დიდი თურქეთი და დიდ თურქეთზე დიდი პატარა საქართველო

თბილისიდან სტამბულამდე და უკან "თურქიშ აირლაინსის" "პეგასუსის" თვითმფრინავით ვიმგზავრეთ, რომლის ფრთებზე ბერძნული მითოლოგიის ზღაპრული ფრთოსანი ცხენია გამოსახული. უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება. ამ სახელმწიფოს, ხალხს, ერს თავისი, საკუთარი არ აქვს, მაგრამ სხვისას იფერებს, იშნოვებს და მეტიც, მსოფლიოს წინაშე თავს მაღლა წევს, შრომობს, აშენებს და არავისზე ნაკლებად არ მიაჩნია თავისი სახელმწიფო…

თურქმა შესანიშნავად იცის საკუთარი თავის ფასი. იცის, რომ ის არ არის ძველი, დიდებული კულტურის შემოქმედი. თვითონვე აღიარებს, რომ არ ცხოვრობს საკუთარ მიწაზე, მან იცის, რომ ის იყო მომთაბარე, არ გააჩნდა საკუთარი მიწა, კულტურა, ტრადიცია, მაგრამ შეიძინა, წაართვა, მიითვისა. ეს იცის და დღემდე კომპლექსი აქვს, მეჯღანუაშვილის კომპლექსი, რომელსაც მუდმივად ფარავს მსოფლიოს წინაშე, იმ მსოფლიოსი, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, სულაც არ ანაღვლებს ეს ამბავი, რადგან ბევრი მათგანის ისტორიაც ისეა შექმნილი, როგორც თურქეთისა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ თურქს კომპლექსი აწუხებს მეზობელ ი, გაჭირვებული საქართველოს წინაშეც, რომლის ინდუსტრიითაც აიდგა ფეხი გასული საუკუნის 80–90-იან წლებში. დღეს კი ქართული ეკონომიკა თურქულ ეკონომიკასთან არის მიბმული და მისი ერთგვარი გაგრძელებაა...
თურქები აღიარებენ, რომ საქართველო დიდებული კულტურის ქვეყანა იყო და არის. ნებისმიერმა მათგანმა იცის, რომ არსებობდა შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, მოსწონთ და ეთაყვანებიან ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს, ქართულ თვითმყოფად სამზარეულოს.

თუ ყური მოჰკრეს, რომ "გურჯისტანიდან" ხარ, აღფრთოვანებული თვალებით გიყურებენ, ცერს მაღლა სწევენ და დიდი პატივისცემით გეპყრობიან მანამ, სანამ იმსახურებ ამას და უკადრებელს არ იკადრებ…
თურქეთი დღეს 80-მილიონიანი უმდიდრესი სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, მას სურს 3-მილიონიანი საქართველოს მსგავსი კულტურა ჰქონდეს და მეტიც, თავისას ქართულ კულტურასთან აიგივებს.
ჩვენ ერთი კულტურის ხალხი ვართ, ამბობს თურქი და დასძენს: ერთნაირი ცხოვრების წესი გვაქვს, თითქმის ერთი ხალხი ვართ, ამბობს და კმაყოფილია ამით.

მე, რა თქმა უნდა, არ ვეწინააღმდეგები. თქვას, რაც უნდა, სინამდვილეში რომ ასე არაა, ეს გულში თვითონაც მშვენივრად იცის, მაგრამ მუდმივ კომპლექსს, აღზევებული მდაბიოს კომპლექსს ვერ იშორებს და თუმცა მდიდარია, მაინც უნდა გაჭირვებულ, მაგრამ კულტურულ, ღრმა ისტორიის მქონე ერს გაუტოლდეს, დაემსგავსოს, მეტიც, საკუთარი თავი გააიგივოს მასთან.

სურს დაივიწყოს, რომ ჯერ კიდევ მე 11 საუკუნეში მომთაბარე იყო და მიჩვენებს მისი თურქი რძლის ფოტოს, რომელიც ქერაა და ცისფერთვალება…
თურქების უმრავლესობა მუქკანიანია, მომწვანო, მოყვითალო ფერი გადაჰკრავთ და უპროპორციო სხეულის ნაწილები აქვთ, თუმცა ლამაზ თურქსაც შეხვდები, რომლებიც, სინამდვილეში, ალბათ, თურქები არც არიან.


ულამაზესია მარმარილოს ზღვა.
თოლიები გაჰკივიან, ლამის მხარზე დაგასხდნენ.
ზღვის ნაპირზე ჰაერი თევზის სუნით არის გაჟღენთილი.
ზღვისპირას მუდმივად დგომით გამომშრალი, გამხმარ ტარანასავით თურქი შავი ულვაშების ქვემოდან გამოჩრილ თეთრ კბილებს აჩენს და პირდაპირ მეუბნება, რომ ქართველი ვარ.

_ გურჯი. შენ ქართველი იქნები, _ ამბობს, თავს უცნაურად აკანტურებს.
_ გურჯი ქალები ყველაზე ლამაზები ხართ. _ დარწმუნებით ლაპარაკობს.
_ რუსები? რუსები არ არიან ლამაზები? _ ვეკითხები, რადგან მგონია, რომ სითეთრის გამო მიაჩნია ქართველები ლამაზებად.
_ რუსები კარგები არიან, მაგრამ ქართველი ქალი ჯობია. ქართველი ქალი უფრო ალერსიანია. მე ვიცნობ ნინოს, თეას, მაიას, შენ რა გქვია.
_ ირანდა.
_ ირანდა, _ იმეორებს რამდენიმეჯერ, თან თავს აქეთ-იქით იქნევს.
ცივა. სუსხია ზღვის ნაპირას. ბალაგანზე თითქმის წყალში დგანან მოვაჭრეები და ახალდაჭერილ თევზს ჰყიდიან.
თევზის რეწვა თურქეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
თურქეთის უბრალო მოქალაქეს შეუძლია საკუთარი წვრილი ბიზნესი აწარმოოს _ დაიჭიროს თევზი საკუთარი ქვეყნის ზღვაში და გაყიდოს ან ცოცხლად, ან იქვე შეუწვას მსურველს…

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოცხადებულ აუქციონზე 2005 წელს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზჭერის უფლება რამდენიმე ფირმამ მიიღო.

ლიცენზიანტმა ქართველმა ბიზნესმენებმა თევზჭერის უფლება იჯარით თურქ მეთევზეებს გადასცეს.
უბრალო ქართველი მეთევზეები კი ხელისუფლებისგან კრედიტებით დახმარებას ითხოვენ, რათა თურქებს, რომლებიც საქართველოში მას შემდეგ შემოდიან, რაც თურქულ წყლებში თევზჭერა სეზონურად შეწყდება, უთხრან: ჩვენ თვითონ დავიჭერთ თევზს და მოგართმევთ ხოფაში...

წვრილი ბიზნესი აქვს მუსტაფას. იგი 22–25 წლის იქნება. მუსტაფა სტამბულის ერთი ცენტრალური ქუჩის კუთხეში წაბლს წვავს და ჩაის და ნამცხვრებს სთავაზობს მსურველებს. იქვე უდგას წვენების საწური აპარატი, რომელიც ფორთოხალს ჯერ რეცხავს, მერე ჭრის, წურავს და ნატურალურ წვენს ჰყიდის. ქუჩაში სამი მაგიდა უდგას და ამ მაგიდებს ხშირ-ხშირად წმენდს გულდასმით… ვინ იცის, შეიძლება ხვალ მუსტაფა მსხვილი ბიზნესმენი გახდეს, კაფეების ან რესტორნების მფლობელი. მას სახელმწიფოც ეხმარება ამაში.

თურქეთის რომელ კუნჭულშიც უნდა იყო, დღეში ხუთჯერ მუეძინი შეახსენებს თურქ ერს, რომ `არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა~. მაშინ ყველა ანებებს თავს საქმეს და იჩოქებს უხილავი და უსახო ალლაჰის წინაშე.
თურქეთის ტერიტორიაზე ვერსად ვერ ნახავ დანგრეულ ან მოუვლელ მეჩეთს. იდეალური წესრიგი და სისუფთავეა მეჩეთების ეზოში და თვით მეჩეთშიც.
მეჩეთში შესვლა თუ გინდა, ფეხსაცმელი კიბეებთან უნდა დატოვო, მტვერი ტაძარში არ უნდა შეიტანო. არამუსულმანიც ვერ შევა მეჩეთში ფეხსაცმლით. ფეხმორთხმული მლოცველები, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ნირვანაში არიან, იმას მაინც ხედავენ, ქალი უთავსაფროდ რომ დგახარ და მიგანიშნებენ, რომ მათ სალოცავს პატივი უნდა სცე, თავსაბურავი უნდა დაიხურო. უცებ მახსენდება სიონში შორტებიანი, ნახევრადგახდილი, ზურგჩანთებიანი უცხოელი ტურისტები, მაგრამ შთაბეჭდილებისგან ეს მაშინვე მავიწყდება, რადგან ჩემს წინ თავად სულთან სეულეიმანის სარკოფაგია. გვერდით ჰიურემ სულთანის და მათი შვილებისა და შვილიშვილების საძვალეები. სარკოფაგები მეჩეთის გვერდით აშენებულ სპეციალურ აკლდამაშია განთავსებული. სარკოფაგებს კუბოს ფორმა აქვს. უზარმაზარი კუბო სულთნისაა, შედარებით მორჩილი მეუღლის, უფრო მომცრო შვილების და სულ პატარა სულთნის გარდაცვლილი მცირეწლოვანი შთამომავლის. სარკოფაგის თავი დასავლეთისკენაა მიმართული და მათ სიცოცხლეში რომ ეხურათ, ის ჩალმა ადევს სარკოფაგის წვერს, დასავლეთის მხარეს.

თავიანთი დიდებული სულთნები თურქებს წმინდანებად მიაჩნიათ და მათ საძველეებთან ლოცულობენ კიდეც.
თურქებს არ უყვართ რუსები.
თუმცა რუსი ტურისტებით სავსეა თურქეთი, თურქმა რომც იცოდეს, ერთ სიტყვას არ იტყვის რუსულად. სამაგიეროდ, ამერიკელები მოსწონთ.
ამერიკამ ისინი აღიარა.
ამერიკამ თურქეთი დააფასა.
ამერიკას კარგად ესმის თურქეთის!..

_ ბათუმი და მთელი აჭარა თურქული ტერიტორიაა, _ მეუბნება ჩემი მასპინძელი, რომელსაც, მგონი, მიაჩნია, რომ მე, შეიძლება, სინამდვილე არ ვიცოდე და ამ აბსურდში, ცდილობს, დამარწმუნოს.

მეღიმება და ვეუბნები, რომ სხვა თემაზე ვილაპარაკოთ, ვიდრე ყველაფერს გავიხსენებთ.
თურქი უხერხულად იშმუშნება და კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ სურს მას, კომპლექსები ჩამოიბერტყოს… როგორ უჭირს დიდ ქართულ კულტურასთან შეხვედრა, როგორ უნდა, რომ მის წიაღში იყოს, როგორ უნდა, რომ იყოს ის, რაც არ არის…
ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსები არ ვიცი, დიპლომატიის ეთიკისთვის, არ ვიცი, უცოდინრობით, ამბობენ, რომ თურქეთი ჩვენი მეგობარია და ის არასდროს ყოფილა ჩვენი ისტორიული მტერი.

ალბათ, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, თურქეთი ვერასდროს გახდება ჩვენი მეგობარი ვერც მენტალობით, ვერც კულტურით, ვერც ტრადიციით, ვერც წარსულით და ისტორიით, რადგან თურქი ერი დღეს არის იმ მომთაბარე თურქი სელჩუკების შთამომავალი. ჩვენს წინაპრებს რომ ჟლეტდა, ჩვენს ტაძრებს რომ ანგრევდა და ხელნაწერებს რომ წვავდა. გენეტიკა, გენეტიკის მეხსიერება, წარსული კი, რაც უნდა დაანგრიო და წაშალო, ის არსებობდა ესაა ფაქტი და ამ რეალობას თუ გაექცევი, ნამდვილი პოლიტიკოსი კი არა, ქოსატყუილა მეზღაპრე ხარ, რომელიც ვერც ქვეყანას მოუტანს სიკეთეს და ვერც საკუთარ თავს...

შეუძლებელია დღეს პატივი არ სცე თურქ ხალხს და თურქეთის სახელმწიფოს, რომლებმაც შექმნეს და გააძლიერეს ევრაზიის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანა თავიანთი შრომითა და თავდადებით.
როგორც კი ფეხს დაადგამ თურქეთის ტერიტორიაზე, მიიხედ-მოიხედავ, ხედავ მოფუსფუსე ხალხს, ინტერესით და საქმით გართულს, ქალაქები დუღს, სადღაც ქარხნის თუ ფაბრიკის კვამლი ამოდის, ყველა პატივს სცემს ეროვნულ დროშას, ერდოღანს, შენობებზე აქა-იქ დაინახავ პლაკატს, რომელზეც გამოსახულია ცხენზე მჯდომარე შავფაფახიანი კაცი. ეს ყველა დროის თურქთა ბელადი მუსტაფა ქამალ ათათურქია…
პატივსაცემი ხალხია თურქები. ანგარიშგასაწევი.

_ მე შემიძლია მოვკვდე საქართველოსთვის, _ ვამბობ.
ჩემს მასპინძელს აღმოსავლური ცბიერებით ეღიმება, თან ბაქლავას მთავაზობს.
რა შუაში იყო ახლა ჩემი "გამოსვლა"?
ვგრძნობ, ცოტა უკმაყოფილოა.
ამჯერად, თურქეთში ფულის საშოვნელად ჩამოსულ გურჯის ქალს ვერ შეხვდა. ცოტა დაბნეულია და სადღაც გონების სიღრმეში სიტყვას ეძებს, რა მიპასუხოს.
_ მე მიყვარს ჩემი მიწა, _ ამბობს.
მან იცის, რომ თუ საჭირო იქნა, იბრძოლებს ამ მიწისთვის…
უკან ვბრუნდები.

ათათურქის აეროპორტში არაბები, ყაზახები, ზანგები, თურქები, თურქები და თურქები, ერთმანეთში ირევიან.
იქვე ქალები სხედან. მოტკეცილი ელასტიკის შარვლებით და ჯინსებით. ხშირ-ხშირად ისწორებენ ვარცხნილობას, ნერვიულად იცვლიან ჯდომის პოზას. ლაპარაკობენ მიმიკებით და ხელებს გამომწვევად შლიან.
ნამდვილად თბილისელები იქნებიან, _ ვფიქრობ. ვდგები და შორიახლოს ჩავუვლი. 
ეჰ, ქართულად ლაპარაკობენ…

რამდენიმე საათში "პეგასუსს" თბილისისკენ მოვყავართ.
ქართული ავიახაზები მთლიანად თურქულ ავიახაზებზეა დამოკიდებული.
თბილისის აეროპორტები თურქული ავიაკომპანიის კურირების ქვეშაა.
ორსაათიანი ფრენის შედეგ თურქი გოგონა მომხიბლველი ხმით აცხადებს, რომ უკვე თბილისის აეროპორტში ვართ.
ღამის 3 საათია.
ირგვლივ სიწყნარეა…
მოწყენილობა…
სიცივე…
თითქოსდა მიუსაფრობაც…
უპატრონობა…
სიღარიბე…
უკვე ჩემს მიწაზე ვარ.
თბილია ქართული მიწა.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0