ჩვენ არ ვართ საქართველოს მტრები, გაგვაგებინონ, რა დავაშავეთ!

თურქეთის სახელმწიფო არც ჩვენი მუდმივი მტერია და არც ჩვენი მუდმივი მეგობარი. თურქეთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა.
თურქეთში საქართველოდან წასული უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, როგორც ქართველები, ისე არაქართველები.
თურქეთში ცხოვრობენ საქართველოდან სხვადასხვა დროს გადმოსახლებული აზერბაიჯანელები, რომელთა ნაწილი ყარაფაფახ-თურქებს, ანუ შავქუდიანებს ეძახიან საკუთარ თავს.


ყარაფაფახ-თურქებს თურქეთში უზარმაზარი დიასპორა აქვთ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ შავქუდიანებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობენ.
წლეულს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე თურქეთიდან ყარაფაფახ-თურქთა ფართო წარმომადგენლობა იყო ჩამოსული, დაგეგმეს საინტერესო ღონისძიებები და პროექტები. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, საქველმოქმედო აქციებსაც აპირებდნენ, თუმცა მათგან 6 ბიზნესმენს, გაურკვეველი მიზეზებით, საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.

ჩვენ სტამბულსა და ბურსაში შევხვდით პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულ იმ 6 ადამიანს და ყარაფაფახის-თურქთა მსოფლიო გაერთიანების სხვა წევრებსაც, მათ შორის ყარაფაფახელ სტუმრებს მაკედონიიდან. გთავაზობთ საუბრების ჩანაწერებს:

სეიფულ თურქსოი, ყარაფაფახ – თურქთა მსოფლიო გაერთიანების თავმჯდომარე:

– მინდა ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე მოგიყვეთ. 33 წელიწადია, ჟურნალისტი ვარ. დღევანდელი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მხარდამჭერი ვიყავი ჯერ კიდევ მისი არჩევნების პერიოდში, ვიცოდი, რომ ის თურქეთს აყვავების გზით წაიყვანდა.
დღესდღეობით ყარაფაფახ-თურქთა ორგანიზაციასთან ერთად `აბრეშუმის გზის~ საზოგადოებას ვხელმძღვანელობ. ჩვენი ორგანიზაციის სახელით საქართველოშიც ხშირად დავდიოდი და თურქულ ტელევიზიებსა და მედიის სხვა საშუალებებში ყველგან საქართველო-თურქეთის მეგობრულ ურთიერთობებზე ვლაპარაკობდი.
ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ყარაფაფახი-თურქი ცხოვრობს. ჩემი წინაპრებიც საქართველოდან იყვნენ. ჩემი პაპის მამა საქართველოდან იყო.

– საერთოდ, რატომ გახდა საჭირო ყარაფაფახ-თურქთა ორგანიზაციის შექმნა და რას ემსახურება ეს ორგანიზაცია?


– ჩვენ გვინდა, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ყარაფაფახ-თურქებთან მეგობრული და კულტურული ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ, ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორული ხელოვნების მოძიება და გაღვივებაა ჩვენი მიზანი.
პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით.
ყარაფაფახელები თურქეთის 44 ქალაქში ცხოვრობენ. მსოფლიოში კი აშშ-ში, შუა აზიის ქვეყნებში და ბევრ სხვა ქვეყანაში.
დღეს თურქეთი დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენთან ბევრია ჩრდილო კავკასიელი, აზერბაიჯანელი, შუა აზიის ქვეყნების ძველი მკვიდრნი. ჩვენს ქვეყანაში მათ დღეს აქვთ თავიანთი საზოგადოებები და გაერთიანებული ჯგუფები, ასეთივე ორგანიზაციაა ყარაფაფახ-თურქთა გაერთიანებაც, რომელსაც სურს თავის ორგანიზაციაში გააერთიანოს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში მყოფი ყარაფაფახელი თურქები, დაიცვას მათი კულტურა, ტრადიციები და ისტორია.
ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული საქმიანი ხალხი, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ყარაფაფახელ თურქებს ეკონომიკური და მატერიალური დახმარება გაუწიონ ქველმოქმედების სახით. ჩვენ არც ერთი ქვეყნის და ცხადია, არც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავრეულვართ და არც აწი ვაპირებთ ჩარევას. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად ვცნობთ. თურქეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. იგი დღემდე ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკური ხაზის მომხრე ვართ და გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან.
ჩვენ, ყარაფაფახ-თურქთა გაერთიანების წევრები, ადამიანები, რომლებმაც თურქეთში წარმატებული ბიზნესსაქმიანობა ჩამოვაყალიბეთ, ვდცილობთ ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ ქვემო ქართლის ეკონომიკურად გაჭირვებულ მოსახლეობას.

ერკან კოჩალი, წარმოშობით ბოლნისის რაიონიდან, ბიზნესმენი, მსხვილი სამშენებლო კომპანიის დირექტორი სტამბოლსა და ბურსაში:

– უკვე ორი წელიწადია, რაც საქართველოში ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო ღონისძიებებს ვახორციელებთ, 10-მდე ღონისძიება ჩავატარეთ, კონცერტები აშუღების მონაწილეობით, სახალხო ზეიმები.
თურქეთში ჩვენ საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებად ვთვლით თავს, რადგან ჩვენი წინაპრები საქართველოდან იყვნენ. ჩვენი ნათესავები, ყარაფაფახი თურქები საქართველოში დღესაც ცხოვრობენ. ისინი ჩვენი ნათესავები არიან. ვცდილობდით დღესასწაულებზე ან სხვა ტიპის ღონისძიებებზე შევხვედროდით ერთმანეთს, გაგვეწია ჩვენი თანამოძმეებისთვის მატერიალური დახმარება.
რამდენიმე ღონისძიებაში კიდევაც მივიღეთ მონაწილეობა.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა შესანიშნავი მიღება მოგვიწყო. გავაფორმეთ ერთობლივი მემორანდუმი ქვემო ქართლსა და ჩვენს ორგანიზაციას შორის კულტურულ-მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად. მემორანდუმი ითვალისწინებდა თურქეთში საქართველოს დღეების ჩატარების ღონისძიებას, ასევე თურქული დღეების მოწყობას საქართველოში. გვსურდა ხაზი გაგვესვა, რა მიღწევები გააჩნდა ქართულ-თურქულ ურთიერთობებში ენერგეტიკის კუთხით, სავაჭრო, მრეწველობის მხრივ, კულტურის თვალსაზრისით, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. ამით გვსურდა საქმიანი ადამიანები ჩაგვება კულტურულ-საქველმოქმედო საქიმაინობაში. ამ საკითხზე სიმპოზიუმის ჩატარებასაც ვგეგმავდით.
როცა ჩვენ ქვემო ქართლის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ ჰუმანიტარული დახმარების რა ფორმა იქნებოდა საჭირო და აუცილებელი რეგიონის მოსახლეობისთვის, მათ გვითხრეს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ რეგიონში არსებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდ ნაწილს მუსულმანური წესით ნათლობის საშუალებაც არ ექნებოდა და თურქეთიდან სპეციალისტები წავიყვანეთ, რათა მოენათლათ იქაური ბავშვები. 400 ბავშვი მოინათლა მაშინ. ერთი ტრაილერი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც გაიგზავნა საქართველოში. ეს აქცია ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს დავამთხვიეთ.
ქალაქ რუსთავში ყველაზე ცოტა ყარაფაფახი-თურქი ცხოვრობს, თუმცა ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება სწორედ რუსთავის მოსახლეობამ მიიღო.
ორგანიზაცია `თIKA~-ს (თურქეთის საქმიანი ადამიანების გაერთიანება) გუბერნიის ხელმძღვანელებთან ერთად საბაჟოზე პრობლემები შეექმნა, თუმცა ტვირთი გადმოვიტანეთ, მაგრამ სრულად არა. მერე შეგვექმნა საქართველოში გადმოსვლის პრობლემა. ჩვენს ორგანიზაციაში 150-მდე ბიზნესმენია გაერთიანებული, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, შეიქმნა პრობლემა, რის გამოც ორგანიზაციის ექვს აქტიურ წევრს საქართველოში შემოსვლის უფლება აეკრძალა.

– მიზეზი?

– ამის შესახებ არაფერი ვიცით. თვითონ მეც, ორგანიზაციის ხელმძღვანელს და კიდევ 5 პირს საქართველოში შემოსვლის უფლება აღეკვეთა.
საქართველოს წარმომადგენელს ჩავაბარეთ ჰუმანიტარული ტვირთი ნოვრუზ-ბაირამის დღეებში, წამოვედით თურქეთში და როცა კვლავ საქართველოში ჩამოსვლა დავაპირე, აღარ შემომიშვეს.

– ტვირთი რომელიმე ორგანიზაციის სახელით შემოგქონდათ?

– საქონელი მთლიანად მაია რაჯაბოვას სახელზე გავაფორმეთ. ის იყო ქვემო ქართლში ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 150 ადამიანი იყო ჩასული ჩვენი ორგანიზაციიდან საქართველოში სხვადასხვა დროს, 6 ადამიანს შეექმნა პრობლემა მაია რაჯაბოვასთან და სწორედ იმ 6 ადამიანს აეკრძალა საქართველოში ჩამოსვლა.
300 000 დოლარის ჰუმანიტარული დახმარება რომ გადაირიცხა კულტურული ორგანიზაცია `სალამის~ თავმჯდომარის მაია რაჯაბოვას სახელზე, მას შემდეგ რაჯაბოვასა და ჩვენი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

– კერძოდ, რა საკითხზე წარმოიშვა კონფლიქტი?

სეფულ თურქსოი: – ჩვენ მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, როგორ გადანაწილდა ჰუმანიტარული ტვირთი. მაია რაჯაბოვამ ყალბი პასპორტები წარმოგვიდგინა და სხვა ყალბი დოკუმენტაცია გვაჩვენა. ვინც წინააღმდეგობა გავუწიეთ და დოკუმენტაცია მოვთხოვეთ, ყველა დავიბლოკეთ. ყველას შეგვეზღუდა საქართველოში ჩამოსვლა.
100%-იანი ეჭვი გვაქვს, მაია და მისი მეუღლე თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ სავაჭრო ბაზრობებზე ჩვენს მიერ გამოგზავნილ ჰუმანიტარულ საქონელს ყიდიან.

როგორც გითხარით, ჩვენ არ ვაპირებდით მხოლოდ ჰუმანიტარული აქციებით შემოვფარგლულიყავით. ჩვენ გვინდოდა ჩაგვეტარებინა სიმპოზიუმები და ფორუმები, ახალი ბიზნესურთიერთობების დაგეგმვის თვალსაზრისით, მეცნიერების, კულტურის გაცვლის კუთხით.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით სიმპოზიუმი ჩავატარეთ ანკარაში, სადაც ამ ქვეყნების 40-მდე დეპუტატი მონაწილეობდა. მე იქაც აღვნიშნე, თურქული, აზერბაიჯანული და ქართული ბიზნესურთიერთობები უფრო უნდა გაღრმავდეს-მეთქი. იმ ფორუმზე ჩვენ დავაყენეთ საკითხი – შაჰდენიზიდან წამოსული გაზი საქართველოს გავლით გასულიყო მსოფლიო ბაზარზე.

ჰიქმეთ კარაბოკა, ბიზნესმენი:
– ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ თქვენს ქვეყანას. ახლახან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რომ განხორციელდა თურქეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო პირველი, ვინც ეწვია თურქეთს და მხარში დგომა აღგვითქვა.
ამას წინათ ყარსში გამოსვლისას კიდევაც ვთქვი, ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქულ ურთიერთობებში ძალიან კარგია ეკონომიკური პარტნიორობა და ერთობლივი ბიზნესპროექტები, მაგრამ აუცილებელია კულტურული ღონისძიებები. ჩვენ, ყარაფაფახი-თურქები, ამ სამი ქვეყნის ურთიერთობებში ჩვენს სიტყვას ვიტყვით-მეთქი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კეთილდღეობა და განვითარება, რადგან იქ ჩვენი თანამოძმე ყარაფაფახელები ცხოვრობენ და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაც შედის ჩვენს ინტერესებში.

– მას შემდეგ, რაც 6 პირი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა საქართველოში და მიზეზების შესახებ არაფერი იცით, არ მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, გაეცათ პასუხი საქართველოში თქვენი შემოსვლის აკრძალვის შესახებ განმარტების თაობაზე?

– ჩვენ მივმართეთ თურქეთის ელჩს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩს ანკარაში.
არ ვიცით, რაში გვდებენ ბრალს, დაგვიდონ თუნდაც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სახის გამოსვლა ან მოქმედება განვახორციელეთ და დავიჯერებთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ღირსი.
წლევანდელ ელაგ-ბაირამის დღესასწაულზე ვიღაცებმა პროვოკაცია მოაწყვეს. როცა გავიგეთ, რომ მსგავსი რამ ხდებოდა, გამოვეყავით საერთო ჯგუფს, ხელისუფლების გვერდით დავდექით.

– პროვოკაციაზე გამახსენდა, თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ ბორჩალოში, როგორც ამბობენ, სეპარატისტული ჯგუფები ავტონომიას ითხოვენ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?


სეიფულ თურქსოი: – ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვართ. ჩემ სამუშაო კაბინეტში თურქული დროშის გვერდით ქართული დროშა ჰკიდია. ზოგიერთები მეხუმრებიან კიდევაც, საქართველოზე გაყიდული ხარო. როგორ შეიძლება ასეთი რამის მომხრე ვიყო? მე, ისევე, როგორც თურქეთის ხელისუფლება, პატივს ვცემ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ გვინდა, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არა ვართ მტრები, არა ვართ ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები, გაუგებრობას აქვს ადგილი და იმედი გვაქვს, ყველაფერი გაირკვევა. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს აღორძინებაში აქტიურად ჩავერთოთ, თურქეთში საქართველოდან წამოსულთა დიასპორის სახელით. გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ტურისტული, ენერგეტიკული, ეკონომიკური კუთხით ჩვენი კავშირებისა და შესაძლებლობების გამოყენებით.

საქართველო მამაჩემის დაბადების ადგილია, როგორ შეიძლება არ მიყვარდეს და მისთვის სიკეთე არ მინდოდეს?! მე ძალიან დიდი შესაძლებლობები მქონდა და მაქვს სხვა კუთხით ვიმოღვაწეო თურქეთში, მაგრამ, რასაც ვაკეთებ, საქართველოს სიყვარულით ვაკეთებ, მინდა იცოდეს ეს ქართველმა საზოგადოებამ.
ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას – თუ რაიმე დანაშაული მიმიძღვის საქართველოს წინაშე მითხრან, თუ არადა, აგვიხსნან, რატომ გვიკეტავენ კარს და არ გვიშვებენ საქართველოში მე და ჩემს 5 მეგობარს! კიდევ ვიმეორებ – ჩვენ ვართ ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები!
მე ჟურნალისტი გახლავართ. შემიძლია გამოვიდე თურქეთის ყველა ტელეარხით, შევხვდე ბი-ბი-სი-სა და სი-ენ-ენ-ის ჟურნალისტებს და მოვუყვე, რა მოხდა საქართველოში. რა მოჰყვება ამას, მგონი, წარმოგიდგენიათ. როგორ გაუტყდება სახელი საქართველოს, როგორ დაეჭვდებიან ბიზნესმენები, როგორ შეწყვეტენ კონტრაქტებს ან მომავლის პერქპექტივებს გააუქმებენ. არ მინდა ეს გავაკეთო. ნუ მაიძულებენ ამას.

მოჰსინ კაჩმაზი, წარმოშობით მარნეულის რ-ნის სოფელ ყიზილაჯლოდან, ყარაფაფახ-თურქთა მსოფლიო ორგანიზაციის გამგეობის წევრი, ბიზნესმენი, ავტომობილების აქსესუარების ქარხნის დირექტორი:

– ჩემი წინაპრები საქართველოდან იყვნენ, მათი ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს, არ მინდა ჩემში გაფერმკრთალდეს ეს განცდა. არ ვიცი, რას მერჩის საქართველოს ხელისუფლება, რატომ არ მიშვებენ საქართველოში?!
წარმოშობით საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელების შთამომავალი ვარ. ჩემი ქარხნის შესასვლელში საქართველოს დროშა მიკიდია. მიყვარს საქართველო. საქართველომ კი მტრად გამომაცხადა. მე ვამაყობდი იმით, რომ ბაბუაჩემი საქართველოში იყო დაბადებული.
1989 წლიდან თქვენს ქვეყანაში დავდივარ და ბიზნესსაქმიანობას ვეწევი. ახლა აღმოვჩნდი საშიში საქართველოსთვის?
წლეულს `დმანისობაზე~ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე ვიყავი, ინტერვიუც მივეცი აზერბაიჯანის ტელევიზიებს, სადაც ვთქვი, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მეგობრობა უფრო მჭიდრო უნდა გახდეს-მეთქი. ასე ვფიქრობდი ყოველთვის, ასე მიმაჩნია ახლაც.
თქვენ ჟურნალისტები მეოთხე ხელისუფლება ხართ, გაარკვიეთ ეს საქმე. თუ დამნაშავე ვარ, დავისაჯო.
ჩემი წინაპრების დაბადების ადგილის, იგივე ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ გამოვალ? როგორ გგონიათ? ბაბუაჩემს პირადობის დოკუმენტში ეწერა 1924 წელი, დაბადების ადგილი თბილისი. საქართველო ჩემი სამშობლოა.
მე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი და მხარდამჭერი ვარ თურქეთში და საქართველოს წინააღმდეგ ვიმოქმედებ? როგორ შეიძლება ეს ადამიანმა საერთოდ იფიქროს.
ჩვენ არა ვართ 100 და 1000, ჩვენ ვართ 60 000. ამ 60 000 ადამიანის რესურსი, ბიზნესსაქმიანობა რომ არ გამოიყენო, ეს უგუნურებაა.

* * *
პრობლემა, რომელზეც გულისტკივილით ისაუბრეს ჩვენმა რესპონდენტებმა, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმე და პრეროგატივაა, მაგრამ, ამ ადამიანების ასე უსიტყვოდ და ხელაღებით, პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება იმის გარდა, რომ საქართველოს სახელს სერიოზულად დააზარალებს რეგიონში, ინვესტორებსაც დააფრთხობს და მათ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენთან ინვესტიციების განხორციელების სურვილსაც კი დაუკარგავს. ამაზე კი, მგონი, ღირს დაფიქრება.
თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეზე ნათელი პასუხის გაცემა ისევ ჩვენი ქვეყნის მომავლისა და პრესტიჟისთვის არის აუცილებელი.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0