საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა ფედერალურ კანცლერს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნის ლიდერის მასპინძლობა დიდი პატივია. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს თავის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანდა თავის საჯარისო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ევროკავშირს და გერმანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ დღეს საერთაშორისო მისიებიდან მხოლოდ ერთი მისია არის საქართველოში, ეს არის ევროკავშირის მისია, რომელიც იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ კანცლერს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს მისია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ეს არის მშვიდობა, ეს არის განვითარება და ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში.
როდესაც ჩენ ვსაუბრობთ ჩვენს საგარეო მიზნებზე, არაერთხელ დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ – საქართველო ისტორიულად მუდმივად იყო ევროპული სივრცისა და ევროპული კულტურის ნაწილი, შესაბამისად, ეს არის ჩვენი არჩევანი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული გამოიძებნოს მექანიზმი, მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. ჩვენ გვსურს მშვიდობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეუძლიათ.

„ვფიქრობთ, ჩვენ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ასევე ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, გავცვალოთ გამოცდილებები“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს და გერმანიას შეუძლია ამაში დიდი წვლილის შეტანა. მისივე თქმით, საქართველო ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა“, – განაცხადა მერკელმა.

მერკელი საქართველოს დღეს ეწვია.

მეტის ნახვა
23-08-2018, 17:00


მრავალი წლის წინ, სოციალისტური წყობილების დროს, რუსეთში მოღვაწეობდა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დაჯილდოებული კაცი – ვლადიმერ სერგის ძე ალხიმოვი.

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ვლადიმერ ალხიმოვი 1976 წლიდან 1986 წლამდე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკს ხელმძღვანელობდა. გუგლის საძიებო სისტემა იუწყება, რომ 1985 წელს ვლადიმერ სერგის ძის ქალიშვილმა ნატალია ალხიმოვამ და მისმა მეუღლემ, პიანისტმა ანდრეი გავრილოვმა, რომლებიც ლონდონში ცხოვრობდნენ, საბჭოთა კავშირს თხოვნით მიმართეს თავისუფალი გადაადგილების შესახებ მთელ მსოფლიოში. მათ სსრკ-ის მაშინდელი ხელმძღვანელის მიხეილ გორბაჩოვისგან თანხმობა მიიღეს, მაგრამ ამით დასრულდა ვლადიმერ ალხიმოვის კარიერა.

საბჭოთა კავშირის ბანკის მმართველი ვლადიმერ ალხიმოვი 1993 წელს გარდაიცვალა. იგი ნოვოდევიჩის სასაფლაოზეა დაკრძალული. ვლადიმერ სერგის ძის ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებდი, რომ არა ერთი გარემოება: რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვლადიმერ სერგის ძის ოჯახის დრამა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან არის დაკავშირებული.

ამბავი, რომელსაც გიამბობთ, წლების განმავლობაში ბურუსით იყო მოცული და მას თითქოსდა საბედისწერო ტაბუ ედო. ოფიციალურ დოკუმენტაციაში ვლადიმერ ალხიმოვის ქალიშვილის ნატალიას ერთადერთ მეუღლედ ანდრეი გავრილოვი სახელდება, თუმცა საბჭოთა კავშირში უაღრესად ცნობილი და ავტორიტრეტული პირის ვლადიმერ სერგის ძის პირველი სიძე გრიგოლ ვაშაძე გახლდათ.

საბჭოთა კავშირის საბანკო სისტემის მმართველის ალხი- მოვის სიძობამ დიდად შეუწყო ხელი ახალგაზრდა გრიგოლის კარიერულ წინსვლას და არა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის, არამედ მამამისის, ნოდარ ვაშაძის კარიერასაც დიდად დაეხმარა. გრიგოლის და ნატალიას მალე ვაჟი გაუჩნდათ, რომელსაც ნოდარი დაარქვეს. მშვენიერი იდილია სუფევდა ალხიმოვების ოჯახში, სანამ ნატალია ალხიმოვას ახალი სიყვარული არ ეწვია. ეს გახლდათ სსრკ-ში ცნობილი, წარმოშობით გუდაუთელი პიანისტი ანდრეი გავრილოვი. ნატალია და ანდრეი ინგლისში გაიპარნენ...

ეს იყო უდიდესი დარტყმა არა მხოლოდ ალხიმოვებისა და ვაშაძეების ოჯახისთვის, არამედ საბჭოთა სისტემისთვის – სსრკ-ის გმირის, "მორალურად მდგრა დი" საბჭოთა საბანკო სისტემის ხელმძღვანელის ქალიშვილი კაპიტალისტურ ბრიტანეთში გაიქცა საყვარელთან ერთად!

ვლადიმერ სერგეევიჩმა იმდენი მოახერხა, რომ ოფიციალურ წრეებში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მისი ქალიშვილი პიანისტთან ერთად სამწლიანი მივლინებით გაემგზავრა ინგლისში, ამას დაემთხვა მიხეილ გორბაჩოვის თანხმობაც ნატალია ალხიმოვას თხოვნაზე მსოფლიოში თავისუფალი მიმოსვლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. ოჯახური ტრაგედიის გახმაურება არც ალხიმოვებს აძლევდა ხელს, არც ვაშაძეებს და კაცმა რომ თქვას, არც საბჭოთა ნომენკლატურას, ამიტომაც მიჩუმათდა ეს ამბავი და ტაბუ დაედო.

გრიგოლ ვაშაძეს, როგორც რუსეთში ეძახდნენ, გრიშას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთთან შვილი აკავშირებს, ნატალია ალხიმოვასა და მისი საერთო ვაჟი – ნოდარი, რომელიც სრულწლოვანებამდე ალხიმოვების ოჯახში იზრდებოდა და გრიშაც, როგორც ბავშვის მამა, ოჯახისთვის კვლავაც ძვირფასი ფიგურა იყო, მით უფრო მას შემდეგ, რაც ვლადიმერ სერგეევიჩი ბანკის თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, ამ უკანასკნელმა საბჭოთა კავშირისთვის მნიშვნელოვან მოლაპარაკებაში მიიღო მონაწილეობა ამერიკულ მხარესთან ალასკის საკითხთან დაკავშირებით და მან ისევ შეძლო გავლენების მოპოვება სსრკ-ის მმართველ წრეებში.

გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წლის 18 ივნისს, 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი. მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდეგ კოსმოსური და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში.
არასერიოზულია იმის ახსნა, რომ საბჭოთა დიპლომატი ამ დეპარტამენტებში არ მუშაობდა საბჭოთა საგარეო დაზვერვის თანამშრომლად ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ბიძა, საბჭოთა დიპლომატი, კგბ-ს პოლკოვნიკი თემურ ალასანია.

1988–90 წლებში გრიგოლ ვაშაძემ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასპირანტურა დაამთავრა. ოფიციალური მონაცემებით, 1991 წელს, როგორც ჩანს, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მითითებით, მან ოფიციალურად დატოვა დიპლომატიური სამსახური და ნიუ-იორკში გადავიდა  საცხოვრებლად. მაშინ ის უკვე იყო დაქორწინებული დიდი თეატრის ბალერინა ნინო ანანიაშვილზე. იმ ხანებში ცოლ-ქმარმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან საქართველოს ახალი კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას.

2004 წელს ნინო ანანიაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად სააკაშვილის პროპაგანდისტულ გუნდს შეუერთდა. მიშამ მოიწვია ოჯახი თბილისში საცხოვრებლად და შესთავაზა კიდევაც პრიმა-ბალერინას თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელობა.

2006 წელს ნინო ანანიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვაჟის ნიკოლოზის ნათლია გახდა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან ერთად.
გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც მეტსახელად, თავისი მოგრძო ულვაშების ასოციაციით, "ტარაკანასაც" ეძახიან, 2006 წელს მიშა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უბოძა. შეიძლება გაგიკვირდეთ და ვაშაძე მაშინ კვლავ გახლდათ რუსეთის მოქალაქე, ამავე დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლიდან 2012 წლამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძირი არ შეერყა სააკაშვილის ბოგინს საქართველოში.

მოკლედ, კარგა ხანს არ თმობდა "ტარაკანა" რუსეთის მოქალაქეობას, არც რუსეთის დუმის წევრებს ეთმობოდათ თურმე ამხანაგი გრიშა და არ სურდათ, მას რუსეთის მოქალაქეობა დაეთმო. სავარაუდოდ, "ერთ ქვაბში მირთმეული ფაფის" გამო და ა. შ. თუმცა 2009 წელს ამხანაგმა გრიშამ ოფიციალურად მაინც  მიმართა რუსეთის პრეზიდენტს მოქალაქეობის დათმობაზე და რუსული პასპორტიც გააგზავნა. თან დასძინა თურმე, "რუსეთი ჩემს გულში დარჩებაო". სხვანაირად არც შეიძლება იყოს – სადაც გაგიტარებია ყმაწვილკაცობა, შეგიქმნია ახალგაზრდული ოჯახი, გყავს შვილი, გქონდა ბრწყინვალე კარიერა, შეიძლება ის წლები და ის ქვეყანა შენს გულში არ იყოს?!

მით უმეტეს, ზემოთ "ქვაბში ფაფის ჭამაზე" რომ ვთქვი, ვგულისხმობდი იმას, რომ ვაშაძეს რუსეთში ისეთ სახელმწიფო უწყებებში აქვს ნამუშევარი, რომ მას არც სურს და არც შეუძლია მოწყდეს რუსეთს და თავის წარსულს, რადგან, როგორც ყოფილმა ცოლმა იცის ქმრის ლოგინის საიდუმლოებანი, ასევე კგბ-ს თანამშრომელზეც ყოფილი არ ითქმის, ის მუდამ მიბმულია სამსახურთან ინფორმაციულად და მენტალურად.

2008 წლის თებერვალში გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ მან აგვისტოს ომის წინა დღეებში რუსეთის მხარეს შესთავაზა, დამატებითი პოლიციური ძალები შეეყვანა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში და არ შეეცვალათ რუსი მშვიდობისმყოფელები საერთაშორისო პოლიციური ძალებით.

ვაშაძის საქართველოში ჩამოყვანისთანავე ექსპერტები და ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ:

"მისი თბილისში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ხელისუფლება რუსული მიმართულებისკენ გადაიხარაო". ამასვე ადასტურებდა მაშინ გაზეთი "კომერსანტი" და დასძენდა: ამ კავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემხვედრი ნაბიჯები გადადგაო. მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობის დათმობა მოუხდა, თუმცა აღნიშნავდა: "მე აღარ ვარ რუსეთის ხელისუფლების ქვეშ, მაგრამ ხელისუფლებები მიდიან, რუსეთი და რუსი ხალხი კი რჩება…"

2009 წელს გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობა გაუუქმეს. გარდა პოლიტიკური მოღვა- წეობისა, გრიგოლ ვაშაძე მსხვილი ბიზნესკომპანიების მფლობელია. ის გახლავთ ხელმძღვანელი ”Georgia Arts Managment"- ისა და “ Gregori Vashadze and BR”-ისა.

ჯერ კიდევ 2000 წელს წერდნენ რუსეთში გრიგორი ვაშაძეზე, როგორც მეღვინე-ბიზნესმენზე. გრიგოლ ვაშაძის ღვინის კომპანიამ გამოუშვა წინანდალში ღვინო "ანანიაშვილის" საფირმო პარტიები.

გრიგოლ ვაშაძის, მეტსახლად "ტარაკანას" შესახებ ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. იმის მიუხედავად, რომ გრიგოლ ვაშაძეს პოლიგლოტს ეძახიან, ის ცუდად ფლობს ქართულ ენას. რუსული პრესა წერდა: საჯარო გამოსვლებისას, როგორც წესი, უაზროდ ლაპარაკობს, ნერვიულობს და მარჯვენა ხელით მუდმივად აწვალებს მარცხენა მხარეს პერანგის შესაკრავსო.

მაგრამ, მოდი, გვერდზე გადავდოთ ჩვენი შთაბეჭდილებები და საზოგადო მოსაზრებანი და "ნაცმოძრაობას" და იმ 10 ოპოზიციურ პარტიას მოვუსმინოთ, გრიგოლ ვაშაძეს საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად რომ გვთავაზობენ. ვინ ვინ და მათ და მათმა ლიდერმა, როგორც სოციალურ ქსელში უწოდებენ, "მფრინავმა ჰოლანდიელმა" – სააკაშვილმა, ხომ მშვენივრად იცის, ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? მათ მოიწვიეს რუსეთიდან იგი და მისი პოლიტიკური კარიერის შე- სახებაც მშვენივრად უწყიან. რა გამოდის, თანამოაზრეები და მეტიც, თანამზრახველებიც არიან?!

მე წეღან შემთხვევით არ მიხსენებია სააკაშვილის დედის ძმა თემურ ალასანია, მიშას დამრიგებელი და მასწავლებელი, ერთადერთი კაცი, რომელიც თურმე ნერვიულ აღგზნებაში მყოფ სააკაშვილს აწყნარებს. როგორც თემურ ალასანია, გრიგოლ ვაშაძეც და სააკაშვილიც რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ისეთ რაღაცებს კადრულობენ, რომ აშკარაა, ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ.

ექსპერტები ფიქრობენ, ვაშაძის გაპეზიდენტება რომ უნდა სააკაშვილს, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი ორმაგი აგენტია და ვაშაძის პრეზიდენტობის კანდიდატად შემოთავაზება იმ რუსეთის კარნახით ხდება, რომელსაც თითქოსდა ებრძოდა და ებრძვის"ნაცმოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილიო. სინამდვილეში ესენი ერთი ძუძუთი გამოკვებილი კგბ-ს ლეკვები არიან, რომელთაც მითითება აქვთ – ლანძღონ რუსეთი, თან აკეთონ რუსული ინტერესების რუსული საქმე, ხოლო მათ, ვინც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობს, "რუსეთუმეს" იარლიყი უსირცხვილოდ მიაკერონ.
გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ადრე ქუთაისის მერობის კანდიდატად იყო დასახელებული "ნაცმოძრაობის" მიერ და აცხადებდა "ქუთაისი საქართველოს დედაქალაქიაო", მოგვიანებით ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს მეთაურობდა, რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანმა წარუდგინა ქართულ საზოგადოებას და ხალხს. თაკო ჩარკვიანმა, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა…

სულ ცოტა ხნის წინ ახალი დროების კგბ-ს ლეკვების წკმუტუნისგან თავმობეზრებულმა საზოგადოებისთვის ცნობილმა ერთმა ადამიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ვისაც გამძაფრებული პრეტენზია აქვს ევროპელობაზე, შევახსენებ, ვინ იყვნენ მათი მშობლები და უახლოესი ნათესავები – კომუნისტების დროს მწერალთა კავშირის მდივანი, "ცისკრის" და "დროშის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარე (კომკავშირის "ლევი" სტრუქტურა) ჯანსუღ ჩარკვიანი, მინისტრი და ყოფილი რაიკომის მდივანი ნოდარ ვაშაძე – გრიგოლ ვაშაძის მამა, ოთარ ნოდია – ცეკას მაღალჩინოსანი, სააკაშვილის ყოფილი განათლების მინისტრის გია ნოდიას მამა, კოლია შაშკინი - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სააკაშვილის მინისტრის დიმიტრი შაშკინის მამა, ნუგზარ გუნცაძე - დიდუბის რაიონის აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარე, ელენე ხოშტარიას ბაბუა, გივი ალასანია – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პრორექტორი, სააკაშვილის ბაბუა, თემურ ალასანია - საერთაშორისო ჩინოვნიკი, კგბ-ს ოფიცერი, სააკაშვილის ბიძა".

ზემოთჩამოთვლილი კავშირების გარდა, ამ ფეისბუკ-პოსტმაც დაადასტურა, რომ საქართველოს დღესაც ძველი კადრები მართავენ. ისინი არსად არ წასულან, მამების ადგილი შვილებმა და- იკავეს და შვილი მამის კარგად გაკვალულ და გათელილ გზას გააგრძელებს, აბა, რას იზამს?! როგორც სააკაშვილი აგრძელებს თავისი ბაბუის, "უღმერთოთა კავშირის" დამაარსებლის გზას, ასევე გრიგოლ ვაშაძე თავისი მამის ნოდარ ვაშაძის კომუნისტურ იდეოლოგიას იზიარებს და საბჭოთა ელიტის წარმომადგენელია. ეს ხალხი, რომლებიც ვითომდა პროდასავლური ორიენტაციის ხალხია, სინამდვილეში, სსრკ-ს პირმშოები გახლავან. სსრკ მართავს დღესაც საქართველოს და ასეც უნდათ, რომ გაგრძელდეს…

შევარდნაძის აჩრდილი დადის საქართველოში.

შევარდნაძე მართავს საიქიოდან საქართველოს.

შევარდნაძე "ცოცხალია" და, მგონი, ბრეჟნევიც…

მშობელი ხომ მაშინ კვდება, როცა შთამომავალი ივიწყებს?!

ვაშაძე პრეზიდენტობას აპირებს!

რატომაც არა, როცა აქვეა საბჭოთა მაღალჩინოსნის შთამომავალი მიშა და აქვე არიან რუსეთის პირდაპირი და ფარული აგენტები "ნაცმოძრაობიდან"?
ვლადიმერ სერგის ძე ალხიმოვის, საბჭოთა კავშირის გმირის უსაყვარლესი სიძე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს, თან გაიძახის: დასავლური პოლიტიკური კურსი მიჭირავსო. რუსული ფულით გამძღარი "ტარაკანა" ქართველი ხალხის მოტყუებას აპირებს. 
მართლაცდა: «Блин , заебали, просто!..»

ირანდა კალანდაძე



მეტის ნახვა
23-08-2018, 11:00


საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ახალი გუბერნატორები წარადგინა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე დაინიშნა, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორად შოთა რეხვიაშვილი, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირანაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია. პრემიერმა გურიის გუბერნატორის პოსტზე ზურაბ ნასარაია, იმერეთის რეგიონის რწმუნებულად კი შალვა ტაბატაძე წარადგინა.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებასთან კომუნიკაციისა, რომელიც დაგვეხმარება, გვქონდეს პირდაპირი კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან ერთად, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს თითოეულ სოფელში და გვქონდეს შესაძლებლობა მოვახდინოთ მათზე ოპერატიული რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შანსი, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.  იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გივი ჭიჭინაძემ ეს თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვა.

imedinews.ge


მეტის ნახვა
20-08-2018, 12:00


როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ჩემმა გუნდმა ვერ დამიცვაო, ხომ უნდა ვიკითხოთ, რა გუნდია ეს და რატომ ვერ მოახერხა მან თავისი ლიდერის დაცვა?

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ მან საერთოდ დაკარგა ყოველგვარი ინტერესი "ქართული ოცნებისადმი" და მისგან დანატოვარი პოლიტიკური მემკვიდრეობის მითვისება-გადანაწილება დაიწყეს. 

ყველას კარგად გვახსოვს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა "ძველი გვარდიის" აშკარა უკმაყოფილება და პროტესტი, რომ მათ "ქართულ ოცნებაში", ფაქტობრივად, დევნიან და ავიწროებენ, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან, დატოვონ `ქართული ოცნების~ რიგები.

სხვა მრავალ სუბიექტურ მიზეზთა შორის მთავარი მიზეზი "ქართული ოცნების", როგორც პარტიული სტრუქტურის დასუსტებისა, ჩემი აზრით, მაინც ის იყო, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა სხვა პარტიებთან ერთად კოალიციური გაერთიანება შეექმნა და ასე შესულიყო პარლამენტში.
შეიძლება ეს გადაწყვეტილება მაშინ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სწორი და ეფექტური იყო, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდა "ქართულ ოცნებას" და მისი დასუსტების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.
როცა ერთ საერთო საბანს ყველა თავისკენ ექაჩება, იქ, ცხადია, შიდა დაპირისპირება გარდაუვალია.

ასე მოხდა ეს კოალიცია "ქართულ ოცნებაშიც", სადაც იდეოლოგიურად, მენტალურად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა რამდენიმე პარტიამ მოიყარა თავი, რომელთა ბაზაზეც შეუძლებელი იყო საერთო პოლიტიკური მიზნით შეკრული ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება.
ბევრი უარყოფითი თვისების მატარებელ ადამიანზე იტყვიან ხოლმე: ამ კაცის სახლში შემოშვება არ შეიძლებაო.

კოალიციის წევრთა შორის იყო ერთი პარტია, რომლის შემოშვება ამ კოალიციურ სახლში ნამდვილად არ შეიძლებოდა.
ამ პარტიის სახელია რესპუბლიკური პარტია, რომელმაც პარლამენტში შესვლიდან მალევე გამოამჟღავნა თავისი ზედმეტად ამბიციური და ამპარტავნული ბუნება და სცადა კოალიციის წევრების, მათ შორის, "ქართული ოცნების" შევიწროების ხარჯზე ხელში ჩაეგდო ყველა მნიშვნელოვანი ბერკეტი, მკვეთრად გაეფართოებინა გავლენის სფეროები ყველა მიმართულებით, საკვანძო პოსტებზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დაენიშნა მხოლოდ თავისი წარმომადგენლები.

პარტია, რომლის რეიტინგიც მისი არსებობის მანძილზე არასოდეს არ ასცილებია 3%-ს, პარტია, რომელიც დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავდა, პარტია-პარაზიტი, კოალიციაში გაერთიანების წყალობით უცებ იქცა ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე გავლენიან პარტიად, რომელიც "რესპუბლიკელებისთვის" დამახასიათებელი უტიფრობით და ურცხვობით მიზანმიმართულად ავიწროებდა კოალიციის სხვა წევრებს და, მათ შორის, "ქართულ ოცნებასაც".

ამ ურეიტინგო, ქართველი ხალხისთვის იდეოლოგიურად აბსოლუტურად მიუღებელი პარტიის ამგვარი გალაღება და გაპარპაშება სამართლიან პროტესტს და აღშფოთებას იწვევდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი თავდადებული ბრძოლა "ნაცმოძრაობის" კრიმინალურ-ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ სათანადოდ არ დაფასდა, უფრო მეტიც, ამ ბრძოლის შედეგებით იმ ძალამ იხეირა, რომელსაც ის არანაირად არ იმსახურებდა.

რესპუბლიკელებს არც "თავისუფალი დემოკრატები" ჩამორჩებოდნენ და ისინიც თავგამოდებული ცდილობდნენ იმაზე მეტი "დაეთრიათ" ნადავლიდან", რაც სინამდვილეში ეკუთვნოდათ.

კოალიციის რაღაც დროის განმავლობაში შენარჩუნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მაღალი ავტორიტეტის წყალობით იქნა შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით ის მაინც დაიშალა და "ქართული ოცნების" გუშინდელი მოკავშირეები და თანამებრძოლები მომენტალურად მის რადიკალურ ოპონენტებად იქცნენ.

კოალიციურ რეჟიმში ოთხწლიანი იძულებითი თანაცხოვრების შედეგად, ცხადია, ყველაზე მეტად "ქართული ოცნება" დაზარალდა და დაზიანდა – მან დაკარგა ელექტორატის გარკვეული ნაწილი, დასუსტდა სტრუქტურულად, მოხდა პარტიული კადრების გადინება და ა. შ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განახლებული შემადგენლობით წარსდგა ამომრჩევლის წინაშე, თუმცა გაურკვეველი დარჩა კითხვა, საიდან და როგორ აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში ადამიანები, რომლებსაც მანამდე, ფაქტობრივად, არაფერი აკავშირებდათ ამ ორგანიზაციათან?

"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის თვალიერებისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ სიას ერთი კი არა რამდენიმე ადამიანი ადგენდა და ყველას თავისი ხალხი შეჰყავდა სიაში – ზოგს ხუთი,. ზოგს შვიდი, ზოგს – ათი.

მერე ეს ჯგუფები ერთად დაჯამდა და ასე მივიღეთ პოლიტიკური ლეგიონერებით დაკომპლექტებული "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი.
ფაქტობრივად, ესეც რაღაც კოალიციის მაგვარი გაერთიანებაა, ოღონდ ერთი და იგივე სახელწოდების სხვადასხვა "სასტავებით".
ყოველივე ამის შემდეგ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რამ გამოიწვია ის მძაფრი შიდა დაპირისპირება, რაც "ქართული ოცნების" შიგნით არსებობდა თურმე და რამაც გადააწყვეტინა ბატონ ბიძინას დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტი დაეკავებინა, მაგრამ არის კი ეს ის გამოსავალი, რაც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და "ქართულ ოცნებას" ერთ მონოლითურ სხეულად შეკრავს?
რა თქმა უნდა. არის, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" შიგნით დიდი საკადრო ცვლილებები განხორციელდება.
დღეის მდგომარეობით, "ქართულ ოცნებაში" ბევრი "სეპარატისტული წარმონაქმნია", რომლებსაც თავ-თავიანთი ლიდერები ჰყავთ, ამ ლიდერებს კი საკვანძო პოსტები უჭირავთ პარტიული სტრუქტურების უმაღლეს საფეხურებზე.

ისინი კარგა ხანია, "ქართული ოცნების" შიგნით თავიანთ "ავტონომიებს" ქმნიან და ყველაფერს აკეთებენ ამ "ავტონომიების" გასაფართოებლად და გასაძლიერებლად.

ასეთი რთული და ნარეკლიანი გზით მოვიდა "ქართული ოცნება" დღევანდელ დღემდე.
ახლა ცვლილებების და დიდი განახლების დროა.

დავით ქავთარია

მეტის ნახვა
16-08-2018, 13:00


გასულ კვირას ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში სამხედრო აღლუმი ტარდებოდა. ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადურას სიტყვით გამოსვლისას აფეთქების ხმა გაისმა. გაკვირვებულმა პრეზიდენტმა მაღლა აიხედა და იკითხა, რა მოხდაო. მისი მეუღლე, მართალია, შეკრთა, მაგრამ მადურამ სიტყვის გაგრძელება სცადა, ამის საშუალება მას დაცვამ არ მისცა და გაიყვანა. ამასობაში კი მეორე აფეთქების ხმაც გაისმა.

აღლუმზე პანიკამ დაისადგურა, ხალხი ტრიბუნებიდან გაიქცა, მათ შორის, სამხედროების ნაწილმაც მიატოვა აღლუმი. უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტს ღირსეულად ეჭირა თავი, როგორც ამბობენ, წარბი არ შეუხრია. ამ კადრებმა ზუსტად ათი წლის წინ გორის ქუჩაში სამარცხვინოდ გაგორებული შლეგი სააკაშვილი გამახსენა…

აფეთქების შემდეგ მალევე მადურამ ტელევიზიით მიმართ მოსახლეობას და სიმშვიდისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა, რომლის განხორციელებაში ადგილობრივი ულტრამემარჯვენე ძალები და კოლუმბიის ხელისუფლება.დაადანაშაულა. ამასთან, მადურამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა. მისი განცხადებით, განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორები და დამფინანსებლები ამერიკაში ცხოვრობენ. მადურამ სთხოვა ტრამპს, გამოიძიონ და დამნაშავეები გადასცენ.

მომხდარი ტერაქტის მცდელობა ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანამ დაგმო, გარდა კოლუმბიისა. თუმცა ტერაქტში მონაწილეობის ბრალდება კოლუმბიის მხარემ სასტიკად უარყო. აშშ-იც თავდაპირველად დუმდა, მაგრამ მეორე დღეს პრეზიდენტის თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმაც უარყო ტერაქტის ორგანიზატორების ამერიკიდან დაფინანსება და თვით ორგანიზატორების მათ ტერიტორიაზე ყოფნა. თუმცა აქვე სათქმელია, რომ აშშ-ის მხარე წინააღმდეგია მადურას ქვეყნის სათავეში ყოფნით და, საერთოდ, არსებული რეჟიმით, რასაც ღიადაც აფიქსირებენ. ვენესუელელებს არც კოლუმბიელებთან აქვთ თბილი ურთიერთობა. ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში მადურამ პირდაპირ განაცხადა, კოლუმბია ჩვენთან შეიარაღებულ კონფლიქტს აპირებსო. ახლა არშემდგარ ტერაქტზე ვენესუელაში მოქმედმა არაფორმალურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა.

აქვე უნდა გავიხსენოთ შარშან ზაფხულში სამთავრობო შენობებზე სამხედრო ვერტმფრენით განხორციელებული შეტევა, რომელშიც ყოფილი ოფიცერი მონაწილეობდა. მართალია, შეტევის შემდეგ რამდენიმე თვე იმალებოდა, მაგრამ სამართალდამცავებმა გაზაფხულზე მოახდინეს მისი ლიკვიდირება. 
ექსპერტებმა მომხდარი მაღალტექნოლოგიურ ტერაქტად შეაფასეს. იმის გარდა, რომ თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით ხორციელდებოდა, ასაფეთქებელ ნივთიერება დიქსოგენს შეიცავდა. ნივთიერება მიუწვდომელია ე.წ. "ელიტური მომხმარებლისთვის" იარაღის შავ ბაზარზეც კი. ექსპერტებისთვის გაუგებარია, როგორ მოხვდა ასეთი ძლიერი ქიმიური ნივთიერება ტერორისტების ხელში.

ტერაქტი მადურას წინააღმდეგ ვერ განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატები სნაიპერებმა, მადურას დაცვამ ჰაერში ააფეთქეს. შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ცნობილი გახდა ტერაქტის მომწყობი ექვსი პირის დაკავების შესახებ. მათ გარდა ლათინოამერიკული პრესის ინფორმაციით, 11 ჟურნალისტი დააპატიმრეს ხელშეწყობის ბრალდებით. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ჯერ გაურკვევლობაა და მოსახლეობა მოვლენების განვითარებას ელოდება.

სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. როგორც ცნობილი გახდა, ისინი რუსეთიდან დევნილი ხადარკოვსკის კუთვნილმა მედიაცენტრმა მიავლინა აფრიკის ქვეყანაში რუს ინსტრუქტორებზე რეპორტაჟის გასაკეთებლად. თუმცა მათ ვიზიტი არ შეათანხმეს არც ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ქვეყანაში ქაოსი და სამოქალაქო ომია, ჟურნალისტები კი ყოველგვარი დაცვის გარეშე, ღამით გადაადგილდებოდნენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეჭვს იწვევს ავტომანქანის მძღოლის, ადგილობრივი მოსახლის თავდამსხმელების მიერ ცოცხლად დატოვება. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, მკვლელობა ძარცვის მიზნით მოხდა.
ამოქმედდა ირანისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა მაისის დასაწყიში მოაწერა ხელი განკარგულებას ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, რასაც ისრაელის გამოკლებით მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ლიდერები ეწინააღმდეგებოდნენ და არ ურჩევდნენ. თუმცა ტრამპმა თავისი გაიტანა. ევროკავშირის ქვეყნების შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ სანქციებში მოხვდებიან ისინიც, ვინც რაიმე სახით ითანამშრომლებს ირანთან. სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ირანისგან ყოველგვარი ბირთვული მუშაობის შეწყვეტას ითხოვს.

პოლიტოლოგების გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა: "…თუ ირანელები მზად არიან და სურთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე პირადად შევხვდები პრეზიდენტ ჰასან რუჰანისო". ტრამპმა ეს განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯუზეპე კონტისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ირანელები ტრამპის შეთავაზებით არ აღფრთოვანებულან, შეხვედრისთვის წინაპირობები თავად წამოაყენეს. მათი მთავარი მოთხოვნაა აშშ-ის ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენა და სანქციებიას გაუქმება. ირანელთა წინააღმდეგობამ გააღიზიანა აშშ-ის მხარე და სანქციების გაუქმების ნაცვლად უფრო მეტად გამკაცრებასაც კი აპირებენ.

სწორედ სანქციები და სავაჭრო ომი იყო ჯუზეპე კონტის აშშ-ში ვიზიტის მიზეზი. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა და იტალიის პრემიერმა კი განაცხადეს, შეთანხმებას მივაღწიეთო, მაგრამ რას კონკრეტულად, არ უთქვამთ. მართლდება იმ პოლიტოლოგების მოსაზრება, რომლებიც ვარაუდობდნენ, ტრამპს აწყობს და უფრო გაუადვილდება ცალ-ცალკე ქვეყნებთან მოლაპარაკება, ვიდრე მთელ ევროკავშირთანო. თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი, ტრადიციულად, გამოუცნობია.

ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა. ტერეზა მეის სურს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ქვეყნისთვის უმტკივნეულოდ მოხდეს, შეინარჩუნონ არსებული პრივილეგიები, რომლებიც ორგანიზაციაში აქვთ და ამასთან, დამოუკიდებლად აწარმოონ ქვეყნებთან ვაჭრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანეთი ჩინეთისკენ გადაიხრებაო, _ იმუქრება მეი. ევროკავშირი ამის წინააღმდეგია. ამიტომაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საშემოდგომოდ გადაიდო.

მორიგი აზიური ტურნე განახორციელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ. სინგაპურში "ასიანის" (აზიის ქვეყნების შეკრება) სამიტზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა დათქმულ ვადებში მოახდენს ბირთვული იარაღის უტილიზირებას. თუმცა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, არ შეარბილონ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები: "…მსოფლიო ჩვენი მადლობელი უნდა იყოს კორეის ნახევარკუნძულზე დამყარებული მშვიდობისთვის", _ განაცხადა პომპეომ. იგი სინგაპურში პირისპირ ესაუბრა ჩინელ კოლეგას, თუ რის შესახებ, ტრადიციულად, უცნობია. რამდენად გამართლდება პომპეოს დანაპირები ჩრდილოეთ კორეის განიარაღებაზე, მკაცრი სანქციების პირობებში ძნელი სავარაუდოა.

თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ყოველდღიურად იძაბება. აშშ-მა თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს სანქციები დაუწესა,. მიზეზი ამერიკელი პასტორის დაკავებაა, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობისთვისაა ბრალდებული. "…ჩვენთან მუქარის ტონით საუბარი შეუძლებელია. ჩვენ აშშ-ს ნატოში დიდი დახმარება გავუწიეთ და ვერ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას", _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა. თურქეთის მხარემ უმალ უპასუხა აშშ-ს და ანალოგიური სანქციები დაუწესა იქაურ ჩინოვნიკებს. აშშ-ის ადმინისტრაციაზე, თურქეთის ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობაც განაწყენებულია, ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ნატოს ორი დიდი ქვეყნის ღია და მძაფრი დაპირისპირება.

გია ბურდული

მეტის ნახვა
15-08-2018, 22:42


საქართველო დიდი ხანია უსმენს ლევან ვასაძეს, უსმენს და გული იმედით ევსება, რომ ეს კაცი ლაპარაკიდან სულ მალე საქმეზე გადავა და მის ბედკრულ სამშობლოს უშველის, მაგრამ ამაოა ჩვენი მოლოდინი – ვასაძე ისევ ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ლაპარაკიდან კი საქმეზე გადასვლას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

ლაპარაკი საქმის ნაცვლად _ ასეც შეიძლება დავარქვათ ვასაძის მიერ მოღვაწეობისთვის არჩეულ სტილს.

არა, სულ კი არ ლაპარაკობს, ხანდახანს თავის ლექსებსაც გვიკითხავს ხოლმე, გვიკითხავს არტისტულად, ლამაზად, კარგად დაყენებული ხმით.
მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, ლექსები საკმაოდ მდარე და დაბალი ხარისხისაა, სამაგიეროდ, პატრიოტულ-ჰეროიკული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, აი, ისეთით, ურაპატრიოტიზმს რომ ვეძახით და იმ შეზარხოშებულ ქართველებს რომ მოსწონთ ძალიან, სუფრა ბრძოლის ველად რომ ეჩვენებათ და ყანწი ხმლად.

მოკლედ, როგორც პოეტი, დიდი ნიჭით ვერ გამოირჩევა ბატონი ლევანი, სამაგიეროდ, ლაპარაკშია ნიჭიერი და ისიც ლაპარაკობს და ლაპარაკობს, თან ისეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე და ისეთი დამაჯერებელი და საქმიანი ტონით, ხალხში პერიოდულად ხმა ვრცელდება, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდისო.

ვასაძის ლაპარაკი იძლევა ამ ხმების გავრცელების საბაბს, ამ ლაპარაკის გამოა, ხან რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს რომ "აბარებენ", ხან პრემიერ-მინისტრად "ნიშნავენ", ამ ბოლო დროს კი ისიც ითქვა, ლევან ვასაძე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, პრეზიდენტობაზე იყრის კენჭსო, თუმცა ყველა ასეთ ჭორს ვასაძის კატეგორიული განცხადება მოსდევს ხოლმე – პოლიტიკაში არ ვერევი, პოლიტიკური ამბიციები არც არასდროს გამაჩნდა და არც ახლა გამაჩნიაო.

ასე ბრძანა ახლაც, გრიგოლიას "რეაქციაში" – მე პოლიტიკაში არ ვერევიო, თუმცა განცხადება, რომელიც მან ამ გადაცემაში გააკეთა, წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა.

ვერ გეტყვით, რას ეძახის ლევან ვასაძე პოლიტიკას, მაგრამ ის, რასაც ბატონი ლევანი ლექსად თუ პროზად ამბობს, თავიდან ბოლომდე პოლიტიკაა.
საერთოდ, რაც კი ამ ქვეყანაზე კეთდება, პირდაპირ თუ ირიბად, ყველაფერი პოლიტიკისკენ მიდის, ყველაფერი პოლიტიკაში იყრის თავს.
თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ამბობ, პოლიტიკაში არ ვერევიო, ესეც პოლიტიკაა.

ლევან ვასაძე პოლიტიკოსია, ოღონდ პოლიტიკოსის ოფიციალური სტატუსის გარეშე, რაც ხშირად უფრო მომგებიანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა და პარტიული ტრიბუნიდან ლაპარაკი.

"მე მიმაჩნია, რომ რაც მალე ჩამოშორდება ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, რაც მალე ჩამოშორდება "ქართულ ოცნებას", მით უკეთესი იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვისაც, "ქართული ოცნებისთვისაც" და ჩვენი ქვეყნისთვისაც", – ბრძანებს პატივცემული ლევანი და იქვე აყოლებს: ეს არ არის პოლიტიკური განცხადებაო.

ეს თუ პოლიტიკური განცხადება არ არის, აბა სხვა რა არის?

რა არის და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქის განცხადებაა, რომელსაც ისევე უყვარს თავისი სამშობლო, როგორც ბევრ ჩვენგანსო.
ხედავთ, თურმე რა ყოფილა? – რიგითი მოქალაქის განცხადება ყოფილა!

რიგითო მოქალაქევ, ბატონო ლევან, როცა ასეთ "რევოლუციურ" მოწოდებას აჟღერებთ და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებთ, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის ტვირთი ჩამოიხსნას მხრებიდან, იქვე ისიც არ უნდა დაამატოთ, ვინ უნდა აიკიდოს ეს ტვირთი?

თქვენ ხომ, როგორც თავად ბრძანებთ, თქვენი სამშობლო ძალიან გიყვართ. ჰოდა, იმაზე ფიქრით და იმის ანალიზით არ უნდა შეიწუხოთ თავი, რა შეიძლება თქვენს საყვარელ სამშობლოში მოხდეს, ივანიშვილმა თქვენს რჩევას რომ დაუჯეროს, უცებ გადგეს განზე და ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობაზე საერთოდ უარი თქვას?

პატრიოტობის ან ანალიტიკური აზროვნების ხარისხით მე თქვენთან, აბა, რას მოვალ, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ვარაუდს მაინც გაგიმხელთ: დღესვე, დაუყოვნებლივ, მოუმზადებლად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ თქვენგან შემოთავაზებული ნაბიჯის გადადგმამ, შეიძლება ქვეყანაში უმართავი პროცესები გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის რეალური საფრთხე შექმნას.

გიფიქრიათ თქვენ ამაზე, პატივცემულო ლევან?

ალბათ, არ გიფიქრიათ და თუ არ გიფიქრიათ, მაშინ თქვენი დიდი პატრიოტობა და ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრობა როგორ უნდა ვირწმუნოთ?
სიმართლე გითხრათ, არ მჯერა იმ ადამიანების პატრიოტობისა, თავიანთ ლოკალურ ბედნიერებაში, თავიანთ მიკროდიდებაში, თავიანთ ნარცისულ წარმოსახვებში შეყუჟულნი რაღაცნაირი ხაზგასმული თავმოწონებით რომ გეტყვიან, მე პოლიტიკაში არ ვერევიო.

თუ ქვეყანა თავზე გენგრევა, თუ ქვეყანა იქცევა, რას ჰქვია პოლიტიკაში არ ერევი და არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანას, რითაც შეგიძლია და როგორც შეგიძლია, კატასტროფა ააცილო თავიდან.

მარტო ბატონ ლევანს არ ვგულისხმობ, სხვაც ბევრი მინახავს ამ მუდმივი წეწვა-გლეჯვის რეჟიმში მყოფ ქვეყანაში, ვითომ დიდი რეჟისორია, დიდი პოეტია, დიდი მეცნიერია და გამომდინარე ამ თავისი "სიდიდიდან" თუ "სიდიადიდან", ქვეყნის ყოველდღიურ პრობლემებზე, მით უმეტეს, პოლიტიკაზე ფიქრით თავის შეწუხება და თავისი პოზიციის დაფიქსირება თავის დაკნინებად და დამცირებად მიაჩნია – ზის თავის ოლიმპოზე და იქიდან მშვიდად ადევნებს თვალს საბედისწერო მოვლენებს.

სინამდვილეში, დეზერტირობაა ეს, კონფორმიზმი და ეგოიზმია, რომელსაც ხშირად პატრიოტიზმის ნიღბით ნიღბავენ მავანნი და მავანნი.
სპეკულაცია პატრიოტიზმით, "მარიაჟობა" პატრიოტიზმით, კეკლუცობა და თავის მოწონება პატრიოტული თემებით ჩვენს საზოგადოებაში კარგად ფესვგადგმული ტენდენციაა, რომელიც სათავეს არცთუ ისე შორეული კომუნისტური ეპოქიდან იღებს და დამოუკიდებელ საქართველოშიც ისე გადმოგვყვა, როგორც სახადი.

ბიძინა ივანიშვილიც ისე რომ მოქცეულიყო, როგორც ლევან ვასაძე იქცევა და არ ვერევი მე პოლიტიკაშიო, რომ ეთქვა, "ნაცმოძრაობა" და მისი ბელადი ახლაც თავზე გვეყოლებოდნენ წამოსკუპებული.

ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, სწორედ ეგ არის ნამდვილი პატრიოტიზმი, ნამდვილი გმირობა, რისთვისაც, ვასაძის აზრით, ბატონ ბიძინას ორი ძეგლი ეკუთვნის – ერთი სააკაშვილის მოშორებისთვის, მეორე – ქვეყნის წინაშე გაწეული უამრავი ქველმოქმედებისთვის.
კი, მაგრამ ამ ორი ძერგლის ღირს ბიძინა ივანიშვილს რომ ურჩევთ წასვლას, რატომ იგივე არა ურჩიეთ საძეგლოდ საერთოდ უვარგის მარგველაშვილსაც, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში უამრავი შეცდომა დაუშვა?

ხშირად ვაკრიტიკებდი მარგველაშვილსო, კი ამბობთ, მაგრამ კრიტიკა და საყვედური სხვაა – არაა შენი საქმე პრეზიდენტობა, ჩემო გიორგი და წადი სახლშიო, რატომ არ უთხარით?

თქვენი შვილის ნათლია და ბავშვობის მეგობარი რომ არის, იმიტომ ვერ გაიმეტეთ "ჩამოსალაბროანტებლად"? აკი, სამშობლოს გამო არავის და არაფერს დავერიდებიო?

ბატონ ლევანს აქვს თავისი ოლიმპო – კიკეთი.

აი, იქიდან გვმოძღვრავს, იქიდან გვიკითხავს განმანათლებლური და დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის ლექციებს.
ბატონი ლევანის საუბრებს რომ ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ადამიანმა ერის უგვირგვინო მეფის, ერის აღმზრდელის და პირუთვნელი მედიატორის ამპლუა აირჩია თავისი მისიის აღსასრულებლად.

ვასაძე ისე გველაპარაკება, თითქოს ილია ჭავჭავაძე ან მაჰათმა განდი იყოს.

კარგია ეს, მაგრამ როცა ილია ჭავჭავაძეობა ან მაჰათმა განდობა გინდა, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება შუბლში ტყვია გკრან.
აი, ეს ვარიანტი კი ბატონ ლევანს ხელს არ აძლევს და ალბათ ამიტომაც აუჩემებია, პოლიტიკაში არ ვერევიო.
კიკეთშივე არსებობს ვასაძის მიერ დაფუძნებული სკოლაც, სადაც ერთი ბავშვის აღზრდა-განათლება წელიწადში, რამდენადაც ვიცი, 10 000 ლარამდე ღირს, ანუ ეს არის სკოლა ძალიან მდიდარი ოჯახების შვილებისთვის.

ეს სკოლა სულაც რომ არ არსებობდეს, მდიდარი ოჯახები მაინც მისცემენ თავიანთ შვილებს სათანადო განათლებას.
არ სჯობდა, ეს სკოლა ღარიბი ოჯახების ნიჭიერი ბავშვებისთვის რომ დაგეარსებინათ, ბატონო ლევან?

ბიძინა ივანიშვილს თუ ორი ძეგლი უნდა დავუდგათ, თქვენ ერთს მაინც დაგიდგამდით, ეს სამადლო და მამულიშვილური საქმე რომ გაგეკეთებინათ,
აბა, მხოლოდ ლაპარაკში ჰაერის ძეგლს რომ არ დაგიდგამთ, ბატონო ლევან?

მეტის ნახვა
8-08-2018, 19:34


დასაწყისი „ს.გ." №28
უმადურთა მოდგმა

ვინ, როგორ და რატომ უღალატა ბიძინა ივანიშვილს?!

საქართველოში ერთი უცნაური ტენდენციაა დამკვიდრებული… უფრო სწორად, ეს ტენდენცია კი არა, შავი პიარის ნაყოფი უფრო გახლავთ, რაც საზოგადოების ნაწილზე დამანგრევლად მოქმედებს.  პრინციპში,მას თვით მოსახლეობის დაქვეითებული აზროვნებაც უწყობს ხელს.  თუ ბიძინა ივანიშვილზე სიმართლეს იტყვი და მადლიერებას გამოხატავ, ეგრევე წამოგესევიან და ეშაფოტზე შეგსვამენ — “ივანიშვილს “აპრავებ”, ბიჭოოო”! “ვინ დაგიკვეთა”! “რამდენს გიხდიან”!  სიმართლე გითხრათ, ამდროს მეცინება(თუმცა სასაცილო სულაც არა რის) და გულში ვფიქრობ: კი, მაგრამ რაში სჭირდება ივანიშვილს ჩემი “გაპრავება”? არც არაფერში… ასეთებს, ალბათ, ვერ ავუხსნი, რომ სიმართლეს ისევ უმადურთა სასარგებლოდ ვამბობ, რათა მათი მოდგმა ცოდვებისგან ვიხსნა.
ზოგიერთი მეტყვის, შენ ვინ უნდა იხსნა, ქრისტე ღმერთი ხომ არა ხარო არა, არც ქრისტე ღმერთი ვარ და არც მისი რომელიმე მოციქული, მაგრამ ვინაიდან ბევრი ვიცი,ბევრი მინახავს და ბევრი გამიგონია, იძულებული ვარ, ხან ვწერო, ხან — ვილაპარაკო და ბევრი ავაზაკი გამოვააშკარავო.

აი, სიმართლე კიდევ, როგორც ძველები ამბობენ, ჯანის, სულისა და გონების სისაღეა.  სხვათაშორის, ამ უმადურობის შემყურეს ჩემი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პერიოდი მახსენდება — მაშინაც ასე მკიცხავდნენ: “გამსახურდიას “აპრავებ”, ბიჭოოო”! არა, კაცო, რას “ვაპრავებ”, უბრალოდ გული მწყდება, ამდენი მოღალატე რომ აღმოაჩნდა და ამდენი ნაძირალა წაესია-მეთქი. იცით, ახლა რაზე მწყდება გული? იმაზე, რომ როცა გამსახურდიას “გაპრავებაზე” მელაპარაკებოდნენ, თითქოს თავს ვიმართლებდი,იმ დროს ტელერადიოკომიტეტში(დღევანდელ “საზოგადოებრივ მაუწყებელში) ვმუშაობდი და თითქოს ღვარად მოვარდნილ უბედურებას მაინც ანგარიშს ვუწევდი.  ზოგს ჰგონია, თენგიზ კიტოვანი ტყეში გავარდა, თენგიზ სიგუა ზღვაზე დაბანაკდა, ჯაბა იოსელიანმა ავტომატი ააკაკანა და მორჩა, ასე დაემხო ეროვნული ხელისუფლება.  არა,ამ ყველაფერს თან ახლდა შავი პიარი საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, სადაც მოღალატეებს ედუარდ შევარდნაძე ეგულებოდათ.  ასევე, შავი პიარი რუსეთიდან საქართველოსკენ.

მახსოვს, იმ დაძაბულ დღეებში როგორ ჩამოატარეს ტელერადიოკომიტეტის ყველა განყოფილებაში ბორის ელცინთან გასაგზავნი წერილი და როგორ მოგვთხოვეს ყველას ხელის მოწერა. 95-მა პროცენტმა მოაწერა, ის 95 პროცენტი დღეს ძალიან ყელყელაობს და ისევ ტელევიზორით გველაპარაკება პატრიოტიზმზე, პატიოსნებაზე, კორუფციასა და პროდასავლურ ღირებულებებზე.  წერილს ხელს აწერდნენ ჩვენი სასიქადულო ინტელიგენციის წევრები — მწერლები,მუსიკოსები, მხატვრები,მეცნიერები და ასე შემდეგ.  რუსეთში გასაგზავნ წერილში  ეწერა:

“ძვირფასო ბორის ნიკალაევიჩ, საქართველოში ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დამყარდა პროვინციული ფაშიზმი. 
გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რათა ჩვენთანაც დამყარდეს დემოკრატია”.

იქ კიდევ ბევრი რამე ეწერა, ლანძღავდნენ გამსახურდიას და აქებდნენ შევარდნაძეს.  სამწუხაროდ, მაშინ არც მობილურები გვქონდა და არც ქსეროქსები, რომ ამ წერილის ასლი ჩამეგდო ხელში და დღეს გამომექვეყნებინა. რაღაცას ანგარიშს ვუწევდი-მეთქი, გითხარით და იცით, რას ვგულისხმობ მიუხედავად იმისა, რომ არც წერილზე მომიწერია ხელი და არც ბილწთ შევკვრივარ ზავითა, წლების განმავლობაში მაინც მათ გვერდით ვიჯექი.  მადლობა ღმერთს, დღეს არც ავტომატის აკაკანება შეუძლია ვინმეს, არც ტყეში გავარდნა და არც თბილისის ზღვაზე დაბანაკება, მაგრამ დარჩა მეთოდი და სიტყვა, რაც ისევ ძველებურად მოქმედებს საზოგადოების ნაწილზე.  დიახ, მსოფლიო დონეზე დაიხვეწა ტექნოლოგიები, აჩქარდა დრო, არნახულ პიკს მიაღწია ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ, დაიხვეწა ადამიანების აზროვნებაც, მაგრამ ამ მხრივ ქართულ ყოფას არაფერი ეშველა,  ბიძინა ივანიშვილსაც იგივე მეთოდებით ებრძვიან,როგორც ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას.

ახლა გამოხტებიან ვიღაცები და დამამუნათებენ — ზვიადს და ბიძინას ერთმანეთს ადარებ, ბიჭოოო!  არა,არ ვადარებ, ის სხვა ეპოქა იყო, გამსახურდიამ სხვა გზა გაიარა და ხან იმასაცვ ფიქრობ, თავისმა ნამეტანმა პატიოსნებამ და მიამიტობამ დაღუპა.  ივანიშვილი მმართველთა სხვა კატეგორიას განეკუთვნება, სხვა დროში მოუწია მოღვაწეობა გამსახურდიას და ივანიშვილს.  თუმცა ამ ორ ადამიანს ნამდვილად აქვს საერთო—პირველმა კომუნისტური რეჟიმი ჩამოგვაშორა, მეორემ –კომუნისტებზე უარესი მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური” ხროვა!

ჰო, ბინძურთა ბრძოლის მეთოდებზე მოგახსენებდით… აქ ერთ “საუკეთესო” მაგალითს მოგიტანთ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის ლანძღვაში ათენ-აღამებს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია – ბიძინას უწოდებს გაუნათლებელს , ხიხოს, ყაჩაღს და რაღას არა. ბევრჯერ ვიფიქრე, მისთვის პირადად მიმეწერა, მაგრამ თავი შევიკავე.  ახლა კი მინდა, შევახსენო: ცოტნე, შენ მაშინ ბავშვი იყავი და შეიძლება არ გახსოვს, როცა შევარდნაძის მომხრე ე. წ. ელიტარულმა საზოგადოებამ შუბლის ძარღვი ბოლომდე გაიწყვიტა, მამაშენსაც პროვინციელ ფაშისტს, ხიხოს და გაუნათლებელს ეძახდნენ, ხოლო ჩვენ, მის მომხრეებს — ასევე ხიხოებს, გაუნათლებლებს, სოფლელებს, სუნიანებს, აყროლებულებს!  სასაცილოა, არა?  თითქოს ზვიად გამსახურდიას გაუნათლებლობა არავის უნდა დაეჯერებინა, არც მისი ფაშისტობა და დიქტატორობა, მაგრამ მასამ, ბრბომ დაიჯერა.  მეტიც, იგივე ბრბომ იწამა, თითქოს პირველმა პრეზიდენტმა კახელებს შაჰ-აბასის ნაბიჭვრები უწოდა.  ცოტნე, მე არ ვიცი, ასეთი რა გეწყინა ივანიშვილისგან, ან საიდან დაასკვენი, რომ ის ხიხოა, მაგრამ ერთს აშკარად ვხედავ, შენ დგახარ იმ ბრბოს გვერდით, რომელმაც მამაშენს და შენს ოჯახს მოუღო ბოლო.  ვინ, ვინ და… შენ ყველაზე მეტად გამოსცადე საკუთარ თავზე სააკაშვილის რეჟიმის მსახვრალი ხელი!

მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 1990-იან წლებში ვიყავი იქ, საიდანაც ძალიან კარგად ჩანდა საქართველოს მდგომარეობა, ძალიან კარგად ვხედავდი, ვინ რას აკეთებდა და ვინ რას ჩალიჩობდა ქვეყნის დასამხობად.  ასევე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 2011 წლიდან მოყოლებული (მანამდეც) ვდგავარ იქ, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ ცდილობს არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ ქვეყნის დამხობას.  აი, ამიტომ “ვაპრავებ” კი არა, ვლაპარაკობ სიმართლეს და სანამ ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, რათა მტრებს აღარ მივცე საშუალება, გაიმეორონ 1990-იანი წლების მოვლენები!

უმადურობის მეორე სამაგალითო “ეგზემპლიარი” გახლავთ გუბაზ სანიკიძე.  არც ამ ადამიანის ხსენებას ვაპირებდი, სათქმელი არაერთხელ ვუთხარი პრესის საშუალებით, მაგრამ ამას წინებზე ისეთები ილაპარაკა დავით აქუბარდიას გადაცემაში, ახლაც პირი მაქვს დაღებული.  ისაო, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზეც ისაუბრა, თურმე იქითაც ვერ ყოფილა საქმე კარგადო.  ჰმ… ბატონო ბიძინა, თქვენ რა იცით, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ვინ გითხრათ, საიდან გაიგეთო?  ბოლოს და ბოლოს, ვინ მოგცათ უფლება, ჭკუა დაგვარიგოთო?  ამ ყოყლოჩინა ბუტაფორიის ბუყბუყს ფონად გასდევდა “აქუს” ქირქილი: ჰა, ჰა, ჰა… ჰი, ჰი, ჰი… ნწუ, ნწუ, ნწუ… შენ რა გითხარი, გუბაზ.

ვაი, მართლა შენ რა გითხარი, გუბაზ, “აქუ” რომ ქირქილებს, ჩემთვის გასაგებია — ამბობენ, ტელევიზიის ოფისს რომ აშენებდა, ბიძინამ ბლოკის ფული არ მისცაო, მაგრამ შენ ხომ დაგაფასა, შენ ხომ აგიღო და პარლამენტში დაგდო?  ჰო, დაგდო, დაიძინე, ოთხი წლის შემდეგ გაიღვიძე და რაკი მეორედ აღარ დაგდო, მტრად მოეკიდე.  მე რომ ივანიშვილის ადგილზე ვყოფილიყავი, 2012-შივე ამოგაწევინებდი ტოპრაკას კოალიციიდან იმის გამო, რაც მის ოჯახთან დაკავშირებით იკადრე, მაგრამ სულგრძელია ეს ადამიანი,გაპატია!

ვისაც არახსოვს, შევახსენებ: ბატონმა გუბაზმა, დაიგულა რა თავი ქუდში, ეგრევე დაუწყო “შპილკაობა” ივანიშვილს, დაურეკა ვიღაც თანამოაზრეს და სისულელეები და სიბინძურეები აფრქვია.  ჰო, ეს ვაჟბატონი იმავე ფარულ ჩანაწერში ამბობს, ხელისუფლებაში იმიტომ მოვდივარ, მილიონი დოლარი უნდა ვიშოვოო.  აშკარად ვერ იშოვა გუბაზმა მილიონი, არ მისცა ბიძინამ და აჰა, ახლა კვირაში ერთხელ “აქუს” კანტორაში იქარვებს დარდებს.

თქვენ რა იცით, ბატონო ბიძინა, რა ხდება ახლო აღმოსავლეთშიო? — ეკითხება ტელევიზორიდან სანიკიძე ივანიშვილს, წარმოგიდგენიათ? გეგონება, ბიძინას ან წიგნის ყიდვა უჭირს, ან ინტერნეტი არ აქვს, ან გაზეთს ვერ გადაშლის, ან კიდევ პოლიტოლოგებს ვერ დაელაპარაკება.  უი, თუმცა ამათი მტკიცებით ხომ ის ხიხო და გაუნათლებელია?  აქ ერთი კეისარი მახსენდება (მგონი ცეზარი იყო, გუბაზს ეცოდინება კარგად, მაინც ისტორიკოსია), როდესაც მას სენატის ერთ-ერთი წევრი გადაეკიდა, მიუბრუნდა და ჰკითხა: კი, მაგრამ ჩემგან რა გინდა, შენთვის ხომ სიკეთე არასოდეს გამიკეთებიაო?  აი, გუბაზ, გამოდი ახლა და თქვი, რატომ ელაპარაკები ტელევიზორიდან ივანიშვილს ასე ა გდებულად, ასე თავხედურად, იმიტომ, რომ ბევრი სიკეთე გაგიკეთა, ხომ? დიახ, ასეა, მან პარლამენტში დაგდო არა მხოლოდ შენ, არამედ შეტენა შენი “პადელნიკებიც”, რომელთა სახეები ქართველმა ხალხმა ვერც კი დაიმახსოვრა.  სახეები ჯანდაბას, გვარებსაც ვეღარ ვიხსენებთ.  კაცმა შანსი მოგცათ, ძმაო, ოთხიწელიწადი საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავი გამოგეჩინათ და შემდეგ საკუთარი ტრაკით შესულიყავით საკანონმდებლო ორგანოში, რა უნდა გაეკეთებინა მეტი ბიძინა ივანიშვილს?

ვინ მოგცათ უფლება, ქვეყანა ჭკუაზე დაარიგოთო — დაჟინებით კითხულობს “აქუს” ქირქილის ფონზე იგივე სანიკიძე და არც კი წითლდება.  რაია, ბიჭო, შენ კი გვარიგებ ჭკუაზე დღეგამოშვებით და რა, ივანიშვილს არ აქვს უფლება?  ჯერ ერთი, მე ასეთი მორიდებული ბიძინა ივანიშვილი არასდროს მინახავს და მეორეც — ტარანი ხომ თვლით არი?  გამოდით, აბა, ხომ ხართ მაგარი ბიჭები, გამოდით და მაჩვენეთ რამე თქვენი აშენებული, ან ერთი ხე დარგული, ან ერთი ადამიანი გადარჩენილი.  ვერ მაჩვენებთ, არ აგიშენებიათ და ამიტომ, არ დაგირგავთ და ამიტომ, არავინ გადაგირჩენიათ და ამიტომ…დიახ, ამიტომ, ამიტომ და ამიტომ!
ტელევიზორში ყბედობის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ, თითი თითზე არ დაგიკარებიათ, პარლამენტში კი გეძინათ!

დაუშვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა შეცდომები? რა საკვირველია, დაუშვა და მის პირველ შეცდომად ვთვლი გიორგი მარგველაშვილს.  დღემდე საზოგადოებამ ზუსტად არ იცის, როგორ და რა ვითარებაში მოხდა ამ ადამიანის გაპრეზიდენტება, როგორ მოხდა შეთავაზება, ვისი იდეა იყო და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს.  სხვათა შორის, როგორც გია ხუხაშვილმა მითხრა, თავიდან მარგველაშვილი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ერთ კვირაში დაითანხმეს.  სხვა ინფორმაციით, ეს იყო ამერიკის საელჩოს შეთავაზება.  ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა — ალბათ, გახსოვთ, ერთხელ ისიც კი თქვა, თუ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს, საქართველოს დავტოვებო.  ეს იმდენად ხისტი ნათქვამი იყო, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ვკითხე, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებდა, ის  პოლიტიკიდან წავიდოდა? ბატონმა ბიძინამ მაშინ ასეთი განმარტება გააკეთა — არ არის პრობლემა, ხელისუფლება სხვა პრეზიდენტთანაც ითანამშრომლებს, მაგრამ მე პირადად ჩავთვლი,რომ ნდობის რესურსი ამოვწურე და წავალო.

ასეა თუ ისე, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მარგველაშვილი გაპრეზიდენტებულიყო, მაგრამ სამაგიეროდ რა მიიღო? არნახული უმადურობა. არა, მე შორს ვარ იმ აზრისაგან და არც თვითონ ბატონი ბიძინა ისურვებდა, რომ პრეზიდენტი მისი ხელქვეითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებობს ელემანტარული საკითხები, ელემანტარული ზრდილობა და ასევე ელემენტარული მორალი. ნამდვილად არ არის ნორმალური, როცა არჩევნებამდე სულ სხვანაირი ხარ და არჩევნების შემდეგ კი ქამელეონივით იცვლი ფერს.

სხვათა შორის, ფერისცვალება ძალიან ბევრმა განიცადა და ამაში ივანიშვილს ვეღარ ვამტყუნებ, რადგან თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადასვლა ჩვენში უკვე ტრადიციადაა ქცეული. თუ როგორ იცვლიან ფერს საქართველოში და როგორ გადადიან ჩაღვენთილი მდგომარეობიდან გაციებული პლასტელინის მდგომარეობაში, ამაზე მომდევნო წერილში მოგითხრობთ. პლასტელინი ვიქნებიო, მხოლოდ მარგველაშვილს არ უთქვამს, სხვები უფრო “უკეთეს” დაპირებებს იძლეოდნენ, მაგრამ მოგვიანებით “გადაგვაგდეს”. დარწმუნებული ვარ, მავანთა პლასტელინობა საერთოდ არ მოსწონდა და არც დღეს მოსწონს ივანიშვილს, დასაწყისში ის ხშირად იბნეოდა კიდეც. როგორ გგონიათ, დღეში ასი კაცი რომ შედის მასთან კაბინეტში და ასივე ერთმანეთზე უყვება, თუ როგორი გათახსირებულები არიან დანარჩენები, არ დაიბნევი და სწორ ანალიზს გააკეთებ ალბათ, ისიც გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილს უამრავი ახალი პროექტი ჰქონდა დასაწყისში, მაგრამ როგორც კი დაინახა, ყველა პროექტს წურბელებივით შეესივნენ და მხოლოდ ფულის კეთება მოინდომეს, მალევე ჩაშალა. უახლოეს ხანში ამ იდეებსა და ჩვენი საუბრის რამდენიმე დეტალზეც მოგითხრობთ.

(გაგრძელება იქნება)

მეტის ნახვა
8-08-2018, 18:46


სავაჭრო ომი, რომელიც გაზაფხულიდან აგორდა მსოფლიოში, ახალ და გლობალურ პრობლემებს უქმნის სამყაროს ეკონომიკას. დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე არგენტინაში, რომელიც გასულ კვირას დასრულდა, დღის წესრიგში მთავარი საკითხი უკვე დაწესებული და მოსალოდნელი სანქციები იყო. სამიტზე ფინანსისტები შეშფოთებას ვერ მალავდნენ, მათ აზრს მსოფლიოს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლიაგარიც იზიარებდა. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი იყო შეუვალი. ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ მან მოლაპარაკება ცარიელ ლაყბობად შეაფასა.

მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ მინისტრი დონალდ ტრამპის აზრს იზიარებს. აშშ-ის პრეზიდენტის შეტევის ძირითადი ობიექტები ჩინეთი და ინდოეთი გახდა. გვახსოვს, შარშან, ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტით ერთ-ერთი პირველი ჩინეთის მმართველი სი ძინ პინი მიიწვია. სწორედ მაშინ განახორციელა აშშ-ის ავიაციამ ავღანეთში შეტევა. თუმცა ჩინელებს არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. ექსპერტების განცხადებით, ტრამპს სურდა დაეშინებინა ჩინელები (და, თავისთავად, სხვა ქვეყნებიც), მაგრამ ეს ვერ მოახერხა და ამიტომაც ახორციელებს ეკონომიკურ შეტევას. "…ჩინეთმა ფერმერები დამიზარალაო", _ განაცხადა გასულ კვირას ტრამპმა. სტატისტიკური მონაცემებით, წლეულს პირველ ორ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა, თუმცა საპასუხო სანქციების მიზეზით ამერიკელი ფერმერები კოლოსალურ ზარალს განიცდიან. დათმობაზე წასვლას არც აშშ, არც ჩინეთი და ინდოეთი არ აპირებს. ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხმა, რომლებსაც ტრამპი აშშ-ის მთავარ მტრებად თვლიდა, აქტუალობა დაკარგა.
ეკონომისტები და ფინანსისტები სავაჭრო ომის დასრულებას უახლოეს მომავალში არ ელოდებიან. მათი განცხადებით, სანქციებმა უკვე საგრძნობლად აზარალა მსოფლიოს ეკონომიკა. ექსპერტები შიშობენ, სავაჭრო ომი ქვეყნებს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების საბაბი არ გახდეს. მათივე განცხადებით, თუ სავაჭრო ომი ასეთი ტემპით გაგრძელდება, გაისად მსოფლიოში ეკონომიკური მაჩვენებელი, მინიმუმ, 3%-ით დაეცემა, რაც მძიმედ დააწვება განვითარებადი ქვეყნების საშუალო და დაბალი ფენების მოსახლეობას.

ევროკავშირის კომისარი ჟან კლოდ იუნკერი გასულ კვირას დონალდ ტრამპს ესტუმრა. მისი ვიზიტის მთავარი და ძირითადი მიზანი სავაჭრო ომის შეჩერება თუ არა, შერბილების მიღწევა მაინც იყო. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ დროებით შეაჩერებს სანქციებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. სამაგიეროდ, ევროპელებს მოუწევთ დათმობაზე წასვლა. ექსპერტების განცხადებით, იუნკერმა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა. აღნიშნავენ იმ გარემოებასაც, რომ იუნკერი მრეწველებსა და ბიზნესმენებზე გავლენას ვერ მოახდენს, მას არ შეუძლია უკარნახოს მათ, როგორც აწარმოონ ბიზნესი. ამიტომაც გარუკვევლობაა და სავაჭრო ომი კვლავ გრძელდება. თუმცა შეხვედრით კმაყოფილი იყვნენ ტრამპიც და იუნკერიც. სასმელის რა გითხრათ, რომლითაც ნატოს სამიტზე თავს იქცევდა იუნკერი, მაგრამ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შემდეგ მას იუნკერი კოცნის. ევროპაში ამ ფოტომ, ფაქტობრივად, სკანდალი გამოიწვია. მართალია, იუნკერი უარყოფს, არ მიკოცნიაო, მაგრამ ფაქტი, ანუ ფოტო, გავრცელებულია.

ჰელსინკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს სამშობლოში კრიტიკის ქარიშხალი დაატყდა თავს. ძირითადად, მას დემოკრატები და მათთან დაახლოებული პრესის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. ტრამპის კრიტიკოსების ფანტაზია იქამდე მივიდა, რომ მას რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში დასდეს ბრალი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო კონგრესში მიიწვიეს, რათა მოესმინათ, რა თემებზე ისაუბრა ტრამპმა პუტინთან. პომპეომ კონგრესმენებს დინჯად უპასუხა და ისიც განაცხადა, პუტინის ნაჩუქარ ბურთში მოსასმენი ჩიპი ვერ აღმოვაჩინეთო.
აშშ-ში ეკონომიკური მაჩვენებელი იზრდება, მცირედ, მაგრამ უმუშევრობამ იკლო, მაგრამ ეს ტრამპის კრიტიკოსებს, განსაკუთრებით კონგრესმენებს, არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია, ტრამპის იმპიჩმენტისთვის მიზეზი იპოვონ. სავარაუდოდ, ამიტომაც განაცხადა დონალდ ტრამპის თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა: "…ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში კუდიანებზე ნადირობა არ დამთავრდება, ვლადიმირ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია".

პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ტრამპი მედგრად იგერიებს შეტევებს, მათ ყურადღება გაამახვილეს ბოლტონის გამონათქვამზე, რადგან ტრამპზე შეტევებსა და მის მიმართ განხორციელებულ ბრალდებებს ისიც კუდიანებზე ნადირობად მიიჩნევს, იმასაც ამბობენ, კრიტიკოსების პოზიციები შესუსტდაო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად აგორებული რუსეთის ისტერიისა და სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული დარტყმა-შეტევებისა, დონალდ ტრამპს თავისი მხარდამჭერი ელექტორატი ჰყავს. ექსპერტებს მხედველობაში ჰყავთ ახლად დასაქმებულები, ბიზნესმენების სერიოზული მხარდაჭერა და, რაც მთავარია, სამხედრო მოსამსახურეები. თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა, რომელსაც რუსეთისადმი სიმპათიებს ვერავინ დასწამებს, არ გამორიცხავს რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან პირისპირ შეხვედრას. გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის რეიტინგი 45%-ია. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ 33% მხარდამჭერი ჰყავდა. პოლიტოლოგების ვარაუდით, შემოდგომაზე არჩევნებში ტრამპი კონგრესში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ კი განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის მეგობარი არ არის, მაგრამ ამერიკელი პოლიტოლოგების განცხადებით, დიპლომატმა ვითარების განეიტრალება სცადა. მათივე განცხადებით, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შემოდგომაზე აუცილებლად შედგება. "…დონალდ ტრამპს აქვს შეხვედრის სურვილი და შევხვდები. მზად ვარ, ჩავიდე ვაშინგტონში და მოსკოვშიც მივიწვიო", _ უპასუხა ვლადიმირ პუტინმა იოჰანესბურგში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ტრამპთან შემოდგომაზე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.

ამასობაში დონალდ ტრამპმა თავად შეუტია კანონმდებლებს და დაემუქრა, თუ კონგრესი მხარს არ დაუჭერს მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას, აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობას შეწყვეტსო. დანაქადის შესრულების შემთხვევაში, ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი დაისადგურებს. კონგრესმენებს პრეზიდენტისთვის ჯერ არ უპასუხიათ.

გასულ კვირას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა ე.წ. "ბრიქსის" სამიტი. ორგანიზაციაში ხუთი წევრია _ ბრაზილია, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა. ორგანიზაცია თავდაპირველად ეკონომიკურ ბლოკად ჩამოყალიბდა, მაგრამ წლევანდელ მეათე სამიტზე პოლიტიკურმა განცხადებებმაც გაიჟღერა. "ბრიქსის" შეკრება წელს ნელსონ მანდელას დაბადებიდან მე 100 წლისთავს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიხაციაში მხოლოდ ხუთი ძირითადი წევრია, სამიტზე ორ ათეულზე მეტი ქვეყნის ლიდერები იყვნენ მიწვეულები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხუთი წევრი ქვეყნიდან სამი _ რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ბირთვული იარაღის მფლობელია.

აფრიკის კონტინენტიდან რუსეთი თითქმის 30 წლის წინათ გავიდა, მაგრამ სამიტზე ნათელი გახდა, რომ კვლავ აპირებს დაბრუნებას. "ბრიქსის" მსვლელობისას რუსეთმა აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებს ინვესტიციები შესთავაზა. ძირითადი მიმართულებები ჯერჯერობით ელექტროსადგურებისა და რკინიგზის მშენებლობაა. როგორც ცნობილია, რუსეთი სამხრეთ აფრიკაში უკვე აშენებს ატომურ ელექტროსადგურს. "ბრიქსის" ქვეყნების საქონელბრუნვა უკვე 17 მილიარდი დოლარია. ახლანდელ სამიტზე დადგა საკითხი, რომ "ბრიქსის" წევრმა ქვეყნებმა ანგარიშსწორება ეროვნული ვალუტით განახორციელონ. თუმცა დოლარზე უარს ბოლომდე ჯერ არ ამბობენ. ექსპერტების თქმით, ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორებაზე გადასვლას წლები დასჭირდება. მათივე განცხადებით, მზარდი ეკონომიკური დინამიკის გამო, შესაძლოა, "ბრიქსი" აშშ-ისა და დასავლეთ ევროპისთვის სერიოზული და, ამავე დროს, დამანგრეველი კონკურენტი გახდეს.

სამხრეთ აფრიკაში "ბრიქსის" სამიტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი სტუმრობდა. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან განაცხადა: "…აშშ-ის ჯიბრზე ჩვენ უკეთესი ურთიერთობა გვაქვს და გვექნებაო~. თურქეთის პრესის ინფორმაციით, ერდოღანმა სურვილი გამოთქვა და ითხოვა, მისი ქვეყნის "ბრიქსში" გაწევრიანება. რა უპასუხეს ერდოღანს, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს გაისად, ჩინეთში დაგეგმილ სამიტზე გავიგებთ. ამასობაში კი თურქეთი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს ამერიკულ მხარეს. კონგრესმა შეაჩერა ავიაგამანადგურებლების მიყიდვა მათთვის, რადგან თურქეთმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა შ 400 შეიძინა. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ აშშ-მ, შესაძლოა, კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგოს შავი ზღვის რეგიონში. მათივე განცხადებით, ასევე, შესაძლოა, თანამედროვე სამყარო ახლო მომავალში რადიკალურად შეიცვალოს _ უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ამას არ აკონკრეტებენ…

გია ბურდული

მეტის ნახვა
6-08-2018, 23:00


გვესაუბრება პოლიტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას პირველი ინტერვიუ მისცა. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად შეიძლება მისი გზავნილები ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად მივიჩნიოთ?

_ დიახ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი საზოგადოებაში გამოჩენა, პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია, რადგან ბევრი კომპონენტი, რაც მის ინტერვიუში გაჟღერდა პრინციპულად ახალია. მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი წარმოჩინდა არა როგორც "ქართული ოცნების" დამცველი, არამედ როგორც ქართული პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ბეიღბალზე მზრუნველი ადამიანი. სასურველია, ამაში წამყვანი როლი "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს, ოღონდ, ეს, უკვე, ბატონი ბიძინასთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი თუნდაც, "ქართული ოცნების" პოზიციე- ბის შესუსტება, რიგ შემთხვევებში, პოლიტიკური ან ეკონომიკური ცხოვრებისთვის უკეთეს შედეგს მოიტანს, ინტერვიუდან ნათლად დავინახეთ, რომ ივანიშვილი ამ ნაბიჯზე წამსვლელია. ანუ, მის გამოსვლაში ჩანდა, რომ ქვეყანა უფრო წინ იყო დაყენებული, ვიდრე პარტია.

_ ივანიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მას ნაკლებად იცავდა. საინტერესოა, საერთოდ, დარჩა კი ივანიშვილს თავისი გუნდი ანუ, არის კი "ქართული ოცნება" მისი გუნდი?

_ არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" რომ გუნდურობა მოისუსტებს, რაც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტია. გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრნაირი იყოს: ძირითადად, პირველები გუნდიდან ისინი წავიდნენ, ვინც მიპატიჟებულნი იყვნენ _ "რესპუბლიკელები" და ალასანია. საკუთრივ, "ქართული ოცნება" დარჩა, ოღონდ, მასში წინ წამოიწია სხვა თაობამ, რომლისთვისაც ივანიშვილის ღვაწლი, რაც მას საქართველოს ისტორიის წინაშე მიუძღვის, ისეთი მნიშვნელოვა-ნი არ იყო, როგორც ადრინდელი თაობებისთვის. კერძოდ, ის რომ სააკაშვილის რეჟიმი მოირღვა _ ივანიშვილმა დაამარცხა, ეს დიდ, გარდამტეხ მოვლენად ითვლება თუ არა ახალგაზრდა თაობისთვის, ძნელი სათქმელია. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილის პოლიტიკის ერთ-ერთი ხაზი უფროსი თაობის ჩარეცხვა გახლდათ. ეს თაობა ჩაირეცხა უმაღლესი სასწავლებლებიდან, მთავრობიდან, პოლიტიკური ცხოვრებიდან და ყველგან ახალგაზრდები შემოვიდნენ. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ახალგაზრდები, მაგრამ ვიქეცით ქვეყნად, სადაც შეიძლებოდა მინისტრი 22 წლის ყოფილიყო, პარლამენტარის საშუალო ასაკიც ძალიან დაბალი იყო და ა.შ. თუ თვალს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ჯგუფებს გადავავლებთ, იქ, ჭაღარა თავები ძალიან ბევრია.

ეს არ ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა იმ ტიპის უნდა იყოს, რაც საბჭოთა კავშირის დროს გახლდათ _ საბჭოთა ლიდერი ყოველ მეორე დღეს იცვლებოდა იმიტომ, რომ ასაკი უწევდა და იმ პოლიტბიუროში ახალი მოხუცი შედიოდა. ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. მაგრამ უკიდურესობაა ისიც, როდესაც აკლიათ პოლიტიკოსებს ცხოვრებისეული გამოცდილება. ადამიანს მოსამართლედ 35 წლამდე არ ნიშნავენ, ცხოვრებისეული გამოცდილება საკმარისი არ აქვსო. აღმოჩნდა, რომ ყველა სხვა თანამდებობაზე ცხოვრებისეული გამოცდილება საჭირო არ ყოფილა. ასეთ უკიდურესობაში გადაზარდა სააკაშვილმა ქვეყნის პროცესები და შეჭაღარავებული თავები ქართულ სინამდვილეში გაქრა. წეღან ვახსენე, უცხოეთში პოლიტიკაში ბევრი ჭაღარა თავია-მეთქი, მაგრამ იქ, ახალგაზრდებიც არიან. მათი სტილი ახალგაზრდების წინ წამოწევაა, მაგრამ ითვლება, რომ სხვადასხვა თაობის ხალხი გადაწყვეტილების მიღებაში, დაახლოებით, ერთნაირად უნდა მონაწილეობდნენ. ეს დემოკრატიის პრინციპია. წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტს მარტო სტუდენტები რომ მართავდნენ, სკოლას კი მარტო მოსწავლეე- ბი და ა.შ. ჩვენ, სამწუხაროდ, დაახლოებით, ასეთი სახელმწიფო მივიღეთ.

_ ივანიშვილმა ინტერვიუში კიდევ რამდენიმე კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ძირითად მიმართულებად საბანკო სექტორში ცვლილებები დაასახელა. მან აღნიშნა, რომ ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა. ეს ბანკები საკმაოდ სერიოზულ ფინანსებს ფლობენ, მათ უკან საერთაშორისო ძალები, დონორები დგანან. ომი რომლის წამოწყებასაც ივანიშვილი აპირებს რამდენად უსაფრთხო და გამარჯვებადი იქნება?

_ ეს ომი, ჯერჯერობით, განცხადების დონეზეა, მაგრამ უფრო ადრე, ბრძოლა ბანკების წინააღმდეგ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით ბახტაძემ წამოიწყო. მან შემოიტანა ნორმები, რომლებიც ბანკების მონოპოლიას ზღუდავს. ოღონდ, ვგრძნობ, რომ პროცესი გაგრძელებას ითხოვს შემდეგი მიმართულებით: ბანკი, როგორც წესი, ფინანსური თვალსაზრისით, ძლიერი სტრუქტურაა. საკმარისია მას სხვა ბიზნესის კეთების უფლება და საშუალება მიეცეს, ასე, რა თქმა უნდა, იგი, მონოპოლისტი გახდება და ეკონომიკის სხვა სუბიექტებს, ელემენტარულად, მოსპობს, შედეგად, ეკონომიკური თვალსაზრისით, მონოპოლიზებულ ბაზარს მივიღებთ. ამიტომ, ლაპარაკია იმაზე, რომ ბანკების უფლებები უნდა შეიზღუდოს, მათ არ უნდა ჰქონდეთ თავიანთი პროფილის გარეთ გასვლის საშუალება, არამედ მარტო საბანკო საქმე უნდა აწარმოონ. ჩვენთან მხოლოდ საბანკო სექტორი როდია მონოპოლიზებული. თითქმის, ყველა სექტორი მონოპოლიზებულია.

მაგალითად, მონოპოლიებია ჯანდაცვის სფეროში _ ერთიდაიმავე ფირმას აქვს კლინიკა, ფარმაცევტული ფირმა, დახმარებების გაცემის საშუალება და ა.შ. ანალოგიურად მონოპოლიზებულია ენერგეტიკის სექტორი, ბენზინი. ასე, რომ თუკი ბანკების მონოპოლიზაციის წინააღმდეგ მოძრაობა დაიწყება, სავარაუდოა, რომ მოძრაობა ზოგადად, მონოპოლიების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს. მონოპოლიების გამოა, რომ არ არსებობს საშუალო და მცირე ბიზნესი და შედეგად, სწორედ ამ მიზეზით არ არსებობს სამუშაო ადგილები. დასავლეთის საზოგადოებებში სამუშაო ადგილების ძირითადი პროცენტი საშუალო და მცირე და არა დიდ ბიზნესზე მოდის. იმიტომ, რომ დიდი ბიზნესი ცდილობს ტექნიკური ინოვაციების შეტანით თუ სხვა ხერხებით ხარჯები შეამციროს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაასაქმოს. საშუალო და მცირე ბიზნესი კი ადამიანებს ასაქმებს. გამოდის, რომ მონოპლიებთან ბრძოლა, ფაქტობრივად, არის ბრძოლა სამუშაო ადგილებისთვის. ამას კი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო 30 წლის მანძილზე მუდმივად სამუშაო ადგილების პრობლემაა. ამავე, 30 წლის მანძილზე სულ მონოპოლიების პრობლემა დგას. აი, სწორედ ამ პროცესის სათავესთან გამოჩნდა ივანიშვილი. ამ ინტერვიუდან გამოიკვეთა, რომ იგი ამ პროცესს ხელს კიდებს, რასაც ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თუ მან წარმატებას მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზრდება.

თუკი გვიან არ არის და დღეს "ქართული ოცნება" როგორც პარტია, მისი ლიდერი ივანიშვილი მონოპოლიების სფეროში მკაფიოდ დააყენებენ რეფორმების საკითხს, ამას გაიტანენ. "ქართულ ოცნებას" როგორც ერთადერთ გავლენიან პარტიას, ამის გატანა შეეძლება. თუ დააგვიანებენ და პოლიტიკური სპექტრი უფრო აჭრელდება, მერე, ეს შანსი, დაიკარგება. ანუ, რეფორმების ის მიმართულება დაიკარგება, რისი სულისკვეთებაც ივანიშვილის ინტერვიუში ჩანდა.

_ ივანიშვილმა ღიად ისაუბრა ეკონომიკური გუნდის, კერძოდ, კვირიკაშვილის შეცდომებზე. ამის გამოსწორების რა ბერკეტი არსებობს?


_ ივანიშვილმა, ამ კუთხით, კრიტიკული ტონი არჩია. კერძოდ, თუკი ქვეყანაში მონოპოლიებს შეინარჩუნებ, უმუშევრობის პრობლემა ყოველთვის იქნება. ერთ-ერთი წამყვანი საბანკო მონოპოლიებია. ფაქტობრივად, ივანიშვილმა კვირიკაშვილს მონოპოლიების შენარჩუნებაში დასდო ბრალი. ბრალდება ეხებოდა არა იმას, რომ კვირიკაშვილმა ან ქუმსიშვილმა რაღაც მიითვისეს, არამედ იმას რომ მცდარი, არასწორი, დანაშაულებრივი კონცეფციით მიდიოდა ქვეყანა მონოპოლიების გაძლიერებისკენ, რაც პრინციპულად გამორიცხავდა სამუშაო ადგილების გაჩენას, გამრავლებას. ივანიშვილი, ჩემი აზრით, ამ არასწორი გზით სიარულის გამო გამწარდა. ეს გზა, თავისთავად, რაზედაც დააყენეს, გააძლიერეს ქვეყნის სიარული, იყო ივანიშვილის მთავარი ბრალდება. სწორედ ამიტომ იყო იგი შეურიგებელი იმასთან, რომ ამ ადამიანებს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე გავლენა შეენარჩუნებინათ.

_ ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. ივანიშვილი ამ თემასაც შეეხო, განაცხადა, რომ შესაძლოა, მათ საერთოდ არ ჰყავდეთ კანდიდატი.

_ ის, რომ ივანიშვილმა განაცხადა: თანახმაა უკან დაიხიოს და ადგილი სხვას დაუთმოს, ამას დიპლომატიურ კორპუსში და ქართველი ანალიტიკოსების იმ წრეებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პლურალიზმი ქვეყნისთვის აუცილებელია, დიდი აღფრთოვა- ნება მოჰყვა. მაგრამ ამავე დროს გაჩნდა შიში: თუკი ივანიშვილმა პრეზიდენტის პორტფელი "ნაცმოძრაობას"დაუთმო, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტით შეიარაღებულმა "ნაცმოძრაობამ" ის განახორციელოს, რაც სააკაშვილმა იმავე საღამოს თქვა თავის შეფასებაში _ ჩვენ, გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, მერე დავიჭერთ, წავართმევთ, მიწასთან გავასწორებთ და ა.შ. ანუ, "ნაცმოძრაობის" სახელისუფლო სტილისტიკა, როგორც სააკაშვილმა გამოავლინა, აბსოლუტურად არ შეცვლილა. ძველი სტილისტიკის ცხოვრებით "ნაცმოძრაობის" უკან მობრუნება, ბევრისთვის მიუღებელია. ეს არ უკავშირდება პლურალიზმის საკითხს. ამ წინადადებით, ნორმალური პოლიტიკის პირობებში, ყველა აღფრთოვანებული იქნებოდა, მაგრამ კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" მოსვლა, რომელმაც შეიძლება ისევ ქვეყნის მოშლაზე და ადამიანების ბედზე  გადაიაროს, მიუღებელია იმ პოზიციაში, რაც ინტერვიუში ივანიშვილმა გაახმოვანა.

_ ბუნებრივია, თუ ვაშაძე ან ბაქრაძე გაიმარჯვებს, სააკაშვილს ყველა დანაშაულს ჩამოაწერენ. ამ ყველაფერს რა მოჰყვება?

_ დიახ, ხომ დაწერა სააკაშვილმა, რაც მერე შეიძლება მოხდეს. მან ინტერვიუში იმ მოვლენების სცენარი აღწერა თუ როგორი ცხოვრება გვექნება საქართველოში. მავანი შეეკამათა: კონსტიტუცია არ იცის, ამის უფლება პრეზიდენტს არ აქვსო. სააკაშვილს კონსტიტუცია სულ არ აინტერესებს. პრეზიდენტს რისი უფლებაც აქვს იმის მაქსიმალური გამოყენებით ეცდება ქვეყანა იქამდე მიიყვანოს, რომ მის მიერ დასახული სცენარი შესრულდეს.

_ თუმცა, ჩემი აზრით, პრეზიდენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებები რჩება, რისი გამოყენებაც მოწინააღმდეგეს მშვენივრად შეეძლება.


_ დიახ, თანაც ისეთ მოწინა- აღმდეგეს, რომელიც მზად არის ქვეყანა დაანგრიოს, ოღონდ კი, ჩვენ, იმ ნანგრევებში მოვყვეთ. ანუ, ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო, ამ პრინციპის მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე. ყველაფერს რომ თავი დაანებო, იგი, საერთაშორისო ასპარეზზე გადის როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის გინება ამ პლატფორმიდან, მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს ქვეყნის იმიჯი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, რაც ცოტა არ არის. იმიტომ, რომ ერთია როცა ყოფილი პრეზიდენტი აგინებს ქვეყანას და მეორე საკითხია როცა ამას მოქმედი პრეზიდენტი აკეთებს.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი, ნუთუ მას გააზრებული არ აქვს მოსალოდნელი შედეგი?

_ საერთოდ, ჩვენში დარჩეს და ბევრი თვალსაზრისით, უცნაური ინტერვიუ იყო. არსად, ამ ინტერ- ვიუში, არ ყოფილა ფრაზა _ მე საზოგადოებას მოვუწოდებ… ანუ, პროპაგანდისტული ინტონაცია არცერთ ფრაზას არ ჰქონდა. ამ ინტერვიუთი ივანიშვილი საზოგადოებასთან არ ლაპარაკობდა, მისი ადრესატი ფართო საზოგადოება არ იყო. თუ დავფიქრდებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი ადრესატი იყო საკუთარი პარტია. გამორიცხული სულაც არ არის, რომ ამ ფორმულით _ უარი ვთქვათ საკუთარ კანდიდატზე და პროცესები მივუშვათ, მან სიგნალი თავის პარტიას მიაწოდა. იმიტომ, რომ ეს პირადი კი არა, მისი პარტიის ძალაუფლების შეზღუდვაა. ფაქტობრივად, მან პარტიას აგრძნობინა _ მე, შეიძლება, თქვენი ძალაუფლების შეზღუდვაზე წავიდეო.

_ თქვენ, ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, საკუთარმა გუნდმა სტალინი იმსხვერპლაო. ანალოგიურ საფრთხეს
ივანიშვილთან მიმართებაში ხედავთ?


_ დიახ, ვხედავ. ჩვენ ინტერვიუში ვახსენეთ, რომ ივანიშვილს რთული ბრძოლა ელის მონოპოლიებთან დაჭიდებაში. უნდა გითხრათ, რომ მას თავის გუნდთან დაჭიდებაშიც რთული ბრძოლა ელის. ეგრე არ არის, რომ გუნდს რასაც გინდა იმას უზამ, ამასაც მოხერხება უნდა, მით უმეტეს, როცა გუნდს ბევრი რამ მიეცი განკარგვისათვის, მერე შეიძლება ამდენი ძალა აღარ აღმოგაჩნდეს. სტალინზე აღარ შევჩერდები, შექსპირმა შემოგვთავაზა მეფე ლირი _ ადამიანი, რომელმაც ძალაუფლება თავის საკუთარ შვილებზე გასცა და მერე, უმწეოდ დარჩა. შვილებმა ეს ძალაუფლება მამის სასარგებლოდ აღარ გამოიყენეს. პარტიის წევრებს რაღა უნდა მოსთხოვო.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-08-2018, 19:13