ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ – მშვიდობას თუ პალესტინა-ისრაელის დაუსრულებელი ომის გზას!

რუსულ ტელეარხებზე ლალი მოროშკინას გამოჩენას ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვება. ზოგისთვის ყოფილი სახელმწიფო მოხელეს რუსეთში ვიზიტები და რუსულ ტელევიზიებში გამოჩენა ქვეყნის მტრობაა, ზოგისთვის კი დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების გეგმის ნაწილი. „მე ევროპული ქვეყნიდან ვარ და მივეჩვიე, რომ ქალებს უსმენენ“ – ასე გააჩუმა ლალი მოროშკინამ ოპონენტი რუსეთის პირველ არხზე გამართულ გადაცემაში, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოღალატე უწოდა: „ამ ადამიანმა საქართველოს უღალატა. მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ცხრა წლის მანძილზე ის ნამდვილ ბოროტებას წარმოადგენდა“ – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

რა აზრი აქვს ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგს „მცოცავი ანექსიის“ პირობებში და რის მიღწევას ცდილობს რუსულ ტელევიზიებში აქტიურობით? ამ და სხვა თემებზე „საერთო გაზეთს“ ლალი მოროშკინა ესაუბრა:

– თავიდან რუსეთის ტელევიზიებში გამოჩენისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდი ტრიბუნის გამოყენების შანსი მქონდა, რომელიც რუსეთის გარდა, უკრაინას, ევროპას და ამერიკას მოიცავს. მივხვდი, რომ, ამ ტრიბუნიდან შემიძლია ვთქვა, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ნორმალური კონტაქტების აღდგენა და ა.შ. რუსი საზოგადოება არაერთგვაროვანია. მისი უდიდესი ნაწილი მზადაა საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის და ახლა მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია, თუ სახელმწიფოს მხრიდან, ვინ ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში.

– ოვაციები რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ დაკარგული ტერიტორიების დასააბრუნებლად, მარტო ეს არ კმარა..

– თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთში ჩავდივარ როგორც ექსპერტი და პოლიტოლოგი და „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს თუ არ ჩავთვლით, სრულიად მარტო ვარ. ვისაც ნაციონალების ფარსში მონაწილეობა და თავის დაბრმავება უნდა, დაიბრმავოს, მე კი ჩემს საქმეს ვაკეთებ. მინდა ვაჩვენო რუსეთს, რომ საქართველო მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკება ტერიტორიების დასაბრუნებლად. პირველ რიგში, 2008 წლამდე სტატუს კვოზე ანუ კოდორზე და ახალგორზეა საუბარი. თუ არავინ ჩავიდა და ამ თემებზე საუბარი არ დაიწყო, თავისით ვის და რა დაუბრუნებია? არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში საარჩევნო წელი მოდის და საპრეზიდენტო არჩევნებში ქსენია სობჩაკიც მიიღებს მონაწილეობას.

– ამით რისი თქმა გსურთ?


– ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ახლებურ ხედვაზე და ახლებურ სახელმწიფო წყობაზე გადადის და ვფიქრობ, მხოლოდ დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრის კი არა, სერიოზული ურთიერთობების დალაგების შანსი გვექნება.

– თქვენი და „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტებმა „მცოცავი ანექსია“ ვერ შეაჩერა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთს საუბრის გარდა, სხვა რაღაცას ელის ჩვენგან..


– რაღაც სხვას ნამდვილად ელის. რუსეთი სახელმწიფო დონეზე ურთიერთობას ელის და არა ოპოზიციურ პარტიებთან და ცალკეულ ელემენტებთან. ვიმეორებ, მე ერთგვარი ხიდი ვარ ორ მთავრობას შორის, დანარჩენი უკვე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის გააგზავნიან სამთავრობო სტრუქტურებიდან რუსეთში, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი დავიწყოთ. გერმანიამ ებრაელები გაანადგურა, მაგრამ ომის შემდეგ, ამ ერებმა მშვიდობაზე საუბარი შეძლეს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. დღეს ისრაელი თავის ახალგაზრდებს გერმანიაში სასწავლებლად აგზავნის. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ – ევროპულ გზას თუ პალესტინა-ისრაელის დაუსრულებელი ომის გზას და მთელი ცხოვრება ომში ვიქნებით..

– თქვენი აზრით, მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, იქნება თუ არა რუსების მოთხოვნებს შორის, დასავლურ ორიენტირებზე და ევრო-ატლანტიკურ კურსზე უარი თქმა?

– არა, ზუსტად ვიცი, რომ არ იქნება. ეს მოსაზრება ნაციონალების არასწორი პროპაგანდის შედეგია და სხვა არაფერი. თურქეთი რუსეთის პარტნიორია, ამ აქვეყანაში დიდი ბიზნეს-ინტერესები აქვს, ერდოღანი ხშირად ჩადის მოსკოვში და მისთვის ნატოდან გამოსვლა არავის უთხოვია და ჩვენ რატომ მოგვთხოვენ?

– მაშინ რა არის ამ მოლაპარაკებებში რუსების ინტერესი? რას ელიან?

– ელიან იმას, რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, რისი არა ერთი მოთხოვნა იყო. მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭება მხოლოდ იდიოტს შეიძლება უნდოდეს. წარმოიდგინეთ, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთს უკრაინასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და საქართველოსთან, სადაც ომი დამთავრდა, არა. რუსეთს ჭირდება პარტნიორი ქვეყნები, ჭირდება საქართველოდან იაფი პროდუქტი, იაფი მუშახელი და ამაზე არის მოთხოვნა.

– ბევრს ეგონა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მთავარ დაბრკოლებას სააკაშვილის ფაქტორი წარმოადგენდა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის უთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდოდა. მოხდა თუ არა ასე და თუ არა, რატომ?

– ძალიან კარგად მახსოვს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პუტინმა ქართული მხარე მოსკოვში მიიპატიჟა. ამას მოჰყვა კინკლაობა, მარგველაშვილი უნდა წასულიყო თუ ღარიბაშვილი, რადგან პრემიერმა და პრეზიდენტმა ვერ გაიყვეს რომელს რომელი რანგის შეხვედრებზე უნდა ევლო. თუ გახსოვთ, ეს იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება, რაც იმით დამთავრდა, რომ პროცესები დროში გაიწელა და შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა. დღეს, როდესაც სარკოზით დაწყებული, მაკრონით დამთავრებული, ძველი და ახალი პრეზიდენტები ერთმანეთს ასწრებენ პუტინთან მოლაპარაკებებზე ჩასვლას, „სირაქლემას პოზიცია“ კარგს არაფერს მოგვიტანს. კულტურულ დონეზე, რუსეთთან პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ ტაშ-ფანდურის გარდა, აუცილებელია, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე და მცოცავ ანექსიაზე დავიწყოთ საუბარი.

– საუბრის დროს თქვით, რომ კულტურულ დონეზე, რუსეთთან პრობლემა მოგვარებულია. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა იგულისხმეთ?

– ვიგულისხმე, რომ ცნობილი მომღერლები, კახუჩელადან და ნინო ჩხეიძიდან დაწყებული და მგზავრებით დამთავრებული, რომლებიც თავიდან ძალიან აპროტესტებდნენ რუსეთში ვიზიტებს, დღეს რუსეთში ძალიან მაღალ სცენებზე დგანან. მგზავრები უკვე რუსეთში პოპულარული ჯგუფია და კახუჩელა უამრავ რუსულ გადაცემაში მონაწილეობს. რეალურად, ამჟამად რუსეთში იმდენი ქართველი მოღვაწეობს, რამდენიც მგონი, საქართველოში აღარ დარჩა და მათი უმეტესობა სწორედ ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტი გახლავთ. მე ადრეც ვთქვი, რომ ესაა ქვეყანა, სადაც სოფო შევარდნაძე წამყვანია, სადაც ქართველი რეჟისორები რეზო გიგინეიშვილი და სხვები არაჩვეულებრივ ფილმებს იღებენ, სადაც ანშლაგებით იმართება ქართული კონცერტები, იხსნება ქართული რესტორნები და მიდის ქართული პროპაგანდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თუ არ ჩაერთო მოლაპარაკებებში, მით უმეტეს, რომ რუსეთის მხრიდან ამის სურვილი არის, მაშინ საერთოდ ყველაფერზე უნდა ვთქვათ უარი. უარი ვთქვათ რუსეთიდან ფულის გზავნილებზე და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა. ნუ შემოვუშვებთ რუს ტურისტებს, რომლებიც ჩვენთან შემოსული ტურისტების თითქმის 80% შეადგენენ, უარი ვთქვათ მილიონ 200 000 ქართველზე, რომელიც იქ ცხოვრობს, დავიბრმავოთ და დავიყრუოთ თავები და გავაგრძელოთ ცხოვრება, რომელიც დაკარგულ ტერიტორიებთან არ და ვერ მიგვიყვანს. არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია და რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესია.

ნელი თორდია
скачать dle 12.0