სარეკლამო ადგილი

947x125



“ლარი დავარდა, დავარდა, საქმე წავიდა  შავადა,ნუ გეშინიათ, დავარდნას ყოველთვის მოსდევს  ავარდნა”. ხალხური
საქართველოს  მოქალაქეებს რომ ჰკითხო, ასი კაციდან ასივე გეტყვის,  რომ  ქართული  ლარი დოლარზეა მიბმული და ლარის კურსის მერყეობა საერთაშორისო  საფინანსო  ბაზარზე  დოლარის  კურსის  ცვლილებით  არის განპირობებული.

ასი კაციდან ასივე ერთსა და იმავეს იმიტომ ამბობს, რომ ასე ამბობენ ექსპერტები, ფინანსისტები, ეკონომისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები, ანუ ადამიანები, რომლებსაც  ამ  საქმის  მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად მიიჩნევს  საზოგადოება.
ამ  ფონზე  სრულიად  მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო  ექსპერტ  ვახტანგ ლეჟავას განცხადება,  რომელიც მან  ერთ-ერთ  ტელეგადაცემაში გააკეთა, სადაც სწორედ ლარის კატასტროფული  გაუფასურების  გარშემო  იყო  გამართული დიდი  დისკუსია.
ბატონი  ლეჟავას  მოსაზრებით,  ლარი  მყისიერად  რეაგირებს  არა  დოლარის,  არამედ თურქული ლირას კურსის ცვალებადობაზე და ლირას კურსის ნებისმიერი,  თუნდაც  უმნიშვნე- ლო  რყევები  დაუყოვნებლივ აისახება  ლარზე.
ვახტანგ ლეჟავამ გადაცემის წამყვანს  სთხოვა,  გამოექვეყნებინა ცხრილი, სადაც თვალსაჩინოდ  იყო  ასახული,  თუ  როგორ კვალი-კვალში  მისდევს  ლარი ლირას  და  როგორი  საოცარი სიზუსტით  აირეკლავს  იმ  ცვალებადობას,  რასაც  ბოლო  ხანებში საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი  ლირა  განიცდის.

წამყვანმა  ტექნიკური  პრობლემები  მოიმიზეზა,  რის  გამოც ცხრილის ჩვენება მაყურებლისთვის  თურმე  შეუძლებელი  იყო. დისკუსია გაგრძელდა, თუმცა დისკუსიის მონაწილეებს, სამწუხაროდ,  სიტყვა  არ  დაუძრავთ ვახტანგ  ლეჟავას  მიერ  გაჟღერებული  არაორდინარული  და, იმავე  დროს,  საკმაოდ  სკანდალური მოსაზრების გამო, რომელიც  უდავოდ  შეიცავდა  ფრიად საყურადღებო და მნიშვნელოვან ქვეტექსტს.
ვახტანგ ლეჟავას ამ რეპლიკამ „საერთო გაზეთში“ დაბეჭდილი ერთი ინტერვიუ გაგვახსენა ეკონომისტ სოსო არჩვაძესთან, რომელიც ბატონი ვახტანგის  სატელევიზიო  ჩართვამდე ორი  თვით  ადრე  გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

„ერთ  მაგალითს  გეტყვით, მესტიის  რაიონში  თითქმის ყველა  ადგილობრივმა  მცხოვრებმა  თავისი  სახლი  სასტუმროდ  გადააკეთა,  ტურისტებს კი  ღებულობენ,  მაგრამ  მათი გამოსაკვები  პროდუქტები  სხვა რეგიონებიდან  ჩააქვთ.  მარტო სახლს ვინ ჩივის, კაცს 12 ძროხა  ყავდა,  ფერმა  გააუქმა  და ბოსელი ჰოსტელად  გადააკეთა,  ახლა  ხორცი,  ძეხვი,  რძის პროდუქტები  გარედან  შეაქვს. მარტო სვანეთში კი არა, საქართველოს  ნებისმიერ  რეგიონში ასეთი  სიტუაციაა, ლამის მთელი ქვეყანაა ქცეული უტილიზაციის ობიექტად.  შემოდის  ტურისტი, დახარჯავს  ფულს,  მაგრამ  ამ ფულის  დიდი  ნაწილი  საქართველოდან  გადის,  რადგან  კვების პროდუქტების დიდ ნაწილი თურქეთშია  წარმოებული.  თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ამ დოვლათის უტილიზაციის, წარმოებისა  და  სხვა  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ადგილი იქნება. იმის  გამო,  რომ  ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია  ჩვენს  მოთხოვნილებას  ვერ აკმაყოფილებს, ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი გვიწევს.  მართალია,  გარკვეული  პროდუქციის  ექსპორტიც ხდება,  მაგრამ  იმპორტის  წილი 70–80%-მდეა.  ევროკავშირმა ნება  დაგვრთო,  რომ  ევროპის ბაზარზე  8.000  ტონა  ხორცი შევიტანოთ.  ქართული  ანდაზა მახსენდება  –  ყვავს  რა  ჰქონდა,  ბუს  გაჰქონდაო.  ადგილზე დაახლოებით  40–50  ათას  ტონა  ხორცს  ვაწარმოებთ,  60–70 ათასი ტონა კი საზღვარგარეთიდან  შემოგვაქვს, თანაც, მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, საჭიროზე  ნაკლებ  რაოდენობას მოვიხმართ.  ყიდვის  საშუალება რომ  გვქონდეს,  150–200  ტონა უნდა შემოვიტანოთ. ასეა ბევრ სხვა პროდუქტთან დაკავშირებითაც. ჩვენ თუ მილიარდ დოლარზე მეტის საქონელი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს ექსპორტზე, გამოდის, მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან და როგორ უნდა დავიჭიროთ დოლარის კურსი?  

2003  წლამდე  ჰოლანდიას უფრო მეტი ყვავილების ექსპორტი ჰქონდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი  შიდა  პროდუქტი  იყო. მერე ცოტა შეიცვალა ვითარება, მაგრამ  თუ  გვინდა  ეკონომიკა წინ  წავიდეს,  ტურიზმი  განვითარდეს,  პირველ  რიგში  შესაბამისი ბაზა უნდა გვქონდეს, აგროსექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფრასტრუქტურა უნდა  იყოს  განვითარებული.  იმ ტურისტულ  ობიექტებში  თურქული  საქონლითა  და  ნედლე- ულით  მზადდება  პროდუქტები, ასე  რომ,  ჩვენ,  ფაქტობრივად, თურქეთის  ეკონომიკის  გაძლი- ერებას  ვემსახურებით. მე  ორი  წლის  წინ  ჩავატარე კვლევა,  როგორც  გითხარით, როცა  თურქეთიდან  ვაწარმოებთ იმპორტს, ამით ვაძლიერებთ თურქულ  ეკონომიკას,  მარტო იმის  ხარჯზე,  თურქულ  საქონელს  რომ  ვყიდულობთ  დაწყებული  ტექსტილიდან,  დამთავ- რებული სანტექნიკის საშუალებებით,  თურქეთში  დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება. ჩვენ ერთ  დღეს  უარი  რომ  ვთქვათ თურქულ  პროდუქციაზე,  დაახლოებით  60.000  კაცით  გაიზრდება  თურქეთში  უმუშევართა რაოდენობა.  ამის  გარდა,  თურქი  გადამზიდავების  საქართველოში მოძრაობა, ცენტრალური ავტომაგისტრალის გაყოლებაზე კვების  და  საეჭვო  რეპუტაციის მქონე  ობიექტების  არსებობა, ეს  არის  თურქეთის  ეკონომიკის გაგრძელება საქართველოს ტერიტორიაზე.

დედაქალაქის  აეროპორტის რეკონსტრუქციასთან  დაკავშირებით, გერმანული ფირმა გაცილებით მეტ ტერმინალს, ასაფრენ ზოლს  და  მომსახურების  უკეთეს  პირობებს,  თანაც  იაფად სთავაზობდა  ქართულ  მხარეს, მაგრამ რატომღაც ნაციონალების  ხელისუფლებამ  ნაკლებად ცნობილი  თურქული  ფირმა  ამჯობინა, უფრო მძიმე და უარესი პირობები ჰქონდა. რომ იტყვიან, თეთრი ძაფითაა ნაკერი, ეს „გარიგება“,  რომლის  გამოც  2027 წლამდე თბილისიდან იაფად და კომფორტულად  შესაძლებლობები  არ  გვექნება  არც  ჩვენ  და არც  საქართველოს  სტუმრებს. ამ კონტრაქტში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ თბილისიდან 200 კმ-ის  რადიუსში  არ  უნდა  იყოს აეროპორტი,  რომელიც  კონკურენციას  გაუწევს  თბილისის აეროპორტს.  კიდევ  კარგი,  ქუთაისი  230  კმ-შია  და  “კოპიტნარის”  აეროპორტით  სარგებლობის  საშუალება  გვაქვს.
 
არ ვიცი რა დავარქვა იმ დამატებით გადასახადს,  რომელსაც  ხსენებული  ხელშეკრულების  გამო იხდის თითოეული მგზავრი დედაქალაქის  აეროპორტში,  კონტრიბუცია თუ ბეგარა. უამრავი „დრაკონის კბილია“ დათესილი საქართველოს ეკონომიკაში თუ სამართლებრივ სივრცეში, რომელიც ჯერ არ გამომჟღავნებული, მაგრამ შხამიან ნაყოფს ანტისახელმწიფოებრივი  შედეგით  კიდევ მოიტანს და ამისთვის მზად უნდა  ვიყოთ“.
როგორც  ხედავთ,  ბატონო სოსო  არჩვაძე,  ფაქტობრივად, ხსნის და შიფრავს იმ მიზეზებს, იმ  წინაპირობებს,  რის  გამოც ლარი  ასე  მყარად  არის  მიბმული  თურქულ  ლირაზე.

ორი სერიოზული და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის, სოსო არჩვაძის და ვახტანგ ლეჟავას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  გაკეთებული  ეს  ორი დასკვნა, რომლებიც ერთმანეთს ამყარებს და ავსებს, ვფიქრობთ, სერიოზული  განსჯის  და  განხილვის  საგანი  უნდა  გახდეს სახელისუფლო  წრეებისთვის, რომლებიც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა, ზოგჯერ ერთმანეთის გამომ- რიცხავ ვერსიებს გვთავაზობენ. თუ  ლირა  დოლართან,  ლარი  დლართან  მიბმულ  ლირასთან,  ხოლო  ქართული  ეკონომიკა  თურქულ  ეკონომიკასთან არის  მიბმული  და  მისი  ერთგ- ვარი  გაგრძელებაა,  მაშინ  ხელისუფლებამ,  პირველ  რიგში, იმაზე  უნდა  იფიქროს,  როგორ უნდა  გათავისუფლდეს  ქვეყანა ამ  მდგომარეობისგან.
ტყუის,  ვინც  ამბობს,  რომ ქვეყანაში  არაფერი  არ  კეთდება ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გაკეთებით  როგორ  არ  კეთდება,  მაგრამ,  როგორც  ჩანს, რაღაც  მთავარი  არ  კეთდება ისე,  რომ  ქვეყანა  სიღარიბის ჭაობიდან  ამოვიდეს  და  წელში გაიმართოს,  ხოლო  რა  არის  ეს მთავარი,  ამის  დასადგენად  და განსასაზღვრად,  როგორც  ჩანს, ქვეყნის  საუკეთესო  ინტელექტუალური ძალების მოხმობა და მათთან დათათბირება, მათი მოსაზრებების ურთიერთშეჯერება და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკური  განვითარების  კონცეფციის ჩამოყალიბებაა  საჭირო.

გიორგი გამეზარდაშვილი



მეტის ნახვა
2-12-2017, 21:43


როგორ აისახება საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაზე ევროკავშირის „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანება, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფის ცვლილება, რამდენად დაცულია საქართველოს ენერგოობიექტებზე უსაფრთხოების ნორმები და რამდენად საშიშია ენგურჰესის კაშხლის ქვედა ნაწილში მდებარე გვირაბში არსებული ბზარები? ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას დავუკავშირდით:

– დავიწყებ იმით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას ქვეყნისთვის, რომელიც ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის მშენებლობისკენ მიდის, კანონმდებობის, რეგლამენტებისა და ტექნიკური სტანდარტების ევროპულთან ჰარმონიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ახალი ნორმატივების, სტანდარტებისა და კანონმდებობის დანერგვა ქსელის უსაფრთხობას და საიმედოობას გაზრდის და მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება და ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმა ამ პროცესებზე როგორ აისახება?


– ზოგადად, ოპტიმიზაციის წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, მთავარია, რომ რეფორმირების სექტორში ტემპი და დინამიკა არ დაიკარგოს. გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი და რეფორმების კუთხით, სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას, ვინაიდან სირთულეების მხრივ, ენერგეტიკულ სექტორს ძალიან დიდი რეფორმები ელოდება.

– ბატონო დავით, მოსახლეობას აინტერესებს, რატომ არ აისახება ახალი ჰესების მშენებლობა ელექტროენერგიის ტარიფზე? რატომ იხდიან ადამიანები ენგურჰესის 3 თეთრად გამომუშავებულ ელექტროენერგიაში გაცილებით მეტს?

– ენგურჰესის ტარიფი მართლაც ძალიან დაბალია და უნდა გაიზარდოს იმიტომ, რომ სადგურს კარგი მოვლა ჭირდება. ძალიან დიდი საინვესტიციო პროგრამებია განსახორციელებელი, რათა საქართველოს ენერგეტიკამ ეს უდიდესი სადგური დიდი ხნით შეინარჩუნოს და ასევე, განვითარება პოვოს ახალმა ტექნოლოგიებმა. რაც შეეხება ტარიფს, ენგურჰესის გარდა, ჩვენ გვაქვს თბოსადგურები და ახალი სადგურები, სადაც ტარიფები უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, მთლიანად ენერგოსისტემაში შეწონილი ტარიფი ძალიან მაღალი გამოდის. ამას ემატება განაწილებისა და გადაცემის კომპონენტები და ვიღებთ ტარიფს, რომელიც რეალურად გვაქვს.

– ბოლო დროს, სპეციალისტები ხშირად საუბრობენ ენგურჰესის კაშხლის 14 კილომეტრიან გვირაბში არსებული ძველი და ახალი ბზარებისგან მომდინარე საფრთხეებზე. როგორია ქვეყანაში არსებული ჰესების მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით?


– სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს ჰოდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების კანონი, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება ენგურჰესის გვირაბის ძველ კერებზე ფილტრაციული ხარჯების ზრდას, ეს პირველი სიგნალია, რომ დაიწყოს ამ პროცესების შესწავლა და გვირაბის რეაბილიტაცია. როგორც იცით, 2017 წელს მოხდა გვირაბის ერთი კვირით გაჩერება. ჩატარდა ინსპექტირება და დადგინდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაახლოებითი ნუსხა. რამდენად ვიცი, 2019 წელს ენგურჰესის სამთვიანი გაჩერება იგეგმება. ენგურჰესის დერივაციული გვირაბის რეაბილიტაციისთვის სამი თვე ძალიან ცოტაა. ამ დროში აუცილებელია მაქსიმალურად ბევრის მოსწრება, თორემ რეალურად, ნაგებობის მრავალწლიანი უსაფრთხოება რომ გარანტირებული იყოს, გვირაბის სრული რეაბილიტაციისთვის ალბათ წელიწადნახევრიდან ორ წლამდეა საჭირო. საქართველოს ენერგოსისტემისთვის ამ დროით ისეთი მნიშვნელოვანი სადგურის გაჩერება, როგორიც ენგურია, ძალიან მძიმე იქნება, ამიტომ გარკვეული ალტერნატივები უნდა იყოს მომზადებული.

მე ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ობიექტებზე არ ტარდება პერიოდული შემოწმებები, მათი უსაფრთხოების ხარისხის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, ძალიან ცოტა ნაგებობაა აღჭურვილი მსოფლიო სტანდარტების გამზომი მოწყობილობებით, რომელიც აკონტროლებენ ნაგებობებზე ტექნიკურ მდგომარეობას. მოგეხსენებათ, კაშხლები მაღალი რისკის ნაგებობებს მიეკუთვნებიან, ამიტომ მათ მდგომარეობაზე კონტროლი მუდმივ რეჟიმში უნდა ხორციელდებოდეს. დასახვეწი და მისახედია ადრეული შეტყობინების სისტემებიც, რაც ასევე უსაფრთხოებას უკავშირდება. სწორედ, ამ რიგს განეკუთვნება სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც, ამიტომ ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ასეთი ობიექტების უსაფრთხოება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. მე საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ძალიან დიდი მინუსია, როცა ქვეყანაში არ არსებობს ენერგეტიკული უსაფრთხოების კანონმდებლობა. ვფიქრობ, როცა მარეგულირებელი კომისია ძველ თუ ახალ აშენებულ სადგურზე ლიცენზიას გასცემს, ერთ-ერთი პირობა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ 1980 წელს წყნეთში დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლის კაშხლის გარღვევას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს დიდი კაშხლის შემთხვევაში. მთელ მსოფლიოში არსებობს მონიტორინგის სისტემები, რომელიც ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს ნაგებობის უსაფრთხოების კრიტერიალურ პარამეტრებზე. სახელმწიფოს ამაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუდმივი მონიტორინგი და ამ მიმართულებით გარკვეული კანონმდებლობის გაუქმება ნიშნავს, რომ საბედისწერო შეცდომები იქნა დაშვებული.

– სააკაშვილის ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ, რომ საქართველოს ენერგოობიექტების უდიდესი ნაწილი რუსეთს გადასცა. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა გავაძლიეროთ და უცხო ქვეყნის ინვესტიციებზე დამოკიდებული არ ვიყოთ?


– ალბათ 2008 წელს გულისხმობთ, როცა რუსეთს გარკვეული ენერგოობიექტები მიყიდეს.. ზოგადად, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი შექმნას. უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს და საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსის თუ განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროების ათვისებაში დაგვეხმაროს, როგორიცაა ქარი და მზე. დაგეთანხმებით, რომ საქართველო 70% ენერგოშემცველების იმპორტზეა დამოკიდებული. ჩვენ ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, დეფიციტური ქვეყანა გვაქვს. წელს ალბათ იმპორტზე მილიარდნახევარზე მეტ ელექტროენერგიას შემოვიტანთ, რაც ქვეყნიდან გასულ მილიონობით დოლარს ნიშნავს. ბუნებრივი აირის მხრივ, თითქმის მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ამას თუ ნავთობპროდუქტებსაც დავუმატებთ, ცხადია, ჩვენი ენერგო დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების გაუმჯობესება მაქსიმალურად დაკავშირებულია ჩვენი საკუთარი ენერგორესურსებისა და ენერგეტიკული წყაროების ათვისებაზე. ის, რომ ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული პროექტები ხორციელდება, ქარის ერთი სადგური აშენდა და კიდევ იგეგმება, დადებით მოვლენად მიმაჩნია. ბუნებრივია, თავის დროზე, გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს მზის ენერგიის ათვისება და ა.შ მაგრამ ამას საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის მუდმივი ზრუნვა ჭირდება. ინვესტორს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დაბალი რისკების პირობებში, ჩადებული თანხა ამოიღოს და დროთა განმავლობაში, გონივრული მოგება მიიღოს. საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით, ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. რაც შეეხება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ამ მიმართულებით შეიძლება ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრები ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესოთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს შემოტანილი ენერგო შემცველების დივერსიფიცირებას სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ალტერნატივები გვქონდეს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მონოპოლური შემომტანი შიდა ბაზრისთვის ძალიან ცუდია და ამასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
2-12-2017, 21:22


„ვინ იქნება უკომპრომისო, ქალი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აპრავებდა? ქალი, რომელიც ნაძირლებს გვეძახდა ყველას, ვინც ევროსტრუქტურებში პოლიტპატიმრების, ბუტა რობაქიძის, და ვაზაგაშვილის საქმეები მივიტანეთ? ეს იქნება უკომპრომისო? .. ყოჩაღ, ოცნებას.. ნეტა მალე მე არ დამიჭერდნენ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის ბრალდებით“, – სტატიას ევროპაში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი ფოფხაძის სიტყვებით ვიწყებ. ეს მოსაზრება ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის სავარაუდო (უფრო სწორად დადასტურებულ) შემცვლელს ნინო ლომჯარიას მიუძღვნა.

იყო დრო და მომენტი, როცა მმართველი გუნდი საზოგადოებას საუკეთესო სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევას დაპირდა. დღეს კი დადგა „აუცილებლობა“ და კოჰაბიტირებულმა მმართველმა ძალამ არჩევანი „რატომღაც“ ნინო ლომჯარიაზე შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამ სოციალური ქსელი ააფეთქა, მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავდნენ და ისე აბრუნებდნენ ყველა ბრუნვაში კანდიდატს, ვიფიქრე – „ქალო, რაფერხარ ცოცხალი-თქვა“, თუმცა უმალვე გამახსენდა, რომ მას სოროსის კალთა ფარავდა და საზოგადოებისგან წამოსულ, მკვეთრად გამოხატული უარყოფითი ენერგეტიკისგანაც სოროსის ძუძუები დაიცავდა…

საქართველოს ფარგლებს გარეთ არ ვიცი როგორ ხდება, საქართველოში კი ასეა – გზა სკამისა და იმუნიტეტისაკენ, არასამთავრობო სექტორზე გადის. თავის თავში არასამთავრობო სექტორი სულაც არ მოიცავს „ეშმაკებს, დოზანასა და სამსალას“, წესიერ ქვეყანაში ამ სექტორს კარგი სახელი აქვს და მას ადვილად არ ტოვებენ (ვერ ელევიან) მისი წევრები. ჩვენთან, საქართველოში ყველაფერი პირიქითაა, არასამთავრობო სექტორში „გამოიჯეკებიან“ და „სამთავრობოში“ დაფრთიანდებიან. აქ ეს სულაც არ იქნებოდა ტრაგედია რომ არა რამდენიმე „უმნიშვნელო“ დეტალი: გრანტები მიდის ამა თუ იმ ხელისუფლებისათვის (ან რომელიმე შტოსთვის) საჭირო არასამთავრობოში (ენჯეო), მოაძლიერებენ მას და აქედან იწყება „თავდავიწყება“. შევარდნაძის ეპოქიდან დღემდე სააკაშვილი და მისი გუნდი „ჩეკდა ენჯეო-წიწილებს“. სხვათაშორის, შევარდნაძის მმართველობის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმჟამად მოქმედი რამდენიმე (მაშინ სულ რამდენიმე იყო) არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელთა შესახებ იმჟამინდელმა გენპროკურორმა განაცხადა რომ მათ სააკაშვილი იყენებდა სახელმწიფო გადატრიალებისათვის და რომ ისინი გრანტებს სააკაშვილის დახმარებით ღებულობდნენ, შემოსული თანხების დიდ ნაწილს „მიშა იჯიბავდა“… მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ძალიან სერიოზული იყო, საქმე ბოლომდე (სასამართლომდე) არ მისულა. საქმე ისაა, რომ პროკურატურა უდიდეს წინააღმდეგობას გადააწყდა, მათ მონაცემები გამოითხოვეს ამერიკის საელჩოდან (ერთადერთი დამფინანსებელი იმხანად აშშ იყო) და უარი მიიღეს. საელჩო თავის „წიწილებს“ გადაეფარა. ის არასამთავრობოები, რომელთა წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, დღემდე ხელშეუხებლები არიან და დღემდე ინიშნებიან სხვადასხვა თანამდებობაზე. ლომჯარიაც იმ ერთ-ერთი არასამთავრობოდანაა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება იყო დაწყებული და ამით მე ვფიქრობ ყველაფერია ნათქვამი.

ლომჯარიას „არასამთავრობო“ 2003 წლის შემდეგაც რომ მოვლენილიყო სამყაროს, მაინც ვერანაირად ვიტყოდით რომ ის კარგი ომბუცმენი იქნებოდა. თავი რომ დავანებოთ სააკაშვილისათვის მაამებელ განცხადებებს (არჩევნებს აკვირდებოდა მუდამ, ბევრი ფული მოაქვს არჩევნებს), ცნობილი ნაცის, ლაშა თორდიას (აუდიტის სამსახურის უფროსი) რჩეულობაც „გრეხია“ წესიერ ქვეყანასა და საზოგადოებაში. ლაშა თორდიას კანონი ანიჭებდა უფლებას თავად მოეყავანა მოადგილე და მიიყვანა ლომჯარია, წამოვიდა თორდია აუდიტიდან და გამოაბუნძულეს ლომჯარიაც… მე ვფიქრობ, აქაც ზედმეტია კომენტარი!
ხალხი კი, ხალხი აქციებს გეგმავს, თუმცა რამდენად მოხერხდება ეს ამბავი და მოახდენს თუ არა აქციები ზეგავლენას უმრავლესობის ერთი ნაწილის (ცნობილია, რომ ყველა არ უჭერს მხარს ლომჯარიას) გადაწყვეტილებაზე, მომავალი გვეტყვის.

რატომ „ტივტივებენ“ ზედაპირზე საზოგადოებისთვის მიუღებელი პერსონები, რატომ წყვიტავენ საქართველოში ქართველების, მართლმადიდებლობის, კულტურის, ისტორიის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვის და უსაფრთხოების ბედს, ჩვენი ერის და ქვეყნის მოძულე უსისხლო და უსულო არსებები? პასუხი, არც მარტივია და არც რთული, მაგრამ არცთუ შორეული წარსულში უნდა გადავინაცვლოთ და იმ ჯადოსნური წრის მიღმა შევიხედოთ რომელზე ტრიალითაც ისე გვაქვს თავბრუ დახვეული იმედის ნაპერწკალის დანახვაც კი გვიჭირს, სამაგიეროდ ჯადოსნური წრის შიგნით დარჩენილები გრძნობენ თავს ბედნიერად, სამშობლოს მნიშვნელობა მათთვის გაურკვეველია, მართლმადიდებლობას არ „ცნობენ“ ოჯახი ზედმეტ ტვირთად მიაჩნიათ და „სექსუალურ უმცირესობათა“უმრავლესობად გადასაქცევად ძალას და ენერგიას არ ზოგავენ… როგორ „აღმოცენდნენ“ეგრედწოდებული მტრები ღვთიურ მიწაზე?-საინფორმაციო ეპოქის დადგომის პერიოდში, როდესაც ინფორმაციული ნაკადები ურთიერთგადახლართულია და ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, ძალიან ადვილია შენი ფინანსური კონტროლის ქვეშ არსებული პროპაგანდისტული საშუალებების მეშვეობით გაავრცელო ის იდეები, რომელიც უკეთ მოემსახურება დამფინანსებელი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს. სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის და კონკრეტულად, შეერთებულ შტატების პოლიტიკური ინტერესების გატარებისათვის, ამავე ქვეყნის ინტელექტუალურ წრეებში დამუშავდა „რბილი ძალის“ კონცეფცია, რომლის ფუძებდებელი გახლავთ ამერიკელი ინტელექტუალი ჯოზეფ ნაი და რომელმაც შემდეგნაირად განმარტა აღნიშნული კონცეფციის არსი- „ეს არის ნიჭი, როდესაც სხვა ქვეყნებს სურთ ის, რაც შენს ქვეყანას უნდა…“ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეიძლება ძალიან რთლად მოჩანდეს, ვინაიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ხომ თავის თავში მოიცავენ საგარეო პოლიტიკაში მოქმედებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და იქ მოღვაწე პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტებიც, ხომ ამავე პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოქმდებედნენ და მოღვაწეობდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში. თუმცა, წამყვან ამერიკულ ინტელექტუალებს თუ დავეყრდნობით, ამის მიღწევა სრულებითაც არ წამორმოადგენს დიდ სირთულეს. ამ შემთხვევაში მთავარია, მოახდინო ისეთი ადამიანთა ჯგუფის ფორმირება პატარა ქვეყნებში, მათი ხელშეწყობა და დახმარება, რომლებიც მხოლოდ შეერთებული შტატების ნაციონალური ინტერსებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. ასეთი ტიპის ადამიანებს, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და სამხედრო სტრატეგმა სტივენ მანმა ვირუსები უწოდა. მისი აზრით, შესაძლებელია იდეოლოგიური ვირუსის საშუალებით საზოგადოების აზროვნების შეცვლა შეერთებული შტატების ინეტერესების შესაბამისად: „ამ იდეოლოგიური ვირუსით, აშშ შეძლებს აწარმოოს მძლავრი ბიოლოგიური ომი და ამოირჩიოს, ნაციონალური სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელი მიზანი-ერები უნდა დააინფიციროს დემოკრატიული პლურალიზმის და ადამიანის ინდივიდუალური უფლებების იდეოლოგიით…

ამიტომ ჩვენს ნაციონალურ უსაფრთხოებას ექნება საუკეთესო გარანტიები, თუ ჩვენ მივუძღვნით ჩვენს ძალისხმევას, იმ ქვეყნების გონის და კულტურების გადმობირების საქმეში, რომლებიც განხსვავდებიან ჩვენგან. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის, რომელსაც ექნება გრძელი პერიოდი და გლობალურად ჩვენთვის მისაღები.“ შეერთებული შტატების ხელში ადამიანის უფლებების დაცვის მოტივი, მხოლოდ იდეოლოგიურ ნიღაბს, რომ წარმოადგენს ამაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე უმსხვილესი ნიუ-იორკული გეოპოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი ერიკ დრაიცერი: „ აშშ და მათი მოკავშირეები, გადავიდნენ სტანდარტულ დემაგოგიაზე „ადამიანის უფლებების“ „სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების“ და „დემოკრატიის“ შესახებ.“ რთულია ერიკ დრაიცერს არ დავეთანხმოთ, ვინაიდან არც ერთ ქვეყანაში, სადაც კი ცხვირი შეჰყვეს, არა თუ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის კონტურები გამოჩნდა, არამედ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით დაეყრდნენ ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე პოლიტიკურ ფიგურებს. ეს პოლიტიკა საქართველოში ნათლად აისახა, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ცხრა წლიანი მართველობის დროს. შეუძლებელია სპეციალისტმა და პოლიტიკური სისტემების ფუნქციონირებაში გარკვეულმა ადამიანმა, სააკაშვილის მიერ შექმნილ სისტემას, დემოკრატიასთან რამენაირად მიახლოებულიც კი უწოდოს. აღსანიშნავია, რომ ამერიკელები, პირველ რიგში ეყდრნობიან არა პოლიტიკურ ძალებს არამედ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არასამათვარობო ორგანიზაციების სახით, რომლებსაც პოლიტოლოგიურ წრეებში, ზოგჯერ „გავლენის აგენტურით“, ხოლო ზოგჯერ „მეხუთე კოლონით“ მოიხსენიებენ. ამერიკელების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე დაკვირვებით, ჯერ მათი გამოზრდა ხდება, არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღში, ხოლო შემდგომ ახდენენ მათ გადანაცვლებას პოლიტიკურ ელიტაში. ეს პროცესიც ძალიან კარგად ჩანს საქართველოს მაგალითზე. დაუკვირდით, დღეს საკვანძო თანამდებობებზე მყოფი პოლიტიკოსების უმრავლესობა „ნჯო“- დან გახლავთ გადმოსული პოლიტიკაში. იმავე მიდგომას ჰქონდა ადგილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის დროსაც. პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, არასამთავრობო სექტორის შევსება ხდება, ისევ ახალი „ლიბერალური ვირუსების“ მეშვეობით. ამერიკელების მიერ შექმნილი, ეს სისტემური წრე სავარაუდოდ, მანამ გაგრძელდება ვიდრე, შეერთებული შტატები არ ამოწურავს თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, მათი ინტერესების სფეროში მოხვედრილ სახელმწიფოებში. როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მას პირდაპირ, ყოველგავრი მორიდების გარეშე, შეიძლება უწოდო თანამედროვე ტიპის „მეხუთე კოლონა“. ახალ „მეხუთე კოლონას“, ძველისგან მხოლოდ ის განასხავავებს, რომ მის წევრებს არც აქვთ გაცნობიერებული, რომ ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ისინი მათ მიერ გადადგმულ პროპაგანდისტულ ნაბიჯებს, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარედ განიხილავენ.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოში, ეტაპობრივად მრავლდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, ისინი ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროზე და განსაკუთრებით პოლიტიკურზე. მათი წარმომადგენელების მიერ, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, მათ მიზანს წარმოადგენს, საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია და ამ უკანასკნელების გარდაქმნა, ლიბერალურ-კაპიტალისტური საზოგადოებრივ სისტემებში, მოქმედებს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვით, დამფინანსებელი გასნაზღვრავს დაფინანსებულის მოქმედებას და მის ქმდებებში თავისუფლების ხარისხს. „ვინც იხდის, ის უკვეთავს“. თან უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ დაფინასების წყაროების მოძიება, სხვადასხვა გრანტის სახით, ხდება ერთი და იგივე სქემით ყველა ქვეყნისთვის. კერძოდ, „მეხუთე კოლონის“დაფინანსების წყაროდ მიიჩნევა სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით ახდენს აშშ-ს ინტერესების სფეროში მოხვედრილი სახელმწიფოებში მოქმედი არასამათავრობოების დაფინანსებას. პირველ რიგში, დეპარტამენტიდან თანხის გადარიცხვა ხდება (USAID)-ის- აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო ამის შემდეგ, USAID-ი აფინანსებს დემოკრატიის ნაციონალურ ფონდს (NED), ხოლო ამ უკანასკნელიდან კი, ფინანსური უზრუველყოფა ხდება, ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არიან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და დემოკრატიის ნაციონალური ინსტიტუტი (NDI). IRI-ის და NDI-ის აქტიურობის ხარისხი პატარა ქვეყნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ვაშინგტონში ხელისუფლების სათავეში. მაგალითად, თუ რესპუბლიკელები არიან ხელისუფლებაში, აქტიურობით გამოირჩვა IRI-ი, ხოლო დემოკრატების ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი შესაბამისად NDI-ი. აგრეთვე USAID-ი და NED-ი სრული თავისუფლებიც არიან, ყოველგვარი შუამავლების გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

თუ რაში სჭირდებათ ამერიკელებს, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასება და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა განვითარებად ქვეყნებში, კარგად აქვს ახსნილი და გადმოცემული, ჩვენს მიერ ზემოთ უკვე ნახსენებ ერიკ დრაიცერს, – „მათ დაფინასებაში ახალი არაფერია, იმიტომ რომ, აშშ- სამოქალაქო საზოგადოებას და NGO-ს იყენებს მთელს მსოფლიოში, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს საკუთარი მიზნების მიღწევისათვის, რათა მათი მეშვეობით განახორციელოს ხელისუფლების ცვლილება ან აიძულოს არსებული ხელისუფლება შეასრულოს მათი დავალება.“ ასე, რომ შეერთებული შტატების ხელში ადამიანის უფლებების დაცვის მოტივი, მხოლოდ იდეოლოგიურ ნიღაბს რომ წარმოადგენს ამერიკელებიც „აღიარებენ“ ენ-ჯე-ოები აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად ერთ–ერთ შუამავალს წარმოადგენენ. ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უხვად (ათობით მილიონი) დაფინანსება, ორგანიზაციის შიგნით თანამდებობებზე დანიშვნების კონტროლი, რომლის განხორციელებაც გრანტის მიმცემს შეუძლია, ამა თუ იმ პროექტის მხარდაჭერა – ეს ყველაფერი შესაძლოა წარმოადგენდეს გარე მმართველობის მექანიზმს.
ქართული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათი პირადი კეთილდღეობა და კარიერული პერსპექტივები ნაკლებად უკავშირდება მათი ქვეყნის მომავალს და მეტად – საერთაშორისო დონორებთან მათ ურთიერთობებს.

თუ 10–15 წლის წინათ არსებობდა ილუზია, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ენ-ჯე-ო-ებში აღზრდილი ახალი ელიტა ხელისუფლებაში მოსვლისას გაატარებს რეფორმებს და საქართველოს ააყვავებს, დღეს ეს ილუზია თითქმის მთლიანად გაიფანტა. საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ქართულ „მესამე სექტორს“, მიუხედავად მთელი მისი პოლიტიკური გავლენისა, ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრის უნარი არ შესწევს. სამაგიეროდ, ფლობენ ჯადოსნურ ჯოხს, რომლის საშუალებითაც პატრიოტებს, განათლებულებს, სამშობლოზე და თავის ერზე შეყვარებულებს, პროფესიონალებს ასპარეზიდან უკვალოდ აქრობენ!

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
1-12-2017, 21:27


"ნაცმოძრაობის" მიერ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ბოროტად გამოყენებით საქართველო ტერორიზმის სამიზნედაა ქცეული
გვესაუბრება კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორი შოთა აფხაიძე, რომელიც უცხოეთიდან თავად დაგვიკავშირდა.


– ბატონო შოთა, თქვენ ბრძანეთ, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში შექმნილი. კონკრეტული ფაქტები დაგვისახელეთ.

– საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოება დამოკიდებულია საგარეო და საშინაო ფაქტორებზე მოქალაქეობის მინიჭების – ნატურალიზაციის – კონტექსტზე. დღეს საქართველოს მოქალაქეობას ატარებენ პირები, რომელთა ვინაობა მათთვის მოქალაქეობის მინიჭების დროს პროცესუალური ნორმების დარღვევით მოხდა. უმეტეს შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციის და კანონის მოქალაქეობის შესახებ დარღვევის გზით. ეს პროცესი იმართებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალის სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

მიხეილ სააკაშვილმა 2005-2013 წლებში მოქალაქეობა მიანიჭა 53 ათასზე მეტ ადამიანს. 2012-2013 წლებში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით, 1316 უცხოელმა მიმართა, საიდანაც 75 განცხადება დაკმაყოფილდა. თავშესაფრის მაძიებელი უცხოელების ძირითად რაოდენობას აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.

სულ 2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 53 067 ფაქტი დაფიქსირდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს მიანიჭა. მათი რაოდენობა სულ 9626 ადამიანს შეადგენს.
2005-2013 წლებში ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის 40 100 მოქალაქეზე გაიცა, საიდანაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა 8791 პირზეა გაცემული, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა 31,309 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.

მნიშვნელოვანია, ციფრის დაზუსტებისას მხედველობაში მივიღოთ ერთი ფაქტორი, რასაც ხელისუფლება და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მალავენ - 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის 11 ათასზე მეტ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და ესენი, ძირითადად, რუსეთის ფედერაცის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლები არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის 1088 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებული წესით მიანიჭა. აღნიშნული ბრძანებულება 2013 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით საკუთარი ინიციატივით ანიჭებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ სწორედ ამ გზით მიანიჭა მან მოქალაქეობა თურქეთის 1088 მოქალაქეს.

ზემოთხსენებული სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭება 2013 წელს სააკაშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ცნობილმა თურქმა პოლიტიკოსმა და მეცენატმა ფეთჰულა გიულენმა სთხოვა, რომელსაც მეტად საეჭვო რეპუტაცია აქვს. მან, ფაქტობრივად „ნიურჯლარის – „რუხი მგლების“ წევრებისთვის თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობა მოსთხოვა სააკაშვილს, რათა საქართველოში გადაადგილების ან სხვა სახის პრობლემები არ შექმნოდათ. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიანიჭა თავისი პრეზიდენტობის ვადაში, ფეთჰულაჰმა მას დამატებით 200-კაციანი სია გადასცა. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი გიულენმა სააკაშვილს მილიონობით დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა. ექსტრემისტი თურქები, რომლებსაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, დღემდე ბათუმში მოღვაწეობენ და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გიულენის მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შემოსული თანხებით უზრუნველყოფს.

მიხეილ სააკაშვილმა თურქული ნაღმი ტერორისტული ორგანიზაცია „რუხი მგლების“ სახით საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩადო. დღეისათვის სააკაშვილს 3200 ისლამისტი რადიკალი თურქი მებრძოლი ჰყავს საქართველოს მოქალაქის პასპორტით, რომლებმაც პროფესიულ დონეზე იციან, როგორ ჩააგდონ საქართველო საფრთხეში.

– ნაციონალები და მათი მომხრეები აცხადებენ – სააკაშვილმა აჭარა გაათავისუფლაო. საინტერესოა, ამ ინფორმაციის შემდეგ რას იტყვიან?


– მნიშნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის. ფაქტი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თურქეთს სრული ჰეგემონია მისცა აჭარაზე და ბათუმისა და თბილისის აეროპორტები თურქულ კომპანიას ჩააბარა. სწორედ ამ აეროპორტების დახმარებით მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დაჯგუფება „რუხ მგლებს“ იარაღით ამარაგებდა.

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარად შეინიშნება თურქეთის გამძაფრებული მადა, რომელიც აჭარას ჩაყლაპვას უპირებს. თურქებს აჭარაში გიულენისგან კარგად გაწვრთნილი და სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობამინიჭებული ტერორისტები ჰყავს, ხელთ უპყრიათ ყარსის შეთანხმება, ხოლო თურქეთის ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტში – „თურქთა აღთქმაში“, რომელიც დღემდე მოქმედებს, ბათუმი თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.

ხშირ შემთხვევაში, თურქი ისლამისტები ბიზნესით და მსხვილი ინვესტიციებით ნიღბავენ თავიანთ საქმიანობასა და ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, მაგალითად, თურქული კომპანია Metro atlas Georgia, რომელიც უმსხვილესი Metro Holdingis-ის შვილობილია და სათაო ოფისიც სტამბულში მდებარეობს, ახორციელებს უმსხვილეს სამშენებლო პროექტს ბათუმის აეროპორტიდან 2 კილომეტრის დაშორებით. ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ სამშენებლო პროექტია, ხოლო თუ კარგად გავაანალიზებთ ამ პროექტის რეალურ მიზანს, იმთავითვე დავინახავთ უდიდეს საფრთხეს საქართველოსთვის შენელებული მოქმედების ნაღმის სახით.

– რა საფრთხეა ეს?


– საფრთხე გამოიხატება შემდეგში: ეს დასახლება, სავარაუდოდ, უნდა იქცეს რადიკალი ისლამისტების პლაცდარმად საქართველოში, სადაც ისინი ჩამოვლენ თურქეთიდან, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის არაბული სახელწიფოებიდან და აქ დასახლდებიან მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით.

– როგორც ამბობენ, ტერორისტული დაჯგუფებები და აგრესიის კერები არა მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე, საქართველოს სხვა კუთხეებშიც არსებობს...


– დიდი ხანი არ არის, რაც სირიის არაბთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა გენერალმა ვალიდ აბაზამ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ („ელის“) სამხედრო ბაზები არსებობს.
მან თქვა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ საბრძოლო მომზადებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საწრთვნელ ბანაკში გადიან, რომელიც საქართველოში, პანკისის ხეობაში მდებარეობს.

აბაზამ ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიის სამთავრობო ძალებზე „ბოევიკთა“ თავდასხმის დროს „ელის“-ის ერთ-ერთი მეთაური, აზერბაიჯანელი დაქირავებული როვშან ბადალოვი დაიღუპა. გენერლის თქმით, ბადალოვმა საბრძოლო წრთვნების კურსი სწორედ პანკისის ხეობაში გაიარა, ასევე რამდენიმე ათეულ ჩრდილო კავკასიელ მებრძოლს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ან განადგურებული იქნენ სირიის სამთავრობო ჯარების მიერ, აღმოაჩნდათ ქართული პასპორტები. როგორც სირიის ძალოვანი სტრუქტურები იუწყებიან, მსგავსი პასპორტით დაახლოებით 400-მდე ჩრდილო კავკასიელი ბოევიკი იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში ახრარ-ალ-შამში, ალ-ნუსრაში, სირიის თავისუფალი არმიაში და სხვა დაჯგუფებებში. ეს 400–მდე ბოევიკი სწორედ რუსეთის ფედერაციის, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდანაა, რომელთაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკური მიზნების გამო, უაპელაციოდ, განხილვის გარეშე, მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

_ ამ კუთხით სახელმწიფოს მიდგომა, რამდენადაც ვიცი, უფრო სერიოზული გახდა.

– 2015 წელს ამ საკითხზე სახელწიფოს მიდგომა გაუმჯობესდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე 1286 პირი აიყვანეს, ხოლო 1014-ს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალა. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი მოწმობს, თუ რამდენად მაღალია ისლამისტი რადიკალების მხრიდან მომდინარე საფრთხე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა შეადგინონ პოტენციური საფრთხის მატარებელი სუბიექტების, ანუ ტერორისტების სია, რაც, გარკვეულწილად, საქართველოდან სირიაში მებრძოლების გადინების შეჩერებას და შემოსვლას შეაჩერებს.
2016 წელს მებრძოლების გადინება, ფაქტობრივად, აღარ ხდება იმის გამო, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოცხადა, რომ დამატებითი ძალები აღარ სჭირდება. ამიტომაც, ბუნებრივია, ეს პროცესი შეწყდა. პირებს, რომლებიც იბრძოდნენ ისლამური სახელმწიფოს რიგებში უცხო ქვეყნებიდან უკან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება მოუწევთ.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართული სპეცსამსახურები ფინანსური თუ სხვა სახის დაინტერესების გამო აქტიურად თანამშრომლობდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის „კავკასიის ემირატის“ ბოევიკებთან. იგეგმებოდა ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ტერორისტულ-დივერსიული აქტები სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. ასევე საქართველოს ყოფილი ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ისლამისტ რადიკალებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ლაფანყურის მოვლენები კიდევ უფრო ამყარებს ამ ფაქტებს. გამომდინარე ამ გარემოემებიდან, ის სპეცსამსახურის მუშაკი, რომელიც თვითონ იყო კრიმინალური საქმიანობის თანამონაწილე, ნაკლებსავარაუდოა, რომ დღეს კეთილსინდისიერად დაიწყებს ბრძოლას იმ ტერორისტების წინააღმდეგ, ვისი მოკავშირეც თვითონ იყო.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
1-12-2017, 18:00


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილმა საჩივრებმა იკლო. ინფორმაციას საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ბექა ძამაშვილზე დაყრდნობით, 1tv ავრცელებს.
„ბოლო წლებში შეიმჩნევა, საქართველოდან წარდგენილი საჩივრების კლების მკვეთრი ტენდენცია. მაგალითისთვის თუ 2010, 2011 და 2012 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 400-მდე საჩივარი შედიოდა, 2015 წელს შევიდა მხოლოდ 80 და 2016 წელს 74 საჩივარი. რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული საჩივრების რაოდენობა“, - აცხადებს ბექა ძამაშვილი.
საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან და ევროკონვენციასთან მიერთებიდან 2016 წლის ჩათვლით ევროსასამართლოში 68 საქმიდან 52 წააგო.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიენებიდან დღემდე დარღვეული უფლებების კომპენსაციისთვის დაახლოებით 2 მილიონამდე ევროს გადახდა დაეკისრა.

მეტის ნახვა
29-11-2017, 20:59


თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება - ესაა დანაზოგების ხელშეწყობა და წარმოების მხარდაჭერა.„ჩვენ გვჯერა, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფორუმის მონაწილეებს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მათ შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საპენსიო რეფორმაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემის ამოქმედებაზე, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე და სხვ.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც საკითხს ბოლომდე შეისწავლის და დაადგენს, რომ ის არის განხორციელებადი, მომგებიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა განათლების სექტორზე, სადაც, მისი შეფასებით, ფუნდამენტური რეფორმები მიმდინარეობს. აგრეთვე სივრცითი მოწყობის რეფორმაზე, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტირებას ითვალისწინებს. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება აბრეშუმის გზის განვითარების ნაწილია. მან ყურადღება გაამახვილა როგორც აღმოსავლეთ - დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთ - სამხრეთის დერეფნების განვითარებაზე, პორტების ინფრასტრუქტის მოწყობაზე, რკინიგზის რეაბილიტაციაზე და სხვ.

მეტის ნახვა
29-11-2017, 20:40


 მინისტრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი ამბობს, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებაა საჭირო.
სასტუმრო ლეოგრანდში, ხანძრის შედეგად 5 გარდაცვლილი დღეს დაკრძალეს. ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრში სამოქალაქო პანაშვიდს მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. მინისტრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი ამბობს, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებაა საჭირო.

პანაშვიდზე  სასტუმროს მფლობელი ეროლ ავგორენი მივიდა. მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. როგორც ეროლ ავგორენი მედიასთან აცხადებს, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა იმის ნაცვლათ, რომ გასასვლელისკენ ან კიბესკენ გამართულიყო, საკუთარი ნივთების ასაღებად გასახდელ ოთახს მიაშურეს.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.


მეტის ნახვა
28-11-2017, 17:15


"ბატონი კვირიკაშვილი არის ლიდერი რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით ამ რეგიონში" – ამის შესახებ ჟურნალისტებს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალან პიუმ განუცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება.

„როგორც იცით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. აღნიშნული ურთიერთობების წარმატება ისახება 3 მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციაში, ასევე 200 პროექტში, რომელიც განხორციელდა საქართველოში. წელს ვაპირებთ, რომ ინვესტიციის სახით ჩავდოთ 3 მილიონი ევრო და ველოდებით, რომ მომავალ წელს ინვესტიციების ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ეკონომიკის ყველა სფეროში. რა არის მნიშვნელოვანი საქართველოში, ის რომ საზოგადოება და პრემიერ-მინისტრი ბატონი კვირიკაშვილი არის ლიდერი რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით ამ რეგიონში.
ის წარმატება, რომელიც საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა, არის მისი განვითარების ნათელი მაგალითი. ამას ამყარებს პრემიერის 4-პუნქტიანი გეგმაც.
პირველ რიგში, საქართველოს უნდა, განხორციელდეს ბევრი ბიზნესი ახლაც და მომავალშიც. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რადგან იცით, რომ საქართველოს აქვს წყალი. ჩვენ ჩართული ვართ სხვადასხვა ტრანზაქციებში, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ხელისუფლებასთან. ჩვენ გავაგრძელებთ, საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც“, – განაცხადა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალან პიუმ.

მეტის ნახვა
28-11-2017, 17:00


თბილისის მერი კახა კალაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და შეჯიბრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება, დღეს დიღომში მდებარე სპორტკომპლექს „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

დედაქალაქის მერმა სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობასა და მის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, თითოეული მსგავსი ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს მასში ჩართული. თბილისის მერიის მხრიდან ამ მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება, რადგან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2018 წლის მასპინძელი ჩვენი დედაქალაქია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „ვითიბი ბანკს“ თანადგომისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია. ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს ღონისძიებაში 1700 სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. ოლიმპიადა სპორტის ცხრა სახეობას აერთიანებს. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.

გასულ წელს, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპინძლა, ხოლო 2017-2018 წელს აღნიშნული საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რომლის აღსანიშნავადაც, სიმბოლურად, ოლიმპიადის დროშა თბილისის
მერს გადაეცა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.

მეტის ნახვა
28-11-2017, 16:56