გვესაუბრება ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე:

_ ბატონო სოსო, მოდით შევაჯამოთ და შევაფასოთ არჩევნების ორივე ტური, როგორია თქვენი შთაბეჭილებები, რა მოლოდინები გქონდათ და ელოდით თუ არა ასეთ შედეგებს?

_ არჩევნების პირველ ტურში "ოცნების" გუნდი იმდენად მოუმზადებელი იყო, მეტიც, თითქოსდა იმდენად ყოყმანობდნენ, რომ ხალხი ვერც მიხვდა, უჭერდა თუ არა მხარს ხელისუფლება პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს. რჩებოდა შთაბეჭდილება და იყო კიდევაც მინიშნებები, რომ ხელისუფლება, თითქოსდა მეტი დემოკრატიულობისთვის, აპირებდა მხარი ე.წ. ოპოზიციონერი ბაქრაძის კანდიდატურისთვის დაეჭირა.

ყოველივე ამას ოსტატურად იყენებდა მოწინააღმდეგე, რამაც უდიდესი დაბნეულობა გამოიწვია, როგორც ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოებაში, რასაც ვერ ვიტყვით, კარგად კონსოლიდირებულ ოპოზიციაზე, რომელსაც შესანიშნავად უკვალავდა გზას მოწვეული პიარის სპეციალისტები, კერძოდ, შკლიაროვის ჯგუფი, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ ჩამოიყვანა.

ამას დაერთო ხელისუფლების სრულიად გაუაზრებელი წინადადება მარიხუანის ლეგალიცაზიის თემასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებამ მკვეთრად უარყოფითად მიიღო. ამაზე ააგო, ფაქტობრივად, გრიგოლ ვაშაძემ მთელი წინასაარჩევნო კამპანია.

მეორე ტურის წინ უკვე თვალნათელი გახდა, რომ "ნაცმოძრაობის" რევანში რეალური იყო, რაც მანამდე თითქოს არავის არ სჯეროდა. ეს კი, საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა პოლიტიკური ლანდშაფტის ისეთ რღვევას, რომელიც კატასტროფით დამთავრდებოდა "ქართული ოცნებისთვის". გააცნობიერეს ეს და გაჩაღდა უპრეცედენტოდ აქტიური მუშაობა სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად. ამ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "პატრიოტთა ალიანსმა" და ტელეკომპანია "ობიექტივმა". არ შეიძლება მათი ნამოქმედარის უგულებელყოფა.

არჩევნებზე მივიდა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხალხი. მეორე ტური აღმოჩნდა არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურა, არამედ ერთგვარი რეფერენდუმი _ უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას "ნაცმოძრაობის" მობრუნება?! და მოსახლეობამ ცალსახად განაცხადა, რომ მას არ სურს ხელისუფლებაში კვლავ იხილოს "ნაცმოძრაობა", მაგრამ მას არ უთქვამს, რომ უნდა "ქართული ოცნება". ამიტომ, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის თავმოწონება და ზეიმი იმაზე, რომ მათ გაიმარჯვეს! საქართველოს მოსახლეობამ უდიდესი სურვილი და ნება გამოხატა ამ არჩევნებზე, ხმამაღლა უთხრა უარი "ნაცმოძრაობას", მაგრამ ეს, რატომღაც, ვერ გაიგო "ნაცმოძრაობამ" და კარგად ვხედავთ, რასაც აკეთებენ.

_ რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ"?

_ "ქართული ოცნება" ვერანაირ პოზიტიურ და ეფექტურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, თუ არ შეცვალა იდეოლოგია და არ იფიქრა სახელმწიფოებრივად. "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შიდა "რევოლუცია" უნდა მოხდეს. ეს "რევოლუცია" უნდა მოახდინონ იდეურმა, განათლებულმა, გამოცდილმა ადამიანებმა.

_ ბატონო სოსო, რით ახსნით იმას, რომ 780 000 ადამიანი მხარს უჭერს თურმე "ნაცმოძრაობას". რას ფიქრობთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?

_ ყველგან, ყველა ქვეყანაში, 15-დან 20%-მდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მშვიდობისა და წესრიგის ლოზუნგით ნებისმიერ რეპრესიას გაამართლებენ.
"ნაციონალებს", თითქმის ყველას, ერთი და იგივე რამ უდევთ გულში და ტვინში, რასაც ის ცნობილი ნაციონალი ბადრი შუბლაძეც ახმოვანებს _ ვინც ციხეებში იჯდა, ვისაც აწამებდნენ, ღირსი იყვნენო, ისეთივე რიტორიკაა, როგორც სტალინის რეპრესიების დროს _ "ნევინნიხ ნე ბივაეტო". ასე იყო გერმანიაშიც.

რასაც ესენი აკეთებენ და ითხოვენ, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი.

სააკაშვილი მოქმედებდა ჩამოყალიბებული იდეოლოგიების მიხედვით. ის მოლაპარაკებული იყო იმაზე, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გაკეთდებოდა კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის საფარველქვეშ, იქნებოდა გამართლებული. ის იყო "დემოკრატიის შუქურა" და საქართველო იყო "ფერადი რევოლუციების" გავრცელების კერა. ხომ გახსოვთ ყირგიზეთში ბატონი თარგამაძის ჯორით სეირნობა და ა. შ. უზბეკეთში, რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აპირებდნენ ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების მოწყობას. ცხადია, ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული და დასავლეთი ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს _ უპრეცედენტო რეპრესიებს და რის გამო და რატომ, ეს უკვე გაშიფრული ფაქტია.
ტრამპის გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვხედავთ "ფერადოვანი რევოლუციების" დამუხრუჭების ტენდენციებს.

სააკაშვილმა მაშინვე იგრძნო ახალი სიოს ქროლა და უცბათ აიტაცა ის ლოზუნგები, რასაც აჟღერებდა დონალდ ტრამპი მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება კვლავ ამერიკის დემოკრატიული პარტიის იმ უკიდურესად მემარცხენე ფლანგის იდეოლოგიის მიმდევრად რჩება. ამის შედეგი იყო მარიხუანას თემაც, ლგბტ თემის მხარდაჭერა, ოჯახში ძალადობაზე კანონების შექმნა და ა. შ.

სამწუხაროდ, ტრამპის "ხაზს" საქართველომდე არ ჩამოუღწევია და ვართ, ფაქტობრივად, გეოპოლიტიკურ ვაკუუმში.

შეიძლება არ გახსოვთ, ამიტომ მე შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა სტუდენტებთან შეხვედრაზე უნივერსიტეტში და თქვა: მე მრავალი მიზეზის გამო მხარს ვუჭერდი ჰილარი კლინტონს და უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთმა და აშშ-მა შესაძლოა მოილაპარაკონ ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაში ერთობლივ მოქმედებებზე, მაგრამ ჩვენ არ გვაწყობს, აშშ-მა და რუსეთმა მოილაპარაკონ გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, რადგან ასეთ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება მოითხოვოს თავისი გავლენების აღდგენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიო.ე.ი. საქართველოს უნდა აწყობდეს, რუსეთმა და აშშ-მა ვერ მოილაპარაკონ და ჩვენ ისეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ხოლო ჩვენი როლი უნდა იყოს მათ შორის დაპირისპირება. ეს უნდა იყოს ჩვენი ფუნქციაო, ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ პროვოკატორებიო.

2008 წელს ერთხელ უკვე ვითამაშეთ პროვოკატორის როლი.

ახლა რა უნდა გავაკეთოთ? რას გვთავაზობს ბატონი ვაშაძე? _ მარტივია. უნდა გავაკეთოთ ტერორისტების ტრანზიტი ჩღდილო კავკასიიდან სირიაში, კვლავ გავხდეთ მსოფლიო ტერორიზმის ოფშორი იმასთან ერთად, რომ უკვე ვართ სათამაშო ბიზნესის, პროსტიტუციის, ნარკოლიბერალიზაციის ოფშორი. ანუ გავხდეთ უკიდურესად რეაქციული დასავლური ძალების დასაყრდენი, იმ ძალებისა, რომლებიც არ დაუშვებენ რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს და რითი უნდა მოხდეს ქართველი ხალხის დაყოლიება ამ შენიღბულ პროვოკაციაზე? _ რა თქმა უნდა, ურაპატრიოტიზმით!

ურაპატრიოტიზმი უკვე ვიხილეთ არაერთხელ და აპოგეა იყო უკანალების ჩვენების პერფორმანსი სასაზღვრო ზოლთან.
ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი აქტი. მოკლედ, ჩვენ უკანალები ვუჩვენოთ და გავაღიზიანოთ გამძვინვარებული დათვი და გადავიქცეთ, როგორც ვთქვი, გლობალურ პროვოკატორად. ტრაგედია, რაც შეიძლება მოხდეს, ვის კისერზე იქნება, ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ახლა ხომ არ არის 2008? არც რუსეთია 2008 წლის რუსეთი, არც 2008 წლის ირანია ჩვენი მეზობელი და არც 2008 წლის თურქეთი. ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია და სახეზე გვაქვს ერთი ზესახელმწიფო და ორი რეგიონალური ზესახელმწიფო. ყოველ წუთს, ნებისმიერი გეოპოლიტიკური რყევის შემთხვევაში, ჩვენ განწირული ვართ გადარჩენის ყოველგვარი შანსის გარეშე.

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ იალტის ზავის შემდგომ პერიოდში ვცხოვრობთ, მაგრამ ასე არ არის, მეგობრებო.

დღეს, როცა ვინმე საუბარს იწყებს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე, მაშინვე მოედინება ლანძღვა-გინების ნიაღვარი `ნაცმოძრაობისგან~, რადგან მოღალატეების მთავარი მიზანია, შენარჩუნდეს პროვოკატორის ფუნქცია… უნდათ გლობალური დაპირისპირებების პროექცია გადმოიტანონ საქართველოში და ჩვენი ქვეყანა შეწირონ ამ დაპირისპირებას თავიანთი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების სანაცვლოდ. აი, ეს არის მთელი ალგორითმი, რაც ხდება საქართველოში და ის 780 000 ადამიანი, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით, სრულიად გაუცნობიერებლად ემხრობა `ნაცმოძრაობას~, თუმცა არც ისინი არიან დიდად გათვითცნობიერებულნი, ვინც საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
8-12-2018, 12:00


როგორ მოახერხა "საერთო გაზეთმა" არჩევნების  წინა დღეს არჩევნების რეალურ შედეგებთან ყველაზე მეტად მიახლოებული პროგნოზი დაედო?

მართლაც საოცრება არ არის, როგორ მოახერხა "საერთო გაზეთმა" არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, არჩევნების საბოლოო შედეგებთან ყველაზე მეტად მიახლოებული პროგნოზი გამოეთვალა, რომელიც "საერთო გაზეთის" 27 ნოემბრის ნომერში პირველ გვერდზე გამოქვეყნდა?

ჩვენ არც "გელაპი" გვყავდა და არც "სელაპი", არც "ედისონ რიჩერსი" და არც "ედისონ ფიქჩერსი", არც სოციოლოგიური კვლევებით შეგვიწუხებია თავი და არც საველე სამუშაოებით, არც კაჭკაჭიშვილებისთვის დაგვიძახნია და არც ბულბულაშვილებისთვის, შევიკრიბეთ სამი კაცი, რედაქციის ბუღალტერს ქალბატონ გულიკოს ვუხმეთ თავისი კალკულატორით, დავსხედით, გავაანალიზეთ, მივუმატეთ, გამოვაკელით, გავამრავლეთ, გავყავით, მერე ისევ შევკრიბეთ და ზუსტად ის შედეგი მივიღეთ, რაც ცესკომ გამოაცხადა _ 60% _ სალომე ზურაბიშვილი, 40% _ გრიგოლ ვაშაძე.

მართალია, 40% ცრუპენტელა გრიგოლ ვაშაძისთვის ვერ გავიმეტეთ _ მის 40%-ს 4% ჩამოვაჭერით და სალომე ზურაბიშვილის 60%-ს დავუმატეთ, მაგრამ სხვა კვლევებთან შედარებით მაინც ყველაზე ზუსტი ციფრები დავდეთ _ 64% _ 36%.

რამდენმა ავტორიტეტულმა თუ არაავტორიტეტულმა ორგანიზაციამ იმუშავა, რამდენმა ადამიანმა იწვალა და იჯახირა, რამდენი დრო და ენერგია დაიხარჯა, რამდენი მილიონი გაიცა და მაინც არაფერი _ "საერთო გაზეთის" სამკაციანმა ჯგუფმა და ქალბატონმა გულიკომ თავისი 10-ლარიანი კალკულატორით ყველას "გადაუჯოკრა", ისე, რომ არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

ხომ არის ეს სასწაული?

არა, სულაც არ არის ეს სასწაული, ეს ყველაფერი იმის დადასტურებაა, რომ რეალურ სურათთან მიახლოებული ზოგადი სურათი რომ მიიღო, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, დღედაღამ "მკითხავებში" ირბინო და ამაში უზარმაზარი ფული ხარჯო _ ამას სჯობია, ყურადღებით იკითხო გაზეთები, ყურადღებით უყურო და უსმინო ტელე და რადიო გადაცემებს, თვითონ შენ ან შენი ნდობით აღჭურვილმა პირებმა ხშირად იაროთ ხალხში და ყური მიუგდოთ, რას ფიქრობენ შენზე, შენს პარტიაზე, შენს ხელისუფლებაზე შენი ქვეყნის მოქალაქეები, მერე განმარტოვდე, ყველაფერი ეს გააანალიზო და სათანადო დასკვნები გამოიტანო.

მკითხავები-მეთქი, ვთქვი ზემოთ და შეიძლება ამით ვიღაცებს ვაწყენინე, მაგრამ განა მკითხაობა არ არის, როდესაც სამი სხვადასხვა პრესტიჟული და ავტორიტეტული ორგანიზაცია ერთსა და იმავე კითხვაზე სამ განსხვავებულ პასუხს იძლევა და მერე იმაზე უნდა იმტვრიო თავი, რომელია ამ სამიდან სწორი და მართალი.

სოციოლოგია, საზოგადოების აზრის და განწყობების კვლევა და შესწავლა, ცხადია, საჭირო და სერიოზული საქმეა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის ციებ-ცხელების დროს რამდენად გამართლებულია, ეს კვლევები საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის, სხვადასხვა მანიპულაციების და სპეკულაციების საშუალებად იქცეს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არაჯანსაღ აჟიოტაჟს და ვნებათაღელვას იწვევს.

თუ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას, გნებავთ, რომელიმე პოლიტიკოსს ან ადამიანთა რაღაც ჯგუფს ძალიან აინტერესებს, რა განწყობებია საზოგადოებაში და რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, კი, ბატონო, ვისაც უნდა, იმას შეუკვეთოს ყოველივე ამის კვალიფიციური შესწავლა, მაგრამ გამოიყენოს ეს კვლევები შიდა მოხმარებისთვის და არა საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

ბევრ ქვეყანაში, სადაც მაღალი დემოკრატიული სტანდარტები მოქმედებს, საარჩევნო პერიოდში სოციოლოგიური კვლევების და ელექტორატის წინასწარი გამოკითხვების შედეგად მიღებული მონაცებების გასაჯაროება, ამასთან ერთად, ეგზიტპოლების გამოქვეყნება, კანონით არის აკრძალული.
იქნებ დროა, საქართველოშიც ვიფიქროთ ამ მიმართულებით და ისედაც ნერვებდაწყვეტილი მოსახლეობა ამ უსაგნო და არაფრისმომცემი აჟიოტაჟის გამო დამატებით ნერვების წყვეტას ავარიდოთ.

ხოლო თუ ვინმეს ხმების დათვლამდე გული არ გითხმენთ და წინასწარ გინდათ, გაიგოთ, რა ბედი გელით არჩევნებზე, აგერ ვართ `საერთო გაზეთის~ სამკაციანი ჯგუფი, აგერ არის ქალბატონი გულიკო თავისი კალკულატორით, დაგვიძახეთ, მოვალთ და რამდენიმე საათში ზუსტად გეტყვით ყველაფერს, თანაც ამას ყოველგვარი ანაზღაურების და განსაკუთრებული ვალდებულებების გარეშე გავაკეთებთ.

აბა, თქვენ იცით.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
8-12-2018, 11:00


"საერთო გაზეთის" სტუმარია ბატონი ნიკუშა შენგელაია:

_ არჩევნებამდე მოცემულ ინტერვიუში, თუ გახსოვთ, დავუშვი ალბათობა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივიდოდა. მოგეხსენებათ, დემოკრატიული გარემოსთვის მეორე ტური ტრაგედიას სულაც არ წარმოადგენს. ფაქტია, საზოგადოებაში არსებულმა უკმაყოფილებამ იფეთქა. პირადად, მე, "ნაციონალური მოძრაობა" ნორმალურ ოპოზიციურ ძალად არ მიმაჩნია. იგი ყოველგვარ ბოროტებას თესავას. ეს რომ არა, ასეთი დაძაბული გარემო არ იქნებოდა. მათი მმართველობის პერიოდშიც იგივე ხდებოდა. "ნაცმოძრაობის" ლიდერის პირიდან სიძულვილის ენისა და ტყუილის გარდა, სხვა არაფერი მახსენდება, რაც სრულად აქვს მის პარტიას ათვისებული. შედეგად, სიძულვილის, არეულობის, ტყუილის, ბოროტების გარდა, მათგან სხვა არაფერი მოდის. ეს რომ ნორმალური ოპოზიციური ძალა იყოს, სამოქალაქო საზოგადოებაში ასეთი დაძაბულობა არ იარსებებდა. ხალხი მოჯადოებულ წრეშია, მუდმივად ორ ძალას შორის იჭყლიტება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა რომელიც არჩევნებზე არ მივიდა, დღევანდელ ხელისუფლებას ამით კონკრეტული მესიჯი გაუგზავნა. აღვნიშნე, რომ "ნაციონალების" სახით ჯანსაღი ოპოზიცია არ გყავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მოადუნოს და ხალხის გულისცემას აღარ მოუსმინოს. ასე, რომ მეორე ტურამდე ბევრი მიზეზის გამო მივედით. ეს გახლავთ: მმართველი ძალის პოლიტიკისადმი წარმოების მიმართ არსებული დამოკიდებულება, არასწორი მართვის ვერტიკალი, სამართლიანობის აღდგენის დაყოვნება და ა.შ. ვიცით, რომ "ნაცმოძრაობამ" ათასობით ოჯახი დააქცია, ამ დროს, სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდა. გარდა ამისა, საზოგადოება საკვანძო თანამდებობებზე ხედავს პორტირებულ ადამიანებს, რომლებიც "ნაცმოძრაობის" დროს ძალადობდნენ, რაც ხალხს აღიზიანებს. ამას ემატება უკიდურესად დიდი გაჭირვება, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილზე აისახება. ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა ის სურათი, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა არჩევნები მხოლოდ ერთი პროცენტით მოიგო. ხალხს, პროცენტულად ასეთი მცირე სხვაობა, გაუკვირდა. პრინციპში, ამომრჩევლის 100%-იდან "ნაცმოძრაობამ" 17% მიიღო. ეს ის 17%-ია, რაც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებშიც ჰქონდათ. ადამიანების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ ამ ძალას პოლიტიკაში მოსვლაზე კიდევ აქვს პრეტენზია, მაგრამ როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სამართლიანობის აღდგენას ისევ ელოდება, შეიძლება ეს შედეგი მიიღო. ამიტომ, ვივარაუდე, წინა ინტერვიუში მეორე ტური. ჩვენ, საზოგადო მოღვაწენი ხომ ხალხის მაჯისცემას მძაფრად ვგრძნობთ იმიტომ, რომ კაბინეტებში არ ვსხედვართ, ხალხთან ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ხალხი გვიყვარს, გვიცნობს, ჩვენთან მოდიან და საკუთარ გულის წუხილს გვიზიარებენ, რითაც ვგებულობთ მათში თუ რა განწყობაა. სამწუხაროდ, კაბინეტებში მსხდომთათვის ეს განწყობა უცნობია, ისინი სწორ ანალიზს არ აკეთებენ, ჭკვიან ხალხს ყურს არ უგდებენ, ფიქრობენ, რომ თავად ყველაფერი ყველაზე კარგად იციან. აქ იწყება ხელისუფალის დაავადება, რაც ცუდად მთავრდება-ხოლმე. სხვათა შორის, ზუსტად ეს ვიგრძენი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაშიც და "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც. იმედი მაქვს, მმართველი ძალა ამ გზავნილს სწორად გაიგებს. "ნაცებისგან" განსხვავებით, "ქართული ოცნება" შენიშვნებს ითვალისწინებს და იმედია, სწორ ანალიზსაც გააკეთებს. არ დაგვავიწყდეს, რომ წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოდის. ჩვენ, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ხელისუფლების გადაბარება 2020 წელს ხდება. ამიტომ, ამ ორ წელიწადში საზოგადოება უნდა გააქტიურდეს. აუცილებელია, გაჩნდეს მესამე ძალა, რაზეც "საერთო გაზეთთან" ინტერვიუებში ადრეც მისაუბრია. კი, ბევრი ავანტიურისტიც გამოჩნდება, მაგრამ წესიერ, კომპეტენტურ ძალას საზოგადოება ყოველთვის მიესალმება.

_ ბატონო ნიკუშა, პირველმა ტურმა გამოაჩინა თუ რა ძალა აქვს ხალხს. მეორე ტურის წინ ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა _ "მე ვიცავ თავისუფლებას", რომელიც მეტად აქტიურობს, ვიდრე თავად "ქართული ოცნება".

_ საზოგადოება, ყოველთვის, უფრო ჯანსაღ რელსებზე დგას. კარგი იქნება პოლიტიკური პარტიაც ასე იყოს. წინა პლანზე ხალხის გულწრფელი წუხილია. მას არ სჭირდება გაუგებარ თამაშებში შესვლა, იგი წუხს ქვეყნის, მისი ოჯახის ბედზე. ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი პოლიტიკის წარმოებაა. თუ დემოკრატიულ სივრცეში ცხოვრება გვინდა, ამ თამაშის წესისთვის, საზოგადოებრივი პოლიტიკის კეთება, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების მხრიდან არ ჩანდა, გარკვეული გათიშულობა იყო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისას აღნიშნა: ვიგრძენი, რომ მმართველმა ძალამ ხალხის გულისცემა დაკარგაო. ამიტომაც დაბრუნდა. რაც მთავარია უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და არა ფასადური. საკადრო პრობლემაც სახეზეა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს. ბევრი რამ კეთდება თუმცა, შეიძლებოდა უფრო ეფექტური ყოფილიყო საკადრო, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ქვეყანას წაადგებოდა. მნიშვნელოვანია.

_ ბატონო ნიკუშა, სამოქალაქო მოძრაობა _" მე ვიცავ თავისუფლებას", საქართველოს მასშტაბით ატარებს შეხვედრებს. რა განწყობებია რეგიონებში, რამდენად მზად არის სახლში დარჩენილი 53% არჩევანის გასაკეთებლად?

_ ხალხის განწყობა ძალიან შეცვლილია. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არჩევნებზე არ მივიდა. ჯანმრთელი გარემოს კუთხით, კარგიც კი არის, რომ მეორე ტური დაინიშნა. ამან დღევანდელი მმართველი გუნდი გამოაფხიზლა. ეს რომ 2020 წელს მომხდარიყო, შეიძლება დიდი ტრაგედია მოჰყოლოდა და "ნაცები" ყველა სახელისუფლო შტოში დაბრუნებულიყვნენ. "ნაცმოძრაობის" კანდიდატი ვერცერთ სახელისუფლებო შტოში ვერ წარმომიდგენია. ეს, უკვე, მორალურ-ზნეობრივი საკითხია. ამ კუთხით, ხალხი, ერთიანია. მაგრამ მოსახლეობა მხოლოდ მორალურ-ზნეობრივი თემებით არ ცხოვრობს. შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრობს ასე, მაგრამ მათ ასევე ესაჭიროებათ სამსახური, საკვები, შვილების განათლება. ხალხს მხოლოდ ზნეობრივ პოსტულატებს ვერ მიაწოდებ. ამიტომ, აშკარაა, რომ ხალხი ჩვენს გარეშეც აქტიურობს. მეორე ტურში ბევრად უფრო იმედიანად ვარ, რომ ქალბატონი სალომე გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ერი გამოფხიზლდა. "ნაციონალების" მოსმენა უკვე შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ ღირსეული, თავისუფლების მოყვარული, შვილების ბედზე მზრუნველი და სამშობლოს მოყვარული ადამიანი გაიმარჯვებს.

დიახ, ამიტომაც მაქვს ადამიანების იმედი. ახლა, საკითხი ასე დგას: ან ბნელ წარსულს ვირჩევთ ან ქვეყნის განვითარებას. დემოკრატია ერთჯერადი აქტი არ არის, მუდმივად, განვითარებულ პროცესებს უნდა მისდიო და ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაში ჩააყენო, რომ იგი, იძულებული გახდეს სულ გისმენდეს და საზოგადოების დაკვეთას ასრულებდეს. `ნაცმოძრაობის~ სურვილები ქართველი ხალხის მოთხოვნებს არ ემთხვევა ამიტომ, ვერაფერს გახდებიან. ხომ გამოჩნდა მათი რეალური სახე _ ვინ ვინ არის, ვინ ვის მიეტმასნა, ვითომ, გაყრილები რომ იყვნენ. ვერ გამიგია, ეს რა სამყაროა. მათ უზნეო საქციელს არც ვიცი რა დავარქვა _ ერთ დღეს ერთმანეთს ლანძღავენ, მეორე დღეს პროშნიან, რათა ძალაუფლებაში მოხვდნენ და თბილი კაბინეტები დაიკავონ. ეს არანაირ ადამიანურ ფასეულობაში, ზნეობაში არ ჯდება. ადამიანების დიდ ნაწილს მათი მხარდაჭერა ვერც წარმოუდგენია, მაგრამ ხომ ხედავთ ეს ყველაფერი სად მიდის. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ასე რატომ ხდება. ყველამ იცის `ნაცმოძრაობა~ რასაც წარმოადგენს. ამიტომ, ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე არ მოვიდნენ კიდევ ერთხელ ვთხოვ: იაქტიურონ, რათა თავიანთი პასიურობით ამ მოძალადე, ბნელი ძალის დაბრუნებას ხელი არ შეუწყონ.

_ რას იტყვით, საარჩევნო კამპანიაში მასმედიის, ენ-ჯე-ოების როლზე?

_ "რუსთავი2"-ს როგორ უნდა მოატყუებიო თავი, ეს თავმოყვარეობის საკითხია. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილიამ არხს უყურებს და გულს იოკებს. რაც შეეხება ენ-ჯე-ოებს, ისინი ყველა ქვეყანაში დემოკრატიული წყობის ერთ-ერთი ნაწილნი არიან. ისინი კონსტრუქციული კრიტიკოსები უნდა იყვნენ, ამხილონ შეცდომებში როგორც ხელისუფლება, ასევე, ოპოზიცია. თუმცა, ხშირად მათ სპონსორები თუ დამფინანსებლები პოლიტიკური მოტივებით იყენებენ. ამიტომ, ხალხმა უნდა განსაჯოს რომელი ენ-ჯე-ო რას ემსახურება.

_ რა არის დღეს ჩვენი არჩევანი _ ევროპა თუ საბჭოთა წარსული?

_ "ნაციონალებს" რომ უსმინო: ევროპა თავად არიან, ხოლო ქალბატონი სალომე თურმე, რუსეთის გადმონაშთია. სირცხვილია ამაზე საუბარი. თუ ხალხი ტყუილ-მართალში ვერ ერკვევა, მაშინ უბედურება არ აგვცდება. ყველაფერი ცხადზე ცხადია. გადაბრალება, რაც "ნაცებს" სჩვევიათ, ძველი ჩეკისტური ტაქტიკაა.
"ნაცმოძრაობა" გვსაყვედურობს: ცხრა წლიან რეჟიმს რატომ იხსენებთო. იმიტომ ვიხსენებთ, რომ როგორც ილიამ თქვა: წარსული ქმნის აწმყოს, აწმყო _ მომავალს. თუ ჩვენი წარსული არ გვეხსომება, ვერასდროს შევცვლით ვერც აწმყოს, ვერც მომავალს. თუ წარსული აწმყოში არ გავაანალიზეთ, სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ამიტომ, ეს სულ უნდა გვახსოვდეს. მთელს მსოფლიოს ახსოვს ნაციზმი. იცით რატომ? _ განა იმიტომ, რომ უნდათ ეს ახსოვდეთ, არამედ იმიტომ, რომ იციან: მომავალში ეს არ უნდა განმეორდეს.

თამარ შველიძე
საერთო გაზეთი # 43
27 ნოემბერი

მეტის ნახვა
8-12-2018, 09:00


2 დეკემბრის ღამეს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ლიახვის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის დონბასში მებრძოლი ლუკა ჩხეტიაა.
სპეცოპერაციის მეორე დღეს ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ „ობიექტივის“ ეთერში სკანდალურ ინფორმაციას გააჟღერა. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით, იგეგმებოდა გრიგოლ ვაშაძის მკვლელობა, რისი მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო. „ქვეყანამ აიცილა ძალიან სერიოზული არეულობა. დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა და გუშინ, ჩვენ კადრებშიც კარგად ვნახეთ, რომ მას საკმაოდ სქელი ჯავშანჟილეტი აცვია და ძალიან შეშინებულია. ზოგადად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეტყვიან, რომ “შენ ხარ სამიზნე”, ძალიან რთულია ამის გადატანა, თუ ის არ არის პროფესიონალი სამხედრო…“ – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

სწორედ მოსალოდნელ დესტაბილიაციაზე და ყოფილი პრეზიდენტის რევოლუციურ გეგმებზე ვესაუბრეთ ლალი მოროშკინას ლიახვის ქუჩის სპეცოპერაციამდე ერთი დღით ადრე და პირველი კითხვაც სწორედ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ დავუსვით:

– ქალბატონო ლალი, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია და მისი ლიდერები მშვიდობიანი პროტესტის შესახებ საუბრობენ, საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ სადღაც იწერება ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური სცენარი.

– ჩვენ ვიცოდით ამ სცენარის შესახებ. მასობრივი არეულობის და სისხლიანი სცენარის დროს სააკაშვილი განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ავიწყდება, რომ რევოლუციის დროს მთავარი მოქმედი პირი ადგილზე უნდა იყოს. ოდესღაც ლენინმა შეძლო დისტანციურად რევოლუციის მოწყობა, მაგრამ მაშინ ხალხი მზად იყო ამისთვის. დღეს ხალხს მშვიდად და მშვიდობიანად ცხოვრება უნდა. როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ხალხი ნელ-ნელა გამოდის სააკაშვილის დანატოვარი შოკური მდგომარეობიდან და უკან დაბრუნება არ სურს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურზე არჩევნებზე მისვლის დიდი სურვილი არ გვქონდა და ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდით ბევრ რამეს, მეორე ტურზე ყველა ერთსულოვნად მივედით. ერთმანეთს ვუკაკუნებდით კარებზე, რომ არ დაგვეგვიანა, მოხუცები გამოგვყავდა სახლებიდან, რომ ხმა არ დაკარგულიყო. წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ შეიძლება საქართველოს ყოლოდა პრეზიდენტი, რომელიც ქალზე ამბობს, რომ უსულო საგანია. ეს არის ქვეყნის კატასტროფა.

– საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ იცოდით რევოლუციური სცენარის შესახებ. კონკრეტულად რა ინფორმაცია გქონდათ?

– ვიცოდით, რომ რეგიონები ემზადებოდნენ არევისთვის და ცალკეული ჯგუფები გასულებიც იყვნენ ასარევად. ვიცოდით, რომ ეს უნდა დაწყებულიყო გარეუბნებიდან, ამიტომ სასაზღვრო ადგილებში და კონფლიქტურ ზონებთან სიტუაცია იძაბებოდა. პრაქტიკულად, საბოლოო შედეგს ელოდნენ, რომ დაწყებულიყო სერიოზული არევა, მაგრამ შსს-მ ძალიან კარგად იმუშავა. საოცრად მობილიზებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურები. გმირობის ტოლფასი იყო, რაც გახარიამ სამეგრელოში გააკეთა, სადაც განსაკუთრებით მობილიზებული იყო ერთი ჯგუფი. არჩევნებიდან ერთ საათში უკვე ცხადი იყო, რომ ვაშაძე დამარცხდა. ამან ისე გაამწარა სააკაშვილი, რომ აგრესიას ვერ იკავებდა. ფსიქიკის სრული ნგრევა იყო, როდესაც ის ჯარს, პოლიციას და ა.შ. დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა და სწორედ ზემოთხსენებული სტრუქტურების გამართული მუშაობის შედეგად, ეს თავიდან ავიცილეთ. თუმცა, აქვე უნდა უნდა ვთქვათ, რომ ისეთი სახელმწიფო მოხელეებიც გვყავს, რომლებმაც არათუ რისკები ვერ აიცილეს, საერთოდ არ უმუშავიათ ამ მიმართულებით.

– იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელ სახელმწიფო მოხელეებს გულისხმობთ?

– მაგალითად, იზორიას, რომელმაც ვერ შეძლო, რომ ჯარში ნდობა მოეპოვებინა და სამხედროებმა სრული იგნორი გაუკეთეს. იგივეს ვიტყვი ქალაქებების მერებზე, სადაც შედეგი არ დადგა. ის სამი რაიონი, სადაც "ოცნებამ" არჩევნები წააგო, იმ ადამიანებზე მეტყველებს, რომლებსაც ეს რაიონები ებარათ. ეს იმ ადამიანების პირადი პასუხისმგებლობაა, რომლებმაც არ იმუშავეს. მუშაობაში ვგულისხმობ ადამიანების გულთან ახლოს მისვლას, იმედის მიცემას, დაპირებას, იმიტომ, რომ რეალურად, ეს 6 წელი ოცნებამ შეცდომებით იარა. შეცდომებთან ერთად, პიარი ან საერთოდ არ ჰქონდათ ან არ უვარგოდათ. მე ხშირად მიწევს მგზავრობა განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ვხედავდი ახალ ავტობანებს და ვერ ვხვდებოდი, როდის გაიხსნა, იმიტომ, რომ ამაზე არავინ საუბრობდა. ვხედავდი რეალურად გაკეთებულ საქმეებს, მაგრამ ვერ ვხედავდი ხალხს, რომლებიც ამაზე ისაუბრებდნენ. მარტო „ჩ“ ჰეპატიტის პროგრამა ეყოფოდა სალაპარაკოდ რამდენიმე მთავრობას.. ცალკე თემაა ეს დამღუპველი კოჰაბიტაცია. აქამდე იმიტომ მივედით, რომ თავის დროზე მთავარ ოპოზიციურ ძალად არა ალიანსი, არამედ, ანაციონალების ანასხლეტები ვაღიარეთ. სწორედ ამ შეცდომების დამსახურებით მოხდა, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელმაც ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას, უბრალოდ, ხმა არ მისცა "ოცნებას" და ეს ამ განაწყენებული ადამიანების ერთგვარი რევანში იყო. დიდი შეცდომა იყო, რომ ინაშვილს გაუყალბეს საპარლამენტო არჩევნები, რომ კანცელარიასთან შიმშილობდა და მასთან არავინ გამოდიოდა. ისეთი ადამიანების უგულებელყოფა მოხდა, რომელთა უკან მართლა ასიათასობით ადამიანი დგას, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ მრავალათასიანმა აქციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია. ალბათ, კარგად უნდა დაგვენახა ვის შეუძლია ხალხის გამოყვანა, ვისი სჯერა ხალხს, ვინ არის ხალხის ერთგული და რეალურად, ვინ მოიგო არჩევნები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არჩევნები ქართველმა ხალხმა მოიგო, რომელსაც ერთმანეთი გამოჰყავდა არჩევნებზე.

– თუმცა, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას ულტიმატუმების ენით ელაპარაკება.

– ეს უკვე აღარ არის აქტუალური, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები ჯეიმს აპატურაიდან და ამერიკის საელჩოდან დაწყებული, პრაქტიკულად, ევროპის ყველა ქვეყანამ აღიარა. საკმაოდ ღირსეულად მოიქცა „ევროპული საქართველო“ და დათო ბაქრაძე, რომლისგანაც არანაირი ლოზუნგები არ გამიგია. მათ პირდაპირ უარი თქვეს ქუჩის აქციებზე. მეორე მხარეს ვხედავთ აგრესიულ, არაადეკვატურ ადამიანს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ მიულოცოს, ქალს უყვირის, – უსულო საგანი ხარო.. მე არ ვიცი ვინ თქვა, რომ ამ ადამიანს დიპლომატიის რამე ნასახი აქვს. შესაძლოა, ეს იყო ფსიქოზი და შოკური მდგომარეობა, მაგრამ როცა პრეტენზია გაქვს ქვეყნის პირველი პირი გახდე, ნებისმიერ შოკებს უნდა გაუძლო. ასეა თუ ისე, არჩევნების გარდა, ნერვების ომიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. მიუხედავად ამ საშინელი ჭაობისა, ქალს ნერვი არ შეტოკებია, ღიმილი არ მოშორებია სახიდან და ერთხელაც არ გაუკეთებია უცენზურო განცხადება. სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნო, რომ 40% კარგი მაჩვენებელია და ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგი შანსები აქვს, თუ მოიცილებენ თავიანთი რიგებიდან ექსტრემალურ პიროვნებებს.

– ამერიკელმა მკვლევარმა, ლინკოლნ მიტჩელმა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ვაშაძის დამარცხებაში სააკაშვილის როლი უმთავრესია.“ნაციონალური მოძრაობისთვის” ის თავსატეხია, თუმცა მისი მხარდამჭერების წყალობით “ნაცმოძრაობა” ქვეყანაში კვლავ მეორე მსხვილ პოლიტიკურ ძალად რჩება“ – ეს მიტჩელის სიტყვებია.

– საქმეც ისაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვერასდროს ახერხებენ ამ აგრესიული სახეების შეჩერებას. მათი რამდენიმე ლიდერისგან გაგვიგია კიდეც, რომ სააკაშვილი ვერ დაადუმეს. სწორედ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა იყო "ოცნების" ყველაზე დიდი პიარ ტექნოლოგი და გამარჯვებაში ეხმარებოდა.

– იგივე ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართითაც ისმოდა. მომავალ პრეზიდენტს საყვედურობდნენ, რომ მისი ყოველი გამოსვლა `ოცნებას~ მომხრეებს აკარგვინებდა და ამიტომ გადამალეს..

– მე ასე არ ვფიქრობ, თუმცა აღსანიშნავია, რომ სალომეს ის ხალხი აქილიკებდა, რომელიც მის გამინისტრებას ტაშს უკრავდა. ეს ადამიანი ძალიან უარყოფით პიარში მოაქციეს, იმიტომ, რომ კარგად ვერ წარადგინეს და ჯეროვანი პრეზენტაცია არ ჰქონდა. დღეს რომ ვუყურებთ ძალიან ლამაზ და გულის ამაჩუყებელ სიუჟეტებს სალომეს ოჯახის ცხოვრებიდან, ეს ყველაფერი გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. სალომე პოზიცონირებული უნდა ყოფილიყო როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსი და ძალიან კარგი დიპლომატი. ამ ძალიან ღირსეულ ქალბატონს არანაირი დახმარება არ ჰქონია "ოცნებიდან" ბოლო წამამდე. პირიქით, თავად `"ოცნების" წარმომადგენლები უფუჭებდნენ საქმეს. ეს ჩემთვის ნაცნობია, რადგან პირადად გამივლია ეს წნეხი, როდესაც ოცნების დროს თანამდებობაზე ვიყავი დანიშნული. როგორც კი მე გავამახვილე ყურადღება ძალიან დიდ პრემიებზე, შეცდომებზე და გადაცდომებზე სასჯელაღსრულებაში, ერთ დღეში გადამთელეს დეპუტატებმა. წარმომიდგენია, რას განიცდიდა სალომე, როცა მიხვდა, რომ თანაგუნდელებში მეტი მტერი ჰყავდა.

– შეგიძლიათ სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირებული თანაგუნდელები დაასახელოთ?

– ბიძინა ივანიშვილის გარდა, მიჭირს დასახელება ვინ იყო მის მხარეს. ალბათ, ყველაფერთან ერთად, ეს იყო ქართული, ხალხური შური და კავკასიური აზროვნება- არ გაატარო და დააკნინო ქალი. სამწუხაროდ, არასამთავრობოები, რომლებიც გრანტებს იღებდნენ ქალზე ძალადობასთან ბრძოლისთვის, თავად აღმოჩნდნენ ქალზე მოძალადეები. მამაკაცები ყველაფერს კადრულობდნენ, რომ ქალისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და ოცნება ამაზე კულუარებში ქილიკობდა, რაც ძალიან კარგად ვიცი.

სხვათა შორის, საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ საფრანგეთსა და იტალიაში არაჩვეულებრივი ელჩები გამოცვალეს. ამით ძალიან ჩამოიშალა სიტუაცია ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ დავით ზალკალიანს პირადად ვიცნობ, ვფიქრობ, რომ მან იზორიასთან ერთად უნდა დატოვოს თანამდებობა. ზოგადად, ქვეყანას ჭირდება ძლიერი გუნდის შექმნა, რომელიც საკუთარ ჯიბეზე კი არა, ქვეყნის აღმავლობაზე იქნება ორიენტირებული. წინასაარჩევნოდ კახი კახიშვილის „ჩრდილში“ გადაყვანაც ხომ ბოროტის გაკეთებულია? კახიშვილი ჩემი მეგობარია და ზუსტად ვიცი, შიგნიდან როგორ „ჭამდნენ“, როგორ არ სიამოვნებდათ მისი წინსვლა და მისი წარმატებული, ევროპული რეფორმები.

– შეიძლება, რომ კახიშვილი რომელიმე სხვა, უფრო აქტიურ პოზიციაზე ვიხილოთ?

- ვისურვებდი, რომ ასე მომხდარიყო. იმ ადამიანების „ჩაჩოჩებით“, რომლებიც რეალურად მუშაოდნენ ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა. მთელ მსოფლიოში ასეა, რომ არჩევნებამდე მიდიან საჩუქრებით მიდიან და არჩევნების შემდეგ იწყება ხისტი ნაბიჯები. ჩვენთან პირიქით მოხდა. რატომღაც ხისტი ნაბიჯებით გადავწყვიტეთ არჩევნების მოგება.. საინტერესოა, ვის თავში „მოიხარშა“ ეს პიარი? საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ საკუთარი გუნდისგან მოტყუებული და აბსოლუტურად გაჭაღარავებული ბიძინა ივანიშვილი ჩაერევა წკეპლით ხელში და ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს თუნდაც 10-კაციანი ნდობის ჯგუფი, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილთან ექნება კონტაქტი. დაარქვას თუნდაც „ჩაი ჩაკითხვით“, ჩაგვეკითხოს ყველაფერზე, რაც აინტერესებს და ჩვენ სრულ და ობიექტურ სურათს დავდებთ. 2020 წლამდე ცოტა დრო რჩება და შედეგის მისაღწევად მთელი ძალით და მონდომებით მუშაობაა საჭირო. ხელისუფლებას სხვა გზა და გამოსავალი უბრალოდ, არ აქვს.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
7-12-2018, 12:00


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!

გამარჯვებას ვულოცავთ ქართველ ხალხს და "ქართულ ოცნებას"!

გამარჯვებას ვულოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლა და არ დაუშვა ბოროტების, ძალადობის, ფაშიზმის დაბრუნება საქართველოში.
გამარჯვებას ვულოცავთ ამ გამარჯვების სულისჩამდგმელს და მის შემოქმედს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ იხსნა საქართველო კატასტროფისგან.

დაბოლოს, "ქართული ოცნების" გამარჯვებას ვულოცავთ იმ 780 000 ქართველს, რომელმაც მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა და დამარცხდა;
მათ არ იციან, მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომ მათი ხსნა და გადარჩენა, მათი გამარჯვება "ნაცმოძრაობის" დამარცხებაშია.
როგორც ჩანს, ისინი ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ, რა საბედისწერო ხიფათის შემცველია "ნაცმოძრაობისა" და მისი ავანტურისტი და ქვეყნის გამყიდველი ბელადის, სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში.

ისინი ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს, შეიძლება საქართველო დაუყოვნებლივ იქნას ჩათრეული ახალ, ფართომასშტაბიან ომში, რომელიც ქართული სახელმწიფოს დაშლით და განადგურებით დამთავრდება.
იმ 780 000 ადამიანს ვეკითხები: თქვენ საქართველოში არ ცხოვრობთ, მეგობრებო და მის თავს დატეხილი უბედურება თქვენ არ გეხებათ?
ის საქართველო თქვენი არ არის, რომლის ტერიტორიის 20% მოღალატე სააკაშვილმა ხონჩით მიართვა რუსებს?

არც ის საქართველოა თქვენი, სადაც შლეგი და პარანოიკი სააკაშვილი უდანაშაულო ადამიანებს ქუჩაში ხოცავდა, ათიათასობით ადამიანს ციხეებში ყრიდა, ქონებას ართმევდა, აყაჩაღებდა?

რომელ საქართველოში ცხოვრობდით თქვენ, რომ არაფერი გაგიგიათ, არაფერი გსმენიათ იმ შემაძრწუნებელი დანაშაულების შესახებ, რომელსაც სააკაშვილი და მისი ბანდა ცხრა წლის განმავლობაში ჩადიოდა?

ეტყობა, თქვენ არაფერი იცით იმ შემზარავი, ნორმალური ადამიანის გონებისთვის დაუჯერებელი საიდუმლოს შესახებაც, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის საიდუმლო ჰქვია.

თქვენ ისიც არ იცით, რომ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველებისთვის თქვენც, ეს 780 000 ქართველი და დანარჩენი ქართველებიც, უკლებლივ ყველა, მხოლოდ საზარბაზნე ხორცი ხართ, იმ პროვოკაციების სისრულეში მოსაყვანად, რომელთა უპირობო განხორციელებაზეც `ნაცმოძრაობამ~ დიდი ხანია ხელი მოაწერა.

საქართველო "ნაცმოძრაობის" ლიდერებისთვის სამშობლო კი არა ტერიტორიაა, რომელიც შეიძლება გაასხვისო, დაკარგო, გაყიდო და ვითომც არაფერი.
_ რა ხმაური და განგაში ატეხეთ, 150 ქვაღორღიანი და კლდიანი სოფელი დავკარგეთო, _ ეს სიტყვები სააკაშვილმა არ თქვა აგვისტოს ომის შემდეგ?
თუ დასჭირდა, ის მთელ საქართველოსაც ასე დაუნანებლად დაკარგავს, თვითონ, თავის ბანდასთან ერთად გაიქცევა, თქვენ კი უსამშობლოდ დაყრილებს, უსამშობლოდ დარჩენილებს, რომელიმე უცხო ქვეყნიდან მხიარულად დაგიქნევთ ხელს.

დიახ, თქვენ ძალიან ბევრი რამ არ იცით, ძალიან ბევრ რამეს ვერ ხვდებით, ძალიან ბევრ რამეს ვერ აცნობიერებთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თქვენი ბრალი.

პირველყოვლისა, ეს, ალბათ, ბრალია "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა, რომელმაც გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის თუ სხვა მიზეზების გამო ექვსი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა არგუმენტების, ფაქტების, დოკუმენტური მასალების მოშველიებით ნათლად, ობიექტურად, მიუკერძოებლად აეხსნა თქვენთვის, რას წარმოადგენდა და რას წარმოადგენს "ნაცმოძრაობის" ელიტა და მისი ლიდერი.

"ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა ქართული ნიურნბერგის პროცესი მოეწყო 21-ე საუკუნის ქართული ფაშიზმისთვის და ამით გაეთავისუფლებინეთ თქვენ ამ ბოროტი ძალის ტყვეობიდან.

არა მარტო ხელისუფლებაა ამაში დამნაშავე, არამედ დამნაშავეა ქართული მედია, რომლის დიდმა ნაწილმა უდიდესი როლი ითამაშა "ნაცმოძრაობის" კრიმინალური რეჟიმის და ამ რეჟიმის თავკაცების მორალური რეაბილიტაციისთვის.
სათანადო პრიონციპულობა და სიმტკიცე ვერც ქართულმა ეკლესიამ გამოიჩინა, რომელმაც შავს შავი არ დაარქვა და თეთრს თეთრი და რაღაც ნეიტრალური, შუალედური პოზიცია აირჩია.

ის კი არა, ქართულმა ეკლესიამ იმ მღვდელმთავართა ალაგმვაც კი ვერ მოახერხა, რომლებიც ღიად და დაუფარავად მოგვევლინენ "ნაცმოძრაობის" აგიტატორებად და პროპაგანდისტებად.

ასე დარჩა 780 000 ქართველი "ნაცმოძრაობის" სატანისტურ-კრიმინალური სექტის მძევლად.
არადა, 780 000 ქართველი კი არა, ერთი ქართველიც არ უნდა გვემეტებოდეს "ნაცმოძრაობის" ტყვეობისთვის.
მომავალი 2019 წელი ფარისევლების, დემაგოგების, უღმერთოების, მოღალატეების, სადისტების და მანიაკების კლანჭებიდან ამ 780 000 ადამიანის გათავისუფლების წლად უნდა იქცეს.

2018 წელს ამ 780 000 ადამიანს ღვთის განგებით გაუმართლა და "ნაცმოძრაობა" დამარცხდა, მაგრამ ქართველთყლაპია ეშმაკს არ ძინავს, ქართველთყლაპია ეშმაკი რევანშისთვის ემზადება და 780 000 ადამიანთან ერთად მთელი საქართველოს გადასანსლვას აპირებს.

კიდევ ერთხელ ვთქვათ: არული კუდიანებს! არა "ნაცმოძრაობას"! არა ძალადობას! არა ფაშიზმს! არა სააკაშვილს!
გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია".
ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
6-12-2018, 10:30


ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, ამ შეფასების თანახმად, არის უზრუნველყოფილი ამ არჩევნების სათანადო ლეგიტიმაცია. ეს არის ის სურათი, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივის, ევროპული სტილის კამპანიის დაწყების პასუხი იყო აგრესია და სიძულვილი.

„ჩვენ არავის არ მოგვეწონა არჩევნები, როგორც ის წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ გაჯერებული იყო ეს არჩევნები სიძულვილით, აგრესიით. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ევროპული სტილის კამპანია, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა, თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ აგრესია, სიძულვილი, გინება. დედის გინება ისმოდა „რუსთავი2“-ის ეთერში, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში.

ასეთ რეჟიმში წარმართული არჩევნები, ბუნებრივია, ხელს არ უწყობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას. თუმცა, ეს არის იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის, „რუსთავი2“-ს. საუბარია სააკაშვილზე, გვარამიაზე, ვაშაძეზე და შკლიაროვზე. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

1tv.ge



მეტის ნახვა
3-12-2018, 11:00


ცესკო–ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა უბანი. სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59, 52% აქვს, რაც რაოდენობრივად არის 1 147 627 ხმა.


ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 780633 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40,48%-ია.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.

რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს გაიმართა, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.

საქართველოს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ეწვევა ბრიუსელს, ბერლინს, ასევე პარიზს.

„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა.

მეტის ნახვა
29-11-2018, 18:30


"მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია.

_ ბატონო კახა, როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა ვითარებას, როგორც ნაციონალები ამბობენ, პრინციპულ კონკურენციას ამჩნევთ თუ?

_ ჩვენი ამომრჩეველი უკვე გამოცდილია და თუ დააკვირდება, მიხვდება: როცა სუბიექტი ხვდება, რომ არჩევნებს აგებს, ხდება აგრესიული, ტოვებს კონსტიტუციით, საარჩევნო კოდექსით გათვალისწეინებულ ნორმებს, გადის ეთიკის ჩარჩოებიდან, აღარ ითვალისწინებს საარჩევნო პროგრამას და გადადის აგრესიაზე, მუქარაზე, ცილისწამებაზე, პროვოკაციებზე.

ასეთი პერიოდი დაეწყო "ნაცმოძრაობას". მათი მხარდამჭერი ტელევიზიებიდან ისმის უცენზურო სიტყვები, გინება, ლაფის სროლა, სხვის ლოგინში ჭვრიტინი.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული არასამთავრობოები, ვითომ ძალიან ობიექტურები რომ არიან, უსირცხვილოდ იტყუებიან. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას რომ ვუსმინე, პირადად მე შემრცხვა. ეს არის შეურაცხმყოფელი ცილსიწამება თვით ცილისმწამებლისთვის.
თუ დააკვირდებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, კითხვებს კი არ სვამენ, პირდაპირ ჩხუბობენ _ ჟურნალისტი ხდება რესპონდენტის ოპონენტი და კითხვას კი არ უსვამს, ეჩხუბება სტუმარს.
ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ `ნაცმოძრაობა~ აგებს.

ხალხის გონიერების იმედი მაქვს, რომ ყოველივე ეს დასრულდება ხელჩართული ჩხუბის, სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე იმის მიუხედავად, რომ ამის დიდი სურვილი აქვს მიხეილ სააკაშვილს.
მე არ შემიძლია დავადასტურო სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ჩანაწერები, ავთენტურია თუ არა, მაგრამ ფაქტია, სხვა გზა მას და "ნაცმოძრაობას" არ დარჩა და უნდათ, რომ საქართველოში მოხდეს არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ხელისუფლებამ თქვას: მე მირჩევნია, წავიდე და მოვიდეს "ნაცმოძრაობა", ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს. მაგრამ ეს არ გამოუვა "ნაცმოძრაობას". ხალხი ბრძენია. ჩვენ უკვე გავიარეთ ყოველივე ეს 90-იან წლებში. ეს კინო ნანახი გვაქვს. ჩვენი სიდინჯით, მობილიზებით პასუხს გავცემთ ამ მოძალადეებს!

_ ნაცმომხრეები ამბობენ, სააკაშვილი არ ჩამოდის საქართველოში, თუ ჩამოვა, არ ითხოვს არანაირ ძალაუფლებას, ნუ აშინებთ ხალხსო. დავუშვათ მოხდა ისე, რომ გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ, სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში და უწყინრად იჯდება სახლში?


_ მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ მომეცით საშუალება, ფაქტები გავახსენო ჩვენს მოსახლეობას, მაგალითად, როგორ შევიდა უკრაინაში მიშა. ის პოლონეთის საზღვრიდან მიადგა უკრაინას. მაშინ სააკააშვილს უკრაინაში არავითარი სახელისუფლო საყრდენი არ ჰქონია, უკრაინის მოქალაქე იყო მხოლოდ. გაიხსენეთ, როგორ აძვრა სახურავზე და იქიდან როგორ გაჰყვიროდა. არ დაგვავიწყდეს, როგორ მოაწყო ე.წ. "ვარდების რევოლუცია". მისი ხასიათიდან და იმ პოლიტიკური დივიდენდებიდან გამომდინარე, ვთქვათ, რაღაც სასწაული მოხდა და გაიმარჯვა ვაშაძემ, სააკაშვილი არ მოისვენებს, სანამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავენ, რადგან ეს იქნება იმის გარანტი, რომ უმრავლესობით მოვლენ ხელისუფლებაში ნაციონალები.

გამორიცხულია, ეს რომ მოხდეს, მაგრამ მე ვარიანტებს განვიხილავ და მოსალოდნელ შედეგებზე ვსაუბრობ.
თუ ასეთი აპოკალიფსური უბედურება დატრიალდა, საქართველო უკან დაიხევს ათეული წლით და დაიწყება ყველაფერი თავიდან, როგორც 2003 წელს _ სააკაშვილი და სააკაშვილისტები ჯერ ვითომ კანონმორჩილები იქნებიან, მერე რეიტინგს რომ მოიპოვებენ, გამხეცდებიან, დაიწყებენ ოპონენტების დევნას, რევანშს, რეპრესიებს, ტერორს, მაგალითად, ყველა ნამდვილი ოფიცრისგან და ჯარისკაცისგან გაწმენდენ ჯარს და ისეთ სამხედროებს ჩააყენებენ იქ, სააკაშვილის ყურმოჭრილი მოსამსახურეები რომ იქნებიან და ა. შ. და ა. შ.

_ თქვენი აზრით, რატომ ამოირჩიეს ნაცებმა ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად?

_ როგორც წესი, პოლიტიკური კონსულტაციები, როგორც ღიად, ასევე ფარულადაც მიმდინარეობს და ფარულად უფრო ინტენსიური შეხვედრებია ხოლმე. სააკაშვილი ფარულ, იატაკქვეშა კონსულტაციებს გადის თავის ბიძასთან თემურ ალასანიასთან, ვაშაძეც თემურ ალასანიას კოლეგაა. როგორც ჩანს, ვაშაძის კანდიდატურა, ერთობლივი მოლაპარაკლების შედეგია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ "ნაცმოძრაობასთან" ასოცირებული კანდიდატი და თვით "ნაცმოძრაობა" არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. არადა, ესენი ოღონდ დაბრუნდნენ და მზად არიან მოაწყონ სისხლისღვრა, სამოქალაქო დაპირისპირება. ასე არ შევარდნენ კოდორში, ცხინვალში და ა. შ. ესენი ავანტურისტები არიან.

_ თქვენმა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერთ სახელისუფლო კანდიდატს, არადა, ოპოზიციური პარტია ხართ, რატომ ემხრობით სალომე ზურაბიშვილს?

_ ჩვენთან ერთად სახელისუფლო კანდიდატის მხარდაჭერა გამოაცხადა "პროგრესულ-დემოკრატიულმა" პარტიამ.
"პატრიოტთა ალიანსიც" ოპოზიციური პარტიაა და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
დიახ, ცოტა არაორდინარული ვითარებაა _ ოპოზიცია მხარს უჭერს სახელისუფლო კანდიდატს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს ხელისუფლებას ოპონენტად რეალური ოპოზიცია კი არ ჰყავს, არამედ დამნაშავეთა ჯგუფი. ვის დავუჭიროთ მხარი ხელისუფლებას თუ დამნაშავეთა ჯგუფს? პასუხი ცალსახაა. ჩვენ არ გვინდა კრიმინალური ჯგუფის მიერ შემოთავაზებული კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტად. ეს ძალიან მარტივი და გასაგები არჩევანია.

ჩემი საბოლოო პროგნოზი ასეთია: სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს!

სააკაშვილი თავიდან შეეცდება სიტუაციის არევას, მაგრამ ჩვენი ბრძენი ხალხი დაასრულებს მათ ბოგინს საქართველოში!

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
29-11-2018, 16:00


ვაშაძისთვის I ტურში მიცემული 600 000 ხმა საქართველოსთვის ზურგში ნასროლი 600 000 ტყვიაა, სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული თითოეული ხმა საქართველოს აწმყოსა და მომავლის ასაშენებლად დადებული თითო აგური ქართველებო, არ აჰყვეთ "ნაციონალი" კრიმინალების ზღაპრებს და დემაგოგიას _ 28 ნოემბერს გააკეთეთ სწორი, პრაგმატული და პრინციპული არჩევანი _ არჩევანი საქართველოს გადასარჩენად!

მოდით, მშვიდად, ემოციების გარეშე, ცივი გონებით გავაანალიზოთ, რას გვპირდება გრიგოლ ვაშაძე!
გრიგოლ ვაშაძე (სხვათა შორის, ძალიან ღიად და დაუფარავად) გვპირდება რევოლუციას, დესტაბილიზაციას, არეულობას, სამოქალაქო დაპირისპირებას, ეკონომიკის ნგრევას, კრიმინალების ციხიდან გამოშვებას.
რატომ აპირებს ის ამის გაკეთებას?

არა იმიტომ, რომ რევოლუცია და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მისი თვითმიზანი და იდეაფიქსია, არამედ იმის გამო, რომ ის იძულებულია, ასე მოიქცეს, რადგან მას სხვა გამოსავალი და სხვა არჩევანი არ აქვს.
რატომ არ აქვს სხვა არჩევანი?

იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტის სტატუსი არანაირ შანსს არ აძლევს, შეასრულოს ის დაპირებები, რასაც ის მოსახლეობას ჰპირდება.

პრეზიდენტი ვაშაძე, იმის გამო, რომ პრეზიდენტია, ვერც პენსიას მოუმატებს პენსიონერებს, ვერც საბანკო რეფორმებს განახორციელებს, ვერც 600 000 ადამიანს ჩამოაწერს ვალს, ვერც სასამართლო სისტემაში შეიტანს ცვლილებებს, ვერც ეკონომიკის განვითარების ტემპებს დააჩქარებს _ მას, როგორც პრეზიდენტს, ამის უფლებამოსილება არ აქვს.

ვაშაძემ რაღაცის გაკეთება რომ მოახერხოს, მან მთლიანად უნდა შეცვალოს ხელისუფლება _ დაითხოვოს მთავრობა, დაითხოვოს პარლამენტი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობას `ქართული ოცნება~ ფლობს, მაგრამ ვაშაძეს ამ ამოცანის განხორციელების არანაირი ბერკეტი არ აქვს.

ამიტომაც ამბობს იგი, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ სათავეში ჩაუდგება საპროტესტო გამოსვლებს _ ქუჩაში გამოიყვანს 50-100 000 ადამიანს და ხელისუფლებას აიძულებს, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი უპირატესობით უნდა გაიმარჯვოს, რომ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, რის გარეშეც "ნაცმოძრაობა" ვერანაირ ცვლილებებს ვერ განახორციელებს.

ახლა იმაზე დავფიქრდეთ, რამდენად რეალურია დროში გაწელილი ამ ურთულესი ზეამოცანის განხორციელება?
შეგვიძლია ცალსახად, მთელი კატეგორიულობით განვაცხადოთ _ ამ ზეამოცანის განხორციელების შანსი ნულის ტოლია.
გამოდის, რომ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ნულს, ცარიელ ადგილს, ბლეფს, "ფუფლოს", რომლის შედეგად ხელში შეგვრჩება ავლაბრის რეზიდენციაში გამოდგმული ულვაშებიანი თოჯინა, რომელსაც არაფრის შეცვლა, არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გარდა ერთისა _ ხანდახან წამოიჩხავლოს და სულელური ლოზუნგები წამოისროლოს.
ასე რომ, ამომრჩეველი, რომელიც ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს, უშვებს უდიდეს შეცდომას, ამჟღავნებს რა სრულ პოლიტიურ უმწიფრობას და სიბეცეს.

ცხადია, უკიდურესად შეურაცხმყოფელია, როცა ასე ადვილად გატყუებენ, როცა სულელად გთვლიან და იმ ავანტურაში გითრევენ, რომელიც, ელემენტარული გათვლებით, თავიდანვე დამარცხებისთვის არის განწირული.

ისღა დაგვრჩენია, გულწრფელად თანავუგრძნოთ იმ 600 000 ადამიანს, რომლებიც პოლიტიკურმა ფარისევლებმა და აფერისტებმა I ტურში ასე მწარედ მოატყუეს და ხმა იმ ავანტურისტული პროექტისთვის მიაცემინეს, რომელსაც განხორციელებას არ უწერია.
იმედია, ამ ადამიანების უმრავლესობა ახლა მაინც მოეგება გონს და თავის შეცდომას გამოასწორებს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს "ქართული ოცნება" უჭერს, მისი გამარჯვება "ქართულ ოცნებას" საშუალებას მისცემს, ხელოვნური დაბრკოლებების და მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საფრთხის გარეშე, მშვიდ ვითარებაში, დროის მოკლე მონაკვეთში, შეასრულოს ყველა ის პირობა, რაც მან საქართველოს მოსახლეობას მისცა.

"ნაცმოძრაობისგან" განსხვავებით, "ქართულ ოცნებას" ამ პირობის შესრულებისთვის ყველა აუცილებელი ბერკეტი გააჩნია, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოჩენა და იმ გამოუყენებელი რესურსების ამოქმედება, რომლებიც "ქართული ოცნების" რეზერვში მრავლადაა..

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "ქართული ოცნება" თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა დაიბრუნოს.
ასე რომ, ქართველ ამომრჩეველს ძალიან მარტივი და უბრალო არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ეს არის არჩევანი ორ ძალას შორის, საიდანაც ერთს ცრუ დაპირებების და ცრუ ფახიფუხის გარდა, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს, მეორე მხარეს კი დგას რეალური ძალა, რომელიც რეალურ ძალაუფლებას და, როგორც ვთქვით, ყველანაირ ბერკეტს ფლობს, რომ საქართველოს ბედი უკეთესობისკენ შეცვალოს და ამისთვის მას "ნაცმოძრაობასავით" არც არეულობის მოწყობა სჭირდება, არც რევოლუცია და არც დესტაბილიზაცია.

ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ცხადია, ყველაფერი გარკვეულია _ ახლა ცოტა მეტი გონების დაძაბვა გვჭირდება, ცოტა მეტი პრაქტიკული აზროვნება და ელემენტარული არითმეტიკა გვჭირდება, რომ საკუთარი ქვეყანა საკუთარი ხელით არ დავანგრიოთ და ამ ნანგრევებქვეშ ჩვენ თვითონ არ მოვყვეთ...

ვაშაძის გაპრეზიდენტება თვითმკვლელობაა ქვეყნისთვის, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება _ გადარჩენის და სიცოცხლის გაგრძელების გარანტი.

ვაშაძისთვის I ტურში მიცემული 600 000 ხმა საქართველოსთვის ზურგში ნასროლი 600 000 ტყვიაა, სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული თითოეული ხმა საქართველოს აწმყოსა და მომავლის ასაშენებლად დადებული თითო აგური.
ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, ძვირფასო ქართველებო!

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
29-11-2018, 12:00