"გავა ერთი საუკუნე, ასი წელი და დადგება უკეთესი დრო, როცა თამარ მეფის მერე საქართველოს "ხელმწიფედ" მოვა ქალი და ქვეყანას მაშინ ეშველება. ელოდეთ იმ დროს და უფლის რწმენით აღიჭურვეთ"

უძლიერესი იყო ხევსურეთის (ფხოვის) ქადაგთა ინსტიტუტი. მათ ჰქონდათ უნიკალური მიკრო და მაკროსამყაროს ხედვა. ფხოვის სივრცეში მოძრაობდნენ ხილული და ნახევრადხილული არსებანი. რასაც უახლესი მეცნიერება ხედავს ვაკუუმში, ისინი ხედავდნენ ასტრალში. გლობალური და ვირტუალური სივრცის არსებანი და ფხოვის ნათელმხილველნი ხევისბერნი და ქადაგნი ერთად ცხოვრობდნენ.
ერთი ინფორმაციით, რომელიღაც ქადაგი, რომელიღაც დროში სამ ვირტუალურ არსებას (ნახევრადხილულს) მთვარიან ღამეს აჰყავს მაღალი ციხის ქონგურზე და იქიდან აგდებენ. მოტეხენ ხელს და ფეხს და მყისიერად შეუხორცებენ და ეტყვიან: თუ წმიდად არ იქნება და ზოგიერთ გადაცდომას დაუშვებს, კიდევ გადმოაგდებენ და აღარ უშველიან.

ნათელმხილველი ქადაგი თემის (საყმოს) იმედი და მყარი ეთნო-ფსიქიკური აურის შემქმნელი იყო.
როგორც შუმერთა ნათელმხილველი ზიუსოდრა წინასწარმეტყველებს წარღვნას, ასევე ხევსურთა ქადაგი ალდი (ალდია) წინასწარმეტყველებს მიწისძვრას და ხევსურეთის საყმოს მოუწოდებს, ყველანი სახლებიდან გარეთ გამოდითო. მართლაც მოხდა ისეთი მიწისძვრა, რომ კლდეები ჩამოიშალა და კოშკები და ქვითკირები წელში გადატეხა.

ხალხი გარეთ გამოვიდა და გადარჩა. მაშინ, თურმე, არც ერთი ხევსური არ დაღუპულა მიწისძვრით.
ამავე ქადაგმა ზვავებისგან გარიყულ თემს დაკარგული ადამიანი აპოვნინა. შემოუთვალა: წუხელ ღამით ჩემთან მოვიდა "გარდაცვლილი" და მითხრა, აქა და აქ ვარ, სხვაგან ნუ მეძებენო!

მივიდნენ, გათხარეს და სწორე იქ ნახეს ზვავში დაპრესილი!.

ხევსურეთის ნათელმხილველთა ქადაგთა და ხევისბერთა ინსტიტუტი ისეთივე ძლიერი და მისტიკური იყო, როგორც შუმერის, ბაბილონის, დელფოსის წინასწარმეტყველთა კასტა. როგორც ბიბლიურ რჯულისკაცთა და ნათელმხილველთა ინსტიტუტი! `ალდეას~ სახელწოდებაც კი თითქოს ქალდეური წარმომავლობისა იყო. ყველა თემში იყო თითო ნათელმხილველი მაინც. დადუში, ახადში (ფშავი), გუდანში, მადალიგოში, ზეისტეჩოს, ატაბეს თუ კარატის ჯვარის და არხოტის თემებში. მაგრამ გამოჩნდებოდა ხოლმე რომელიმე ასტრალური კავშირის მისტიკური მედიუმი, რომლის სიტყვა-წინასწარმეტყველება არამარტო ხევსურეთის, არამედ მთიანეთის ყველა თემში ვრცელდებოდა!

იგი გუდანის ჯვარის ან ბაცალიგოს პირქუშის სალოცავის "კვრივში" ჯდებოდა და აქედან აცხადებდა საყმოს ბედისწერას, დროში ჩამომდგარი ხიფათის და მისი არიდების შესაძლებლობას. თემი არ მოქმედებდა მისი ჩარევის გარეშე და მით უფრო, არც სალაშქროდ წავიდოდა! როგორც ცნობილია, ქადაგმა კრწანისის ომში წამსვლელ ლაშქარს "დიდი ხიფათი" უწინასწარმეტყველა: "დაიღუპებით, მაგრამ რაღაცას გადაარჩენთო!.." მე ვფიქრობ, რომ ქადაგმა მეფის გადარჩენა იგულისხმა, რომელიც გუდანის ჯვარის საყმოს მეომრებმა მართლაც ტყვეობიდან იხსნეს.

აქ უნდა გავიხსენოთ სტრაბონის ინფორმაცია, რომ "იბერებს და კოლხებს მთვარის ტაძრები ედგათ და იქ ქადაგ-მისანთა ძლიერი ინსტიტუტი არსებობდა…"
ივანე ჯავახიშვილი ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ ასეთი მკვეთრად გამოხატული მნათობთა სარიტუალო-საკულტო კერები შეომრჩენილია ხევსურეთში ძლიერი ქადაგ-მისანთა ინსტიტუტით.

ეს მართლაც ასეა კარატეს ჯვარის, კოპალა-იახსარის თუ სანეს სალოცავთა რიტუალები მთვარის (და, ზოგადად, მნათობთა) კულტთან შერწყმული წმიდა გიორგის მისტერიებია, ხევისბერი, ქადაგი და დასტურ-მაგანძულთა ძლიერი ინსტიტუტით.
ხევსურეთის და, ზოგადად, მთიანეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნათელმხილველი-წინასწარმეტყველი თარხანათ გაგა იყო. მისი ქადაგებანი დღემდე მოჰყვება ფხოვის თემს და ვრცელდება მთელი ერის სივრცეზე.

კერძოდ, მან იქადაგა: აიყრება ხევსურეთი, უდაბურ ნასახლარებად იქცევა, დაიცლება ქვეყანა თავისი ხალხისგან, მთლიანად ამოწყდება(დამთავრდება) ფუნჩიას გვარიო! ფუნჩიამ, როდესაც ეს ქადაგება გაიგო, ფარ-ხმალი აისხა და თარხანათ გაგას მოსაკლავად წავიდა: "ჩემი მაწყევარი ჩემს წინო!" მაგრამ ფუნჩიას გზაში ადიდებულ მდინარეზე ხიდი ჩაუტყდა და წყალმა წაიღო. ასე გაუცხადდა ქადაგის სიტყვა…
ხოლო მისი მთავარი ბედისწერული ქადაგებაც გაცხადდა: ხევსურეთი მართლაც "უდაბურ ნასახლარებად და ნასოფლარებად" იქცა. ხევსურები იძულებით აყარეს 50-იან წლებში და ნახევარუდაბნოებში ჩაასახლეს. ზოგადად კი, მთელი ქართველი ერი დაიძრა თავისი მიწა-წყლიდან და ლტოლვილად იქცა!
თარხანათ გაგამ თავისი ქვეყნის აპოკალიფსი დაინახა და საკუთარი ბედისწერაც იწინასწარმეტყველა: "ცეცხლში მწვავენო!"

მან იქადაგა, რომ მოვა "ყვითელთმიანი ხალხი. იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ მთებსა და კლდეებსაც კი ტილივით შეაცოცდებიანო. ჩვენ შევებრძოლებით მათ, ბევრსაც ამოვწყვეტთ, მაგრამ ვერ გავათავებთ მათი სიმრავლის გამო. ეს ტომი კაცის ხელით არ დაილევა, თუ ღმრთმა არ ამოწყვიტაო!.. შესთხოვეთ უფალს, მოგვცეს ძალა და შევებრძოლოთ ამ კალიისფერ ეშმაკებსო…"

ეს იყო რუსის ჯარის შესვლა ხევსურეთში. ხევსური მეომრები გავიდნენ სახლებიდან და ბუნებრივი დაცული სიმაგრეებიდან დაიწყეს პარტიზანული ომი.
რუსებმა სოფლები და ყანები გადაწვეს. თარხანათ გაგა საკუთარი სახლის ცეცხლში ჩაიწვა. ეს იყო მისი წინასწარმეტყველების გაცხადება.

დააკვირდით, როგორ ჰგავს ფხოველი (ხევსური) ქადაგის სიტყვა ბიბლიური იოველის ქადაგებას:
"დრო დგება ისეთი, როდესაც მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი _ კუტკალიამ, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა… გაიღვიძეთ ლოთებო და მეძავნო, იტირეთ და ივალვალეთ ღვინის მსმელნო, რადგან მოადგა ჩვენს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, რომელსაც კბილები ლომის და ყბები ძუ ლომისა აქვს. ჩაჰბერეთ საყვირი სიონზე, შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები, გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი (!) დაუბრუნდით თქვენს ღმერთს. ნუ გახდი სასირცხვოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში: აბა, სად არის მათი ღმერთიო?!"
მრავალი საუკუნის წინ წარმოთქმული ეს ქადაგება თითქოს დღევანდელი ტექსტია, ჩვენი ხიფთის და ვითარების მაუწყებელი.

თარხანათ გაგას ყველაზე ბოლო ქადაგება გახლავთ მეტად საგულისხმო და ნიშანდობლივი სწორედ დღევანდელი ვითარებისთვის მისადაგებული, როცა ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს…
კერძოდ, მან იწინასწარმეტყველა: გავა ერთი საუკუნე, ასი წელი და დადგება უკეთესი დრო, როცა თამარ მეფის მერე საქართველოს "ხელმწიფედ" მოვა ქალი და ქვეყანას მაშინ ეშველება. ელოდეთ იმ დროს და უფლის რწმენით აღიჭურვეთ…

მე ვხედავ, ჩვენს ხეობებში უკან მიბრუნებულ ფეხშიშველ, მშიერ-ტიტველ ხალხს, მაგრამ იქ თემ-სოფლები და სახლები აღარ დახვდებათ და მოუწევთ ქვაბებში და ნახიზნარებში შესვლა. არ ექნებათ საკვები, ბევრი ამოწყდება შიმშილით, მაგრამ მაინც დარჩებიან იმდენი, რომ ჯიში არ გადაშენდეს.

გაგას ეს ქადაგებანი ხევსურთა ყველა თემსა და სალოცავში გააქტიურდა: ხევსურეთის თემის კითხული კაცები მიიჩნევენ, რომ ნათელმხილველის ეს წინასწარმეტყველება სწორედ სალომე ზურაბიშვილზე მიანიშნებს და ის უეჭველად გახდება საქართველოს "ხელმწიფე", ანუ პრეზიდენტი.

ეს მართლაც ასე იქნება, რაკი მან იქადაგა! დაველოდოთ და ვნახოთ! 100 წელი გადის ამ მისტიკური მედიუმის ქადაგებიდან. იქნება, მართლაც შებრუნდეს ერი საკუთარ ისტორიულ კუთხეებში მამა-პაპის მიწა-წყალზე და აღიდგინოს (გადაირჩინოს) საკუთარი თავი!

კობა არაბული,
მწერალი, ეთნოლოგი

მეტის ნახვა
25-10-2018, 17:54


ახლახან ქართველმა საზოგადოებამ სიყვარულით და პატივისცემით აღნიშნა გამოჩენილი ქართველი იურისტის მინდია უგრეხელიძის დაბადებიდან 75 წლისთავი.

ცნობილი იურისტის იუბილეს მიეძღვნა ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალის "სამართალი და მსოფლიო" სპეციალური ნომერი. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ გამოცემიდან:

მინდია უგრეხელიძე დაიბადა საქართველოს ულამაზეს ქალაქ ქუთაისში. მისი ბავშვობა სწორედ ქუთაისს უკავშირდება. მამა _ გურამ უგრეხელიძე, ცნობილი იურისტი, ორატორი და მთარგმნელი იყო. ამიტომ მას ოჯახიდან გამოყვა სამართლის მსახურის და დიდი კაცობის მადლი.

მინდია უგრეხელიძე გახლავთ თინათინ წერეთლის მიერ დაარსებული, საყოველთაოდ აღიარებული ქართული სამართლებრივი სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი _ უახლოესი მოსწავლე, ერთგული თანაშემწე და თაოსნობათა გამგრძელებელი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა სწორედ ამ დიდი სამართალმცოდნის მიერ არის შთაგონებული, რაც მის ღვაწლს ერთი-ორად ამშვენებს და ფასს მატებს.

მინდია უგრეხელიძეს საქართველოში უკავშირდება მთელი რიგი თაოსნობანი:

  • _ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ იგი იყო უზენაესი სასამართლოს პირველი თავმჯდომარე (1990-1999) და მისი რეფორმატორი;
  • _ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგომ იყო პირველი ქართველი მოსამართლე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში (1999-2009);
  • _ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პირველი გამოყენება სახელწოდებით `სახალხო სასამართლო~, ანუ `ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას...~ (2010). 
  • _ მას უკავშირდება მასშტაბური დანერგვები, როგორც ეროვნულ და ყოფილ საკავშირო სივრცეში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჯერ ექსპერიმენტად, ხოლო შემდეგ ოფიციალურად დაარსება ე. წ. `კოლონია დასახლებებისა დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩამდენთათვის~, რასაც საფუძვლად დაედო იუბილარის მეცნიერული დასკვნები და რეკომენდაციები მისი დისერტაციიდან, რომელიც აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას ეყრდნობოდა. 
  • _ საერთაშორისო მართლმსაჯულებამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წარმატებით გამოიყენა მიზეზობრიობის ქართული კონცეპტი (თინათინ წერეთლის ფორმულა) ცნობილ საქმეზე `ნაჩოვა და სხვ. ბულგარეთის წინააღმდეგ~ (2007), რაც მინდია უგრეხელიძის, როგორც დიდი პალატის მომხსენებელი მოსამართლის წინადადებით და ქართული გამოცდილების წყალობით საფუძვლად დაედო მსგავსი საქმეების ანალოგიურ პრაქტიკას. 
  • _ მინდია უგრეხელიძის თაოსნობით, ჯერ კიდევ წინარე საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღევანდელი 254-ე მუხლის რედაქცია, რომელმაც კულტურის ძეგლების დაცვა სრულიად ახალ პრინციპებზე დააფუძნა;
  • _ მისივე ინიციატივით, სისხლის სამართლის მოქმედ კოდექსს ამშვენებს მუხლი 8 მიზეზობრივი კავშირის შესახებ, რომელიც ერთადერთი შემთხვევაა ევროპაში ურთულესი პრობლემის საკანონმდებლო რეგულაციისა;
  • _ მას ეკუთვნის სისხლის სამართლის ისეთი საკანონმდებლო პრინციპი, როგორიცაა `ტიპობრივი ვალენტობის პრინციპი~;
  • _ იგი გახლავთ შემოქმედი ისეთი ქმედითი კვლევითი ინსტრუმენტისა, როგორიცაა რეტროსპექტიული მეთოდი;
  • _ მინდია უგრეხელიძემ შემოიტანა, ავითარებს და ნერგავს სამართლის მიეცნიერების სრულიად ახალ მიმართულებებს, როგორიცაა ნომოლოგია, ლეგიმერტრია და სამართლის დიმენსიოლოგია.
  • _ მის სახელს უკავშირდება `ქართულ (საბჭოთა) ენციკლოპედიაში~ ატომური სამართლის (კანონმდებლობის) ტერმინის მეცნიერული განმარტება, რომელიც უცხოა ყველა სხვა უნივერსალური ენციკლოპედიისათვის;
  • _ სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად მან შემოიღო და დანერგა ინოვაციური და პერსპექტიული პროექტები, პროგრამები და სილაბუსები.

მინდია უგრეხელიძის მეცნიერული ნაშრომები გამოქვეყნებულია 10 უცხოურ ენაზე. ლექციები და გამოსვლები ჰქონდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, გფრ, საფრანგეთი, ინგლისი, ისრაელი, და ა. შ.
მინდია უგრეხელიძეს აღზრდილი ჰყავს ქართველი იურისტების მრავალი თაობა. მასზე მოწიწებით საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის იურისტები, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ შეხება მინდია უგრეხელიძესთან. ეს არის ადამიანი, რომელზეც შეიძლება გქონდეს სწორება, როგორც იურისტზე და როგორც ადამიანზე. მისი აღზრდილები ყოველთვის იამაყებენ, რომ მათი მასწავლებელი იყო მინდია უგრეხელიძე.

საიუბილეო საინიციატივო ჯგუფი

ბატონ მინდია უგრეხელიძეს გულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 75 წლისთავს.
მან წინააღმდეგობებით სავსე გზა ღირსეულად განვლო, საეთაშორისო აღიარება მოიპოვა და ყველგან და ყოველთვის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
დიდად გვახარებს, რომ ასეთი მაღალი რანგის იურისტი დღეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორია და მომავალ თაობებს ზრდის.
ღმერთმა დალოცოს ბატონი მინდია და კვლავაც დიდხანს ამსახუროს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ილია მეორე
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

მეტის ნახვა
18-10-2018, 06:00


გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის ცენტრის „ენა, ლოგიკა, მეტყველება“ მკვლევარი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევებისა და მულტიკულტურული განათლების ცენტრის სპეციალისტი, ბატონი გია კვაშილავა.

– წლევანდელი წელი პროდუქტიული იყო. მრავალ ქვეყანაში ვიყავი, ბევრმა გაიგო ჩემი სამეცნიერო კვლევების შესახებ, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოზე, მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე მსოფლიომ კვლავაც ძალიან ცოტა იცის.
25 წელიწადი არ არის, ალბათ, საკმარისი დრო იმისთვის, რომ გაგვიცნოს მსოფლიომ. ხელოვნებაში, ასე თუ ისე, გვაქვს ცნობადობა, მაგრამ მეცნიერებაში ნაკლებად.

თუნდაც კორეა და აზიის სხვა ქვეყნები ცდილობენ მეცნიერებაში თავი გამოიჩინონ, მაგრამ საქართველო, ამ მხრივ, ძალიან ჩამორჩება.
აკადემიკოსი, ბატონი თამაზ გამყრელიძის სიტყვებით ვიტყვი: „დღეს უნიკალური შანსი გვეძლევა ქართული კულტურის მსოფლიოში გაცხადებისა და დემონსტრირების, და ეს შესაძლებლობა ღირსეულად უნდა გამოვიყენოთ“.
მე, მაგალითად, კონფერენციებზე ზოგს რუსი ვეგონე, ზოგს — თურქი. დიდხანს დამჭირდა იმის ახსნა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არის სახელმწიფო.

მეკითხებოდნენ — ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო არის?

– არც კავკასიის შესახებ სმენოდათ რამე?

– მართებულად შენიშნეთ და ახლა ზუსტად კავკასიაზე და კავკასიურ მოდგმაზე მინდა გესაუბროთ. ალბათ გსმენიათ იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის შესახებ?

– დიახ.

– უფრო დაწვრილებით რომ გითხრათ, ბლუმენბახი გახლდათ გერმანელი პროფესორი, მედიცინის დოქტორი გიოტინგენის უნივერსიტეტში. იგი მოღვაწეობდა მე 18 ს-ის ბოლოს. იყო ანთროპოლოგიის ფუძემდებელი და ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი. სწავლობდა ადამიანის ორგანოების ფორმებსა და აგებულებებს.

მან კვლევისთვის დედამიწის ყოველი კუთხიდან შეკრიბა 245 ადამიანის თავის ქალა, შეისწავლა და დაწერა მონოგრაფია „ადამიანთა მოდგმის ბუნებრივი სახეობების შესახებ“. ბლუმენბახმა გააკეთა მრავალი ღირებული დაკვირვება ანთროპოლოგიაში, ფიზიოლოგიასა და შედარებით ანატომიაში.
1795 წლის 11 აპრილს მან გიოტინგენის უნივერსიტეტში მესამედ გადამუშავებული მონოგრაფია წიგნად გამოსცა.
მან ამ წიგნში სრული და ნათელი წარმოდგენა მოგვცა ქართველთა ყველაზე ლამაზ მოდგმაზე.

წარმოგიდგენთ ციტატას წიგნიდან: „კავკასიური მოდგმა — ეს სახელწოდება ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ მისი მახლობელი ტერიტორია, განსაკუთრებით კავკასიის ქედის სამხრეთი ფერდობი წარმოშობს ადამიანთა ყველაზე ლამაზ მოდგმას, ვგულისხმობ ქართველებს. ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებს იქეთ მივყავართ, რომ კაცობრიობის თავდაპირველი საცხოვრისი თუ სადმე უნდა განვათავსოთ, ყველაზე დიდი ალბათობით ამ რეგიონში“.

ამ საკითხებზე კვლევები საქართველოშიც მიმდინარეობდა. ცნობილი არქეოლოგი, ანთროპოლოგი და ეთნოგრაფი გიორგი ნიორაძე აქტიურად მოღვაწეობდა ამ მიმართულებით.

1923 წელს გიორგი ნიორაძემ თემა წარადგინა ანთროპოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე გერმანიაში, ქალაქ ტიუბინგენში. ამ მოხსენებაში მან გამოკვეთა, თუ რატომ გამოიყენა ბლუმენბახმა ტერმინი კავკასიური მოდგმა.

ნიორაძე თავის წერილში, რომელიც ივანე ჯავახიშვილს გაუგზავნა, წერს: „ბლუმენბახმა წოდება „კავკასიური რასა“ იხმარა ქართველი ქალის საპატივსაცემოდ, როდესაც მან კაცობრიობა ხუთ რასად დაჰყო (მონღოლური, ამერიკული, კავკასიური, მალაიური და ეთიოპიური).“
ბლუმენბახის ამ კლასიფიკაციაში კავკასიურ, ანუ თეთრ რასას საფუძვლად ახალგაზრდა ქართველი ქალის თავის ქალა დაედო.
მაგრამ ვინ არის ეს ქართველი ქალი და როგორ მოხვდა ბლუმენბახის კლასიფიკაციაში?

ბლუმენბახს ერთ-ერთ თავის ნაშრომში ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: 1787–1791 წლის რუსეთ-თურქეთის ომში დაატყვევეს 19 წლის ქართველი ქალი და ჩაიყვანეს მოსკოვში, სადაც იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
იმხანად მოსკოვში მოღვაწეობდა გერმანელი პროფესორი იოანე ჰილტებრანდტი. მან დაათვალიერა ცხედარი და ითხოვა, რომ ახალგაზრდა ქართველი ქალის თავის ქალა მისთვის გადაეცათ.

ჰილტებრანდტმა დაწვრილებით შეისწავლა ეს თავის ქალა, გაოცებული დარჩა მისი სიმშვენიერით და 1790 წელს, თავის ქალა პეტერბურგში მოღვაწე სამხედრო ექიმს გეორგ თომას ფონ აშს გაუგზავნა. აღფრთოვანებულმა გეორგ აშმა თავის ქალა 1793 წელს ბლუმენბახს გადაუგზავნა გიოტინგენის უნივერსიტეტში.

მე უამრავჯერ შემხვდა კვლევების პერიოდში ბლუმენბახის თეორია კავკასიური რასის შესახებ, თუმცა თვალს ვარიდებდი, რადგან არ გახლავართ ანთროპოლოგი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მაინც ჩავუღრმავდი ამ თემას. გავაგზავნე წერილი გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტში — იყო თუ არა დაცული დახურულ ფონდში ახალგაზრდა ქართველი ქალის თავის ქალა. აგვისტოს თვეში გერმანიიდან შეტყობინება მივიღე, რომ ეს ქალა ბლუმენბახის ანთროპოლოგიის კაბინეტში დაცულია. რუსეთში ინახება ამ თავის ქალის თაბაშირის ასლი, რომელზეც ლათინური წარწერა ქართულად ასე ჟღერს: „გრუზინერუმი ბლუმენბახის კოლექციიდან“.

ბლუმენბახის ტერმინი „კავკასიური მოდგმა“ იმდენად გამოყენებადი გახდა, რომ ინგლისურენოვან სამყაროში `კავკასიელი~ ნიშნავს თეთრ ადამიანს.
ამის მაგალითად ბარაკ ობამას დაბადების მოწმობას წარმოგიდგენთ.

როგორც ცნობილია, ობამას დედა თეთრკანიანია. ობამას მოწმობაში დედის გრაფაში წერია — „კავკასიელი“. ცხადია, ქალბატონი კავკასიელი არ არის, მაგრამ ეს ტერმინი ანთროპოლოგიაში იმდენად მუშა გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე გამოიყენება თეთრკანიანი ადამიანის აღსანიშნავად.

– დავუბრუნდეთ ქართველი ქალის თავის ქალას. რითი არის ის განსხვავებული და განსაკუთრებული?

– მაგალითად, აფრიკელის სახის დახრის კუთხე 70 გრადუსია, ევროპელის სახის დახრის კუთხე, ძირითადად, 80–85 გრადუსამდეა. ბლუმენბახმა წარმოადგინა თავის ქალა, რომლის დახრის კუთხე 90 გრადუსია და ეს ქართველი ქალის თავის ქალა იყო.
პეტრუს კამპერმა დასვა შეკითხვა, ხომ არ შეიძლებოდა თავის ქალის დახრის კუთხე 90 გრადუსზე მეტი ყოფილიყო? ასეთი რამ აღმოჩნდა ბერძნული ხელოვნების ნიმუშებში, მითოლოგიური ღმერთების გამოსახულებებში. მაგალითად, ნახეთ, მედეას გამოსახულება ბერძნულ წითელ ამფორაზე (ძვ.წ. 330 წ.), რომელიც ლუვრის მუზეუმში ინახება. მედეას თავის ქალის დახრის კუთხე 93 გრადუსია.

– 90 გრადუსი, ფაქტობრივად, ღვთაებებთან მიახლოებას ნიშნავს?

– ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. 

მე შემიძლია გესაუბროთ, მეცნიერული თეორიაზე, რომელიც 61 000-დან 25 0000 წლის წინ ადამიანების მიგრაციას ეხება. 
აღმოჩნდა, რომ უხსოვარი დროიდან საქართველოს ტერიტორიიდან ადამიანები ევროპასა და აზიაში ვრცელდებიან, შემდეგ აზიის გავლით გადადიან ჩრდილოეთ ამერიკაში, მერე სამხრეთ ამერიკაში და ასე განიფინებიან მთელ მსოფლიოში.

თანამედროვე კვლევებით, მტკიცდება, რომ თეთრი ადამიანი საქართველოდან გავრცელდა!

_ რითი არის განსაკუთრებული ანთროპოლოგიაში დახრის კუთხე?

– სიმეტრია სილამაზესთან და დახვეწილობასთან არის დაკავშირებული. ბლუმენბახი კიდევაც წერდა: „ქართველი ქალის თავის ქალა ძალიან სიმეტრიულია, მშვენიერი და ელეგანტურიო“.
ზემოთ გითხარით, ღვთაებებს გამოხატავდნენ სიმეტრიული ნაკვთებით და რეალობაში ასეთი სიმეტრია ქართველი ქალის თავის ქალაზეა წარმოდგენილი.

– ანუ გამოდის ისიც, რომ კაცობრიობის განვითარებაში კავკასიური რასის მოძრაობამ მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და მეტიც, მეტყველებაშიც ბევრი კავკასოიდური ელემენტი შევიდა და დამკვიდრდა?

– დღეს უკვე ცნობილია, ერთი და იგივე ძირისა და მნიშვნელობის დაახლოებით 2805 სიტყვა, რომელებიც მთელი მსოფლიოს ენებში ერთი ძირი-ენიდან არის წარმოდგენილი.

ეს ინფორმაცია ინტერნეტში ჩვეულებრივადაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ კაცობრიობის თავდაპირველი სამშობლო არის საქართველო.

ამას არ ვლაპარაკობ სატრაბახოდ. ეს არის რეალობა.

– წითელკანიანები, ყვითელკანიანები და სხვები?

– 245 თავის ქალა შეისწავლა ბლუმენბახმა და 5 ტიპად დაყო ადამიანთა რასა დედამიწაზე: მონღოლოიდური — ყვითელკანიანი რასა, ამერიკული, ანუ წითელკანიანები, კავკასიელი — თეთრი მოდგმა, მალაიური — ყავისფერი და ეთიოპური, ანუ შავი რასა. თუმცა ბლუმენბახის კლასიფიკაციაში ქართველი ქალის თავის ქალას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 

P.S.
როგორც ამ საუბრიდანაც ჩანს და როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანს პირველად საქართველოს ტერიტორიაზე ჩაჰბერა სული ღმერთმა, რომელმაც ხატად და სახედ თვისად შექმნა იგი.

იქნებ ამიტომაცაა ყველაზე პროპორციული, ანუ ყველაზე მიახლოებული ღვთაებრივ სახესთან ქართველი ქალის სახე და გარეგნობა.
აქედან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გაჩენილი პირველი ადამიანი, კავკასიური რასის ფუძემდებელი, თეთრკანიანი არსება პირდაპირ ღვთიური წარმოშობის ყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს ის ჰიპოთეზები უსაფუძვლო, როცა ზოგიერთი მეცნიერ-მკვლევარი წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, ღვთისმშობელისა და თვით იესო ქრისტეს კავკასოიდურ, ანუ ქართველურ წარმოშობაზე საუბრობს.

ქვეყნები იგონებენ ლეგენდებს, თხზავენ ისტორიებს, ჩვენ კი ვჩქმალავთ და ვმალავთ, თითქოს გვესირცხვილება ლაპარაკი, რაც სინამდვილეში ვართ, ანუ იმაზე, რომ კაცობრიობის აკვანი საქართველოში დაირწა და ადამიანმა გავრცელება საქართველოდან დაიწყო მსოფლიოში. ამაზე არათუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ხელისუფალთაც კი არ აქვთ წარმოდგენა. მაშინ, როცა ჩვენ ვეძიებთ, რაზე ავაგოთ სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, როგორ ვიცხოვროთ მომავალში, გვავიწყდება რომ თვითონ ჩვენ ვართ, თურმე, სამყაროს პირველი ადამიანები და ამის უგულებელყოფას თვით შემოქმედი — ღმერთი არ გვაპატიებს.

ირანდა კალანდაძე
ფოტოს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ „საერთო გაზეთის“ და აღმოჩენის ავტორის მითითებით.

მეტის ნახვა
8-10-2018, 15:30


კეშას ბლოგი

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო – როცა ბურჭულაძემ პოლიტკაში მოსვლა გადაწყვიტა – გადაწყვიტა და არ დაახანა:
როგორც კონფიდენციალურმა წყარომ გვიამბო, ბატონმა პაატამ ცოლი მიუგზავნა ივანიშვილს – 60 წლის პაატას უკვე სასიმღერო კარიერის გაგრძელება არ უნდა, პოლიტიკაში უნდა მოსვლა და აბა, თქვენ იცით, 9 მილიონი უნდა ამ ამბავსო.
მაშინ ვერ გაუგია ივანიშვილს, რად უნდოდა ბურჭულაძის სასიმღერო კარიერის დასრულებას და პოლიტიკაში მოსვლას 9 მილიონი და არ უყიდია ბურჭულაძე…

აბა, ბანი, იყიდება ბანი, სულ რაღაც 9 მილიონად…
აბა, ბანი, ვინ იყიდის ბანსა?

ბურჭულაძემ ასე არ იყოო, თავად უნდოდათ ჩემი ყიდვა და არ გავიყიდეო, პოლიტიკაში მთხოვდნენ მოსვლას ფულის სანაცვლოდ და ფული არ ავიღე – ისე მოვედი პოლიტიკაში, მოვედი, ვიბოდიალე და გავიქეციო.
ჰოდა, სანამ პოლიტიკაში იყო დიდი ბანი, გაიქცა და ჩრდილოეთს შეაფარა თავი, გაიქცა და რუსეთში გამოჯდა, გაიქცა და რუსულ კულტურას ჩაუჯდა…
რა ფერისაა რუსული ფული, ბატონო პაატა?
სულ ერთია ფულის ფერი, ბატონო პაატა?

ბატონმა პაატამ, მაშინ, რამდენიმე წლის წინ ბრძანა – ივანიშვილმა ჩემზე რომ თქვა, ფულს ვთხოვდი, ტყუილია, მაგრამ არ ვუჩივლებ, იმიტომ რომ მე თბილისში გაზრდილი კაცი ვარ და ვერ ვუჩივლებ, მოვიდეს და თბილისურ პასუხს გავცემო.
მანამდე ვენის ციხეში დაწერა ბურჭულაძის თბილისში გაზრდილმა შვილმა – ვენის ციხის დღიურები.
მანამდე რუსს უმღერა რუსი ჯარისკაცების მემორიალთან…
ახლა, კობას ემუქრება დავითაშვილს – უნდა გიჩივლო შეურაცხყოფისთვისო.
ანუ, ვიღაცას შეიძლება ვუჩივლოთ, ვიღაცას – არა?
ესაა თბილისელობა, ასე ითხოვს თბილისი?

ვერ უჩივლებს ივანიშვილს – ვერა, იმიტომ რომ იცის, ჩანაწერი იქნება სადღაც აუცილებლად, როგორ მიაგზავნა ცოლი, გამყიდეო, სარფიანად გამყიდე და 9 მილიონი მომიტანეო.

ქმარი 9 მილიონზე ნაკლებად ქალმა როგორ უნდა გაყიდო.
მერე იყო, გადაგდებების სერია, გადააგდო ჯაფარიძე, გადააგდო ყველა, ვინც გაეკარა და ვისაც გაეკარა – გადააგდო სახლის მეპატრონეც კი – სადაც ოფისი ჰქონდა – ოფისის ფული არ გადაიხადა, იმ კაცმა, ვისთვისაც ფული არაფერს ნიშნავს, ოფისის ფული არ გადაიხადა – რატომ უნდა გადაეხადა, ვერ მოუტანა ამ ოფისმა მოგება, ვერ გაყიდა ამ ოფისმა.

მერე იყო „იავნანა“ – საერთოდ არაფერი შეხება რომ არ აქვს „იავნანამ რა ჰქმნა?!“-სთან და ძილისპირული რომ იყო მხოლოდ.
ბევრი რამ დაიწერა ამ საქველმოქმედო ფონდზე, დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს – მაგრამ არ შეგვპასუხებია ბურჭულაძე – დოკუმენტურად როცა ვედავებით, იქ შეპასუხება არ უყვარს.

რა ქნას, თბილისელი კაცია და არ შეუძლია დოკუმენტებით საუბარი.
რა ქნას, წლებია დოკუმენტებს ვთხოვთ, არ გვაძლევს და კიდევ აქეთ ველანძღვინებით და მეტი რა ჰქნას, რას ვთხოვთ მეტს.
ხოდა, მე პირველი ვიყავი, ვინც „საერთო გაზეთი“-ს ფურცლებიდან გაგაგებინეთ, რომ გადამგდებია თქვენი ბანი, რომ ჩავიდნენ გურიაში, იმ გურიაში, სადაც გურულები გურულად მოიხსენიებდნენ ამ თბილისელ ვაჟკაცს – 8 სულიანი ოჯახი წაიყვანეს სახლის სანახავად, ოთახები აარჩევინეს ბავშვებს, ფოტოები გადაუღეს ოთახებში და სახლებში, რაღაც დოკუმენტები აკეთებინეს, მერე სოფლის გაშლილ სუფრასთან ჩასკდნენ და წამოვიდნენ.
გავიდა დრო და სახლის მეპატრონეს უთხრეს – გაყიდე სახლი, რას გველოდებიო.

გავიდა დრო და ოჯახის უფროსს უთხრეს – ვინ ხარ, ვის დაკარგვიხარ, არ გიცნობთო.
გავიდა დრო და მე მითხრეს – არ ჩავსულვართ გურიაში, ტყუილია, არ ვყოფილვართ მაგ ოჯახთან საერთოდ, არც მაგათი დოკუმენტები გვაქვს და არც მაგათი ფოტოებიო.

ფეხზე დადგა სოფელი, ობლებს ვის დაგაჩაგვრინებთ, მთელი სოფელი მოწმე არა ვართ – ერთ სუფრასთან არ ვისხედით და ობლების გახარებისთვის არ გლოცავდითო?

რა გზა ჰქონდათ, გაჩუმდნენ, გაისუსნენ – ჩაიმალნენ.
არც იმ დოკუმენტურ ფილმზე გაუღიათ ხმა, სადაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ფულს ათეთრებდა ამ თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციით, ჩრდილოვან და ჩრდილოეთის ბიზნესებზე საუბრობდნენ.

800 ათასის ღირებულების სახლები იყიდეს და ამისათვის მილიონ ორასი ათასზე მეტი ჩაირიცხეს ხელფასები.
სად გაგონილა საქველმოქმედო თანხას აჭარბებდეს ხელფასი?
სად გაგონილა აქამდე?

ნახევარი მილიონით მეტი ხელფასებზე, ვიდრე ქველმოქმედებაში?
ჩვენ რომ ბოლო ლარს ვრიცხავდით, იმ ორგანიზაციამ უნდა აიღოს ნახევარი მილიონით მეტი ხელფასებში?
ამ ორგანიზაციის სულისჩამდგმელი არ იყიდება? – ვის სჯერა ახლა მაგის.
არ იყიდება კი არა – ვერ იყიდება.

ისე, იცოდა, ეტყობა, შეჩვეული იყო, ეტყობა, თორემ, ასე ცა მოწმენდილზე ვის მოუვა თავში თავის გაყიდვა? ყიდულობდნენ, ეტყობა, მანამდე, ჰყავდა, ეტყობა მანამდე მყიდველი – მაგრამ მყიდველიცაა და მყიდველიც, თანხაცაა და თანხაც…
რა ფერის ფული გინდათ, ბატონო პაატა?

ახლაც ნაცების გვერდით დგას, ახლაც იმათ უსწორებს კუდს…
არ ღირს ნაცების გამონაცვალი ბანი 9 მილიონი.

აი, ჩვენ კი ვღირვართ, ბურჭულაძემ და მისნაირებმა ნამდვილად უნდა შემოიტანონ ბიუჯეტში მილიონები – უფასოდ არ ვუსმენდეთ ამათ ბჟუტურს – დავაწესოთ გადასახადი – დამღალა უფასო სისულელებმა – ფული რომ ექნებათ გადახდილი ამ სისულელეების საუბარში, იქნებ უფრო მარტივად ასატანი იყოს მოსმენა.

და გულწრფელად მაინტერესებს – რატომ გაიწელა ასე ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშების შესწავლა – მესმის, რომ კარგად მღერის, მაგრამ – მით უფრო მეტი მოეთხოვება ხელოვნებასთან ნაზიარებ ადამიანს, რომელიც სხვა ადამიანების ნდობას იყენებს.
თუ ჩვენ ვტყუით და ეს კაცი ცამდე მართალია – ჩვენ დაგვიჭირეთ, ჩვენ, ვინც ფაქტებით ვამბობთ, რომ მატყუარა – დაგვიჭირეთ ცილისწამებისთვის.
თუ არადა, გამოიძიეთ ბურჭულაძის საქმე, კორუფციით დაწებული, ტყუილით გაგრძელებული და ახალი ეთნოდაპირისპირების დაწყების მცდელობით დასრულებული.

თუ არადა, ეგრე როგორ გამოვა, ვისაც რაც უნდა ის თუ უნდა აკეთოს, ვისაც რა მოეპრიანება, იმის თქმა თუა შესაძლებელი?
არ მინდა, ნუ იმღერებს, არ მინდა, ნუ გამოვა საქართველოს სახელით, ისედაც სულ რუსეთის სახელით გამოდის – ნუ იმღერებს, არ გვემღერება ახლა მაინც, ახლა, როცა კაცებს ცოლები ყიდიან და ვერც ყიდიან.

გული მეწურება, როცა ვფიქრობ, რომ ფოტოებს რომ უღებდნენ ბავშვებს სახლის ფონზე, ოთახებს რომ არჩევინებდნენ – უკვე იცოდნენ, რომ ამ სახლს არ იყიდნენ, უკვე იცოდნენ, რომ ტყუილი იყო მათი სიხარული.
გული მეწურება, როცა ვფიქრობ, რომ ვიღაცისთვის საჩვენებლად უნდოდათ ის ფოტოები, რომ ეთქვათ, აი, სახლი ვუყიდეთ და ბედნიერები არიანო.
მე გული მეწურება და ის ოჯახი ისევ მიწურში ცხოვრობს.
მე გული მეწურება, ის ოჯახი მიწურში ცხოვრობს და ეს ითხოვდა კიდევ 9 მილიონს.



მეტის ნახვა
3-10-2018, 22:13


პაბლო ესკობარი - მსოფლიო მასშტაბის ნარკობარონი, და ამავე დროს ამერიკული სპეცსამსახურებს სპეცაგენტი?!

პაბლო ემილიო ესკობარ გავირია, მე 20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასტიკი კრიმინალი 1949 წელს კოლუმბიის პატარა ქალაქ როინგეროში დაიბადა. "მოღვაწობა" წვრილმანი ქურდობით დაიწყო, საფლავებს ძარცვავდა, შემდეგ ძვირადღირებული ავტომანქანების გატაცება-დაშლა-რეალიზაცია დაიწყო, ამ "ბიზნესიდან" მდიდარი კოლუმბიელების გატაცებაზე გადავიდა, საბოლოოდ კი ნარკობიზნესში ჰპოვა "ნავსაყუდელი". 24 წლის ასაკში სამ მსხვილ ნარკომოვაჭრესთან ერთად კოკაინის კარტელი დაარსა სახელწოდებით "მედელინის კარტელი" და აშშ-ის მთავარი კოკაინით მომმარაგებელიც გახდა. 1989 წელს ჟურნალმა "ფორბსმა"" მისი ქონება სამ მილიარდ დოლარზე მეტად შეაფასა.

ესკობარს ერთი დადებითი თვისება მაინც ჰქონია, კოლუმბიელ ღარიბებს ეხმარებოდა, ცდილობდა თავი კოლუმბიელ "რობინ ჰუდად" წარმოეჩინა და აქედან გამომდინარე, ღარიბთა ფენაშიც ისევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც დამნაშავეთა სამყაროში. როგორ ყიდულობდა ესკობარი კორუმპირებულ კოლუმბიელ ჩინოვნიკებს, ხოლო "ურჩებს" როგორ უსწორდებოდა უსასტიკესი მეთოდებით, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. 80-იან წლებში მან საკუთარი ბიზნესის ლეგალიზება გადაწყვიტა, 1982 წელს არჩევნებში კენჭი იყარა და კონგრესმენი გახდა, ბოლოს კოლუმბიის პრეზიდენტობაც მოუნდა, მაგრამ ბინძური წარსული გამოუქექეს. მართალია, პრეზიდენტი ვერ გახდა და პოლიტიკიდანაც გუდა-ნაბადი აუკრეს დონ პაბლოს, სამაგიეროდ სასტიკად იძია შური მისი ლუსტრირების ინიციატორ იუსტიციის მინისტრზე. ესკობარის მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქციებს, მის მტრებთან ერთად, უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა, მათ შორის ბავშვები. ესკობარის აღვირახსნილი თარეში ყელში ამოუვიდა, როგორც კოლუმბიის, ისე აშშ-ის ხელისუფლებებს და დაიწყო მასზე დევნა-თვალთვალი, სერიოზული ხიფათი, რომ იგრძნო, ესკობარმა ოჯახთან ერთად გერმანიას მიაშურა, მაგრამ ამერიკის ხელისუფლების ჩარევით, გერმანიუმ უარი უთხრა თავშესაფარზე, მისი თვითმფრინავი ჰაერიდან მიაბრუნეს კოლუმბიისკენ. საბოლოოდ, იგი 44 წლის ასაკში საკუთარ სახლში მოკლა პოლიციის სნაიპერმა. ესკობარს მეუღლე და ორი შვილი დარჩა, ვაჟი ხუან ესკობარი და ქალიშვილი მანუელა, რომლებიც მამის სიკვდილის დროს არასრულწლოვნები იყვნენ. ესკობარის ოჯახი მოგვიანებით არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად, ხუანმა სახელი და გვარი შეიცვალა, სებასტიან მაროკინის სახელით ცხოვრობდა წლების განმავლობაში. სახელ-გვარნაცვალი თავისუფალი ცხოვრებით კი ტკბებოდა, სადაც აღარ იყო სროლები და მუდმივი შიში, მაგრამ თავს მაინც არ თვლიდა ბედნიერად. მიუხედავად იმისა, რომ ხუანს მამა ძალიან უყვარდა, განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა მასთან, არ ამართლებდა მისი ცხოვრების წესს და განსაკუთრებულ სისასტიკეს. 2009 წელს ხუან ესკობარმა დედამისთან და "მედელინის კარტელის" ორ მსხვერპლთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმი "მამაჩემის ცოდვები", ამ ფილმით მან მამამისის მსხვერპლთ და კოლუმბიელ ხალხს პატიება სთხოვა პაბლო ესკობარის საქციელის გამო. მიმდინარე წელს, რუსული პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელმა სამართალდამცავებმა ხუან ესკობარი და დედამისი ნარკომაფიის ფულის "გათეთრების" ბრალდებით დააპატიმრეს. გამოძიების ვერსიით, ესკობარები ფინანსების ლეგალიზებაში ეხმარებოდნენ კოლუმბიელ ნარკობარონ ხოსე პიედრატე სებალოსს, რომელიც არგენტინის ციხეში ზის და აშშ-ში ექსტრადიციას ელოდება. ამ საქმეში ლეგენდარული სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი მაურინიო სერნაც ყოფილა გარეული.

ერთი ძალზე საგულისხმო დეტალი, წლების წინ ჩემმა რესპოდენტებმა, გამოცდილმა პოლიციელებმა მითხრეს, პაბლო ესკობარი წლების განმავლობაში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) საიდუმლო თანამშრომელი იყო, ამის წყალობით გამდიდრდა და მოიპოვა განუსაზღვრელი უფლებები. ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ 90-იან წლებში სომხეთში თვითმფრინავით შემოდიოდა ესკობარის კოკაინი. არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ორი ცნობილი "მხედრიონელის" მკვლელობაში, რომლებიც თბილისის ცენტრში ავტომანქანში ჩაცხრილეს, ესკობარის ხალხის ხელი ერიაო. ხუან ესკობარი თავის წიგნში "პაბლო ესკობარი დანაშაულის ადგილზე" წერს, რომ მამამისი კოკაინის რეალიზაციით ცსს-თვის მუშაობდა, ამ ბიზნესიდან შესული ფულით იმ დაჯგუფებებს აფინანსებდნენ, რომლებიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში კომუნიზმს ებრძოდნენ. მამაჩემი ამ სპეცსამსახურისგან ყიდულობდა ნარკოტიკების მიწოდებაზე კონტროლს, ასე რომ, მარტო ის არ შოულობდა ნარკობიზნესით ფულსო.

ტრანსნაციონალური კრიმინალი და საქართველო

პროფესიონალმა "ოპერატივნიკმა", პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგნიძემ ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყანაში აშკარად იკვეთებოდა საერთაშორისო კრიმინალის არსებობის ნიშნები. ყველა ქვეყნის დამნაშავეთა სამყარო ცდილობს ე.წ. შეუმდგარ ქვეყნებში დაიმკვიდრონ სათანადო ადგილი, ასეთ ქვეყნებში იგულისხმება მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის, საქართველო. ადგილობრივი მოსახლეობა ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გარბის, სამაგიეროდ უამრავი უცხოტომელია აქ დასაქმებული, რომლებსაც მყარი ვალუტით უხდიან ხელფასს, ერთია, ვალუტის უზარმაზარი ნაკადი რომ გაედინება ქვეყნიდან და ლარი უფასურდება, საქართველო უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ერთეული "იმპორტული" თვითდასაქმებულების გარდა, თავად უცხოელ "ინვესტორებსაც" თავიანთი ქვეყნებიდან შემოყავთ მუშახელი, რა წარსულისა და რეპუტაციისაა ეს სამუშაო "ძალა", ამას არავინ აკონტროლებს, ისევე, როგორც მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. სამაგიეროდ, ამ სამუშაოში მათ კოლოსალურ თანხებს უხდის ხელისუფლება, არც იმას ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება ეს ფული რეალობას. გავა რაღაც პერიოდი და სკანდალი ატყდება ხოლმე დიდი ფულის "მოხსნასთან" დაკავშირებით, მაგრამ მაშინვე მიაჩუმათებენ.

ინვესტორის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თაღლითებთან გვაქვს საქმე. 
ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფებები იქ მიდიან, სადაც ფული "კეთდება". ეს თურმე მსოფლიო პრობლემაა, იგივე რუსეთში ჩინელების გარდა, უკვე ნიგერიელებისა და ვიეტნამელების დაჯგუფებების პრობლემა დამდგარა და ეს უკანასკნელნი უკვე საქართველოშიც ჩამოდიან. რესპოდენტის განცხადებით, უცხოელმა კრიმინალებმა ჩვენზე კარგად იციან, სად "კეთდება" დიდი ფული, რადგან მათი "უფროსობა" კონკრეტული ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. ეს ხალხი რომ დაიჭირონ, ყველა სპეცსამსახურის ექს-თანამშრომელი იქნება, ყოფილი სპეცსამსახურელი კი არ არსებობს, მით უმეტეს საზღვარგარეთ. "აბრეშუმის გზის" მატარებელმა უკვე გაიარა საქართველოში, ასე რომ ეთნიკურ კრიმინალურ დაჯგუფებებსაც უნდა ველოდოთ, თუ უკვე არ არიან, თუნდაც უზბეკური, რადგან საქართველო დიდი ხანია ნარკოტრანზიტული ქვეყნად ითვლება. კიდევ შეიქმნება ასეთი დაჯგუფებები, ჩამოყალიბდება ჩინური მაფიის "ტრიადის" ე.წ. ფილიალი, მით უმეტეს, ამისთვის არსებობს ფონი, უამრავი ჩინელია საქართველოში. სავარაუდოდ, ნიგერიელებსაც აქვთ შექმნილი საკუთარი კრიმინალური დაჯგუფება. ბოლო ხანს, ყველას ირანელმა ნარკოიმპორტიორ-რეალიზატორებმა აჯობეს. ირანში ეს დანაშაული სასტიკად ისჯება, ამ კუთხით საქართველო "ოაზისია", ალბათ ამ მიზეზითაცაა გამოწვეული ირანელების ასეთი მოძალება, რომლებიც მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას, განსაკუთრებით ქართულ მიწებს. 

ახლა როცა ათასი ჯურის უცხოტომელი მოაწყდა ქვეყანას, ბუნებრივია, დანაშაულის ალბათობამ იმატა. ჩვენმა უსაფრთხოების დაცვისა და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, თუ არ დაუწყიათ, სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამ კუთხით ინტენსიური მუშაობა, რასაც გამოცდილი, კვალიფიციური სპეციალისტები ჭირდება, რადგან ტრანსნაციონალურ კრიმინალში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები არიან ჩართულ-გარეულნი. ჩინელები რომ ჩამოდიოდნენ, მათ თავისი ქვეყნის სამსახურები გარკვეულ თანხას უხდიდნენ საქართველოში რომ დამკვიდრებულიყვნენ.

მსოფლიოს დიდი ხანია მაფიოზური სტრუქტურები მართავენ

ეს განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში გამოჩნდა. მაფია, იტალიური სიტყვაა და ორგანიზებულ დანაშაულობებს ნიშნავს, რომელმაც გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულიდან, უკვე საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს მათივე ქვეყნების სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ, საერთაშორისო დამნაშავეთა სამყაროს "საქმიანობა" მთლიანად მათზეა დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დაშლამ, მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროშიც. თუ მანამდე "კანონიერი ქურდი" ქმნიდა თავის გარშემო დანაშაულებრივ ბანდას, 90-იანი წლებიდან კრიმინალური ე.წ. სააქციო საზოგადოებების ჩამოყალიბება დაიწყო, რომელთაც გარკვეულ პირთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. აქ შედიოდნენ, როგორც სპეცსამსახურის წარმომადგენელი, ისე ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ჩინოვნიკი და ა.შ. კრიმინალური სამყაროს მართვას თურმე ყოველთვის ცდილობდნენ სახელმწიფოების პირველი პირები და ხანდახან წარმატებითაც. ცნობილი იურისტის ჰელმუტ შტიბერის თეორიის მიხედვით ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში "კანონიერი ქურდის" ორდენი, ამერიკელი განგსტერების მაფიოზური დაჯგუფებები, იაპონური "იაკუძა", ჩინური "ტრიადა" და სხვა დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობითაც ახდენდნენ ხელისუფლებები ხალხის დამორჩილებას და დაკაბალებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვითონ სახელმწიფოები გახდნენ კრიმინალურები, რისი მაგალითებიც უამრავია უახლეს ისტორიაშიც. თუ პოსტსაბჭოთა კრიმინალურმა სამყარომ კაპიტალისტური ქვეყნების ზეგავლენით განიცადა ცვლილება, თავის მხრივ კაპიტალისტური სამყაროს კრიმინალურმა სფერომაც განიცადა ცვლილება პოსტსაბჭოთა სივრცის გამოისობით. იქ "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი არ არის, მაგრამ ჩამოყალიბდნენ ე.წ. კარგი ბიჭები, რომლებსაც სერიოზული ავტორიტეტი გააჩნიათ და სიტყვაც ეთქმით. 

რაც შეეხება საქართველოს, დღეს აქაც ყველა ქვეყნის კრიმინალი ცდილობს დაფუძნებას, რადგან, როგორც კი ქვეყანაში ვითარება მოწესრიგდება, მერე ძალიან ძნელი იქნება საკუთარი "ნიშის" დამკვიდრება. უცხოტომელები ცდილობენ თავიანთი ე.წ. გეტოების შექმნას, დამცავი ბარიერების გაძლიერებას. ჩვენმა შს სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა რამდენი მოთხოვნაც არ უნდა გააგზავნოს "ექსპორტიორ" ქვეყნებში, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია ამ ხალხის შესახებ, არცერთი ქვეყნის სპეცსამსახური არ გვეტყვის სიმართლეს. უცხოტომელების პოზიციები სულ უფრო მყარდება, რადგან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, მედია და ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც საკმაოდ საეჭვო წყაროებიდან ფინანსდებიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ იმიჯი შეულახონ უსაფრთხოების დაცვისა და პოლიციის ოპერატიულ სამსახურებს, ღიად ეწევიან მათ დისკრედიტაციას. ე.წ. სამოქალაქო სექტორი და მედიასაშუალებების ნაწილი ძალიან კარგად ხვდება, რომ ამ აჟიოტაჟით ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრიან, მაგრამ მსუყე გრანტების გამო, ყველაფერს კადრულობენ.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
29-09-2018, 18:30


კეშას ბლოგი

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მაღალჩინოსანი თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით.
სქემა ჰქონდათ შემუშავებული, აგზავნიდნენ წამლის შემოსატანად ადამიანს, მერე ხვდებოდნენ, ყიდნენ, მერე ისევ აგზავნიდნენ.

წამალი ხან პრეზერვატივებით შემოგვქონდა, ხან უკანა ტანითო.

იგივე დღეებში გამოვლინდა – 15 აფთიაქში ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ გაყიდვის ფაქტი და მეტიც, ამ ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახურიში შესულ ზარების რეაგირების გარეშე დატოვების გამო – იქაც დააპატიმრეს ჯანდაცვის სამინისტროს კადრი.
ხოდა, ამბობენ, გახარია მაგარია, რა ქნაო.

მე მაშინ ვამბობდი, მაგარი რაღაც გააკეთა-თქო, როცა კლუბ ბასიანში ნარკოტიკის აღმოსაჩენად შევიდა.
ენთუზიაზმი შემეცვალა – როცა ნარკოდეკრიმინალიზაციის მოთხოვნით შეიკრიბნენ ახალგაზრდები და პირობა მისცა – ამ საკითხს განვიხილავო.
მერე გავიდა დრო და მე მტყუანი აღმოვჩნდი, მე, რომელიც ჩემი ქვეყნის შსს მინისტრს უჭერდა მხარს – გავმტყუნდი და ჩემი მკითხველებიც გავაცურე – გამოდის.

არ მრცხვენია, შეცდომის აღიარება, მართლა მეგონა კლუბ ბასიანში ნარკოტიკი – ვინ იფიქრებდა, რომ ამხელა სპეცოპერაცია წინასწარი დაზვერვის გარეშე ჩატარდებოდა.

ვინ იფიქრებდა, რომ ნარკოტიკთან ბრძოლა დეკრიმინალიზაციით დასრულდებოდა.

ვინ იფიქრებდა, რომ მერე მარიხუანის პლანტაციის გაშენებას მოისურვებდნენ, ან არ მოისურვებდნენ, მაგრამ მაინც ასე გვეტყოდნენ.
ყველა მართალი იყო, ვინც ამბობდა და წერდა, რომ ბასიანი რამდენიმე დღეში გაიხსნება ისევ და ეს ფარსი იყო.
ისინი მართლები იყვნენ და მე ვიყავი მტყუანი, მე – ფხიზელი და არადაბოლილი, ფხიზელი და არანარკოტიკმომხმარებელი.
ახლა არ მჯერა, არ მჯერა, რომ მხოლოდ ერთი თანამშრომელია გარეული ნარკობიზნესში.
არ მჯერა, რომ გულწრფელად ელოდნენ ბასიანში ნარკოტიკს.

დავიჯერო, ასე რთულია, რამდენიმე აგენტი მიუჩინო ქალაქს გადაცმულნი – იარონ ხოლმე ქალაქის კლუბებში საღამოობით – ზუსტად რომ ვიცოდეთ, სად იყიდება ნარკოტიკი – რომლის გამოც, რეამინაციებში მომაკვდავი ახალგაზრდების რიგი დგას.

წლობით ყიდის ნარკოტიკს ის, ჩვენი შვილების ნარკოსიფხიზლეს უნდა დარაჯობდეს და ჩვენ რატომ ვეძებთ ბარიგებს გარეთ და ყასიდად?
აი, არაერთხელ დავწერე, რომ ზუსტად ჩემი სახლის წინ ფსიქოტროპულ აფთიაქში არასრულწლოვნებზე ყიდიან ფსიქოტროპულ წამლებს, იგივე აფთიაქში ფარმაცევტის მოკვლა სცადეს, დანით ყელი გამოჭრეს და საბედნიეროდ გადარჩა. კი, თავდამსხმელი დაიჭირეს, მაგრამ არ დაუწყია მოკვლევა აფთიაქის საქმიანობის შსს-ს, მაშინაც არ დაუწყია.

ერთხელ პატრულმა გააჩერა იგივე აფთიაქთან არაფზიზელი ახალგაზრდა, აფთიაქარმა ეგრევე ფანჯარა გადაკეტა, თითქოს, 24 საათიანი აფთიაქი საღამოს უკვე იკეტებოდეს, მცირე კამათის შემდეგ – პატრულმა ახალგაზრდას უთხრა: – გაგიმართლა, კარგ ხასიათზე ვართ, გიშვებთო.
მე შემხვდა მაინც და მაინც ცუდ ხასიათზე პატრული.

ასე ხასიათ-ხასიათ ირყვნება კანონი.
ასე ხასიათ-ხასიათ ვსხდებით ნარკოტიკზე.

როგორ უნდა გაუბედოს აფთიაქმა ცხვირწინ კარის მიხურვა სამართალდამცველს – მაგრამ, პატრონი ეყოლებოდა და მისცა თავს უფლება.
15 აფთიაქის გარდა, არავინ ყიდის ფსიქოტროპულ წამლებს რეცეპტის გარეშე?

ჩატარდა მოკვლევა?

ქვეყნის ორი სამინისტროს წარმომადგენელია დაკავებული ნარკოტიკის გაყიდვის და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე და 15 აფთიაქია გამოვლენილი, როგორც გვეუბნებით, თხუთმეტივე ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მეშვეობით.
ხოდა, დანარჩენ აფთიაქებში რა მდგომარეობაა, გრძელდება, ალბათ, მოკვლევა, ხო? დანარჩენ აფთიაქებში რა ხდება, იმ აფთიაქებში, საიდანაც არ დაურეკავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, ასეთი საგანგაშო ფაქტების მერე?

ამას წინათ თავი ამტკივდა, გამაყუჩებლისთვის ფსიქოტროპულში შევედი, ყველაზე ახლოს ის იყო, სამი კლიენტი იყო ჩემამდე, ყველა გაჩუმდა, მე გამატარეს უსიტყვოდ, ფარმაცევტიც მე მომემსახურა ეგრევე, ისე გამოვედი, ხმა არ გაუღიათ. შეგრძნება მქონდა, იატაქქვეშა ორგანიზაციას მივაგენი. ცნობენ ეგენი ერთმანეთს, მომხმარებლებს ცნობენ და თუ მცირედი აზრი მაინც მოეკითხებათ, უცხოს თანდასწრებით არ ყიდულობენ, მაგრამ ვიდეოკამერებია ყველა აფთიაქში და ამოიღეთ ჩანაწერები, მოკვლევაც და აგენტების მიგზავნაც არ დაგჭირდებათ.

ქვეყნის ორი სამინისტროს თანამშრომელი დაიჭირეს ნარკოტიკის გაყიდვის და ხელის დაფარების ფაქტზე – ახლა, ამ წამს, ქვეყნის ორი სამინისტრო უნდა იდგეს ფეხზე, გადამოწმება უნდა მიდიოდეს მინიმუმ ყველა იმ ადამიანის, რომლებსაც ამ სამმართველოებთან ჰქონდათ შეხება, იქნებ კიდევ სხვებიც ყიდიან ნარკოტიკს, იქნებ, კიდევ სხვებიც აფარებენ ხელს.

მე რა ვქნა, როგორ ვენდო ჩემს მინისტრებს და სამინისტროებს?

მე რა ვქნა, მე რომელსაც კარგ ხასიათზე მყოფი პატრული წლებია აღარ შემხვედრია)
მე რა ვქნა, როგორ მივაწვდინო ჩემს მინისტრს ხმა, პროტესტის ნიშნად დავბოლდე და რუსთაველზე დავდგე?
მე რა ვქნა, სად გადავმალო შვილი, რომ ნარკოტიკი არავინ მიაჩეჩოს, არავინ აიძულოს, ნარკოტიკთან შეხება.
არ მითხრათ, რომ ვერ აიძულებენ, არავის დაჰყოლია მუცლიდან ნარკოტიკების სიყვარული.
რა ვიცი, დიდხანს ვიფიქრე და მაინც ვერ მივხვდი, რა აქვს საამაყო მინისტრს, რომლის ერთ-ერთი სამმართველოს მაღალჩინოსანი ბარიგაა.
იქნებ, იქნებ ბასიანში მართლა რომ ეპოვნა დაპირებული ნარკოტიკი…

იქნებ, იმ მკვლელი ნარკოტიკის შემომტანი რომ ეპოვნა…
არც ახლაა, იქნებ მთლად გვიანი.

თუ ბარიგების მფარველებს და ზებარიგებს გამოავლენს.
თუ მკვლელ ბარიგებს იპოვნის.
თუ პასუხისმგებელ პირებს დაგვისახელებს, თანამშრომლებზე პასუხისმგებელ პირებს.
თუ ყველა აფთიაქი გადამოწმდება.
თუ პატრული ხასიათით კი არა, კანონით იმოქმედებს.
თუ დაცული ვიქნები ჩემს ქვეყანაში.
თუ იმაზე ფიქრი არ მომიწევს, სად გადავმალო შვილი…

მეტის ნახვა
29-09-2018, 15:00


ვაგრძელებთ ინტერვიუების ციკლს "წარმატებული ქართველი ექიმები".

გვესაუბრება იოსებ ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი არჩილ ხომასურიძე.

_ ბატონო არჩილ, მოდით, ზოგადად, შეაფასეთ ქართული სამედიცინო სფერო. რა მდგომარეობაა დღეს ქართულ მედიცინაში?

_ მწარედ მეღიმება და უნდა გითხრათ, ძალიან მძიმე ვითარებაა. მაგალითად, როცა თვითონ მე მჭირდება მკურნალობა, ვფიქრობ, ვის მივმართო. მაშინ, როცა, თუ არ ვცდები, 46 000 სერთიფიცირებული ექიმია საქართველოში. ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს, თუმცა ძირითადი მაინც განათლების დაბალი დონეა.

პირადად მე გახლავართ მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და თვითკრიტიკულიც ვარ, როცა მედიკოსების განათლებაზე ვლაპარაკობ.

მთელი ცხოვრება მივუძღვენი რეპროდუქტოლიოგიას, რომელიც მე დავაარსე საქართველოში, ანუ უშვილობის მკურნალობას, ქალთა კონტრაცეპციას, სქესობრივ მოშლილობებს, იმპოტენციას, კლიმაქსს და ა. შ.
ამ დაავადებების მკურნალობა დაიწყო და წარმატებით გრძელდება ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია.

ბოლო 30 წლის განმავლობაში რა ნოვაციაც არის დანერგილი რეპროდუქტოლოგიასა და მეანობა-გინეკლოლგიაში, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჩვენს დაწესებულებაში არის განხორციელებული. კერძოდ, ლაპარასკოპიური ოპერაციები პირადად ჩემი ინიციატივით, ბატონმა ედუარდ ვეინბერგმა დანერგა ჩვენს ინსტიტუტში. ეს მოხდა 1986 წელს. პირველი ენდოსკოპიური ოპერაცია ჟორდანიას ინსტიტუტში გაკეთდა.

ბრწყინვალე ქირურგი გახლდათ აწ გარდაცვლილი ედუარდ ვეინბერგი. ღვთით ბოძებული ნიჭი ჰქონდა. ჩვენმა ინსტიტუტმა დანერგა კონტრაცეპცია, ინვიტრო განაყოფიერება. ჩვენთან დაინერგა ანდროლოგიაც.

_ მაგრამ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი დღეს თითქოს უკანა პლანზე აღმოჩნდა.

_ თქვენ შეიძლება იცით, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ჟორდანიას ინსტიტუტის თანამშრომლები პირდაპირ გამოგვყარეს ჩვენი ისტორიული შენობიდან და ამან გარკვეულწილად, უარყოფითი გავლენა იქონია მის საქმიანობაზე.
როგორც ჩემს ყურს მოსწვდა, თავის დროზე, ამ შენობით და თვითონ რეპროდუქტოლოგიით სანდრა რულოვსი იყო დაინტერესებული. ის სწავლობდა კიდევაც რეპროდუქტოლოგიას, მაგრამ მერე თავი დაანება. ეტყობა, მიხვდა, ასე ადვილი არ არის ამ დარგის შესწავლა.

იმ ხანებში, როცა კახა ბენდუქიძე ყველაფერს ყიდდა "სინდისის" გარდა, ჩვენს შენობასაც დაადგეს თვალი. შემოგვთავაზეს, თვითონ გვეყიდა ეს შენობა, მაგრამ ვერ შევძელი იმდენი თანხის მოძიება, რასაც გვთხოვდნენ და მაშინ უკვე როგორც ჩანს, ამ "ბრძოლაში" აქტიურად ჩაერთო კეზერაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილი. ვინ გაიმარჯვა, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ გამოგვაგდეს იქიდან.

_ რამდენს გიფასებდნენ შენობას?

_ 300 დოლარი ერთი კვადრატული მეტრი. ამდენი ფული საიდან უნდა მეშოვნა? და ამ დროს გამოჩნდნენ ე.წ. ინვესტორები, რომლებიც გვპირდებოდნენ _ მედიცინას ხელს არ ვახლებთ, თქვენ იმუშავეთ, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთო. როგორც კი ხელი მოვაწერე შეთანხმებას, დაიწყეს ჩვენი შევიწროება და იძულებული გავხდით, წამოვსულიყავით იქიდან.

ჩემი ცხოვრება შევწირე ამ ინსტიტუტის წარმატებულ ფუნქციონირებას და რეპროდუქტოლოგიის დაარსებას, აბორტების სრული ლიკვიდაცია მოვახდინეთ, ინვიტრო განაყოფიერებით დღემდე თითქმის 8000 ბავშვია დაბადებული. საზოგადოება იცის ვის მიერ გაკეთდა ეს, მაგრამ არჩილ ხომასურიძის პერიოდში დაიშალა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი. როგორ მებრძოლა "ავტორიტეტებთან"?!

მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ და დაშლილ-დაფანტული ჟორდანიას ინსტიტუტისგან ისევ შევქმენით გუნდი, რომელიც დღეს კვლავ წარმატებულად საქმიანობს.

მუშაობა დავიწყეთ 2012 წელს. შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ალტერნატივა.

_ ძველი შენობა კოსტავას ქუჩაზე შეფუთულია. არავინ იცის, რის აშენებას აპირებენ იქ.

_ ის ისტორიული შენობა შეფუთული კი არა, შიგნიდან მთლიანად დანგრეულია. დარჩენილია მხოლოდ გარე ფასადი. ის 1000-წლოვანი ნაძვი, ინსტიტუტის ეზოში რომ იდგა, მოჭრეს. გააოხრეს იქაურობა.

_ აქ, ამ ახალ კლინიკაში, დღეს ყველა გინეკოლოგიურ დაავადებას მკურნალობთ?

_ რა თქმა უნდა. ჩვენთან ყველაფერი იგივეა, რაც იყო თავიდანვე ჟორდანიას ინსტიტუტში.
იკითხავთ, რა ხდება ახალი?!

ახალი თითქმის ყოველ დღე ხდება. ჩვენ ვაკეთებთ ინვიტრო განაყოფიერებებს და დღეში რომ თუნდაც ასეთი გზით ერთი ბავშვი დაიბადება, არ არის ახალი ამბავი?

მაგალითად, მამაკაცების საიმედოდ შემიძლია გითხრათ, რომ თუ დაახლოებით, 30 წლის წინათ, მამაკაცი უნაყოფოდ ითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მისი სპერმატოზოიდების რაოდენობა სპერმაში 80 მლნ-ზე ნაკლები იყო, ახლა თუ თუნდაც ერთი სპერმატოზოიდი, ისიც ცუდად მოძრავი თუ არსებობს მამაკაცის ორგანიზმში, ისიც შეგვიძლია "გავაცოცხლოთ" და ხელოვნური განაყოფიერება განვახორციელოთ.

ქალთა რეპროდუქტოლოგიაში უფრო რთული ვითარებაა, მსოფლიოში ქალების 40% ინვიტრო განაყოფიერებას საჭიროებს.
საქართველოში უშვილობის მკურნალობა მაღალ დონეზეა და მიმაჩნია, რომ იოსებ ჟორდანიას სურვილი ამ მხრივ, ჩვენ შევასრულეთ და ყველა სამედიცინო სიახლე, რომლითაც შესაძლებელია უშვილობის მკურნალობა, საქართველოში დავნერგეთ.
ამ კუთხით კარგად მოღვაწეობენ ჩემი ყოფილი მოწაფეები, შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის ქართველი სპეციალისტები: გია ცაგარეიშვილი, ლია ჭყონია და სხვები.

ასე რომ, ტრადიცია გრძელდება და ჟორდანიას ინსტიტუტი კვლავ ხალხის სამსახურშია.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
25-09-2018, 18:00


ჯო დისპენზა თანამედროვეობის უდიდესი მეცნიერია. ბიოქიმიკოსი, ნეიროფიზიოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, სამი შვილის მამა და ურთიერთობებში ძალიან უშუალო ადამიანი. ლექციებს კითხულობს იუმორით და ნეოროფიზიოლოგიაზე საუბრობს ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე. მეცნიერეთაგან, ერთ-ერთი ენთუზიასტია ვინც დაინტერესებულ ადამიანებს თავის 20-წლიან მეცნიერულ გამოცდილებას აცნობს.

დოქტორ ჯო დისპენზამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. ნეიროფიზიოლოგიის და ტვინის შესაძლებლობების გამოკვლევები დაიწყო, დისპენზას ავტოკატასტროფის შემდეგ შესთავაზეს დაზიანებული ხერხემლის მალების იმპლანტებით ჩანაცვლება, რომელიც მიიყვანდა გამუდმებულ ტკივილამდე. ექიმები თვლიდნენ, რომ მხოლოდ ასე თუ შეძლებდა ფეხზე წამოდგომას და გავლას. მაგრამ დისპენზამ გადაწყვიტა აზრების დახმარებით აღედგინა ჯანმრთელობა. ცხრა თვიანი თერაპიის შედეგად, მან შეეძლო სიარული. სწორედ, ამან უბიძგა გამოეკვლია გონების შესაძლებლობები. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე, იმ ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა გახდა, ვინც გაიარეს სპონტანური რემისია. ექიმების დასკვნით, მათ ჰქონდათ უმძიმესი დიაგნოზი და მოხდა ამ დაავავდებებისგან „სპონტანური“ და დაუჯერებელი გამოჯამრთელება, ტრადიციული მედიცინის ჩარევის გარეშე. 

თავის წიგნში ჯო დისპენეზა სვამს ლოგიკურ კითხვას, თუ ჩვენ, აზრებით ხშირად გამოვიწვევთ ორგანიზმში ნეგატიურ შეგრძნებებს, საბოლოო ჯამში იქცევა თუ არა ის, ნორმად? ადამიანში გონებრივი შესაძლებლობების გამოსავლენად, დისპენზამ, ჩაატარა შემდეგი ექსპერიმენტი, ადამიანები რაოდენობა დაყო ორ ჯგუფად. ადამიანები პირველი ჯგუფიდან, დაევალათ ზამბარიან ღილაკზე, ერთი და იგივე თითის დაჭერა. მეორე ჯგუფს, მხოლოდ და მხოლოდ, დაევალა გონებაში წარმოედგინათ, რომ ერთი და იგივე თითს აჭერდნენ ღილაკს. შედეგად, პირველ ჯგუფში მონაწილეთა თითზე, კუნთი გამაგრდა ოცდაათი პროცენტით, მეორე ოცდაორი პროცენტით. ფიზიკურ მაჩვენებლებზე ასეთი გავლენა, ნეირონული ქსელის მუშაობის შედეგს წარმოადგენს. ამიტომ დისპენზამ დაასკვნა, რომ ტვინისთვის არანაირი განსხვავება არ არსებობს მატერიალურ და წარმოასხით სიტუაციებს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მოვახდენთ ნეგატიურ აზრებზე კონცენტრაციას, ჩვენი გონება აღიქვამს მას როგორ რეალურს და იწყება შესაბამისი ცვლილებები ორგანიზმში. მაგალითად ავადმყოფობა, შიში, აგრესია…ჯო დისპენზას, კიდევ ერთი გამოკვლევა ეხება — ემოციებს. ემოციური ქცევა აყალიბებს მყარ ნეირონულ ქსელს ანუ მიდრეკილებას, ამა თუ იმ ფორმაზე ემოციურ რეაგირებას. თავის მხრივ, ამას გაჰყავს ადამიანი განმეორებად შეცდომებზე. იმის გამო, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს მათი წარმოქმნის მიზეზს, ებმება, ერთსა და იგივე ხაფანგში! მიზეზი კი მარტივია — თითოეული ემოცია “შეიგრძნობა” სხეულში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ნაკრების გადასროლის შედეგად და ორგანიზმი, ასე ვთქვათ, “დამოკიდებული” ხდება ამ ქიმიური შენაერთზე. მისგან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოხდება “დამოკიდებულების“ გააზრება — როგორც ფიზიკური დამოკიდებულების. მთავარია, მხოლოდ გააზრებული მიდგომა. ის აქტიურად იყენებს კვანტური ფიზიკის უკანასნელ მიღწევებს და საუბრობს იმ მოახლოებლ დროზე, როდესაც ადამიანებისთვის არ არის საკმარისი უბრალოდ, რაღაცის გაგება, არამედ მოვიდა დრო, თითოეული გახდეს მზად, მიღებული ინფორმაცია ცოდნა გამოიყენოს და დანერგოს პრაქტიკაში.“რა საჭიროა ელოდო განსაკუთრებულ მომენტს ან თუნდაც, ახალი წლის დადგომას, რომ კორდინალურად უკეთესობისკენ შეცვალო ცხოვრება და აზრები? უბრალოდ დაიწყეთ ამის კეთება პირდაპირ ახლავე, შეწყვიტეთ ყოველდღიური ნეგატიურიმომენტების შეგროვება, განთავისფლდით მათგან. მაგალითად, დილით უთხარით თავს, “დღეს ვიცხოვრებ ისე, რომ არავის განვიკითხავ” “მე დღეს არაფერზე არ ვიწუწუნებ “, “მე დღეს, არ ვიქნები გაღიაზიანებული”…დღის მანძილზე გაკეთეთ რაღაცეები სხვანაიარი თანმიმდევრობით, მაგალითად, თუ ჯერ იბანთ და მერე იხეხავთ კბილებს, გააკეთეთ პირიქით ან აიღეთ და აპატიეთ ვიღაცას. უბრალოდ ისე, უმიზეზოდ. დაანგრიეთ ჩვეული კონსტრუქცია!!! თქვენ იგრძნობთ თავს უჩვეულოდ და ეს ახალი შეგრძნებები ნამდვილად მოგეწონებათ. არაფერს ვამბობ, ორგანიზმში და ცნობიერში წარმოაქმნილ გლობალურ პროცესებზე და ცვლილებებზე! დაიწყეთ, მიეჩვიეთ საკუთარ თავზე ფიქრს და გამართეთ დიალოგი საკუთარ თავთან როგორც, საუკეთესო მეგობართან. აზროვნების შეცვლა მიგიყვანთ, ფიზიკურ სხეულში ღრმა ცვლიებებთან. დაფიქრდით, გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს და უპასუხეთ კითხვებს:“ვინ ვარ? რატომ ვარ ცუდად?რატომ ვცხოვრობ ისე, როგორც არ მინდა ვიცხოვრო?რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში?რა არის ის, რაც ხელს მიშლის?რისგან მინდა განთავისუფლება?” და ასე შემდეგ. თუ კი კითხვებზე მძაფრად რეაგირებთ, გაჩერდით და მიიღეთ გადაწყვეტილება: ახლებურად შეხედოთ ან არ გააკეთო რაღაცა ძველებურად! ეს იმას ნიშნავს, რომ გადიხართ “გაცნობიერების” პროცესს. ეს შინაგანი ევოლუციაა. ამ დროს ახორციელებთ ნახტომს. შესაბამისად, იწყება ცვლილებები და ახალ პიროვნებას სჭირდება ახალი სხეული. ასე ხდება მოულოდნელი განკურნება: ახალი გაცნობიერებებით, დავადება ვერ გაჩერდება ძველ სხეულში, რადგან იცვლება ორგანიზმის მთელი ბიოქიმია. 

თქვენი ახალი აზრები მიგიყვანთ ახალ არჩევანთან, ახალი არჩევანი ახალ ქცევებთან, ახალი ქმედებები ახალ გამოცდილებასთან, ახალი გამოცდილება ახალ ემოციებთან ამას დაემატება გარე სამყაროდან მიღებული ახალი ინფორმაციები, რომლებიც ერთობლივად დაიწყებს თქვენი გენის ეპიგენეტიკურ (ანუ მეორად) ცვლილებას. მოგვიანებით, ეს ახალი ემოციები, თავის მხრიდან გამოიწვევენ ახალ აზრებს და ასე განავითარებთ თვითპატივისცემას, საკუთარ ძალებში რწმენას და ასე შემდეგ სწორედ, ამ სახით არის შესაძლებელი პიროვნების და შესაბამისად ცხოვრების სრულყოფა. დეპრესია — დამოკიდებულების მკაფიო მაგალითია. ნებისმიერი დამოკიდებულების მდგომარეობა ლაპარაკობს ბიოქიმიურ დისბალანსზე ორგანიზმში, ასევე მუშაობის პროცესის, „ცნობიერი-სხეული“ კავშირის დისბალანსზე. ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მათში არსებული ემოციების და ქცევის ასოცირება გაიგივებას ახდენენ საკუთარ პიროვნებასთან. ჩვენ ზუსტად ასე ვლაპარაკობთ:“მე ვარ ნერვიული”,” მე ვარ უნებისყოფო”,“მე ვარ ცუდად, ავად”,“მე უბედური ვარ” და ასე შემდეგ თქვენ თვლით, რომ თუ გარკვეულ ემოციებთან მოახდენთ იდენფიცირდებას, უკეთესად წარმოაჩენთ თქვენს პერსონას. ამიტომ ქვეცნობიერეად გამუდმებით ცდილობთ გაიმეოროთ რეაგირების ძველი სქემა ან მდგომარეობა (მაგალითად, ფიზიკური ტკივილი ან დეპრესია), თითქოს ყოველ ჯერზე ამტკიცებთ, რომ თქვენ ხართ ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ძალიან იტანჯებით! ეს დიდი შეცდომაა! ნებისმიერი არასასურველი მდგომარეობა, ემოცია თუ კი იქნება თქვენი ნება შესაძლებელია მოიცილოთ, რადგან თითოეული ადამიანის შესაძლებლოებები შემოსაზღვრულია მხოლოდ მისი ფანტაზიის უნარით და როდესაც გადაწყვიტავთ ცხოვრების შეცვლას, მკაფიოდ წარმოიდგინეთ რაც გინდათ, მაგრამ გონებაში არ გაწეროთ როგორ მიაღწევთ ამას ანუ ნუ გექნებათ “მკაცრად გაწერილი გეგმა”, შესაძლებლობების საუკეთეო “არჩევანი”, სრულებით შესაძლებელია აღმოჩნდეს მოულოდნელი. საკმარისია შინაგანად მოდუნდეთ და შეეცადო გულით გაიხაროთ იმ ამბით, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. იცით რატომ? რადგან კვანტურ რეალობაში ეს უკვე მოხდა, ისე როგორც წარმოიდგინეთ, მკაფიოდ და თან, ამ დროს, მთელი გულით გაიხარეთ. სწორედ, კვანტურ დონეზე იწყებს მოვლენები მატერიალური რეალობად ჩასახვას. მოდით, დაიწყეთ მოქმედებები და შექმენით სასურველი „იქ“. თქვენ მხოლოდ იმის გჯერათ მხოლოდ ის გახარებთ რისი შეხებაც და დანახვა შეუძლიათ, რაც უკვე რეალიზებულია. თქვენ არ იცით, როგორ ხდება რეალობის შექმნა, როგორ საჭიროებს ის თქვენს თავში რწმენას, თუმცა, ამ დროს, ვერც კი ხვდებით, ყოველდღიურად როგორ ხართ მომავლის შენებით დაკავებული, მხოლოდ ძირითადად ნეგატიურად. ამის დასადასტურებლად, საკმარისია გაიხსენოთ, რამდენად ხშირად ამართლებს თქვენი მოლოდინები, ცუდზე? ეს ცუდი მოვლენა, ფორმირებულია თქვენს მიერ და უკონტროლოდ…მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევანს გააკეთებთ აზრების და ემოციების კონტროლზე, დაიწყება საოცრებები თქვენს ცხოვრებაში. როდესაც ვიღაცა იცინის და გეუბნებათ, „რაღაც ძალიან კარგი მოხდება“ თქვენ კი ეკითხებით:”საიდან იცი?” ის კი მშვიდად პასუხობს:“უბრალოდ ვიცი…”ეს მკაფიო მაგალითია, მოვლენის რეალიზაციის კონტროლის… დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ერთხელ მაინც განუცდია, ეს განსაკუთრებული მდგომარეობა.”აი, ასეთ რთულ საკითხებზე, ასე მარტივად საუბრობს უამრავი მისი მიმდევარისთვის პატივსაცემი ჯო დისპენზა. ყველას გირჩევთ ამ ავტორის გაცნობას. “ჩვენი უმთავრესი ჩვევა უნდა გახდეს, იყო ის ვინც ხარ” და კიდევ დისპენზა გვირჩევს, არსოდეს არ შეწყვიტოთ სწავლა. ყველაზე კარგად ინფორმაციას ისრუტავთ როდესაც ხართ გაკვირვებული. შეეცადეთ, ყოველ დღე გაიგოთ რაღაც ახალი, ეს — განავითარებს და გაავარჯიშებს თქვენს ტვინს. ამ დროს, ქმნით ახალ ნეირონულ კავშირებს, რომელიც თავის მხრივ შეცვლის და განავითარებს აზროვნების უნარს. ყველაფერი ეს კი დაგეხმარებათ, საკუთარი ბედნიერების და სრულფასოვანი რეალობის მოდელირებაში.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
24-09-2018, 09:00


კეშას ბლოგი

მე მოვკვდები, ოდესმე, აუცილებლად მოვკვდები, იქნებ – ხვალ, იქნებ – 50 წლის შემდეგ – ვინ იცის.
მაგრამ, ზუსტად ვიცი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამიხსენებს, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს ეტკინება დიდხანს და გულწრფელად, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს ჩამოუგორდება ღაწვზე თბილი და ჩუმი ცრემლი…
იმიტომ, რომ სიკვდილი გაიეფდა…

არა, პოსტს ბევრი დაწერს, ვინმე ჩემს ფეისბუქგვერდზეც დამიწერს აცრემლებულ სმაილებს და ტკბილ სიტყვებს – მოდაშია ახლა ინტერნეტით მოსამძიმრება – მაგრამ, რა წამსაც თვალს მოაშორებს ჩემს ფოტოს და გვერდით გაიხედავს – სხვა უბედურებას დაინახავს და გადავავიწყდები.
წინა კვირაში 4 დაკრძალვა იყო, ჩემს მეგობარს მამა გარდაეცვალა, თანამშრომელს – დედა, ნაცნობს – 9 წლის ქალიშვილი, ძველ მეზობელს და დაეღუპა.
ერთზე ვიწყებ ფიქრს და მეორე მახსენდება, მერე მესამე, მერე მეოთხე. მერე მექანიკურად, გაუთვიცნობიერებლად, ვიწყებ არჩევას – რომელი უფრო მეტკინა – როცა ვხვდები, რას ვაკეთებ, მრცხვენია, მაგრამ არ მაქვს სხვა გზა – ვერ ვგლოვობ ოთხივეს ერთნაირად და ერთად.
სიკვდილი გაიეფდა.

დრო უნდა სიკვდილს, გლოვას დრო უნდა – რომ არ მიეჩვიო, ყოველდღიური რუტინა რომ არ გახდეს.
გარდა ამ ოთხისა, მთელი კვირა ხან ვინ წერდა ფეისბუქზე ახლობლის გარდაცვალების პოსტს და ხან ვინ.
ერთმა დღეს დაწერა: დედა მომიკლა ღამით ოთხმა კაცმა, შემოცვივდნენ, მომიკლეს და გამოწვევა მიღებულიაო.
ვერ ვხვდები, ანუ, ეს ახლა წავა და იმათ დედებს დახოცავს?
რა ეფეისბუქება – დედის ცხედარი არ გაციებია ცხვირწინ, მოკლული დედის ცხედარი.
დედის სიკვდილი როგორ შეიძლება იყოს გამოწვევა?

მაგრამ, რუტინა გახდა სიკვდილი, გაიაფდა სიკვდილი.

რუტინა გახდა ცრემლიანი სმაილები, დამამშვიდებელი ტექსტები, მისამძიმრება გახდა რუტინა.
ადრეც იხოცებოდნენო – გვეუბნებიან. წამოდით, გავიდეთ სასაფლაოებზე – მკვდრებს ვეღარ ვატევთ, ხალხნო, ბოლო ათწლეულში დასაფლავებულ მკვდრებს. სად ვიხოცებოდით ამდენნი, როდის ვიხოცებოდით ამდენნი.
- ახლა მეტი ინფორმაციაა და ვიგებთ, თორემ, ვიხოცებოდითო – მითხრეს.
9 აპრილს დახოცილ ადამიანებზე ათჯერ მეტი გარდაიცვალა ბოლო თვეში მხოლოდ ნარკოტიკით და წარბი არ შეგვტოკებია. თითი კი – თითი შეგვიტოკდა კლავიატურაზე – წარბი არა.

მე ის კი არ მადარდებს, რომ ოდესმე, როცა მოვკვდები და აუცილებლად მოვკვდები, ვინ გამოკერებია ცას – ათეულ ადამიანზე მეტს არ ჩამოცვივდება თბილი, ჩუმი და გულწრფელი ცრემლი – მე ჩემი ცრემლი მადარდებს – სად წავიდა ჩემი ცრემლი, რატომ არ ჩამომდის ყველა გარდაცვლილისთვის, როგორ და როდის ამომიშრა ცრემლი, როდის გახდა რუტინა სიკვდილი.

მაგრამ, ჩვენ ბევრნი ვწყდებით, ყოველდღიურად ვწყდებით. ვწყდებით, იმიტომ, რომ არ ვთხოვთ ექიმებს ყველა გარდაცვლილი პაცინეტის გამო ახსნა-განმარტებას, არ ვთხოვთ მთავრობას, დაგვიცვას ნარკოტიკისგან, დაბინძურებული ქალაქისგან, არ ვთხოვთ სკოლებს, დაიცვან ჩვენი შვილები, აარიდონ ცივ იარაღს და ძალადობას.

ჩვენ ყოველდღიურად ვწყდებით, ზოგი უჭმელობით, ზოგი ჭამით – უმეტესად, ნაგავს ვჭამთ, საწამლავს ვჭამთ უმეტესად, იმიტომ, რომ საწამლავი უფრო იაფი ღირს, ბევრად იაფი ღირს და ვერ ვწვდებით ჯანსაღ საკვებს, თორემ, განა გემოვნება არა გვაქვს ან არ ვიცით, რა მივირთვათ და როდის.
და რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტად სწრაფად დაგვყავს მანქანა და მით მეტნი ვემსხვერპლებით ავარიას, რაც მეტნი ვწყდებით, მით ნაკლებად ვდარდობთ სხვების სიკვდილზე – იმიტომ, რომ რუტინა გახდა სიკვდილი, გაიაფდა სიკვდილი.

რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტს ვკლავთ, სინდისის გარეშე ვკლავთ, ჩვენ ხომ ერთი დღით ვცხოვრობთ უკვე, რატომ უნდა დავინდოთ. რაც მეტად ვწყდებით, მით მეტად გვიმუშავდება სისხლზე და ძალადობაზე იმუნიტეტი…

რაც მეტად ვწყდებით, მით მეტ ღამეს ვათევთ, მით მეტ შხამს ვსვამთ და ვჭამთ, მით მეტად ვჩქარობთ წინ სიარულს და ამ სირბილში, ამ უძილობაში – მთავარი გვავიწყდება, უკან გვრჩება მთავარი.

რაც მეტნი ვწყდებით, მით მეტ კვანტს ვუდებთ ერთმანეთს, მით მეტად ვიბოღმებით, მით მეტად გვძულს, მით მეტად ვცდილობთ განდიდებას და სულ ერთი ხდება, როგორი გზით ვიშოვნით ფულს, რადგან, ხომ მაინც მოვკვდებით, ხომ მაინც აღარავის ვემახსოვრებით – მეორე დღესვე მოკვდება სხვა და დაგვივიწყებენ – ამიტომ, ერთი დღით ვცხოვრობთ, მხოლოდ დღეს და აქ ვცხოვრობთ.

რაც მეტნი ვწყდებით, მით უფრო აღარ ვუფრთხილდებით სიცოცხლეს, მით უფრო ნაკლებად ვიცავთ სიცოცხლეს, მით უფრო ნაკლებად გვიყვარს სიცოცხლე.
ასეა, რაც ნაკლებ ცრემლს დავღვრი – მით მეტად გამიჭირდება ბედნიერებით ტკბობა, რაც ნაკლებს ვიგლოვებ, მით მეტად გამიჭირდება სიყვარული, რაც ნაკლები მეწყინება – მით ნაკლები გამიხარდება.

ემოციებს გვიკლავს სიკვდილის გაიაფება და იმიტომ – რა არის ადამიანი ემოციისა და გულის გარეშე? – რობოტი სოფია?
ასე თუ გაგრძელდება, მალე ყველანი რობოტი სოფიები ვიქნებით, იმ განსხვვებით, რომ რობოტი სოფია არ დაბერდება და მოკვდება, ჩვენ კი, სიკვდილს ვინღა ჩივის, ნეტავი დავბერდებოდეთ, სიბერეს მივატანდეთ, ნეტავი.

ჩვენს გადაჯიშებას საუკუნეები ცდილობდნენ, საუკუნეები შეალიეს ჩვენს გატეხვას, საუკუნეები დასჭირდა ჩვენში ქართველის მოკვლას.
ქართველში ქართველის მოკვლა სიკვდილს შესძლებია მარტო, გაიეფებულ, რუტინად ქცეულ სიკვდილს.

რაც მეტად ვწყდებით, მით მეტს და მით უფრო ჯიუტად ვმუშაობთ ლუკმა-პურისთვის, დღეს და ღამეს ვაერთიანებთ. სტომაქს ვივსებთ და ვიძინებთ, ვიძინებთ იმაზე ფიქრის გარეშე, რა გაგვიხარდა და გვეწყინა, იმაზე ფიქრის გარეშე ვიღვიძებთ დილით – რა გვინდა სინამდვილეში, რისი კეთება და როგორ ცხოვრება.

არავინ მოუკვდება რობოტ სოფიას.

იცის მისი დანიშნულება რობოტმა სოფიამ, ყველა კითხვაზე პასუხი აქვს – რა აზრი აქვს მის არსებობას.
ზოგჯერ, მშურს ადამის და ევას, მშურს, რადგან მათ არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდათ პასუხი.
ზოგჯერ, მე ვბრაზდები ადამზე და ევაზე, რადგან მათ ზოგ კითხვაზე არასწორად იპოვნეს პასუხი.

მაგრამ, ეს ყველაფერი მაინც სჯობს, იმას, რაც ჩვენ გვჭირს – უკითხვობა გვჭირს, კითხვა არ გვაქვს, არ გვინდა კითხვის დასმა – პასუხის შიშით.
ასე ხდება, როცა სიკვდილი გახდება რუტინა, როცა სიკვდილი გაიეფდება, ასე ეკარგება მაშინ სიცოცხლეს ფასი, ასე ეკარგება ადამიანობას ფასი.
როცა ერთი დინოზავრი მოკლა სიცივემ, ცა და მიწა რომ ჩამოენგრიათ დინოზავრებს, ერთად რომ დამდგარიყვნენ – ერთმანეთს რომ გადაჯაჭვოდნენ, ერთმანეთი რომ გაეთბოთ – შეიძლება გადარჩენილიყვნენ, არ გადაშენებულიყვნენ… ან დახოცილიყვნენ, მაგრამ, ისე რომ მათ სიკვდილს აზრი ჰქონოდა, ისე, რომ მთელ მსოფლიოს ენახა ერთი ადგილისკენ მიმავალი მათი ნაფეხური, ისე, რომ კოსმოსიდან გამოჩენილი მათი ერთად და ერთმანეთზე შეზრდილი ძვლები.

რა დაგვრჩენია სამალავებში, არაფერია სანახავი ქვიშაში, რა აზრი აქვს არსებობას, თუ ვერ უნდა ვიცხოვროთ – ნუ გავხდით რუტინად სიკვდილს.
ყველა სიცოცხლისთვის ერთად დავდგეთ, ყველა სიცოცხლისთვის ერთად ვიბრძოლოთ, ყველა სიკვდილს ერთად დავუპირისპირდეთ და ერთად ვიგლოვოთ – ცხოვრება ვცადოთ, გადაჯიშების, გადაშენების, რობოტად ქცევის გარეშე.

თუ არაფერი გამოგვივა, დედამიწას სამუდამოდ დარჩება ერთმანეთისკენ მიმავალი ჩვენი ნაკვალევი.
თუ არაფერი გამოგვივა, დაე, კოსმოსმა დაინახოს ჩვენი ერთად და ერთმანეთზე გადაზრდილი ძვლები…
… ზოგჯერ, მე ვბრაზობ ადამზე და ევაზე, რადგან მათ ზოგ კითხვაზე არასწორად იპოვნეს პასუხი.



მეტის ნახვა
21-09-2018, 10:00