საქართველოს პრემიერ– მინისტრი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა გააცნობიეროს.

"მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.
ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულები ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები რთული ვითარების დასაძლევად",- წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში.


მეტის ნახვა
9-03-2018, 15:30


საქართვთველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგზ ფხალაძე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის კონკრეტულ ასპექტებს განმარტავს დააცხადებს, რომ ახალი შთანხმება, რომელიც გიორგი მარგველაშვილსა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის გუშინ  ბრიუსელში შედგა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატის შექმნა არსებული ფორმატის გაძლიერებას და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმებს გულისხმობს.

„მიღწეული შეთანხმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დღეს არსებული ფორმატების გაძლიერება და უკვე უმაღლეს დონეზე აყვანა. გარდა ამისა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის პერსპექტივები, რაც სექტორალურ ინტეგრაციას უკავშირდება, ანუ ეს არის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმები, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში მოგვცემს პირდაპირ სექტორული თანამშრომლობის საშუალებას, ევროპკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და შესაბამის კომისრებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას.

ყოველივე ეს იქნება უშუალოდ პრეზიდენტ იუნკერის მეთვალყურეობის ქვეშ ევროკავშირის მხრიდან და განსაკუთრებით დააჩქარებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპებს.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეფორმების გაღრმავებას, რათა ევროინტეგრაციის სიკეთეები ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისათვის და აბსოლუტურად ყველა დარგმა იგრძნოს ის სიკეთეები, რისი განხორციელების შესაძლებლობაც დღეს გვაქვს და ყველა მიმართულებით ინტენსიურად წარიმართოს თანამშრომლობა ევროკავშირთან“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მეტის ნახვა
9-03-2018, 14:00


ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წლის თავზე, "რუსთავი 2"-მა მორიგი "სენსაცია" შემოგვთავაზა, რომ მათ ციხიდან მძიმე დანაშაულობებში მსჯავრდებული კოტე ციხისთავი დაუკავშირდა და ამცნო, სანაია გრიგოლ ხურცილავას არ მოუკლავს, იმ პერიოდში №1 ტერორისტად შერაცხულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა მთავრობის დაკვეთითო.

კოტე ციხისთავი, რომელიც თავად გახლდათ ჭიჭიაშვილის ბანდფორმირების წევრი, მკვლელობის დამკვეთებს შორის, შს მინისტრ კახა თარგამაძესა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილსაც ასახელებს. 

ჩნდება კითხვა, თუ მართლაც პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ მკვლელობის დამკვეთ-ორგანიზატორები, რატომ დუმდა ამდენ ხანს კოტე ციხისთავი, განსაკუთრებით ნაციონალების ცხრაწლიანი მმართველობის დროს, რომლებიც გიორგი სანაიას "გულმხურვალე" ჭირისუფლებად ასაღებდნენ თავს. 

ციხისთავის ქაჯანასავით ენის ამოდგმას რომ პოლიტიკური სარჩული უდევს, ალბათ, დიდი ანალიზი არ ჭირდება, თამაზაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, სოროსის მიერ ნაკვები და ამერიკის აწ უკვე ყოფილი ელჩის იან კელის "ნაფერები" ადგილობრივი ფსევდოლიბერალების ღარიბაშვილისადმი დამოკიდებულება კარგად მოგეხსენებათ. არც ისაა უცხო, როგორ ებრძვიან ღიად თუ შეფარულად თავად ბიძინა ივანიშვილს თუნდაც თავისივე "აღზევებული" პერსონები.

ირაკლი ღარიბაშვილი და მისი წრე, როგორც ყოველთვის წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე აქტუალური, ჯერ იმ თემას შემოაგდებენ ხოლმე, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, შეიძლება მაღალ თანამდებობაზე მოგვევლინოს, შემდეგ კი წამოვა "კომპრომატების" ნიაღვარი მის საახლობლოზე. შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებია, მავანთ ღარიბაშვილი უკვე გამოაცხადეს პრეზიდენტობის კანდიდატად და დაიწყო მეორე, ტალახის სროლის ეტაპი, რომლის წყაროც კოტე ციხისთავია თავისი "აღიარებითი" ჩვენებით. როგორც ჩანს, ბევრს უფრთხობს ძილს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ალბათობა, ამიტომ ყველა ღონეს ხმარობენ, მათ შორის ბინძურ მეთოდებსაც, რომ ეს არ დაუშვან. ამ ბინძურ "ბრძოლაში" ციხისთავის გამოყენებასაც აქვს ალბათ კონკრეტული მიზეზი, სანდო წყაროს განცხადებით, ციხისთავს ეტყობა პატიმრობის ვადა ეწურება, ეშინია შოთა ჭიჭიაშვილის შურისძიების, რომელთანაც ბოლოს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ხსენებული "აღიარების" სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიას მისცემდნენო. ჭიჭიაშვილსა და ციხისთავს რომ ურთიერთობა გაუფუჭდათ, ამაზე წლების წინ თავად ჭიჭიაშვილი საუბრობდა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში. ადამიანების გატაცებაში, ბანდიტიზმსა და სხვა მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილი ჭიჭიაშვილი 2003 წლის ივნისში, მოსკოვში დააკავეს და საქართველოს გადმოსცეს. სასამართლომ მას 22@წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროდ აღიარებულ სა#7 დაწესებულებაში იხდიდა. იგი 2013 წელს, ამნისტიისა და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე გაათავისუფლეს და მალევე დატოვა საქართველო, წლებია ევროპაში ცხოვრობს. საგაზეთო ინტერვიუში ჭიჭიაშვილი კოტე ციხისთავს ნაძირალად და ნომრიან აგენტად იხსენიებს, რომელიც ძალოვნებმა "შეუგდეს", იგი პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაშიც (2001 წელი) ციხისთავს ადანაშაულებდა და ეჭვობდა, რომ გატაცების რეალური მიზეზი არა ცისკარიშვილის ნარკომოვაჭრეებისადმი ვალი, არამედ კახა თარგამაძეს, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება იყო. იმ პერიოდში ესენი მოაზრებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებად, ერთმანეთს კი უცინოდნენ, მაგრამ ზურგს უკან ძირს უთხრიდნენ, პეტრე კი ჟვანიას მეგობარი იყო. ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით, ავტომანქანა გვჭირდებოდა, ციხისთავს დავავალე მისი მოძებნა, მან კი პეტრე ცისკარიშვილი მოგვიყვანა. მოგვიანებით გავიგე, რომ ციხისთავი პოლიციის აგენტი იყო.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ დავით გაგნიძის განცხადებით, რომელიც იმ პერიოდში პანკისის ხეობას კურირებდა კოტე ციხისთავი 2000 წელს გაიქცა ციხიდან, ანუ იმ დროს, როცა სასჯელაღსრულების სისტემა უკვე იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა და მინისტრი კი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. კახა თარგამაძის ადვოკატობას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ გვაინტერესებს, როგორ გააქცია თარგამაძემ მასთან დაპირისპირებული პერსონის "სამფლობელოდან" პატიმარი? 

ერთი საგულისხმო დეტალი, კოტე ციხისთავის "აღიარების" შემდეგ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფეისბუქმომხმარებელ მირიან ყარაულაშვილის "რუსთავი 2"-სადმი მიმართვა — მოძებნეთ თქვენი ნაძირალა დამფუძნებლების "მარჯვენა ხელი" გიორგი ტახირიჩ არველაძე და ჰკითხეთ, იმ ნაძირალა სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის და თავისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კურატორობის დროს, რატომ შეუშვა ნაციონალების გამორჩეული სახეები, პეტრე ცისკარიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი ციხისთავის "კამერაში", რომელიც უკვე რამდენიმე თვის მისჯილი იყო. როგორ და რატომ სცემეს სიკვდილამდე ციხისთავს პირადად ოქრუაშვილმა, ცისკარიშვილმა და ერთმა მათივე თანამშრომელმა, რომლის გვარიც აღარ მახსოვს.

თუ ამ მკვლელობის ოფიციალური ვერსიის არ სჯეროდათ, ამდენი წელი რატომ არ იძიებდნენ, თამაზაშვილი დამნაშავე რომ ყოფილიყო, ნაციონალები დაუსჯელს დატოვებდნენ, ან რაში ჭირდებოდა მას სანაიას სიკვდილი? თელავის არასრულწლოვანთა ინსპექციაში რომ ვმუშაობდი, კოტე ციხისთავი აღრიცხვაზე მყავდა აყვანილი, როგორც ძნელად აღსაზრდელი. უჭკუო ბიჭი არ იყო, მაგრამ, როგორც დღეს, მაშინაც იყენებდნენ, მისი არ მჯერა, ოღონდ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ციხისთავი ბოლოს 2001 წელს დააკავეს, სანაიას მკვლელობა უკვე მომხდარი იყო და ხურცილავაც დაჭერილი გვყავდა. ძალიან საინტერესოა მისი დაკავების ისტორია, ციხიდან გაქცევისა და ბანდიტურ დაჯგუფების წევრობისთვის ძებნილი კაცი, პოლიციის კორდონის ცხვირწინ დასეირნობდა, ე.ი. უნდოდა რომ დაეჭირათ. ეტყობა პანკისში ვერ ჰქონდა საქმე კარგად და უნდოდა ციხეში უსაფრთხოდ ყოფილიყო. იმ ჯგუფში, რომელმაც გრიგოლ ხურცილავა შემთხვევის ადგილზე გაიყვანა, მეც ვიყავი, მე მყავდა ხელბორკილით მომაგრებული ხელზე.

რა თქმა უნდა გავესაუბრეთ, საქმესთან დაკავშირებით ისეთი სიბინძურეები მოყვა, თუნდაც გარდაცვლილი ადამიანის პატივისცემის გამო, ვერ გავიმეორებ, თუმცა არც იმის მომხრე ვარ, რომ სანაიასგან წამებული გმირი შექმნან. რომ ამბობენ სანაიას ვიდეოკასეტა ჰქონდა, რომელიც შსს-ს მაღალჩინოსნების ნარკობიზნესში ჩართულობას ამტკიცებდაო, მე სანაია პანკისის ხეობაში ჩამოსული არ მინახავს, ელენე თევდორაძე, გია ბარამიძე, პეტრე ცისკარიშვილი, კობა დავითაშვილი, ზოგი სხვა მაგათი ფრთის წარმომადგენელი ჩამოდიოდნენ. ვერ გეტყვით, რა კასეტა გადასცა ელენე თევდორაძემ სანაიას, რომელიც თურმე თვითონ არ უყურებია.

ისე ხმები სულ სხვა ჩანწერებიან კასეტაზე ვრცელდებოდა, რომელიც თითქოს სანაიას უნდა გადაეცა ასლან აბაშიძისთვის. მაგ კასეტას თავიდან ბოლომდე ვუყურეთ პოლიციელებმა, რომელსაც მერე აჭარის ტელევიზია ატრიალებდა, ოღონდ მხოლოდ გარკვეულ ფრაგმენტებს. ასლან აბაშიძემ ეტყობა მაინც დაინდო ახალგაზრდა პოლიტიკოსები და ბოლომდე არ აჩვენა საზოგადოებას მათი "ამურული გართობა". აქვე ერთსაც გეტყვით, იმ ღამეს, როცა სანაია მოკლეს, უშიშროების სამინისტროში განგაში იყო გამოცხადებული, შეიძლება ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს, მაგრამ საოცარი დამთხვევა იყო. ჩემი ვარაუდით, რაღაც მოხდა, არ არის გამორიცხული, კოტე ციხისთავმა მართლაც იცოდეს სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ ამბობს კი სიმართლეს? ის ახლა ასე ვთქვათ, თავებს მარხავს, ადრეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუში, რომ სპეციალურად ძაბავდნენ ვითარებას, რომ შევარდნაძე ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინათ, ვინ იყო ამით დაინტერესებული ხომ გამოჩნდა? საბოლოოდ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი დავკარგეთ. ახლაც იგივე ნიშნები იკვეთება, აქცენტი ისეთ ადამიანებზე გადააქვთ, ვინც სანაიას მკვლელობასთან არაფერ შუაშია, ეს საზოგადოების გათიშვისა და არეულობის გამოწვევისთვის კეთდება".

იმ პერიოდში ჟურნალისტის მკვლელობის არაერთი ვერსია განიხილებოდა, საუბრობდნენ სანაიასა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას დაპირისპირებაზე, ფიზიკურად როგორ გაუსწორდნენ ჟვანიას დაცვის წევრები სანაიას ოქროყანაში, ახალგათხრილი ორმო აჩვენეს და ცოცხლად დამარხვით დაემუქრნენო. თვითმხილველები იმასაც ამბობდნენ, სანაიას სახლთან მისულ ჟვანიას და მის თანმხლებთ მეზობლებმა ქვები, კვერცხები და პამიდვრები დაუშინეს ყვირილით მკვლელოო. ისიც ითქვა, რომ თავად "რუსთავი 2"-ის შიგნით არსებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა სანაია. რომ მან რამდენიმე დღით ადრე, სამსახურში დაკარგა სახლის გასაღები და მკვლელი სახლში ელოდა და ა.შ. "საერთო გაზეთი" შსს-ს ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანსაც გაესაუბრა, რომელსაც იმ პერიოდში საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა.

რესპოდენტის განცხადებით, ყველა ამ ვერსიაზე გამოძიებამ სერიოზულად იმუშავა, მაგრამ ყველაზე მეტი ხელჩასაჭიდი იმ ვერსიაში იყო, რომლითაც საბოლოოდ წარიმართა გამოძიება და განაჩენიც დადგა. მთავარ პროკურატურას ახლა სს-ის საქმე არ უნდა აღეძრა, შეიძლება მოკვლევა ჩატარებულიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ ოფიციალურ ვერსიამდე მივლენ, რომელიც უტყუარი მტკიცებულებებით არის გამყარებული და იტყვიან, იგივე ციხისთავმა კი თქვა, მაგრამ არ დადასტურდაო. ციხისთავი კრიმინალია, მან შეიძლება შეიცვალოს პოზიცია, ამიტომ არ შეიძლება მის ნათქვამზე ააგოს ოფიციალურმა სტრუქტურამ თავისი მუშაობა. საქმეს როცა აღძრავ, ეს ნიშნავს, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ და დაანგრიო გამოძიება-მსჯავრდების ვერსია, თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ რატომ იწყებ ძიებას? ისე, თუ მართლაც უფრთხილდებიან სანაიას კოლეგები და ოჯახის წევრები გარდაცვლილის ხსოვნას, ხელახლა არ უნდა წამოეწიათ ეს საქმე, რომელიც არცთუ სახარბიელო კონტექსტში წარმოაჩენს მოკლულს. მკვლელობის საქმის გამოძიება კახა თარგამაძის შს მინისტრობის დროს დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ გახსნილად კობა ნარჩემაშვილის მინისტრობის დროს გამოცხადდა. ნარჩემაშვილს მანამდეც აქვს მონაწილეობა მიღებული მოკვლევა-გამოძიებაში, რადგან მას შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მან მაშინდელ გენპროკურორ ნუგზარ გაბრიჩიძესთან ერთად გააკეთა სატელევიზიო განცხადება სანაიას მკვლელობის გახსნასთან დაკავშირებით. გაბრიჩიძე თუ ცოცხალი აღარ არის, კობა ნარჩემაშვილი პარლამენტში ზის, სიმართლის გაგება თუ უნდათ, დაკითხონ ნარჩემაშვილი, აცხადებს წყარო. დაკითხონ ციხისთავი, რის საფუძველზე გააკეთა ხსენებული განცხადება.

"რუსთავი 2"-ის ის თანამშრომლები, რომლებმაც ბოლოს ნახეს სანაია, მისი თანამშრომელი და მეგობარი გახარია, რომელსაც გაექცა თუ გაეპარა სანაია და მოგვიანებით გმირთა მოედანზე იპოვა. ელენე თევდორაძეს, რომელიც ამბობდა რომ თურმე ვიდეოკასეტა გადასცა სანაიას, უამრავი ინტერვიუ აქვს მიცემული, როგორც კი კონკრეტულად მიადგებოდნენ ამ ფაქტს, სხვა თემაზე გადახტებოდა და იმაზე იწყებდა ლაპარაკს. "რუსთავი 2"-ში ყველამ, თავიანთი პრეზიდენტიანად იცოდნენ როგორ იქცეოდა და სად უნდა წასულიყო იმ ღამით სანაია, სადაც შემთხვევით გადააწყდა ხურცილავას. საქმეში დევს ყველა მასალა, მათ შორის ამერიკაში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომ "გრიცკო" ნამდვილად სანაიას ავტომანქანით წავიდა სანაიას სახლში, სადაც ასევეა მტკიცებულებები, რომ იქ იყო და მან მოკლა სანაია ტაბელური იარაღით. ზუსტად ამ იარაღით გავიდა ძიება ხურცილავაზე, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. სხვათა შორის, მერე მის ხელმძღვანელობასაც სთხოვდნენ პასუხს, რატომ არ ჩამოართვეს იარაღი სამუშაოს დამთავრების შემდეგ. აბსოლუტურად ყველა ვერსიაა დამუშავებული, ყველა მოწმე დაკითხული, მათი ჩვენებების საფუძველზე გავიდა გამოძიება ამ ვერსიაზე. მათი ჩვენებები რომ არ გამოქვეყნებულა და საზოგადოებამ არ იცის რა აქვთ გამოძიებისთვის ნათქვამი, იმიტომ აყრიან ხალხს თვალში ნაცარს და გამოძიების მიმართ უნდობლობაზე საუბრობენ. იყო შემტევი ჟურნალისტი, ისეთ რაღაცებს ამბობდა, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ, ამიტომაც იყო პოპულარული, მაგრამ ეს ერთი მხარეა. ისიც ხომ უნდა ითქვას, რაც ამ ადამიანს ჭირდა. ამას თუ დამალავ, დამთავრებულია, საქმეზე ჭეშმარიტებას ვერ დაადგენ.

რესპოდენტი არ გამორიცხავს, რომ მართლაც არსებობდა ჟვანიასა და სანაიას დაპირისპირება ზემოხსენებულ ვიდეოკასეტასთან დაკავშირებით, ეგ ვერსია აუცილებლად იქნება შესწავლილი. პირადად მე, არ დამვიწყებია კახა თარგამაძის მიმართვა "რუსთავი 2"-ელების მიმართ, რომლებიც "პოლიტიკური" დანაშაულის დაუყოვნებლივ გახსნას და დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ, ეს დანაშაული აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ ვეჭვობ, რეალური მიზეზი მოგეწონოთ და საინტერესოა, მაშინ რა რეაქცია გექნებათო. სანაიას ნაყალბევად აჟრიმულებული "გულშემატკივრები" საქმის გახსნის შემდეგ, მართლაც საეჭვოდ გაისუსნენ და 17 წლის მანძილზე დუმილის უფლებას "იყენებდნენ", სანამ კოტე ციხისთავის სატელეფონო ზარმა არ ახსნა "ჯადო".

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-03-2018, 13:30


პარლამენტი ტატუნაშვილზე რეზოლუციას განიხილავს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მიმართვის ტექსტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად უნდა ჩაიდოს. მმართველი გუნდი კი საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდებს, რომ ემოციებს არ აჰყვეს.

რუსეთის მხრიდან პროვოცირების მცდელობას უწოდებს შექმნილ ვითარებას დიმიტრი ხუნდაძე.

„ეჭვგარეშეა, რომ დღეს ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, დღეს ამ ტკივილის მოსმენა ჩვენი ღირსების შელახვა არ არის. პირიქით, ღირსებაა და წინდახედულობაა. მხოლოდ გონივრული წინდახედულობით შეიძლება იქნას მიღწეული სასურველი შედეგი. ემოციების მოთოკვა და გონივრული ქმედება უმეტესად პოლიტიკოსებს გვმართებს,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

"ევრპოული საქართველო" კი იმედოვნებს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით მათი პოზიცია სრულად იქნება გაზიარებული.

„იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას ამ გამოწვევაზე და ამ საფრთხეზე, რომელიც ოკუპაციიდან გამომდინარე არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის იდეა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით, იქნება გაზიარებული და პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სრულიად განსხვავებული პოზცია აქვთ პატრიოტთა ალიანსში. ადა მარშანია საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ განცხადებებს უსუსურს უწოდებს.

„უსუსური და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ დავგმოთ, დავგმოთ დავგმოთ... 25 წელია ვგმობთ იმას, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აგერ ერთ გვერდზეა ჩამონათვალი იმისა თუ რა არ შეგვიძლია ჩვენ. რომ არ შეგვიძლია არაფერი, არაფერი, არაფერი... თურმე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და როდემდე ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ასე ჩვენ,“- განაცხადა ადა მარშანიამ.

ანატოლი ბიბილოვის განცხადება შეაფასა ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

„გავეცანით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბიბილოვის განცხადებას, რომ თურმე ერთი თვეა საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად. ეს არის არაადამიანური დამოკიდებულება, შურისძიება. კაცი მოკლეს და მკვდრის წამებასაც განაგრძნობენ და არა მხოლოდ მიცვალებულის, არამედ მთელი ქვეყნის დაცინვაა, ცინიზმია და მეტი არაფერი“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მიერ ომის დროს დაკარგული სამი პირის გადაცემის საკითხს, თინიკაშვილი ამბობს, რომ სეპარატისტული რეჟიმი ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას ყველა მეთოდით ცდილობს.

„ამ სამი დაკარგულის შესახებ ინფორმაცია ახლა მოვისმინეთ, აქამდე მსგავსი რამ საზოგადოებისთვის არ გაჟღერებულა და ცნობილი არ ყოფილა, საიდან მოიტანეს. მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზებს პოულობენ იმისათვის, რომ რამენაირად გააჭიანურონ ცხედრის გადმოცემა და შემდეგში ვერ მოხდეს რეალური მიზეზის დადგენა"- თქვა გამგებელმა.

მეტის ნახვა
7-03-2018, 16:00


"საერთო გაზეთში" არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა მსოფლიოს ჩემპიონთან, ბატონ რომან რურუასთან. ამ ინტერვიუებში ბატონი რომანი კვალიფიციურად და საქმის ღრმა ცოდნით საუბრობდა ქართული პოლიტიკისა და ეკონომიკის პრობლემებზე.

ამჯერადაც გთავაზობთ საუბარს რომან რურუასთან, რომელიც ასევე მნიშვნელოვან და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებს ეხება.

– ბატონო რომან, რამდენადაც ვიცით, თქვენ გასულ წელს აფხაზეთში ბრძანდებოდით. რა ხდება იქ, რა სიტუაციაა, როგორ ცხოვრობენ, როგორ დაგხვდნენ?


– 90-იანი წლების იმ საშინელი ომის შემდეგ აფხაზეთში არ ვყოფილვარ. სულ მაწუხებდა და მაინტერესებდა იქაური ყოფა.
ისტორია ცნობილია, მაგრამ რომ გაანალიზო, ყველაფერი რატომ და როგორ მოხდა, უნდა ჩახვიდე, მიხვიდე იქ, სადაც ეს ამბავი მოხდა.

დაახლოებით ორი-სამი თვის წინ თბილისში სტუმრად იყვნენ აფხაზეთში მცხოვრები სპორტსმენები. იქ გავიცანი ერთი აფხაზი და ერთი ოსი სპორტსმენი. მათ დამპატიჟეს სოხუმში. მეც გადავწყვიტე ჩასვლა. ინგირის სასაზღვრო პუნქტთან დამხვდნენ ჩემი მასპინძლები. წამიყვანეს გალში და მერე გავემგზავრეთ სოხუმში.

როგორც აღმოჩნდა, ხმა გავრცელდა, საქართველოდან სტუმარი ჩამოგვივიდაო, შეიკრიბა საზოგადოება.

გულისტკივილით, მაგრამ საკუთარი უდანაშაულობის განცდით შევხვდი მათ. შეხვედრაზე ყოფილი "ბაევიკებიც" აღმოჩნდნენ, რამდენიმე "გეროი აბხაზიიც" იჯდა დარბაზში, რომელმაც, ალბათ, ქართველებთან ომში მიიღეს გმირობა…

შემდეგ სუფრა გამართეს – თავდაცვის სამინისტროს ყოფილ სანატორიუმში. ძალიან უბრალო, მოკრძალებული სუფრა იყო. სადღესასწაულოდ და გასართობად არ ვიყავით შეკრებილი.

– რაზე ისაუბრეთ?

– როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, რას ვაპირებთ, თუმცა, ბუნებრივია, საუბარი ომსაც შეეხო, იმას თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი – გაუგებრობა იყო ეს თუ სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაცია?!.

მე მქონდა კითხვები მათთან. ორივე მხარე ვაღიარებდით, რომ ურთიერთობებში პრობლემები პროვოცირებული იყო გარკვეული ძალებისგან.
აფხაზებთან საუბარში გავიხსენე გაგრა-თბილისის მატარებელი, რომელსაც სოხუმში ფანჯრები ჩაულეწეს.
ცნობილია, რომ ამ ინციდენტს კონსტანტინე ოზგანი ხელმძღვანელობდა.

ვინ იყო კონსტანტინე ოზგანი? – ვიკითხე მე. თვითონვე მიპასუხეს, თურქი იყოო. თურქს რა ხელი ჰქონდა, რატომ მიუშვით ამისთანა საქმეების დასატრიალებლად-მეთქი?!

ლოგიკურად, საუბარი მიმყავდა იქითკენ, რომ თურქულ სამყაროს, ჩრდილოეთი კავკასიის ჩათვლით, მუდამ ჰქონდა სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთის ხელში ჩაგდების ინტერესი.

ჩვენმა ისტორიულმა, უზარმაზარი ტერიტორიის მქონე რუსეთის სახელმწიფომ კარგად იცის, რა სურს მუსულმანურ სამყაროს.
ამ მოსაზრების დამადასტურებლად ერთ ამბავს მოგიყვებით.

1990 წელს ვახტანგ გოგუაძესთან ერთად სტამბულში ვიმყოფებოდი. ერთ საღამოს რუსეთის ელჩს შევხვდით. საუბარში არ ვერეოდი, თუმცა ჩემთვის ეს შეხვედრა დახურული არ იყო და ვისმენდი, რაზე საუბრობდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ ელჩს ვუთხარი: ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან-მეთქი. ეს ის პერიოდია, ბასაევი და გილაევი რომ "დასეირნობენ" აფხაზეთში და "ბაევიკებს" აგროვებენ სოხუმში. ამ პერიოდში ჩრდილო კავკასიელები უკვე არიან აფხაზეთში და ემზადებიან ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

მე ვიკითხე: რა უნდათ ჩრდილო კავკასიელებს აფხაზეთში-მეთქი? მიზნად ჰქონდათ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის შექმნა. დედაქალაქად სოხუმი უნდა გამოცხადებულიყო.

ეს, თავისთავად, რთული საკითხი გახლდათ, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ინიციატივას არ მიესალმებოდნენ, თუმცა, როგორც გითხარით, საქართველოში ეს აზრი მაშინ აქტიურად განიხილებოდა.

მაშინ მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტად გამოყოფოდა საქართველოს და ისე შეერთებოდა კონფედერაციას.
ამ მოსაზრებების მხარდამჭერები ფიქრობდნენ – რუსეთი იშლება, იგი საბოლოოდ დაინგრევა და ყველა ეთნოსი, მათ შორის, აფხაზებიც დამოუკიდებლობას მიიღებენო. ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები ამ პერიოდში დაბანაკდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

მანამდე ფსოუს ყარყარაშვილი და კიტოვანი მიადგა და დალიეს იქ ცივი წყალი…

უკან გამობრუნებულებმა კი რაც გზაზე შეხვდათ, ყველაფერი გადაწვეს. ერთ სახლს ვერ ნახავთ, გაუდაბურებულია საზღვრისპირას ყველაფერი. ხეხილი არაა, ნახნავ-ნათესი და არაფერი. რომელიღაცა ჯიშის ყვითელი ყვავილი ხარობს, უვარგისი სარეველა, იმითაა მოფენილი იქაურობა.
მე ვფიქრობ, ნამოსახლარები ქართველების იყო, რადგან აფხაზების რომ ყოფილიყო, მოახერხებდნენ ამდენ ხანში სახლ-კარის და მიდამოს აღორძინებას…

– თქვენ რას ფიქრობთ, რატომ გადაწვავდნენ ქართველი მებრძოლები სახლებს?

– საქმე იმაშია, რომ ჩვენ მაშინ არ გვყავდა რეგულარული ჯარი. ჯარისკაცს, როგორც წესი, არ ასწავლიან მოსახლეობის ჟლეტას. მაშინ საქართველოში იყო მოხალისეებით შექმნილი შენაერთები – "თეთრი გიორგი", "მხედრიონი" და ა. შ. რა მიზნები ჰქონდათ მათ, თვითონ განსაჯეთ.

– ქვეყანას იცავდნენ, ბატონო რომან.


– რისი დამცავები იყვნენ ან ვისგან იცავდნენ ეს მშიერმუცელა მონები?

– რუსებისგან.


– რუსები მერე შემოვიდნენ, როცა დაინახეს, ჩრდილო კავკასიელებით რომ გაივსო იქაურობა.
გავაგრძელებ იმ ისტორიას, თურქეთში რუსეთის ელჩს რომ შევხვდით. ელჩს მაშინ ვკითხე: რა ინტერესი აქვთ ჩეჩნებს აფხაზეთში-მეთქი?
– ზღვაზე გასასვლელიო, – მიპასუხა მან.

მე კვლავ ვკითხე:
– რუსეთი ამას დაუშვებს?
– არასოდესო, – მითხრა მან და ტუჩზე თითი მიიდო, სიჩუმის ნიშნად.
ტყუილად კი არ ამბობს ერდოღანი, აჭარა თურქეთის ნაწილიაო. მუსულმანური სამყარო შეერთებისთვის იბრძვის – ჩრდილოეთი კავკასია, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან.

– ბატონო რომან, კვლავ დადგა დღის წესრიგში საკითხი – ნატოში შესვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

– იდიოტია ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ოდესმე ნატოში შევა საქართველო.

თქვენი აზრით, რუსეთი თავისი ხელით გამოიჭრის ყელს?

გასული საუკუნის ბოლოს რა არ ვუწოდეთ რუსეთს, რა აღარ მოვიმოქმედეთ, სიტყვებით ვერ აღწერ იმას, რაც რუსეთის მიმართ ჩავიდინეთ, ხოდა, გავიდა მათი ჯარი, მაგრამ თქვა, იყავით ნეიტრალური, არც ერთი ქვეყნის ჯარს თქვენს ტერიტორიაზე ნუ დააყენებთო.
ევროპა გვინდაო, გაიძახის ზოგიერთი.

ძალიან კარგი. ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო რეალობა, რომელიც წინ გიდგას?! ჩვენ გეოპოლიტიკურ ჩიხში ვართ მოქცეული.
დაიშლება რუსეთიო.

კარგი, ბატონო, მაგრამ რას ვაპირებთ მერე? რატომ არ გვახსოვს ჩვენი დიდი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის მიერ დატოვებული "ფორმულა" – მამული, ენა, სარწმუნოება? ახლა ის ჟამი გვიდგას, რომ პირველ რიგში სარწმუნოება უნდა დავაყენოთ, ანუ სარწმუნოება, მამული, ენა.

სარწმუნოება არის ის ძალა, რომელიც ვერ დაამარცხა და გაანადგურა ვერც ირანმა, ვერც არაბეთმა, ვერც ოსმალეთმა და ათასმა ურჯულომ.
თუ რუსეთი განადგურდება, ანუ ყველაზე ძლიერი მართლმადიდებლური ქვეყანა თუ აღარ იქნება, ამ გარემოცვაში ერთადერთი, გასანადგურებლად განწირული, დაუძლურებული მართლმადიდებლური ქვეყანა ვიქნებით ჩვენ.

არავის ვაგინებ, არც ამერიკას, არც ევროპას. მშვენიერი ქვეყნები და სახელმწიფოები არიან, მაგრამ საქართველოს შველა მათ არ შეუძლიათ.
ვიღაცებს სურთ შევიდეთ სამხედრო ალიანსებში და აქ, ჩვენს ტერიტორიაზე განვათავსოთ უცხო ძალების თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა.

ჩვენი ქვეყანა სარაკეტო ზონა არაა, ბატონებო. ერთი ციცქნა ქვეყანაა, ერთადერთი პატარა მართლმადიდებლური საყრდენი მუსულმანურ გარემოცვაში.
კიდევ ვიმეორებ, საქართველო ნატოში ვერ შევა, მაგრამ თუ ასეთი რამ მართლა მოხდა, ერთ საათში წიფის გვირაბთან რკინის კარს ჩამოგვიკიდებენ და დავემშვიდობებით გურიასაც, აჭარასაც, სამეგრელოს კი, თავისთავად, აფხაზეთი მიიერთებს.

შემთხვევით კი არ უთქვამს ელცინს – დასავლეთში გამსახურდია უნდა იყოს და აღმოსავლეთში შევარდნაძეო.

არც ჟირინოვსკის წამოსცდენია ზერელედ სიტყვები: ჩვენ არ გვაქვს საზღვრები საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს საზღვარი თურქეთთანო.

– როგორ უყურებენ ამ ამბებს აფხაზეთში?


– მე დავრწმუნდი, რომ აფხაზეთს არავითარი დამოუკიდებლობა არა აქვს. იქ რუსეთის გარეშე არაფერი არ ხდება და არც მოხდება.
ჩვენ მოვატყუეთ რუსეთი, როცა ვთქვით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარებს არ განვათავსებდით. მეორედ მათ ვეღარ მოვატყუებთ. თუ ხტუნაობას თავს არ დავანებებთ, დასავლეთ საქართველოს საზღვარს გვირაბამდე და შესაძლებელია, ხაშურამდეც გადმოსწევენ, რადგან ცხინვალი განზე რჩება, საზღვარს გააკეთებენ ხაშურთან, დასავლეთ საქართველოსთან გააერთიანებენ და ვიჯდეთ ჩვენ თბილისში გამოკეტილი.

გახსოვთ, ალბათ, აფხაზეთში ჩემს სტუმრობასთან დაკავშირებით გარკვეული ხნის წინ ინტერვიუში ვისაუბრე.
იქ ვთქვი: მე აფხაზეთში კიდევ წავალ, რადგან ჩამესვლება-მეთქი. უცნობმა დამირეკა და მეკითხება: როგორ ფიქრობთ, აფხაზეთში ჩვენ არ ჩაგვესვლება?
– მე რომ ჩამესვლება, ვიცი და თქვენი ამბის მე რა მოგახსენოთ-მეთქი.
– თქვენ რატომ ჩაგესვლებათო?
– მე ცოდვა არ მაწევს-მეთქი.
– ე.ი. ჩვენ ცოდვილები ვართო?
– ეს თქვენ გეცოდინებათ-მეთქი, – ვუპასუხე.

ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ყველას აქვს უფლება, ჩავიდეს აფხაზეთში, ვისაც იქ საშინელი ცოდვები არ აქვს დატრიალებული.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
6-03-2018, 13:30


ვახტანგ ხარჩილავა:
საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, როგორც იქნა, დამთავრდა _ პარლამენტმა იოლად დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ის საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემს. თუმცა კომერციული ტელევიზიების წარმომადგენლთა აზრით, რომლებიც გააფთრებულნი ეწინაღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას, ახალი რეგულაცია არღვევს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის მოზიდვის უფლების მინიჭება მკვეთრად შეამცირებს იმ შემოსავლებს, რომლებსაც ისინი სარეკლამო მომსახურებიდან აქამდე იღებდნენ.

ვფიქრობთ, კომერციული ტელევიზიების ისტერიული შიში, რომ ახალი რეგულაციები საფრთხეს შეუქმნის მათ ფინანსურ მდგომარეობას, საფუძველს არის მოკლებული.

საქმე ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი წესდების მიხედვით, არ შეიძლება კერძო ტელევიზიების კონკურენტი იყოს და ეს ამ ტელევიზიების მფლობელებმაც შესანიშნავად იციან.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის განთავსების უფლების მინიჭება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ კერძო ტელევიზიები ამის გამო იზარალებენ.

შეიძლება პირიქით მოხდეს და ეს საკანონმდებლო ცვლილება კომერციული ტელევიზიებისთვის ახალი მოტივაციის, ახალი სტიმულის, განვითარების ახალი პერსპექტივების ძიების საბაბი გახდეს, რაც, უდავოდ, გამოაცოცხლებს მდორე, მოსაწყენ და თვითდინებაზე მიშვებულ სატელევიზიო ცხოვრებას.

როგორც ვთქვით, კერძო ტელევიზიები და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეიძლება ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ.
მაშინ რამ დარაზმა ერთად და რამ გააერთიანა ეს კერძო ტელევიზიები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, რომლებიც, კომერციული კუთხით თუ შევხედავთ, სწორედ რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან და, წესით და რიგით, მათი მოქმედებები საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად და მეტოქეების დასასუსტებლად უნდა იყოს მიმართული და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩასაძირად?

რამ გააერთიანა და იმ პოლიტიკურმა ინტერესებმა, რომლებიც საერთო აღმოჩნდა როგორც კერძო ტელევიზიებისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილისთვის, რომლებიც, მართალია, საკუთარ თავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კი უწოდებენ, მაგრამ, სინამდვილეში, პოლიტიკური ორგანიზაციების საიდუმლო პარტნიორები არიან.

აბსოლუტურად ზუსტი იყო პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასება, რომელმაც საზმაუს წინააღმდეგ მიმართულ ამ ისტერიულ კამპანიას პოლიტიკური შტურმი უწოდა.

დიახ, ეს იყო კარგად ორგანიზებული პოლიტიკური შტურმი, დაგეგმილი "რუსთავი 2"-ის "გენშტაბში", "მთავარსარდალ" გვარამიას ხელმძღვანელობით, რომლებშიც ასო-ების გარდა, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, თავის დროზე "ნაცმოძრაობის" მიერ მწერლებად და პოეტებად დანიშნული სუბიექტები, აგრეთვე პირები, რომლებიც ყველა ექსტრემალურ სიტუაციაში, ხალხის სახელით, საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ, თუმცა ამ უფლებამოსილებით ისინი არავის აღუჭურვია.

მოკლედ რომ ვთქვათ, არა იმდენად კომერციული, არამედ ნათლად გამოხატული პოლიტიკური ინტერესები გამოიკვეთა იმ დისკუსიასა და პაექრობაში, რაც საზმაუს ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაიმართა და პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ კომერციული ტელევიზიები სარფიანი კომერციის მთავარ წყაროს პოლიტიკაში ხედავენ.

სწორედ პოლიტიკაა მათთვის აღებ-მიცემობის, ვაჭრობის, სარფიანი გარიგების მთავარი საშუალება, ხოლო გაძლიერებული, რეფორმირებული, მძლავრ და ავტორიტეტულ საინფორმაციო ტელეკომპანიად ქცეული საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო ტელევიზიებს შეიძლება თავიანთი კომერციული მიზნების ეფექტურად განხორციელების კუთხით ხელისშემშლელ ფაქტორად ექცეთ.

აი, ამის შიში აქვთ კერძო ტელეკომპანიებს და ამიტომ ებრძვიან საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების და გაძლიერების კეთილშობლურ იდეას და პროექტს, რომელიც ახალი კანონის მიღებით, მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ქვეყნისა და საზოგადოებისთვის უაღრესად ხელსაყრელ რეალობად იქცეს.

საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ის, საზმაუს ბიუჯეტი 52 მილიონი იქნება თუ 57 მილიონი, რადგან ამ ბიუჯეტის დანიშნულებისამებრ ხარჯვის გაკონტროლება ნებისმიერ დროს შეიძლება შესაბამისი სტრუქტურების მიერ, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია კერძო ტელევიზიებთან მიმართებაში.

კერძო ტელევიზიები, ფაქტობრივად, დახურული ტიპის ორგანიზაციებია, რომელთა ბუღალტერიაც აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მიუწვდომელია საზოგადოებისთვის.

ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერი არ ვიცით, ვინ აფინანსებს ამ კომერციულ ტელევიზიებს, რამდენით აფინანსებს, რატომ აფინანსებს და, საბოლოო ჯამში, რა მიზნებს ემსახურება ის კოლოსალური თანხები, რასაც დაუნანებლად ყრიან მავანნი და მავანნი ამა თუ იმ ტელევიზიის შენახვაში.

არადა, უნდა ვიცოდეთ, რადგან საქმე ეხება არა ჩვეულებრივ ბიზნესსტრუქტურას, რომელსაც, ვთქვათ და, გაყინული ქათმის ბარკლები ან პრეზერვატივები შემოაქვს საიდანღაც, არამედ ისეთ მძლავრ და სახიფათო საშუალებას, რომელსაც საინფორმაციო საშუალება, კონკრეტულად ტელევიზია ჰქვია, რომელსაც შეუძლია სერიოზული საფრთხეები შეუქმნას ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკას, გადამწყვეტი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, სერიოზული გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე და ა. შ.

ვიმეორებ, საზოგადოებერივ მაუწყებელში კი არ არის პრობლემა, მთავარი პრობლემა კერძო ტელევიზიების ფინანსურ გაუმჭვირვალობაშია, როცა ბრმად და ხელისცეცებით გვიწევს სიარული დანაღმულ საინფორმაციო ველზე და არავინ იცის, სად რომელ ნაღმს წამოვკრავთ ფეხს და როდის ავფეთქდებით.

სახელმწიფო ვართ ჩვენ და, ცხადია, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახურები, რომლებიც სისტემატურად სწავლობს, იკვლევს და აანალიზებს მედიის, განსაკუთრებით ელექტრონული მედიის საქმიანობას, თუმცა დიდი კვლევა და ანალიზი სულაც არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ზოგიერთი ტელევიზიის საქმიანობაში აშკარად შეინიშნება იდეოლოგიური დივერსიის ელემენტები. ხელისუფლების კრიტიკას არავინ კრძალავს, მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც ხელისუფლების კრიტიკის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების ნიღბით ინიღბები და საკუთარ სახელმწიფოს, მის სახელწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდები და თავგამოდებული ცდილობ, საკუთარ ქვეყანას სახელი გაუტეხო, ათასგვარ ცოდვაში დაადანაშაულო.

მტრული, აგრესიული, დესტრუქციული, კონფრონტაციულ-მავნებლური _ ასე შეიძლება შეფასდეს ზოგიერთი მედიასაშუალების მუშაობა, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს არც სიტყვის თავისუფლებასთან, არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, რაზეც ასე ხშირად აპელირებენ ვიღაც-ვიღაცები.

თვალსაჩინოებისთვის ერთ ფაქტს მოვიყვან, რომელიც სულ ახლახან მოხდა.
`რუსთავი 2~-მა მოახერხა ინტერვიუს ჩაწერა აფგან მუხთარლისთან, რომელიც ორი დღით გაათავისუფლეს საპატიმროდან მისი ახლობლების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით.

მუხთარლიმ მის მოტაცებაში საქართველოს ხელისუფლებას დასდო ბრალი და ამ "ტერირისტული აქტის" მთავარ ორგანიზატორებად ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა.
ცხადია, ეს ინტერვიუ რომ შემდგარიყო, "რუსთავი 2"-ს დიდი ძალისხმევა და მრავალი ბარიერის გადალახვა დასჭირდებოდა, მაგრამ მან მიზანს მაინც მიაღწია.

რატომ, რისთვის გაისარჯა "რუსთავი 2" ასე?

რისთვის და იმისთვის, რომ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა, რომ საქართველო ტეროტრისტული ქვეყანაა, სადაც ადამიანებს იტაცებენ, ყოველივე ამას კი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი უდგანან სათავეში.

როგორი კოშმარული ამბავია, არა?

აქ არ არის იმის ადგილი, თორემ ვრცლად მოგახსენებდით, რა ჟურნალისტიც აფგან მუხთარლი არის და, საერთოდ, რას წარმოადგენს ის იატაკქვეშა აზერბაიჯანული ორგანიზაცია, რომლის წევრიც ბატონი მუხთარლი ბრძანდებოდა და რომლის მთავარი მიზანი ჩვენს მოძმე და მეზობელ აზერბაიჯანში "აზერბაიჯანული გაზაფხულის" მოყვანა იყო.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცის "რუსთავი 2"-მა, მან ისიც იცის, რომ გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა და საქმეში იმდენი საეჭვო გარემოება იკვეთება, რომ ვერსია მუხთარლის გატაცების შესახებ შეიძლება სრული სიცრუე და პროვოკაცია აღმოჩნდეს, თუმცა ასეთ "წვრილმანებზე" "რუსთავი 2" როდის დაფიქრებულა, რომ ახლა დაფიქრდეს?

ვინ არის ჩამკირკიტებელი და ჩამძიებელი, თორემ "რუსთავი2-"-ის არცთუ ისე ხანმოკლე მოღვაწეობის განმავლობაში იმდენ საჩოთირო და სკანდალურ დეტალს აღმოაჩენ, შეიძლება იფიქრო, რომ ეს პატივცემული "რუსთავი 2" ჩვეულებრივი ტელეკომპანია კი არა, სადაზვერვო-საჯაშუშო ტიპის ორგანიზაციაა.

"რუსთავი 2", რომელიც თავის თავს დასავლური ღირებულებების რუპორად და ამ ღირებულებების ერთგულ მსახურად ასაღებს, სინამდვილეში, არ არის გამორიცხული, სულ სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდეს.

ასე ჩანს იმ საქმით, რომელსაც ის აკეთებს, ხოლო რას ამბობს სიტყვით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
როცა დაჟინებით ცდილობ, მოსახლეობა და სახელმწიფო სტრუქტურები ერთმანეთს დაუპირისპირო და მათ შორის ბარიკადები აღმართო, როცა ადამიანებზე მიზანმიმართულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენ და ხელს უწყობ მათ გაუცხოებას საკუთარი სახელმწიფოსგან, როცა ყოველდღე ისეთ აპოკალიფსურ სურათს ხატავ, თითქოს ამ ქვეყნის დასასრული დადგა და თუ შეგიძლია, თავს უნდა უშველო და უნდა გაიქცე, ვის აძლევს ყოველივე ეს ხელს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს?

კითხვაზე პასუხის გაცემა მკითხველისთვის მიმინდვია, მანამდე კი იმის თქმით დავკმაყოფილდები, რომ, აი, ასეთი საეჭვო სახის ტელევიზიის ფინანსური მხარე აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა საზოგადოებისთვის.

როგორც ვიცით, "რუსთავი 2"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის ძალიან დიდი დავალიანება აქვს, რომლის გადახდასაც არც თვითონ ჩქარობს და არც არავინ აჩქარებს.

საუბარია არა რაღაც უმნიშვნელო თანხაზე, არამედ რამდენიმე მილიონზე, რომელსაც "რუსთავი 2" ჯიუტად არ იხდის, ეს იმ დროს, როცა მილიონები კი არა, 500 და 1000 ლარზე წარმოებას გაგიჩერებენ და ქონებას დაგიყადაღებენ. აი, ეს უნდა ყოფილიყო იმ კერძო ტელევიზიების აღშფოთების საგანი, რომლებიც `რუსთავი 2~-ს მეცამეტე გოჭივით მაამებლური ღრუტუნ-ღრუტუნით აეკიდნენ _ იქნებ, იმ საიდუმლო ძუძუსთან ჩვენც მიგვიშვან, საიდანაც რძე ნაკადულივით მოჩქეფსო.

"რუსთავი 2"-ის ბიოგრაფია - ეს არის "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ საქმიანობასთან გადაჯაჭვული კრიმინალური თავგადასავლებით სავსე ბიოგრაფია, რაც არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღემდე არ მოხდა ამ ბიოგრაფიის დეტალების სათანადოდ შესწავლა და გასაჯაროება, რაც პირდაპირ კავშირშია იმ გარემოებასთან, რომ დღემდე ვერ მოხერხდა "ნაცმოძრაობის" ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის გასამართლება.

ქართული ნიურნბერგის პროცესი ვერ შედგა, ამიტომაც ზის ქართულ ტელესივრცეში "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ნიკა გვარამია "ქურდად" და "პალაჟენიებს" ალაგებს.

სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, სანამ არ გაიხსნება "რუსთავი 2"-ის საიდუმლო სკივრები, სანამ არ გაიშიფრება "რუსთავი 2"-ის შავი ბუღალტერია, ქართულ ტელესივრცეში სულ ასეთი ქაოსი და განუკითხაობა იქნება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ქართული სახელმწიფო განვითარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ქართული ტელევიზიების ფინანსური საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე იყოს.

ამასწინათ ორი სკანდალი წაეწყო ერთმანეთს: ორმა კერძო ტელევიზიამ ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულა, რაც იმაში გამოიხატებოდა თურმე, რომ ხელისუფლება ამ კერძო ტელევიზიების მესაკუთრეთა ბიზნესებს ავიწროებდა, საიდანაც ეს ტელევიზიები ფინანსდებოდა, რომ ამით ამ ტელევიზიებს საინფორმაციო პოლიტიკა მისთვის სასურველ ტონალობაში გადაეყვანა.
ნიშანდობლივია, რომ ეს ორივე მესაკუთრე, ძირითადად, თამბაქოს ბიზნესით არიან დაკავებული, სადაც მძაფრი და დაუნდობელი კონკურენციაა და, აქედან გამომდინარე, ადვილად შესაძლებელია, ის შეფერხებები და დაბრკოლებები, რაც მათ ბიზნესსაქმიანობას უარყოფითად შეეხო, სწორედ მათი კონკურენტებისგან მოდიოდეს, თუმცა ორივემ ხელი მაინც ხელისუფლებისკენ გაიშვირა, რაც სხვა არაფერია, თუ არა იაფფასიანი და სულმდაბლური შანტაჟი: ძვირფასი ხელისუფლებავ, თუ ჩემი ბიზნესის წარმატებულად წარმართვაში არ დამეხმარები, ჩემს პრობლემებს შენ დაგაბრალებ და თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლაში დაგადანაშაულებ.

ისმის კითხვა: თამბაქოს იმპორტიორებს საერთოდ რაში აინტერესებთ, ჰქონდეთ საკუთარი ტელევიზია და მის შესანახად მილიონები ხარჯონ?

იმისთვის ხომ არა, რომ ამ ტელევიზიებით საიმედოდ "გადახურონ" საკუთარი ბიზნესი და ამ ქოლგის ქვეშ უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი მაშინაც კი, როცა მათი ბიზნესსაქმიანობა კანონით დაშვებულ ნორმებს სცილდება, ხოლო თუ რაღაც გაუგებრობა მოხდება, შანტაჟზე გადავიდნენ, როგორც ეს უკვე მოხდა ზემოთნახსენებ შემთხვევაში.

ასეთი არაჯანსაღი ვითარებაა ჩვენი ტელემედიის ბაზარზე, სადაც უაღრესად დაბალი ხარისხის პროდუქციაა გამოტანილი გასაყიდად, რასაც ამ პროდუქციის მწარმოებლები ხშირად ფინანსური ხელმოკლეობით ხსნიან, თუმცა მხოლოდ ფინანსებში რომ არ არის საქმე, ეს კარგად ჩანს ტელეკომპანია "იმედის" მაგალითზეც, რომელსაც მატერიალურად ნამდვილად არ უჭირს, მაგრამ მის საქმიანობას მაინც ღრმად პროვინციალური ელფერი დაჰკრავს.

ტელეკომპანია "იმედმა", რომელიც "რუსთავი 2"-იდან გადმობარგებული "ლეგიონერების" საძმო სასაფლაოდ იქცა, ვერა და ვერ მოახერხა გამოეკვეთა საკუთარი ინდივიდუალური სახე და ეს არც არის გასაკვირი-  როცა სხვის მიერ შექმნილი პროდუქციის იმპორტით ზედმეტად ხარ გატაცებული, აუცილებლად დაკარგავ საკუთარ სახეს და იმ პროდუქციის შემქმნელის ასლად და კომპილაციად გადაიქცევი. "იმედის" მესვეურები ვერ მიხვდნენ, რომ მაყურებელს არ სჭირდება და არ აინტერესებს "რუსთავი 2"-ის განაყოფი "რუსთავი 2", "იმედის" სახელწოდებით და "იმედის" იარლიყით. 

პირდაპირ ვიტყვით: გზა, რომელიც "იმედმა" თავისი მაუწყებლობის გადასახალისებლად და გასაუმჯობესებლად აირჩია, დიდი შეცდომაა, რასაც გარდაუვლად მოჰყვება ამ ტელეკომპანიის იმიჯის შელახვა და არცთუ ისე მაღალი რეიტინგის კიდევ უფრო დაბლა დაშვება.

ასეთი სავალალო სურათია ქართულ ტელესივრცეში და ამ სურათის შეცვლა ერთადერთ ტელეკომპანიას, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შეუძლია.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის ბოლო იმედი, ბოლო ფორპოსტი, რომელიც საზოგადოებას დარჩა, რომ თავისი სათქმელი ხმამაღლა გამოხატოს და ამით ქართული სახელმწიფოს განვითარების და გაძლიერების სწორი კონცეფციის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით "საერთო გაზეთის" მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

მეტის ნახვა
2-03-2018, 15:30


აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს. იან კელის თქმით, დიპლომატიურ საქმიანობას და საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.

აშშ-ის ელჩის თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი პირობაა მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვა, ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინების გარეშე.

„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია პლურალისტულ პოლიტიკურ გარემოზე, სადაც ყველა პარტიას აქვს კონკურენციის გაწევის თანაბარი შესაძლებლობები. კვალიფიციური პარტიებისათვის აუცილებელია უკეთესი ხელმისაწვდომობა კამპანიისათვის საჭირო ფინანსებზე და გაზრდილი საეთერო დრო, განსაკუთრებით დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის. სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90 პროცენტზე მეტ შეწირულობას საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის, დგას ერთპარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის წინაშე. მოქალექეები საკუთარ ნება-სურვილს თავისუფლად გამოხატავენ საარჩევნო ყუთებთან მხოლოდ მაშინ, თუ ისინი თავისუფალი არიან ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინებისაგან. პრინციპი ერთი ადამიანი/ერთი ხმა ფუნდამენტურია დემოკრატიის განვითარებისათვის“ - განაცხადა იან კელიმ.

მეტის ნახვა
22-02-2018, 15:00


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიმართ უმარავლესობის ბრალდებებს ეხმაურება. მისი განცხადებით, პრეზიდენტზე თავდასხმა ხდება იმ დროს, როდესაც გიორგი მარგველაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, ვისაც პრეზიდენტის საზოგადოებასთან შეხვედრა საარჩევნო კამპანია ჰგონია, ეს მისი პრობლემაა.

”პოლიტიკოსები, რომლებიც ამ თემაზე ნერვიულობენ, ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ. პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ ღირებულებების ერთგული იყო, როგორც ეს იყო არჩევნების წინ და დღემდე, განსხვავებით იმ სპორტსმენებივით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გუნდებისგან მაღალი თანხის შემოთავაზებას ელიან, რომ უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ. შეგიძლიათ სია იხილოთ, ეს სია გრძელია.

ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველთვის იყო ღირებულებების ერთგული, როცა საქმე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას შეეხებოდა. რამდენიმე განცხადება იყო, ასევე შედარებები სხვადასხვა ბიბლიური ამონარიდებიდან. როგორც ჩანს, საქართველოში არა მხოლოდ კონსტიტუციის წაკითხვის და აღქმის პრობლემაა, არამედ სხვა მიმართულებითაც პრობლემები გვაქვს და მათ შორის ბიბლიის წაკითხვის.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ უმრავლესობის წევრები თითქოს ბრძოლის ველზე მიდიოდნენ, გასაოცარი ენთუზიაზმით უმტკიცებდნენ ერთმანეთს, რომ ეს ვეტო აუცილებლად დასაძლევი იყო. არა იმიტომ რომ შინაარსობრივ საკითხებს არ ეთანხმებოდნენ, არამედ იმიტომ რომ მარგველაშვილმა დაადო ვეტო. სწორედ ამიტომ, მათი აზრით, საჭირო იყო კიდევ ერთი, გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტი გუშინ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკეს.

საქართველოს პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ "საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოზე დღეს იმსჯელებს. პროცედურის მიხედვით, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევა პლურალისტურ მედიას დააზარალებს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ თუ მაუწყებლის კანონზე შიშები გამართლდება, გადაწყვეტილებას გადახედავენ.

მეტის ნახვა
21-02-2018, 10:00


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პროპაგანდისტული მტერი - რუსეთი ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ბედნიერი სულაც არ არის.

,,ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება: პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ეს მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ევროკავსირში უვიზოდ გადაადგილება მონაპოვართან ერთად, ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
იმისათვის, რომ რეალურად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია, საჭიროა, რომ ვიყოთ უფრო ფრთხილად. შესაბამისად, ვესაუბროთ მეტი ჩვენს გარშემო მყოფებს, იმ სიკეთეებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში ჩვენს წინაშე დადგეს. ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობაა, და კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ეს“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მსგავსი რისკი არ არსებობს, მაგრამ ზოგადად, ყოველთვის როდესაც ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში კრიმინალთან დაკაშირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ინფორმაციიის წარმომავლობის წყაროს. მათ შორის, ეს არ ეხება ყოველთვის, ყველა ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჰყავს დიდი, პროპაგანდისტული მტერი - რუსეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ალბათ, დიდი სიამოვნებით ეცდება მაქსიმალურად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს შესახებ და მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომლითაც სულაც არ არის ბედნიერი ჩვენი მეზობელი.

,,თითოეული ინფორმაციის წარმომავლობას უნდა დავაკვირდეთ ძალიან დიდი ყურადღებით, ეს ფაქტორი არსებობს, ამ ფაქტორის იგნორირება უბარალოდ არ შეიძლება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მეტის ნახვა
19-02-2018, 10:30