ქისტები და ჩვენ…

კობა არაბული:
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორია გვამცნობს, რომ ძურძუკნი არიან თარგამოსის შთამომავალნი და ნათესავნი ქართველიანი:
ძურძუკოსი უწარჩინებულესი ძე იყო კავკასოსის – ქართლოსის ერთ-ერთი ძმის _ გონიერი და გულოვანი…
როდესაც ხაზარები მოადგნენ ჩრდილო კავკასიას: "ესე ძურძუკოს ეზრახა ექვსთა ნათესავთა ძმათა… შველად რამე თუ ურთიერთ სიყვარულში იყვნენ…

გარდვიდნენ ქართლოსიანნი მთას აქეთით, და ერთობლივად სძლიეს მტერი, მოწყვიტეს და ჩაუკეტეს დარუბანდის კარი _ ამის შემდგომ ხაზარები დიდი ხანი აღარ გამოჩენილან.
თვით ყრმა ფარნავაზი კავკასიის მთებში ფხოვსა და ძურძუკეთში აფარებდა თავს ალექსანდრე მაკედონელის ექსპანსიის დროს, როდესაც მამა მისი და ბიძა მისი სამარა (რომელიც მცხეთის მამასახლისი იყო) მოიკლნენ აზოს მიერ…


ფარნავაზი კავკასიის მთიანეთიდან (ფხოვიდან და ძურძუკეთიდან) ფრიად გაწვრთნილი მონადირე და მეომარი ჩამოვიდა. მან ჩამოიტანა უცნობი სამხედრო ხელოვნება "მზის ენერგია" და იხილა ხვთაებრივი სიზმარი, რომელიც არის მითი და ნათელხილვა, ანუ მომავალი ომის მისტერია…

ფარნავაზმა და ქუჯიმ გაათავისუფლეს სამშობლო ურიცხვ ბარბაროსთაგან და შექმნეს პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო: "ფარნავაზ განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა ქართლსა შინა თვინიერ ქართულის ენისა"…
ეს არის გენიალური მოვლენა! ქართულ ენაზე აღმოცენებული სახელმწიფო და ერი III საუკუნეში ჩვენს ერამდე… და ამაში თავისი დიდი წვლილი ძურძუკებსაც მიუძღვით…


ფარნავაზს ძურძუკი ქალი ესვა ცოლად და შვილმა მისმა საურმაგ _ ფარნავაზის შემდგომმა მეფემ საქართველოისამ _ გარდამოასახლნა ძურძუკნი და დასხნა "დიდოეთს და სავანეთს ეგრისამდე"… როგორც ყველაზე მისანდობი ნათესავი ტომი.
მან, მეფე საურმაგმა "აღამაღლა ძურძუკნი, დედულნი თვისნი" და ქართველებზე მეტი პრიორიტეტი მისცა ბრძოლის ველზე!..
ალბათ, მკითხველი დამეთანხმება, რომ ეს უნიკალური და (არა შემთხვევითი) მოვლენაა ქართველთა და ჩეჩენ-ინგუშთა (ისტორიულ ვეინახთა) ურთიერთობაში…

ისიც საკვლევია და მკვლევართა ყურადღების მიღმაა დარჩენილი, თუ სად და როგორ, ან რომელი თემისა და კუთხის ეთნოსს შეერწყნენ თავის მიწაზე "ვერ დატეულნი" და "კაცთა სიმრავლის გამო~ აყრილნი ძურძუკნი საურმაგის მიერ (ძვ.წ. II–I სს.).


ეს არის ქართველთა და ძურძუკთა (ანუ ჩეჩენ-ინგუშთა) შორეული ისტორიის ფრაგმენტები… მაგრამ ჩვენი დროისთვის და ვითარებისთვის მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი…
ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ქისტურ და ქართულ ურთიერთობებს მეტი გაფრთხილება უნდა…
არც ახლა, XXI საუკუნეში ჰყავს ჩეჩენ-ინგუშებს (ხევსურთა ტერმინოლოგიით "ქისტებს") ნაკლები ბარბაროსი ხაზაროიდული, სლავურ-მონღოლური რასა "მტრად მოკიდებული", და არც ქართველთ _ აზოზე ნაკლები სისხლის მწოველი, ვამპირი მტერი, ბავშვებს რომ სწირავდა კერპებს და ადამიანის ხორცს აჭმევდა…

საქართველომ გამოიარა ურთულესი ისტორია _ ბეწვის ხიდი და ახლაც "ბეწვის ხიდზე" დგას.
არც ვეინახებს უდგათ ლხინის სუფრა, როცა მათი ქალები რუსის ტანკზე მიბმული შემოჰყავდათ გროზნოს ქუჩებში და მუცლიდან ამოყვანილ ჩვილებს, ქალებს და მოხუცებს ცოცხლად უმარხავდნენ.
ეს მოვლენა აპოკალიფსის ნაწილია და ამ ვანდალიზმს და ისტორიული რასის გენოციდს დღევანდელი მასონურ-ლიბერასტული მსოფლიო გაუგონარი გულგრილობითა და დუმილით შეხვდა…


მინდა საგანგებოდ ვთქვა: პანკისელი ქისტები, ჩვენი სტუმრები და მასპინძლებიც არიან! ჩვენი ადათ-წესის და ქართული ენის ბრწყინვალედ მცოდნე და მოუბარნი (როგორც ფარნავაზის დროს!), საკუთარი ნათესავის კალთას შემოხიზნულნი. ამიტომ ქართველთა სახელმწიფო ვალდებულია (მათი მორალური ვალია) უფრო ფაქიზად და კორექტულად მოექცეს მათ!
ქისტებსაც მინდა მივმართო და ვუთხრა: გააცნობიერონ საქართველოს ურთულესი გეოპოლიტიკური "ხაფანგი", რომელიც ბევრ შეცდომას აშვებინებს და მუდმივი ხიფათის ზღვარზე ამყოფებს მას, უქმნის გამოუვალ მდგომარეობებს… სახელმწიფოს (ქვეყანას), რომლის ერთი მესამედი ოკუპირებულია, ორ მესამედს ნახევრად ხილული და უხილავი "სფინქსის თვალი" უყურებს… ახვევს იდუმალი იდეოლოგიის და ეკონომიკის ქაოსში, უსევს ათასნაირ არასამთავრობო ჯაშუშ სექტებს, ფსევდონაციონალურ, ლიბერასტულ-აგენტურულ პარტიებს, რომლებიც ციხეს შიგნიდან ტეხენ, შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. ამ დროს არც ერთი ძველი თუ ახლადშექმნილი ჰიბრიდული წარმონაქმნი მეზობელი ტომი და სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება საქართველოს, არ არის ჩვენი მოყვარე და კეთილისმსურველი, არის მტერი ან მოყვარე მტერი და წამგლეჯი ქართული მიწის და კულტურის…


ეს გარემოება უნდა გაითვალისწინონ "ჩვენმა ქისტებმა" და მოვლენებს ამ კუთხით შეხედონ. სახელმწიფოს დაუცველობა, შეცდომები, გამოუცდელობით და ვინმეს ზეწოლით, შეიძლება იყოს ზოგიერთი არასასურველი მოვლენის გამომწვევი ფაქტორი, თუმცა არა ყოველთვის საპატიო მიზეზი.

ქისტებმაც უნდა გააცნობიერონ საკუთარი შეცდომები ამ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით, ჰიბრიდული ომებით და ისლამური "ჯიჰადებით" გამოწვეული, რომელიც ხიფათს უქმნის სუსტ ქართულ სახელმწიფოს და მათივე ეთნოსს, მათივე ახალ თაობას, ამდენად, უფრო ფრთხილად ყოფნაა საჭირო… 
უხუცესებმა მეტი თვალ-ყური უნდა ადვნონ ახალგაზრდებს, ხოლო ახალმა თაობამ არ დაივიწყოს ძველი ქისტურ-კავკასიური უფროს-უმცროსობის ადათ-წესი: სტუმარ-მასპინძლობა, ღირსება და ყური მიუგდონ უხუცესთა სწავლებას! მე მეჩვენება, რომ ქისტების ახალი თაობა ძველ თაობას რამდენადმე ემიჯნება, არ უსმენს _ ეს სავალალო შედეგით დასრულდება!..


ჩეჩენ-ინგუშებს ბევრი ზნეობრივი ადათი ძველთაგან გადმოჰყვა, ვიდრე ისლამი იქნებოდა მათი რელიგია.
პანკისელი ქისტები იგივე ქართველები არიან და ცოტა უკეთესებიც მე თუ მკითხავთ; მათი ქართულის ცოდნა, მათი პატივისცემა ქართული ტრადიციებისა და კულტურისადმი სრულიად უნიკალურია!

მათი სულიერი-შინაგანი სილამაზე, მათი გარეგნობა ძველ იბერიულ-კავკასიურია.

მათი პატივისცემა და სიმამაცე, მათი პატიოსნება და ღირსება, მათი სტუმარ-მასპინძლობა და უღალატობა _ განუმეორებელია!
ჩვენ დავკარგეთ და ვკარგავთ ბევრ რამეს იმ უძველესი კავკასიური ტრადიციებიდან _ ქისტებს არ დაუკარგავთ!
ახალგაზრდა ქისტი ვეინახი უფროსთან პაპიროსს არ მოწევს, სიტყვას არ შეუბრუნებს, ფეხზე აუდგება… მათი ქალისადმი პატივისცემა – ნამუსის შენახვა – კავკასიურია, ჩვენი მთიელების ერთიანი მორალის ნაწილია…
– ჩეჩენი (და არც ხევსური) მტრის ბავშვს ხელხ არ დააკარებდა…


ძველ საუკუნეებში ქისტები (ჩეჩენ-ინგუშები) ქრისტიანები ჩანან ("ციხევ, ქალ-ღმერთის ნაგებო, ქრისტიანთ ხატებიანო!" – ამას ადასტურებს ეს მითოსური ლექსიც). ქრისტეს რჯული ხაზაროიდულ-არაბულ-ყივჩაღურ და შემდგომ, თემურ ლენგის და შაჰ-აბასის რელიგიურმა ძალადობამ დააკარგვინა, ხოლო ხევსურთა მომიჯნე ჩეჩენ-ინგუშები ბოლომდე ქრისტიანებად რჩებოდნენ. ამიტომაც უწოდებდნენ მათ ქისტებს (ანუ "ქრისტებს", ე.ი. "ქრისტიანებს"– იხ, ალ. ჭინჭარაულის კვლევა).
პანკისელი ქისტები ბოლომდე კიდევ ქრისტიანები იყვნენ და მათი გაუცხოვება ქრისტიანული სამყაროსგან რუსეთის ვერაგულმა, მიზანმიმართულმა, რასათა გამთიშველმა პოლიტიკამ გადაწყვიტა.


ქისტებს (ჩაჩენ-ინგუშებს) იმდენი ბარბაროსული ძალადობა, იმდენი ხოცვა-ჟლეტა (მათ შორის, სრული, დედაბუდიანად აყრა-დეპორტაცია) აქვთ გადატანილი რუსების მიერ, რომ აღარაფერი გაუკვირდებათ!
მსოფლიომ როგორც ჩეჩნების გენოციდი, ასევე ქართველთა მიწა-წყლის დანაწევრება და ოკუპაციაც "გადაყლაპა" _ ახლა "ნიანგის ცრემლებით" რომ დაგვტირიან და შიშველ-ტიტველ სხეულზე ვითომ "თაფლს გვისვამენ"…
ამდენად და ამიტომ, ჩვენ "ერთ ბედ ქვეშა ვართ" და ქართულ-ქისტურ ურთიერთობას მეტი გაფრთხილება უნდა!
როგორც ვთქვი: ქისტებს აღარაფერი გაუკვირდებათ, იმდენი `წისქვილის ქვა~ დატრიალდა მათ თავზე… მაგრამ გაუკვირდებათ და ეწყინებათ ჩვენგან! ეტკინებათ გული ჩვენი გულგრილი და `ოდიოზური~ დამოკიდებულების გამო…
სახელმწიფოც უფრო ფაქიზად და კორექტულად უნდა მოიქცეს მათ მიმართ _ ასეთი უნდა იყოს პოლიტიკურ-სტრატეგიული მიზანშეწონილობა!..

აქვე დავძენ:

საქართველოს, ამ გლობალურ სივრცეში, ამ ურიცხვ ტომთა და რასათა, თუ სახელმწიფოთა გარემოცვაში ქისტებზე უკეთესი, ერთგული და გულშემატკივარი მეზობელი არ ჰყავს…
მათ და მხოლოდ მათ, ვეინახების სისხლს და ჯიშს არ უღალატია საქართველოსთვის…
მხოლოდ მათ შეუძლიათ ქართველთა მხარდაჭერა, ქართველებთან ერთად ბრძოლა საერთო ფატალური მტრის წინააღმდეგ ომში.
ქისტმა კარგად იცის მისი რასის (ტომის) ტრაგიზმს რომ ემგვანება ქართველთა ბედისწერა…
იგი არასოდეს არის უმადური იმ მიწისა და რასის მიმართ, სადაც ცხოვრობს _ იგი თვალისჩინივით უფრთხილდება პანკისის მიწა-წყალს, ბუნების ამ მშვენიერ მარგალიტს…

არც ერთ სააუგო, ზედმეტ სიტყვას არ ამბობენ ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ სწყინთ და სტკივათ…

არც ელიზბარ არგოშვილს, არც სულეიმან გუმაშვილს, არც ჯარაფ ხანგოშვილს _ ამ ბრძენ ადამიანს, არც რომელიმე სხვა უხუცესს და ახალგაზრდა ქისტს სახელმწიფოს მიმართ საყვედური არ დასცდენია… თუ ასე გაგრძელდა, ავიყრებით და გადავსახლდებითო!.. მოვისმინე ქისტი ქალების სიტყვები. გული დამწყდა: რა იქნება საქართველო, პანკისის ხეობა უქისტებოდ!.. მართლა რომ აიყარონ და წავიდნენ – ღმერთმა დაიფაროს…

რა თქმა უნდა, სწყინთ და გული სტკივათ მშობლებს _ დედას და მამას, მაგრამ არც მათ უთქვამთ რაიმე ისეთი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც შვილმოკლული მშობლებისთვის საძრახისი იქნებოდა! ისინი გამოძიებას და გარკვევას ითხოვენ, როგორ და რატომ მოკლეს მათი შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი – ნამდვილად იყო ეს აუცილებელი, ან იქნებ, საბედისწერო შეცდომა იყო, ან გააზრებული პროვოკაცია ვითარების დაძაბვისთვის… რეალური ურთიერთობა ჰქონდა მას ტერორისტებთან, თუ მათთან მხოლოდ სურათი ჰქონდა გადაღებული…

არის ეს კითხვები, რომლებიც პასუხს მოითხოვს. სწორი, გაბედული პასუხია საჭირო ერის ღირსებისთვის, დაზარალებულის პატივისთვის, გონიერი საზოგადოებისთვის (და არა შარლატანებისთვის, მიცვალებულის საფლავსაც კი სამარცხვინო პოლიტიკური პროვოკაციისთვის რომ იყენებენ). და თუ შეცდომა დავუშვით, უნდა ვაღიაროთ და `ვზღოთ~ ჩვენი შეცდომის `წილი~ _ ასეთია ქართულ-კავკასიური საადათო სამართალი და სახელმწიფოს მორალიც!


ახლა დავუბრუნდეთ ქისტებთან ურთიერთობის ფოლკლორულ-ისტორიულ მაგალითებს.

ჩეჩენ-ინგუშები (ქისტები) ხევსურების მოსაზღვრე ტომი იყო.
ხევსურები პატივს სცემდნენ ქისტების პირდაპირობას და მამაცობას – მათ მოყვრობაც ჰქონდათ და მტრობაც…
მტერი ხომ მტერია, მაგრამ ქისტ მტერს ხევსურთა ანდრეზული იარლიყი – "კარგი მტრის" სტატუსი ჰქონდა მინიჭებული…
"კარგი მტერი" ის არის, პირდაპირ რომ შეგებრძოლება და ღალატით არ მოგკლავს!
სწორედ ასეთია ალუდა ქეთელაურისა და ქისტი მუცალის საოცარი ორაბრძოლა.
(ვაჟა-ფშაველა გენიოსი იყო და იცოდა, რასაც წერდა).

ალუდა ქეთელაურის ფსიქიკა მთლიანად შეცვალა მუცალის ვაჟკაცობამ, მისმა "კაი-ყმობამ", გაუხსნა მას სხვა მორალის სამყარო. ის არც მკლავს სჭრის მუცალს და არც იარაღს აჰყრის. უფრო მეტიც, "გუდანის ჯვარში" კურატს სწირავს მის სახელზე და ხევისბერთა რისხვას იწვევს…
ვინაიდან თემისთვის ყველა მტერი მტერია – "კარგი" და "ცუდი" არ არსებობს. ალუდა ქეთელაურისთვის კი ასე არ აღმოჩნდა, არც ვაჟასთვის.
ალუდას პიროვნებაში გაიღვიძა უფრო ძველმა ადათმა, რომელიც ერთ უძველეს მითოსურ ლექსში იკითხება და კავკასიური მორალია გაცხადებული:

"ხევსურებ მოიკითხავენ" _ ნასკვაურის ძე სად არსა?!
– ომში არს ნასკვაურის ძე, იმის ამოსვლა გრძლად არსა…
მტერს მოჰკლავს, ხელსა არ მოსჭრის, ხევსურის წესი არ არსა!"
შეიძლება ითქვას, მუცალის ფენომენმა ალუდა აქცია საყმოს "ენიგმურ" ფიგურად და გაუცოცხლა საკრალური დროის ხსოვნა. იგი სულ სხვა ფსიქოტიპად წარსდგება თემის წინაშე მუცალთან "შეხების" მერე…

ალუდას ძველ მორალს, რომ მოკლული მტრისთვის "ხელის მოჭრა წესი არ არსა" _ მუცალის ფენომენი უბრუნებს. ხევსურთა ძველი ადათით, მტრისთვის არათუ ხელის მოჭრა მოკლულისთვის სახეში "ჩაშტერებაც" კი მძიმე "ჯურუმით" ისჯებოდა!..
ხოლო ხელის მოჭრა თემმა, ეტყობა, უფრო გვიან, კავკასიაში შემოჭრილ ისლამურ ძალადობას დაუპირისპირა…


ერთ მაგალითს მოვიტან ჩემი პირადი ურთიერთობიდან ქისტებთან:

90-იან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ ეროვნული ეიფორია იყო და ყველანი ერთმანეთს პატივს ვცემდით, დედაჩემის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა: მწერალი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწეები, ნათესაობა და მათ შორის ახლობელი ქისტები.
როდესაც ხევსურებმა სუფრაზე ქისტები დაინახეს, ძალიან გაუხარდათ.

ადგა ფეხზე ერთი მხცოვანი, ახოვანი არხვატელი კაცი (დედაჩემის ბიძაშვილი) ხელში ყანწი აიღო და თქვა:
"ძალიან გამახარა ქისტების აქ ყოფნამ, ამ მწუხარების ტაბლაზე… ამათან ძმობაც და მტრობაც ღირდა! მერჩივნა, ჩემი მტერი ქისტი ყოფილიყო, ესენი უვალ-უბრალოდ კაცს არ მოჰკლავდნენ! კაი კაცი ყოველთვის ბეჩავისგან კვდებოდა. კარგი კარგს ადვილად არ მოკლავდა, დაინდობდა! ქისტები ასეთები იყვნენ!" და მან ქისტების სადღეგრძელო შესვა.
ხნიერი ხევსურის ამ სიტყვას მთელი სუფრა ფეხზე წამოუდგა.
ინტელიგენციამ თავისი გაკვირვება გამოხატა: ახლა ჩვენს შორის აფხაზურ-ქართულ, თუ საერთო კავკასიურ ურთიერთობებში ასეთივე მიდგომა რომ იყოს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო… რეგიონში სიმშვიდე იქნებოდა…
მაშინ ვითარება დაძაბული იყო და ხევსურის ეს სიტყვა მართლაც, თითქოს მოულოდნელი იყო.


ალექსანდრე ბატონიშვილის რუსებთან ომის დროს შატილში ხევსურების (ქართველთა ლაშქრის) დასახმარებლად ქისტების ასკაციანი რაზმი მოხულა, მაგრამ ვეღარ მოუსწრიათ – ალექსანდრე ბატონიშვილი უკვე გადასული იყო დაღესტანზე, რუსები კი – წასული…
ქისტები რუსებს გაჰკიდებიან და ვეღარ დასწევიან. შემდეგ უყიდიათ შატილში, ყველაზე დიდი თეთრი ხარი და გაღმა ჯვარში შეუწირავთ…
და შატილს: დახოცილთა პარაკლისის სუფრა გაუშალეს. ამას შატილელები გვიანობამდე იგონებდნენ.
იმასაც იტყოდნენ: რომ ქისტებს მოესწრო: გავიმარჯვებდითო!


ქისტებს და ხევსურებს ერთნაირი, ერთმანეთის გავლენით დადებული რჯულ-სამართალი ჰქონდათ.
მაგალითად, კაცის არკვლის და სანაცვლოდ დამნაშავის "ჩრდილის მოკვდინების" წესი ხევსურთაგან სწავლებული ჰქონიათ ქისტებს.

ხოლო "დიაცთა ენობის" შეზღუდვის "რჯული" ხევსურებისთვის ქისტებს მიუციათ.
როდესაც ხევსურთა ორ სოფელს "ქალის ენობის" (წაქეზების) მიზეზით ლამის ერთმანეთი ამოუწყვეტია, შუა კაცად ქისტები ჩამდგარან: დაჭრილებს წყლულებს ქისტის ქალები უხვევდნენ…

მაშინ ქისტების რჩევით დაიდო ხევსურთა სალოცავებში ახალი "რჯული" – "დიაცთა ენობის" აკრძალვის შესახებ:
მოენე დიაცის ოჯახს, გვარს, ჩამომავლობას უმძიმესი "ჯურემი"– ჯარიმა დაუწესდა, თუ ქალის ჭორი და სიტყვა ზიანს მიაყენებდა თემს და მის ინტერესებს.
ხევსურეთს ახსოვს დიაცთა ენობით დანგრეული სოფელი ("დალივნა თათხელიონნი დიაცთა ენობამაო").
შორს თუ წავალთ, დიაცის უზნეობამ დაანგრია ტროა, და თუ ახლოს დავრჩებით: არც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას აყარა კარგი დღე.


ხევსურები და ქისტები თვლიდნენ, რომ ქალის გონება, ნებელობა და საიდუმლოს შენახვის უნარი საკმარისი არ იყო რთული სათემო და საერო საქმეებისთვის…

ამიტომ ისინი ქალებს არ რევდნენ საჭირბოროტო საქმეების განსჯაში, არ იწვევდნენ "რჯულში" ("ბჭეში").
მაგრამ ეს არ ნიშნავდა ქალისადმი უპატივცემულობას, ქალს ისედაც დიდი ფუნქცია და მისია ჰქონდა: ის წყვეტდა და მართავდა ბევრ საშინაო, სამეურნეო საქმეს.

ქალი იყო გვარში მაღალი ჯიშის შემოტანის "ფუნქციონალი". ჯიშიერი ქალის შემოსვლა ოჯახისთვის და გვარისთვის დიდი პატივი და სიხარული იყო.

ჯიშნაკლული ქალი კი აკნინებდა და უარყოფითად ცვლიდა გვარის გენეზისს – შეიძლება "სიტყვამცდარობასთან", "ავ ენობასთან" ერთად ფიზიკური გადახრის (მანკიერების) რაიმე გენეტიკური ნიშანი შეეტანა გვარში…

ამიტომ ქალი ფრიად დაფასებული და "განდობილი" იყო – ის არ ერეოდა კაცის (თემის) საერო საქმეებში და სრულიადაც არ ჰგავდნენ ღობეზე მხტომარე და პარლამენტში მჩხავანა დედაკაცებს. ისინი ლამაზები და გონიერნი იყვნენ და იცოდნენ სიყვარული.
არის ერთი მაგალითი: ქისტებს ტყვე ქალები ჩაუტარებიათ შატილზე. ერთ-ერთ მათგანს უთქვამს, რომ წივილ-კივილი აეტეხათ, მანდ ჩემი დედიძმანია და გვიშველიანო, მაგრამ მეორეს დაუშლია: შატილიონი გამოვლენ და ერთმანეთს ჩახოცავენ. ნუ ჩავახოცინებთ ერთმანეთს, ჩვენ მაინც გამოგვიხსნიანო. ტყვეებმა იცოდნენ, რომ იქ ნამუსს შეუნახავდნენ…
ეს მართლაც ასე მომხდარა.

ამ ქალის გონიერებას ქებით იხსენებდნენ ხევსური უხუცესნი. ასეთი იყო მორალი.скачать dle 12.0