ვინ დანიშნა კაპიტანი გიგაური საქართველოს დირექტორად?

კაპიტანი გენერლის ამბიციით

ხომ მოგისმენიათ ეკა გიგაურისთვის? ისე ლაპარაკობს, ისეთი ფოლადისებური ხმით იძლევა ინსტრუქციებს და დირექტივებს, თითქოს გენერალი იყოს.
არადა, გენერალი კი არა კაპიტანია, თანაც ეს წოდება რიგგარეშედ მიენიჭა უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიერ, თუმცა რატომ და რა დამსახურების გამო, დღემდე უცნობია.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ეკა გიგაურს ეს წოდება 2007 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული ბრძანებით აქვს მინიჭებული, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ გიგაურის მოულოდნელი დაჯილდოება რიგგარეშე ჩინით, შეიძლება რაღაცით უკავშირდებოდეს 2007 წლის 7 ნოემბრის ამბავს, როცა მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს.

ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი კიდევ ერთი კითხვა დავსვათ: როგორ მიხდა, რომ იმ დროისთვის სრულიად ახალგაზრდა და ნორჩი ეკა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გახდა და ამ თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ჩაანაცვლა?
გაურკვეველი და ლოგიკურად აუხსნელია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასაზღვრო დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ (რომლის გარეშეც, ცხადია, ეს დანიშვნა ვერ მოხდებოდა) და რატომ დანიშნა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე სრულიად ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ამ საქმის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა?

თანამდებობა, რომელზეც აქამდე გენერლები მუშაობდნენ, რატომ გახდა უცებ ადვილად მოსარგები და შესაფერისი ახალგაზრდა და გამოუცდელი ქალბატონისთვის?

ჭორები დაირხა: ქალბატონი ეკა ბატონი ბადრის ნათლულიაო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ქალბატონსა და ბატონს შორის არანაირი ნათელ-მირონობა არ არსებობდა, რამაც კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ეკა გიგაურის დაწინაურების საიდუმლო.

სახუმარო საქმე ხომ არ არის, სასაზღვრო პოლიციაში საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის, კადრებისა და საფინანსო და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამმართველოები შენს დაქვემდებარებაში იყოს და გენერლები და პოლკოვნიკები `ჩესტს~ გიღებდნენ, ეს იმ დროს, როცა ჯერ მხოლოდ ეკა გიგაური ხარ და მეტი არაფერი.

თუმცა, მიუხედავად გამოუცდელობისა და ყმაწვილქალობისა, როგორც ჩანს, ეკამ მაინც გაქაჩა და ისე მაგრად გაქაჩა, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, სულ მალე კაპიტნობასაც კი გამოჰკრა ხელი, რასაც კინორეჟისორი გოგა ხანიდრავა შემდეგნაირად ხსნის:

"მინდა მოგახსენოთ, რომ, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც დაკავშირებულია იმ ბინძურ რეჟიმთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო გამეფებული, როცა ყველაფერი აწყობილი იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე, არაერთ მცდელობაზე, რომ აერიათ ხალხის გონება, ისევეა ეს საჩივარი, რომელიც შეტანილი აქვს კაპიტან გიგაურს ჩემს წინააღმდეგ.
ის აღშფოთებულია ჩემი განცხადებით იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის რიგგარეშე წოდება, ჩემი ვარაუდით, 7 ნოემბრის აქციაში თანამონაწილეობის გამო მიიღო».


გოგა ხაინდრავამ წარმოადგინა ბრძანება, რომელიც ასახავს ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას და აქვე აღნიშნა, რომ საქმის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, აღარ არსებობს.

"ქალბატონი, რომელიც გამოიზარდა ვანო მერაბიშვილის უწყებაში და არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სახე, სიცრუეზე, სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით, დღეს ის მოვლენილია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. მორალს უკითხავს ქართველ საზოგადოებას, თუ როგორ უნდა იყოს ცხოვრება აწყობილი. ამას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც უამრავ სხვა ადამიანთან ერთად 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ გადახტნენ არასამთავრობო სექტორში. ისინი არიან ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რადგან თანამონაწილეები იყვნენ ყველა იმ დანაშაულების, რასაც ჩადიოდა სააკაშვილი და მისი რეჟიმი.

მოვუწოდებ კაპიტან გიგაურს - არანაირი სასამართლო ამას არ სჭირდება, გამობრძანდით და აუხსენით საზოგადოებას, რიგგარეშედ რატომ მოგანიჭეს კაპიტნის წოდება, რა დამსახურებისთვის, რა გააკეთეთ ასეთი, რომ ბატონმა მერაბიშვილმა გამოგყოთ თქვენ?!
ეკა გიგაური იმალება, არც სასამართლოზე არ მოდის. საჩივარი თავად შეიტანა და საჯაროდ მოითხოვა ჩემგან ბოდიში… ბოდიშს კი არ მიიღებს, დავანგრევ მგლების ბუდეს, რომლებიც ცხვრების ქურქებში არიან გადაცმულები და არასამთავრობო სექტორიდან ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან. ეს აღარ არის ჩემთვის სამოქალაქო პროცესი, ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს იმ კრიმინალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა შსს-ში, სახელმწიფო სტრუქტურებში და დღეს გრძელდება არასამთავრობო სექტორში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დავადგენ უკანასკნელ ცნობას იმ თაღლითობის და დანაშაულების შესახებ. მე ვპირდები ამას არა მარტო კაპიტან გიგაურს, არამედ უტიაშვილს, რურუას, შაშკინს, ყველას, ვინც ამოეფარა არასამთავრობო სექტორს და დღეს ცდილობენ, ქართველი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
ძალიან საინტერესო და ხმაურიან პროცესს გპირდებით, რომლის შედეგადაც უამრავი რამ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი», _ განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


გოგა ხაინდრავას პოზიციას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია «პოზიციის» დირექტორი გურამ ადამაშვილი, რომლიც მტკიცებითაც ეკა გიგაურს «უშუალოდ აქვს მიღებული მონაწილეობა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში».

ამასთან ერთად, ადამაშვილის თქმით, გიგაურმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილე სპეცრაზმელები დააჯილდოვა და თითოეულ მათგანს 1000–1000 ლარის ოდენობის პრემია გადასცა.

2007 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაში სასაზღვრო პოლიციის უფროსი ავალებს ეკა გიგაურს, კონტროლი გაუწიოს სასაზღვრო პოლიციის ხევსურეთში მდებარე ბარისახოს სამმართველოს 10 თანამშრომლის და სასაზღვრო პოლიციის და სამმართველოს უფროსის დაჯილდოებას.
ხაინდრავას და ადამაშვილის აზრით, ეს პოლიციელები საზღვრის დაცვის კარგად ორგანიზებისთვის კი არა, 7 ნოემბრის აქციის დარბევაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ, ჯგუფს კი ორგანიზებას და იდეოლოგიურ მხარდაჭერას ქალბატონი ეკა უწევდა.

მოგვიანებით ეკა გიგაურმა ხაინდრავას და ადამაშვილის ბრალდებებს სიცრუე უწოდა და კატეგორიულად გამორიცხა, რომ მას ან სასაზღვრო პოლიციას რაიმე სახის კავშირი ჰქონოდა 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან, ეს კი იმით დაასაბუთა, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე სასაზღვრო პოლიციის დებულებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მოვალეობაში არ შედის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შესაბამისად, მათ არ შეიძლება მონაწილეობა მიეღოთ 7 ნოემბრის აქციის დარბევაში.

ეხ, ქალბატონო ეკა, ქალბატონო ეკა, რა არგუმენტია ახლა ეს, რაც თქვენ თავის გასამართლებლად მოიტანეთ?

ვინ სულელი დაიჯერებს იმას, რომ «ნაცმოძრაობა» და ნაცელიტა სულ კანონების და დებულებების მიხედვით მოქმედებდნენ და ერთ ნაბიჯს არ დგამდნენ არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, თუ ეს კანონთან შესაბამისობაში არ მოდიოდა.

ასეა თუ ისეა, «საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს» ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მოღვაწეობა, განსაკუთრებით მისი პირველი, სატრამპლინო პერიოდი იმდენად გაუმჭვირვალეა და ისეთი ბურუსით არის მოცული, ცოტა არ იყოს, უხერხულია ასეთი ჩაკეტილ-გასაიდუმლოებული და «გაუმჭვირვალე» ბიოგრაფიის ადამიანი გამჭვირვალობის, თანაც საერთაშორისო გამჭვირვალობის, მებაირახტრედ გამოდიოდეს.

***

გავრცელებულ ინფორმაციას, ეკა გიგაური პოლიტიკაში მიდისო, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი კომენტარი გაუკეთა: "მივესალმები, რომ გიგაური რაც შეიძლება მალე გადავიდეს პოლიტიკაში, რადგან ის რეალურად საკუთარი გამოსვლებით, სამოქალაქო საზოგადოებას ამახინჯებს. სასურველი იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს პოლიტიკაში. გიგაური თავს სამოქალაქო საზოგადოების წევრად ასაღებს".
ზუსტი შეფასებაა! გიგაური და მასთან ერთად სხვა გიგაურები, რომლებიც თავს სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებად ასაღებენ, სინამდვილეში ან თავად არიან შენიღბული პოლიტიკოსები, ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან.
ქართულ რეალობაში მართლაც მანკიერი და მახინჯი პრაქტიკა დამკვიდრდა: ვიღაც-ვიღაცები ერთ-ორ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებში გაივარჯიშებენ და გაილესავენ ენას, მერე კი პოლიტიკაში მიდიან ან პირიქით - პოლიტიკიდან არასამთავრობოებში გადმორბიან და იქ პოულობენ საიმედო თავშესაფარს.
ნახეთ ერთი, თუნდაც ბოლო ხანებში "ნაციონალური მოძრაობიდან" ოტებული რამდენი პოლიტიკოსი, რამდენი მინისტრი და მაღალჩინოსანი გადაბარგდა არასამთავრობოებში და ახლა იქიდან ალაგებს ქვეყანას, ოღონდ უკვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის სტატუსით.

კაპიტანი ეკა გიგაურიც, "ნაცმოძრაობის" პოლიტზოოპარკის ფარშევანგი, ამ ზოოპარკში გაზრდილ-დაფრთიანებული, ვანო მერაბიშვილის მიერ გზადალოცვილი, ცხადია, "ნაცმოძრაობის" ინტერესებს ემსახურება დღემდე, მაგრამ ამას საგულდაგულოდ მალავს და ნიღბავს, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეს მეტყველებენ.

საქმე ის არის, რომ ეკა გიგაურის და მისი ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" კრიტიკის საგანი ან შესწავლის ობიექტი მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ გამხდარა არც "ნაცმოძრაობა", არც ნაცელიტა, არც მისი რომელიმე წარმომადგენელი, თითქოს "ნაცმოძრაობის" ცხრაწლიანი სისხლიანი პერიოდის დროს არც ერთი სერიოზული დანაშაული არ მომხდარა _ არც უდანაშაულო ადამიანების ხოცვა და დაპატიმრებები ყოფილა, არც ქონების წართმევა და მიტაცება, არც კორუფცია, არც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა "ნაცმოძრაობის" უგუნური პოლიტიკის წყალობით, არც ადამიანების პოლიტიკური დევნა და შევიწროება, არც მიტინგების და აქციების სასტიკი დარბევა და ა. შ.
ყოველივე ამას თითქოს სქელი, გაუმჭვირვალე, შუქგაუმტარი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული და რაც ამ ფარდის მიღმა ხდებოდა, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თვალმახვილი ლიდერისთვის შეუმჩნეველი და გაუმჭვირვალე იყო.

გიგაურს და მასთან ერთად მის არასამთავრობო ბიძაშვილ-მამიდაშვილებს თვალი 2012 წლიდან, ანუ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ აეხილათ და მანამდე "ნაცმოძრაობის" თვალში დირესაც რომ ვერ ხედავდნენ, ახლა "ქართული ოცნების" ბეწვიც კი არ რჩებათ შეუმჩნეველი.

ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით კაპიტანი გიგაური გამოირჩევა, რომლის ყურადღების მიღმა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ასე თუ ისე მნიშვნელოვანი არც ერთი დეტალი არ რჩება, გარდა იმ დეტალებისა, რაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება "ნაცმოძრაობას" რაღაცით უკავშირდებოდეს.
გიგაური ერევა და ერკვევა ყველაფერში - იურისპრუდენციაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სახელმწიფო სტრუქტურების მოწყობისა და რეფორმირების საკითხებში და თავის მოსაზრებებს ისეთი კატეგორიული ტონით გამოთქვამს, თითქოს ის და მისი "გამჭვირვალე" ორგანიზაცია ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია იყოს.

მტკიცედ მოკუმული ბაგეებით, არწივისებური მზერით, ფოლადისებური მკაცრი ხმით ის გასული საუკუნის ციხის ზედამხედველ ბოლშევიკ ქალბატონებს უფრო ჰგავს, ვიდრე სამოქალაქო სექტორის ჰუმანისტ, რბილ და ლმობიერ წარმომადგენელს, რომელიც მუდამ მზად არის კონსენსუსისა და დიალოგისთვის.
მაქვს გონივრული ეჭვი, რომ კაპიტან გიგაურს რომელიღაც საიდუმლო ორგანიზაციაში გენერლის ჩინი უბოძეს და ამიტომაც გველაპარაკება იგი გენერალივით, თითქოს მხოლოდ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი კი არა მთელი საქართველოს დირექტორი ეგ იყოს.

წერილს იმ წერილის ფრაგმენტით დავამთავრებთ, რომელიც "საერთო გაზეთის" წინა ნომერში დაიბეჭდა:
საქართველოში 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა.

თითოეულმა მათგანმა თვეში, მინიმუმ, 5000 ლარი რომ მოიხმაროს, ეს თვეში მილიონი ლარია, წელიწადში 12 მილიონი ლარი.
ვინ იხდის ამ 12 მილიონს და რისთვის?

რატომ არავინ არ სვამს ამ მარტივ და უბრალო კითხვას და რატომ უსვამენ თავზე ხელს და რატომ უჩლექენ ენას ამ პარაზიტულ და მუქთახორა ორგანიზაციებს, რომლებიც, ლამის არის, მეორე, არაოფიციალურ ხელისუფლებად გვექცეს, რომელიც ოფიციალურ ხელისუფლებას ხშირად შანტაჟის და ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

"ჩვენთვის უცნობია, არსებობს თუ არა ამ ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი სერიოზული კვლევა თუ ანალიზი, მაგრამ ასეთი რამ თუ არსებობს, ადვილად მივალთ იმ დასკნამდე, რომ ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების უკან, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფების ან უფრო უარესი — დანაშაულებრივი სინდიკატების კარგად შეფუთული და შენიღბული ინტერესები დგას, რომლებიც არ შეიძლება თანხვედრაში მოდიოდეს ქართველი ხალხის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.


მიუხედავად ამისა, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ბერკეტების მოშველიებით, მაინც მოახერხეს, განზე გაეწიათ საზოგადოება, ხალხი და, როგორც ზემოთ ვთქვით, ხელისუფლებასთან მუდმივი დისკუსიის რეჟიმში, რომელსაც ზოგჯერ შანტაჟის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ელფერი დაჰკრავს, ხალხის, საზოგადოების სახელით ელაპარაკათ და ემოქმედათ.

შედეგად მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არაერთგზის გაჟღერებული განცხადება, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა, საზოგადოებას თვითნებურად და დემაგოგიურად ჩანაცვლებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ურთიერთობის დონეზე დავიდა, საზოგადოება და ხალხი კი განზე დარჩა.

განზე დარჩენილი ხალხი და ხალხსა და ხელისუფლებას შორის ხალხის სახელით ჩაკვეხებული არასამთავრობოები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ისინი და მხოლოდ ისინი არიან საზოგადოების ინტერესების გამომხატველნი, ოთხივე მხრიდან უტევენ ქართულ სახელმწიფოს და თუ ძალიან არ ვიმარჯვეთ, იმასვე უზამენ ამ ქვეყანას, რაც თავის დროზე "მხედრიონმა", "მდედრიონმა" თუ "საძმოებმა" უქნეს.

ესაა რეალობა და ამ რეალობას, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გაუსწოროს თვალი, სანამ ამ თვალს გიგაურები, პატარაიები, მიქელაძეები, სალაძეები, ვერძეულები, წიქარიშვილები არ გამოთხრიან…

"საერთო გაზეთი"
скачать dle 12.0