დაინაწილეს თბილისი ახლო თუ შედარებით შორებელმა მეზობლებმა, აღმშენებლის გამზირი თუ უკვე თურქულ-არაბული კვარტალის "სტატუსი" მიენიჭა, "ზემელს" კი ირანელები "უტევენ". მავან ვაი-ქართველთა ხელშეწყობით, ამ ისტორიულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მოფენილ უბანს, სრული განადგურება ემუქრება, თუნდაც იმიტომ, რომ აქაურობასაც გადაუარა უკანონო მშენებლობების ტალღამ. თუ ვინმე შეეწინააღმდეგა, "მოღალატედ" გამოაცხადებენ, ინვესტიციების მოზიდვას ხელს უშლისო და შეიძლება "ინვესტორმა" უჩივლოს კიდეც "ინტრიგანს", "აღმშენებლობაში" ხელს მიშლისო და მატერიალური ზარალის გადახდაც მოსთხოვოს.

ქართველ ჩინოვნიკებს კარგად რომ ეხერხებათ მღვრიე წყალში თევზის ჭერა, ბარნოვის ქუჩის დასაწყისსა და მის შემოგარენში მიმდინარე პროცესებიც მოწმობს. როგორც ჩანს, არც კულტურისა და განათლების სამინისტროების ხელმძღვანელობებს ანაღვლებთ, რა საფრთხე ემუქრება (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ) "ლევანდოვსკის გიმნაზიის" სახელით ცნობილ 49-ე სკოლას და მის მოსწავლეებს, რადგან ბარნოვის ქუჩის მცხოვრებნი წლებია ამაოდ ითხოვენ გაჩერდეს სკოლის გვერდით უკანონო მშენებლობა. ერთ-ერთმა იქ მცხოვრებთაგანმა, ინჟინერმა და პედაგოგმა მედიკო ბოჭორიშვილმა წერილობით მიმართა დედაქალაქის მერიას, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

მედიკო ბოჭორიშვილი:
დავით ნარმანიამ თანამდებობიდან წასვლის წინ, 2017 წლის 5 ოქტომბრის №1–2186 ბრძანებით, კალაძის საარჩევნო პროგრამების სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მომაკვდავ ერთა ხუთეულის თავში მყოფი ქვეყნის ბავშვთა ინტერესებზე წინ, ირანელი მოქალაქის კერძო ინტერესები დააყენა. სკოლას, რომელსაც 111 წლის ისტორია აქვს, პრაქტიკულად ესპობა ნორმალურად არსებობის საშუალება ესპობა, რადგან სკოლის სამსართულიან შენობას ერთადერთი მზიანი ფანჯრების მხრიდან ირანელის ხუთსართულიან სასტუმროს უშენებენ. 

ბარნოვის ქუჩის ეს მონაკვეთი ძალიან დამრეცია, ზამთარში მოაჯირის გარშე თითქმის ვერ გაივლით, სასტუმროს ავტოსადგომთან ერთად, ავტოფარეხიც ექნება, ასე რომ ტროტუარზე ჩაყოლებულ მოაჯირს ორ ადგილზე ჩაჭრიან და მოაშიშვლებენ იქაურობას. ვეკითხები დედაქალაქის ხელმძღვანელობას და სხვა უწყებებს, ბავშვებმა უსაფრთხოდ როგორ უნდა იმოძრაონ, ზემოდან მომავალი მძღოლი ვერც ხედავს სკოლასთან რა ხდება, უცბად რომ გადმოვიდეს ბავშვი უმოაჯირო ტროტუარიდან სავალ ნაწილზე, ხომ გასრისავს, მძღოლის დასჯა უშველის იმ ბავშვს? სასტუმრო ფუნქციონირებას რომ დაიწყებს, ცხადია, ხმაურიც მოიმატებს. ამ სასტუმროებს რეალურად რა "ფუნქციაც" აქვს, ყველამ კარგად ვიცით, ცხვირწინ რომ აუშენებ ამ ე.წ. სასტუმროს ფანჯრებით სკოლისკენ, რას უნდა უყურონ ბავშვებმა, ვიღაცების პირადი ცხოვრების პიკანტურ მომენტებს? რამდენი ირანელი დაიჭირეს ნარკოტიკის შემოტანა-რეალიზაციის ფაქტზე, რა გარანტია გვაქვს, რომ მოსწავლეებს არ ჩაითრევენ ნარკოტიკის მოხმარებაში? 

მედიკო ბოჭორიშვილი: ბარნოვის ქუჩის დასაწყისი და მისი შემოგარენი ძველი თბილისის ნაწილია, ძალიან საინტერესოა, როგორც ლანდშაფტური, ისე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისი თ. ბარნოვის № 2 200 წლის წინ არის აშენებული, მის მეპატრონეს ლოსაბერიძეს მეორე სართულზე სტამბა ჰქონდა გამართული, იაკობ გოგებაშვილი ამ სტამბაში ბეჭდავდა თავის "დედა ენას". ეს ულამაზესი, ღია აივნებიანი სახლი ქართული არქიტექტურის ნიმუშია. მისი გაგრძელებაზეა სახლი უნიკალური დახვეული ხის კიბით, სხვათა შორის, რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული ეს კიბე. დღეს ეს კიბე ავარიულ მდგომარეობაშია, ასვლა არ შეიძლება, მაგრამ უცხოელებისთვის მაინც ძალიან საინტერესოა, მოწონთ და ფოტოებს უღებენ. ბარნოვის №4–6 სახლებიც კულტურის ძეგლებია, მაგრამ მაინც გაყიდეს, მხოლოდ მიწის სამუშაოებზეა ნებართვა გაცემული (2007 თუ 2008 წელს) და რის აშენებას აპირებს ახალი მფლობელი, კაციშვილმა არ იცის. მომდევნო სახლის ყიდვა იტალიელებს უნდოდათ, მაგრამ რომ დაათვალიერეს, უარი თქვეს, ამის ხელის ხლება არ შეიძლება, მომავალ არქიტექტორები ამ სახლის მაგალითზე უნდა გაიზარდონო. ახლა ამ სახლს ზემოდან ირანელის სასტუმრო "უტევს", მეორე მხრიდან 20 მეტრი სიღრმის სასაძირკვლე ქვაბული. კომპანია "ემ კვადრატი" აპირებს რაღაცის აშენებას. ადგილობრივი არჩევნების დროს ელენე ხოშტარია მოვიდა, ვითომ ჩვენს დახმარებას აპირებდა, მართალი ხართ, როგორ შეიძლება არქიტექტურული ძეგლების ხელყოფაო. მერე ეტყობა გაარკვია, რომ მშენებელი მისი ქმრის კომპანია იყო და აღარ გამოჩენილა. 

60 ყველაზე რთული ადგილია მონიშნული თბილისის რუკაზე და ხსენებული ფერდობი პირველ ადგილზეა. ორჯერ ჩამოინგრა აქ გრუნტი, პირველად 1974 წელს ჩამოინგრა, როცა სოლოლაკი-ზემო ვერის დამაკავშირებელი ქუჩა (ჭონქაძე) შენდებოდა და მუშები ცოცხლად დამარხა. სპეციალისტებმა ეს ანდროგენური ფაქტორით, ანუ სახიფათო ზონაში გაუთვალისწინებელი ჩარევის მიზეზით ახსნეს. მერე იქ ბენზინგასამართი სადგური ააშენეს, მეორედ 2005 წელს ჩამოიშალა ქანები და ეს სადგური მომსახურე პერსონალიანად ჩამარხა. ამ ფერდობის გაგრძელებაა ყოფილი ელბაქიძის ქუჩა, სადაც რამდენიმე წლის წინ სავალი ნაწილი მთლიანად ჩაინგრა. ეს იმიტომ მოვყევი, რომ რომ ორ სახლს შორის არსებულ მწვანე ზოლს უფრო ნიადაგშემაკავებელი ფუნქცია ჰქონდა, რომელიც ორი მხრიდან იყო ამოშენებული ქვის კედლით. ეს ტერიტორია თბილწყალკანალს ეკუთვნოდა, სტრატეგიული დანიშნულების გამო, მისი გასხვისება არაფრით არ შეიძლებოდა, მაგრამ ცნობილი "პრიხვატიზაციის" დროს გაყიდეს, ხეები მოჭრეს და გაანადგურეს იქაურობა. რაიმე მცირე ბიძგიც საკმარისია, რომ ხსენებული ფერდობი კვლავ ჩამოიშალოს, რამ უნდა შეაკავოს 45 გრადუსით დახრილ ბარნოვის ქუჩაზე მეწყერი? აღარც სკოლა დარჩება იქ და არც ეს სასტუმრო სხვა სახლებთან ერთად. წყალსაჭირხნი მრავალტონიანი კოშკი იდგა, ისიც მოსპეს და ჯართად გაყიდეს, როგორც ბერიას დროს გაყვანილი საკანალიზაციო სისტემა.

ბოლოს ირანელზე გაასხვისეს, ვერც იმან შეძლო მშენებლობის დაწყება, ვითომ სამსართულიანი შენობა უნდა აეშენებინათ, მაგრამ იტყუებოდნენ. ამ ირანელმა ისევ თავის ტომელზე გაყიდა ეს ტერიტორია, მაყაშვილის სახლი რომ დაანგრიეს, მაშინღა დავინახეთ, რომ თურმე სკოლის კედელი რამდენიმე ადგილზე ჰქონდა გამონგრეული და კოჭები შეწყობილი და საძირკველიც გაშიშვლებული. ამ ყველაფერზე სკოლის დირექტორები ისე იყვნენ გაყუჩებულები და ახლაც ისე არის მოქმედი დირექტორი გაჩუმებული, რომ ბუნებრივად ჩნდება უამრავი ეჭვი. თუ ის ირანელი კეთილსინდისიერი შემძენია, არაკეთილსინდისიერი გამყიდველი ხომ აგერ გვყავს, მოსთხოვონ პასუხი და მაშინვე გაირკვევა, რა და როგორ მოხდა. სამსართულიან შენობაზეა გაცემული საეჭვო დასკვნა და ხუთსართულიანს აშენებენ. სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო ამ საქმეში, რომელიც მოგეხსენებათ, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია, არ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მოფენილ უბანში უკანონო მშენებლობა ხორციელდებოდესო.

შპს "თრიფელ ეის" იურისტი ამ ჩარევამ ძალიან გააწიწმატა, ვინ ეკითხება ზურაბიშვილს, მაგ უბანში ცხოვრობს და პრობლემები ექმნებაო. რაზე შეიძლება ამის შემდეგ ელაპარაკო ამ კომპანიის ხელმძღვანელობას? მშენებლობა ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდათ, რომ იქ მომუშავე სატვირთო ავტომანქანა მკვეთრ დაღმართზე მოცურდა, მეზობლის "მერსედესიც" დააზიანა და ბორდიურ-მოაჯირებიც. ამ კაცისთვის ზარალის ანაზღაურებას არავინ ფიქრობს. ჩვენ ამ კომპანიაზე მეტად, მთავრობასთან გვაქვს პრეტენზია, ფაქტობრივად დამალული აქვთ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიღებული დადგენილება, თქვენ წარმოიდგინეთ, "მშენებელთა ლიგასაც" კი არ ჰქონდა ეს დოკუმენტი, ჩვენ გადავეცით. იქ გაწერილია სეისმომედეგობის თვალსაზრისით, რამხელა დაშორება უნდა იყოს სახლებს შორის, რომ მიწისძვრის დროს სახლის ნგრევით წარმოქმნილმა ნაგავმა არ დააზიანოს გვერდით მდგომი კაპიტალური შენობა. რამხელა დაშორება უნდა იყოს კულტურის და არქიტექტურულ ძეგლსა და სხვა შენობას შორის. ყველა კულტურის ძეგლს აქვს თავისი ვიზუალური და ფიზიკური დაცვის არეალი. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყველაფრის აშენება, რაც დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, გააუარესებს მის აღქმას და გამოყენებას. ხსენებული სასტუმროს მშენებლობა ფიზიკურადაც აზიანებს ბარნოვის ქუჩაზე არსებულ ძეგლებს, გავლენასაც ახდენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ჩვენ მარტო სიტყვით ვცემთ პატივს ჩვენ კულტურას თუ ღირსეულ წინაპრებს. ახლახანს ზარზეიმით აღნიშნა მერიამ იუნკერების და გმირი ქალის მარო მაყაშვილის ხსოვნა, ამ დროს სწორედ მარო მაყაშვილის სახლთან ხდება ეს უკანონობა და უზნეობა, რაზეც ყურს არავინ იბერტყავს.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
6-03-2018, 10:30


"ქართული მარშის" სახალხო პატრული თბილისის ქუჩებში უკვე კვირაზე მეტია მოძრაობს. ინფორმაცია  "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძეს თქმით, კანონდარღვევების აღმოჩენის მიზნით ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრები ლესელიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, ვარდების მოედანსადა წინასწარ შერჩეულ სხვა ადგილებში პატრულირებენ.

მისი თქმით, სახალხო პატრულის წევრებს „ქართული მარშის" სიმბოლოს აღმნიშვნელი სამკლაურები უკეთიათ და მაისურები აცვიათ. 
როგორც ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, მათ ქუჩებში უკვე აღმოაჩინეს კანონდარღვევის ფაქტები, მაგალითად, არასრულწლოვანთა პროსტიტუტციის და შესაბამისი ვიდეომასალაც გადაიღეს. ხოლო კანონდარღვევების შეკრების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

სანდრო ბრეგაძე აბსურდულს უწოდებს შსს-ს პოზიციასაც, რომ ქალაქში წესრიგის დაცვა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. ბრეგაძე მიიჩნევს, რომ სახალხო პატრული კანონის ფარგლებში მოქმედებს და ქუჩებში მოძრაობას ხელისუფლება მათ ვერ აუკრძალავს, სახალხო პატრულის  წევრობის სურვილი 300-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა და მათგან 15-15-კაციან ჯგუფებს შექმნიან.

16 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. სახალხო პატრულის მიერ საპოლიციო საქმიანობის მცდელობა უხეშ კანონდარღვევად შეფასდება და მკაცრი რეაგირება მოჰყვება. "ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და დანაშაულის აღკვეთა კანონის საფუძველზე შექმნილი სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. შესაბამისად კანონით, მხოლოდ აღნიშნულ ორგანოებს აქვთ დამნაშავეთა მიმართ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლებამოსილება,"- განაცხადეს შსს-ში.
"ლიბერალი"

მეტის ნახვა
5-03-2018, 15:30


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ მარიხუანას ლეგალიზებაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის ფაქტობრივი ლეგალიზება უკვე მოახდინა. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას, რათა რეგულირებული იყოს ყოველი დეტალი, თუ რა პირობებში, სად და რა ზომით მოხმარება არ არის კრიმინალიზებული.


„ჩვენი, შსს–ს და ასევე ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია ასეთია – აქ კონკრეტული, გარკვეული რეგულაციებია შემოსაღები, რათა ფაქტობრივი ლეგალიზება ჩვენი საზოგადოების მიერ ისე არ იქნას აღქმული, რომ ყველაფერი დაშვებულია. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელზეც პარლამენტთან ერთად ვმუშაობთ.

შსს–ს პოზიცია ასეთია – რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა სწორია. ეს ის მიმართულებაა, საითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ, თუმცა, დღეს, როცა რეაბილიტაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და რეაბილიტაციის პროგრამების ის რაოდენობა არ არსებობს, რაც აუცილებელია, სახელმწიფომ ნარკომომხმარებლებს შესთავაზოს, ეს ის პრინციპული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის შემდეგაც შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ამიტომ ვთვლით, რომ პირველ რიგში, იმ ინფრასტრუქტურაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ნარკომომხმარებელთარეაბილიტაციისათვისაა საჭირო და კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე შემდეგ ვისაუბროთ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტის ნახვა
5-03-2018, 14:00


გვესაუბრება ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე

-  ბატონო გრიგოლ, ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არაერთხელ დაადასტურა, რომ ნაცრეჟიმის პერიოდში ხშირად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა უფლებამოსილების გადამეტება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობაში მაინც უკმაყოფილება სუფევს. რა არის ამის მიზეზი?

-  მართალი ხართ, სტრასბურგის სასამართლომ, ფაქტობრივად, ღიად დაადასტურა, რომ წინა რეჟიმი კრიმინალებსა და მწამებლებს მფარველობდა. საერთაშორისო სასამართლომ არაერთხელ გააკრიტიკა მკაცრად, როგორც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთოდ, მართლმსაჯულება. რაც მთავარია, პირადად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც შეიწყალა მკვლელიმწამებლები ისე, რომ მინიმალური სასჯელიც არ მოახდევინა.

-  მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონდა და აქვს შეწყალების უფლებამოსილება.

-  გეთანხმებით, შეწყალების უფლებამოსილება ყველა ქვეყნის პირველ პირს აქვს. აქ მთავარი ის გარემოებაა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მწამებელი დამნაშავეები მსოფლიოს პროგრესულ ქვეყნებში არ შეუწყალებიათ. საქმე "გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" გახლდათ, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში განხორციელებული რეფორმების ექსპერტიზა, რამდენად სამართლიანი იყო იმ პერიოდში მართლმსაჯულების სისტემა, ვიცით, რომ დღევანდელი ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რათა ეტაპობრივად აღმოფხვრას და გამოასწოროს ხარვეზები.

გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ვიმეორებ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მკაცრად იქნა გაკრიტიკებული სააკაშვილი, რომელმაც მკვლელი-მწამებლების შეწყალებით ხელი შეუშალა მართლმსაჯულების აღსრულებას. თუმცა, ეს პოლიტიკური აქტი გახლათ, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი ხელს უწყობდა ჯალათების წახალისებას.

- მხოლოდ გირგვლიანის საქმეში ჩაერია და გადაამეტა თავის უფლებამოსილებას საა- კაშვილმა? რამდენადაც ცნობილია, სხვა საქმეებშიც ჰქონდა ცხვირი ჩაყოფილი.

- დავინტერესდი სააკაშვილის რეჟიმის დროს განხორციელებული შეწყალების აქტებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო სააკაშვილის მიერ 2013 წლის ივლისში თენგიზ გუნავას შეწყალებამ. გუნავას წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავებოდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ გუნავას სასჯელიც დაუწესა პატიმრობის სახით. თუმცა პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა, რადგან სასჯელის ზომა უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე სააკაშვილმა შეიწყალა გუნავა და ნასამართლეობაც მოუხსნა. საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: პირველი ინსტანციის სასამართლომ გუნავას პატიმრობა მიუსაჯა (ამ შემთხვევაში ვადას მნიშვნელობა არა აქვს), 2012 წელსვე ამნისტიით მას შეუმცირდა სასჯელის ვადა. ყოფილი პრეზიდენტი შეწყალების აქტით უხეშად ჩაერია მართლმსაჯულებაში, რომელიც პოლიტიკური აქტი გახლდათ. პირველი ინსტანციის განაჩენი გასაჩივრებული გახლდათ, ხოლო სააპელაციო სასამართლო სხდომები დაწყებული არ იყო. ფაქტობრივად, გუნავა ჯერ კიდევ ბრალდებულის სტატუსით იყო. გარდა ამისა, შეწყალება ხდება იმ შემთხვევაში, როცა პირს უკვე მოხდილი აქვს სასჯელის ერთი მესამედი. გუნავას საქმეში სააკაშვილმა გამოიჩინა არა მარტო მართლმსაჯულებისადმი უპატივცემულობა, როდესაც ერთპიროვნულად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, არამედ დაარღვია და უგულებელყო სისხლის სამართლის ნორმები თუნდაც იმით, რომ გუნავას მოუხსნა ნასამართლეობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნით მხოლოდ სასჯელის მოხდის შემთხვევაშია შესაძლებელი პირისთვის ნასამართლეობის მოხსნა. როგორც ვხედავთ, გუნავას საქმეშიც უამრავი დარღვევაა. ისევე, როგორც გირგვლიანის საქმეში. არავინ უარყოფს, პრეზიდენტს აქვს უფლება, შეწყალების აქტი გამოსცეს, რომელიც ჰუმანური უნდა იყოს, მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულებას და განხორციელებას ხელი არ შეუშალოს.

-  დარღვევების აღმოჩენა ერთი საკითხია, მაგრამ რას აპირებთ მომავალში? გაასაჩივრებთ თუ მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებით შემოიფარგლებით?

-  გუნავას საქმე ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ" შეისწავლა. მასალები და საჩივარი საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელზე შევიტანეთ, რათა მოახდინონ რეაგირება და თუ ჩათვლიან საჭიროდ, გადასცენ პროკურატურას დეტალური გამოძიებისთვის. თუმცა, ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება აშკარად იკვეთება. დანაშაულის ფაქტები თუ არსებობს, ეს უკვე პროკურატურის გამოსავლენია.

- ბატონო გრიგოლ, არ შეიძლება არ გკითხოთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებზე, რამაც ხმაური გამოიწვია. როგორც ადვოკატი, თქვენ როგორ შეაფასებთ ამას?

- დღევანდელი ხელისუფლე- ბის მიზანია მართლმსაჯულების რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ამაღლება. როდესაც შეჯიბრებითობა მაღალია, ადვოკატისა და პროკურორის უფლებამოსილება, პროფესიონალიზმი იხვეწება. მოსამართლეთა უვავოდ დანიშვნას, მოგეხსენებათ, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობს. მისი მიზანია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი იყოს. ატეხილი აჟიოტაჟი, საჯარო გამოსვლები ჩრდილს აყენებს ამ ინსტიტუციას.

საკანონმდებლო თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურებმა, რომლებმაც წარადგინეს და გაამწესეს იუსტიციის საბჭოს წევრები, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ. არაერთხელ განმიცხადებია საჯაროდ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების კვალდაკვალ განხორციელებულიყო მართლმსაჯულების მონიტორინგი. კერძოდ, მოსამართლეები, რომელთა გამოტანილი განაჩენი სტრასბურგში გაამტყუნეს, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ხელისუფლების დროს, ის მოსამართლეები ან უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ან ჯარიმები დაკისრებოდათ. მაშინ ჩემი აზრი იურისტების ნაწილმა მოიწონა, მოსამართლეთა ნაწილი კი ითხოვდა, მსგავსი სასჯელი იმ პროკურორებზეც გავრცელებულიყო, რომლებიც წაგებულ საქმეებს წარმართავდნენ, გამოძიებას თუ მოკვლევებს ახორციელებდნენ და სასამართლო პროცესებზე პირდაპირ ითხოვდნენ მათ დასჯას. თითქმის იმავეს ამბობენ და ითხოვენ ახლანდელი იუსტიციის
საბჭოს წევრებიც.
გია ბურდული



მეტის ნახვა
3-03-2018, 13:30


მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელ ქედთან მშენებლობის გასაპროტესტებლად დღეს მოსახლეობა კოდევ ერთხელ შეიკრიბა. ამჯერად მათ არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის კვლევა წარმოადგინეს, რომლის თანახმადაც ამ ტერიტორიაზე კლდის მოჭრა და მშენებლობა საფრთხისშემცველია.

"მდინარე ვარაზისხევის ზედა ნაწილში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, მშენებარე მაღალსართულიანი სახლებიდან ზემოთ, 100-120 მ-ის დაშორებით, მდინარე ვარაზისხევის ძირი ჩაკეტილია კლდოვან სუბსტრატზე გათხრილი საძირკვლებიდან ამოღებული ათეული ათასობით მ3 მოცულობის ნაშალი მასალის მძლავრი ჯებირით. აღნიშნული ჯებირი აუცილებლად გამოიწვევს ძლიერი, თავსხმა წვიმების დროს წარმოქმნილი ნიაღვრების შეტბორვას. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯებირის უეცარი გარღვევა და მის ქვემოთ განლაგებული საცხოვრებელი სახლების ნგრევა-დაზიანება", - ნათქვამია კვლევაში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა 13 ივნისის მსგავსი კატასტროფა განმეორდეს. გარდა ამისა საუბრობენ ამოსასვლელი გზის გადატვირთულობაზე, მიწისძვრის საფრთხეებზე. ადგილობრივი მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს, კახა კალაძის სახელზე მომზადებულ მიმართვას და კვლევას კი მერიაში გააგზავნიან.
imedinews.ge

მეტის ნახვა
3-03-2018, 12:00



მთავრობის ადმინისტრაცია ორბელიანის მოედანზე შუშის გადმოვარდნისა და ბავშვების დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი მუდმივ რეჟიმში იღებს მომხდარზე ინფორმაციას.

„დაშავებული არასრულწლოვნები ამჟამად გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდებათ. ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები – აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც მომხდარში დადასტურდება.
პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაშავებული ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა“, – ნათქვამია მთავრობის ადინისტრაციის განცხადებაში.

ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული ერთერთი მოზარდი გარდაიცვალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის  თქმით ის მომხდარი ტრაგედიით შეძრულია და უსამძიმრებს დაღუპული 14 წლის მოზარდის ოჯახს.

შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მდგომ მოზარდებს შენობიდან გადმოვარდნილი შუშა დაეცათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოზარდები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტის ნახვა
28-02-2018, 16:30


პირველი მარტიდან საქართველოსა და დედაქალაქში რამდენიმე ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ამოქმედდება. მათ შორის არის თბილისში სამარშრუტო ტაქსებთან და ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული რეგულაციები.

  1. თბილისში სამარშრუტო ტაქსები პირველი მარტიდან 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ -  ეს რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებსა და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებს შეეხება. ეს 14 ქუჩაა: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.
  2. დასუფთავების სამსახური თბილისში საპილოტე პროექტს იწყებს და ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე მხოლოდ ღამის საათებში გაიტანს ნარჩენებს - დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-სპირველ კორპუსამდე. საუბარია, მთელ ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ყველა ქუჩის განშტოებაზე.
  3. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევასავალდებულო ხდება - უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოში შემოსვლისას ვალდებული იქნება მესამე პირის დაზღვევა შეიძინოს. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მისი მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოში მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. 
  4.  ბაზრობის, სასტუმროს, ავტოგასამართი სადგურის მფლობელებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ - მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ. აღსანიშნავია, რომ მესამე პირად იგულისხმება მათ შორის, ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი. 

მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).

მეტის ნახვა
28-02-2018, 15:00


საქართველოს პრეზიდენტი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

“მწუხარებით შევხვდი ცნობას გია მაისაშვილის გარდაცვალების შესახებ. მისი საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში უკავშირდებოდა დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და სამშობლოზე ფიქრს.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს” - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ქართველი პოლიტოლოგი გია მაისაშვილი, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.პოლიტიკოსსა და ეკონომისტს უმძიმესი დიაგნოზი: ტვინის სიმსივნე 2015 წელს დაუდგინდა. მაისაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მძიმე დიაგნოზთან გამკლავებას. ის მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.

მანამდე პრემიერმინისტრს გია მაისაშვილის სამშობლოში ჩამოყვანისთვის დახმარებას სთხოვეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაისაშვილის უკანასკნელი სურვილი სიცოცხლეში სამშობლოში დაბრუნება იყო, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. კუკავა პრემიერს ამ თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფას სთხოვდა.
ბოლო წლებში გია მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. 

მეტის ნახვა
26-02-2018, 12:30


ხელისუფლებამ დაუნდობელი ბრძოლა რომ გამოუცხადა ქურდულ სამყაროს და ამ მიმართულებით კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება, ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ის უფრო გვაინტერესებს, როდის მოსთხოვენ პასუხს რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო გზებით გამდიდრებულ პერსონებს, რომლებსაც დღესაც წარმატებულ ბიზნესმენებად და ბანკირებად მოიხსენებენ. საეჭვოა, ე.წ. კანონიერ ქურდებს ამ "კონტიგენტზე" მეტი ზიანი მიეყენებინათ საქართველოსთვის. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ დავით გაგნიძეს, რომელიც ჩამოყალიბების დღიდან "ნაციონალურ წმენდამდე" მუშაობდა შსს-ს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში, არაერთხელ უთქვამს ჩვენთან ინტერვიუში, რომ ხელისუფლებამ, კერძოდ, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმ ჰალსტუხიანი ყაჩაღების გამოვლენა-დასჯაზე უნდა იმუშაოს, რომლებსაც წლების განმავლობაში მილიონობით თანხა აქვთ მითვისებული.

დავით გაგნიძე: "ახლახანს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა, ხაშურში მომხდარი ყაჩაღობა გავხსენითო. რიგითი დანაშაულობების გახსნა ნამდვილად არ არის ამ სამსახურის საქმე, მათ გაცილებით სერიოზულ, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებზე უნდა იმუშაონ, სისტემატურ რეჟიმში უნდა აგროვებედნენ და ოპერატიულად ამუშავებდნენ ინფორმაციებს რა ხდებოდა და ხდება ქვეყნის მასშტაბით. ამ სამსახურმა შეიძლება წელიწადში ერთი დანაშაული გახსნას, მაგრამ იმდენად სერიოზული იყოს, რომ სხვა ყველაფერი გადაწონოს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვგულისხმობ შევარდნაძის მმართველობის პერიოდს, ათეულობით მილიარდი დოლარია მითვისებული და საზღვარგრეთ გატანილი. ამ პროცესმა "პიკს" ნაციონალების მმართველობისას მიაღწია. ათი მილიონი თუ მაინც დავაბრუნეთ? ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ არაფერი მსმენია. მაშ რას აკეთებენ შსს და უსაფრთხოების დაცვის სტრუქტურა, გამოდის საერთოდ ვერ ფლობენ ვითარებას. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური ზუსტად იმ მიზნით შეიქმნა 1991 წელს, რომ მსხვილ, სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაულობებზე ემუშავა.

სისხლის სამართლის სამძებროში არსებული ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილება ცალკე გამოყვეს, უფლებამოსილებები გაუფართოვეს და ცალკე სამსახურად ჩამოაყალიბეს, რომელიც საზოგადოებაში "მეექვსე განყოფილების" სახელით იყო ცნობილი. "მეექვსე განყოფილებას" თავიდან გამოცდილი პროფესიონალი ნოდარ წკრიალაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩვენგან ყოველთვის მოითხოვდა, რომ ძირითადად იმ კატეგორიის დანაშაულზე გვემუშავა, რომელიც გახშირდებოდა, იქნებოდა ეს ადამიანის გატაცება, გამოძალვა თუ სხვა. პარალელურად, ყველაფერზე უნდა შეგვეგროვებინა ოპერატიული ინფორმაციები. თბილისის პროკურორის მიხეილ ქურდაძის მკვლელობის გახსნაზე როცა ვმუშაობდით, სხვა 38 დანაშაულიც გავხსენით. ბოლოს პარლამენტს მივადექით, უამრავი ინფორმაცია დაგვიგროვდა, ოფიციალური მოვალეობის შესრულების გარდა, რა "საქმიანობით" იყვნენ დაკავებული ხალხის "რჩეულნი". სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყეს ჩვენი სამსახურის დაკნინება.

"მხედრიონის" ალაგმვის შემდეგ დაიწყო ჩვენს სამსახურზე "გადამწყვეტი შეტევა", რადგან "რაფინირებულ" პოლიტელიტას არ აწყობდა მათი შავბნელი საქმიანობის გამოაშკარავება. ეს ხალხი მაშინაც ჭამდა და დღესაც ჭამს, შეიძლება ზოგიერთი მათგანი სახელმწიფო სამსახურში აღარ იყოს, მაგრამ მსხვილი ბიზნესი მათ ხელშია. სამაგიეროდ მოსახლეობის უმეტესობაა შიმშილის ზღვარზე და ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გარბის. პერსონიფიცირებას ნუ მომთხოვთ, რადგან თქვენც კარგად იცით ვისაც ვგულისხმობ. ისე, მათგან რა უნდა გამიკვირდეს, როცა შიგნით, უწყებაში გვყავდა მოწინააღმდეგეები, რომლებიც "მეექვსე განყოფილების" გაუქმებაზე ოცნებობდნენ. არც მათ აწყობდათ ძლიერი კონკურენტი, რადგან 90-იანი წლების არეულობის დროს, ბევრი სამართალდამცავი თვითონ გახდა კრიმინალი და მოღალატე. შეიარაღებულმა ბანდებმა და საძმოებმა ძალოვან სტრუქტურებში თავისი ხალხი რომ "ჩანერგეს", მათი ნაწილი მერეც დარჩნენ სამართალდამცავ სისტემაში, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხომ მთლიანად ამ კატეგორიის კონტიგენტი მოვიდა თანამდებობებზე. უბედურება ისაა, რომ დღემდე არ გაწმენდილა შსს და უსაფრთხოების სტრუქტურები საეჭვო წარმომავლობის, უცოდინარი კადრებისგან, აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მერწმუნეთ, ესენი ყოფილი თანაგუნდელების საეჭვო საქმიანობის გამოძიებით თავს არ შეიწუხებენ".

ყბადაღებული ოფშორული ზონების და კომპანიების "მოღვაწეობა", გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ხსენებული კომპანიების შექმნა 70-იანი წლებიდან დაიწყო, ანუ იმ პერიოდიდან, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა, საზოგადოებისთვის ფანტაზიის სფეროს წარმოადგენდა. 90-იანი წლებიდან, უკვე ძალზე აქტიურად ჩანს "ოფშორელთა" გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკაზე. საკავშირო პარტნომენკლატურა და "კაგებე" მარტო ფულს კი არ დებდა ხსენებულ კომპანია-ზონებში, მათ "კაგებეს" კადრებითაც "ამარაგებდნენ". 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირიდან გაზიდულმა ფულმა, მრავალი ათეული მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც მოგვიანებით პოსტსაბჭოთა სივრცეში შემობრუნდა იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გასატარებლად, რომელთა ბირთვსაც "კაგებეშნიკები" შეადგენდნენ. უფრო მეტიც, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკის განადგურების ხარჯზე, ეს ფინანსები სულ უფრო მატულობდა. რაც შეეხება ქართველების უმთავრეს "სტრატეგიულ პარტნიორ" ამერიკას, მისი პოლიტელიტა ამ პროცესს მშვიდად ადევნებდა თვალს. ამიტომაც ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობებს შორის, თავის დროზე გარიგება მოხდა. ზემოთ ნაუცბათევად საეჭვოდ გამდიდრებულნი ვახსენეთ, სწორედ ამ "კაგებეშნიკური" ჯგუფების მიერ ყოფილან ისინი "დანიშნული" მილიონერებად, როგორც საქართველოში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ისინი "პატრონს" თუ განუდგებიან და დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს წამოიწყებენ, შეიძლება მარტო ქონება და გავლენა კი არა, სიცოცხლეც დაკარგონ.

ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, რომ რეალურად სპეცსამსახურების აგენტურა მართავდა და სამწუხაროდ, დღესაც მართავს საქართველოს, ვფიქრობთ, აშკარაა. თუკი რაიმე ეროვნულის, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება მოისურვა "ქართულმა ოცნებამ", უნისონში აწიოკდებიან ხოლმე ნაციონალები, მათი სატელიტი პარტიები და ე.წ. უფლებადამცველები და აპოკალიფსის დადგომას "წინასწარმეტყველებენ". ვფიქრობთ, ეს არც არის გასაკვირი, "კაგებეს" აბსოლუტურად ყველა სფეროში ჰყოლია "ჩანერგილი" ე.წ. ოდეერი თუ აგენტი და საქმე იქამდე მისულა, რომ ტრადიციული "ჩამშვებების" ოჯახები ჩამოყალიბებულა. გადავავლოთ თვალი ზემოხსენებული სექტის ქმედებებს, ადრე მათი იდეური თუ ბიოლოგიური წინაპრები თუ კრემლში დარბოდნენ ქართველების დასაბეზღებლად, ახლა ვაშინგტონსა და ევროპაში დარბიან, რასაც "კეთილშობილური" ზრახვებით ფუთავენ, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ვიცავთო.

მოგეხსენებათ, პუტჩის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსული ტრიუმვირატიდან ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო. სწორედ ჯაბა იოსელიანის "დამსახურებაა" შევარდნაძის `მეორედ მოსვლა". კარგად ინფორმირებული წყაროებს თუ დავუჯერებთ, "კანონიერ ქურდები" სინამდვილეში "კაგებეს" მიერ დამნაშავეთა სამყაროში "ჩანერგილი" იგივე "ოდეერები" იყვნენ, რომელთა მეშვეობითაც აკონტროლებდნენ კრიმინალებსო. 1992 წლიდან ჯაბა იოსელიანთან ერთად, ზემოხსენებული ხალხის შთამომავლებიც მოვიდნენ თანამდებობებზე. ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოს საბოლოოდ გამოხვრის პროცესი, რაც უფრო აქტიურად გაგრძელდა ნაციონალების მმართველობის პერიოდში. სააკაშვილის წარმატებული კარიერის გასაღები რომ ბიძამისის "კაგებეშნიკურ" ბიოგრაფიაში დევს ეს ერთია, მაგრამ ჩვენი "ნიჭიერი" მესამე პრეზიდენტის სწავლა-განათლების დონის "ამაღლებაში", თურმე "შავ სამყაროსაც" მიუძღვის გარკვეული წვლილი. კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან "დისიდენტობისთვის" გარიცხული მიშას ცოდნის მისაღებად ოკეანისგაღმა მივლინება, ჯაბა იოსელიანს დაუფინანსებია. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დაეფინანსებინა "კანონიერ ქურდს" "კაგებეშნიკის" დისწულის სწავლა-განათლება, თუ მართლაც ურთიერთკავშირში არ იყო "შავი სამყარო" და საბჭოური სპეცსამსახური?

ახლა რაც შეეხება არასამთავრობო სექტორში დაფრთიანებული და შემდეგ მაღალ თანამდებობებზე წამოსკუპებულ სხვა პერსონებს, ამ კონტიგენტის "განსწავლულობა" რომ დასავლური განათლების მიღების შემდეგაც ეჭვს იწვევს, გვერწმუნეთ, მარტო ჩვენ არ ვამბობთ. მაშ ვინ იყო ამდენი სწავლას "მოწყურებულის" სპონსორი, შემთხვევით, კრიმინალებთან ალიანსში მყოფი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ხომ არა, რომლებსაც ახლა ვალს უხდიან თავიანთი რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო პოლიტიკით?

"კაგებეს"  პროტეჟეებმა ჩალის ფასად გადაცემული ხალხის კუთვნილი ქონება, მათ შორის მოსახლეობის მიერ საბჭოთა პერიოდში ბანკებში შეტანილი ანაბრები არ იკმარეს და დამოუკიდებელი ქვეყნის "ეგიდით", მოტყუებით რამდენჯერმე გააძვრეს ხალხს ტყავი. უბედურება ისაა, რომ ჯერაც ვერ მოვიცალეთ 90-იანი წლების, საქართველოსთვის უმძიმესი პერიოდის ბოლომდე გამოსაკვლევად და შესაფასებლად. კრიმინალის ბოლომდე მოსპობა შეუძლებელია, დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და კვლავაც მოხდება, პოლიცია ამ საქმეს როგორმე მიხედავს, მთავარია, "ელიტურ" კრიმინალებს მოეთხოვოთ პასუხი, რომლებიც 25 წელზე მეტია ქვეყანას აჩანაგებენ. 

არის კიდევ ერთი კატეგორია კრიმინალებისა, რომლებსაც "ბეზპრედელშჩიკები" ჰქვია. "ბესპრედელშჩიკები", ეს არის უცხო ქვეყნების ხელდასმით ჩამოყალიბებული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი საზოგადოება, რომელიც წყვეტს ვინ "კანონიერი ქურდი" უნდა გახდეს, ვინ ბიზნესმენი, ვინ პოლიციელი და ა.შ. მათ საბოლოოდ ერთი მიზანი აერთიანებთ, როგორმე ხელისუფლების სათავეში მოვიდეს მათი ე.წ. საზოგადოება და კანონზე მაღლა დადგეს. კომპეტენტური წყაროს განცხადებით, "კანონიერ ქურდებს" თავისი ნებით არ დაუტოვებიათ გავლენა-პრივილეგიები, "პატრონების" ბრძანებით მოხდა. ეს ე.წ. საძმოები განაგებდნენ ქვეყანას შევარდნაძის მმართველობისას, წარმოიდგინეთ, ჯაბა იოსელიანიც კი დაიჭირეს და რამდენიმე წელი გაატარა ციხეში, "ვერის საძმოს" კი არავინ შეხებია. ნიკა რურუა საერთოდაც ამერიკაში გაუშვეს "სასწავლებლად" და "ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე ზურაბ ჟვანიამ ჩამოიყვანა, როგორც "სანდო" და "საჭირო" კადრი. ნაციონალების მმართველობისას ამ "სანდო" კადრს მაღალი თანამდებობებიც ეკავა, რეალურად ეგ მართავდა ქვეყანას, არ გახსოვთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ანგარიშს როგორ აბარებდა ქვეყანაში რა გაკეთდაო, აცხადებდა ჩვენთან ინტერვიუში დავით გაგნიძე. ძველი "მხედრიონელები" ალბათ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი თანაგუნდელი, როგორც "დიდი" ბიზნესმენი, ხელს ჩამოართმევდა აწ ამერიკის პრეზიდენტ, მილიარდერ დონალდ ტრამპს. რა შეიცვალა ნაციონალების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად არაფერი – ის ხალხი, რომელმაც პირწმინდად გააჩანაგა საქართველო, დღესაც სერიოზულ ფიგურებად ითვლებიან, ზოგი პარლამენტიდან გვმოძღვრავს, ზოგი ბიზნესსფეროდან. დემურ დვალიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს, მილიონობით კი არა მილიარდობით თანხები გაიცემოდა კრედიტების სახით, რასაც რატომღაც სახელმწიფო უდგებოდა გარანტად. არცერთი ეს თანხა, დანიშნულებისამებრ არ გახარჯულა, შედეგად მივიღეთ ქართველ მდიდართა კასტა და გაღატაკებული საქართველო, ხოლო დემურ დვალიშვილმა თავი მოიკლა.

ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებიც აქტიურად რომ იყვნენ ჩართული ე.წ. კრედიტომანიაში, "საერთო გაზეთი" პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ადრეც წერდა. ზურაბ ჟვანია მაშინ "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გახლდათ, როცა 102-მილიონიანი კრედიტი გაიტანა. როგორც კი დაასრულეს "ამა ქვეყნის ძლიერთ" კრედიტების გატანა, ქვეყანა ისეთმა ჰიპერინფლაციის ტალღამ გადაუარა, რომ ერთ მილლიონ კუპონად ერთ პურს თუ იყიდდი. "პატიოსანმა" მსესხებელმა ჟვანიამ ვალი კი დააბრუბა, მაგრამ ეს თანხა 200 აშშ დოლლარს თუ უტოლდებოდაო. ამ ყველაფრის შემდეგ ბატონი ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინა, მისი მარჯვენა ხელი გია ბარამიძე და ჰიპერინფლაციის ერთ-ერთი "შემოქმედი" რომან გოცირიძე, დღესაც პარლამენტში გვიზის და ჭკუას გვარიგებენ. პოლიციის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც იმ პერიოდში ძალზე სერიოზული თანამდებობა ეკავა, წლების შემდეგ მომიყვა, იმ პერიოდში რუსეთთან კარგი სამსახურებრივი ურთიერთობა გვქონდა. მოსკოვიდან დაგვიკავშირდნენ, რა ხდება, ჩვენს ბანკებში საქართველოდან ათეულობით მილიონობით ირიცხება ფული, რომლის მისაღებადაც ძირითადად, მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები ცხადდებიანო. მაშინ გავიგეთ ქართველმა სამართალდამცავებმა სადაც წავიდა იმ კრედიტების დიდი ნაწილი, რომელმაც საქართველოს ხაზინა გამოაცარიელა.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
26-02-2018, 11:00