"ცისფერი კომისრები", "ბახალები" და თეთრი ყვავები

"ბახალას" ამბის გარშემო დიდი დისკუსიაა გამართული. ჭორები ვრცელდება, დიდ რაოდენობას ასახელებენო – ესეც ითქვა; არა, "ის"კი არ ჰქონდა "ეს" ჰქონდაო; არა, არაფერი არ ჰქონდაო; ჰქონდა, მაგრამ თავისთვისო… სხვათაშორის, იმასაც ამბობენ, რა ჩადებაზეა საუბარი, რა წრეშიც "ბახალა მოძრაობდა", სწორედაც რომ ვერ გაუბედავდნენ ჩადებასო.

ერთი "ბახალა" და ნარკოტიკის დიდი ოდენობით დაბრალება კი არა, ყველა ცოდოა რაიმეს დასაბრალებლად, მაგრამ თუ არავინ აბრალებს ვინმეს რამეს და მართლა სახეზეა დანაშაული, რა ვქნათ, დამნაშავედ არ უნდა სცნოს სასამართლომ ერთი ჯგუფის შიშით? დავიჯეროთ, კონკრეტულ მოსამართლეებს საქმის მასალები კი არ აძლევენ საფუძველს, პირადი შურისძიება ამოძრავებთ კონკრეტული პირების მიმართ? და ეს კონკრეტული პირები, რატომღაც, მაინც და მაინც ხელოვანი ან ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანები რატომ არიან?

მოგერიდება კაცს გვარ-სახელების ჩამოთვლა იმ პირებისა, რომლებიც ხელოვნების მსახურებასთან ერთად ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებასაც კარგად ემსახურებიან, ბევრად უკეთ, ვიდრე საკუთარ საქმეს, მღერა იქნება თუ ცეკვა, დაკვრა იქნება თუ წერა; ხატვა იქნება თუ როლის შესრულება და ა.შ ეს ხალხია დაკავშირებული კლუბებთან თუ რესტორნებთან ხოლო რამდენი ღამის კლუბია დღეისათვის თბილისში, სადაც ახალგაზრდობა ერთობა? გართობა ჰქვია, თორემ რეალურად ნარკოტიკზე რომ არის საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა გასამხიარულებლად და სასმელში გახსნილი ნარკოტიკი იყიდება, ვითომ სიცრუეა? "საცეკვაო ნარკოტიკი" ვითომ აღარ არის მოდაში?

კაფე "გალერიში" რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკოტიკის მიღებით, მაშინ ატყდა ყაყანი, დაიხუროსო, მაგრამ ერთი "გალერი" იყო და დამთავრდა? "ბიო" (ხელოვნურად გამდიდრებული მარიხუანა) არ კლავსო – ამბობდნენ. არ მაგონდება ფართო საზოგადოებას გაეგო, რომ ახალგაზრდა "ბიო-ს" ერთ-ერთი სახეობით, მეფედრონით გარდაიცვალა, რომელსაც ნარკომომხმარებლები "აბაზანის მარილის" სახელით იცნობენ…

ახალგაზრდა გოგონა აგერ ახლახანს, რამდენიმე თვის უკან შეიწირა ე.წ კლუბურმა ნარკოტიკმა, მაგრამ ამ ტრაგედიიდან მე 2 დღეს კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს საავადმყოფოში ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო, მთლიანობაში კი, იმ დროისათვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ათეულობით ახალგაზრდა მოხვდა…

კონკრეტულ დანაშაულზე, რაც ნარკოტიკების დიდ რაოდენობას ეხება, პირს თავისუფლების აღკვეთა 8-იდან 20 წლამდე ან უვადოდ ეხებაო და ეს ცინიზმია, როცა განზრახ მკვლელობაზე 7-იდან 15 წლამდეაო… ამ ერთ კატეგორიას რომ ჰკითხოს კაცმა, ნარკოტიკი არ კლავს, აფრთიანებს…

საინტერესოა, ვინმემ ჰკითხოს მათ, განზრახ მკვლელობაზე რომ გაიზარდოს აღკვეთის ვადები, ამაზე რას იტყვით პატივცემულებოო? თუმცა კითხვაც არა არის საჭირო, პასუხი იქნება, არაადექვატურიაო…

უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლი! – გაცვდა ყური ამ ფრაზით! თან ვინ არიან ამ ფრაზას რომ ამბობენ – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე უსამართლო სისტემის მორიგი კი არა, არაფრის და არანაირი მსხვერპლი რომ არ შეუმჩნევიათ, განურჩევლად ყველა რომ დამნაშავე იყო და იმიტომ იჭერდნენ, ან სულაც, კლავდნენ…
"მორიგი" – ვის შემდეგ, ვინ იყვნენ მანამდე "მსხვერპლები", ნარკოტიკების მომხმარებლები თუ გამსაღებლები?
კაცმა რომ თქვას, საინტერესოა კიდევ ერთი რამ – შეწყალების თხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება. არავის აქვს შეწყალების საწინააღმდეგო, მაგრამ ადამიანი არ ამბობს დავაშავე და ვნანობ, მეტს აღარ დავაშავებ, ამ ერთხელ მაპატიოთ იქნებო და პრეზიდენტმა რატომ უნდა შეიწყალოს? ადამიანი ამბობს, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას ციხიდანაც, არ მქონდა არაფერი და ვიბრძოლებ ამის გამოო და ესენი რის გამო შეწყალებას ითხოვენ თუ შესაწყალებელი არაფერია?

ნარკობარიგობით განთქმული ერთ-ერთი ცნობადი სახე სახელმწიფოს თუ ხელისუფლებას დამუქრებია, თუ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, იძულებული ვიქნები, საერთოდ გადავიხვეწო აქედანო. ხალხი კი მისძახის, ისემც გიქნიათ ყველა "ბარიგა" მოუსავლეთში გადახვეწილხართო, მაგრამ ვინ სადაა გამქცევი, მშვენივრად, თბილად და ტკბილად არიან მოკალათებულები და წამლავენ მომავალ თაობებს…

სასწაული ხალხი ვართ საქართველოში, ერთსა და იმავე დანაშაულისთვის ნაწილი დამნაშავის დასჯას ითხოვს, ნაწილი – დაუსჯელობას. კახა მამულაშვილს ("მამულიჩას") რომ 5. 591 გრ კოკაინი, 1,15 კანაფის ფისი და ე.წ "ექსტაზი" 0, 2048 გრამი აღმოაჩნდა და ბანდალ-ბანდალით მიჰყავდათ სამართალდამცველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რატომ გაანთავისუფლეს გირაოს სანაცვლოდო, – ბრაზობდა ხალხი, არადა, იმავე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარები უდგებოდნენ თავდებში; ახლა გიორგანაშვილი დააკავეს და რატომ დააკავესო…
კაცმა რომ თქვას, მართალია ის ხალხი, ვინც გიორგანაშვილის დაკავებას აპროტესტებს და სასამართლოს შენობის ფანჯრებს აგურს ესვრის უსამართლობის კერასთან ბრძოლის სახით. თვითონაც ნარკოტიკთან (მარიხუანა) დაკავშირებით ჰქონია პრობლემა კანონთან ბექა წიქარიშვილს და ისროდა გიორგანაშვილის გამო, აბა, რას იზამდა. თუშური ანდაზაა, თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსო…

სწორედაც რომ არ უნდა დაეკავებინათ გიორგი გიორგანაშვილი. აბა, როცა იმავე დანაშაულისთვის სხვას უშვებ, "ბახალას" კი უსჯი, სამართალი სად არის? "მამულიჩას" აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა 15 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა, რასაც, როგორც ფაქტი გვიჩვენებს, ბრალდების მხარეც უყოყმანოდ დაეთანხმა და ბრალდებულმა შინისაკენ გასწია, 20 000-ლარიანი გირაოთი "ბახალამ" რატომ ვერ გასწია შინისაკენ? "მამულიჩა" თუ არ იყო პაბლო ესკობარი, "ბახალა" აღმოჩნდა?

მოკლედ რომ ვთქვათ, შერჩევით სამართალს კი არ აპროტესტებენ, ზოგადად, ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებას და ბრალის წაყენებას აპროტესტებენ…

"მამულიჩა გამოუშვეს! ყოჩაღ, ლელა! გზა მიშას კარის მომღერლობიდან "ოცნების" კარის მომღერლობამდე" – წერდა მაშინ ჟურნალისტი ელისო კილაძე, ახლა კი, გიორგანაშვილის დაკავებას აპროტესტებდა და საკუთარი შვილის უდანასაულობაზე იგავ-არაკობდა…

"საბრალო ბახალა" არის თუ არ არის "საბრალო", მაინც ვერ დადგინდა რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგრამ როცა პრეცედენტი დადგა, იგივე "მამულიჩა", იდენტურ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს – რის საფუძველზე, უცნობია; პროცესი ისე ჩატარდა რომ ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზი დაუმალეს. ამას რა ჰქვია, ლელა წურწუმია მდგარა კანონზე მაღლა? ახლა გიორგანაშვილის მეუღლეც "საბრალოა" უკვე, ვერ იკანონა, ვერ გამოაშვებინა სასამართლო დარბაზიდან მეუღლე… საინტერესოა, ლელასთან არ მიესვლებოდა `ბახალას~ მეუღლეს? – ეცადა მაინც. რა ვიცი, "მამულიჩას" დაკავება-გამოშვებაზე ირაკლი ვაჭარაძე ბობოქრობდა, ლევან აბზიანიძე "პლანის" სავარაუდოდ მოწევის ეჭვის გამო მოკლეს და ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს. "ნაცების" ბრალია, ლელას გამო ასჯერ რომ შეიწყალესო და ეგებ დახმარებოდა გაკვალულ ბილიკზე… ზვიად კვაჭანტირაძე მაინც სად შეიმალა, "მამულიჩას" თუ ესარჩლებოდა, `ბახალას~ რატომ არ გამოესარჩლა?

როგორც აღვნიშნე, ერთი კატეგორიის ხალხი აპროტესტებდა ნარკოპოლიტიკას და ერთი კატეგორიის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ("ბახალა" ამ შემთხვევაში მიზეზი არის), ისინი, რომლებიც უცხოური გრანტის ჭამაში არიან გაწაფულები და რას გააპროტესტებენ, მნიშვნელობა არ აქვს.

მარიხუანის მოხმარება სასარგებლო ყოფილა ჯანმრთელობისთვის; ნარკოპოლიტიკა შესაცვლელი, ძალიან სიმკაცრეა თურმე და ნარკოლიბერალიზაციაა საჭირო, ანდა, სულაც, დეკრიმინალიზაცია უკეთესი ყოფილა. პარლამენტში ვითომ რაღაც ძვრა იყო და ისევ ჩაჩუმებულან, რა წესია ესაო, – ამჯერად ამას აპროტესტებდა მანამდე დაჟინებული მზერებით შეწუხებულ-აღშფოთებული ბაია პატარაია…

"არ იქნება დეკრიმინალიზაცია, არ იქნება მშვიდობაო" – მაშასადამე, პირთა ჯგუფისთვის მშვიდობა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარებასთან ასოცირდება. ამაზე მეტად გამოთაყვანება რომ მოუნდება ადამიანს, რაღა უნდა უთხრა, რას შეასმენინებ… სწორედ აქედან გამომდინარე უყვირეს აქციის მონაწილეებმა გამვლელ მონაზონს და მიალანძღეს საპატრიარქოც, შს მინისტრმა თქვა, პროცესები უნდა დაჩქარდესო, მაგრამ ეკლესიის ბრალია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გატარების პროცესი რომ გადაიდოო… აქციაზე შეკრებილი აღშფოთებულების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, არ სდომებია ხალხს არც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია-დეკრიმინალიზაცია და არც `ბარიგები~ თუ ნარკოტიკის მომხმარებლების მხარდაჭერა…

მამა გიორგიმ (რაზმაძე) თქვა, "ცისფერი კომისრების" მიერ მართული ნაძირალების ხროვა გვყავსო; ნარკოტიკების თემა შემოგდებულია რათა ახალგაზრდობა დაღუპონო…

მისი თქმისა არ იყოს, ისეთი სურათი იხატება, რომ ვიღაცების გამიზნული მოთხოვნაა "ჩაკაიფებული საქართველო" და რადგან ჯერჯერობით მაინც ვერ ხერხდება მიზანთან მიახლოება, გამიზნულად ხდება ძალოვანი სტრუქტურების დაშანტაჟება.

გიორგი ჩხეიძე
скачать dle 12.0