ვინ და რატომ დაანგრია სასწრაფოდ ხორავას ქუჩაზე ის ფარდული, სადაც მოზარდებს შორის შემზარავი ტრაგედია დატრიალდა?

სასამართლო პროცესი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გარშემო, სულ რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო, მაგრამ დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, ხორავას ქუჩის იმ კორპუსის ეზოში მდაბარე ფარდულის დემონტაჟი მოახდინეს, სადაც ეს სისხლიანი გარჩევა მოხდა.

სამართლებრივ სახელმწიფოში სს-ის დანაშაულზე არსებული მტკიცებულებები გამოძიების ბოლომდე ინახება. მაშინ რატომ არ მიიღეს სამართალდამცავებმა ზომები, დანაშაულის ადგილის იმ სახით შესანარჩუნებლად, რაც დანაშაულის მომენტისთვის იყო. დღეს უკვე შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, თუკი ამის აუცილებლობას სასამართლო გამოძიების პროსესში გამოკვეთილი გარემოებები მოითხოვსო.

ნივთმტკიცება მარტო გამოძიების კი არა, სასამართლო განხილვის ბოლომდეც ინახება, მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამ არის, ვისი ინიციატივით მოხდა ხსენებული ფარდულის დემონტაჟი. ტელევიზიებმა გვამცნეს, რომ ამის ინიციატორები სამამართალდამცავები იყვნენ, თუმცა კორპუსის მცხოვრებთა განცხადებით, მათ მოინდომეს ფარდული დაეშალათ და პოლიციამ დათანხმდა. არ არის გამორიცხული, რომ მართლაც იქაურების ინიციატივა იყო ფარდულის დემონტაჟი, ეს განახორციელეს კიდეც და უბრალოდ, პოლიცია ფაქტის წინაშე დააყენეს. ჩვენ ვერც იმაზე მივიღეთ სარწმუნო პასუხი ამ ხალხისგან, რატომ მაინც და მაინც ამ ტრაგედიის მერე გაუჩნდათ ფარდულის დანგრევის სურვილი.

პრესით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განადგურებული ან შეცვლილია სხვა მტკიცებულებებიც. ეს ყოველივე ბუნებრივად ბადებს ეჭვს, ხომ არ გვაქვს საქმე შეგნებულ მანიპულირებასთან და ვის ინტერესში შედის ეს. ისე, მართლაც საინტერესოა, რატომ არიდებს თავს პროკურატურა დაგროვილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხს, ფაქტია, ხსენებული უწყება ლამის კბილებით იცავს თავის ვერსიას. საქმის ბრალმდებელი პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, გამოძიება საკუთარ ვერსიას სასამართლო სხდომებზე წარადგენს. ოფიციალური ვერსიის, რომ მკვლელობის იარაღად მხოლოდ ორი დანაა და მკვლელობაში დამნაშავე მხოლოდ ორი მოზარდია, არც დაღუპული დავით სარალიძის მამას სჯერა, არც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს და არც საზოგადოებას.

ზაზა სარალიძე თავიდანვე აცხადებდა, რომ მის შვილს მრავლობით ჭრილობებს ვერ მიაყენებდა ბრალდებული გ.ჯ., რასაც ადასტურებს ჭრილობების რაოდენობა და სხეულზე მათი განლაგებაც. იგი კატეგორიულად აცხადებს, რომ ბრალის ფორმულირებაში სრული ტყუილი წერია, გამორიცხულია ერთ კაცს მოეკლა ჩემი შვილიო. სხვათა შორის, თავიდან ისიც ითქვა, რომ რამდენიმე პირს ჰყავდა გაკავებული დავით სარალიძე და ასევე რამდენიმე პირი ურტყამდა მას დანას. აღშფოთებული საზოგადოება ყველა ამ პირის, ისევე, როგორც კონფლიქტის წამომწყებებისა და ორგანიზატორების დასჯას ითხოვდა და ითხოვს. პროკურატურის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებულ გ.ჯ-ს დაცვის მხარეც, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ საქმე არასრულყოფილადაა გამოძიებული, არ არის დადგენილი უამრავი ისეთი დეტალი, რომელიც საზოგადოებას და დაზარალებულ მხარეს აწუხებს. არ არის დადგენილი კონკრეტული პირების სახელები და გვარები, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, ვიცით გარკვეული პირები, მაგრამ კონკრეტული პირი კონკრეტულ დროს რას აკეთებდა, ამაზე მოწმეთა ჩვენებები ურთიერთ საწინააღმდეგოა. შესაბამისად, შეუძლებელია მოწმეების ჩვენებებს ვენდოთ. მიგვაჩნია, რომ თავის დროზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ უკვე აღარ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ გამოძიებამ დაადგინა უტყუარი ჭეშმარიტებაო.


გამოძიება თურმე არაფერს ამბობს უშუალოდ კონფლიქტის წამომწყებებსა და მათი მსხვერპლების როლზე, უშუალოდ ხორავას ქუჩის ინციდენტში. საქმის მასალებით ჩანს, რომ საპირფარეშოს ეპიზოდის მონაწილეები ხორავას ქუჩის ეზოში იმყოფებოდნენ, თუმცა როგორ რეაგირებენ პროცესზე, რომელიც მათი მიზეზით წარიმართა, ეს გამოძიებას დადგენილი არ აქვს, რას აკეთებდნენ უშუალოდ ჩხუბის დაწყებამდე და რა მოიმოქმედეს ჩხუბის მომენტში, გამოძიება ამაზე შეგნებულად თუ შეუგნებლად დუმსო. საინტერესოა, რაიმე პასუხისმგებლობა თუ დადგა იმ ვინმე დ.ნ-ს მიმართ, რომელიც ჯერ პნევმატური იარაღით აღჭურვილი მივიდა სკოლაში, გაიხმო უმცროსკლასელები და ამ იარაღით დაემუქრა, მერე კი ძალიან აქტიურობდა ხორავას ქუჩაზე და სავარაუდოდ ხელს უშლიდა შერიგების პროცესს.

გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ამ ეტაპზე მხოლოდ მკვლელობაში ბრალდებულ ორ მოზარდზე და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ სამ უფროსზეა საუბარი. იმიტომაც უჩნდება საზოგადოებას ეჭვი, ხომ არ აფარებს გამოძიება ხელს საქმის რომელიმე ფიგურანტს, მით უმეტეს, რომ ტრაგედიის მსხვერპლები და ბრალდებულები ერთმანეთს პირველად ხედავდნენ და შესაბამისად მათ შორის აგრესია მანმადე ვერ იარსებებდა. საინტერესოა, რატომ არ ამხელდა გამოძიება ამ ინციდენტის დროს სხვა ორი მოზარდიც რომ დაიჭრა. პროკურატურამ ეს ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, როცა მედიასაშუალებებმა გაახმაურეს. ერთ-ერთი დაჭრილი №1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე ყოფილა, ერთ-ერთი მათგანია ვისაც მ.კ-მ დეიდაშვილის დასახმარებლად გაყოლა სთხოვა. ასე, რომ დაპირისპირება გაცილებით მეტ ადამიანს შორის არის მომხდარი, ვიდრე სს-ის საქმის მასალებშია საუბარი.

წინასწარ გამოძიებაში დუმილის უფლება გამოიყენეს ორივე ბრალდებულმა, დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ბ-მ და სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ჯ-მ, ორივე მათგანი სასამართლოზე გეგმავს ჩვენების მიცემას. როგორც ირკვევა, ჯერჯერობით არ არსებობს საქმეზე დანიშნული მთელი რიგი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის იმ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ბრალდებული გ.ჯ-ს დაცვის მხარემ დანიშნა. არ არის გამორიცხული, რომ ხსენებულმა დასკვნებმა პროკურატურის ვერსია, არსებითად შეიცვალოს. პრესით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 51-ე სკოლაში ადრეც მრავლად იყო, მოსწავლეებს შორის ე.წ. ჩაგვრის და სასკოლო კონფლიქტების ფაქტები, მაგრამ მაინც და მაინც არ გახმაურებულა. 1 დეკემბერს ისეთი ტრაგედია მოხდა, რომ ამას ვეღარ დამალავდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მთაწმინდის პოლიციას ორჯერ საქმეში უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ჩართვა მოუწია, როცა საქმე ამ სკოლაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდაო.


ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ დახურეს ორი მოზარდის მკვლელობის საქმის განხილვა, ეს საქმე ხომ არც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას ეხება და არც რაიმე ინტიმურ დეტალებს. უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, რაც ძალიან მგრძნობიარე თემაა და თუკი რომელიმე მხარე პროცესის დახურვას მოითხოვდა, მოსამართლე ვალდებულიც კი იყო, რომ ეს შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. პოლიციეს ვიცე-პოლკოვნიკის დავით გაგნიძის აზრით, ამ საქმეში გავლენიანი მამიკოების შვილები ფიგურირებენ და პროცესის დახურვა უფრო ამას ემსახურება, ეტყობა რაღაც გარიგება მიდის და არ უნდათ ეს საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილიო.
დავით გაგნიძე: დიდი ხანია ჩამოყალიბდა "ელიტარული" კასტა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კანონზე მაღლა დგანან. ყველაზე მეტი გარჩევები თუ სხვა სახის კონფლიქტები ზუსტად ე.წ. პრესტიჟულ სკოლებში ხდება, კომუნისტების მმართველობისას კიდევ არ ჰქონდა ასეთი მასშტაბური სახე, მაშინდელ ჩინოსნებს კიდევ რაღაცის ერიდებოდათ და ეშინოდათ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, არ მომერიდება იმის თქმა, რომ სრული განუკითხაობაა.

ადრეც გითხარით, რომ ქვეყანაში სულიერი კრიზისია, აქედან გამომდინარეა ყველა უბედურება. ხომ ხედავთ, როგორ დაირაზმნენ ეს ე.წ. ელიტარები ვიღაც "ბახალას" დასაცავად, რომელსაც თურმე პოლიციამ "ჩაუდო" ათეულობით აბი სუბოტექსი. რაც შეეხება მოზარდები მკვლელობას და ნივთმტკიცებების სავარაუდო განადგურებას, ხსენებული ფარდული შეიძლება არც იყოს ასე ვთქვათ, მტკიცებულება, მაგრამ ასე სასწრაფოდ რომ მოხდა მისი დემონტაჟი, უკვე ეჭვს იწვევს, ეტყობა იქ რაღაც ისეთი იყო. რომ ამბობენ მკვლელობის დროს ორი დანა ფიგურირებდაო, ამოიღეს ორივე? თუ ამოიღეს, საიდან მოხდა ამოღება? თავიდან ხომ ითქვა, რამდენიმე დანით ჰქონდათ იმ ბავშვებს ჭრილობები მიყენებულიო, აგერ კიდევ ორი დაჭრილი გამოჩნდა, ვინ დაჭრა ესენი, ამოღებულია ის დანები? გამორიცხავთ, რომ სხვა დანები ზუსტად მაგ ფარდულში შეყარეს, ბავშვები არიან, დაარტყეს ვიღაცას, შეეშინდათ და იქვე მიყარეს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოზარდების მშობლებსა და ფარდულის მეპატრონეებს შორის მოხდა შეთანხმება, ფარდულის დაშლის შემდეგ უფრო ადვილად იპოვნიდნენ დანებს, სამართალდამცავებმაც უბრალოდ ფეხი ითრიეს და ამათ საშუალება მიეცათ ნივთმტკიცებები გაექროთ. სხვა შემთხვევაში ასე სასწრაფოდ რატომ უნდა დაენგრიათ ის ფარდული? გავლენიანი მამის შვილებს აღარაფრის ეშინიათ, დარწმუნებულები არიან დანაშაული ჩაიფარცხება და ყველაფერი შერჩებათ.

ეს საშინელი ტრაგედიაც აქეთ მიდის, ახლა ვინც დაუსჯელი დარჩება, გგონიათ, აღარ ჩაიდენენ დანაშაულს? მერწმუნეთ, აუცილებლად ჩაიდენენ, მამიკოები კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ციხიდან დაიხსნან და დიდ თანამდებობებზეც წამოასკუპონ. წეღან მკითხეთ, წამქეზებლები და ხელის შემწყობები არ უნდა დაისაჯონო, როგორ დასჯი, როცა არასრულწლოვნების მიმართ ფაქტობრივად არ გაგვაჩნია კანონმდებლობა. უკვე მერამდენე დანაშაული ხდება თუნდაც არასრულწლოვნების ხელით, სადაც დანა ფიგურირებს, იტყვით რატომ არაფერს აკეთებენ სამართალდამცავები, ასეთი დანაშაული რომ არ მოხდესო. პროფილაქტიკისთვის ხომ უნდა გაჩხრიკონ, აბა რომელიმე გაჩხრიკოს პოლიციამ, ეს ე.წ. უფლებადამცველები ქვეყანას დააქცევენ ადამიანის უფლებები, მით უმეტეს არასრულწლოვნების უფლებები ილახებაო. კაპიტანი გიგაური სისტემატურად რომ გვმოძღვრავს ტელეეკრანიდან, ახლა რატომ არის გაჩუმებულ, ეს არ არის "პრიორიტეტული" მისთვის და მისნაირებისთვის?

ნარკომომხმარებლების და ნარკობარიგების დასაცავად ათასობით გამოდიან, მხეცურად შვილმოკლულ დედას ირინა ენუქიძეს, ათი კაცი თუ მიყვებოდა, ყოველ შემთხვევაში ეკა გიგაური და ეს დანარჩენი "ცნობადები" მე იქ არ მინახავს. თქვენ გგონიათ ამათ ნარკომომხარებლებზე შესტკივათ გული, არა, უბრალოდ სახელმწიფოს ებრძვიან. იმიტომ ვეძახი "ენჯეოშნიკების" გაპიარებულ ნაწილს უცხო ქვეყნის აგენტურას, რომ ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ, გრანტის მისაღებად სამშობლოს გაყიდიან.

სამართალდამცავ და უსაფრთხოების სტრუქტურებს იმიტომ ებრძვიან ასე თავგამოდებით, რომ სახელმწიფო ამ სტრუქტურებზე დგას. სახელს გაუტეხავ, დაასუსტებ ამ სტრუქტურებს და სახელმწიფოს საქმეც დამთავრებულია. ამ ე.წ. უფლებადამცველების და ე.წ. რეფორმატორების "დამსახურებაა" შსს-ში არასრულწლოვანთა ინსპექციის გაუქმება, რომელიც მეტნაკლებად აგვარებდა პრობლემას, რასაც არასრულწლოვანთა დანაშაული ჰქვია. ამ "რეფორმატორებმა" ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ვითომ გამოსავალი მონახეს, შექმნეს მანდატურის სამსახური, რომლის რეალური ფუნქციაც პედაგოგების თვალთავალი იყო. ფაქტი სახეზეა, რომ ამ სამსახურმა არ გაამართლა, ის სკოლის შენობაშიც კი ვერ ახდენს სათანადო კონტროლს და სკოლის გარეთ რა უნდა გააკეთოს, როცა ეს არც ევალება.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0