ხადას ხეობაში მომხდარმა საზარელ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, რასაც ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმა. კობაური უკვე გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში, მას რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდებიან სპეციალისტები, რის შემდეგაც დაიდება დასკვნა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.

გამოძიება რატომღაც ახლაღა დაინტერესდა იყო თუ არა შერაცხადი კობაური იმ პერიოდში, რა დროსაც მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ მხრივ პრობლემები არ აქვს. ცნობისთვის, "ავადსახსენებელი" კომუნისტების მმართველობის პერიოდში ადამიანი მკვლელობას რომ ჩაიდენდა, მას ყველა შემთხვევაში უტარდებოდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. პროფესიონალ ფსიქიატრთა განცხადებით, არცთუ იშვიათად ისმებოდა მკვლელობის აფექტის მდგომარეობაში ჩადენის საკითხი. არსებობს აფექტის ორი სახე, ფიზიოლოგიური და პათოლოგიური, რაც სრულიად განსხვავებული ცნებები ყოფილა. პათოლოგიური აფექტის დროს, ადამიანს სრულიად ებინდება გონება, მერე შეიძლება საერთოდ აღარ ახსოვდეს რა ჩაიდინა. ვფიქრობთ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ შთაგონების შემთხვევაში, მან არჩადენილი დანაშაულიც დაიბრალოს. არის თუ არა კობაური რეალური დამნაშავე, აქ საზოგადოების აზრი ორად იყოფა, ერთნი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ სწორედ მან დახოცა ცოლ-ქმარი სმიტები და მათი ოთხი წლის ბიჭი და "მკვლელის"  ჩაქოლვას თუ არა, სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ეს "ღრმადდარწმუნებულები" იმ ადამიანებსაც აქილიკებენ, ვისაც არ სჯერა, რომ ხსენებული ამაზრზენი დანაშაული კობაურმა ჩაიდინა, მით უმეტეს მარტომ. აქვე სამედიცინო და ბიოლოგიურ ექსპერტიზების დასკვნებს იშველიებენ, მეტი რაღა მტკიცებულება გინდათ, ნუთუ ოფიციალურ დასკვნებზე მეტად, 19 წლის მწყემსის თვალების გჯერათ, რომ ასეთ დანაშაულს არ ჩაიდენდაო. სხვათა შორის, "ურწმუნოთა" შორის, კომპეტენტური ადამიანები, პროფესიონალი სამართალდამცავებიც არიან, რომლებსაც საკმაო გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ შავი და თეთრი გაარჩიონ ერთმანეთისგან, მით უმეტეს, რომ ბევრჯერ შეხვედრიან "უტყუარ" დასკვნა-მტკიცებულებებს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ამ საქმეში რომ ბევრი საეჭვო დეტალია, ვფიქრობთ, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ამ სს-ის საქმის პროკურორის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულმა კობაურმა თავად აპოვნინა ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებს, უშუალოდ მან მიუთითა ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი და სხვა ნივთები გადამალა. კობაური ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომ შეუძლებელია ეს ისეთმა პირმა იცოდეს, ვინც დანაშაულის მოხდენის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა და უშუალოდ არ ჩადიოდა დანაშაულს. კერძოდ, როგორ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ჯერ ზურგში ესროლა, მერე თავში, სხვათა შორის, ზუსტად ეს საკონტროლო გასროლა იწვევს ეჭვს გამოცდილ პოლიციელებში, რადგან ე.წ. კონტროლკა მკვლელის პროფესიონალიზმზე მიუთითებს. კობაურმა თქვა, შემდეგ როგორ ესროლა ბავშვს, როგორ გამოეკიდა დედას, მითუმეტეს მას ჰქონდა თოფი და იყო ნასვამი. ქალი გაქცევისას ხევში გადავარდაო. მერე ისიც ითქვა, რომ კობაურმა ქალი გააუპატიურა და თვითონ დაახრჩო წყალში, რასაც ექსპერტიზების დასკვნებიც ადასტურებსო.
ÐаÑÑинки по запÑоÑÑ áá£áá áá¤áá¡ ááááááááá
ბრალდებულმა კობაურმა როცა უარყო დანაშაულის ჩადენა, გავრცელებული ინფორმაციით, თქვა, რომ ორმა უცხოელმა, სავარაუდოდ დაღესტნელებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული, თუმცა ადვოკატის განცხადებით, მან სხვა პირებზეც ისაუბრა, ოღონდ დეტალებზე ჯერ არ ისაუბრებსო. პროფესიონალ სამართალდამცავთა განცხადებით, კობაური შეიძლება მართლაც შეესწრო ამაზრზენ მკვლელობას და დეტალებზეც იმიტომ საუბრობს, თუნდაც იმაზე სად გადამალეს ბავშვის ცხედარი. გამოძიებას კობაურის ე, წ. აღიარებითი ჩვენების გარდა, ფაქტობრივად სხვა მტკიცებულება არ აქვს, მარტო აღიარება კი უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არაფერს ნიშნავს, ასე შეიძლება ბევრი რამე "აღიარო", მათ შორის, კენედის მკვლელობაცო.
სიმართლე გითხრათ, ოფიციალური ვერსიის ჩვენც ნაკლებად გვჯერა, ოღონდ აქ საქართველოს პროკურატურა-პოლიციის მიმართ ნდობა და პროფესიონალიზმი არაფერ შუაშია. ეს საშინელი მკვლელობა რომ ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული არ არის, ბევრი დეტალი მიანიშნებს, აქ სხვა გაცილებით სერიოზული ინტერესი და მოტივი იკვეთება, რაც ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს სცილდება და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი სამართალდამცავი და საგამოძიბო სტრუქტურები ფაქტობრივად ხელფეხშკრულნი არიან, რადგან გლობალური პოლიტიკური მოთამაშეები მათ ობიექტური გამოძიების უფლებას არ მისცემენ. ასე რომ არ იყოს, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ჩვენს პოლიცია-პროკურატურას, რომ ეს ამაზრზენი დანაშაული საკუთარ მოქალაქეს, 19 წლის მწყემსს "დააბრალოს", თუ მას ეს მართლაც არ ჩაუდენია?! კომპეტენტურ ადამიანებს კობაურის მიმართ ნაგვიანევად დანიშნულმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამაც გაუჩინა ეჭვი, მოგეხსენებათ, იგი ცოლ-ქმარ სმიტებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობას დღემდე არ აღიარებს, რა იცით რა მედიკამენტებით გაჭყიპავენ სასურველი შედეგის მისაღებად.


ეს საქმეაც რეალურად არ გაიხსნება, ისევე, როგორც სხვა რეზონანსული მკვლელობები, სადაც ასევე ყავდათ ბრალდებულ-მსჯავრდებულები, მაგრამ საქმეში ჩახედულმა ხალხმა კარგად იცის, რომ ისინი "ყურით მოთრეული" დამნაშავეები იყვნენო. სმიტების ოჯახის ტრაგედიამ ბევრს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ოფიცრის ფრედი ვუდროფის 25 წლის წინ მომხდარი მკვლელობა გაახსენა. "საერთო გაზეთში" ამ მკვლელობის შესახებ, კარგად ინფორმირებულ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თავის დროზე წერდა, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორ საქმეში მართლაც არსებობს მსგავსება. მაშინ ეს საქმეც "გაიხსნა", მაგრამ პროფესიონალი პოლიციელების კერძო საუბარში არ მალავდნენ, რომ ვუდროფის მკვლელობაში მსჯავრდებულს არ მოუკლავს საქართველოში ამერიკელი დიპლომატის ეგიდით ჩამოსული სპეცსამსახურის ოფიცერი. სხვათა შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლება რამდენიმე წლის წინ აპირებდა ამ საქმის ხელახალ გამოძიებას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ ეს საქმე თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, განახლდა თუ არა ძიება ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან საჯაროდ აღარ გაკეთებულა განცხადებები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძიება არ დაწყებულა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ვუდროფის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მიუხედავად საქმეში არსებული ბევრი საეჭვო დეტალისა მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით, ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის სამი წელი დაუმატეს, თუმცა 2008 წელს გაათავისუფლეს. შარმაიძე სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება სასტიკი წამების შედეგად გამოსძალეს. გოგოლაძე ინციდენტის ადგილზე დაბრუნდა და სამი ნასვამი პირი დააკავა, მათ შორის ანზორ შარმაიძე. ამ უკანასკნელის დამნაშავეობაში თავიდანვე ეჭვი ეპარებოდა, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე გარდაცვლილი ვუდროფის ოჯახს. ოფიციალური ვერსიის არც თეა წულუკიანს სჯეროდა, შარმაიძე მხოლოდ იმიტომ გაასამართლეს, რომ სჭირდებოდათ პირი, ვისაც მკვლელობას დააბრალებდნენ, რადგან ამ მკვლელობამ სერიოზულად შეაცბუნა ედუარდ შევარდნაძე.

ვუდროფის ოჯახის ადვოკატი აცხადებდა, რომ შარმაიძე უბრალო მსხვერპლია, რომელიც მისაღები იყო ვაშინგტონისთვისაც, რომელსაც დამნაშავის დაკავება სურდა და რუსეთისთვისაც, რომელსაც არ უნდოდა ამ მკვლელობასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა.

ÐоÑожее изобÑажение
ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ პროფესიონალ "ოპერატივნიკს", პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ  დავით გაგნიძეს, რომლის განცხადებითაც  აშშ-მა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ბუნდოვანი პოზიცია დაიკავა.

დავით გაგნიძე: როგორც შარმაიძის შემთხვევაში, ახლაც ეჭვი მეპარება, რომ კობაური იყოს მკვლელი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლ-ქმარი სმიტები სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ, ვფიქრობ, ისინი რაღაცის შესამოწმებლად იყვნენ ჩასული ხადას ხეობაში, ბავშვი სპეციალურად ეყოლებოდათ წაყვანილი, რომ არავინ დაეჭვებულიყო მათ რეალურ ინტერესში, ეს აპრობირებული მეთოდია ეჭვის გასაქარწყლებლად. მათ ეტყობა რაღაც ისეთი ნახეს იქ, რაც არ უნდა ენახათ, ამიტომაც მოიშორეს, თანაც ასეთი საზარელი გზით, ესეც სპეცსამსახურების მეთოდია. ეს მკვლელობა საეჭვოდ დაემთხვა ჩვენი მესაზღვრეების გატაცებას, რომლებიც მალევე გამოუშვეს. მათაც რაღაც ისეთი ნახეს, თორემ ორივე მხარის წარმომადგენელმა მესაზღვრემ შეიძლება უნებლიედ დაარღვიოს საზღვარი, მაგრამ მას არავინ იჭერს და მიყავს. არსებობს ინფორმაცია, რომ ჩვენს აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე რუსული სამხედრო დანაყოფებია შემოსული, ეტყობა ამის შესამოწმებლად იყვნენ ჩასულები სმიტები და დააფიქსირეს კიდეც, მესაზღვრეების შემთხვევაშიც ასე მგონია. შეიძლება მწყემსი ბიჭი მათ მართლაც წაიყვანეს მეგზურად, რადგან კარგად არ იცნობდნენ იქაურობას, გადააწყდნენ იქ რაღაც ჯგუფს და ამ ბიჭმა საკუთარი თვალით ნახა სმიტებს როგორ გაუსწორდნენ. კობაური იმიტომაც დატოვეს ცოცხალი, რომ ესეც წინასწარ იყო გათვლილი, რომ მას დაბრალდებოდა ეს საზარელი დანაშაული, სიმართლეს არავინ დაუჯერებდა. კითხვა რატომ არავის უჩნდება, რატომ იყო მოკლული მამაკაცი შიშველი, რაში ჭირდებოდა ეს კობაურს? ათლეტური აღნაგობის მამაკაცს ცოცხალს ეს ვერ გააშიშვლებდა, თუ მოკვლის შემდეგ გააშიშვლა, რა იყო მისი მიზანი, დასვა გამოძიებამ ეს კითხვა? აქედანაც ჩანს, რომ ამ ბიჭს არ მოუკლავს, მამა-სმიტი ვიღაცებმა აწამეს და ამიტომაც გააშიშვლეს. ან რომ ამტკიცებენ ქალბატონი გააუპატიურა კობაურმაო, ეს არის სრული აბსურდი, გამორიცხულია ერთმა კაცმა, მითუმეტეს ასეთი აღნაგობისამ მარტო მყოფმა გააუპატიუროს ქალი, თანაც ისეთი ფიზიური მონაცემების მქონე, როგორიც ის ქალბატონი იყო. მორიგი სისულელეა თოფზე აქცენტის გაკეთება, თან სანადირო თოფით ემუქრებოდა და თან აუპატიურებდა? რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს გაუპატიურებასთან დაკავშირებით, დასკვნები თავადაც მოგეხსენებათ როგორ კეთდება, როცა ამხელა დაინტერესება არსებობს.

შეიძლება ის ქალბატონი მართლაც იყო გაუპატიურებული, მაგრამ ეს ამ ბიჭმა ჩაიდინა? აი, ეს არის მთავარი.

ვფიქრობ, კობაური სიმართლეს ამბობს იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ თავდამსხმელები ორზე მეტი იყვნენ, ორი კაცი ამას ვერ შეძლებდა. ისიც ძალიან მენიშნა, რომ კობაური თავდამსხმელებად დაღესტნელებს მოიხსენიებს. გამალებული შენდება დაღესტნიდან კახეთში გადმოსასვლელი გზა (ყადორი), ჩემი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზეც შეუნიშნავთ რუსი სამხედროები. ადრეც გითხარით, რომ ამერიკა რუსეთს უბრუნებს თავისი გავლენის სფეროებს და ეს საქართველოსაც ეხება. ამ შემთხვევაშიც ამერიკის რბილად რომ ვთქვა, გაურკვეველი პოზიცია, როცა ეს საზარელი მკვლელობა ყოფით ნიადაგზე მომხდარ დანაშაულად უნდა შემოგვასაღონ, მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი იმ "გადაცემამიღების" ერთერთი ეტაპია. როცა შენს მოქალაქეებს, მით უმეტეს სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ასეთი სასტიკი მეთოდით უსწორდებიან და შენ დუმილს ამჯობინებ, უფრო მეტიც, ემიჯნები ამ ყველაფერს, ჭკუათმყოფელმა, მეტნაკლებად საღად მოაზროვნე ადამიანმა სხვა რა უნდა იფიქროს?

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
13-08-2018, 16:30


ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 45-ე მუხლი, რომლის თანახმად, მარიხუანის „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ სამართალდარღვევას წარმოადგენდა და 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, წარსულს ჩაბარდა. 30 ივლისის შემდეგ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარება ლეგალურია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ამ გადაწყვეტილების მოსალოდნელ შედეგებზე სასაუბროდ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი მარინა ჭავჭანიძეს დავუკავშირდით.

– ქალბატონო მარინა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თქვენი აზრით, გამოიწვევს თუ არა ეს გადაწყვეტილება მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას?


- 1. ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ეს არის `სამეზობლო~ აზროვნების დეკრიმინალიზაცია საქართველოში ("მეზობელი“ – ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პიროვნებას, რომელსაც არ გააჩნია ცოდნა იმ საკითხზე, რომელზეც მსჯელობს, მაგრამ დარწმუნებულია თავისი აზროვნების პროდუქციის სისწორეში.).

2. მივესალმები მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას და მოდი, გარკვევით ვთქვათ, გარკვეული რეგულაციების იძულებითი დაწესების მცდელობას ჩენი პარლამენტისთვის, რაც მნიშვნელოვანია. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას. მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა და შესაბამისად ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე 16 მუხლის მოთხოვნებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

3. არ ვეთანხმები მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან მიმართებაში აწეულ აჟიოტაჟს და მგონია, რომ ეს ხმაური მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო მიზნებს ემსახურება და ვიღაცისთვის, სავარაუდოდ, ძალიან მომგებიანი გახდება უახლოეს მომავალში.

და ყველაზე ცუდი რაც ამ ფაქტით მივიღეთ, ესაა საქართველოს პარლამენტის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებელთა საჭიროებების, მათი დახმარების, მკურნალობისა და მათ ოჯახებზე ზრუნვის სრული უგულებელყოფაა კიდევ რამდენიმე წლით.

მე ყოველთვის მქონდა იმედი, რომ მიუხედავად იმისა, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენი კონსტიტუცია მაინც ისახავს მიზნად ჰუმანიზმის იდეების დამკვიდრებას ქვეყანაში. ფორმალურად, სიტყვიერად მაინც. ასე, რომ რამდენიც არ უნდა იყვიროთ – არ გვჭირდება საკონსტიტუციო სასამართლო ან არ გვჭირდება ასეთი „სასტავით“ – მაინც არსებობს წესები, რომელსაც ვერავინ გაექცევა – ჩვენ ადამიანზე უნდა ვიზრუნოთ და არა ბიზნესინტერესებზე, ინვესტორებზე თუ „მეზობლების“ ჩამოყალიბებულ კონცეფციებზე.

2004 წლიდან მოყოლებული, მგონი ისეთი არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში, სადაც ნარკოტიკულ მომხმარებელთა თემა არ ყოფილიყო გაჟღერებული და წამოწეული მომხმარებელთა და მათი ოჯახების ხმების მოზიდვისათვის – მწარე რეალობაა! ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ აქტიურ მომხმარებლებს წამალსაც სთავაზობდნენ ხოლმე საარჩევნო ხმების სანაცვლოდ.

2006 წლიდან თითქმის ყველა პარლამენტმა იწვალა და იმსჯელა ნარკოპოლიტიკის შესახებ- საკმაოდ მდარე შედეგით.
ნარკოტიკების მოხმარების „ლიბერალიზაციის“ ყველა მცდელობა ვერ აღუდგა წინ ნარკომაფიის ინტერესებს – ნარკოტიკების მოხმარება იზრდება – თან, როგორც ვამჩნევთ, ძირითადად ნაირ-ნაირი დასახელებითა და წარმოშობის ნარკოტიკებით. ვერცერთმა პარლამენტმა ვერ გაბედა დეკრიმინალიზაციის ჩატარება ყველა ნარკოტიკის მიმართ. ან უცოდინრობის ან სიხარბის გამო.

– თქვენ ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნარკომაფიას დაარტყამს?

– დიახ! ტყუილად არავინ მითხრას, რომ ნარკომაფია არ გვყავს – აბა საბაჟოზე როგორ გადმოდის ნარკოტიკი, ან როგორ ნაწილდება ის სხვადასხვა პატარ-პატარა გამსაღებლებთან, თუ კარგად ორგანიზებული არაა! და რასაკვირველია, „ბასიანში“ შესვლისას, ამ ორგანიზატორებს არ ეძებდნენ სამართალდამცავები.
არალეგალური ბიზნესისთვის დამახასიათებელია მკაცრი იერარქიული ორგანიზაცია ბევრი განშტოებით და მთავრობაში „კრიშით“.
და რას უზამს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ამ ორგანიზატორებს? – პირველ რიგში შეამცირებს მათ შემოსავლებს.

– და რა მოხდება, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება სახელმწიფომ არეგულიროს?!

– ამ შემოსავლების ნაწილი მივა სახელმწიფოსთან და თუ ამ შემოსავლებს არ დახარჯავს იგივე ნარკომომხმარებლების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე ან მათი ოჯახების დახმარებაზე – შესაძლებელია, რაიმე „პრემია-დანამატების“ და ხელფასების მომატების წყარო გახდეს „ერთგული ჩინოვნიკებისათვის“
ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, ვთქვათ ისე, როგორც ეს ქვეყნის მომავალზე ზრუნვის გამო ჩაატარეს პორტუგალიაში, რეალურად სამოქმედო გეგმის არსებობას, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, საგანმანათლებლო მუშაობას – და, შესაბამისად, დანახარჯებს მოითხოვს – რაც არ ემეტებათ ჩვენს პარლამენტარებსა და ჩინოვნიკებს და რაშიც ენთუზიაზმით ეხმარებიან უცოდინარი „ყველაფრისმცოდნე მეზობლების“ დიდი კოჰორტა. (არავინ გაიგოს ისე, რომ პარლამენტარების უმრავლესობა ამ „მეზობლებზე“ უკეთ ერკვევა ნარკოპოლიტიკის პრობლემებში).

ნარკოტიკების მოხმარება რომ კარგი იყოს, თქვენ ვერ დამასწრებდით!

მაგრამ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში ადამიანის გამწესება – სრული მარაზმია. გამოსწორდება, თუ ფსიქოანალიზის კურსს გაატარებენ სიღრმისეული პრობლემების დასაძლევად?!

დიაბეტით დაავადებულს რომ ვამწესებდეთ ტორტის ჭამისთვის ციხეში, ლოგიკას მაინც დავინახავდი ამ ქმედებაში. მით უფრო, რომ დიაბეტით დაავადებულთა ავადმყოფობის დინამიკა ძალიან ჰგავს ნარკომომხმარებელთა დაავადების დინამიკას (ეს მე არ მითქვამს და ვისაც ღვარძლიანი „მეზობლური“ აზრი გაუჩნდება, თვითონ მოგუგლოს, მოძებნოს და მერე შემეკამათოს.
ან ვაღიარებთ რომ დამოკიდებული ადამიანი ავადაა და დახმარება სჭირდება, ან ყველა მაიმუნი-ვირიშვილი გვგონია, როგორც ბატონ დ.ნარმანიას ხის მჭრელების წინააღმდეგ გამოლაშქრებული არასამთავრობოები!

– ახლა რატომ მარტო მარიხუანა და სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია – არა?

- 1. იმიტომ რომ დეკრიმინალიზაცია ნიშნავს ბევრ სხვა ოპერაციის ჩატარებას, როგორც საზოგადოების დასაცავად, ასევე დაავადებულთათვის – ეს კი დანახარჯებს და საქმის ცოდნას გულისხმობს ქვეყნის ერთგული პროფესიაონალებისგან (განა არ გვყავს, მაგრამ არ ვენდობით – რა ვიცით, ხმას ვის მისცემენ!)
2. მარიხუანას მოხმარებელებს გამონაკლისის გარდა არაფერი დახმარება არ სჭირდებათ, თუ რაიმე ფსიქიკური სიმპტომები გაჩნდამაგას ფსიქიატრებიც მოუვლიან!
3. გავრცელებული „მეზობლური“ აზრით მარიხუანა უვნებელია – მერე, რა თუ დროთა განმავლობაში მცირე ჭკუასუსტობის დინამიკას შევამჩნევთ – ეს შეიძლება ჰაერის დაბინძურებითაც იყოს გამოწვეული.
4. და ევროკავშირს ვაჩვენებთ რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მივდივართ და უახლოეს 4–5 წელიწადში აღარაფერი არ მოგვთხოვონ.
სამაგიეროდ შემოვიტანთ რეგულაციებს და ნარკოტურისტებს აქ მივიღებთ, რომლებსაც ასე მონდომებით ებრძვის ჰოლანდია! (ესეც ბიზნესკონკურენციაში ვაჯობებთ)

მაპატიეთ, და ჩვენი პარლამენტარები „პლანში ჩარჩენილი“ მოზარდებივით იქცევიან – კმაყოფილები და გახარებულები (აქ კიდევ ერთი კომპონენტი აკლია, მაგრამ აქ არ ვიტყვი) თავისი მიღწევებით.

რატომ!? – იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერი, საზიზღარი, აღმაშფორებელი, ანტსოციალური და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება სჭირთ – ძალაუფლებისკენ ლტოლვა, ზოგჯერ სიხარბითურთ.

ესეც ობსესიურ კომპულსიებს მიეკუთვნება და არა ნაკლებ სახიფათოა ჰეროინზე! არა ნაკლებ აშტერებს, ვიდრე ჰალუცინოჰენი სოკოები და არა ნაკლებ ძნელი მოსაშორებელია ვიდრე კოკაინი! და არა ნაკლებ სასკივდილოა ქვეყნისთვის!

საუბედუროდ, ქვეყნის მართვაშიც ძირითადად ეგ „სასტავი“ მიდის – მძიმე ბავშობისგან დაჩაგრული, ამბიციური, „ყველაფრისმცოდნე მეზობელი“.
ნუ აირჩევთ ნაცნობებსა და მეზობლებს პარლამენტში!

ნელი თორდია

მეტის ნახვა
13-08-2018, 09:00


რამდენიმე დღის წინ თერჯოლაში მცხოვრებმა 35 წლის კაცმა სტადიონზე თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი — ტოტალიზატორში წაგებული თანხა..

ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარებისა და სმარტფონების გავრცელების ფონზე საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოპულარობამ და აზარტულ თამაშებთან მოსახლეობის წვდომამ პიკს მიაღწია. ქვეყნაში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღატაკის ზღვარზეა, დაახლოებით 140 ბიზნესი აზარტული თამაშების მოწყობითაა დაკავებული. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2016 წელს აღნიშნული კომპანიების ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 850 მილიონი ტოტალიზატორებზე მოდის. იგივე სტატისტიკა მეტყველებს, რომ აზარტული თამაშების სექტორის მოცულობა 2014 წელს 2.2 მილიარდი ლარი იყო, 2015 წელს 3.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო 2016 წელს სექტორის ბრუნვა 16%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ყველაზე მომგებიან ბიზნესს ბიუჯეტში ყველაზე ნაკლები თანხა შეაქვს. 

გვესაუბრება მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე:

– პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა პროფესიაზე უარი ვთქვი და დავიწყე ფიქრი, როგორ დამეცვა ჩემი თუ სხვისი შვილები აზარტული თამაშებისგან. მოძრაობა რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. მალევე გამომიჩნდნენ თანამებრძოლები — დედები მთელი საქართველოდან და ემიგრაციიდან. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა და არსებული რესურსით ვცდილობთ პარლმენტს მივრებინოთ კანონი აზარტული თამაშების რეგულაციის შესახებ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად, მოსწავლეთა დაახლოებით 15% აზარტულ ონლაინ თამაშებზე დამოკიდებული გახლავთ. ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში 14-დან 35 წლამდე 400 000 კაცი თამაშობს. ისეთ ღარიბ ქვეყნაში, როგორიც საქართველო, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას მოჰყვება ჭარბვალიანობა, კრიმინალის ზრდა და უმრავი სხვა პრობლემა.

მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულების მაჩვენებელი კატასტროფულად მზარდია, რადგან ადამიანები ბანკში იღებენ სესხს და მერე სათამაშოდ მიდიან. ხშირად, ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად, ბინას ბანკში ან კერძო იპოთეკარებთან დებენ ნ განვადებით გამოაქვთ საოჯახო ნივთები და ნახევარ ფასად ყიდიან. როცა ეს რესურსიც იწურება, იქმნება თაღლითური სქემები ფულის მოსაძიებლად. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტმა ტოტალიზატორში გარკვეული რაოდენობის თანხა წააგო დაა იძულებული გახდა, ბანკიდან სესხი აეღო. როგორც ხშირად ხდება, სახლშიც ვერ გაამხილა და ვალიც ვერ დაფარა. საბოლოოდ, მეგობრის ლეპტოპი მის უკითხავად დაალომბარდა, მაგრამ მეგობრის დეიდამ უჩივლა და დღეს ეს ბავშვი განსასჯელის სკამზეა. ზუსტად ანალოგიური შემთხვევა მოხდა მეორე შემთხვევაშიც – ახალგაზრდამ წაგებული ფულის გადასახდელად, სხვისი ნივთები დაალომბარდა და განსასჯელის სკამზე მოხვდა. ძალიან მალე პროცესი შედგება. ამ საცოდავს სახლი არა აქვს და ადვოკატის ფული საიდან მოიტანოს? არადა, სახელმწიფო სახაზინო ადვოკატს არ უნიშნავს..

– რატომ?

– უსახლკაროა და სოციალურ ბაზაში შეყვანილი არ გახლავთ. ახლა დავრბივართ, რომ როგორმე სახაზინო ადვოკატი ავუყვანოთ... ასე, რომ სანამ კანონპროექტის განხილვა დროში იწელება, ათასობით ადამიანი უბედურდება. უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდა ვალს იმიტომ იღებს, რომ ნარკოტიკი იყიდოს ან ითამაშოს. შესაბამისად, ნებისმიერი კრიმინალური ქმედება პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკს ან თამაშს უკავშირდება.

– ახალგაზრდამ ვალი შეიძლება სხვა მიზნითაც აიღოს. მაგალითად, ოჯახის დაგეგმვის, ბიზნესის დაწყების ან სწავლის დაფინანსების მიზნით..

– რა თქმა უნდა, თუმცა 2015–2016 წლებში თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების მიერ ჩადენილი 2354 კრიმინალური ფაქტი დაფიქსირდა და რაც არ დაფიქსირებულა, კიდევ სხვაა.. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი რეგულაცია, რომელიც თაობას გადაარჩენს. ამის ნაცვლად, ახალგაზრდებს სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან გაუხსნეს ბრჭყვიალა შენობები და სწავლის ნაცვლად, თვალი და გონება იქით გაურბით. ახალგაზრდებზე რეკლამისა და „აკრძალული ხილის“ ეფექტი ძალიან კარგად მუშაობს, ამიტომ გაოგნებული დავრჩი, როცა ფილარმონიის წინ, კვარცხლბეკზე სამი უზარმაზარი ჯიპი შემოასკუპეს და უშველებელი ასოებით დაწერეს „კრისტალ ბეტი – დადე 5 ლარი და მოიგე ჯიპი“. ნუ ვუბიძგებთ მათ იმ გზისკენ, საიდანაც გამარჯვებული არავინ ბრუნდება.

– როგორც ვიცი, რეკლამის შეზღუდვის გარდა, სახელმწიფოსთან სხვა მოთხოვნებიც გაქვთ..

– დიახ, გვაქვს და ეს მოთხოვნები კანონპროექტში ჩამოვაყალიბე თ. ეს არის განრიდების ანუ „გაშავების“ პრინციპი, მოთამაშეთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა, ასაკობრივი ცენზის გაზრდა, რეგისტრაციის გამკაცრება და ა.შ. ახლა იმაზე მოგახსენებთ, რისთვისაა ეს საჭირო. ლოტკინზე ცხოვრობს ქალი, რომლის ქმარს 50 წლის ასაკში „ჭკუა გადაუბრუნდა“ და თამაში დაიწყო. ჯერ ერთი ვალი აიღო, რომ ვერ გაისტუმრა, მეორე მიაყოლა და მოგების იმედით, თამაში გააგრძელა. საბოლოოდ, იმდენად ჩაიძირა, რომ ჯერ თავისი სახლი გადაუფორმა კერძო მევახშეს და მერე ძმის სახლიც მიყოლა. ამ კაცმა ყველაფერი რომ წააგო და გაანიავა, დაიხურა ქუდი და წავიდა, 9 სულიანი ოჯახი კი ქუჩაში დარჩა. ეს საქმე უკვე სააპელაციოშიც აღარ საჩივრდება.
განრიდების პრინციპი იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანმა ოჯახი დააზარალა, ოჯახის წევრი უნდა მივიდეს იუსტიციის სახლში და განაცხადოს. მოხდება ამ პიროვნების მოთამაშეთა მონაცემების ბაზაში შეყვანა და „ქსელურად გაშავება“, თუმცა არა სამი წლის ვადით, როგორც ამბობენ, არამედ სამუდამოდ. 

– ვინ და როგორ უნდა დაადგინოს ითამაშა ადამიანმა თუ არა?

– ზუსტად ამისთვისა საჭირო მოთამაშეების მონაცემთა ერთიანი ბაზა. თუ სურვილი მაქვს, რომ ვითამაშო, უნდა წავიდე შემოსავლების სამსახურში და დავრეგისტრირდე, როგორც მოთამაშე. იუსტიციის სახლიდან ეს ბაზები ყველა სათამაშო ობიექტს გადაეცემა და მხოლოდ დარეგისტრირებულ პირებს მისცემენ თამაშის უფლებას. სხვათა შორის, ბატონმა ლევანმა კიდევ ერთი ინიციატივა შემოგვთავაზა — საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმების მსურველმა ნასამართლეობისა და ნარკოლოგიურის ცნობის გარდა, მოთამაშეების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერიც უნდა წარმოადგინოს, რომ მოთამაშე არ არისო.

– საუბრის ბოლოს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებაზეც გვიამბეთ. როგორ არეგულირებენ ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნები სათამაშო ბიზნესს?

– აზარტული თამაშები 21-ე საუკუნის გლობლური გამოწვევა და მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ ყველა ქვეყანამ გამონახა საკუთარი მოქალაქეების დაცვის გზა. ფინეთში სახელმწიფო სათამაშო ბიზნესს მაქსიმალურად აკონტროლებს და უამრავი რეგულაცია აქვს მოქალაქეების დასაცავად. რუსეთმა სათამაშო ბიზნესი დედაქალაქიდან გაიტანა და ამხელა ტერიტორიაზე მხოლოდ ოთხი ლოკაცია მისცა — სადღაც შორეულ აღმოსავლეთში, კალინინგრდში, კრასნოდარში და შავი ზღვისპირეთში. მეზობელ თურქეთში კაზინოები 1998 წლიდანაა აკრძალული. მთელი გერმანია რომ დაიაროთ, რეკლამას კი არა, აბრასაც ვერ ნახავთ, რომელიც სათამაშო ობიექტის არსებობზე მიგანიშნებთ. საბერძნეთმა და პორტუგალიამ, რომელმაც ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოხდინა, სათამაშო ბიზნესში ასაკი 25 წლამდე აწია, ბრიუსელში სამორინეში შესვლის და თამაშის უფლება მხოლოდ მაღალი შემოსავლების მქონე პირებს აქვთ. თუ ხელფასი საშუალებას არ გაძლევს, ვერც ონლაინს ითამაშებ და ვერც სამირინეში შეხვალ. ასევე ხდება პოლონეთშიც, რომელმაც 6 წელი იმუშავა კანონპროექტზე და სათამაშო ბიზნესს მაქსიმალური ბერკეტები დ ბარიერები დაუწესა. ჩვენც იგივეს ვთავაზობთ — გინდათ ბიზნესი? გაიტანეთ სათამაშო ობიექტები ქალაქის პერიმეტრის გარეთ, გააკეთეთ თავისუფალი ზონა წითელი ხიდის ან სარფის მხარეს, სადაც თურქეთიდან შემოსული ვიზიტორები ითამაშებენ, ოღონდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნაკლები წვდომა. 

აზარტული თამაშების მორევში ახალგაზრდობას ვკარგავთ, ერი კნინდება და უპერსპექტივო ხდება. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ახალგაზრდები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ და ოჯახებს გაპარტახებულს ტოვებენ. თუ წინ არ აღვუდგებით ამ საშინელებას, მდგომარეობა სულ უფრო სავალალო გახდება.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
6-08-2018, 22:48


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ტოლერანტობის ისტორია მდიდარი და წარმოსაჩენია. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მინისტერიალის პლენარულ სხდომაზე ილაპარაკა.

პირველმა დიპლომატმა საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ჰარმონიულ თანაცხოვრებას გაუსვა ხაზი, ამის მაგალითად კი უნიკალური ფენომენი – ქართველი შიიტები და სუნიტები მოიყვანა, რომლებიც ერთ მეჩეთში ლოცულობენ.

„2014 წლის შემდეგ 202 მეჩეთი მუსლიმებს დაუბრუნდათ, 20 სინაგოგა იუდეველებს, ორი ტაძარი კი ევანგელურ-პროტესტანტ საზოგადოებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

პირველმა დიპლომატმა  ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ რთულ ვითარებაზეც ილაპარაკა.
მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს და მათ მრევლს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში შესვლის საშუალება არ აქვთ.  

ზალკალიანმა აღნიშნა ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განზრახ არის დაზიანებული. ეს კი რუსეთის მხრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გაქრობის მცდელობაა.
„ამის მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისთვის. ამისთვის კი დიპლომატიურ გზებს მიმართავს, მათ შორის არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რელიგიური თავისუფლების მინისტერიალი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გახსნეს, რის შემდეგაც პლენარული სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლებით გაგრძელდა.

მინისტერიალს 80 ქვეყნის დელეგაცია და ათეულობით ქვეყნიდან ჩასული მინისტრები ესწრებოდნენ.
imedinews.ge

მეტის ნახვა
27-07-2018, 12:00


ბატონო ბიძინა,
საქართველოს ხელისუფლების მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების-“აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნის შესახებ”- შემდეგ არ დამიტოვებია თითქმის არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ვისთვისაც არ გამეგზავნა ამავე შინაარსის წერილი, თუმცა, სამწუხაროდ, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.


ბოლო 25 წელია სრულიად საქართველო, ერი და ბერი, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ აღდგეს კეთილგანწყობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. სასურველია, გაცხადებულ პროგრამაში ერთ-ერთ საკითხად შევიდეს საქართველოს ეროვნული ვალუტის კუპიურებზე (მათი განახლების კვალობაზე) ნომინალის აღმნიშვნელ, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერებთან ერთად, აფხაზური წარწერის დატანაც. ამას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ აფხაზ ხალხს საქართველოში სახელმწიფო წარმონაქმნი აქვს და თავიანთ სახელმწიფო ენაზე – აფხაზურად – უნდა შეეძლოს ფულის ნიშანზე გამოსახული ნომინალის წაკითხვა. ახლო წარსულს თუ გავიხსენებთ, ფაქტობრივად უნიტარულ სახელმწიფოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ფულის ნიშანზე თხუთმეტივე რესპუბლიკის ენაზე იყო სათანადო წარწერა.

რამდენადაც ვიცი, ამჟამად განახლების პროცესშია 10 ლარიანი კუპიურა აკაკი წერეთლის პორტრეტით. თუ მოესწრება (ეროვნული ბანკიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით დასაბეჭდად არის ჩაშვებული), ჩემი ღრმა რწმენით, აფხაზური წარწერის დატანას პირველად ამ ბანკნოტზე დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება – „გამზრდელის“ ავტორის მიმართ აფხაზი ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულების გათვალისწინებით.

ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (ის საქართველის ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული) და აფხაზური ლიტერატურის კლასიკოსის დიმიტრი გულიას პორტრეტით, აფხაზეთის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებით (ბედიის მონასტერი, ბიჭვინთის სანაპირო, რიწის ტბა და ა.შ.) ოცდახუთლარიანი ბანკნოტის გამოშვება. როგორც ცნობილია, ასეთი ნომინალის ლარის კუპიურის დაბეჭდვა არ არის გათვალისწინებული და ამ წინადადებას გარკვეული წინააღმდეგობები შეიძლება შეხვდეს, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, ამ შემთხვევაში გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ამ ნომინალის კუპიურა საკმაოდ მოთხოვნადი იყო ახლო წარსულში და მისი გამოშვება არ უნდა იყოს ურიგო.

ჩვენი აზრით, ამ ინიციატივის რეალობად ქცევა, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ქართველთა და აფხათა შორის ნდობისა და, როგორც, აღნიშნული განცხადების გაკეთების დროს ითქვა, დამწვარი ხიდების აღდგენას.

ღრმა პატივისცემით,
ვასილ ჯიშკარიანი,
სს „საქართველოს ბანკის“
აფხაზეთის ფილიალის ყოფილი მმართველი.

ამ სტატიას ავტორი უძღვნის აფხაზეთის ცენტრალური ბანკის პირველი თავმჯდომარის, დიდი პატრიოტისა და ინტერნაციონალისტის სვეტლანა შამბას ნათელ ხსოვნას.

მეტის ნახვა
18-07-2018, 13:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვეს.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

საქართველოს პრეზიდენტმა ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში. უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.
აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა.
ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა.
მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი.
დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვაა - შესაძლებელი იქნება თუ არა, მინდელის შახტაში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება? ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა იტალიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერმონია და ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება.

იტალიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისთვის და მწუხარება გამოთქვა მეშახტეების დაღუპვის გამო. "სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვა ყოველთვის სამწუხაროა. იტალიელები გიცხადებთ სოლიდარობას", - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ.

მეტის ნახვა
16-07-2018, 13:30


გაზაფხულის ქარიანი დღე იყო. სამსახურში შემაგვიანდა და ქუჩაში გამოსული კარგა ხანს ველოდე სახლისკენ მიმავალ ტრანსპორტს.
ჩემს გვერდით, ჩემს ბედში მყოფი ახალგაზრდა ქალიც ქარს ებრძოდა და იმავე სამარშრუტო ტაქსს ელოდა. ის იყო, სამარშრუტო ტაქსის გამოჩენის იმედი გადამეწურა და ალტერნატიულ ტრანსპორტზე ფიქრი დავიწყე, რომ ტაქსი გაჩერდა და ქალმა ხელი დამიქნია – ერთი მიმართულებით მივდივართ და გეპატიჟებითო. როგორც ტაქსის მძღოლების უმეტესობა, ჩვენიც ენაწყლიანი აღმოჩნდა და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასპექტებიდან დაწყებული და ვალუტის კურსით დამთავრებული, ყველა საკითხი მიმოიხილა. ბოლოს, საქართველოში მძიმე დაავადებების ზრდის თემას რომ შეეხო, ქალმა მშვიდად თქვა – მეც კიბო მაქვს.. ალბათ, გამომეტყველება შემეცვალა, რადგან სწრაფად დაამატა – ექიმები იმედს მაძლევენ და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რატომღაც, მაშინვე დავიჯერე, რომ ყველაფერი მართლაც ძალიან კარგად იქნებოდა და მხიარული, შავთვალა ქალი კიდევ მრავალ ქარიან და მზიან გაზაფხულს შეხვდებოდა, მაგრამ სახლში მაინც გულდამძიმებული მივედი. ერთი თვის მერე ექიმებმა ჩემს კოლეგას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მერე ჩემს უახლოეს მეზობელს, მერე ყოფილ თანამშრომელს, მერე კიდევ ერთი დიდი ელდა იყო და მივხვდი, რომ არავითარი აზრი არა აქვს, ვინ მოიგებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს და გაგვიუქმებს თუ არა ევროპა უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს, როცა ყველა სასიკვდილო საფრთხის წინაშე ვართ და არავინ იცის, შემდეგი ვინ იქნება.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩეველის ინტერვიუს, სადაც ვინმე მალინა ბერიკაშვილი ამბობდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მის კლინიკაში საქართველოდან მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა და თვეში საშუალოდ, 50–80 პაციენტიდან მხოლოდ ათია მსუბუქი დიაგნოზით, დანარჩენს კი სხვადასხვა ფორმის სიმსივნე აქვს.
„საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი – ამ ქვეყნებში განსაკუთრებით დგას სიმსივნის საკითხი. ერთი კვირის წინ რომ ბავშვი კარგად იყო და ერთი კვირის თავზე ლეიკემიის დიაგნოზს უსვამენ, ასეთი შემთხვევაც გვქონდა.ე.ი არ არის საქმე კარგად. მოერიდეთ ბავშვების გასეირნებას ცენტრალურ ქუჩებზე. რუსთაველზე, პეკინზე, ცენტრალურ გამზირებზე საშინელი მდგომარეობაა. გამორჩელად დაბინძურებულია ნუცუბიძის ქუჩა, სადაც ფიჭური კავშირგაბმულობის ანტენები დგას, რომლებიც პირდაპირ ასხივებს რადიაციას. ეს მოქმედებს ლიმფურ კვანძებზე და სიმსივნეებს იწვევს“ – ეს ბერიკაშვილის სიტყვებია.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კიბოს დიაგნოზით წელიწადში 10 000 ადამიანი ავადდება. გასულ წელს კი კიბოს დიაგნოზით 6 000 ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტები ონკოლოგიური პაციენტების რიცხვის ზრდას ადასტურებენ და დაავადების გაახალგაზრდავებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, გარემო, რომელშიც ვცხოვროთ ტოქსიკური ნივთიერებებითაა დაბინძურებული, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აღწევს და სხვადასხვა დაავადების მიზეზი ხდება.

თბილისის მერიამ ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას დააანონსა. კერძოდ, იგეგმება ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და კერძო ტრანსპორტისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები არასაკმარისია და აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება. გვესაუბრება „იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებების დაცვა-ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე:

– საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენი კავშირი წლების მანძილზე ამ პრობლემაზე საუბრობდა და მოსახლეობას აფრთხილებდა, თუმცა სანამ „ურემი არ გადაბრუნდა“, ყური არავინ შეიბერტყა. დღეს ყველა ვხედავთ, რომ ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადებების რიცხვი კატასტროფულად გაზრდილი და გაახალგაზრდავებულია. კარგია, რომ მერია სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს, მაგრამ გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზია. ონკოლოგიური დაავადებების გახშირების მთავარი მიზეზი, რაზეც თავად ონკოლოგები საუბრობენ, ტყვიის შემცველი და მოწამლული საკვები პროდუქტებია. როგორც იცით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დახურეს ლაბორატორიები, რომლებიც სურსათის ხარისხს ამოწმებდნენ. რაც დახურვას გადაურჩა, კორუფციულ სქემაშია ჩართული. მათ ინტერესებში არ შედის სწორი დიაგნოსტიკა, ამიტომ მიმართვის შემთხვევაში თავიდან გიშორებენ და გეუბნებიან, რომ რეაქტივი არა აქვთ. სამი წლის წინ, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იყო, კვლევა ჩავატარეთ და 12 აკრედიტებული ლაბორატორიიდან პროდუქციის შემოწმებაზე ყველამ უარი განაცხადა. მაშინ დანელია ძალიან გაბრაზდა და ლაბორატორიების უმეტესობა დახურა. დანარჩენებმა ამის მერე ორი თვე წესიერად იმუშავეს და მერე ისევ „აურიეს“. დაახლოებით 2 წელია, რაც საქართველოში ხმარებიდან ამოიღეს ნიტრატმზომები, რომლებსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეხვდებით. ეს არის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა არჩევანი ჯანსაღ პროდუქტზე გაეკეთებინა. ახლა ამის საშუალებაც მოუსპეს და ამიტომაა, რომ მაღაზიის დახლეზე იხილავთ ნიტრატებით გაჯერებულ ხილ-ბოსტნეულს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. დივერსიაა, როცა ხელისუფლება ხელს უწყობს ასეთი უვარგისი პროდუქციის გავრცელებას. ცალკე თემაა გენმოდიფიცირებული პროდუქცია..

– რომელიც უკვე კანონით აკრძალულია..

– რეგულაცია მიღებულია, ეტკიკეტზეც დატანილია, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, მაგრამ ხდება მასობრივი ფალსიფიკაცია. მაგალითად, რძის პროდუქტების 80% პალმის ზეთზე დამზადებული, ფალსიფიცირებული პროდუქტია. წლებია ვსაუბრობთ და ხელისუფლეისგან ვითხოვთ, რომ საშუალება მოგვცეს გენმოდიფიცირებულსა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს შორის არჩევანი თავად გავაკეთოთ, მაგრამ უშედეგოდ.. ასე, რომ მხოლოდ ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების შემოწმება საქმეს ვერ უშველის. რაც შეეხება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაა. პაციენტებისგან მეტი ფულის მიღების მიზნით ხდება ქიმიოთერაპიის კურსის ხელოვნურად „გაბერვა“. ანუ თუ 2 ქიმიოთერაპია საკმარისია, 4 და 5 უტარებენ, რაც უფრო ართულებს ვითარებას.

– ამის კონკრეტული ფაქტები გაქვთ?

– სულ ახლახან მომმართა ქალბატონმა, რომელიც საქართველოში უშედეგო მკურნალობის შემდეგ თურქეთში წავიდა. თურქულ კლინიკაში უთხრეს, რომ საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიის ზედმეტმა კურსებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მეორე მაგალითსაც გეტყვით. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის წლები იყო. ჩემმა ახლობელმა, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, სიმსივნით დაავადებული მეუღლე ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ მიიყვანა. ქალს ქიმიოთერაპიის 6 კურსი დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე საქმეში კუდის ხელმძღვანელობა ჩაერია. კლინიკაში გადარეკეს, უთხრეს, რომ ამ ქალის ქმარი მათი თანამშრომელი იყო და იცით, რა მოხდა? კლინიკამ 6 ქიმიოთერაპიის ნაცვლად, ორი კურსი დაუნიშნა. გამოდის, რომ თუ „უპატრონო“ ხარ და მაღალჩინოსანი ახლობლები არ გყავს, ფულის გამოძალვის მიზნით გაორმაგებული ქიმიოთერაპია უნდა ჩაგიტარონ, რაც ბოლომდე ანგრევს ჯანმრთელობას. ამიტომაა, რომ ასეთი პრობლემის დროს, ვისაც ფინანსური მდგომარეობა საშუალებას აძლევს, ყველა თურქეთში ან ევროპაში მიდის სამკურნალოდ. ჯანდაცვის სამინისტრო კონტროლის განახორციელების ნაცვლად, ასეთ კლინიკებს მფარველობს, რაც დარწმუნებული ვარ, უანგაროდ არ ხდება. თუ ასე არაა, ერთი საქმე მაინც მაჩვენონ, რომელიც კონსილიუმზე განიხილეს და პაციენტის სასარგებლოდ გადაწყდა. აი, ამიტომაა ქვეყანაში სრული განუკითხაობა და ჯანდაცვის სფეროში წარმატებებზე საუბარი სისულელეა. რომელ წარმატებაზეა საუბარი, როცა ჩვენი მოქალაქეები ლამის გრიპის სამკურნალოდაც კი თურქეთში გარბიან?

– ბუნებრივია, ის პაციენტები, რომლებიც უცხოეთში მკურნალობენ, საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთეებით ვერ ისარგებლებენ. ამიტომ უამრავი ოჯახი დღესაც ბინას ყიდის, რომ უცხოეთში მკურნალობა დააფინანსოს და ჩვენი მოქალაქეების ფული ქვეყნის გარეთ მიედინება.

– საყოველთაო დაზღვევის პაკეტში არის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები, თუმცა, ეს არ არის მორგებული პაციენტის ინტერესებზე. ეს არის კორუფციული სისტემა, რომელიც მხოლოდ ფულის კეთებაზეა გამიზნული და არა პაციენტის ინტერესებზე. აი, ამიტომ არაა მხოლოდ გაუმართავ ტრანსპორტზე და მოწამლულ ჰაერზე საუარი საკმარისი. აი, ამიტომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კვლევითი ლაბორატორია, რომელიც საკვეის ხარისხს გააკონტროლებს. აი, ასეთ საკითხებზე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ტერორისტი მარტო ის არ არის, ვინც შაჰიდის ქამრით დარბის. მოსახლეობის მასიურად მოწამვლას, დაავადებას და მოსპობას რომ ხელს უწყობს, ის ხალხი ყველაზე დიდი ქვეყნის მტერი და ტერორისტია.

ნელი თორდია


მეტის ნახვა
14-07-2018, 17:30


გვესაუბრება ფსიქოლოგი, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე:

- ბატონო რამაზ, ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ სერიოზული ცვლილებების ჟამი დადგა. საინტერესოა, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ დღეს, რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა?

- ეს მარტივი შეკითხვა არ გახლავთ, არამედ საკმაოდ რთული საკითხია. ეს კითხვა - რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა, ხშირად ისმის. სწორად განვითარებაში შეიძლება იგულისხმო პროცესები ბუნებრივად მიდის თუ არა, კარგისკენ მიდის თუ ცუდისკენ. შეიძლება ითქვას, რომ მოვლენები ბუნებრივად ვითარდება. ბოლოსდაბოლოს შემთხვევით ხომ არ არის ნათქვამი: ჯერ თავო და თავო და მერე ცოლო და შვილოო, ასევე, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ზოგადად, ყველა ქვეყნის ისტორიაში არსებობს გმირობის ეპოქა, რაც გარკვეულ პირობებში, გარკვეული ლიდერების, მათი მოწოდებებისა და კონკრეტული პირობების წყალობით დგებოდა. თორემ, თუკი ადამიანებს თავის ნებაზე მიუშვებ, ისინი ბევრ ცუდ რამეს ჩაიდენენ. ასე ვითარდებოდნენ ქვეყნები ოდითგანვე. ძალიან არ უნდა ვიდარდოთ, რომ ჩვენს თავზე ხდება რაღაც საშინელება. იმ მეტნაკლებად მყიფე ღირებულებების, რომლებიც მერე ამა თუ იმ მოვლენების მიმართ ქვეყანაში მოქალაქეების დამოკიდებულებას აყალიბებს, ჩამოყალიბებასაც დრო უნდა. გავიხსენოთ, რამდენი დრო დასჭირდა იქამდე მისვლას, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ილიას ძირითადი დამსახურება სწორედ ეს არის - მან ეროვნული თვითშეგნება გააღვიძა. თორემ, ქართველები შეგუებულნი იყვნენ იმას, რომ რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდებოდნენ. ასე, რომ მოდით ყველა მოვლენას იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში შევხედოთ, რომელშიდაც ვცხოვრობთ. ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში კი როგორც კი თავის ნებაზე (ნახირის არ იყოს) მიშვებული აღმოვჩნდით, კიდეც დავანგრიეთ, კიდეც მოვიტაცეთ, ბევრი საშინელება, სისულელე ჩავიდინე თ. შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო? - არ ვიცი, ძალიან მეეჭვება.

ამიტომ, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, მივდივართ ისე როგორც უნდა მიდიოდეს ქვეყანა, ერი, რომელსაც არ დასცალდა საიმისოდ ჩამოყალიბება, რათა მდგრადი სახე ჰქონოდა. მარტო ჩვენ კი არა, ნებისმიერი ქვეყანა რევოლუციებმა, კატაკლიზმებმა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. წინა საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა იყო რუსეთი ეკონომიურადაც, სამხედრო ძალითაც და ა.შ. გერმანელების შეგდებულმა რევოლუციამ მთელი რუსული სინამდვილე ისე ამოატრიალა, რომ ამხელა იმპერია ნაწილებად დაიშალა და ერთმანეთს ებრძოდნენ. საფრანგეთის რევოლუციამაც ბევრი უბედურება მოუტანა ფრანგებს და ა.შ. ასე, რომ ქვეყნებს ასეთი ეტაპები განვლილი აქვთ. ჩვენც გარდამავალ ეტაპზე ვართ. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ამ გარდამავალი ეტაპის ზოგად კანონზომიერებებს საქართველო იმეორებს. მე ის მიკვირს, კიდევ უარესად რომ არ ვართ. სულ ჩივილსა და წუწუნში ვართ. ეს ჩემი სფეროც არის, ფსიქოლოგიას ვგულისხმობ _ ადამიანი რომელიც სულ ტირის, ჩივის, ის ყოველთვის უბედური იქნება არა იმიტომ, რომ რეალობაა ცუდი, მას, უბრალოდ, ბედნიერების ნიჭი არ აქვს, იგი ასე ბედნიერების ნიჭს კარგავს, რაც, სხვათა შორის, ადრე გვქონდა. საუკუნეების მანძილზე მიუხედავად იმისა დაპყრობილნი ვიყავით თუ არა, ცხოვრების ხალისი, სიცოცხლის წყურვილის ნიჭი ყოველთვის გვქონდა. ახლა, უბრალოდ, რაღაც ეტაპი დაგვიდგა, იმედია დროებითი, როდესაც კარგ ტონად მიგვაჩნია ძახილი და წუწუნი, რომ ცუდათ ვართ. ამ დროს რეგიონში მყოფ სხვა ხალხებთან - სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და ა.შ., შედარებით ცუდად არ ვართ.

- დასაწყისში ახსენეთ, დიდი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვყუდნებოდაო. დღეს, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის?

– რეალობას გავუწიოთ ანგარიში. ადრე, საქართველოს მეფე ვინ იქნებოდა, ეს საკითხი ისპაჰანში წყდებოდა. დღეს, ასეთი მდგომარეობა გვაქვს?

- პრობლემები სხვაც ბევრია. დღეს ყველა პარვაზე, ძარცვაზეა გადასული და არავინ ფიქრობს ქვეყანას რა არგოს.

- ამიტომ დავაყენე დასაწყისში საკითხი ასე - ბუნებრივად ვვითარდებით თუ კარგად. ეს, არაბუნებრივია, რომ ქვეყანაზე არ ფიქრობენ?! დავაკვირდეთ, განა ოდესმე ქვეყანაზე ფიქრობდნენ? თავადები ერთი მეორეს ღალატობდნენ, ჯარი არ გამოჰყავდათ დასახმარებლად. ისინი ფიქრობდნენ ქვეყანაზე?! თუ ეს ჩვენი ისტორია არ იყო?!

- ამიტომ, გკითხეთ დასაწყისში ცვლილებების ჟამი ხომ არ მოახლოვდა?

- რა რესურსით უნდა შევიცვალოთ უკეთესობისკენ?! ერეკლე მეორე ბრწყინვალე მხედართმთავარი იყო. ხმალი, პირადი გაბედულება და ვაჟკაცობა იყო მისი მთავარი რესურსი, რათა საქართველოსთვის ებრძოლა. დღეს, რა რესურსი გვაქვს? ინდივიდუალური რესურსები, ადამიანები გვჭირდება, რომელთაც ქვეყნის მართვა შეუძლიათ. ასევე, გვჭირდება საზოგადოება, რომელსაც სწორი არჩევანის გაკეთება შეუძლია. საზოგადოებას აქვს იმის უნარი სწორი პოლიტიკური ხედვა ჰქონდეს? - არ აქვს, ხომ. ხოდა თუ საზოგადოებას ეს არ აქვს, მაშინ რაღას ვიშვერთ თანამდებობის პირებისკენ ხელს - იპარავენო. მომპარავები ხომ საზოგადოებამ აირჩია, ვინმემ ძალით დაგვინიშნა? ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია რაღაცას რომ ვჩივით, ვის უჩივით - ჩვენს თავს?! ამ ტიპის ჩივილი აწუხებდა ილიას, რომელიც ამბობდა, რომ ქართველები არ ვარგიან. იგი არ ჩიოდა იმას, რომ იპარავენო. არამედ იმას ჩიოდა, რომ "ბედნიერი ერი" ვართ, რომელსაც სერიოზულად არაფრის კეთება არ შეუძლია. ამ გზით რატომ არ მივდივართ? ჩვენს ეროვნულ ხარვეზებზე რატომ არ ვლაპარაკობთ? 

- ახლა ილია ახსენეთ. არამარტო იგი, არამედ მე 19 საუკუნის ქართული მწერლობა თავგამოდებით ცდილობდა ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტად და ჭეშმარიტ მოქალაქედ აღზრდილიყო…


- ნუ ვქმნით ლეგენდას. ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთი ძალიან კარგი, ბრწყინვალე ჯგუფი, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად, იყვნენ ისინიც ვინც ილიას ტყვია ესროლეს.

რატომ ვკლავთ-ხოლმე, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ერში ერთიც არის და მეორეც. აკაკიმ ილიას დაკრძალვისას თქვა: თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. რამხელა ტკივილით ნათქვამი სიტყვაა. კარგად ჩანს, რომ ეს მხოლოდ მწერლისგან ნასროლი სიტყვა არ იყო, არამედ რეალობა. მიაჩნდათ, რომ საქართველო როგორც ასეთი, უნდა გაქრეს. დღეს ხომ ასეთი იდიოტიზმები აღარ გვაქვს. ეს ეტაპი გავიარეთ, ქვეყანა მაინც გადარჩა. ასე, რომ იმაზე ტირილი რომ არიქა, ახლა, დავიღუპებით და არაფერი არ გვეშველებაო, ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ამდენი რამ აქვს გამოვლილი, სწორად არ მეჩვენება.

- თქვენ ახსენეთ, საზოგადოებას არ შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთებაო. ეს სახელმწიფო ხომ ვერ იქნება ძლიერი, თუ მოქალაქე პატრონად არ ვარგა.

- სახელმწიფოსგან პატრონობას არა, მაგრამ თავი დაგვანებოსო, ითხოვდნენ მაგალითად, ამერიკაში. ამერიკა, ამერიკაო სულ რომ ვიძახით, ეს ის ამერიკაა, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო მოქალაქის ცხოვრებაში მინიმალური უნდა იყოს. ჩვენ, ვაპირებთ ამერიკას მივბაძოთ, ამ დროს ვთვლით, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანზე. თვითონ ადამიანი ზრუნავს თავის თავზე?! ე.ი. აქ, უბრალოდ, სხვა თემაა წინ წამოსაწევი. ქართველი ვარგა თუ არა იმისთვის, რასაც ცხოვრება ითხოვს, ილიასდროინდელ ჩივილს ვუბრუნდები, საკითხავი ესაა. ილია ამბობდა: ახლა, კალამმა უნდა გაიმარჯვოს და არა ხმალმაო. იგი ცდილობდა ქართული ცნობიერება შეეტრიალებინა. ამ მიმართულებით ქართველებთან დაბეჯითებით ლაპარაკი უფრო უპრიანი იქნება, თორემ, მთელი საზოგადოების, ჟურნალისტების ძირითადი სასაუბრო თემაა, რომ ხელისუფლება არ ვარგა.

ხელისუფლებას შენ ირჩევ და ვის უჩივი რომ არ ვარგა, გაუგებარია. თუ ასარჩევიც არ ვარგა, მაშინ ე.ი. ერს სხვა რამ უნდა მოუწოდო, თორემ რეალურად გამოდის, რომ ჩვენ, ერს მუდმივად რევოლუციისკენ მოვუწოდებთ, ასევე, იმისკენ, რომ უნდა გადავატრიალოთ, გავყაროთ, დედა ვუტიროთ. ამ დროს თუ პრობლემა ჩვენშია, რამდენი ხელისუფალიც არ უნდა გაყარო, მაინც ცუდი სახელმწიფო შეგრჩება იმიტომ, რომ გადამტრიალებელი ისევ ჩვენ ვართ. ჩვენ რომლებიც აზრზე არ ვართ რისთვის გვინდა ეს სახელმწიფო. ხშირად იმისთვისაც აწყობენ რევოლუციას, რომ ფულის აპარატთან თვითონ მივიდნენ და სხვა გვერდზე ჩააჩოჩონ. ამიტომ, ისევ რევოლუციური განწყობის მოტივირებაა _ ხელისუფლება ადამიანს არ უვლის, ცუდია, ხომ ძირითადად ამის კულტივირებას ვახდენთ. საქმე ჩვენდაუნებლიედ იმ რევოლუციისკენ მიგვყავს, რამაც არაერთხელ დაანგრია ქვეყანა და ეტყობა, კიდევ გვინდა დაანგრიოს. ამიტომ, არის ჩემთვის ძალიან ხშირად გაუგებარი ის რასაც, მედიას არც ვიტყოდი, პუბლიცისტიკა აკეთებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მეც ვარ.

- სადღა არის პუბლიცისტიკა?


- პუბლიცისტიკა თუ არ არის, ესეც რისი ბრალია? ერთ-ერთ ცნობილი გაზეთის რედაქტორს, რომელთანაც თავის დროზე კამათი მქონდა გაზეთის ბედ-იღბალზე, ვუთხარი: ილიამ პუბლიცისტიკით შეატრიალა ქართული ცნობიერება-მეთქი. მან მიპასუხა: რა დროს ილიაა, ახლა, გაზეთი კომერციააო. ეს ადამიანები ჩვენს გვერდით, ჩვენთან ერთად არიან. რა უნდა ვქნათ, მათ ხომ არ დავხოცავთ. იქნებ რაღაც სხვა არის შესაცვლელი. კერძოდ, იქნებ ის არის შესაცვლელი, რომ ეს ძირითადი ლაიტმოტივი, რითაც ცხოვრობს ქართველი _ ხელისუფლება ცუდიაო, გამოვცვალოთ. დავაკვირდეთ, იქნებ ჩვენ ვართ ცუდი. შევუძახოთ ერთმანეთს ისე როგორც ვუძახით-ხოლმე ნარკოტიკს ნუ მოსწევ, ცუდიაო. ეს შეძახილი მეტნაკლებად მოქმედებს, მერე, იმის მაინც რცხვენიათ თქვან რომ ვეწევიო. დღეს, მაგალითად, ასეთი შეძახილით მიღებულია, რომ საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს, სირცხვილია თუ ვინმე იძახის სხვას მივეკედლოთო. ეს მოსაწონია, ე.ი. შეძახილმა შედეგი გამოიღო.

მაშინ იქნებ შევუძახოთ ადამიანებს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი მოქმედება, მეტი ფიქრი. ჩვენ ადამიანებს - ქართველებს არაფერს არ ვავალდებულებთ. მარტო ხელისუფლებას ვავალდებულებთ ჩვენი რიტორიკით. ამიტომ, ადამიანები რჩებიან ისევ ისეთი უპასუხისმგებლონი, დაუდევარნი, ისევ გაქურდვაზე ორიენტირებულნი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ადამიანები არიან შესაცვლელი და არა მარტო ხელისუფლება. იმიტომ, რომ ხელისუფლება ისევ იმ ადამიანებიდან იცვლება.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
14-07-2018, 13:30


სვანეთს თუ რამე დაღუპავს, პირველ რიგში, ხერხი და ნაჯახი დაღუპავს, რომლითაც ულმობლად იხერხება და იჩეხება სვანეთის ტყეები.
ბუნებამ, ნენსკრას სახით, უკვე გვაჩვენა ყვითელი ბარათი და სასტიკად გაგვაფრთხილა, რომ, იმ უმსგავსობას, რაც სვანეთში ხდებოდა და ხდება, არ გვაპატიებს და არ შეგვარჩენს.


გვესაუბრება სვანეთის მკვიდრი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

_ ბოდიშს ვუხდი მკითხველს, რომ ჩემს ვინაობას არ ვამხელ. ვაჟკაცი კაცი ასე არ უნდა იქცეოდეს, მაგრამ რა ვქნა, ისეთ სასტიკ ძალას ვეჯახები, რომელსაც შეუძლია დედაბუდიანად გამანადგუროს.

სვანეთის მოსახლეობამ შესანიშნავად იცის, რომ სვანეთს დიდი ხანია მაფიოზური კლანები მართავენ. ისინი აკონტროლებენ ყველაფერს _ ბიუჯეტს, გრანტების განაწილებას, სხვადასხვა პროექტებს, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხე-ტყის ბიზნესს და ა. შ.
ამ ადამიანებმა სვანეთის ხარჯზე მილიონები იშოვეს, პასუხის მომთხოვნი კი არავინ არ არის.

აბა, თუ დააკვირდით, რა ჩამოჰქონდა ადიდებულ ნენსკრას ხეებთან, ქვა-ღორღთან, სახლებთან და ხიდებთან ერთად?

რა ჩამოჰქონდა და სახერხი ქარხნები, რომელთა უმრავლესობა, ცხადია, არალეგალურად და უკანონოდ ფუნქციონირებდა.
ასეთი სახერხებით არის მოფენილი მთელი სვანეთი, რომელთა დიდი ნაწილი რამდენიმე გავლენიან ოჯახს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი სახერხების პატრონები წილს უხდიან "ზემდგომებს".

სხვანაირად აქ ვერ იმუშავებ – ყველა და ყველაფერი "ბოსების" კონტროლს და მათ მიერ დაწესებულ ნორმებს ექვემდებარება.
უზარმაზარი ტყის მასივები იჩეხება სვანეთში, ნადგურდება უნიკალური ჯიშის ხეები, მაგრამ ამას ვერავინ ვერ "ამჩნევს", ვერავინ ვერ "ხედავს".
არადა, ხე-ტყით დატვირთული სატვირთოების ეშელონები ნემსი ხომ არ არის, ვერ დაინახო?

მოგეხსენებათ, არსებობდა გარემოს დაცვის სამინისტრო, თავისი მინისტრით, მინისტრის მოადგილეებით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი შტატი თ.
საინტერესოა, სხვას რას იცავდა ეს სამინისტრო, როცა არ იცავდა გარემოს.

საერთოდ, რატომ ერქვა ამ სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო?
უფრო უპრიანი არ იქნებოდა, ამ ორგანიზაციისთის გარემოს გაჩანაგების სამინისტრო დაგვერქმია?
სამინისტრო კი გაუქმდა, მაგრამ ვინ აანაზღაურებს და ვინ დააბრუნებს უკან იმ ზარალს, რაც ამ სამინისტროს დანაშაულებრივი გულგრილობით სახელმწიფოს მიადგა არა მარტო სანეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრო არ არის იმაში დამნაშავე, რაც სვანეთში ხდება _ კრიმინალის გრძელი ჯაჭვია ეს, წვრილი და მსხვილი რგოლებით, რომელიც მთიდან ჩამოდის და პორტებამდე აღწევს, საიდანაც ეს გასაყიდად გამზადებული ხის მასალა უამრავი მიმართულებით ნაწილდება.
ვის ეყოფა სიმამაცე და ვინ შეძლებს ამ ჯაჭვის გაწყვეტას, არ ვიცი.

ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებამ ადგილობრივ მოსახლეობას ცოტათი იმედი მოგვცა.

ბატონმა მამუკამ სტიქიის არნახული მასშტაბებით გამძვინვარების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ხე-ტყის უკონტროლო ჭრა დაასახელა.
ამ განცხადებას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები სვანეთში არსებული მდგომარეობის შესასწავლად და დამნაშავეების გამოსავლენად.
ძალიან რთული, ძალიან მძიმე ბრძოლა მოელის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ახალ შემადგენლობას სვანეთში სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.

სვანეთის მოსახლეობა, ეს შრომისმოყვარე, წესიერი ადამიანები, რომლებსაც ისედაც მძიმე პირობებში უწევთ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება, კიდევ უფრო დაღალა და დაქანცა იმ გაურკვეველმა, ბუნდოვანმა პერსპექტივამ, რაც ამ უნიკალურ კუთხეს ელოდება.
წლები გადის და დღემდე ზუსტად არ ვიცით, აშენდება თუ არა ხუდონჰესი.
ასევე არ ვიცით, აშენდება თუ არა ნენსკრაჰესი?

ჩვენ ისიც არ ვიცით, რაც გაკეთებულია, რა ზიანს აყენებს გარემოს და ის, რის გაკეთებასაც მომავალში აპირებენ, რა ახალ საფრთხეებს უქმნის სვანეთს.
დღემდე, აი, ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, რაც სერიოზული სტრესის ქვეშ ამყოფებს ადამიანებს, ხელს უშლის, დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და ა. შ.

სვანეთს დროულად, დაუყოვნებლივ უნდა მიხედვა, თორემ ყველაფერს აქვს საზღვარი და, მათ შორის, სვანების მოთმინებასაც.


აი, ასეთი, მოსასმენადაც კი მძიმე და შემაშფოთებელი ამბები გვიამბო ჩვენმა სვანმა სტუმარმა.
ის ერთი პატიოსანი და წესიერი ადამიანია, რომელსაც სხვა არანაირი ინტერესები არ ამოძრავებს გარდა ერთისა - მის უმშვენიერეს და ულამაზეს სვანეთს ხარბმა და გაუმაძღარმა ადამიანებმა ისეთი ზიანი არ მიაყენონ, რომლის გამოსწორება, დროთა განმავლობაში, შეუძლებელი გახდება.
- ძირი აქვს გამოხერხილი სვანეთს და ამ უკუღმართებს თუ დროულად არ გავაგდებინეთ ხელიდან ხერხი და ნაჯახი, ჩამოგვეშლება, წაგვექცევა სვანეთი, - გვითხრა სტუმარმა დამშვიდობებისას.

ძირგამოხერხილი სვანეთი - ფრაზა, რომელიც ამ წერილს სათაურად მივეცით, ჩვენს სტუმარს ეკუთვნის…

„საერთო გაზეთი“

მეტის ნახვა
11-07-2018, 17:30