სარეკლამო ადგილი

947x125



გელა მუხაშავრია 80 წლის გახდა. ეჩოთირება ეს 80 წელიწადი და ამბობს: ვაააა, რამდენი მიცხოვრია, მერე იწყებს ამბების მოყოლას და ყველაფერი ერთნაირად საინტერესოა, ბავშვობიდან დაწყებული დღემდე, თბილისიდან -გურიამდე და დედულეთიდან -მამულეთამდე, სოფლიდან ქალაქამდე, სტუდენტობიდან-ექიმობამდე და ოჯახიდან მეგობრობამდე!!!

გელა მუხაშავრიამ დაიპყრო ექიმისათვის საოცნებო ყველა სიმაღლე, აღზარდა ექიმები, შექმნა და დღემდე ხელმძღვანელობს საქართველოს პროქტოლოგიურ ცენტრს, აქვს ორი საავტორო ოპერაციული მეთოდი, რომლის შესახებაც სტატიები გამოქვეყნდა ამერიკულ სამედიცინო ჟურნალში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ასობით მადლიერი და ტკივილებდამცხრალი პაციენტია. თუმცა ახლახან საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს და ეს მართლაც გამორჩეული და საამაყოა მისთვის. სანამ ეს ჯილდო გადაეცემოდა, ჯანო ბაგრატიონმა დაწერა- ჩემო გელა, ამ წოდებით შენ დოკუმენტურად გაღიარებენ, თორემ ჩემი თაობისთვის-ვინც შენი განვლილი გზა იცის და კარგად გიცნობს, იმათთვის ნაღდად საპატიო თბილისელი კარგა ხანია ხარო. გიზო ნიშნიანიძემ კი მისი „პაემანი ვერაზე“ რომ უსახსოვრა, ზედ წაუწერა: არც კი მახსოვს, როდის შეგხვდი და, მით უმეტეს, როდის დაგშორდი, მახსოვხარ თუ არ მახსოვხარ, ჩემთან ხარ და ჩემთან მეგულები, ძმა ხარ არა დედით, არა მამით, დედაქალაქით, თბილოსელობი თ. ბედთან ერთად იმასაც ტრ..ი უნდა, შენისთანა პატრონი გყავდეს, რომ მიქელ-გაბრიელს აქ არაფერი შეეშალოს და რამე ცოდვა არ ჩაადენინოს!“-ო.

ახლა გელას შეუძლია ბევრი ღირსეული ადამიანი გაიხსენოს, ამაყობს მისი თაობით და ხვდები, იგი მისი თბილისის მემატიანეა. დედაქალაქი მისთვის ყოველთვის ავლაბარში იწყებოდა და ასეა ახლაც, ისევ ბავშვობისდროინდელ, მშობლების სახლში ცხოვრობს და არც უფიქრია სხვაგან, უკეთეს უბანში თუ სახლში ცხოვრებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს კედლები წინაპრების ხსოვნას ინახავენ, კედლის ბზარებიც ნაოჭებიაო. სიმოვნებით იგონებს იმ დროს, სახლი სავსე რომ იყო სტუმრებით, გურიიდან თუ იმერეთიდან(დედულეთიდან) ჩამოსული სტუდენტებით თუ სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანებით. მათთვის ამ სახლში სულ იყო ადგილი და ერთი კუთხე სავსე იყო „ლეჟანკებით“, თბილისი ყველას მასპინძელი და შემფარებელი იყო და ამ ტრადიციას ყველა ერთგულებით ეკიდებოდაო. ნატრობს იმ თბილისსაც, რუსთაველზე ადამიანები ერთმანეთს ღიმილით რომ ესალმებოდნენ და ცნობილი ადამიანების, მსახიობების, პოეტების, მხატვრების სანახავად დადიოდნენ! ქუჩას მაშინ სხვა დატვირთვა და ხიბლი ჰქონდაო!

გელასთან შემთხვევით შეხვედრილი ადამიანებიც კი მის მეგობრობას იჩემებენ და ეს არც არის გასაკვირი — მასთან ნებისმიერი ურთიერთობა უშუალო, ძალდაუტანებელი დამოკიდებულებაა. პირველივე შეხვედრისთანავე გრჩება შთაბეჭდილება, რომ შენ მას დიდი ხანია იცნობ და უფრო მეტიც, ყოველთვის გიტოვებს ახალი შეხვედრის საბაბს, რადგან მას ჩვენ, ყველა -„არასიაფანდები“, მაგრად „ვევასებით“. თავს ფრაზითაც დაგამახსოვრებს _ ხან ჟარგონს იშველიებს და ხანაც სიტყვებს ეთამაშება. მაგალითად, თუ არის სიტყვა ქვეყანა, ზეცაში ცხოვრებას ზეყანა უნდა ერქვასო. წერა და სიტყვებთან თამაში ახალგაზრდობაშიც ჰყვარებია, მაგრამ ახლა, როცა მოსაგონარი ბევრი აქვს, პოულობს დროს, რომ დაჯდეს და დაწეროს, ზოგი აფორიზმად, ზოგი ლექსად, ზოგიც უბრალოდ, გახსენებად. არ წყდება ყოველდღიურობას და ქვეყნის მაჯისცემასაც ადამიანის გულისცემასავით ზომავს, თანმიმდევრობით უყურებს საიფორმაციო გამოშვებებს და გულისტკივილამდე წუხს ყველა ნეგატიურ ამბავზე, რაც მის ქვეყნას და მომავალს უკავშირდება.
ერთხელ, სუფრაზე გელა წამომდგარა და გამოუცხადებია- ტყის სადღეგრძელო უნდა დავლიოო. თანამეინახეებს უფიქრიათ, როგორც მეტყევე-ენტომოლოგის შვილი, ალბათ ტყის გადარჩენისას ამბობსო. თუმცა ვერ მიუხვდნენ… — გაუმარჯოს ტყეს, სადაც მგელი მგელია, ირემი-ირემი, დათვიც დათვობს და ტურაც ტურაა. იცი, რომელი რაზეა წამსვლელი, მგელი ჩაგისაფრდება, დათვი დაგტორავს, ტურა მოგეპარება, იცი ეს და შენც შესაბამისად მოერიდები. ადამიანებს კი სმოკინგები აცვიათ, მჭერმევტყველებენ და ზოგში მგელია, ზოგში _ ტურა, ზოგში _ ვინ და ზოგში _ რა, მიდი და გამოიცანი… ტყე ნაღდია, გაუმარჯოს ტყეს, სადაც არავინ თამაშობს, ყველა ნაღდია, ისაა, რაც არისო! დღემდე ასე ამბობს გელა და ამიტომაა, ნიღაბი მხოლოდ საოპერაციოში რომ უკეთია, თორემ ცხოვრებაში ნიღბიანებს ვერ ეგუება და ამბობს: იყავი ის, რაც ხარ!

კოლორიტული, ერთგული, გამორჩეული, პროფესიონალი, ექიმზე მეტი, ადამიანთა ურთიერთობის მონოპოლისტი, იმედიანი, ქველმოქმედი, ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი, ღვაწლმოსილი, არასტანდარტული, შემკული, ყველასთვის საკუთარი, კაცი ჩემი სასალმეთიდან, ჩემი ქალაქის ბრენდი, მთავარი ღირებულებების მასწავლებელი, ყველაზე მდიდარი ღარიბი — ასე შეაფასეს იგი იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც უცხოვრია და ვისთან ერთადაც ბერდება!
მესზე ბევრი დაწერილა, თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ქართული გამოცემა, სადაც მასთან ინტერვიუ არ გამოქვეყნებულა. იგი ხალისიანი მოსაუბრეა, გულწრფელობითა და არტისტულობით გამორჩეული. კარგი მოსმენაც იცის, გულიანი და ყურადღებიანი, თუკი შეგატყოთ, რამე გიჭირთ, აუცილებლად გკითხავთ- მე რა შემიძლია, და თავი არ ეზოგება!

დღეს ჩვენ რა შეგვიძლია მისთვის?

_ მადლიერება და სიყვარული გვინდა გამოვხატოთ, რომ განგებამ მასთან შეგვახვედრა, სიკეთის, სიყვარულის და უანგარობის მაგალითები ხელისგულზე დაგვიდო და გვათქმევინა _ გილოცავთ და გვინდა, როგორც გურიაში იტყვიან-მშვიდობა იყოს, ვიყოთ ერთ ხანს და ვუყუროთ ერთმანეთს. აწი, ამ სიყვარულს არაფერი შეცვლის!

ნინო კვაჭანტირაძე
აკაკი სიხარულიძე

მეტის ნახვა
6-12-2017, 16:25


გვესაუბრება ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:

– ბატონო ვახტანგ, ლარი კვლავ `ცურვას~ განაგრძობს, საზოგადოება ხან პრემიერისკენ იშვერს ხელს, ხან ეკონომიკის მინისტრისკენ, ხანაც `ეროვნული ბანკისკენ~. რა ხდება, რეალურად ვინ მართავს ამ პროცესებს?

– აბსოლუტურად გეთანხმებით, ამ პრობლემას ვერა და ვერ მოევლო. ყველაფერს ფუნდამენტალური ანალიზი სჭირდება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, უცხოური მოდელების გადმოღების სენი დაგვემართა. ანუ, ვიღებთ რაღაც უცხოურ მოდელს და ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ. ასეთი პრაქტიკა არასდროს ამართლებს იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში არსებული ეკონომიკის მდგომარეობა, პერსპექტივები და ა.შ. ჩვენი მოდელისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე ვართ ჩამოკიდებული, რაც ხან ეფექტიანია, ხან — არა! რეალურად, ექსპერიმენტების სიტუაციაში ვიმყოფებით. ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს: ჩვენ ეკონომიკის განვითარების საკუთარი მოდელი გვჭირდება და არა სავალუტო ფონდისგან ნაკარნახევი იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური სისტემა, გეო-ეკონომიკური მდგომარეობა, აბსოლუტურად, განსხვავდება უცხოური და მით უმეტეს, განვითარებული ქვეყნების მოდელისგან. მაგალითად, თავის დროზე ე.წ. ბენდუქიძის რეფორმებიდან გამომდინარე ეკონომიკური სისტემის სრული ლიბერალიზაცია გამოცხადდა, ამ პერიოდში, სავალუტო კურსთან მიმართებაში, ისეთი მოდელი დავნერგეთ, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს, ვგულისხმობ, ლონდონის ასევე, აშშ-ს, ევროპის ბანკთაშორის საფინანსო ბაზრებს. რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს იგივეა ლამბორჯინის ძრავი საბჭოთა ძველ მანქანას ჩავუყენო თ. აღნიშნული ძრავა ამ მანქანას საერთოდ დაანგრევს, გააცამტვერებს იმიტომ, რომ სულ სხვა მოდელისთვის არის ეფექტური. რეალურად, ჩვენი სავალუტო ბაზრის სისტემა სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც სხვა მოდელებზე დაყრდნობით სავალუტო ფონდი გვკარნახობს. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს: ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირე სავალუტო ბაზარია, რადგან მცირე და პატარა ეკონომიკა გვაქვს. მეორე — მონაწილეების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია მით უმეტეს, რომ სავალუტო ბაზარზე ოპერირებს მხოლოდ ორი-სამი ბანკი, რომელთაც სავალუტო ბაზრის ტრანზაქციების, დაახლოებით, 30% უკავიათ. ეს ბანკების მონოპოლიურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. `ეროვნული ბანკი~, ამ შემთხვევაში, ინტერვენციების თვალსაზრისით, ნაკლებეფექტიანია იმიტომ, რომ ბლუმბერგის სისტემაში იგი სრულ სურათს ვერ ხედავს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს. დახურული სისტემა გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს ბადებს. ასეთი სისტემა 2006 წლიდან მოყოლებული გვაქვს. მანამდე რაც არსებობდა, სავალუტო ბირჟის სახით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სწორედ ის იყო განკუთვნილი.

– ბატონო ვახტანგ, მაინც ვის ეკისრება ყოველივეზე პასუხისმგებლობა?


– რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამბობენ, რომ სავალუტო კურსზე უნდა აგოს პასუხი – მთავრობამ, ეკონომიკურმა გუნდმა, `ეროვნულმა ბანკმა~ და ა.შ. როდესაც პასუხისმგებელი ყველაა, მაშინ რეალურად, პასუხისმგებელი არავინაა. ანუ, უნდა არსებობდეს კონკრეტული ორგანო, რომელიც სავალუტო კურსზე პასუხისმგებელი იქნება. თავის დროზე, როდესაც პარლამენტში `ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონი დამტკიცდა, მისი ძირითადი ფუნქციები, მოვალეობები, პასუხისმგებლობა მკაფიოდ იყო განსაზღვრული. `ეროვნული ბანკი~ პასუხისმგებელი იყო მონეტარულ, საპროცენტო, სავალუტო პოლიტიკაზე ასევე, ფასების თაგეთირებასა და კონტროლზე. მოგვიანებით ეს ყველაფერი შეიცვალა, ბანკს მთელი რიგი პასუხისმგებლობები მოეხსნა და დარჩა მხოლოდ ფასების მონიტორინგის კონტროლი, რაც არასწორია. იმ პერიოდში `ეროვნულმა ბანკმა~ ზედმეტი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა მოიშორა და საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან კანონში პირდაპირ მხოლოდ ფასების კონტროლი დატოვა. ეს არასწორია იმიტომ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური პარამეტრების ცვლილება მონეტარულ თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ფასებზე ანუ, ინფლაციის პროცესებზე. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, რეალურად, გავლენას გარკვეული პერიოდის მერე ახდენს. შეიძლება ეს პერიოდი სამი თვიდან ერთ წლამდე განისაზღვროს. ანუ, შედეგის ასახვა ფასებსა და ინფლაციაზე ამ პერიოდის მერე ხდება. ჩვენ კი ვეძებთ მიზეზს რამ იმოქმედა ამ მომენტში. არა, ეს ადრინდელ პარამეტრების ცვლილებებში უნდა ვეძებოთ, რამაც დღეს, ინფლაციურ პროცესებზე გავლენა იქონია.

– ბატონო ვახტანგ, რა არის, ბოლო პერიოდში, ლარის მუდმივი ავადმყოფობის მიზეზი?

– კითხვა ლოგიკურია — რატომ არის ამ ხნის მანძილზე ლარი სულ ავადმყოფურ მდგომარეობაში. მავანი ამბობს: მოდით, ვალუტა შევცვალოთო. ამ ხალხს ავანტიურისტებს ვეძახი. ფრაგმენტული რეფორმები არ გვშველის. მთავარი რამაც შეიძლება არსებული სიტუაცია გამოასწოროს და ასევე, უმუშევრობის, ექსპორტის განვითარების ზრდის პრობლემა გადაჭრას, ესაა წინაპირობების შექმნა, რათა საინვესტიციო ნაკადები ეკონომიკის რეალურ სექტორში წამოვიდეს. ეკონომიკის რეალური ზრდა მაშინ მოხდება, როდესაც საინვესტიციო ნაკადები მიმართული იქნება ჩვენს საწარმოო სიმძლავრეების განვითარებაში და დამოკიდებული აღარ ვიქნებით ფულად გზავნილებზე, ტურიზმიდან შემოსავლებზე. კანონმდებლობა რომელიც ინვესტიციების მოზიდვას ეხება, კარდინალურად უნდა შეიცვალოს. უცხოური ინვესტორისთვის ეკონომიკის სექტორი მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ეს მიმართულება დღეს, მკვდარია. მით უმეტეს, რომ ეს სეგმენტი `ეროვნული ბანკის~ რეგულირების ქვეშაა, რაც აბსოლუტურად, მიუღებელია და ვერავინ გებულობს ეს ასე რატომ არის. `ეროვნული ბანკი~ სრულიად სხვა მიმართულების ორგანოა და სულ სხვა მიზნები აქვს. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების ორგანო ამ სისტემიდან გამოცალკევებული უნდა იყოს იმიტომ, რომ კომპანიებისთვის საინვესტიციო ნაკადები, საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა საბანკო სესხის ალტერნატივაა. არ შეიძლება მთელი ეკონომიკა საბანკო სესხზე იყოს დამოკიდებული, როგორც ეს ჩვენთან ხდება. სანამ ეს არ მოწესრიგდება, მუდმივად ასეთ გაუგებრობაში ვიქნებით. აქვე, აღსანიშნავია, რომ გვაქვს საბირჟო ჰაბის პოტენციალი, რაც ჩვენს გარდა სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და უცხოელი ინვესტორებისთვის საკმაოდ საინტერესო ქვეყანა გავხდეთ. დღეს, ჩვენთან არ არსებობს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ, რა უნდა გავაკეთოთ. მარტო სავალუტო ფონდის ფრაგმენტულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შორს ვერ წავალთ. თუ ნებას მომცემთ, აქვე, ერთი სიახლის შესახებ მოგახსენებთ: მზადდება პროექტი, რომელიც სავალუტო კურსის დაზღვევის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რაც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის დამხმარე მექანიზმი იქნება. ეს შვება იქნება კურსის რყევებთან დაკავშირებითაც.

– დღეს, საქართველოში არსებული საბანკო სისტემა მთლიანად სავალუტო ფონდზეა მიბმული. ეს რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე?


– დიახ, თავისთავად, ასეა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაფინანსებას სავალუტო ფონდისგან იღებს, ცდილობს მისი ნებისმიერი რეკომენდაცია შეასრულოს. მაგრამ ნებისმიერი სახის რეკომენდაცია გაანალიზებული უნდა იყოს. რეკომენდაციები ზოგად ხასიათს ატარებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა ეცადოს დამატებითი შეთანხმება ან კორექცია მოხდეს. როცა საკითხს ასე მიუდგები და ქვეყნის ინტერესზე იზრუნებ, სავალუტო ფონდიც მოგისმენს და თუ დაამტკიცებ, რომ გარკვეულ ნაწილში შენი ხედვა უფრო ეფექტიანი იქნება, აღნიშნული ორგანიზაცია ამას განიხილავს. ამისთვის საჭიროა ინტენსიური მუშაობა, კვალიფიციური, კომპეტენტური კადრები და ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ და ვეცადოთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება დაიწყოს. რეალურად შევქმნათ წინაპირობები იმისთვის, რომ ჩვენთან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო იყოს.

– რადგან სავალუტო ფონდი ვახსენეთ საინტერესოა ლათინო-ამერიკული ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ამ ორგანიზაციამ გაკოტრების პირას მიიყვანა.

– დიახ. იცით ეს რატომ მოხდა? — მაგალითად, მექსიკა პირველი იყო, რომელიც როგორც კარგი მოსწავლე სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ასრულებდა და რეალურად, მერე, კრიზისის პირობებში აღმოჩნდა. თავად სავალუტო ფონდს დამატებით 42 მილიარდი დოლარის გამოყოფა დასჭირდა, რათა ეს კრიზისი ჩაეხშო. შემდეგი იყო არგენტინა, რომელმაც ზუსტად იგივე შედეგი მიიღო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების პირდაპირ, ბრმად შესრულები თ. მისთვის სავალუტო ფონდს დამატებით 32 მილიარდი დოლარის გამოყოფა დასჭირდა. ბრაზილიაშიც იგივე მოხდა. ამიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია ზოგადი ხასიათისაა და არ შეიძლება პირდაპირ გამოყენება, საჭიროა დეტალური ანალიზი. შესაბამისად, მერე სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული ურთიერთობების შესანარჩუნებლად თუ მთავრობის გუნდი რაღაც ნაწილში რეკომენდაციებს არ ეთანხმება, ეს დასაბუთებული უნდა იყოს, გაიარონ დამატებითი კონსულტაციები. ჩვენთან სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება. ამიტომაც არის რომ პირდაპირ მიღებული რეკომენდაცია, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგით მთავრდება.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-12-2017, 20:19


ვაგრძელებთ საუბრებს ბატონ რამაზთან. იგი ამჯერად გაგვაცნობს რა საკვების მიღება არ შეიძლება ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატებთან:

– ბატონო რამაზ, ზოგადად, რა როლს ასრულებს კვება, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.


– საკვები ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, განსაკუთრებით, ვიტამინებსა და მინერალებს უნდა შეიცავდეს. მცირე რაოდენობით მიიღეთ ცხიმიანი საკვები და შაშხი. სასარგებლოა სიარული ბუნების წიაღში — დღეში 10კმ. ტერფის მიდამოებში განლაგებულია სპეციალური წერტილები და მათზე ზემოქმედება ხელს უწყობს ლიბიდოს ამაღლებას. ამიტომ, სასარგებლოა ფეხშიშველა სიარული. ეფექტს იძლევა არა რბილ ნოხზე, არამედ ზღვის მსხვილქვიშიან ნაპირზე სიარული. სიყვარულს და სექსსაც ასაკი არ გააჩნია. იმპოტენცია არ არის განაჩენი. სექსუალური დღეგრძელობა ასაკზე დამოკიდებული არ არის. მაგალითად, 99 წელს მიღწეულ ამერიკელ მამაკაცთა უმრავლესობამ კითხვას, თუ როდის დაკარგეს სექსისადმი ინტერესი, უპასუხეს, რომ მათ ამ ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

– ბატონო რამაზ, როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნეთ ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას წამლებთან საკვების შეუთავსებლობამ.


– დიახ, ასეა. სამედიცინო სამყაროში დიდი შეშფოთება გამოიწვია მამაკაცის ტრაგიკულმა ისტორიამ, რომელიც ქოლესტერინის დამწევი პოპულარული საშუალების — ლიპრიმარის დოზის გადაჭარბების გამო დაიღუპა. როგორც გაირკვა წამალი დამნაშავე არ იყო. პაციენტი მრავალი წელი ჩვეულებრივ მკურნალობდა ამ წამლით. პრობლემა მას მერე წარმოიშვა, რაც მან დღეში 2–3 ჭიქა ახალგამოწურული გრეიფრუტის დალევა დაიწყო. ამის მერე იგი თირკმლის უმძიმესი უკმარისობით გარდაიცვალა. მისი თირკმლები გამოტენილი იყო კუნთოვანი ქსოვილის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ცილებით. გრეიფრუტის წვენი ჩ ვიტამინის, კალიუმის და უჯრედისის საუკეთესო წყაროა, მაგრამ ერთ ჭიქა წვენს შეუძლია არსებითად შეაფერხოს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწლავური ფერმენტების მოქმედება, რომლებიც ხელს უწყობს მრავალი მედიკამენტის შეთვისებას. განსაკუთრებით საშიშია გრეიფრუტის კომბინირება ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, იმუნოდეპრესანტებთან, ერითრომიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატთან და ვიაგრასთან. გრეიფრუტის წვენთან, განსაკუთრებით ახალგამოოწურულთან დაუშვებელია შემდეგი მედიკამენტების მიღება: ანტიარითმიულის, ანტიბიოტიკების, ანტიკოაგულანტების, ანტიალერგიულის, ანტიეპილეფსიურის, ბეტა-ბლოკატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, ჰორმონული, იმუნოსუპრესორების, ანალგეტიკების, ვირუსსაწინააღმდეგო, ჰელმინტოლოგიური, სოკოს საწინააღმდეგო, ხველების საწინააღმდეგო (დექსტრომეტორფანი) და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების. გრეიფრუტის წვენის მიღება საშიშია ჰიპოტენზურ ან სხვა საგულე პრეპარატებთან ერთად, რადგან ამ დროს მკვეთრად იზრდება ამ ჯგუფის პრეპარატთა რაოდენობა სისხლში, რამაც შეიძლება სასიკვდილო შედეგი გამოიწვიოს. ამერიკელები სავალდებულო წესით ახდენენ გრეიფრუტის წვენთან ყველა ახალი წამლის ტესტირებას. იგი უარყოფით გავლენას ახდენს 200-ზე მეტ პრეპარატზე.
ნაბახუსევზე პარაცეტამოლის მიღება შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს!

ასევე, შეუთავსებელია სამკურნალო პრეპარატები და ალკოჰოლი. მაგალითად, ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას თუ ალკოჰოლს, განსაკუთრებით, წითელ ღვინოს მიიღებთ, თქვენ სერიოზული ჰიპერტონული კრიზის რისკის ქვეშ დგებით. დაუშვებელია ნაბახუსევს თავის ტკივილის დროს ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის — პარაცეტამოლის მიღება. ალკოჰოლისა და პარაცეტამოლის ურთიერთმოქმედებით წარმოქმნილი ნივთიერებები იწვევს ღვიძლის ნეკროზს და უკმარისობას. ამის გამო ბევრი სიცოცხლეს გამოესალმა. აქვე, ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჯორჯ ბუში უფროსის თანაშემწეს შეემთხვა. იგი ალკოჰოლიკი არ იყო, მაგრამ ჩვევად ჰქონდა ყოველდღიურად დაელია 3–4 ჭიქა თეთრი ღვინო. ოთხი დღის განმავლობაში მან გაცივების სამკურნალოდ მიიღო ათი აბი პარაცეტამოლი. ეს დოზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ღვიძლი დაშლოდა. მისი გადარჩენა მოასწრეს და ღვიძლი სასწრაფოდ გადაუნერგეს. განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლის მიღება დიმედროლთან, ძილის მომგვრელ საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, სუპრასტინთან და მის ანალოგებთან ერთად. ალკოჰოლთან ერთად კლოფელინის (წნევის დამწევი საშუალება) მიღებამ, შესაძლოა გონების დაკარგვა გამოიწვიოს, პარალელურად, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, რაც ხშირად ლეტალურად მთავრდება. ალკოჰოლური სასმელები ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებისას კიდევ უფრო აქვეითებს სისხლის შედედებას. შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს — სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ალკოჰოლი ასევე, აბსოლუტურად, შეუთავსებელია ინსულინთან და დიაბეტის საწინააღმდეგო ნებისმიერ პრეპარატთან, რადგან ასეთი შეხამება იწვევს დიაბეტურ კომას. ალკოჰოლის გავლენით ანტიბიოტიკები და ვიტამინები (C, B ჯგუფის, ფოლის მჟავა) არ შეიწოვება და მკურნალობა სრულიად არაეფექტურია. სპირტიან ნაყენზე დამზადებული მრავალი პრეპარატი უკუჩვენებითია მათთვის, ვისაც ღვიძლი აწუხებს. ამ შემთხვევაში ისინი ანალოგიური აბებით უნდა შეიცვალოს.
რა საფრთხე ემუქრებათ თამბაქოს მომხმარებლებს?!

სიგარეტიც მოქმედებს წამალთა შეთვისებაზე, რის გამოც მწეველებს დიდი სიფრთხილე მართებთ. წამლების მოქმედებაზე გავლენას ახდენს თამბაქოს ბოლში შემავალი ტოქსიკური კომპონენტები. პირველ რიგში, მას მიეკუთვნება ბენზპირენი. ადამიანი რომელიც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ჩაისუნთქავს ამ შხამის, დაახლოებით, 1 მილიგრამს. ეს ძალიან ბევრია. ამის გამო მწეველთა ღვიძლი მუდმივ სტრესულ მდგომარეობაშია. ეს იწვევს ზოგიერთი წამლის დაჩქარებულ გადამუშავებას და მათი სამკურნალო მოქმედების შემცირებას. მწეველებს, როგორც წესი, სჭირდებათ წამლების გადიდებული დოზა, რაც თავის მხრივ, მავნე გავლენას ახდენს ღვიძლზე. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მისაღწევად მათ უნდა მიიღონ დიდი დოზით პარაცეტამოლი. ბრონქული ასთმით დაავადებულ მწეველებზე სუსტად მოქმედებს ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, თეოფილინი. განსაკუთრებით დამანგრევლად მოქმედებს თამბაქოს კვამლი მრავალ საგულე საშუალებაზე, მაგალითად ანაპრილინზე და ოქსპრენოლოლზე.

- რძის პროდუქტები ანტიბიოტიკების შეწოვას აფერხებს?

- ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდში მენიუდან, ალკოჰოლთან ერთად, უნდა გამოირიცხოს რძე და რძის პროდუქტები, რადგან მათში შემავალი კალციუმი ბოჭავს ანტიბიოტიკების დიდ ნაწილს და თითქმის მთლიანად აფერხებს მათ შეწოვას. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ უჯრედისის მაღალი შემცველობის პროდუქტები (ბოსტნეული, ხილი) არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ხელს უშლის მათ შეწოვას. აქედან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება. ანტიბიოტიკებით მკურნალობისას, პირველ რიგში, თავი შეიკავეთ ბარდისგან, ბროკოლისგან და კომბოსტოს სხვა სახეობებისგან. ნაკლებად მიირთვით ხორცეული. დროებით უნდა შეიკავოთ თავი მჟავე საჭმელებისგან, ყავისგან, კოლასგან, გაზიანი სასმელებისგან, ძმრიანი კერძებისგან.

– ბატონო რამაზ, იქნებ მკითხველს კონკრეტულად ურჩიოთ ამა თუ იმ პრეპარატის მიღებისას, რა საკვებისგან შეიკავონ თავი?

– მაგალითად, ანტიდეპრესანტებთან შეუთავსებელია ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით წითელი ღვინო, რძის პროდუქტები, პარკოსნები, ყავა, კომბოსტოს მწნილი, ძროხის და ქათმის ღვიძლი, გამოყვანილი თევზი და ხორცი, ლეღვი, ბანანი, ქიშმიში. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი შეიცავს თირამინს, რომელმაც ანტიდეპრესანტებთან ურთიერთმოქმედებით შეიძლება არტერიული წნევის მკვეთრი მომატება გამოიწვიოს. არ იკრძალება ხილისა და ბოსტნეულის წვენი.

შეუთავსებელია C ვიტამინის მაღალი შემცველობის პროდუქტები (ციტრუსები, ბოსტნეული) ნოვოკაინთან, ფოლის მჟავას შემცველი პროდუქტები (პარკოსნები, ღვიძლი, პომიდორი) ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან. გულსისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში უნდა მოერიდოთ მაღალკალორიულ და ცხიმიან საკვებს. უარი თქვით ყავაზე, კაკაოზე, შოკოლადზე, ცხარე და მარილიან საუზმეზე. არ იკრძალება თევზი და ზღვის პროდუქტები, მცენარეული ზეთები. მიიღეთ ბოსტნეული, ახალი ხილი, ჩირი, რძე და რძის პროდუქტები.

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას ერიდეთ ჰისტამინის შემცველ პროდუქტებს, კონსერვებს, ღვინოს, მჟავე კომბოსტოს, ასევე, ციტრუსებს, პომიდორს, ბანანს, ხენდროს, კვერცხს, ბულიონებს, ნიგოზს, შოკოლადს. არ იკრძალება პროდუქტები, რომლებიც იცავს კუჭის ლორწოვან გარსს — სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, პარკოსნები, ყაბაყი, ვაშლი, მსხალი, ატამი.

(გაგრძელება იქნება)

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-12-2017, 20:16


კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ, გაარღვიონ სპეცრაზმის ალყა და ლიდერის გაყვანის შესაძლებლობა არ მისცენ სამართალდამცავებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

მუხლი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადაციას არ გამორიცხავს.

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურისგან ინფორმაცია არ მიუღიათ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა.
რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია”, – აცხადებენ პროკურატურაში.ინფორმაციას1tv.ge ავრცელებს.




მეტის ნახვა
5-12-2017, 12:55


პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე ისნის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების წინასწარ ტერორისტებად გამოცხადებას, არასწორად მიიჩნევს. მისი განცხადებით, სს-ის საქმე არა ტერორიზმის ბრალდებით, არამედ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით უნდა აღძრულიყო.

დავით გაგნიძე:
როგორ ამტკიცებენ, რომ ეს ხალხი ტერორისტები იყვნენ, სად არის მათი ტერორისტული საქმიანობის შედეგი ან მტკიცებულებები? სიმართლე გითხრათ, მე ამ ყველაფერში უცხოური სპეცსამსახურების ხელწერას უფრო ვხედავ, ეჭვს მიძლიერებს "რუსთავი 2"-ის ქმდებაც, რომელიც სულ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკაშია, ახლა კი საოცრად ლოიალურები გახდნენ და სპეცოპერაცია კარგად დაგეგმილ-ჩატარებულად შეაფასეს. სპეცოპერაცია მართლაც კარგად ჩატარდა იმ კუთხით, რომ წინასწარ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და არ იყო ამ მხრიდან მსხვერპლი, მისასალმებელია მთავრობის განცხადებაც, რომ იქ მცხოვრებთ მატერიალურ ზარალს აუნაზღაურებენ. სპეცოპერაციის მსვლელობისას საკმაოდ იყო ხარვეზები, მაგრამ ერთ ძირითადზე გავამახვილებ ყურადღებას, თუ ჩვენი სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახური ამდენი ხანი საქმის კურსში იყვნენ ტერორისტების არსებობის შესახებ, რა პრობლემა იყო მათი პიროვნების დადგენა და საცხოვრებელი კორპუსის გარეთ სათითაოდ აყვანა? აქ ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა, ჯერ დამთავრებულიც არ იყო სპეცოპერაცია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა, ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული აჰმედ ჩატაევიაო. საიდან იცოდა ან საერთოდ, რა შუაში იყო აქ თურქეთის ხელისუფლება, შემთხვევით ეს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ხომ არ გააკეთეს?
თან ნახეთ რა პერიოდს დაემთხვა ისნის ინციდენტი, შს მინისტრი ახალი დანიშნულია, ამიტომ მას პასუხს ვერავინ მოსთხოვს, თუმცა ხსენებული ღონისძიების ჩატარება არც შსს-ს პრეროგატივაა, ასეთი ოპერაციები უსაფრთხოების სამსახურმა უნდა ჩაატაროს. დაღუპული ძალოვანიც ხომ უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო. ხელისუფლებას რომ აკრიტიკებენ, ამდენი იარაღი უპრობლემოდ როგორ გადმოიტანეს საზღვარზეო, რათ უნდოდა შემოტანა, როცა ადგილზე უამრავი იარაღი და საბრძოლო მასალაა. ტერაქტის მომწყობებს ადგილზე ხვდება იარაღიც და სხვა საშუალებებიც, საწამლავი იქნება ეს, ქიმიური იარაღი თუ სხვა. რუსული ჯარი საქართველოდან რომ გავიდა, აქ იარაღის და საბრძოლო მასალის უზარმაზარი არსენალი დატოვეს, რომელიც სადაა მიძინებული, ერთეულებმა თუ იციან. ხალხსაც კი პირდაპირ ურიგებდნენ ავტომატებსა და ტყვია-წამალს გარკვეული `გასამრჯელოს~ ფასად. 1992 წელს, ზუსტად ეს იარაღი დაურიგეს ციხიდან ამნისტიით გამოშვებულ ყაჩაღებსა და სხვა ჯურის კრიმინალებს, რომლებიც ვითომდა აფხაზეთში საომრად გაუშვეს. ეს იარაღი ბოლომდეა ამოღებული? მავანთ ეკონომიურად რომ გაუჭირდათ, მერე დაიწყეს მისი გაყიდვა და როგორ გაიგებს პოლიცია გამყიდველ-მყიდველის ვინაობას, რომელი მათგანი იტყვის. არ გეგონოთ, რომ პანკისის ხეობაში ნაკლები იარაღია, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს გვქონდა ეჭვი, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს პანკისში უამრავი იარაღი გადმოიტანეს და ჩამარხეს, პოლიგონი ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ახალგაზრდებს სროლას ასწავლიდნენ. განა ჩვენს ძალოვნებს არ შეეძლოთ ამ ყველაფრის აღკვეთა, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას არ ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება.

ისნის სპეცოპერაციის შეფასებისას, მე იარაღის შემოტანაზე უფრო იმ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას, ამდენი ძალოვანს რომ კრიბავ ერთ კონკრეტულ ადგილზე, ამ შემთხვევაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იქნებ სხვაგან იგეგმებოდა ტერაქტი და ეს უბრალოდ სატყუარა იყო. რა საჭირო იყო იმხელა ცოცხალი ძალის და ჯავშანტექნიკის იქ გადასროლა, როცა მაქსიმუმ 50 სპეცრაზმელი ჭირდება 3–4 კაცის აყვანას. ასეთ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინო სატყუარა ხომ არ არის, რომ ყურადღება აქეთ გადაგატანინონ და `მოშიშვლებულ~ ადგილზე დაგარტყან. მე რასაც ვუყურებ, ეჭვი მიჩნდება, რომ მართლაც `მოშიშვლებული~ დარჩა მნიშვნელოვანი ობიექტები. ხელისუფლებამ მერე თვითონვე აღიარა, ასეთი ოპერაციების ჩატარების გამოცდილება არ გვაქვსო. თუ თვითონ არ აქვთ, უსაფრთხოების სამსახურში ხომ დარჩნენ ძველი, გამოცდილი კადრები, მათ ჰკითხონ. 90-იან წლებში ვინც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, სულ ასეთი წინააღმდეგობები არ არ გვქონდა შეიარაღებულ ბანდფორმირებებთან? ან ეს ჩეჩნები რატომ გამოყავთ "სუპერბოევიკებად", ნამდვილად არ არიან ასეთი უძლეველები, თვითონ მქონია მათთან შეხება და კარგად ვიცი. 90-იან წლებში ახმეტის რაიონში პოლიციის ორ თანამშრომელს შეტაკება მოუხდა ჩეჩნებთან, მართალია, თვითონაც დაიღუპნენ, მაგრამ ორი მოწინააღმდეგე მოკლეს და ორიც დაჭრეს. დავიჯერო ვერ ხვდებიან, რომ ჩეჩნების გაფეტიშებით, ჩვენს ბიჭებს აყენებენ შეურაცხოფას. ან ფეისბუქში დადებული პოსტის გაპიარება რა საჭირო იყო, ვიღაც რომ იმუქრებოდა, ძმის მოკვლას არ გაპატიებთ, ათასებს გავაყოლებთო, ამით ხომ ხალხში პანიკას თესავენ.
იმ დღეებში სამედიცინო დაწესებულებები გადაჭედილი იყო შიშისგან დაზაფრული ხალხით. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოსთხოვოს პასუხი ყველას, ვინც იმ ვიღაც ტვინგაცხელებულის მუქარის ტირაჟირება მოახდინა, ხალხის დაშინება ნაკლები ტერორისტული აქტი ხომ არ გგონიათ. როგორც გითხარით, ამ ყველაფერში უცხო ქვეყნების, კერძოდ, დასავლური სპეცსამსახურების კვალს ვხედავ, მაგრამ ეს რაში ჭირდებოდათ, დაზუსტებით ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, თუმცა რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. შეიძლება უნდოდათ რუსეთის მოქალაქეები გამოეჩინათ და ხმაურით აეყვანათ იმის სათქმელად, ხომ ხედავთ რუსეთი რას აკეთებს საქართველოშიო. ქართველ ძალოვნებთან კი მაქვს შენიშვნა, ქუჩაში რატომ არ აიყვანეს ის ხალხი, მაგრამ მისცეს კი მათ ამის უფლება? შეიძლება ოკეანისგაღმელმა `ინსტრუქტორმა~ არ დართო ნება, უხმაუროდ მომხდარიყო იმ ადამიანების დაკავება, რომელიც წინასწარ ჩეჩენ ტერორისტებად შევრაცხეთ. უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ გვაკერია ენაზე, ესეც შერჩევითია? ნაცები და მათი განაყრები თავს იწონებენ, ჩვენმა რუპორმა `რუსთავი-2~-მა გააღვიძა მთავრობის წვრები, არაფერი იცოდნენ ამხელა სპეცოპერაცია რომ მიმდინარეობდაო. ზუსტად ეს ადასტურებს, რომ ოკეანისგაღმიდან მოწყობილი იყო ყველაფერი და პირველი ინფორმაციაც მათ მთავარ დასაყრდენ ტელევიზიას მიაწოდეს. არ არის გამორიცხული ხმაურიანი სპეცოპერაცია იმისთვის ჭირდებოდათ, რომ მოსახლეობაში ფსიქოზი გამოეწვიათ, რასაც გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც. ვფიქრობ, კიდევ რაღაც მზადდება, თანაც გაცილებით უფრო სერიოზული, ვიდრე 22 ნოემბრის ტერაქტი იყო. აგერ სპეცოპერაციის მეორე თუ მესამე დღეს ბათუმში თურქების კუთვნილი სასტუმრო დაიწვა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, რამაც ბუნებრივია, საშინლად იმოქმედა ჩვენს ხალხზე. მე შემთხვევითი არც რუსების ის ნათქვამი მგონია, ერდოღანს როგორც უნდა, ისე ათამაშებს საქართველოსო. ფაქტია, თურქეთი აშკარად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში. დარწმუნებული ვარ, ზამთარში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი მოხდება, მიმდინარე მოვლენებს თუ კარგად გავაანალიზებთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მსოფლიო "მამები" რუსეთს თავისი გავლენის სფეროებს უბრუნებენ, ამ შემთხვევაში საქართველოს სახით.

– დავაკონკრეტოთ თქვენეული დასკვნის საფუძველი.

– გავრცელებული ინფორმაციით, ის ბინა ისანში, რომელშიც ხსენებული პირები ცხოვრობდნენ, ავსტრიაში მცხოვრებ პანკისელ ქისტს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაა პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების `ნავსაყუდელი~, თითქმის ყველა კრიმინალური `ლიდერი~ ვენაში ცხოვრობს. ჩემი ვარაუდით, რომ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესები ავსტრიიდან იმართებოდა. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს დამნაშავეთა სამყაროს მჭიდრო ურთიერთობა აქვს თავისი ქვეყნის ხელისუფლებასთან, რეალურად იქაური სპეცსამსახურები მართავენ თანამემამულე კრიმინალებს, იაპონურ `იაკუძას~, ჩინურ `ტრიადას~ და ა.შ. პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყარო ე.წ. კანონიერი ქურდების თაოსნობით, რუსეთის გავლენის სფეროა, რა გასაკვირია, რომ ავსტრიაში თავშეყრილი კრიმინალური `ბოსებიც~ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართებოდეს. ამიტომ მივიჩნევ, რომ რუსეთს გავლენის სფეროებს უბრუნებენ. რუსეთი ღიად რომ არ ჩანს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მის საქმეს სხვები აკეთებენ. ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოში შეიძლება მხოლოდ ერთი-ორმა კაცმა თუ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა, დანარჩენებმა, მათ შორის იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც სპეცოპერაციისას დაიღუპნენ, შეიძლება არაფერი იცოდნენ. მათ უბრალოდ ეტყოდნენ, იყავით მაგ ბინაში და თუ ვინმე მოვიდა, წინაღმდეგობა გაუწიეთო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ უცხოური სპეცსამსახურების გაკეთებულია ეს ყველაფერი, რაშიც ჩეჩნები ბრმა იარაღად გამოიყენეს, როგორც ლაფანყურის დროს. საზოგადოებამ დღემდე არ იცის, საიდან და რა მიზნით მოგვევლინნენ ის შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის წევრების უმეტესი ნაწილი მძინარეები დახოცა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ვერ გავიგეთ, რეალურად რა მოხდა კახეთში. ვფიქრობ, ვერც ახლა გავიგებთ. ერთ-ერთი მათგანი თუ მართლაც ჩატაევი იყო, ჯერ ამის დადგენა რა დიდი პრობლემაა, როცა მისი დნმ, თითის ანაბეჭდები არსებობს, ისიც მაინტერესებს როგორ შემოაღწია ამერიკელების მიერ საშიშ ტერორისტად გამოცხადებულმა ადამიანმა, როცა ამერიკა აკონტროლებს აქ ყველაფერს, თუ რაიმე წინასწარ არ იყო დაგეგმილი. ადგილობრივი დიდ ექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე პერსონებიც რომ ადასტურებენ, ჩატაევი იყოო, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, დაესიზმრათ, იქნებ სულ სხვა პიროვნება იყო? ცალფეხა და ცალხელა კაცი ასე იბრძოლებს, კბილებით აძრობდა "ლიმონკას" და ისე ისროდა? ერთ-ერთი მათგანი ჩატაევის დაცვის წევრი იყოო, მარტო ამით ვამტკიცებთ, რომ ჩატაევიც იქ იყო? გამორიცხავთ, რომ ხელყუმბარის აფეთქებისას მოწყდა იმ ვიღაცას კიდურები? თუ მართლაც ჩატაევი იყო, ოფიციალურ წყაროს რომც არ დაედასტურებინა, ინფორმაცია მაინც გამოჟონავდა.

არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ისნის ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები ფსევდოხალიფატის მებრძოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის წარმატებული საბრძოლო ოპერაციის შემდეგ, საქართველოს გავლით ჩეჩნეთში ბრუნდებოდნენ. თუ ზუსტი ინფორმაცია არ გაქვს, მტკიცებას ვერ მოყვები, მაგრამ ვფიქრობ, დიდი ალბათობით ის ხალხია, კადიროვის მომხრე ჩეჩნები ქართველ ძალოვნებს ამხელა წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, ჩაბარდებოდნენ, რისი ეშინოდათ. სპეცოპერაციის რეალური ხელმძღვანელების ინტერესში არ იყო, რომ ეს ხალხი რუსეთში გადასულიყვნენ, საქართველოში უნდა მომხდარიყო ლოკალური შემთხვევა, ეგ ჯგუფი თუ არ იქნებოდა, სხვები გამოჩნდებოდნენ, მათ მოუწყობდნენ ანალოგიურ ღონისძიებას. მათი ცოცხლად აყვანა, ალბათ არც უნდოდათ, რა გარანტია ჰქონდათ, რომ არ ალაპარაკდებოდა ის ხალხი. მთავარი იყო ქართველებისთვის ეჩვენებინათ, ხომ ხედავთ რუსები რას გიწყობენ, ტერიტორიების ნაწილი წართმეული გაქვთ, სხვა გამოსავალი არ გაქვთ, რუსეთის გავლენის სფეროში უნდა დაბრუნდეთ, ჩვენც მოგეხმარებითო. ამიტომ ვამბობ, რომ კიდევ მოხდება რაღაც. მოკლედ, რუსეთი სხვისი ხელით აგვარებს ყველაფერს. პუტინმა თუ არ ვცდები, ორი წლის წინ თქვა, მსოფლიოს გადანაწილება დასრულებულიაო, მაგრამ ამერიკელების რაღაც ჯგუფი ვერ თმობს საქართველოს, რადგან აქ დიდი ფული აკეთეს და იგივეს გაგრძელება უნდათ. სად წავიდა ის ოთხი მილიარდი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ წამოვიდა საქართველიში, რომელზეც დღეს რატომღაც ხმას არავინ იღებს. ჩვენი ხალხისთვის უკეთესობისკენ შეიცვალა რამე ამხელა ფულის შემოსვლის შემდეგ, უფრო პირიქით მოხდა. მარტო სააკაშვილს რომ მიეთვისებინა ის ფული, ვინ აპატიებდა, მაშინვე გააგორებდნენ. `ატკატი~ დაბრუნდა უკან და იმ ხალხმა მიიღო, ვინც ყველაზე მეტს გაჰყვირის. უკრაინაშიც ზუსტად ფულის გამო მოეწყო ევრომაიდანი.

– ბატონო დავით, საქართველოში აქამდე სიმშვიდე იყო, არ გავმხდარვართ ტერორისტების სამიზნე. ეს საქართველოს იმ მოქალაქეების დამსახურება ხომ არ იყო, რომლებიც ფსევდოხალიფატის მხარეს იბრძოდნენ და გავლენიანი პოზიციები ეკავათ?


– ეს სიმშვიდე პიროვნებებზე დამოკიდებული ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, საქართველო იყო ე.წ. გადასატვირთი პუნქტი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მუსულმანები, ჩამოჰქონდათ ფული, იმართებოდა რუსეთის საწინააღმდეგოდ მოლაპარაკებები, საქართველოს გავლით გადიოდნენ მებრძოლები ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთისკენ, აქედან გამომდინარე, არავის აწყობდა აქ არეულობა. არცერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ არის გარეული ისნის ინციდენტში, ეს უცხოური სპეცსამსახურების ნამოქმედარია, რომლებმაც ის უბედური ჩეჩნები მოატყუეს და შეყარეს მანდ. რა თამაშს თამაშობს ერდოღანი, რომელმაც ჩატაევის საქართველოში ყოფნა `დაადასტურა~, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მას ადვილად ვერავინ გაუგებს ვისი მოკავშირეა, ასე რომ, ჭკუას მოვუხმოთ. რუსეთს რა თქმა უნდა აწყობს საქართველოში არეულობა, მაგრამ მათ კვალს ამ მოვლენებში ვერ ვხედავ, კრემლს ისეთი ძლიერი აგენტურა ჰყავს, რომ უფრო სხვანაირად მოაწყობდნენ ყველაფერს, ყოველ შემთხვევაში თავის მოქალაქეებს არ გამოუშვებდა აქ რაიმე ოპერაციის განსახორციელებლად. მაშინვე ტერორისტის იარლიყი რომ მიაწებეს იმ ხალხს, იქნებ იარაღით მოვაჭრეები იყვნენ, ახალი ამბავია საქართველო ნარკობიზნესის და იარაღით ვაჭრობის სატრანზიტო ქვეყანად რომ ითვლება?

საერთოდ არსებობს ოპერატიული მუშაობის ორი მეთოდი, გერმანული და ანგლოსაქსური, მეფის რუსეთი, კომუნისტები და საქართველოც, `ვარდების რევოლუციამდე~ გერმანული სისტემით მუშაობდა. ოპერატიულად ვადგენდით დამნაშავეს და ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე ხდებოდა მისი აყვანა. ამერიკელები ანგლოსაქსური სისტემით მუშაობენ, წინასწარ გაჰყვირიან, მოვდივართო. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციისა თუ სხვა სამსახურების მაღალჩინოსნები სატელევიზიო კომენტარებს არიგებენ. ჩვენი მედიასაშუალებები ხომ არ უნდა ჩამორჩნენ ამერიკელ კოლეგებს, ხშირად ამათი აქტიურობა, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების, თავხედობაში გადადის, რაც ძალზე გამაღიზიანებელია.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
4-12-2017, 21:38


ანზორ საკანდელიძე: "ლეოგრანდის" ტრაგედიამ დაადასტურა, რომ ეროვნული კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. ბათუმში, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდეგ, სოციალურ ქსელებში უმძიმესი ფოტოები გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ცდილობს ერთ-ერთი გარდაცვლილი ხანძრის დროს, ფანჯრის ჩამტვრევას და თავის გადარჩენას.


სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი ტრაგედიას სააკაშვილის ხელისუფლების დროს, სამშენებლო სტანდარტებიდან ინჰალაციის, ინსოლაციისა და სახანძრო უსაფრთხოების ამოღებას აბრალებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ქობულეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, ვერაფერი გვასწავლა, რასაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ადამიანების ბოლით გაგუდვაც მოწმობს. სოციალურ ქსელებში საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითად ევროპაში ყველაზე დიდი ბერლინის აეროპორტის მშენებლობას ასახელებენ, რომელიც სამი წლის წინ უნდა გახსნილიყო, მაგრამ დღემდე ვერ იხსნება, რადგან შესაბამისი სახელმწიფო ორგანო სახანძრო სისტემის გაუმართაობის გამო, უარს ამბობს შენობას უსაფრთხოების სერტიფიკატი გადასცეს. ამ ამბავს ბერლინის მერის თანამდებობაც კი შეეწირა. ხოლო სახელმწიფოს მშენებლობის დროს გაპარული ხარვეზების გამოსწორება 2 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

სასტუმროს თურქმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ეროლ ავგორენმა თურქულ სააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას, მომხდარში ნაწილობრივ, გარდაცვლილები დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ხანძრის დროს, გარდაცვლილები კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. დაცული იყო თუ არა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და რა გახდა ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვის მიზეზი? მთავარი კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. სანამ გამოძიება თავის შედეგებს დადებს, ტრაგედიის მიზეზებზე სასაუბროდ, საქართველოს მშენებელთა ლიგის თავმჯდომარეს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ანზორ საკანდელიძეს დავუკავშირდით:

– დავიწყებ იმით, რომ ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და სრული ქაოსი და გაუგებრობაა. 2002 წლიდან მოქმედებდა ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის კანონი, რომელიც 2008 წელს ნაციონალების ხელისუფლებამ გააუქმა, რომ რაც შეიძლება მეტი ფართი მიეტაცებინა. სწორედ ამის შედეგია ერთმანეთზე მიდგმული შენობების მომრავლება. სპორტის სასახლესთან, მჭიდროდ განაშენიანებულ ალექსიძის ქუჩაზე ან ვაკის აუზთან ისეთი ვიწრო გასასვლელებია, რომ სახანძრო მანქანამ შეიძლება საერთოდ ვერ გაიაროს. ეს არის უსერიოზულესი საფრთხე, რომელსაც სასწრაფოდ მიხედვა ჭირდება.

– გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში გარდაცვლილთა უმეტესობა კვამლით არის გაგუდული. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია სწრაფი და ძლიერი დაკვამლიანება?


– ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ შიდა მოპირკეთებისთვის სწრაფად აალებად მასალებს იყენებენ, რომლებიც წვის დროს, მომწამვლელ ნივთიერებებს გამოჰყოფენ. მასალები შემოწმებული არაა და სტანდარტიც არ გვაქვს, როგორი უნდა იყოს, რადგან სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია და ყველაფერი გააუქმებულია და არ არსებობს. შიდა მოპირკეთებისთვის გამოყენებულ მასალებს განსაკუთრებით, ორი თვისება – ცეცხლგამძლეობა და ცეცხლმედეგობა უნდა ჰქონდეს. ცეცხლგამძლეობა ნიშნავს, რომ მაღალ ტემპერატურას ისე უნდა გაუძლოს, რომ დეფორმაცია არ განიცადოს, ხოლო ცეცხლმედეგობა ნიშნავს, რომ ამ მაღალ ტემპერატურას ხანგრძლივი დროით უნდა გაუძლოს. როგორ შეიძლება მოსაპირკეთებლად ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც 5 და 20 წუთში აალდება და დნება? ამ სასტუმროს მაგალითი პრეცენდენტი უნდა გახდეს, რომ ასეთი უბედურება სხვაგანაც არ მოხდეს. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ადამიანების თავშეყრის ადგილებში გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალების შემოწმება.

– თურქი ინვესტორის თქმით, მის სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული იყო..


– გააჩნია, რას ეძახის წესების დაცვას. ზოგადად, თურქეთი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ფალსიფიცირებული და უხარისხო საშენი მასალების მწარმოებელი ქვეყანა. თურქულ სამშენებლო მასალებს და ცემენტს მთელ მსოფლიოში ერიდებიან და რაღა ჩვენ მოგვწონს? საინტერესოა, უცხოური ინვესტიციის ხელშეწყობა იმას ნიშნავს, რომ მონურად დავემორჩილოთ და ვერაფერი შევუმოწმოთ? საქართველოში რომ უცხოელი ინვესტორები ბატონობენ და პარპაშებენ, მსგავსი რამ მსოფლიოში არ არსებობს. თქვენს რედაქტორს, ბატონ ვახტანგ ხარჩილავას, რომელიც შესანიშნავი პოეტი გახლავთ, გენიალური სიტყვები აქვს ნათქვამი „არ აგიშენებთ სამშობლოს არვინ, თუ აგიშენებთ – სამშობლოს ფასად“. ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებ და სხვებმაც უნდა გაითავისონ, თორემ უბედურება ამით არ დამთავრდება..

– თქვენი აზრით, სახელმწიფომ პირველ რიგში რაუნდა გააკეთოს?


– ამ ტრაგედიის თავი და თავი 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმებაა. სამინისტროს აღსადგენად, მზად ვართ ქუჩაში გამოვიდეთ და სახალხო მოძრაობა დავიწყოთ.
ეს საქმე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, რადგან უდიდესი ეროვნული კატასტროფის წინაშე ვდგავართ და თუ ჭკუაზე არ მოვალთ, ათი ასად და ათასად იქცევა.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
4-12-2017, 17:08


მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო არასტაბილური ხდება. გამართლდა იმ პოლიტიკოსების მოსსაზრება, რომლებიც აცხადებენ, დღეს ევროპაში ლიდერი პოლიტიკოსების დეფიციტიაო. შედეგად კი მსოფლიოში ცხელი წერტილები მომრავლდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სამყაროში გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ამიტომაც ცდილობენ, შედარებით მდიდარი და ძლიერი ქვეყნები საკუთარი ინტერესების წინ წამოწევას საერთაშორისო მასშტაბით.
ამასობაში მთავარი პოლიტიკურ მოვლენების ეპიცენტრად რუსეთი იქცა. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სოჭში რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გახლდათ. საუბრის ძირითადი თემა სირიის საკითხი გახლდათ. სამიტს უცხოეთის ქვეყნების ავტორიტეტულმა გამოცემებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. საინტერესოა, რომ უცხოელმა ჟურნალისტებმა სოჭის შეხვედრა `ახალ იალტად~ მონათლეს (მხედველობაში ჰქონდათ 1945 წელს იალტაში სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის შეხვედრა). მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ იალტაში სწორედ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს შედგა სამიტი, სადაც გერმანიის მომავალი განიხილესო.

სამმხრივი შეხვედრის წინა დღეებში ასევე სოჭში იმყოფებოდა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართა ხანგრძლივი შეხვედრა. პრესასთან შეხვესრისას ასადმა რუსეთს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. ბაშარ ასადთან საუბრის შემდეგ ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერს, საუდის არაბეთის მეფეს, ეგვიპტის პრეზიდენტს. დონალდ ტრამპთან პუტინის საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. ტრამპმა პუტინი-ასადის შეხვედრას საუკეთესო შეფასება მისცა. თუმცა, ამერიკული პრესა აღნიშნავს, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში პოზიციები დათმო და მაყურებლის როლში დარჩა.
აღსანიშნავია, აგრეთვე, სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ ბაშირის განცხადება, რომელიც მან რუსეთში ვიზიტისას გააკეთა: "…ჩვენ წინააღმდეგი ვართ არაბული ქვეყნების შინაურ საქმეებში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ჩარევისა. რომ არა რუსეთის ჩარევა სირიის კონფლიქტში, საერთოდ დავკარგავდით ქვეყანას".

ვიდრე პოლიტიკოსები მსჯელობენ, სირიაში შევიწროებულმა რადიკალურმა ისლამისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადაინაცვლეს. სწორედ მათ უკავშირებენ ეგვიპტეში განხორციელებულ არნახულ სისხლიან ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 27 ბავშვი დაიღუპა. ამის გარდა, ავღანეთში 20 ადამიანი იმსხვერპლეს ტერორისტებმა. საყურადღებოაა ის გარემოებაც, რომ ტერორისტები ევროპის ქვეყნებს ღიად ემუქრებიან საშობაოდ ტერორისტული აქტებით. ეს უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამაც. მართალია, ახლახან ავიცილეთ მოსალოდნელი დიდი უბედურება, მაგრამ, როგორც ამბობენ, "ეშმაკს არ სძინავს:…

`ბებერი ქალბატონის~ ევროპის, კონტინენტზე გარეგნულად ერთი შეხედვით თითქოს სიწყნარეა, მაგრამ თუ დავუკვირდებით, სიმშვიდე მოჩვენებითია. ევროკავშირის ჩინოვნიკები ქვეყნების მჭიდრო ურთიერთობაზე კი საუბრობენ, მაგრამ რეალურად კავშირი მყიფეა. უნგრეთი კვლავ სასტიკი წინააღმდეგია, მიიღოს მიგრანტები. ქვეყანაში კვლავ გრძელდება მათი ყოფილი თანამემამულის, ავანტურისტი მილიარდერის სოროსის საწინააღმდეგო გამოსვლები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ბრიუსელი და რამდენიმე ქვეყანა ფინანსურად ჰყავს დაპყრობილი და სწორედ მან მოახვია ევროპას მიგრანტებიო. ეს მაშინ, როდესაც მთელი რიგი ქვეყნები მიგრანტების უფლებების დაცვას ემხრობიან.

გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. კანცლერი ანგელა მერკელი ლიდერად ითვლებოდა. თუმცა 24 სექტემბერს გამართული არჩევნების შემდეგ მისი პოზიციები საკმაოდ შეირყა. ქრისტიან-დემოკრატებმა არჩევნებში კი გაიმარჯვეს, მაგრამ მთავრობის დასაკომპლექტებლად არასაკმარისი ხმები მიიღეს. მიმდინარეობდა კონსულტაციები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, თითქოს შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ რამდენიმე პარტიამ უარი განაცხადა კოალიციურ მთავრობაში მუშაობაზე. მათი განცხადებით, ეფექტურ მთავრობას ვერ შექმნიან და ამიტომაც უარს ამბობენ.
ვითარება საკმაოდ გართულდა და საქმეში პრეზიდენტი ფრანც ვალტერ შტაინმაიერი ჩაერთო, რომელსაც პოლიტიკუერ პენსიაზე გასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ. მან მოლაპარაკება გამართა თანაპარტიელ სოციალ-დემოკრატ მარტინ შულცთან, რათა პარტია დათანხმებულიყო კოალიციური მთავრობის შექმნაზე. თუმცა შულცმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ მიიღო და პარტიას მიანდო საკითხის გადაწყვეტა. პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში მერკელი იმ ხმებსაც ვეღარ მიიღებს, რაც აქვს, ხოლო ვადამდელ არჩევნებს არ დათანხმდება. მოსახლეობა გაურკვევლობაშია, რაც გერმანელებს არ უყვართო, აცხადებენ ექსპერტები. მიმომხილველები ყურადღებას მიგრანტებზე ამახვილებენ. მათი თქმით, ბერლინის ცენტრში ალექსანდრ პლატცზე მიგრანტები იმდენ დანაშაულს სჩადიან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები იქ გავლას ერიდებიან. პოლიცია კი ხელ-ფეხ შეკრულია, მათ უფლება არ აქვთ, მიგრანტებს რაიმე უთხრან. როგორც ამბობენ, მსგავსი რამ გერმანიის ისტორიას არ ახსოვს. ვნახოთ, როგორ გადაწყდება საკითხი _ ბუნდესტაგი აირჩევს კანცლერს, თუ ახალი არჩევნები ჩატარდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი კი ნათელია, მერკელმა, ფაქტობრივად, დაკარგა ავტორიტეტი და, შეიძლება, თანამდებობასაც შეელიოს.
ახლახან იტალიელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს დოკუმენტური ფილმი 2014 წელს `მეიდანზე~ დაღუპულების შესახებ. მათი რესპონდენტები სამი ქართველი მებრძოლია, რომლებიც დეტალურად ყვებიან იმდროინდელ ამბებს. მათ გვარებს ჩვენ ამჯერად არ გავიმეორებთ გარკვეული მოსაზრებით, მაგრამ ვინც ნახა ფილმი, მათ იციან.
მებრძოლების მონათხრობით, ბოგანო სააკაშვილის მითითებით ჩავიდნენ უკრაინაში. მათ ვინმე მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობდა. 2013 წლის შემოდგომაზე ჩასულ ორ მებრძოლს თავად ანდრეი პარუბეი, რადას დღევანდელი სპიკერი დახვდათ. ერთიც 2014 წელს ჩავიდა. სასტუმრო `უკრაინაში~ დაბინავებულებთან ხშირად მიდიოდა პაშინსკი სააკაშვილთან ერთად, მოგვიანებით კი მათ კონსულტაციას ამერიკელი ინსტრუქტორი უწევდა. `ჩვენი დავალება იყო პროვოკაციის მოწყობა მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის~, _ ამბობს ერთ-ერთი. როგორც გაირკვა, ერთმა მებრძოლმა უარი თქვა ხალხისთვის სროლაზე, სამაგიეროდ, ის ლიტველმა დაქივრავებულებმა ჩაანაცვლეს. შედეგად, მაშინ `მაიდანზე~ ასამდე ადამიანი დაიღუპა.
ფილმმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ბევრი კითხვაც დატოვა. განსაკუთრებით აინტერესებთ, თუ რატომ დასჭირდა პოროშენკოს მაინცდამაინც ახლა ეს ფილმი. მიიჩნევენ, რომ მან იცოდა ამ ფილმის გადაღების შესახებ. უკრაინელი ჟურნალისტი ელენა ბოიკო აცხადებს, რომ ინტერნეტში არსებობს კიდევ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებიც მოგვითხრობენ იმდროინდელი `მაიდნის~ პერიპეტიებზე. ეჭვიანი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ფილმი პოროშენკოს წისქვილზე ასხამს წყალს. ვარაუდობენ იმასაც, რომ პოროშენკოს შეუძლია თავის მართლება საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე _ აგერ, ბატონო, მკვლელობები უცხოტომელებმა ჩაიდინესო. თითს საითაც გაიშვერს, დიდი მკითხაობა არ სჭირდება _ ერთ-ერთი პირველი საქართველო იქნება. მით უფრო, როდესაც ფილმი სწორედ აღმოსავლეთ ევროპის სამიტის დაწყებამდე გამოჩნდა.
ექსპერტებს აქვთ კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით პოროშენკოს შლეგ სააკაშვილთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, ისინი შეხმატკბილებულად მოქმედებენ და ყველაფერი მოჩვენებითიაო. პოროშენკომ სააკაშვილს საფრთხობელას როლი მისცა თავის პოლიტიკურ თეატრში, რომლითაც დასვლეთის ქვეყნებს აშანტაჟებს _ ჩემი გადადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, ხელისუფლების სათავეში ჩემზე არაადეკვატური ეს პიროვნება მოვიდესო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის მიუხედავად, გადმოგვცენ დამნაშავე სააკაშვილი, საკითხი დღემდე ჰაერშია გამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ექსპერტები აცხადებენ, რომ პოროშენკო რამდენიმე თამაშს ეწევა. დაკავების ნაცვლად, სააკაშვილი დადის და დემაგოგობს სხვადასხვა ტელევიზიებში. გასულ კრირას რადას დეპუტატ მასილჩუკთან ჰქონდა დებატები ერთ-ერთ ტელევიზიაში. კამათი იმდენად გამწვავდა, რომ მასილჩუკმა თავისი ყავარჯნით სააკაშვილის საცემად გაიწია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიუშვეს.

გია ბურდული

მეტის ნახვა
4-12-2017, 16:55


ჩუღურეთის რაიონში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდება, რომელსაც ოთარ კაპანაძის ქუჩაზე არსებული რვა შენობა დაექვემდებარება.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პირველ ეტაპზე, რამდენიმე პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დღეს კი, ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

როგორც გიორგი ბაგრატიონმა აღნიშნა, შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ არის განთავსებული. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მფლობელი ნაგებობას ხუთი დღის ვადაში არ დაანგრევს, ზედამხედველობის სამსახური დემონტაჟს თავად განახორციელებს.

„დავიწყეთ საქმის წარმოება. მათ კონკრეტული ვადა მიეცათ იმისთვის, რომ დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. თუ შენობის მესაკუთრე კონტაქტზე არ გამოდის და იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ, მაშინ გვაქვს უფლება, დადგენილების შესაბამისად, დემონტაჟი თავად განვახორციელოთ. გვინდა ყველას ვთხოვოთ და გავაფრთხილოთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე შენობა-ნაგებობების განთავსებას მოვერიდოთ. დღეს ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებით, თუმცა პროცესი თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამომავლოდ, ქალაქის განვითარება მხოლოდ გეგმის მიხედვით განხორციელდება და სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული ყველა შენობა დემონტაჟს დაექვემდებარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. თბილისი აუცილებლად უნდა განვითარდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და გეგმის შესაბამისად. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ, ჩვენთან ერთად, ერთსულოვანი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მეტის ნახვა
4-12-2017, 16:25


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით მისი უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებას და ამ ინსტიტუტის სამართალდამცავებთან კოორდინირებულ მუშაობას:“მსურს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებს და მთელ საზოგადოებას, შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა. ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ინტერესია. დღეს სამინისტროს უმტავრესი საზრუნავია გავაძლიეროთ მუშაობა საიმისოდ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს, შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას, ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას, ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, მთლიანად საზოგადოების შრომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს.

გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ, უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით სტრატეგია.

პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ცაერთვება საპატრულო პოლიცია.

გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ, ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე. დაინერგება კონფლიქტების პრევენცია-მართვის და მედიაციის პროგრამები, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი.

ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლა რომ მოვიცვათ, პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩართულები იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები მაგისტრანტები და დოქტორანტები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მშობლების მონაწილეობას ამ პროცესში, ეს გულისხმობს მშობლების ინტენსიურ ჩართულებას სკოლის ცხოვრებაში, ასევე საინფორმაციო-საკონულტაციო მომსახურების შეთავაზებას. ჩვენ არამხოლოდ დანაშაულის პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ არამედ უპირველეს ყოვლისა ისეთი ვითარების ფორმირებაზე, სადაც ძალადობა და აგრესია დაუშვებელია.

გვჯერა, რომ რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს ეს, ამ მიზნისკენ უნდა ვიმოძრაოთ, ეს კი მხოლოდ ცოდნისა და განათლების გავრცელებით, ღირებულებათა სწორი სისტემის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით მიიღწევა. ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ უკლებლივ ყველა სკოლა უსაფრთხო გახდეს და მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მეტის ნახვა
4-12-2017, 16:21