრონის სიცოცხლისუნარიანობას. მაგრამ ეს, ცხადია, არ არის ექიმის დიაგნოზი.

წინა კვირას ესკულაპებმა გამოკვლევა ჩაუტარეს ტრამპს, რომელიც ახლა 71 წლის არის. ეს იყო მისი ყოველმხრივი სამედიცინო გამოკვლევა მას შემდეგ, რაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. მანამდე, 2016 წელს, ტრამპის ექიმები ამტკიცებდნენ, რომ ის "იგი ყველაზე ჯანმრთელია მათ შორის, ვინც ოდესმე ქვეყნის პრეზიდენტად აურჩევიათ'.

ბოლო გამოკვლევის შემდეგ მჯდომარე ცხოვრების წესი აისახა ტრამპის წონაზე, რაც თვალნათლივ ჩანს. საზოგადოებას უფრო მეტად აწუხებს ფსიქიკური მდგომარეობა ქვეყნის ლიდერისა, რომელიც საკუთარ თავს "მეტისმეტად სტაბილურ გენიოსს" უწოდებს.

პრეზიდენტ ჯიმი კარტერის დროიდან მოყოლებული პრეზიდენტების სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევები ტრადიციად იქცა, თუმცა ამ პროცედურებისთვის არანაირი მყარი და დაკანონებული წესები არ არსებობს, მათ შორის არც ექიმების საჯარო განცხადებები. ასე რომ, ყველაფერი თვითონ ტრამპზეა დამოკიდებული _ რა დამალოს და რა გამოაცხადოს თავისი ჯანმრთელობის შესახებ. სიმართლე ითქვას, თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკაბი სენდერსმა გამოკვლევების ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ახლანდელი პრეზიდენტის ექიმები ისევე მოიქცევიან, როგორც ობამას და ბუში-უმცროსის ექიმები: თავიანთი მაღალი თანამდებობის პირის სრული გამოკვლევის შემდეგ ისინი "ქალაქსა და სოფელს" ამცნობდნენ მათ სიმაღლეს, წონას და ქოლესტერინის შედგენილობას. ბუშის ექიმი იტყობინებოდა, რომ 'ეს პრეზიდენტი ხანდახან ეწევა სიგარას, რომ მისი "კუნთოვანი სხეულის მასა" მატულობს. "უნთოვანი მასა" განსაკუთრებით მზარდი პრეზიდენტ კლინტონს ჰქონდა.

პრეზიდენტების სამედიცინო კვლევა, ჩვეულებრივ, აჩვენებდა მხოლოდ იმას, რაც თვითონ პრეზიდენტებს სურდათ. როგორც ამერიკული პრეზიდენტობის საკითხის მკვლევარი, ისტორიკოსი რობერტ დელეკი წერს, მსგავსი გამოკვლევების შედეგების მიმართ "საზოგადოების ინტერესი ნულის ტოლია". არ სჯეროდა თეთრი სახლის გულწრფელობისა დელეკს, რომელიც ამბობდა: "საეჭვოა, თეთრმა სახლმა განაცხადოს იმის შესახებ, თუ რა დაუდგინეს გამოსაკვლევ პაციენტს ექიმებმა". არცთუ დიდი ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისტორიკოსმა თავადვე დასვა შეკითხვები: "იქნებიან კი ექიმები გულწრფელნი, თუკი პრეზიდენტს ჭკუასუსტობის ნიშნებს აღმოუჩენენ? ეტყვიან კი ისინი ამის შესახებ თვითონ პრეზიდენტს, ის კი ამას საზოგადოებას შეატყობინებს?"

ტრამპის სამედიცინო გამოკვლევები, ტრადიციის შესაბამისად, ჩაუტარდა ვაშინგტონის ახლოს, მერილენდის შტატის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში. გამოკვლევებს ხელმძღვანელობდა თეთრი სახლის ოფიციალური ექიმი, კონტრადმირალი რონი ჯექსონი, რომელმაც მანამდე გამოკვლევა ჩაუტარა ობამას და მონაწილეობდა პრეზიდენტ ბუშის საექიმო შემოწმების პროცესში.

დოქტორი ჯექსონი პრეზიდენტ ტრამპის პირადი ექიმი გახდა მაშინვე, როგორც კი მან თეთრი სახლის ზღურბლს გადააბიჯა. განვლილი წლის განმავლობაში იგი დიდ დროს ატარებდა ტრამპთან და საზღვარგარეთ მოგზაურობისას გამუდმებით თან დაჰყვებოდა.

ისტორიული გამოცდილების თანახმად, თეთრი სახლის ექიმები საზოგადოებას უმალავდნენ თავიანთი პაციენტების დაავადებებს. საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ პრეზიდენტ რუზველტს პოლიომიელიტი აწუხებდა, თუმცა ცოტამ თუ იცოდა მისი მაღალი წნევიანობის ამბავი, რამაც გამოიწვია რუზველტის სიკვდილი.

ტრამპის თეთრ სახლს არ გაუმჟღავნებია იმ ექიმ-სპეციალისტთა სახელები, რომლებმაც პრეზიდენტი გამოიკვლიეს. წინა პრეზიდენტებს ეს საიდუმლოდ არ გაუხდიათ.
ტრამპს ახასიათებს არამკაფიო მეტყველება, თუმცა უცნობია მისი წარმომავლობის მიზეზი. რა არის ეს _ ნევრალგია თუ მეტყველების პათოლოგია. თეთრი სახლის პრესმდივანი ამას უბრალო ახსნას უძებნის: "პრეზიდენტს ხანდახან მშრალი ყელი აქვს და მეტი არაფერი".

ფასტფუდით, ანუ ჰამბურგერებითა თუ სოსისებით გატაცება და ცხოვრების ეკლექტიკური წესი, ბუნებრივია, აისახება ტრამპის ჯანმრთელობაზე, მაგრამ საზოგადოებას უფრო მეტად აინტერესებს მისი ფსიქიკური მდგომარეობა. თეთრი სახლი დუმილს ამჯობინებს, როცა ჩნდება კითხვა _ ჩაუტარდა თუ არა ტრამპს ფსიქიატრიული გამოკვლევა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმებისას?

1964 წელს ექიმებმა მიიღეს ეგრეთ წოდებული "გოლდუოტერის წესები" (სენატორი გოლდუოტერი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო). სენატორი ძალზე უცნაურად იქცეოდა, რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე საფუძვლიან ეჭვებს აჩენდა. თუმცა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ თავის წევრებს აუკრძალა, შეეფასებინათ გოლდუოტერის გონებრივი შესაძლებლობები მისი პირადად გამოკვლევის გარეშე.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ტრამპსაც და ჰილარი კლინტონსაც შესთავაზეს გაევლოთ გონებრივი შესაძლებლობების ტესტი. ეს იმისათვის გაკეთდა, რომ დაეცვათ ქვეყანა ისეთი პრეზიდენტისგან, რომელიც შეიძლება ავად გახდეს ჭკუასუსტობის ან ალცჰაიმერის დაავადებით (რაც რონალდ რეიგანს დაემართა). ორივე კანდიდატმა საბოტაჟი გამოუცხადა ამ ტესტებს.

"გასულ პარასკევს პრეზიდენტ ტრამს ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევები. როგორც მოსალოდნელი იყო, ექიმებმა მისი ჯანმრთელობა "ბრწყინვალედ" შეაფასეს". "უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში პრეზიდენტის ფიზიკური კვლევა შესანიშნავად ჩატარდა, _ განაცხადა თეთრი სახლის კონტრადმირალმა რონი ჯეკსონმა. _ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საუცხოოა" (რისი დამტკიცებაც საჭირო იყო).

დოქტორისა და კონტრადმირალის ოპტიმისტურ განცხადებაში არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია ისეთ საბაზო მახასიათებლებზეც კი, როგორიცაა პრეზიდენტის წონა, სისხლის წნევის მაჩვენებლები და ქოლესტერინის დონე. ექიმებს სიტყვაც კი არ დასცდენიათ, თუ რომელი ტესტით გამოიკვლიეს პრეზიდენტი ან რა წამლებს იღებს იგი. თეთრმა სახლმა კი განაცხადა, რომ ინფორმაციას გამოაცხადებდნენ სამშაბათის პრესკონფერენციაზე, რომელსაც ქალბატონი სენდერსი და დოქტორი ჯექსონი გეგმავდნენ.

ოფიციალური ცნობების თანახმად, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება ჩატარებული ტესტების დასრულებას (ტრამპი კი მაშინვე გაემგზავრა ფლორიდაში, პალმბიჩზე მდებარე თავის "ზამთრის თეთრ სახლში" _ მარ-ა-ლანგოში).
დღესდღეობით გაურკვეველია, ჩაუტარეს თუ არა ტრამპს გონებრივი შესაძლებლობების დასადგენი ტესტი, კოგნიტური და ნევრალგიური გამოკვლევები (ტრამპის გონებრივი შესაძლებლობების საკითხი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამოიცა ვულფის წიგნი _ მასში მოყვანილია თეთრი სახლის იმ თანამშრომელთა გამონათქვამები, რომლებიც უშუალოდ ურთიერთობენ ტრამპთან და ეს გამონათქვამებიც თითქოსდა ეჭვქვეშ აყენებს ამ შესაძლებლობებს). არაფერია ცნობილი, ტრენაჟორებზე გამოცდის შემდეგ როგორია მისი გულის მდგომარეობა.

2016 წლის არჩევნებამდე ტრამპის მაშინდელმა პირადმა ექიმმა ჰაროლდ ბორნსტინმა განაცხადა: "თუ ბატონ ტრამპს აირჩევენ, ის იქნება ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ოდესმე აურჩევიათ პრეზიდენტად". დოქტორ ბორნსტინის თქმით, "სრული სამედიცინო გამოკვლევების შედეგები მხოლოდ და მხოლოდ დადებითია. სისხლის წნევა და სხვა ლაბორატორიული კვლევების ტესტები შესანიშნავია". "ნიუ-იორკ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობდა, რომ ტრამპი იღებს ფინასტერიდის მცირე დოზებს გამელოტების საწინააღმდეგოდ. ახლანდელ დოქტორ ჯექსონს არ დაუზუსტებია, კვლავაც აგრძელებს თუ არა პრეზიდენტი ამ პრეპარატის მიღებას. თუ ტრამპის უცნაური ქოჩრით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ აგრძელებს.

ასე რომ, შეკითხვა: "ჰაუ დუ იუ დუ, მისტერ ტრამპ?' _ კვლავაც უპასუხოდ დარჩა.

მეტის ნახვა
29-01-2018, 13:57
29-01-2018, 00:16


არა და არ ჩერდება – პირიქით, მეტ და მეტ სისულელეს გვეუბნება, არ ვიცი, მართლა ასეთი მიკერძოებულია თუ უკვე მოგვერია და ბაბა უნდა დავუძახოთ…

არა, ფილოსოფოსი ღვინის ცარიელ კასრში უნდა იჯდეს, სხვაგვარად არ გამოდის, არ უხდება ფილოსოფოსს რეზიდენცია.
გვეუბნება – ვეუბნებით პასუხს, გვიხსნის და უფრო მეტად იხლართება, პასუხი მაინც არ მოსწონს: – რა თქვესო, რაო? კიდევ რამე თქვეს ჩემზეო? – ისე ჩაეძია ჟურნალისტს, მგონი რეზიდენციის შუაგულში ღვინის ცარიელი კასრი უდგას და იქაა მოკალათებული…
მზეს ხომ არ ვეფარებით, ბატონო პრეზიდენტო?

ახლა ახალი გასართობი იპოვა – შეწყალების აქტი წყალობააო _ აიჩემა, იურიდიულ საფუძვლებთან რა შეხება აქვს, ხომ არ გადაირიეთ, ემოციურად მიღებული წყალობააო.

მაშინ რა საჭიროა 2014 წლის 27 მარტს გამოსული მისივე ბრძანებულება შეწყალების წესის შესახებ? წესიც ჰქონია შეწყალებას, ასე მთლად უწესოდ ემოციური არ ყოფილა. მთლად წყალობა არ ყოფილა შეწყალების აქტი?

ყველა საქმეს გავეცანი დაწვრილებით, ყველა საქმის ფაბულა ვიციო. წვრილმანებზე საუბარი ამორალობა და სიბინძურე მგონიაო – ეჰ, წვრილმანებს არ შეიცავს ფაბულა და იმიტომ, არც ემოციას შეიცავს ფაბულა, მეგონა ფაბულის განმარტება მაინც გეცოდინებოდათ.
შეწყალების კომისიის ხელფასებისთვის 2014–2016 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 110 ათასი გამოიყო. იმის გათვალისწინებით, რომ კომისია 11 წევრისგან შედგება და ამ 11 წევრს წელიწადში რამდენიმე დღით უწევს მუშაობა, ცოტა არ უნდა იყოს, მაგრამ ინტელექტუალური და ემოციური შრომა დიდ ენერგიას მოითხოვს და შეერგოთ.

მაგალითად, ამჯერად 8 კალენდარული დღის მანძილზე იმუშავეს, ამ რვა კალენდარულ დღეში შაბათ-კვირა მოხვდა და დარჩა 6 სამუშაო დღე. ხოდა, ამ 6 სამუშაო დღეში 1406 საქმე განიხილეს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეში 12 საათს იმუშავებდნენ მხოლოდ ერთსაათიანი შესვენებით – თითო საქმის განსახილველად 20 წუთი დარჩებოდათ – გენიოსი უნდა იყო 20 წუთში საქმის ფაბულასაც გაეცნო, გაითავისო კიდეც, როგორც პრეზიდენტი ითავისებდა და იტანჯებოდა და ემოციის ხმასაც უნდა დაუგდო ყური – არ არის ახლა ეს გენიოსობა და ყოვლისშემძლეობა? ხოდა, გენიოსს კარგი ანაზღაურება სჭირდება. ასე სად არის, საზოგადოებრივი საქმის კეთებაც უნდა ანაზღაურდეს, რატომაც არა, მართალია, სახელმწიფო ხშირად გვთხოვს მოხალისეობას, ხეების დარგვაში, მაგალითად, მაგრამ გენიოსებს მოხალისეობას ხომ ვერ მოსთხოვ, უხერხულია.

ის იყო, კომისიის წევრების შრომაზე დარდმა შემომიტია, რომ ჩემი პრეზიდენტის ახალი ბრძნება გამახსენდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომისიის გადაწყვეტილება უფლებამოსილად ჩაითვლება, თუ სხდომას წევრთა ორი მესამედი ესწრება. 11 კაცის ორი მესამედის შრომაც ჩასათვლელია, ანუ და შეენაცვლებით, ალბათ, ერთმანეთს – ამოვისუნთქე.

ბაბა, ბატონო პრეზიდენტო, ბაბა და ნუღარ გვტორავ.

მზესაც ხომ არ დავეფარეთ?! არ მოგერიდოთ თქმა.

ქართველები აგრესიულები ვართ და პირველთან ბრძოლა გვიყვარს, პირველს სულ ვემტერებითო – ჩემი პირველი! არქაული საზოგადოება გაიხსენა იქვე – მეფე მოვკლათ, მეფე შევჭამოთ – ამბობდნენო.

ლუკმად არ გვეყოფოდით მეგონა, იყო დრო და ყელზე დაგვადექით.

კიდევ კარგი, არქაული საზოგადოების მეფე არ ხართ – თორემ თქვენი ძვლებისგან ასხმული ყელსაბამი ეკეთებოდა ახლა რომელიმე არქაულ მეფეს.

რა შეგჭამეთ ისე, მართლა და მართლა, რას გადაგეკიდეთ, რას გერჩით?

ჩვენი ჭკვიანი პრეზიდენტი – სააკაშვილს არ შევიწყალებ მეო.

არ შევიწყალებ, რადგან სააკაშვილი სახლის ქურდობისთვის უნდა გაესამართლებინათ და ავარიისთვის ან მანქანის გატაცებისთვის გაასამართლესო. სააკაშვილი განა მართალია, განა დამნაშავე არ არის, მაგრამ სამართლებრივად ის სასამართლოს მსხვერპლია და მე ეგღა მაკლია სასამართლოს შეცდომები ვასწოროო.

ვერ დავთვლი, რამდენჯერ მკითხეს უცხოეთში ვიზიტებზე, თქვენს პრეზიდენტს მართლა პიჯაკების გამო ასამართლებთო?
ისა და, ბატონო პრეზიდენტო, მართლა ვერ დათვლით რამდენჯერ ხართ უცხოეთში შეხვედრებზე ნამყოფი თუ სიტყვაზე თქვით? ეტყობა ჩუმად დადიხართ, რა ვიცი.

ხოდა, ისევ სააკაშვილს რომ დავუბრუნდეთ, არასწორად გაასამართლეს, სისხლის სამართალში არ არის აღწერილი შეწყალების ბოროტად გამოყენებაო – და ქრთამი ხომ არის აღწერილი, ბატონო პრეზიდენტო, ან თაღლითობა?

და შიში თუ არის აღწერილი ნეტავი სისხლის სამართალში?

ასე რამ შეგაშინათ, ბატონო პრეზიდენტო, აკი, ეს წლებია არ გაგხსენებიათ სააკაშვილის დანაშაულებანი – ახლა რომ თავს ისაწყლებთ, იმ დანაშაულისთვის ვერ გავასამართლეთ, რაც ეკუთვნოდაო – ეს წლები რატომ იყავით ჩუმად, რას აკეთებდით, ბატონო პრეზიდენტო? – ა, ხო, ბოკერიასთან ვახშამით იყავით დაკავებული, მერაბიშვილის საკნის კარი არ მოგწონდათ თუ ფანჯარა, მდიდრულ სექსს არ იკლებდით და იმ გუნდის ლანძღვით იოხებდით სექსიდან სექსამდე გულს, რომელმა გუნდმაც რეზიდენციაში დაგსვათ.
იმისი ხომ არ შეგეშინდათ, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენც მოგთხოვენ პასუხს შეწყალების უფლების ასე ხელგაშლილად გამოყენების გამო?

ახლა ვერც სააკაშვილის შეწყალება გაბედეთ, ხალხის რისხვის შეგეშინდათ, მაგრამ მეგობარ არხზე წახვედით იმის მოსაყოლად: -სააკაშვილი იმიტომ არ შეიწყალეთ, რომ მართალია, ცუდი ბიჭი და ცუდი პრეზიდენტი იყო, ებრძოდით კიდეც, მაგრამ, მართალია და ტყუილად მიუსაჯეს.

გისმენთ და ისე გაზრდილხართ, ბატონო პრეზიდენტო, ისე შეცვლილხართ – მე ასე გადავწტყვიტე და ვისაც ჩემი გადაწყვეტილება არ მოსწონს, დაე, თავად მოვიდეს პრეზიდენტად და თავისი გადაწყვეტილებები მიიღოს, მე საზოგადოების მიზანშეწონილობის მიხედვით არ განვიხილავ საქმეებსო.

აბა, რის მიხედვით განიხილავთ, ბატონო? პირადი მიზანშეწონილობის მიხედვით?

პრეზიდენტად მოვიდეთ, თორემ თქვენ ხომ სულ თქვენით მოხვედით, აი.

ეტყობა, არ არის ის ღვინის კასრი ცარიელი, რომელშიც ზიხართ ხოლმე, თორემ საიდან მეხსიერების ასე ჩავარდნა?
მე რომ მეგონა შეწყალების კომისია იმის მიხედვით იწყალებდა ადამიანებს, არიან თუ არა საშიშნი საზოგადოებისთვის – საზოგადოების მიზანშეწონილობას არც სცნობთ, თურმე.

ბაბა ხომ დაგიძახეთ უკვე, ნუღარ მტორავთ, ბატონო პრეზიდენტო!.

მშიშარა ჰგონიხართ ვიღაცეებს, რაკი ჯერ ვეტოს დაადებთ კანონს ან კონსტიტუციას, მერე კი ხელს აწერთო, – შეჰბედა ჟურნალისტმა.
ვის, ვის ვგონივარ მშიშარა, ვის, აბა, მითხარი – გაუფართოვა უშიშარი თვალები... გაოცებამ.
ტეხავს, რომ არ მოვაწერო ხელი, ისინი რას იტყვიან ევროპაში, რას იტყვიან და ამერიკა რას იფიქრებსო?
რას იტყვიან და: ეს კიდეც ჭრის და კიდეც კერავსო; ამისი არც უარი დაიჯერება და არც თანხმობაო; ეს ვეტოზეც ხელს აწერს და ვეტოდადებულ კონსტიტუციაზეცო; ეს, ნეტა, მართლა ყველაფერზე ხელის მომწერიაო?
კონსტიტუციის განხილვაში მონაწილეობა რომ არ მიიღო და კომისიამ მაინც, მის გარეშეც რომ გააგრძელა მუშაობა, გულზე მოხვედრია ჩვენს პირველს, უჩემოდ ისე გააგრძელეს მუშაობა, არც დაინტერესდნენ, რატომ არ მივდიოდი განხილვებზეო. არადა, განხილვებზე იმიტომ არ მივედი, რომ სადაც ჯდები, იქ დაჯდომის და ადგომის წესები უნდა იყოს მისაღებიო.
პრეზიდენტად დაჯდომის წესები ხომ იყო მისაღები, ბატონო პრეზიდენტო?
ასე მესმის და მე ვარ პრეზიდენტი, თქვენ კი არაო.

აქა ზის და სხვაგვარად არ ძალუმს.

ნარკოპოლიტიკაზეც გაგვანათლა – ამდენი წელია ნარკომანებს ციხეში ვსვამთ და რა შეიცვალაო? გამოსწორდნენო? ვეღარ უნდა მივხვდეთ, რომ ეს მეთოდი არ ჭრისო?

უფრო მეტი წელია ქურდობისთვის და მკვლელობისთვის ვსვამთ ციხეში და არც მაგ მხრივ შეცვლილა არაფერი, ისევ ქურდობენ და კლავენ და არც მანდ ჭრის ხომ მეთოდი, ბატონო პრეზიდენტო?

კომუნისტების დრო აღარ არის, ბულბულები რომ ისხდნენ ციხეებშიო – ამ ფრაზამ „თეთრი ბაირაღები“ გამახსენა: „დილა მშვიდობისა, ქურდებო! დილა მშვიდობისა, ყაჩაღებო! დილა მშვიდობისა გათახსირებულებო, მექრთამეებო, სპეკულანტებო, გამფლანგველებო, აფერისტებო… ადექით, თორემ გაკეთდა ქვეყანა.“

დილა მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პირველო; დილა მშვიდობისა, სამართლიანობის უსამართლო მეფეო; დილა მშვიდობისა, ნარკომანების მფარველო ანგელოზო; დილა მშვიდობისა, ჩემო უშიშარო რაინდო მშიშარა გულით; დილა მშვიდობისა ჭრა-კერვის უბადლო სპეციალისტო; დილა მშვიდობისა ვეტოსდამდებო და ვეტოსდამკიდებელო!! ადექით, ადექით, თორემ დაიქცა ქვეყანა!
არ მიწყინოთ, ბატონო პრეზიდენტო, ბაბა ხომ დაგიძახეთ უკვე, ნუღარ დამტორავთ.
და მაინც, ფილოსოფოსი ვიცი მე ღვინის ცარიელ კასრში და არა რეზიდენციაში.
მზეს თუ ვინმე დაეფარება არა ? _ მე მითხარით!

თამო კეშელავა

მეტის ნახვა
28-01-2018, 19:50



მინავლული ბჟუტავს ჭრაქი,
ჩაქრა ალმასი და ფარჩა,
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ზოგი იქით, ზოგი _ აქით,
ზოგს შვება და ზოგსაც ტანჯვა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ცხოვნდეს იგი, სამშობლოსთვის
ვინც ბოლომდე დაიხარჯა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ღმერთო, მარტო დარჩენილებს
არ მოაკლო შენი გარჯა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
28-01-2018, 14:07


„საერთო გაზეთს“ უსამართლო მსხვერპლთა დაცვის სახალხო კომიტეტის ხელმძღვანელი, სახალხო ტრიბუნების პრეზიდენტი  მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

–  ჩვენს  წინა  ინტერვიუში გითხარით,  რომ  ჩვენი  ორგანიზაცია  შეუერთდა  საზოგადოებრივპოლიტიკური  მოძრაობა „ეროვნული ღირსების დარბაზს“ შეუერთდა, სადაც უსამართლობის  მსხვერპლთა  კომიტეტს ვხელმძღვანელობ.

მიმაჩნია, რომ სწორედ  „ეროვნული  ღირსების დარბაზია“  ძალა,  რომელსაც ქართული  საზოგადოება  დიდი
ხანია ელის. რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა და რეგისტრაცია გაიარა „უსამართლობის მსხვერპლთა
ინტერესების დაცვის სახალხო  ფონდმა“,  რომლის  მთავარი მიზანი  უსამართლო  რეჟიმების მსხვერპლთა
ინტერესების დაცვაა. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის ნაწილმა,  რომელიც  თავს  უსამართლო  რეჟიმის  
მსხვერპლად მიიჩნევს, იდეურად, მატერიალუ- რად და ორგანიზაციულად უნდა მიიღოს  მონაწილეობა  საკუთარი  პრობლემების  მოგვარებაში.

„ეროვნული  ღირსების  დარბაზის“ გადაწყვეტილებით, შეიქმნა წარმომადგენლობები  აჭარაში, სამეგრელოში,
გურიაში და იმერეთში, რომლის შემადგენლობა აღნიშნულ რეგიონებში არსებულ საგვარეულო კავშირებს ეყრდნობა. ამ ადამიანებს სურვილი აქვთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ უსამართლობის  წინააღმდეგ ბრძოლაში.  ჩვენ  პირდაპირ  ვამ- ბობთ, რომ საგვარეულო მოძრაობა არის სამოქალაქო საზოგადოების  განვითარების  ყველაზე ეფექტური ფორმა. სახელმწიფო გვარებისგან  შედგება,  ამიტომ ნებისმიერ გვარში მოიძებნებიან დაზარალებული  ადამიანები  და ვერც ერთი გვარი თავს ვერ დაიცავს, თუ საქართველომ განვითარების კურსი არ შეცვალა. ჩვენ ვაპირებთ საგვარეულო კავშირების ყრილობასთან ერთად, დიდი ეროვნული ყრილობის ჩატარებას, იმისთვის,  რომ  ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული, რეალური მდგომარეობა დავანახოთ.

– იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელი კატეგორიის ადამიანებს მიიჩნევთ უსა- მართლო რეჟიმების მსხვერპლად  და როგორ  აპირებთ მათი  უფლებების დაცვას?


– საქართველოში  მოსახლეობის 80–90%  უსამართლო  რეჟიმების მსხვერპლია.  ესენი არიან  მეანაბრეები,  იპოთეკარები, პოლიტპატიმრები, იძულებით  გადაადგილებული ემიგრანტები, სოციალურად დაუცველები და დაუძლურებულები, უმუშევრები, უსამართლო კანონებით და საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულები, პენსიონერები,  ვეტერანები  და  ა.შ. დღეს თითქმის აღარავის ახსოვს მეანაბრეები, რომლებსაც საბჭოთა  კავშირის  დროს,  შემნახველ სალაროებში  შეტანილი  დანაზოგი  სახელმწიფომ  წაართვა. მე  ამას  საუკუნის  აფიორა  დავარქვი.

წვიმასა და ქარში ქუჩაში მჯდარი  ბებიები  მწვანილს რომ ყიდიან, სწორედ ის მეანაბრეები არიან,
რომლებსაც სიბერისთვის გადანახული კაპიკები წაართვეს, პურის ფულის საშოვნელად ქუჩაში გამოსვლა
აიძულეს და იქაც არ  აჩერებენ.  სწორედ  ხალხისთვის  წართმეული  ფულით  გაგვიხსნეს ხაზარაძეებმა და
სხვებმა კომერციული ბანკები და ფულის შეტანა რომ დაგვაგვიანდეს, პროცენტებით სულს ამოგვხდიან. მეანაბრეების ფულის დაბრუნება კი წლები გადის და არავის ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფული
სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული.

– სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდის მეანაბრეთა რაოდენობა მცირდება. დარჩენილებს კი საკუთარი ფულის
დაბრუნების იმედი დიდი ხანია, გადაეწურათ..


–  დიახ,  საქართველოს  მოსახლეობის  რაოდენობა  (მათ შორის  მეანაბრეები)  ყოველწლიურად  
მცირდება.  მოგეხსენებათ,  გაეროს  მონაცემებით, 2050  წლისთვის  მოსალოდნელია საქართველოს
მოსახლეობის  მილიონ  170 000  ადამიანით შემცირება და რაღაც თუ არ ვი- ღონეთ,  დემოგრაფიული კატას
ტროფა გვემუქრება. ხელისუფლება  დღემდე  ყიდის  საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილ ფაბრიკა-ქარხნებს,
მაგრამ მეანაბრეე- ბის  ვალის  გასტუმრება  არავის გახსენებია.  სამწუხაროდ,  ჩვენ იმ  სახელმწიფოს  
სამართალ- მემკვიდრეები ვართ, რომელმაც საკუთარ მოქალაქეს, რომელსაც ლარის  ქურდობისთვის  იჭერს, მთელი  ცხოვრების  დანაზოგი წაართვა  და  ამისთვის  არავინ დასჯილა. ეს არის შევარდნაძის ხელისუფლების მიერ დაწყებული მიზანმიმართული პროგრამა, რომელმაც  ხალხისთვის  წართმეული ფულით ხალხის მძარცველი ბანკები შექმნა. აი, ამიტომ გვყავს  700 000  ემიგრანტი  და ამიტომ  იზრდება  მათი  რაოდენობა ყოველწლიურად.

საბანკო სისტემამ საქართველო, როგორც სახელმწიფო ფაქტობრივად დაშალა.  დაანგრია  ოჯახები,  და
აავადა  ხალხი..  ქვეყანაში  არც ერთი სახელმწიფო ბანკი არ არსებობს,  რადგან  ხელისუფლება
მოსახლეობასთან  ვალშია  და ამ  ვალის  დაბრუნება  არ  სურს. უცხოეთის მაგალითების მოყვანა რომ უყვართ, 2008 წელს ისლან- დიაში  განვითარებულ  მოვლენებზე რატომ არავინ საუბრობს?

– ისლანდიის „ჩუმი რევოლუცია“  იმდენად  „ჩუმი“  აღმოჩნდა, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება ვერ
მიიპყრო.
.

– უბრალოდ, არ ახმოვანებენ, რომ  მსოფლიოში  პრეცენდენტი არ გაჩნდეს. დიახ, 2008 წელს ისლანდიაში  
მოხდა  მშვიდობიანი რევოლუცია, რომლის დროსაც, ხალხმა მთავრობა გადააყენა და ბანკირებიც უკან მიაყოლა.
ქვეყნის სამი მთავარი ბანკის ნაციონალიზაციის შემდეგ, ისლანდიამ უარი  თქვა  საერთაშორისო  სავალუტო ფონდთან და ევროპის ბანკთან ურთიერთობაზე, იმიტომ, რომ  სწორედ  ამან  მოსპო  ქვეყნის  ეკონომიკა.  თუ  ხელისუფ- ლებას მაინცდამაინც უცხოეთის მაგალითები  უნდა,  
ისლანდიის მაგალითზე  გვესაუბროს.  რეჟიმის  მსხვერპლთა  თემას  დავუბრუნდები  და  გეტყვით,  რომ  
საქართველოში  პატიმრების  90% პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით არის პატიმარი. მშიერი კაცი  პურს  რომ  მოიპარავს  და სამწლიან ციხეს მიუსჯი, უნდა გახსოვდეს, რომ მშიერი შენი პოლიტიკის გამოა.

–  თუმცა, ყველა მშიერი არ იპარავს.. ხომ ასეა?


–  ღმერთმა დამიფაროს ქურ- დობა გავამართლო, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ხელისუფლების  არასწორი
 პოლიტიკის გამო შიმშილობენ. იმ ევროპაში, ასე რომ მოწონთ, უმუშევარ ადამიანს უმუშევრობის კომპენსაცია ეძლევა და არაფრის მოპარვა არ უწევს. ჩვენთან ერი დამშეულია.. უსახლკაროები,  სოციალურად
დაუცველები, ემიგრანტები, რომლებსაც სამშობლოდან იძულებით გადაადგილებულს ვეძახი, ქვეყნის  
პოლიტიკის  გამო  დაზარა- ლებულები არიან.

– როგორც ვიცი, 21 იანვარს კასპში გამართულ აქციას შეუერთდით, სადაც „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხანის
მიერ ჩინელთა დასაქმება გააპროტესტეს.


– მინდა სწორად გაიგონ. ჩვენ ჩინელებს კი არა, სახელმწიფოს მიერ  გატარებულ  პოლიტიკას ვებრძვით.  როცა  კასპის  მოსახლეობას  დასაქმების  პრობლემა აქვს და სამსახურის საძებნელად სხვა ქვეყანაში მიდის,
ჩინეთიდან მუშების მასიურად ჩამოყვანა და კასპში დასაქმება დაუშვებელია.

ახლა  ჩინური  კომპანია  კასპში ახალი  ცემენტის  ქარხანას  აშენებს, რომელსაც დღეს დასაქმებული
მუშების 20%-იც არ ჭირდება.  თანაც  ახალ  ქარხანაში 80% ჩინელი იმუშავებს. სწორედ ამას აპროტესტებს
კასპის მოსახლეობა და ჩვენ მათ სამართლიან პროტესტს ვუერთდებით. კასპელების ნახევარზე მეტი უცხოეთშია სამუშაოდ გადახვეწილი და მათ ქალაქში სამუშაოდ ჩინელები ჩამოჰყავთ. გაერომ გადაშენების გზაზე  მდგარი  ქვეყნების  ხუთეულში  შეგვიყვანა  და  ამ  დროს ქვეყანაში  ისეთი  ხალხი  შემოგვყავს  
ლამის  სინათლის  სისწრაფით  რომ  მრავლდება.  როცა ადგილობრივ მოსახლეობას მოწამლული  და  დაბინძურებული ჰაერის გარდა, სარგებელი არაფერი  აქვს,  ამას  ინვესტიცია  კი არა, კოლონიად ქცევა ქვია. იც- ით, რომ ცემენტის მტვრის გამო, ყველაზე მეტი სიმსივნით დაავადებული ადამიანი კასპში ცხოვრობს და ამ ადამიანებს მკურნალობის  საშუალებაც  არა  აქვთ? დაავადებული ადამიანი რომ წამალს ვერ ყიდულობს, მსხვერპლი არაა? ჯანდაცვის სისტემაში რომ ფარმაკომაფია ყვავის, ეს კიდევ ცალკე თემაა..

მრავალი წელია, რაც ფარმა- კოლოგიური მაფია, სადაზღვევო კომპანიები  და  საავადმყოფოები  ავადმყოფებს
ძარცვავენ  და დღესაც  არაფერი  შეცვლილა. ამიტომ  ვამბობ,  რომ  გარე  მოვაჭრით  დაწყებული,  
ავადმყოფით  დამთავრებული,  ამ  ქვეყანაში  ყველა  დაზარალებულია. ადამიანი თუ ლიბერალურად არ
აზროვნებს და სისტემის მონაწილე არაა, როგორი განათლებაც არ უნდა ჰქონდეს, უმუშევრობისთვის
განწირულია. ახლა ბევრს საუბრობენ ოჯახში ძალადობაზე, რომელიც  ასევე,  სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.
არსებული    რეალობის    შესაცვლელად,  „ეროვნული  ღირსების დარბაზს“ აქვს არსებული პრობლემების  
მოგვარების  გზები,  სამოქმედო  გეგმა,  ეკონომიკური  და  იდეოლოგიური  პროგრამები.  და  ბოლოს,  
„ეროვნული    ღირსების    დარბაზი“    საზოგადოების   აქტიურ   ნაწილს მოუწოდებს,  რომ  
მობრძანდნენ ჩვენთან და თავისი ახალი იდეებით მონაწილეობა მიიღონ ჩვენი მიზნებისა  და  ამოცანების  
განხორციელების  საქმეში.  ერთად გადავარჩინოთ  საქართველო!

ნელი თორდია




მეტის ნახვა
26-01-2018, 18:16


"ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე",- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა “kommersant.ru“–სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კარასინმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ბოდერიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მან საქართველოს მხრიდან გამოთქმულ პროტესტს პროპაგანდისტული შოუ უწოდა.

„საქართველო აფხაზეთის საზღვარი 2017 წელს 1.2 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა, საქართველო- სამხრეთ ოსეთისა კი დაახლოებით 200 ათასმა. ვფიქრობ ეს ციფრები თვისთავზე თავად ლაპარაკობენ. სამწუხაროდ, ქართული მხარე, იმის ნაცვლად რომ კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში, ორიენტირებულია პროპაგანდისტული შოუს დადგმაზე, იმისთვის, რომ „ახალი ბერლინის კედლის“ თეზისი გაამართლოს. ეს სასაცილოც კი ხდება: უცხოელ სტუმრებთან საურთიერთობოდ და ინტერვიუს ჩასაწერად დაქირავებული ჰყავთ კონკრეტული ადგილობრივი გლეხი, რომელიც მორიგეობით ერთი და იგივე ტექსტით საუბრობს.“- განაცხადა კარასინმა.

კარასინმა აღნიშნა, რომ წელს რუსულ–ქართული დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 10 წელი სრულდება და იმედი გამოთქვა რომ ეს წელი იქნება ის ზღვარი, საიდანაც მოხდება ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლა.მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების, მათ შორის უვიზო რეჟიმის აღდგენა საქართველოსთან სასურველია, თუმცა არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე. უვიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობაზე გრიგორი კარასინს აქამდეც არაერთხელ განუცხადებია.

„რუსულ- ქართული მრავალსაუკუნოვან ერთობლივ ისტორიაში მწარე იუბილეა - საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ათწლეული. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ზღვარი იქნება შემობრუნება უკეთესობისკენ, ეს შესაძლებელია, თუ წარსული იქნება გააზრებული და მოვა რეალისტური გაგება იმისა, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფოს სჭირდება თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე აგებული თანბამშრომლობა. სხვა გონივრული ალტერნატივა არ არსებობს“- განაცხადა კარასინმა.

მომავალ კვირაში პრაღაში კარასინი და პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს პრაღაში შეხვდებიან. შეხვედრის ერთ-ერთი თემა 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ.  რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მონიტორინგზე ქართულმა მხარემ შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტი გააფორმა. ამ დრომდე ეს არ გაუკეთებია რუსულ მხარეს. კარასინი აცხადებს, რომ ამას უახლოეს თვეებში გააკეთენ, რის შემდეგაც 2011 წლის შეთანხმება ამოქმედდება.


მეტის ნახვა
25-01-2018, 18:28


ლაფანყურის სისხლიანი სპეცოპერაციის (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ) "შემოქმედმა" ნაცმოძრაობამ და მისმა განაყრებმა ლამის ტერორისტების ხელშეწყობაში დაადანაშაულოს მოქმედი ხელისუფლება. "ბრალის" გასამყარებლად "ჩამჭრელ" კითხვებს სვამენ, რატომ გაათავისუფლეს ციხიდან საერთაშორისო ტერორისტად შერაცხული აჰმედ ჩატაევი, ვინ დაეხმარა მას საქართველოში შემოსულიყო, როგორ შეიძლებოდა სპეცოპერაციები მსხვერპლით დამთავრებულიყო, მით უმეტეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა მოეკლათო და ა.შ. ექსომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი უფრო შორს წავიდა, სასწრაფოდ "გამოაცხო" ლოზუნგი "როცა სახელმწიფო კლავს", რაც მაშინვე აიტაცეს ნაცებმა და მათმა სატელიტებმა, პანკისელებს "თანადგომა" გამოუცხადეს და აქციაც დააანონსეს, თუმცა კანცელარიასთან მოწყობილი აქცია ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა მრავალრიცხოვნებით. უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის მომხრე არავინაა, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ ენდობა ამ ე.წ. უფლებადამცველებსა და სამართლის მაძიებლებს.

"ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს რუსეთს და ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზების მსურველთ, სწორედ ისინი არიან რუსეთის ე.წ. ლიბერალური ფრთის "პროტეჟეები" და შესაბამისად მათი ინტერესების გამტარებელნი საქართველოში", აცხადებდა ჩვენთან ინტერვიუში პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე. პროფესიონალი "ოპერატივნიკის" პოზიცია რომ საფუძველს არ არის მოკლებული, ზოგიერთი რუსული მედისაშუალების "წუხილიც" მოწმობს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები იგნორირებას უკეთებენ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს, როგორ შემოაღწიეს საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა, როგორ შეძლეს მათ იარაღის მთელი არსენალის დედაქალაქში შეუმჩნევლად შეტანა, რატომ გაათავისუფლეს ჩატაევი ციხიდან, ასევე მათ მოთხოვნას იუსტიციის მინისტრი მივიდეს პარლამენტში და ანგარიში ჩააბაროს. პასუხის გაცემის მაგივრად, ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, პროვოკაციული კითხვებისგან თავი შეიკავონო. ერთ-ერთ რუსი ჟურნალისტს ისიც აინტერესებს, რატომ ფიქრობდნენ სპეცოპერაციის ორგანიზატორები, რომ ჩატაევი ცოცხალი ჩაბარდებოდა. ოპერაციაც არ ჰგავდა დაგეგმილს, წინააღმდეგ შემთხვევაში 20 საათი არ გაგრძელდებოდაო. საეჭვოა, კითხვის ავტორებმა, როგორ მოხვდა ჩატაევი საქართველოში რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა პოზიცია გაიზიარონ.

რუსი ძალოვნების ვარაუდით, ჩატაევის ლიკვიდაცია შესაძლოა საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი მოქმედების შედეგს წარმოადგენდეს. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თურქულმა სპეცსამსახურებმა ჩეჩენი წარმოშობის პირები მკაცრ კონტროლზე აიყვანეს, მათ მცირე ეჭვის საფუძველზეც კი აკავებენ, შეიძლება ტერორისტებთან აქვთ კავშირიო. თურქებმა ჩატაევი ჯერ იძულებული გახადეს საქართველოში დაბრუნებულიყო, შემდეგ ის ქართული სპეცსამსახურების კონტროლქვეშ მოექცაო. ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი ეთანხმება ქართველ ექსპერტთა იმ ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ სირიიდან და ერაყიდან წამოსულმა "ბოევიკებმა" ტრანზიტულ გზად თურქეთი და საქართველო აირჩიეს. საქართველოში მარტო იმიტომ კი არ გროვდებიან "ბოევიკები", რომ ის სატრანზიტო ქვეყანაა, ქვეყნის შიგნითაც არსებობს რადიკალებისა "ჯიჰადისტური ინტერნაციონალის" რიგების მატების წყაროები. "იგილის" კვალი რომ გამოჩნდებოდა საქართველოში, ეს ნახევარი წლის წინ ვთქვით, პანკისიდან ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ წასული, რაც იმას ნიშნავდა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დაცემის შემდეგ, ცოცხლად გადარჩენილები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. აშკარაა, ახლო აღმოსავლეთში გამოცდილება მიღებული ტერორისტები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ სამხედრო ინსტრუქტორობა, სამშობლოში ბრუნდებიანო. რუსებმა რომ არ გვითხრან, ჩვენ ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ასე მოხდებოდა და ხდება კიდეც, რაც საქართველოს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. მაშინ რას ემსახურება ამ "ყოვლისმცოდნე" პოლიტიკოს-"ენჯეოშნიკთა" მხრიდან სპეცოპერაციების და ხელისუფლების კრიტიკა?

სხვათა შორის, რუსულ მედიაში ასეთმა ვერსიამაც გაიჟღერა, ჩატაევს თბილისში დაბრუნება რუს კურატორთა ბრძანებით შეეძლო. საქართველო მისთვის ერთგვარი დერეფანი იყო, რუსებმა ჩატაევი გაუშვეს ან გადაიყვანეს საქართველოს გავლით, იმ პირობით, რომ რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა და იმ იმედით, რომ მას ქართული სპეცსამსახურები გაანეიტრალებდნენ. ამით რუსული სპეცსამსახურები ორ კურდღელს დაიჭერდნენ, არასასურველ მოწმესაც მოიშორებდნენ და მათთვის სასურველ ხმაურსაც გამოიწვევდნენ, რასაც საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებდნენო. ფაქტია, მიზანი მიღწეულია, ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ისეთი აჟიოტაჟი მოყვა ადგილობრივი პოლიტიკოსების, "ენჯეოშნიკებისა" და მედიის მხრიდან, რომ რუსებს ალბათ არც დაესიზმრებოდათ.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ დავით გაგნიძის აზრითაც, ვიღაცის ინტერესშია მასობრივი, თანაც არაჯანსაღი ხმაური და დაინტერესებულთა რიცხვში მარტო რუსეთი არ არის.

დავით გაგნიძე:
"აშკარად ძალიან დიდი საფრთხეები ავიცილეთ. მე ვახტანგ გომელაურს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ მის ერთ-ერთ მოადგილეს, ის საკმაოდ გამოცდილი, თანაც ფრთხილი ადამიანია. თუნდაც აქედან გამომდინარე მიმაჩნია სრულ აბსურდად ის მოსაზრება, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს წინასწარ, გამიზნულად ჰქონდათ დაგეგმილი ვინმეს ლიკვიდაცია. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, თავი დაანებონ ჩვენი სპეცსამსახურების ლანძღვას, პირველ რიგში ამ ვითომ ობიექტურ-დემოკრატიულებს ვგულისხმობ. თუ მართლაც რაიმე გაკეთდა არასწორად, ეს უცხოელი "დირექტორებისა" და "ჩანერგილების" მიზეზით მოხდებოდა, მაგრამ მათ როგორ შებედავენ გაკრიტიკებას, მარტო ჩვენს მთავრობაზე ხელის შეწმენდა ეხერხებათ. რა ინფორმაციების გასაჯაროებას ითხოვენ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური უთანმებს ოპერაციის გეგმას ოპოზიციონერებსა და არასამთავროებებს? ამის მომთხოვნი ან სრული უწიგნურია, ანდა ქვეყნის მოღალატე. თუ ასეთი პატრიოტები არიან, იმ ფრანგი ჟურნალისტს მოსთხოვონ პასუხი გამონათქვამზე, ქართველ ერს მომავალი არ აქვსო. ამათ პირიქით, აიტაცეს ამ ვიღაც გადამთიელის ნათქვამი და ტაშს უკრავენ, აი, როგორ "ობიექტურად" გვაფასებენო. დამოუკიდებელი მუშაობის საშუალებას არ აძლევენ ჩვენს სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტურებს და თურმე კიდევ ჩვენ ვყოფილვართ უუნაროები და კორუმპირებულებიც. 2000-იანი წლების წლების დასაწყისში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი (თურქი და არაბი) დავაკავეთ, მაგრამ უცხოელმა "პარტნიორ-მეგობრებმა" გაგვაშვებინეს. ცნობისთვის, ორივეს პასპორტები საფრანგეთში იყო დამზადებული. ასე რომ, თავი დაანებონ ქართველების კრიტიკას, თუ არ გაჩერდებიან, იმ ადამიანების გვარებსაც დავასახელებ. ბევრს რომ ტლიკინებენ ეს ვაი-პოლიტიკოსები და ე.წ. უფლებადამცველები, ვინ და რატომ გაუშვა ჩატაევიო, ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი მთავრობა დამოუკიდებლად აიღებდა ამხელა პასუხისმგებლობას?

ჩატაევმა სანამ თავზე არ დაამხო ყველაფერი, მანამდე ყური არ გააბარტყუნეს თურქეთმა თუ დასავლეთმა, ხომ ნახეთ, ბოლომდე არც ამბობდნენ, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატაევიც იყო, იმიტომ არ ამხელდნენ, რომ პირველ რიგში დასავლეთს დაარტყამდა, რომელმაც ლტოლვილის სტატუსით აღჭურვა და შეიფარა. სწორედ ეს არაინფორმირებულობა ბადებს ხალხში ათას ეჭვს თუ ვერსიას და ჯოხი ჩვენს მთავრობაზე ტყდება. ამიტომ კეთილი ინებონ და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღონ, საქართველო კურტნის მუშა ხომ არ არის, ყველას ტვირთს მას რომ ჰკიდებენ.
ადრეც გითხარით, უწყებებში მარტო ხელმძღვანელების შეცვლა არაფერს ნიშნავს, მთავარი შუა, შემსრულებელი რგოლია, ისაა საქმის გამკეთებელიც და გამფუჭებელიც. ვინ არიან თუნდაც ძალოვან სტრუქტურებში შუა და დაბალ რგოლებში საკვანძო თანამდებობებზე — ისევ ნაციონალების დანიშნული კონტიგენტი, ძირითადად მათი აქტივისტები და უცხოური სპეცსამსახურების "ჩანერგილები".

ახლა აღარ დავიწყებ იმის განხილვას, პროფესიონალები თავიანთი ინიციატივით გაყარეს ნაციონალებმა შემსრულებელი რგოლებიდან თუ ვინმეს მითითებით მოხდა ეს, მთავარია, სტრუქტურები, რომლებზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება, ამ აგენტურისგან გაიწმინდოს. გამოძიების დასრულებამდე ძნელია იმის მტკიცება, უმიზეზოდ ესროლეს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს, მაგრამ თუ გაირკვა, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენდა მისი ამ ფორმით გაუვნებელყოფა, ჩათვალეთ, რომ სწორედ ამ აგენტურის წარმომადგენლის ხელით, ან ამგვარის მითითებით მოხდა. ისეთი ხალხი ინიშნება თანამდებობებზე, რომ ვერავინ დამარწმუნებს, ეს ჩვენი მთავრობის ინიციატივით ხდებოდეს. მოუსმინეთ, რა განცხადებებს აკეთებდა და აკეთებს უჩა ნანუაშვილი, ეს დაიცავდა საქართველოს მოსახლეობის უფლებებს? ნუთუ არ დადგა დრო, რომ გავარკვიოთ საიდან ფინანსდება არასამთავრობო სექტორის თუ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოდიან. ამ რბილად, რომ ვთქვათ, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს, მერე თანამდებობებზე გვინიშნავენ და თურმე ჩვენი ჯიბიდან უნდა ვარჩინოთ. რას ჩაცვივდნენ დუისში და პირდაპირი ეთერით გვაჩვენებდნენ ახალგაზრდა კაცის დასაფლავების პროცესს, ამას ვითომ გულშემატკივრის პოზიციიდან აკეთებდნენ?

პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამენ, მაგრამ საბედნიეროდ ქისტები არ აყვნენ ამათ პროვოკაციას. ნაციონალების და ამ გაურკვეველი წარმომავლობის "ენჯეოშნიკებისგან" აღარაფერი მიკვირს, მაგრამ რა განცხადებებს აკეთებს შალვა ნათელაშვილი? თურმე უკვე გამოუკვლევია და დაუდგენია ბიძინა ივანიშვილის "დანაშაულობები", ბარემ "ბრალიც" წაუყენოს და დაიჭიროს. ასე როგორ უნდა გაიმასხარავო თავი პარტიის ლიდერმა, მით უმეტეს იურისტობაზე პრეტენზიის მქონე კაცმა? გასაგებია, რომ წინასწარ არ უნდა გამოაცხადო დამნაშავედ, მაგრამ გასამართლებელია იმის თქმა, სრულიად უდაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩაატარეს სპეცოპერაციაო, ეს არ არის უსაფრთხოების სამსახურის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა? ნათელაშვილის პროფესსიონალ იურისტობაზე დიდი წარმოდგენის არ გახლავართ, რადგამ კარგად მახსოვს მაგის გამომძიებლობის პერიოდი, მაშინაც ასეთი ლაქლაქა და არაფრის გამკეთებელი იყო. ვის წისქვილზე ასხამს წყალს თავისი პროვოკატორული განცხადებებით, ამხელა კაცი ვერ უნდა მიხვდეს? შეიძლება ხვდება კიდეც, მაგრამ ეტყობა დავალებებს ასრულებს. საეჭვო ფულით დაფინანსებული პოლიტიკოსების, არასამთავრობოების და მედიის გვერდით რომ დადგება პარტია, იმის საქმე წასულია.

"მწვანე ზოლიდან" შემოვიდნენ ტერორისტები და იარაღიც იქიდან შემოიტანესო, ეგ. "მწვანე ზოლი" (დაუცველი) საქართველოს კი არა, მასზე ბევრად ძლიერ ქვეყნებსაც აქვს, სად ჰყავს საქართველოს იმდენი მესაზღვრე, რომ მთელი პერიმეტრი გადაფაროს. ამას თავი დავანებოთ, რა დონის შტერი უნდა იყო, იარაღის ქვეყნის გარედან შემოტანაზე რომ ისაუბრო. ადრეც გითხარით და გავიმეორებ, სულ არ ჭირდებოდათ იარაღი და საბრძოლო მასალის შემოტანა, ტერორისტებს ყველაფერი ადგილზე ხვდებათ. ცნობისთვის, ნაციონალები შევარდნაძის მმართველობის დროსაც აქტიურად ცდილობდნენ პანკისის ხეობის აფეთქებას, მაშინ "ახალგაზრდა რეფორმატორები" ერქვათ. როგორ დაძვრებოდნენ ეს ე.წ. რეფორმატორები პანკისში "წამალზე", ყველა ძველი პოლიციელი გეტყვით. მაშინ ის ინფორმაციაც გვქონდა, როგორ ურიგდებოდა ეს გუნდი ჩეჩენ საველე მეთაურ გილაევს, თბილისში ჩამოდი, 3.000 შეიარაღებულ კაცს დაგახვედრებთ და შევარდნაძე ჩამოვაგდოთო. გილაევი არ დათანხმდა, თორემ ესენი ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ. მავანმა ისიც გაიხსენოს, საიდან და რა მიზეზით აღმოჩნდა პანკისში "ტყვეობაში".

თურმე თბილისიდან გაიტაცეს, თბილისელი კაცი იმასაც ვერ ამბობდა, თუნდაც თვალებახვეული, რა გზებით გაიყვანეს კახეთის გზაზე. სინამდვილეში ვითომდა თბილისიდან გატაცებული, ნარკომოვაჭრის "გადაგდების" გამო "გასკვანჩეს" პანკისშივე და მაგისი გამოხსნა, ლამის ჩეჩნებთან და ქისტებთან შეიარაღებულ კონფლიქტად დაუჯდა ქვეყანას, რადგან ხეობაში იარაღით შევარდნას ითხოვდა ერთი-ერთი მაგათი ლიდერი. რომ არა სამართალდამცავების უდიდესი ძალისხმევა, ტრაგიკულ შედეგემადე მიიყვანდნენ ქვეყანას ეს პროვოკატორები. მაშინ პანკისში თუ დაძაბულობის კერა არსებობდა, ესეც ამათი და სხვა მოღალატე ჩინოსნების დამსახურება იყო. ქისტები ჭკვიანი ხალხია და როგორც ახლა, არც მაშინ აყვა ამათ ბინძურ პროვოკაციებს. ბოლოს ერთიც მინდა დავამატო, ქისტები თავადვე ითხოვდნენ დახმარებას მთავრობისგან, ახალგაზრდობას იბირებენ ტერორისტები და სირიაში გაყავთო, ხოლო შემდეგ, როცა ძალოვანი სტრუქტურები რაიმე ღონისძიებას ატარებდნენ, ერთი ამბავი ატყდებოდა, უდანაშაულო ახალგაზრდებს იჭერენ, რეპრესიებს გვიწყობს ხელისუფლებაო. ვფიქრობ, ეს უკმაყოფილებაც ამ ვითომდა პროდასავლელი ლიბერალების წაქეზებით ხდებოდა, რომლებიც ეთნიკურობასა და რელიგიაზე მანიპულირებით ცდილობდა თავისი ბნელი ზრახვების განხორციელებას.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
24-01-2018, 19:52


ნარკოპოლიტიკის გარშემო გაჩაღებული ვნებათაღელვის ფონზე, 8 იანვარს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსურ მიდგომას და დროულ მოწესრიგებას საჭიროებს, რადგან მდგომარეობა მძიმეა და პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციით არის შესაძლებელი. „საერთო გაზეთს“ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი მარინა ჭავჭანიძე ესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ საქართველოში ადამიანთა უმეტესობა ერთმანეთისგან ვერ არჩევს დეკრიმინალიზაციას, ლიბერალიზაციას და დეპენალიზაციას, ამიტომ განვმარტავ, დეპენალიზაცია ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არ ჩაგსვამენ, მაგრამ შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით რაღაც ჯარიმა ან სასჯელი დაგაკისრონ. დეკრიმინალიზაციის დროს, სისხლის სამართალთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ, შეიძლება ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა დამსჯელი ღონისძიებები განხორციელდეს. ლეგალიზაცია ნიშნავს, რომ ნარკოტიკები სუპერმარკეტებში გაიყიდება, როგორც სიგარეტი ან ალკოჰოლი.

– საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ დეკრიმინალიზაცია ნარკომომხმარებელთა რიცხვის გაზრდას გამოიწვევს. რა გარანტია გვაქვს, რომ ასე არ მოხდება?


– გარანტიებს მარტო ღმერთი იძლევა, მაგრამ იმ ქვეყნების გამოცდილებამ, სადაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკა დაინერგა, გვაჩვენებს, რომ ხანგრძლივი პერსპექტივისას და ჭკვიანურად დაგეგმილი ღონისძიებებისას, ჩვენ ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას ვიღებთ. გაერომ 1998-დან 2008 წლამდე, 10 წლიანი პროექტი განახორციელა – პროექტის მიზანი იყო ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მკვეთრი შეცირება, მაგრამ შედეგი საწინააღმდეგო მივიღეთ. ამდენად გამოიტანეს დასკვნა, რომ ნარკოტიკების მომხმარების შემცირება დასჯისა და აკრძალვის მეთოდით შეუძლებელია. აღარაფერს ვიტყვი მომხმარებლის ციხეში ჩასმაზე, რაც საერთოდ მარაზმია. ბოლოს და ბოლოს, ნარკოტიკების მომხმარებელი ან ავადმყოფად უნდა ვაღიაროთ ან კრიმინალად.

– თუ ავადმყოფებად უნდა ვაღიაროთ, მაშინ ნარკოტიკის გაყიდვა კრიმინალი რატომაა? ავადმყოფს წამალი ლეგალური გზებით უნდა მივაწოდოთ, ასე არ არის?

– მეთადონის პროგრამები და ჩანაცვლებითი თერაპია იმისთვის არსებობს, რომ ნარკომანს წამალი ლეგალურად მივაწოდოთ. წამალს ვაწვდით, როცა ექიმთან მიდიან, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არ მიდიან საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო. მოგეხსენებათ, ზოგიერთი დამქირავებლისთვის მეთადონის პროგრამაში ჩართულობა შეიძლება ადამიანის სამსახურიდან გაშვების მიზეზი გახდეს. ზუსტად იმიტომ, რომ ნარკომომხმარებელზე ასეთი ძლიერი სტიგმა არსებობს, ადამიანები ამ დამოკიდებულებას მალავენ. თუ 55 000 ნარკომომხმარებელი გვყავს და აქედან 5000-მდე მეტადონის ჩანაცვლებაშია, დანარჩენები სად არიან? ეს ხალხი დაფარულია მკურნალობისა და სერვისებისთვის, იმიტომ, რომ არ გენდობა. დეკრიმინალიზაციის იდეაც ისაა, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს ხალხი, რომელიც თავს იკავებს დახმარების თხოვნისგან. მეორეს მხრივ არალეგალური სიტუაციით სარგებლობს ნარკომაფია – ერთის მხრივ დაინტერესებულია ამ ნივთიერებების გაყიდვით და მეორეს მხრივ მომხმარებლების მოზიდვით. ასე რომ დეკრიმინალიზაცია ნარკომაფიასთან ბრძოლაა.

– ჩანაცვლების პროგრამები მარიხუანისთვისაც არსებობს?


– ჩანაცვლების თერაპია მხოლოდ ოპიოიდებს ეხება. რაც შეეხება ჰალუცინოგენებს, რომლებსაც მარიხუანაც მიეკუთვნება, მათ ჩანაცვლება არ ჭირდებათ, იმიტომ, რომ აბსტინენცია ანუ „ლომკა“ ნაკლებ გამოხატული აქვთ. გასაგებია, რომ მარიხუანას მწეველები სოციალურად საშიშები არ არიან, კარგ გუნებაზე არიან და დედას არ იგინებიან, მაგრამ პირველ ორ მოწევას ძალიან დიდი რისკები ახლავს. საზოგადოების რაღაც ნაწილი მოითხოვს „ვითომ დეკრიმინალიზაციას“ და რეალურად, ლეგალიზაციას და უნდათ, რომ სადაც უნდათ, იქ იყიდონ და გაყიდონ, რაც არასწორია, რადგან ამით ძალიან ბევრ ფსიქოზს მივიღებთ. მეორე მხრივ, შეიძლება ამან ცოტათი მაინც დაგვიცვას დიზაინერული ნარკოტიკების, ე.წ. ბიო-ების შემოტევისგან, რომლებსაც სადღაც ჩინეთში, კუსტარულად ამზადებენ. ბიოსგან გამოწვეული ფსიქოზები ბევრად უფრო მეტია და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც ჰქონდეს. მაშასადამე, უფრო სახიფათოა. ახლა, მითხარით, თუ ავკრძალავთ, აღარ შემოვა? რა თქმა უნდა, შემოვა. მეტსაც გეტყვით, აქვე, საქართველოში, გაჩნდება ლაბორატორიები, რომლებიც ამ ბიოებს დაამზადებენ. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ორ ცუდს შორის ნაკლებ ცუდი ავირჩიოთ. რასაკვირველია, მარიხუანის მოწევაზე ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარიხუანას სახალხოდ მოწევისთვის ტაში დავუკრათ და „ოსანა“ ვუმღეროთ. იმის ნაცვლად, რომ მარიხუანას დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილოს, საზოგადოებისა და მედიის ის ნაწილი, რომელიც ამას მხარს უჭერს, ფაქტობრივად, „ოსანას“ უმღერის. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ნარკომანების „ჩაქოლვას“ ითხოვს. და ბავშვი რომ „გასინჯავს“, უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი ჰგონია. სინამდვილეში, ვერც ერთი და ვერც მეორე ნაწილი ვერ აცნობიერებს მარიხუანისგან მომდინარე საფრთხეებს. მე მინახავს მარიხუანის ისეთი ფსიქოზები, რომ დღემდე, როგორც შიზოფრენიას, ისე მკურნალობენ. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი ასეთი რისკის შესახებ არ გააფრთხილო? მით უფრო, რომ მარიხუანა ლამის ასფალტზეც კი იზრდება, მაგრამ ზოგადად, სხვადასხვა ნიადაგზე სხვადასხვანაირი მოდის.

– პირიქითაც ხომ ხდება მარიხუანადან მძიმე ნარკოტიკზე გადასვლა?


– როგორ არ ხდება.. ეს არის ე.წ. ექსპერიმენტული მოხმარება, ანუ ადამიანს აინტერესებს და სინჯავს. თუ მოეწონა, აგრძელებს და რაღაც მომენტში, როცა აღარ აკმაყოფილებს, გადადის უფრო რთულზე. ეს პროცენტი საქართველოში ნამდვილად არავის შეუსწავლია, მაგრამ ის, რომ მსუბუქიდან მძიმე ნარკოტიკზე გადადის, ადამიანის პიროვნულ და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს – იმიტომ, რომ არ ვასწავლეთ როგორ უნდა გადალახოს თავისი პრობლემები. მარიხუანისგან განსხვავებით, მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს სერიოზული სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდება. ეს ყველაფერი ფული ღირს, ამიტომ ვიღაცას ფულის ხარჯვას ამის შემოტანა, გასაღება და ფულის შოვნა ურჩევნია. არგენტინაში საერთოდ, ლეგალიზაცია დაუშვეს და ყველა ადამიანს შეუძლია პირადი მოხმარებისთვის, 5 ძირი მარიხუანა მოიყვანოს. თუ მეტის მოყვანა უნდა, სახელმწიფო აღრიცხვაზე აიყვანს და ზედმეტ რაოდენობას თვითონ გაყიდის. იცით, ეს რატომ გააკეთეს? – ეს იცავს სახელმწიფოს საზღვარზე ყველანაირი მარიხუანას ძირზე დამზადებული ნარკოტიკის შემოტანისგან და არსებული ნარკოტიკის ხარისხიც გაკონტროლდება.

– ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებას, იქნებ, ჯობდეს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა საზღვრები უფრო ეფექტურად აკონტროლონ? თქვენი აზრით, ვის ინტერესებში შედის ნარკოტიკების ქვეყანაში შემოდინება?

– როცა სახელმწიფოს აქვს იმის უფლება და უნარი, რომ საზღვრები აკონტროლოს და ნარკოტიკების შემოტანა აღკვეთოს და მაინც შემოდის, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ნარკომაფია არსებობს. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის ამაში ჩართული, მაგრამ მაფია ხელისუფლებაში მყოფი მფარველის გარეშე არ არსებობს. დეკრიმინალიზაციის ჩატარებით, მაფიას ხელიდან გამოვაცლით უზარმაზარ შემოსავალს და ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალს მივაყენებთ, მაგრამ ამაზე არც ერთი მაფიოზური სტრუქტურა არ დათანახმდება. ჯერ კიდევ 60-იან წლებში, ამერიკის სენატში განიხილავდნენ, – მოდი, მივცეთ ნარკომომხმარებლებს საშუალება, რომ ნარკოტიკები იყიდონო. ადგა ერთი სენატორი და თქვა, ამის უფლებას მაფია არ მოგვცემსო და მორჩა! ზუსტად ასეა ჩვენთან. რა ბრტყელ-ბრტყელი და ჭკვიანური სიტყვებიც არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მომავალ თაობებს და ერს ვიცავთ, ფაქტია, რომ ნარკოტიკებთან და მაფიასთან ომი წაგებულია!

ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, დეკრიმინალიზაციაა. ავკრძალოთ ნარკოტიკის მოხმარება საბავშვო ბაღების თუ სკოლების ახლოს და ამაზე ჯარიმა დავაწესოთ. ვიფიქროთ იმაზე, როგორი პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ სკოლებში, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საგანმანათლებლო სისტემა ნარკოტიკების თემის განსახილვისთვის დახურულია. ბავშვი სრულიად მოუმზადებელი შედის ცხოვრებაში და არ იცის, რისგან და როგორ უნდა დაიცვას თავი.

ბავშვი ნარკოტიკებისკენ მიდის, როდესაც სხვა ინტერესები არ აქვს. როდესაც მშობლები და მასწავლებლები არ აწვდიან საკმარის ინფორმაციას, მას უყალიბდება არაცნობიერი დეპრესიული განცდა, რომელსაც ნებისმიერი ნარკოტიკი ხსნის. თუ ხედავთ, საგანმანათლებლო პროგრამებიც კი გაქრა ჩვენი ტელევიზიებიდან და სკოლაში პროგრამები ისე შეამცირეს, რომ 4 წლიწადში სრულიად საკმარისია იმ მოცულობის სწავლება. ადამიანის ტვინი ამას ვერ უძლებს ახალი ინფორმაციის ნაკლებობას (არ მითხრათ, რომ ჩვენი მედია, ნიუსები, ან მობილურები ამ ინფორმაციულ ვაკუუმს ავსებენ) და სიამოვნების ძებნას იწყებს. სად იპოვის ამ სიამოვნებას სექსში, ალკოჰოლში, ნარკოტიკებში თუ მუსიკაში არ ვიცი, მაგრამ როცა ადამიანს მომავლის რწმენა არა აქვს და არ იცის რისთვის არსებობს, სასოწარკვეთულებამდე ერთი ნაბიჯია.. ახლა ძალიან მოდაშია და მთელ მსოფლიოში მოდებულია ანტიდეპრესანტები, თითქოს ეს დეპრესიას მოხსნის, არადა, ანტიდეპრესანტების უმეტესობა ასევე დამოკიდებულებას იწვევს. არა მარტო ბავშვები..

ასეთ მძიმე ვითარებაში მარტო დეკრიმინალიზაცია არაფერს მოგვცემს, თუ რეაბილიტაციური და პრევენციული ღონისძიებები არ დავნერგეთ და სამართლიანი კანონმდებლობა არ შევიმუშავეთ. როგორ, ვიღაცას რომ მეგობართან ორი „მასტირკა“ პლანი მიაქვს, ისიც გადამყიდველად ითვლება და 70 000 აბი სუბუტექსი რომ შემოაქვს ისიც?! და როგორც წესი, ეს უკანასკნელი უფრო მალე გამოდის ციხიდან საერთოდ. კანონი, რომელიც სამართლიანი არაა, არასდროს არ მუშაობს. რასაკვირველია, გადამყიდველების მიმართ კანონი უნდა გამკაცრდეს, მაგრამ უნდა გავარჩიოთ, ვინ ყიდის, რას და რამდენს. ეს დოზები არის გასასწორებელი. იმ პირობებში, როდესაც ადამიანის ტვინი უინტერესო და ინფორმაციულად დაცლილ ცხოვრებაში სიამოვნებას ეძებს, არ შეუძლია გადალახოს ლტოლვა და იძულებულია, ნებისმიერი გზით მოიპოვოს ის, რაც უნდა. ამ კომპულსიებს ბრძანებით და აკრძალვით ვერ გადავლახავთ. ამისთვის არსებობს ფსიქოთერაპია და ფსიქიატრია, რომელიც ლტოლვას ამცირებს. ლტოლვის შემცირება რომ ჩვენი ან რომელიმე პოლიტიკოსის ნებით იყოს შესაძლებელი, მსოფლიოში ნარკოტიკები არ იარსებებდა. ასე, რომ უნდა ჩავატაროთ დეკრიმინალიზაცია ნაბიჯ-ნაბიჯ და კიდევ უფრო შევამსუბუქოთ ის სასჯელები, რომლებიც არსებობს. დეკრიმინალიზაციის პაკეტში, რომელიც პორტუგალიაში 2001 წელს განხორციელდა, ყველაფერი ერთდროულად ჩატარდა და იქაც იყვნენ მოწინააღმდეგეები, მაგრამ ფაქტია, რომ პორტუგალიაში ჩატარებულმა ნარკოპოლიტიკის რეფორმამა გაამართლა. თუ კიდევ გადავდებთ 3–4 წლით ამ რეფორმებს, მერე შემდეგი მთავრობა და შემდეგი „ურა“ საზოგადოება გვეყოლება თავიდან „გასაზრდელი“. დღეს ისევ ისეთი სიტუაციაა საზოგადოებაში, რომ “ ნულოვანი ტოლერანტობის“ ხანა მახსენდება.

მცოდნე ხალხს არავინ უსმენს, რადგან ყველა „ მეზობელმა“ უკეთ იცის, რა უნდა ქნას მთავრობამ და თავი ექსპერტი ჰგონია.
დეკრიმინალიზაცია ნარკომაფიასთან ბრძოლის იარაღია, ხოლო ყველა, ვინც დეკრიმინალიზაციის წინააჭმდეგია, ნებსით თუ უნებურად ნარკომაფიის წისქვილზე ასხამს წყალს.

რამდენიმე დღის წინ, ნარკოპოლიტიკის გარშემო მიმდინარე პროცესებში საქართველოს საპატრიარქო ჩაერთო. 12 იანვარს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა დიდი განხილვა, რომელზეც საპატიარქოს წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვის შეჩერება ითხოვეს. საპატრიარქოს აზრით, მსგავსი რეფორმა ნარკოდამოკიდებულების მიმართ სასჯელის შემსუბუქებასა და ნარკოტიკების გამავრცელებლის მიმართ სასჯელის გამკაცრებას უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა საპარლამენტო განხილვები არ უნდა დაიწყოს, სანამ უმთავრეს საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება.
კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი გელა ლეჟავაც. მისი თქმით, დეკრიმინალიზაციას თავისი წესები აქვს- ჯერ უნდა მოგვარდეს სამედიცინო და სოციალური საკითხები და დეკრიმინალიზაციაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი. მოხდება თუ არა ნარკოპოლიტიკის თემაზე დიდი ეროვნული თანმობის მიღწევა, დრო გვაჩვენებს.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
24-01-2018, 19:41