სარეკლამო ადგილი

947x125



ალექსანდრე კობაიძე: გამოძიებას ვთხოვ, ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაკითხონ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა!

სოსო (სამსონ) ქუთათელაძე, ეროვნული გვარდიის სარდალი 2004–08 წლებში, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორი 15 იანვარს ქალაქ რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ექვსი გასროლით მაყუჩიანი იარაღით საკუთარ სამუშაო კაბინეტში გარ- დაცვლილი იპოვეს.

გამოძიებამ რამდენიმე პირი დაკითხა. ძირითადი ეჭვები კი გამოძიებას მის პარტნიორთან გიორგი
ჭანტურიასთან აქვს, რომელმაც ქუთათელაძე უკანასკნელად ნახა. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ "სტამბოლის ბაზრობის" წილები, რომელიც, სავარაუდოდ, ქუთათელაძის მკვლელობის მიზეზი გახდა, გიორგი ჭანტურიას 2010 წელს დაათმობინეს ისე, რომ ამ საქმეზე მაშინ ჭანტურიების ოჯახის ორი წევრიც კი იყო დაკავებული.

– ბატონო ალექსანდრე, გიორგი ჭანტურია დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. რის საფუძველზე დაკითხეს ჭანტურია და მისი ოჯახის წევრები?


– როდესაც საქმის მასალებს გავეცანი, აღმოჩნდა, რომ ჭანტურიას მიმართ არავითარი ეჭვი არ
შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ისეთი ადამიანები ადებენ ხელს მას, თითქოს ის იყოს სავარაუდო
მკვლელი, რომელთა მიმართაც, ადვილი შესაძლებელია, ლეგიტიმური ეჭვები არსებობდეს. ყველა სხვა ვერსიას გამორიცხავენ და გამოძიებას მოუწოდებენ, რომ გიორგი ჭანტურიას მიმართულებით იმუშაოს გამოძიებამ.

– რატომ?

– მიზეზები ბევრია. ახლახან ბაზრობის კიდევ ერთი მეწილე გამოვიდა და თქვა, რომ
ნამდვილად გიორგი ჭანტურია იყოს ეჭვმიტანილი. რაც, ფაქტობრივად, მას, ამ მეწილეს, უხსნის გზას იქეთკენ, რომ თვითონ და ქ. რუსთავის მერია გახდეს ბაზრობის ძირითადი წილის მფლობელი. როდესაც ჭანტურიას 2010 წელს დაათმობინეს ბაზრობის წილი, რომელიც შემდეგ აუქციონზე იქნა გატანილი და გასხვისებული, ეს ნაწილი ებრაელებმა შეისყიდეს, პროცესებს იქ დავით კირკიტაძე აკონტროლებდა და დღემდე ასეა. მოგეხსენებათ, ახლახან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქ. რუსთავის ახალმა მერმა ბაზრობის
წილი 15% მერიის ბალანსზე ჩაიბარა და ამ წილის მფლობელად თავისი ოჯახის წევრი, ნათესავი, არსებული ქონების დაცვის იურისტად დანიშნა.

როგორც კი ირაკლი ტაბაღუა რუსთავის მერი გახდა, მაშინვე გაათავისუფლა გიორგი ჭანტურია და მისი მამა სამსახურიდან და თავისი იურისტი მიავლინა "სტამბოლის ბაზრის" იურისტად. საინტერესო ის არის, რომ, როგორც კი სოსო ქუთათელაძე მოკლეს და ეს ამბავი დაცვის წევრმა გაახმაურა, დაახლოებით, ნახევარ საათში შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი მივიდა. როდესაც არავითარი სამსახურებრივი ვალდებულება არ ჰქონდა, არ იყო არც შესაბა- მისი სამსახურის წარმომადგენელი, არის ქალაქის მერი, რატომ მივიდა მაშინვე მკვლელობის ადგილას? ასეთი სხვა ფაქტი მე არ მახსენდება.

– რატომ არ უნდა მისულიყო ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა შემთხვევის ადგილას?

– მაინტერესებს, რატომ არ არის დაკითხული აქამდე ირაკლი ტაბაღუა? ეს კითხვა მიჩნდება მე, მაგრამ გამოძიება ამ ვერსიაზე არ მუშაობს.
მე მაქვს საკუთარი მოსაზრებები და ვკითხულობ: რატომ მოიშორეს საქმიდან ჭანტურია, რომელსაც ახლა სურთ ხელი შეაწმინდონ, ქუთათელაძე კი მოკლეს? ვინ იყო და არის ამის ინიციატორი? მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს – დაკითხონ ირაკლი ტაბაღუა და ჰკითხონ: რატომ დანიშნა თავისი ნათესავი ე.წ. "სტამბოლის ბაზრის"  იურისტად, რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ჭანტურიები და რატომ მივიდა მკვლელობის ადგილზე შემთხვევიდან ნახევარი საათის შემდეგ.

მე, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ადამიანს, მიჩნდება ეჭვები და ვფიქრობ, რომ ქალაქის მერი
ირაკლი ტაბაღუა კორუფციულ გარიგებაში იყო ბაზრობის ხელმძღვანელობასთან და იღებდა აქედან
თანხებს. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დეტალი იცის ტაბაღუამ ამ საქმესთან
დაკავშირებით.

– ანუ, თქვენ ეჭვი ირაკლი ტაბაღუაზე გაქვთ, რომ ის, შესაძლოა, რაიმე ფორმით სოსო ქუთათელაძის მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული?

– დაკითხონ და გასცეს პასუხი ირაკლი ტაბაღუამ, რატომ დანიშნა თავისი ნათესავი, რომელსაც
"ჭაბუკათი" მოიხსენიებენ, მერიის 15%-იანი წილის საკონტროლოდ "სტამბოლის ბაზრობაზე", თუკი ის ბაზრობის შემოსავლებით არ იყო დაინტერესებული?

მე მივიჩნევ, რომ აუცილებელია ირაკლი ტაბაღუა დაიკითხოს. მოგეხსენებათ, ირაკლი ტაბაღუა წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობდა და შესანიშნავად იცოდა რუსთავის ბაზრობის
შემოსავლების დეტალები.


განმარტებისთვის ქ. რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თამარ აქუბარდიას დავუკავშირდით.


თამარ აქუბარდია:

– ახლა მე აგიხსნით, რატომ აღმოჩნდა ეს ბაზარი საერთოდ ხსენებული რუს- თავის მერიასთან.
2011 წელს ნაციონალების დროს ბაზრის მეწილეებს წილები დაათმობინეს და წილის 85%- ის მფლობელი გახდა რუსთავის მერია. ამ წილის გარკვეული ნაწილი მერე ებრაელებს გადაეცა.

– ვინ იყვნენ ეს ებრაელები?


– ამის შესახებ მე არაფერი ვიცი. რაც ვიცი, იმ ინფორმაციას გაწვდით. რეესტრში შეგიძლიათ
ყველაფერი ნახოთ. 2016 წელსვე შპს "ერთობამ" დაიწყო დავა ამ 15%-ზე და დღემდე მიმდინარეობს ეს პროცესი. 2016 წელს ირაკლი ტაბაღუა არც მერი იყო და არც არავის
ეგონა, ოდესმე გახდებოდა თუ არა მერი. ამიტომაც ირაკლი ტაბაღუას არავინ არ დაუნიშნავს ბაზრის იურისტად და ვერც ვერავის დანიშნავდა. პირდაპირ გეტყვით ამას, იმიტომ, რომ ამ 15%-ს ადევს ყადაღა შპს "ერთობის", ანუ მოსარჩელის მოთხოვნით; რადგან მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ბაზრის იურისტად ბატონი ირაკლის ნათესავი არ მუშაობს. ის რუსთაველი კაცია, ქალაქში იცნობს ბევრი და პატივს სცემენ. ალბათ, იფიქრა ალექსანდრე კობაიძემ მის ვერსიას დაიჯერებდა ხალხი.

რაც შეეხება იმას, რატომ იყო მისული ქალაქის მერი შემთხვევის ადგილზე. თქვენ როგორ გგონიათ, ქალაქში მკვლელობა რომ ხდება, იქ არ უნდა მივიდეს ქალაქის მერი? ეს კი
არა, კანალიზაციის მილი რომ ფუჭდება, მაშინვე იქ ჩნდება ირაკლი ტაბაღუა.


ირაკლი ტაბაღუა: ადვოკატ კობაიძის მიერ ჩემი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები სრული აბსურდია


თამარ აქუბარდიამ ბატონ ირაკლი ტაბაღუასთან დაგვაკავშირა.

ირაკლი ტაბაღუა, ქალაქ რუსთავის მერი:

– რუსთავი გახლავთ ქალაქი, სადაც საცობები არ არის და გადაადგილება მარტივია. ამიტომ, როგორც კი გავიგე ეს ამბავი, 10 წუთის შემდეგ მივედი შემთხვევის ადგილზე.
ხანძრის დროს რუსთავში ღამის თევაც მომიწია, სხვა შემთხვევებიც იყო, სადაც პირადად მე
ვიყავი შემთხვევის ადგილზე. არ ვიცი, რატომ გიკვირთ. ეს მე სამსახურებრივად მევალება. რუსთავი პატარა ქალაქია…

– იცნობდით გარდაცვლილ ქუთათელაძეს?

– ხაზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ქალაქში შემოვლას ვახორციელებდით და ენერგოპროსთან ერთად ვიყავით ბაზრობის ტერიტორიაზეც. მაშინ შევხვდი სოსო ქუთათელაძეს, მა- ნამდე ახლო ურთიერთობა მასთან არ მქონია.

– რამდენ პროცენტს ფლობს დღეს რუსთავის მერია ბაზრობაზე?

— შპს-ებიდან და აი-პი-ები- დან, ზოგიერთი მერიის დაქვემდებარებაშია და დღემდე სასამართლო
პროცესი მიმდინარეობს ამაზე.

– ბატონი კობაიძე ბრძანებს, რომ შესაძლებელია ტაბაღუა კორუფციულ გარიგებაში იყოს ბაზრის ხელმძღვანელობასთანო.

– ეს არის სრული აბსურდი. ჯერ არ მოვსულვარ და უკვე კორუფციულ გარიგებაში როგორ ვიქნები?

– რატომ გაათავისუფლეთ მამა-შვილი ჭანტურიები სამსახურიდან?

– სად არის ბრძანებულება მათ გათავისუფლებაზე?

ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მუშაობდა გიორგი ჭანტურიას მამა. ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და გათავისუფლდა. შემდგომში მას განცხადება აღარ დაუწერია. რაც შეეხება იურისტს; (ურეკავს იურიდიულ სამსახურს და აზუსტებს გვარს – ი.კ.) იურისტი, გვარად დემურაძე, 2016 წელს დაინიშნა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსად. ის ჩემი ნათესავი არ არის.
ასე რომ, ადვოკატი კობაიძის მიერ ჩემი მისამართით გაჟღერე- ბული ბრალდებები სრული აბ- სურდია.

ირანდა კალანდაძე



მეტის ნახვა
5-02-2018, 19:02


ვახტანგ ხარჩილავა:

საქართველოში  საკუთარი ქვეყნის დამსმენები მოგვიმრავლდნენ, რომლებიც დიდი ხალისით და ენთუზიაზმით აბეზღებენ საკუთარ სახელმწიფოს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე.

საქართველოს ისტორიას დამსმენების,  გამცემლების,  ციხის შიგნიდან გამტეხლების მეტი რა ახსოვს, მაგრამ  ის,  რაც  დღეს ხდება,  იმდენად  მასშტაბურ  ხასიათს იძენს, არ შეიძლება ყოველივე  ამან   არ  შეგაშფოთოს  და არ დაგაფიქროს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური პარტიები, ე.წ. ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები – აი, არასრული  ჩამონათვალი  იმ  სუბიექტებისა, რომლებიც  საკუთარი   ქვეყნის დასმენის  და  ჩაშვების  სათაკილო და ამარცხვინო ხელობით არიან დაკავებულნი.

არ ვიცი, ვინმე აქეზებს მათ, ვინმე ფულს უხდის თუ ამ ადამიანებს  დასმენა,  უბრალოდ, ეხალისებათ, მაგრამ,  ფაქტია, დამსმენთა  რიცხვი  მატულობს და მატულობს.

სულ ახლახან საკუთარი სახელმწიფოს  დამსმენთა  რიგებს ლიდერთა საბჭოს სახით ახალი, 14 სუბიექტისგან შემდგარი "ქვედანაყოფი" შეემატა.

"ლიდერთა  საბჭო"!  –  ხომ  სოლიდურად  და  შთამბეჭდავად ჟღერს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ორიოდე გამონაკლისის გარდა, ძნელი მისახვედრია, ვისი ლიდერები არიან ამ რამდე- ნიმე კაცისგან შემდგარი პარტიის  წარმომადგენლები  და  ვისი სახელით ჩივიან საქართველოს და მის სახელმწიფო სტრუქტურებს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში.

14  პარტია  ვაწერთ  ხელს სტრასბურგში და ამერიკის კონგრესში გასაგზავნ ამ მიმართვასო –  ისე  ამაყად  და  მრავალმნიშვნელოვნად აცხადებენ მიმართვის ხელმომწერები, თუ კაცმა არ იცის, რომ ამ 14 პარტიის გარდა კიდევ 214 პარტიაა საქართველოში, შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, მთელი  პოლიტიკური სპექტრი შეკრებილა  და  გაერთიანებულა ამ  საჩივრის  გარშემო  და,  როგორც ჩანს, მართლაც რაღაც ძალიან სერიოზული ამბები ხდება, თორემ  ამდენი  პარტია  როგორ გაერთიანდებოდა და ერთად რო- გორ მოიყდრიდა თავსო.

"ლიდერთა საბჭო" სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურს  სასამართლო  და პოლიტიკურ  საკითხებში  უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს და საბ- ჭოში  შემავალი  პარტიების  წარუმატებლობას  არჩევნებში  ამ უწყებას აბრალებს.

შალვა ნათელაშვილი:

– სამსახური,  რომელიც  ატარებს  არჩევნებს,  არჩევს  დეპუტატთა კანდიდატურებს, იძახებს მათ დაკითხვაზე და ბოლოს ხოცავს ხალხს, მძინარე ახალგაზრდებს, რაც მოხდა მაჩალიკაშვილის მაგალითზე პანკისში. ხელმძღვანელობა აქამდე გადამდგარი უნდა ყოფილიყო, რომ გააჩნდეთ სულ პატარა ნამუსი.

ნინო ბურჯანაძე:
–  ძალიან  მნიშვნელოვანია  ის  საკითხი,  რომელზეც  ჩვენ  ვმსჯელობთ და რომლის ფინალამდეც მივდივართ. ეს არის სტრასბურ- გის  სასამართლოში  შესატანი სარჩელის  საკითხი.  სარჩელი, პრაქტიკულად, მზად არის და ეს სამზადისი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ერთხელ და  სამუდამოდ  გაისმას  ძალიან სერიოზულად სტრასბურგის ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები  ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, არ ჩატარებულა.

ბაჩუკი ქარდავა:
– სამივე ძირითადი საკითხი, რაზეც დღეს გვიწევს საუბარი, ეს არის ის, რომ, ფაქტობრივად, "ქართული  ოცნება"  და  ჩვენი  სახელმწიფოს არაფორმალური მმართველი  ცდილობს   საქართველოში მოკლას პოლიტიკა, მოკლას დემოკრატიული სტრუქტურები და სწორედ ეს გვაიძულებს ვითანამშრომლოთ, მიუხედავად ჩვენ შორის არსებული პოლიტიკური სხვადასხვაობებისა.

პაატა დავითაია:
– ქვეყანაში შექმნილი უსაფრთხოების საკითხები ძალიან მწვავედ არის წამოჭრილი. საუბარი არის იგივე პანკისში  ჩატარებულ  სპეცოპე- რაციაზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩნდება ქვეყანაში. მუშავდება კანონპროქეტი სანქციების შემოტანასთან დაკავშირებით, რაც ეხება ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების გატარებას. ღიად ჩანს იგივე "Fredom House"–ის მიერ გაკეთებულ  განცხადებებში,  რომ ოლიგარქიული თანხებით ხდება არჩევნების ჩატარება.

"ლიდერთა საბჭოს" წევრთა აზრით, მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავტორიტარულ სისტემად, სადაც ოლიგარქი  მართავს,  რეპრესიებსა და ტოტალურ კონტროლს ახორციელებს სპეცსამსახურთა მეშვეობით.  შესაბამისად,  სუს-ი გარდაიქმნა  პოლიტიკური  დევნის  იარაღად,  რომელიც  ნაცვლად  ქვეყნის  უსაფრთხოებაზე ზრუნვისა, ეწევა რეჟიმის მოწინააღმდეგეთა  მიმართ  თვალთვალს,  ახორციელებს  პოლიტიკური პარტიების შექმნადაშლის პროცესს, არჩევს და აკონტროლებს  დეპუტაციას  პარლამენტიდან  თვითმმართველობამდე, მასობრივად აყალბებს არჩევნებს. ამჯერად  სუს-ში  მიდის  მზადება  ოქტომბრის  საპრეზიდენტო არჩევნების  ტოტალური  ფალ- სიფიცირებისათვის. ყველაფერთან   ერთად,  დედაქალაქიდან აზერბაიჯანელი  ჟურნალისტის აფგან  მუხთარლის  გატაცება, თბილისის  ცენტრში  ისლამური სახელმწიფოს ტერორისტთა თავისუფალი შემოსვლა-გადაადგილება, ადამიანთა მსხვერპლი და პანკისში მძინარე, უდანაშაულო ახალგაზრდის  თემირლან  მაჩა- ლიკაშვილის  მკვლელობა,  რომელიც  განახორციელა  სუს-მა, მიუთითებს ამ ორგანიზაციის საბოლოოდ გადაგვარებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ სახელმწიფოში  სპეცსამსახურთა ხელმძღვანელობა გადადგებოდა ან იქნებოდა გადაყენებული.

მიგვაჩნია, რომ ამ სისტემის ხელმძღვანელებმა პასუხი უნდა აგონ პოლიტიკურ-სამართლებრივად. სასწრაფოდ დასაწყებია ფართო დისკუსია ამ ორგანოს გაადამია- ნურებასა და დემოკრატიულ რეფორმირებაზე, სხვა შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოება დგას სერიოზული საშიშროების წინაშე. დაახლოებით ამ შინაარსისაა იმ მიმართვის ტექსტი, რომლის გაგზავნასაც  ლიდერთა  საბჭო სტრასბურგსა და ამერიკის კონგრესში აპირებს.

ათ იმედი აქვთ, რომ სტრასბურგსა და აშშ-ის კონგრესს დაარწმუნებენ იმაში, რომ, ვთქვათ და, ბაჩუკი ქარდავას ან პაატა დავითაიას პარტიები იმიტომ ვერ იმარჯვებენ არჩევნებში, რომ ამაში მათ ხელს სუს-ი უშლით, თორემ ეს უწყება რომ არა, ეს პარტიები და ლიდერთა საბჭოში შემავალი სხვა პარტიებიც საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებდნენ.

ვერ გეტყვით, ამერიკის კონგრესში და სტრასბურგში, თუნდაც არაინფორმაციულობის  გამო, დაიჯერებენ თუ არა ამ ამბავს, მაგრამ  საქართველოში,  რომლის მოსახლეობამაც ზუსტად იცის, რატომ არ აძლევს ხმას ამ გაკოტრებულ პარტიებს, ლიდერთა საბჭოს ეს ვერსია სასაცილოდ არ ეყოფათ.

გამოდის, რომ ლიდერთა საბჭო თვალში ნაცარს აყრის საკუთარ მოსახლეობას და იგივეს გა- კეთებას უპირებს სტრასბურგსა და აშშ-ის კონგრესსაც.

სიცრუე, სიყალბე, უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება ჭორების შეთხზვა და გავრცელება - აი, ძირითადი იარაღი დამსმენთა არსენალიდან. "ლიდერთა საბჭოს" ამ ბოლო შეკრებას  წინ  უძღოდა  შალვა ნათელაშვილის რამდენიმე ვიზიტი აშშ-ში, კერძოდ, კონგრესმენ სტივ რასელთან, რომელიც, როგორც ჩანს, ბატონმა შალვამ დაარწმუნა, რომ საქართველოში უბედურება ტრიალებს, ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა, არ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები და ამ კატასტროფულ მდგომარეობას თავი რომ დავაღწიოთ, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს ანგარიშები გავუყინოთ და მოვახდინოთ მისი სრული დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისგან.

სულ  მალე  ბატონი  სტივი კონგრესში მოხსენებით გამოვიდა და სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის, რასაც ნათელაშვილი "რუსთავი-2"-ის ეკრანიდან მოშლილი პატეფონივით იმეორებს და იმეორებს ხოლმე ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

ივანიშვილისადმი  ბიოლოგიური სიძულვილით გამსჭვალული ნათელაშვილი, როგორც ჩანს, ვერ ხვდება, რა უზარმაზარ ზიანს აყენებს იგი ამ თავისი ცუდად აკვიატებული განცხადებებით არა იმდენად ბიძინა ივანიშვილს, რამდენადაც, ზოგადად, ქვეყანას.
როგორც  ჩანს,  არ  უყვარს პატივცემულ შალვას ეს ქვეყანა, თორემ სანამ ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღებას მოითხოვდა, იმაზე დაფიქრდებოდა, რამდენი ორგანიზაციაა, რამდენი ადამიანი, რამდენი პროექტი დარჩება დაფინანსების გარეშე, ივანიშვილს ანგარიშები რომ გაუყინონ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიდერთა  საბჭოს  ამ  მიმართვის ტექსტი სწორედ პატივცემული შალვას შემოქმედების ნაყოფია, რომელსაც დანარჩენმა პარტიებმაც, შეძლებისდაგვარად, წააშველეს ხელი და ასე შეკოწიწდა "დოკუმენტი", რომლის ავტორებიც დემოკრატიულ მსოფლი- ოს არწმუნებენ, რომ ქვეყანაში საგანგებო და საგანგაშო ვითარებაა, ამაში კი მთავარი ბრალი თურმე სუს-ს მიუძღვის.
თუმცა "დოკუმენტის" ავტორებს ერთი რამ ავიწყდებათ. იქ, სადაც ესენი საჩივრის გაგზავნას აპირებენ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურზე ძალზე მაღალი წარმოდგენისა არიან.

ასე, მაგალითად, "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორცი- ელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთლიანობაში, მთავრობას მნიშვნელოვნად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

როგორც აღნიშნულია ანგარიშში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამინისტროს და სამსახურს აქვს პოლიტიკაზე  ორიენტირებული კონტრტერორისტული როლი, საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა წამყვანი უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, მას შემდეგ რაც გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წელს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლო ბალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ინტენსიურად იყო ჩართული კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში და დარჩა  ამერიკის  შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად გლობალური  უსაფრთხოების საკითხებში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უწყებები აგრძელებდნენ  მუშაობას  უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ კოლეგებთან ინფორმაციის უფრო აქტიური გაცვლის მიმართულებით. საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ შიდასახელმწიფოებრივი  პროგრამის იმპლემენტაციის
მიმართულებით" ("საერთო გაზეთი" N1. 2018).

ის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, არ ეხება მხოლოდ "ლიდერთა საბჭოს" და მის წევრებს. ვის შეიძლება ხელს აძლევდეს და ვის დავალებებს შეიძლება ასრულებდნენ ის სუბიექტები, რომლებიც თავგამოდებულნი ცდილობენ მოახდინონ სახელმწიფო სტრუქტურების, განსაკუთრებით, ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაცია,  რაც,  საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობაში საკუთარი სახელმწიფოსგან გაუცხოების პროცესებისთვის ხელის შეწყობას.

როცა მოქალაქეებს გამუდმებით, დაჟინებით, მიზანმიმართულად აპირისპირებენ საკუთარ სახელმწიფოს იმ სტრუქტურებთან, რომლებზეც, ფაქტობ- რივად, დგას სახელმწიფო, როცა მოქალაქეებში ცდილობენ გააღვივონ უნდობლობისა და აგრესიის ელემენტები კონკრეტუილი უწყებების მისამართით, ვის წისქვილზე ასხამს ეს ყველაფერი წყალს და ვინ შეიძლება იყოს ამით დაინტერესებული?

არა მგონია, ეს ყოველივე იმ სახელმწიფოების ინტერესებში შედიოდეს, რომლებიც საქართველოს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებად მოიაზრებიან და რომლებსაც "დანოსებს" უგზავნიან საკუთარი სამშობლოს დასმენის ციებ-ცხელებაშეყრილი ეს ვაიქართველები.

ერთ ან ორ ენატანიასთან რომ გვქონდეს საქმე, კიდევ ჰო, მაგრამ, როცა ნათლად ვხედავთ კარგად ორგანიზებულ, კარგად დაფინანსებულ  მთელ  ქსელს, რომელიც მწყობრად და კოორდინირებულად უტევს ქართულ სახელმწიფოს, ალბათ, დროა, გავარკვიოთ, რა ძალები დგანან ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უკან და ვინ ხეირობს სინამდვილეში შექმნილი სიტუაციით. დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებათა დაცვის საბაბით და მოტივით ატეხილი ამ წიოკობის და ალიაქოთის შედეგად?




მეტის ნახვა
4-02-2018, 20:11


ინტერვიუ გლდანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან მამა ბასილ მკალავიშვილთან.

– მამაო, ჯერ არსად არაფერი გითქვამთ პატრიარქის ახალ თანამოსაყდრეზე. რა აზრის ხართ მასზე?

– ილია მეორემ კარგად უწყის, წარსულში როგორ ირჩევდნენ პატრიარქებს. გაურკვეველ მდგომარეობაში როგორ კლავდნენ წინა პატრიარქს და მის ადგილს სხვა იკავებდა, ამიტომაც ილია მეორემ 23 ნოემბერს ყველასგან მოულოდნელად თვითონ დაასახელა მოსაყდრე, რამაც დიდი უკმაყოფილება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია საპატრიარქოში, კერძოდ, იმ მეუფეებს შორის, რომელთა ოცნება პატრიარქის სავარძლის დაპატრონება იყო. თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, პატრიარქს ნიშნავდა უშიშროება, ან რელიგიის საქმეთა საბჭო.

მაგრამ, ამჯერად, სულ სხვა პრობლემებია, რამეთუ "ნაცმოძრაობას" თავისი კანიდატი ჰყავს, "ოცნებას"– თავისი. აქედან გამომდინარე, პატრიარქმა თავი აარიდა მოსალოდნელ გართულებებს და თვითონ დაასახელა მოსაყდრე.

– თქვენ არ ამბობთ, როგორია თქვენი შეხედულება მეუფე შიოზე!


– როგორც ვიცი, ის არც ერთ ბინძურ საქმეში არ არის გარეული ისე, როგორც სხვა ეპისკოპოსები. ახლა მთავარია, სანამ მეუფე შიოს დაასახელებენ პატრიარქად, მანამ არ მოახდინონ ბნელმა ძალებმა მისი ლიკვიდაცია, განსაკუთრებით კი იმ ეპისკოპოსებმა, რომლებიც ასე გამალებით ილტვიან პატრიარქობისთვის.

– ეჭვები ვინმეზე გაქვთ?

– ეს რა ძნელი მისახვედრია, საპატრიარქოში ისე ღიად და სამარცხვინოდ ებრძვიან ეპისკოპოსები ერთმანეთს, რაც ყოვლად მიუღებელია ღვთის მსახურთათვის. ამ სავალალო ფაქტს მთელი ერი უყურებს. სააკაშვილის მეხოტბე ეპისკოპოსები ისე გაშმაგებით იბრძვიან პატრიარქის სავარძლისთვის, უკან არაფრით დაიხევენ მიზნის მისაღწევად. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ლიბერალური, ღვთისა და ერის მოღალატეთა ფრთა საკმაოდ დიდი ბირთვია, რომელიც ხსნას მსოფლიო დონის კრიმინალის – სააკაშვილისგან ელიან, ხოლო ყველანი ერთად დახმარებას ამერიკიდან ხედავენ, რათა მართლმადიდებლობას ძირი გამოუთხარონ და დააბრკოლონ მათთვის მიუღებელი კანდიდატი.

უარესსაც გეტყვით. მსოფლიო პატრიარქს ნიშნავს მსოფლიო მასონური ორგანიზაცია, უშუალოდ კი რომის პაპი. გავიხსენოთ ბოლო სამი მსოფლიო პატრიარქი. ისინი ჯერ ამთავრებენ, ანუ მოსამზადებელ კურსს გადიან რომის კათოლიკურ სასწავლებელში და შემდეგ ირჩევენ მსოფლიო პატრიარქად. მსოფლიო კათოლიკურ-ეკუმენისტურ ე.წ. ეკლესიას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან.

– როგორია თქვენი მოსაზრება ქართველი ეპისკოპოსების ამასწინანდელ ვიზიტზე ამერიკაში?

– რატომღაც ამ ვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორმაცია მიეწოდა. სარწმუნო წყაროების საფუძველზე ვფლობ ინფორმაციას, რომ ამ ვიზიტამდე ექვსი თვით ადრე ამერიკის საელჩომ დაიწყო იმ ეპისკოპოსების შერჩევა, რომლებიც ამერიკაში გაემგზავრებოდნენ. როგორც იქნა, შეარჩიეს 12 ეპისკოპოსი, მიზანმიმართულად. აქედან, 6 ეპისკოპოსი, სააკაშვილის მიმდევრები არიან, ხოლო მეორე 6 იერარქმა, სამწუხაროდ, იქ ჩატარებული შეკრების შემდეგ გვამცნეს, რომ ჩვენი ხსნა ოკეანის გაღმელთაგან მოდიოდა.

ყოველივე ეს უტყუარი ფაქტია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო მმართველობის სადავეები ჩვენს ხელთ არ არის.
მე ჯერ კიდევ მაშინ მებრძოდნენ, როცა ხმამაღლა ვაცხადებდი, რას გვიქადდა სოროსის მიერ აგენტურული მისიით შემოგზავნილი იეღოველთა სექტა. მაშინ არავინ მისმინა, გვერდით არავინ დაგვიდგა. მხოლოდ მე, ჩემი მრევლით და აკადემიკოსი გურამ შარაძე ვიბრძოდით მართლმადიდებლობის დასაცავად. სწორედ ამიტომ, სააკაშვილს მისცეს ბრძანება, მოვეცილებინეთ მე და ბატონი გურამ შარაძე. მე 5 წლით ციხეში გამომამწყვდიეს, ხოლო ბატონი გურამი დღისით-მზისით ქალაქის ცენტრში უმოწყალოდ დახვრიტეს.

მას შემდეგ სრული თავისუფლება მიეცათ მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტრებს – პირსისხლიან სააკაშვილს, მის მამა-მარჩენალ სოროსს და სხვებს – შინაურს თუ გარეულს. უტევენ, მაგრამ დედა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში სატანა ტახტს ვერ დაიდგამს.

– მაგრამ არიან მღვდლები, რომლებიც თქვენზე ამბობენ: პატრიარქის ლოცვა-კურთხევას არ ასრულებდა და იმიტომ განკვეთესო.


– ვეთანხმები ვაი-მღვდლებს. მართლაც არ ვასრულებდი პატრიარქის უკანონო ლოცვა-კურთხევას.

– რას გულისხმობთ უკანონო ლოცვა-კურთხევაში?

– ძალიან ბევრ რამეს. პირველ რიგში, 1991–92 წლებში რაც მოხდა, ყველამ უწყით. პუტჩისტებმა როგორ ჩამოაგდეს საქართველოს ღვთივკურთხეული პირველი პრეზიდენტი და როგორ განდევნეს სამშობლოდან, ბოლოს კი მუხანათურად მოკლეს თბილისის აეროპორტში შევარდნაძის თანდასწრებით. მაშინ ზვიადის მომხრეები ბევრი ციხეში გამოამწყვდიეს. ასევე ბევრი მისი მხარდამჭერი ქუჩებში დახვრიტეს. სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, ბოლოს იქამდე მივიდნენ, ეკლესიებიდანაც კი ერეკებოდნენ. მე ვიყავი ერთადერთი მღვდელი, რომელმაც შევიფარე ისინი გლდანის ლომისის წმიდა გიორგის ეკლესიაში.

ამ დროს ჩემთან მოვიდა პატრიარქის ძმა ვიქტორი სხვა სასულიერო პირებთან ერთად. მომთხოვეს, დამეთხოვა ისინი ეკლესიიდან.
ეს იყო პირველი ლოცვა-კურთხევა, რომელიც არ შევასრულე.

მეორე ლოცვა-კურთხევა, რომელიც არ შევასრულე, ის იყო, რომ მე დავდიოდი საავადმყოფოებში და მიტინგებზე დაჭრილი ზვიადისტების მოსანახულებლად, ლოცვებს ვუკითხავდი მათ და ვაზიარებდი.

მესამე, საპატრიარქომ მკაცრად ამიკრძალა ციხეში შესვლა და პატიმრების ზიარება. პატიმრებს შორის სიკვდილმისჯილები იყვნენ: ლოთი ქობალია, პეტრე გელბახიანი და ირაკლი დოკვაძე. მე მართლმადიდებელი მღვდელი, ღმრთისა და სამშობლოს წინაშე ვალდებული ვიყავი, გაჭირვების ჟამს ვმდგარიყავი იქ, სადაც ჩემს ერს უჭირდა, უჭირდათ პატიმრებს, სიკვდილმისჯილებს. მათ მიხედვას თვით უფალი გვავალებს. სიცოცხლის რისკის ფასადაც კი შევდიოდი საპყრობილეში და ვაზიარებდი მათ.

ყოველივე ამის შემდეგ, შევხედე და თვალი გავუსწორე რეალობას: სამღვდელოებას საერთოდ არ აინტერესებდა ერის ჭირ-ვარამი და მხოლოდ პირადი ინტერესებით იყვნენ შემოფარგლულნი. აღვიქვი, რომ მათთან არაფერი მესაქმებოდა და გადავწყვიტე, დროებით განვშორებოდი მათ. მართლაც გამოვეყავი და დავემორჩილე საბერძნეთის ძველ მესტილეთა წმიდა სინოდს.

– მამაო, თქვენ ზემოთ ბრძანეთ, ზვიად გამსახურდია აეროპორტში მოკლესო. ყველამ ვიცით, რომ ის სამეგრელოში გარდაიცვალა. რის საფუძველზე აცხადებთ ასეთ სკანდალურ ამბავს?

– მე ადრეც ვთქვი ამაზე და კიდევ გავიმეორებ: ჩემთან მოვიდა სენაკის აეროპორტის ელექტრიკოსი, რომელმაც თქვა, რომ სენაკში პრეზიდენტი მიცვალებული ჩაასვენეს. ერთი ჩემი სოფლელიც, რომელიც ასევე თბილისის აეროპორტში მუშაობდა, მომიყვა, რომ იმ თვითმფრინავში, რომელშიც ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა სენაკში გასამგზავრებლად, შევიდა შევარდნაძე და გია გულუა. იქ რა მოხდა, არავინ იცის. შევარდნაძეს საკუთარი თვალით უნდოდა ენახა მკვდარი გამსახურდია. ამ ამბის შემდეგ პრეზიდენტი ცოცხალი არავის უნახავს. ამიტომ არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ზვიად გამსახურდია სამეგრელოში კი არა, სინამდვილეში თბილისის აეროპორტში მოკლეს…

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
4-02-2018, 19:20


გვესაუბრება პოეტი თემურ ჩალაბაშვილი:

– უპირველესად, კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა, მივესალმები თქვენს ბრწყინვალე გაზეთს. მინდა გულწრფელად გამოვეხმაურო ჩემი სიყრმის მეგობრის, შესანიშნავი პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ ხარჩილავას წერილს – "პენისი კალმის ნაცვლად, თანამედროვე პროლეტკულტები და "წმინდანთა" დისციპლინა. ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა, როგორ შეიძლება მწერალი გერქვას და ეროვნულის, ქართულის წინააღმდეგ იბრძოლო. დიდი ერებისთვის ეროვნულობა იქნებ არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამოსავალი წერტილია. ის რაც სხვა ერებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა – ნარკომანია, პროსტიტუცია და ა.შ., აქ, გამანადგურებელი ეფექტი აქვს. აი, რა არის პრობლემა და არა ლიტერატურული გემოვნება — წერონ როგორც უნდათ, მაგრამ ვაი, რომ მკითხველამდე ჭეშმარიტი მწერლობა კი არ მიდის, არამედ მათი მდარე ნაწარმოებები. ამდენი უწმაწური სიტყვა, აღვირახსნილობა საიდან მოდის? აბა, ჩავიხედოთ მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, თუნდაც, თანამედროვე მწერლების – ჭილაძეების, გეგეშიძის, დოჩანაშვილის შემოქმედებაში, როგორი სისადავეა. ბავშვი რომ ვიყავი, ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი ტკივილი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, ეროვნული ტკივილი ნამდვილი უბედურება ყოფილა. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ საკითხებზე წაყრუებამ ასევე, ქვეყნის ბედის აშლილობამ, ჩვენი ცხოვრების წესმა გამოიწვია, რაც ძალიან მედარდება და სევდა მიპყრობს.

– სამშობლოს – ეს მივიწყებული სიტყვა, დღეს, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ იქცა. ეს რამ გამოიწვია?

– დიახ, სამშობლო ლექსიკონიდან, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოღებულია. ეს დიადი სიტყვა სასაცილო გახდა. დაგვცინიან – რაღა დროს პატრიოტიზმია, ვის უნდა შენი სამშობლოზე დაწერილი ლექსი, ცუდად ხომ არ ხარო. გამოქვეყნდა ჩემი ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც უნეტარესმა მართლმადიდებლობის ჰიმნი უწოდა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მას თემურ წიკლაური კაპელასთან ერთად ასრულებს. ალბათ, რამდენმა გაიფიქრა: რა დროს მართლმადიდებლობააო. საზოგადოება რომელიც რელიგიას ებრძვის, რომელსაც სანთელ-საკმეველის მადლი დაჰკარგვია, განა გასაკვირია, რომ შემოქმედებაში იგინებოდეს, უზრდელობდეს. ღმერთმა შეაქმნევინოთ ისეთი შედევრები, რომ გაოცებულნი დავრჩეთ, მაგრამ ურწმუნო ადამიანი ვერაფერს შექმნის. ბიბლიურ სამყაროზე დიდი სამყარო არ არსებობს. ქართველები ვიტყვით-ხოლმე: გვაქვს ბიბლია და "ვეფხისტყაოსანი". თუ ამაზე დიდი ხარ, კი ბატონო. სამწუხაროდ, დღეს, საზოგადოებას არსებობა გაუჭირდა. აბა, დავფიქრდეთ, რამდენად იშვიათად ვაწყდებით ადამიანური ტკივილებით სავსე პიროვნებებს. საზოგადოებრივი ტკივილი დაკარგულია. ერთი ადამიანი მეორეს ხვდება და არც კი უსმენს რა ჭირს, ზერელედ შეეკითხება: როგორ ხარო და გარბის. საზოგადოებრივი პრობლემები, ქვეყნის სატკივარი არავის აწუხებს. ამას ბევრად დიდი ფესვები აქვს, ვიდრე გვგონია. ამიტომ, ძალიან გამიხარდა თქვენი რედაქტორისგან ამ თემის წამოწევა, იქნებ, ჩვენს მიერ ატეხილმა ხმაურმა რაღაც შეაკავოს, გამოასწოროს, თორემ, მაშინ მივუშვათ ეს აღვირი და ასე, რა გამოვა?!

– ბატონო თემურ, აღშფოთება გამოიწვია რატიანის საქმესთან დაკავშირებით შსს მინისტრისთვის მწერალთა ერთი ჯგუფის მიერ გაგზავნილმა უსტარმა. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?


– ეს ინციდენტი, რაც რატიანსა და პოლიციას შორის მოხდა, გასახარელი ნამდვილად არ იყო. განა, ხარატის ან რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანის გალახვა იქნებოდა დასაშვები? პოეტი უფრო თავშეკავებული უნდა იყოს. ჩვენ, ცხოვრებისგან, სიღარიბისგან ვართ გალახულები და კიდევ ცემა გვინდა?! მაგრამ ასე რატომ უნდა გამოვიწვიოთ ვინმე? ბავშვები გარდაიცვალნენ და ე.წ. დამცველებს მათზე ხმა არ ამოუღიათ, რატიანზე რა ამბავი შექმნეს. სად იყვნენ გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა მკვლელობის დროს?! რატიანი, მგონი, უფრო ადვილად შეეგუა ამ ფაქტს, ვიდრე მისი დამცველები. ეს როგორ ხდება? მე რომ გაველახე ვინმეს, არც ვიტყოდი პოეტი ვარ-მეთქი, თუ თავად არ მიცნობდნენ. პოეტს მეტი არ მოეთხოვება? ვისი გალახვის მომხრე უნდა იყოს, საერთოდ, ქართველი მწერალი? გინდ პოეტი იყოს, გინდ მევენახე, გინდ მეურმე, რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც ამ უწმაწური სიტყვებით გაჯერებულ ნაწარმოებებს კითხულობს და ეს შედევრები ჰგონია, ამ პრობლემას რა ვუყოთ?! ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს რა ვუყოთ, რომლებსაც სკოლის პროგრამიდან ყველაფერი პატრიოტული ამოუღეს და გაურკვეველ ტექსტებს ასწავლიან? რაც მესიზმრება, რომ წამოვდგე და ყველაფერი ვწერო, არ იქნება სწორი. შეიძლება მეც მესიზმრება ისეთი ამბავი, რომლის გამოქვეყნებაც არ შეიძლება. ამ თანამედროვე მწერლებს აღვირი ამოუვარდათ, რასაც ამოდება და მიხედვა უნდა.

– ვინ უნდა ამოსდოს აღვირი?


– ვინ და ერში იდეოლოგია უნდა არსებობდეს, რაც არ გვაქვს. ეროვნული განწყობის კაცი – დავით სოკოლოვი, ყველასგან მივიწყებულია, რაც ძალიან მედარდება. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თანაწამყვანი იყო, მისმა ქართულმა მომხიბლა.

– ამ გადაცემას მეც ვუყურე, განსხვავება ახლანდელ დიქტორებსა და დავით სოკოლოვს შორის, მართლაც თვალშისაცემი იყო.


– დიახ, ზოგი მათგანის მოსმენა, საშინელებაა – ერთი ამოსუნთქვით გვახრჩობენ, გვმოძღვრავენ, ყოვლისმცოდნე ჰგონიათ თავი, არადა როგორი ქართულით მეტყველებენ, შეძრწუნდებით. ვერ ხვდებიან, რომ ეს ქართული არ არის?! 15 წუთში სოკოლოვმა ყველაფერი დააწყნარა. ძველი თბილისის აშუღი ამბობს: სირცხვილი იმ გუთნის-დედას, ვინც წინაპრის საფლავს ხნავდესო. შე დალოცვილო, შექმენი ახალი, მაგრამ იმ ძველს, კარგს რას ედავები. გოგებაშვილი წერდა: რაც ჩემში მოძველებულად ჩათვალოთ, ამოიღეთო. ის კი არ უთქვამს წამშალეთ, აღარ მახსენოთო. შვილიშვილის წიგნებში ვიყურები და მრცხვენია. მაგალითად, მოცემულია ანა კალანდაძის ლექსი, რომელშიც სამი წერტილებია დასმული. დავალება შემდეგია: სამწერტილების ადგილას ანა კალანდაძის ლექსი ბავშვმა თავისი სიტყვებით უნდა გააგრძელოს. ანა კალანდაძის ლექსი ვინ უნდა გააგრძელოს, ეს როგორ შეიძლება?

წეღან ტელევიზიებზე ვსაუბრობდით. საოცარი რამ ხდება. მაგალითად, ჯაჯანიძე იცით, რას აკეთებს? პირდაპირ იწვევს ისეთ სტუმრებს, რომლებიც თამამად იგინებიან, ილანძღებიან, შიშვლდებიან და ა.შ. რაც ენაზე მოგადგება ყველაფერი უნდა მოვყვეთ? – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. მეც ისე ვიმეტყველო, როგორც ჩვენი ტელე-მწერლები ტელევიზიებიდან გვმოძღვრავენ?! აბა, დაუკვირდით ბერძენიშვილის ლექციებს, მონოლოგი აქვს. როგორც კი ვინმე რამეს შეეკითხება, ეგრევე სხვა საკითხზე გადადის. ხალხი გაბრუებულია – რამდენი რამე იცისო, ამ დროს მათ აკრეტინებს. განსწავლულობა გონებას არ ნიშნავს და არც იმას, რომ პიროვნებაა და ცხოვრების წარმართვა შეუძლია. ზოგიერთის გონების ჭურჭელი ჭკუას ვერ უძლებს და შეიძლება გასკდეს. აი, კიდევ რაშია პრობლემა, თორემ უტვინო კაცი რას დაწერს არ მადარდებს, უფრო ჭკვიან, საშიშ ხალხზე ვსაუბრობ. ამ საშიშ ხალხთან "სოროსი", ფული მუშაობს. წაიკითხონ სულხან-საბა, რომლის პრემიებსაც იღებენ. განა შეიძლება სულხან-საბა წაკითხული არ გქონდეს და მისი სახელობის პრემიას იღებდე?! მათ ვერავითარი პრემია ვერ უშველით, თუნდაც რუსთაველის პრემია ჩამოურიგონ. შალვა ნუცუბიძე წერდა: ვაი იმ კაცს, ვისაც ხარისხის მიშველიება სჭირდებაო. იგი, პირდაპირ აწერდა – შალვა ნუცუბიძე, თან ამბობდა: რად მინდა აკადემიკოსის მიწერა, განა, არ იციან ვინ ვარო.

– ბატონო თემურ, ახლახან, სკოლის პროგრამა ახსენეთ, რომელიც შვილიშვილმა დაიწუნა. ლომაიადან მოყოლებული მუდმივ რეფორმებში ვართ, წინსვლის კი არაფერი გვეტყობა.

– პროგრამა რომ ჩამოყალიბდება, ხომ უნდა დამკვიდრდეს. ერთი მინისტრის ხუთ თვეში წასვლა ახალი პროგრამის დაწყებას ნიშნავს, ის ძველი ხომ იკარგება. ერთი ჭკუათმყოფელი კაცი ვერ იპოვეს. მახსოვს, გიორგი ჯიბლაძე, თამარ ლაშქარაშვილი 10–15 წელი მართავდნენ განათლების სამინისტროს. იმის მომხრე კი არ ვარ ერთ ადგილას გავყინოთ ვინმე, მაგრამ პროგრესულად მოაზროვნე არ ჩანს. ვნახოთ, რას იზამს ახალი მინისტრი, იმედიანად ვარ. აქამდე, ზოგი ვაშლებზე ლაპარაკობდა, ზღაპრებიც დაგვიწუნა, ზოგი ბუღალტერი იყო, აღარაფერს ვამბობ, რაც ლომაიამ განათლებას დამართა. სკოლიდან იწყება ყველაფერი, სადაც სწავლება საშინელი პროგრამით მიდის, ტელევიზორს ჩართავ და შოუებში ტელე-ბიჭუნები ასეთ `შესანიშნავ~ შემოქმედებით საღამოებს ატარებენ. აბა, მითხარით: ბავშვმა რით იკვებოს?!

– ბატონო თემურ, წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალს საქართველო მასპინძლობს. თუმცა, როგორც არაერთხელ მსმენია, აქაც ასპარეზი ერთიდაიმავე წრეს ეთმობა და მხოლოდ მათი წიგნები ითარგმნება…


– კი არ ითარგმნება, თავად ეთარგმნინებიან. ოდითგან ასე იყო. გალაკტიონის ლექსები არ იყო რუსულ ენაზე ნათარგმნი და ამ დროს, ისეთი პოეტების ლექსებს თარგმნიდნენ სიცილით მოკვდებოდით, კაცმა არ იცოდა მათი სახელი, მეც კი დამავიწყდა. სულიერად გაგვიჭირდა, ამიტომ, საჭიროა დღეს ნორმალური პოეტი, პროზაიკოსი ითარგმნოს. ძველი ანდაზაა: ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. ზოგიერთის წიგნი სწორედ ასეა – აქ, არავინ იცის ვინ არის, დიდი ვერაფერი მწერალია და ევროპაში რომ აღიარებენ, თავი კიტრად მოაქვს ისე როგორც ამერიკაში სამთვიან კურსებს გაივლიან და თავს იწონებენ. არადა, ჩვენ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ენათმეცნიერების სკოლები გვქონდა, რითაც მსოფლიო გაოცებული იყო. ახლა, მაჩვენეთ, ვინ ადგენს სასკოლო, უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოებს. ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება თუ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე უგემოვნო წიგნი ითარგმნოს. ვინც ეთარგმნინება, ვინც `ჩააწყობს~ ფრანკფურტის ფესტივალზეც მისი წიგნი წარმოჩინდება.

– ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ჩვენი კულტურა მდინარის გაღმა დარჩა.

– იმიტომ, რომ ფუნქციები ვერ გაიყვეს. მწერალთა კავშირი ერთიან ჯგუფს, თანამოაზრეთა შეკრებას ნიშნავს, რომელიც იცავს ქვეყანას, სამშობლოს. ვაი, იმ ქვეყანას, რომელიც მწერალთა კავშირს ყურადღებას არ მიაქცევს. აკაკი შანიძის ფუძედმდებლურ სასწავლებელში მისი გრამატიკა რომ არ ისწავლება, რაღაზე ვლაპარაკობთ? შეიძლება, ჩვენმა სიტყვამ შედეგი ვერ გამოიღოს, მაგრამ აზრს ხომ ვაფიქსირებთ, ხომ მოვა თაობა, რომელიც ამას წაიკითხავს და ყველაფერს მიხვდება. ეს ხომ მაინც დარჩება.

– დღეს, სამწუხაროდ, კულტურა არ არის პროირიტეტი, მაშინ რა საჭიროა კულტურის სამინისტრო?


– დიახ, მართლაც რა საჭიროა. რად უნდა კულტურას სამინისტრო თუ მაგალითად, მწერალთა კავშირს ძაღლად არ აგდებს. შე დალოცვილო, შემოქმედი ადამიანი 80 წლის გახდა, საიუბილეო საღამო არ უნდა აღინიშნოს, უნდა ვწვალობდეთ დაგვითმობენ თუ არა დარბაზს? ეს არის ერის სულიერება, დამშვიდებული ცხოვრება და თავისუფალი საქართველო? რად მინდა ეგეთი სამშობლო? ვისაც ხელეწიფება არ ფიქრობს და ვინც ფიქრობს ძალა არ გვაქვს.

– მაშინ როცა ქართველი მწერალი სულს ღაფავს, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა მწერლებისადმი?


– სახელმწიფო ვისაც ერი ღირსეულად ჩათვლის, მას უნდა ეხმარებოდეს. ამ საკითხს ხაზარაძეები არ უნდა წყვეტდნენ. ფული ვისაც აქვს მხოლოდ ის კი არ არის მდიდარი, არამედ ვისაც გონება აქვს, როგორც დავით სარაჯიშვილი იყო. აბა, გამოჩნდეს ისეთი კაცი, რომელიც მოგებას არ ელოდება და ისე დაგაფინანსოს. ბოლოს, მინდა ამით დავამთავრო – მე უფრო დიდი საზოგადოებრივი ტკივილი მტკივა, რასაც ქვეყნის გადარჩენა ქვია, თორემ ოთხი კაცის მწერლობის შიში რომ მქონდეს, ბარემ, ახლავე, კუბოში ჩავწვებოდი და გამასვენებდნენ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
4-02-2018, 19:08


„ქალს თუ ცუდად მოექცევი – ცუდი ქალის გვერდით იცხოვრებ. თუ დედოფალივით მოექცევი – ყოველ დილით დედოფლის გვერდით გაიღვიძებ.“
ბაბუაჩემი

ახლა იტყვიან, ქალებს იცავსო, არადა, სულ ტყუილად, კაცებს გიცავთ, ბატონებო, კაცებს – დაიკო რომ არ გაგიბახდეთ, დედამ რომ არ მიგიტოვოთ ოჯახი, შვილი რომ არ შეგირცხვინოთ და ჯიშის და ჯილაგის, გვარის და ტრადიცების გამგრძელებლის ამქვეყნად მოსავლენად კოლბების ლაბორატორია რომ არ დაგჭირდეთ.

ბოლო დროს ქილიკი ისწავლა საზოგადოების ნაწილმა, ტრადიცების ქილიკი, ქალიშვილობის ინსტიტუტის ქილიკი, ქალწულობის ქილიკი, თავდაფასებული ქალების ქილიკი, თავის დაფასების ქილიკი, არ ბოზობის ქილიკი, საყვარლის არ ყოლის ქილიკი.

ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება და ვიღაცას თუ არ უნდა ქალწული შვილი სახლში, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ უცნაურობა სხვა რამეშია – ერთ დღეს ქალწულს აკრიტიკებენ, მეორე დღეს ნაშას, ერთ დღეს ძველმოდურობაზე საუბრობენ, მეორე დღეს ევროპულობის ცუდ მხარეებზე, ერთ დღეს თავდაფასებული ქალები არ მოსწონთ, მეორე დღეს თავდაუფასებელნი.

წერს შობა დღეს ერთი: მარადიული ქალიშვილები რითი განსხვავდებიან იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც შაურმა არ გაუსინჯავთო.
რათა, შვილო, რათა, ქალწულზე გაგახსენდა შაურმა, შაურმაზე ქალწული თუ სიტყვა მარადიულობამ აგრია?

მარადიული ქალწულისგან ნაშობ ქრისტეს შობას რომ ვზეიმობთ, რაღა მაშინ და მაგ დროს გახსენდება შაურმაუჭმელი ხალხი?

წერს მეორე დღეს სხვა, ჩემი მეზობლი ბიჭის შეყვარებულ გოგოს, ამ ბიჭამდე სამი ჰყავს გამოცვლილი, ამ ბიჭმა იცის, მაგრამ იმითია ბედნიერი, რომ ამ გოგოს ეს უყვარს და ის სამი არ უყვარდაო. ახლა, მე როგორც წესიერ მოქალაქეს, მინდა გავაგებინო, რომ ასეთი ქალი ოჯახში შემოსაშვები არაა, მაგრამ ისე უნდა გავაგებინო, რომ არ შევძულდეო.

ხოდა, ამ ერთსაც და მეორესაც სულ ერთი და იგივე ადამიანებმა დაულაიქეს, მოუწონეს, გაუცინეს, დაუგულეს (ასე ჰქვია გულს რომ დაუწერ პოსტს, თურმე) – ორივე რანაირად მოგწონთ, თქვე კარგო ხალხნო, ორივეზე როგორ გეცინებათ, განა ყველა ომი სხვისია?

გამოვესარჩლე მარადიულ ქალწულებს – მეც მყავს ეგეთი, ჩვენც გვყავს ეგეთი – მამიდა, დეიდა, ნათესავი – ჩვენზე გადაყოლილები იყვნენ მთელი ცხოვრება და გვიყვარსო… აბა, ჩემმა მარადიულმა ქალწულმა მამიდამ გიყოთ? ჩემი ქალწული ნათესავები გიშლით, ბატონო. ნერვებს?

გაიბერავს გოგო ტუჩს – ფუ, ტფუ – რას გავსო იტყვიან… დადის ერთი ტუჩგამოუბზკიბელი გოგო 10 ტუჩგაბერილთან ერთად ქუჩაში – არავინ ყურადღებას არ აქცევს, ყველა კაცი იმ ტუჩგაბერილს და მკერდგაბერილს შეჩერებია…

არ დაიფასებს თავს და გაყვება პირველივე შემხვედრს და რასაც დაუძახებენ ყველამ ვიცით – არ გაყვება და დაიდება ფეისბუქზე სტატუსი: – რა გონიათ თავი, ისე გეტყვიან უარს, გეგონება პრინცმა უნდა მოაკითხოს, ნეტა, ხომ არ ეგონა, რომ მართლა რაიმეში მჭირდება. ამ ძალადთავდაფასებულ ქალებს ჰგონიათ არ ვიცით, ვინები არიან და რას აკეთებენ?

რა იცით, რა იცით?

შვილები, დედები, ცოლები პლეხანოვზე თურქების ბარებში თურქი ბიძიების მუხლებზე სხედან ლუკმა-პურის სახლამდე მოსატანად და თქვენ გეღადავებათ? იმ დარჩენილ პატიოსნებაზე გეღადავებათ?

დამარიგა ერთმა 50 წელს გადაცილებულმა ცნობილმა ქალმა, საყვარლობაზე უარი კი არ უნდა თქვა, ჯერ უნდა დათანხმდე და თავი მერე შეაყვარო და შეაჩვიო, ყველა ასე აკეთებსო.

ვინ ყველა, აკი, ყველა თავს იფასებსო?

და მაინც, ყველა ასეთ ენაგრძელ და ცუდი იუმორის მქონე, ჭორიკანა და ბილწი აზრებით თავგამოტენილ კაცს სახლში აუცილებლად ჰყავს ქალწული ქალიშვილი, თავდაფასებული ცოლი, პატიოსანი დედა და მარადიული ქალწული დეიდა ან მამიდა… ჰყავს და მოწონს – ეს ჩემი უსაყვარლობა აგდებს საგონებელში, ეს ჩემი მარადიული ქალწული მამიდა ჰყავს მიზანში ამოღებული.

რომ ვიფიქრე ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს-თქო, ჟურნალ „თბილისელებში“ მსახიობ ალეკო ბეგაშვილის ინტერვიუ დაიბეჭდა, იყო იქ სტანდარტული ნიუქართველური ტექსტი როგორ გაატარა ახალი წელი ამერიკაში ერთხელ (ოსმალეთი აღარაა მოდაში), როგორ იმაიმუნა, დაყნოსა, მოწია, როგორ „გაიტასავა“ ბროდვეიზე, როგორ გადაიღო ბეტმენთან ფოტო, როგორ წაიყვანა კახეთში მეგობარი გოგო სტუმრად და მოხვდა ტრადიციულ ოჯახში, სადაც ეს და ის მეგობარი გოგო ერთ ლოგინში კი დავწნენ, მაგრამ არაფერი, ხაზგასმით არაფერი ყოფილა ძილის გარდა, მაგრამ მაინც შეიცხადა მასპინძელმა ამ გოგოსთან ერთ ლოგინში დაწოლის ამბავი. მერე განავრცო და გაგვანათლა, რომ ადრე იმიტომ იყვნენ ქართველი გოგოები ულვაშებით, რომ სექსი არ ქონდათ თავის დროზე და ბოქლომებით დადიოდნენ.

ჯერ ერთი, სექსის დრო როდის მოდის, ეგაც რომ გვითხრათ, ბარემ, არ იქნებოდა ურიგო, მეორეც, რაღა ყველა ულვაშიანი ქალი თქვენ გხვდებოდათ, მესამეც, თქვენც იმ თაობის არ ხართ, ქე რო ბოქლომებით დადიოდნენ? ხოდა, სად პოულობთ ამ წიწკვ გოგონებს ამ ასაკში – არც ეგ დაგვიმალოთ.
ქართველებს „სწენკის“ მომენტი აქვთ სულ და უნდა ელოლიავო და კოშკები აუგო, რუსები კი ალალები არიანო. „სწენკა“ არ მოგწონს? იყოს კედლის ბარი, ან „დესაუ“, ან სავარძელი სუპერთანამედროვე, ან გასაშლელი კარავი, რა ვიცი.

მაგრამ, მთავარი მაინც სხვა რამეა, ახლა ბასიანზე ოთახი გაიხსნა, ბნელი ოთახი, სადაც შედიხარ და სექსი გაქვს – კაცი, ქალი, სულ ერთია და რომ გამოდიხარ არც იცი, ვისთან გქონდა სექსიო.

ნუ, ახლა, ბასიანის ბნელი ოთახიდან გამოსულს პარტნიორის პირადი ნომერი რომ არ გეცოდინება გავიგეთ, მაგრამ კაცთან გაქვს სექსი თუ ქალთან მაგას მაინც რომ მიხვდეთ, ვერა?

რანაირად ახლა, უყავი თუ გიყო, რანაირადაა ეგ ამბავი ერთნაირი, ნუ გამაგიჟეთ…

ფრაზა: აქედან ყველანი მივდივართ ბასიანზე – გადავხაზე.

ბასიანზე ნამყოფ ადამიანს აწი სულ ეჭვის თვალით შევხედავ, არა, განა სექსის გამო, ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს და პრეზიდენტზე მისვლამდე ყველა ყველას ეჯიბრება მდიდრული გამოცდილებით, მაგრამ ასეთი „პროწივ პრადვინუწი“ როგორ უნდა იყო, რომ კაცთან და ქალთან სექსი ვერ გაარჩიო.
გურულმა თქვა: დედა, რა კაია აგი “გრუპავოი სექსი”, ისე გამევიპარე, კაციშვილმა ვერ გეიგოო.

რაც ეს ინტერვიუ წავიკითხე, მას მერე არ მასვენებს ფიქრი: საიდან იცის ახლა ამ კაცმა ამდენი ამ ბასიანზე, ნამყოფია ნეტაი? ვერც ამან გაარჩია ნეტაი კაცი და ქალი? ასე ძნელია ნეტაი კაცის და ქალის გარჩევა? და მერე მივხვდი – არა, მაგას მასე სექსი რავა ექნებოდა – ეგ უეჭველი დახვრიტეს.
იმ ანეგდოტის არ იყოს: – ბაბუ, ტყვედ ჩავვარდით და გერმანელებმა გამოგვიცხადეს, ან უნდა გაგაუპატიუროთ და ან უნდა დაგხვრიტოთო.
– მერე, ბაბუ, შენ რა გიქნეს?
– მე დამხვრიტეს, მაგათი დედა ვატირე!

თამო კეშელავა

მეტის ნახვა
3-02-2018, 19:03


სასამართლო პროცესი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გარშემო, სულ რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო, მაგრამ დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, ხორავას ქუჩის იმ კორპუსის ეზოში მდაბარე ფარდულის დემონტაჟი მოახდინეს, სადაც ეს სისხლიანი გარჩევა მოხდა.

სამართლებრივ სახელმწიფოში სს-ის დანაშაულზე არსებული მტკიცებულებები გამოძიების ბოლომდე ინახება. მაშინ რატომ არ მიიღეს სამართალდამცავებმა ზომები, დანაშაულის ადგილის იმ სახით შესანარჩუნებლად, რაც დანაშაულის მომენტისთვის იყო. დღეს უკვე შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, თუკი ამის აუცილებლობას სასამართლო გამოძიების პროსესში გამოკვეთილი გარემოებები მოითხოვსო.

ნივთმტკიცება მარტო გამოძიების კი არა, სასამართლო განხილვის ბოლომდეც ინახება, მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამ არის, ვისი ინიციატივით მოხდა ხსენებული ფარდულის დემონტაჟი. ტელევიზიებმა გვამცნეს, რომ ამის ინიციატორები სამამართალდამცავები იყვნენ, თუმცა კორპუსის მცხოვრებთა განცხადებით, მათ მოინდომეს ფარდული დაეშალათ და პოლიციამ დათანხმდა. არ არის გამორიცხული, რომ მართლაც იქაურების ინიციატივა იყო ფარდულის დემონტაჟი, ეს განახორციელეს კიდეც და უბრალოდ, პოლიცია ფაქტის წინაშე დააყენეს. ჩვენ ვერც იმაზე მივიღეთ სარწმუნო პასუხი ამ ხალხისგან, რატომ მაინც და მაინც ამ ტრაგედიის მერე გაუჩნდათ ფარდულის დანგრევის სურვილი.

პრესით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განადგურებული ან შეცვლილია სხვა მტკიცებულებებიც. ეს ყოველივე ბუნებრივად ბადებს ეჭვს, ხომ არ გვაქვს საქმე შეგნებულ მანიპულირებასთან და ვის ინტერესში შედის ეს. ისე, მართლაც საინტერესოა, რატომ არიდებს თავს პროკურატურა დაგროვილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხს, ფაქტია, ხსენებული უწყება ლამის კბილებით იცავს თავის ვერსიას. საქმის ბრალმდებელი პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, გამოძიება საკუთარ ვერსიას სასამართლო სხდომებზე წარადგენს. ოფიციალური ვერსიის, რომ მკვლელობის იარაღად მხოლოდ ორი დანაა და მკვლელობაში დამნაშავე მხოლოდ ორი მოზარდია, არც დაღუპული დავით სარალიძის მამას სჯერა, არც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს და არც საზოგადოებას.

ზაზა სარალიძე თავიდანვე აცხადებდა, რომ მის შვილს მრავლობით ჭრილობებს ვერ მიაყენებდა ბრალდებული გ.ჯ., რასაც ადასტურებს ჭრილობების რაოდენობა და სხეულზე მათი განლაგებაც. იგი კატეგორიულად აცხადებს, რომ ბრალის ფორმულირებაში სრული ტყუილი წერია, გამორიცხულია ერთ კაცს მოეკლა ჩემი შვილიო. სხვათა შორის, თავიდან ისიც ითქვა, რომ რამდენიმე პირს ჰყავდა გაკავებული დავით სარალიძე და ასევე რამდენიმე პირი ურტყამდა მას დანას. აღშფოთებული საზოგადოება ყველა ამ პირის, ისევე, როგორც კონფლიქტის წამომწყებებისა და ორგანიზატორების დასჯას ითხოვდა და ითხოვს. პროკურატურის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებულ გ.ჯ-ს დაცვის მხარეც, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ საქმე არასრულყოფილადაა გამოძიებული, არ არის დადგენილი უამრავი ისეთი დეტალი, რომელიც საზოგადოებას და დაზარალებულ მხარეს აწუხებს. არ არის დადგენილი კონკრეტული პირების სახელები და გვარები, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, ვიცით გარკვეული პირები, მაგრამ კონკრეტული პირი კონკრეტულ დროს რას აკეთებდა, ამაზე მოწმეთა ჩვენებები ურთიერთ საწინააღმდეგოა. შესაბამისად, შეუძლებელია მოწმეების ჩვენებებს ვენდოთ. მიგვაჩნია, რომ თავის დროზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ უკვე აღარ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ გამოძიებამ დაადგინა უტყუარი ჭეშმარიტებაო.


გამოძიება თურმე არაფერს ამბობს უშუალოდ კონფლიქტის წამომწყებებსა და მათი მსხვერპლების როლზე, უშუალოდ ხორავას ქუჩის ინციდენტში. საქმის მასალებით ჩანს, რომ საპირფარეშოს ეპიზოდის მონაწილეები ხორავას ქუჩის ეზოში იმყოფებოდნენ, თუმცა როგორ რეაგირებენ პროცესზე, რომელიც მათი მიზეზით წარიმართა, ეს გამოძიებას დადგენილი არ აქვს, რას აკეთებდნენ უშუალოდ ჩხუბის დაწყებამდე და რა მოიმოქმედეს ჩხუბის მომენტში, გამოძიება ამაზე შეგნებულად თუ შეუგნებლად დუმსო. საინტერესოა, რაიმე პასუხისმგებლობა თუ დადგა იმ ვინმე დ.ნ-ს მიმართ, რომელიც ჯერ პნევმატური იარაღით აღჭურვილი მივიდა სკოლაში, გაიხმო უმცროსკლასელები და ამ იარაღით დაემუქრა, მერე კი ძალიან აქტიურობდა ხორავას ქუჩაზე და სავარაუდოდ ხელს უშლიდა შერიგების პროცესს.

გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ამ ეტაპზე მხოლოდ მკვლელობაში ბრალდებულ ორ მოზარდზე და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ სამ უფროსზეა საუბარი. იმიტომაც უჩნდება საზოგადოებას ეჭვი, ხომ არ აფარებს გამოძიება ხელს საქმის რომელიმე ფიგურანტს, მით უმეტეს, რომ ტრაგედიის მსხვერპლები და ბრალდებულები ერთმანეთს პირველად ხედავდნენ და შესაბამისად მათ შორის აგრესია მანმადე ვერ იარსებებდა. საინტერესოა, რატომ არ ამხელდა გამოძიება ამ ინციდენტის დროს სხვა ორი მოზარდიც რომ დაიჭრა. პროკურატურამ ეს ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, როცა მედიასაშუალებებმა გაახმაურეს. ერთ-ერთი დაჭრილი №1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე ყოფილა, ერთ-ერთი მათგანია ვისაც მ.კ-მ დეიდაშვილის დასახმარებლად გაყოლა სთხოვა. ასე, რომ დაპირისპირება გაცილებით მეტ ადამიანს შორის არის მომხდარი, ვიდრე სს-ის საქმის მასალებშია საუბარი.

წინასწარ გამოძიებაში დუმილის უფლება გამოიყენეს ორივე ბრალდებულმა, დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ბ-მ და სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ჯ-მ, ორივე მათგანი სასამართლოზე გეგმავს ჩვენების მიცემას. როგორც ირკვევა, ჯერჯერობით არ არსებობს საქმეზე დანიშნული მთელი რიგი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის იმ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ბრალდებული გ.ჯ-ს დაცვის მხარემ დანიშნა. არ არის გამორიცხული, რომ ხსენებულმა დასკვნებმა პროკურატურის ვერსია, არსებითად შეიცვალოს. პრესით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 51-ე სკოლაში ადრეც მრავლად იყო, მოსწავლეებს შორის ე.წ. ჩაგვრის და სასკოლო კონფლიქტების ფაქტები, მაგრამ მაინც და მაინც არ გახმაურებულა. 1 დეკემბერს ისეთი ტრაგედია მოხდა, რომ ამას ვეღარ დამალავდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მთაწმინდის პოლიციას ორჯერ საქმეში უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ჩართვა მოუწია, როცა საქმე ამ სკოლაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდაო.


ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ დახურეს ორი მოზარდის მკვლელობის საქმის განხილვა, ეს საქმე ხომ არც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას ეხება და არც რაიმე ინტიმურ დეტალებს. უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, რაც ძალიან მგრძნობიარე თემაა და თუკი რომელიმე მხარე პროცესის დახურვას მოითხოვდა, მოსამართლე ვალდებულიც კი იყო, რომ ეს შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. პოლიციეს ვიცე-პოლკოვნიკის დავით გაგნიძის აზრით, ამ საქმეში გავლენიანი მამიკოების შვილები ფიგურირებენ და პროცესის დახურვა უფრო ამას ემსახურება, ეტყობა რაღაც გარიგება მიდის და არ უნდათ ეს საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილიო.
დავით გაგნიძე: დიდი ხანია ჩამოყალიბდა "ელიტარული" კასტა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კანონზე მაღლა დგანან. ყველაზე მეტი გარჩევები თუ სხვა სახის კონფლიქტები ზუსტად ე.წ. პრესტიჟულ სკოლებში ხდება, კომუნისტების მმართველობისას კიდევ არ ჰქონდა ასეთი მასშტაბური სახე, მაშინდელ ჩინოსნებს კიდევ რაღაცის ერიდებოდათ და ეშინოდათ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, არ მომერიდება იმის თქმა, რომ სრული განუკითხაობაა.

ადრეც გითხარით, რომ ქვეყანაში სულიერი კრიზისია, აქედან გამომდინარეა ყველა უბედურება. ხომ ხედავთ, როგორ დაირაზმნენ ეს ე.წ. ელიტარები ვიღაც "ბახალას" დასაცავად, რომელსაც თურმე პოლიციამ "ჩაუდო" ათეულობით აბი სუბოტექსი. რაც შეეხება მოზარდები მკვლელობას და ნივთმტკიცებების სავარაუდო განადგურებას, ხსენებული ფარდული შეიძლება არც იყოს ასე ვთქვათ, მტკიცებულება, მაგრამ ასე სასწრაფოდ რომ მოხდა მისი დემონტაჟი, უკვე ეჭვს იწვევს, ეტყობა იქ რაღაც ისეთი იყო. რომ ამბობენ მკვლელობის დროს ორი დანა ფიგურირებდაო, ამოიღეს ორივე? თუ ამოიღეს, საიდან მოხდა ამოღება? თავიდან ხომ ითქვა, რამდენიმე დანით ჰქონდათ იმ ბავშვებს ჭრილობები მიყენებულიო, აგერ კიდევ ორი დაჭრილი გამოჩნდა, ვინ დაჭრა ესენი, ამოღებულია ის დანები? გამორიცხავთ, რომ სხვა დანები ზუსტად მაგ ფარდულში შეყარეს, ბავშვები არიან, დაარტყეს ვიღაცას, შეეშინდათ და იქვე მიყარეს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოზარდების მშობლებსა და ფარდულის მეპატრონეებს შორის მოხდა შეთანხმება, ფარდულის დაშლის შემდეგ უფრო ადვილად იპოვნიდნენ დანებს, სამართალდამცავებმაც უბრალოდ ფეხი ითრიეს და ამათ საშუალება მიეცათ ნივთმტკიცებები გაექროთ. სხვა შემთხვევაში ასე სასწრაფოდ რატომ უნდა დაენგრიათ ის ფარდული? გავლენიანი მამის შვილებს აღარაფრის ეშინიათ, დარწმუნებულები არიან დანაშაული ჩაიფარცხება და ყველაფერი შერჩებათ.

ეს საშინელი ტრაგედიაც აქეთ მიდის, ახლა ვინც დაუსჯელი დარჩება, გგონიათ, აღარ ჩაიდენენ დანაშაულს? მერწმუნეთ, აუცილებლად ჩაიდენენ, მამიკოები კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ციხიდან დაიხსნან და დიდ თანამდებობებზეც წამოასკუპონ. წეღან მკითხეთ, წამქეზებლები და ხელის შემწყობები არ უნდა დაისაჯონო, როგორ დასჯი, როცა არასრულწლოვნების მიმართ ფაქტობრივად არ გაგვაჩნია კანონმდებლობა. უკვე მერამდენე დანაშაული ხდება თუნდაც არასრულწლოვნების ხელით, სადაც დანა ფიგურირებს, იტყვით რატომ არაფერს აკეთებენ სამართალდამცავები, ასეთი დანაშაული რომ არ მოხდესო. პროფილაქტიკისთვის ხომ უნდა გაჩხრიკონ, აბა რომელიმე გაჩხრიკოს პოლიციამ, ეს ე.წ. უფლებადამცველები ქვეყანას დააქცევენ ადამიანის უფლებები, მით უმეტეს არასრულწლოვნების უფლებები ილახებაო. კაპიტანი გიგაური სისტემატურად რომ გვმოძღვრავს ტელეეკრანიდან, ახლა რატომ არის გაჩუმებულ, ეს არ არის "პრიორიტეტული" მისთვის და მისნაირებისთვის?

ნარკომომხმარებლების და ნარკობარიგების დასაცავად ათასობით გამოდიან, მხეცურად შვილმოკლულ დედას ირინა ენუქიძეს, ათი კაცი თუ მიყვებოდა, ყოველ შემთხვევაში ეკა გიგაური და ეს დანარჩენი "ცნობადები" მე იქ არ მინახავს. თქვენ გგონიათ ამათ ნარკომომხარებლებზე შესტკივათ გული, არა, უბრალოდ სახელმწიფოს ებრძვიან. იმიტომ ვეძახი "ენჯეოშნიკების" გაპიარებულ ნაწილს უცხო ქვეყნის აგენტურას, რომ ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ, გრანტის მისაღებად სამშობლოს გაყიდიან.

სამართალდამცავ და უსაფრთხოების სტრუქტურებს იმიტომ ებრძვიან ასე თავგამოდებით, რომ სახელმწიფო ამ სტრუქტურებზე დგას. სახელს გაუტეხავ, დაასუსტებ ამ სტრუქტურებს და სახელმწიფოს საქმეც დამთავრებულია. ამ ე.წ. უფლებადამცველების და ე.წ. რეფორმატორების "დამსახურებაა" შსს-ში არასრულწლოვანთა ინსპექციის გაუქმება, რომელიც მეტნაკლებად აგვარებდა პრობლემას, რასაც არასრულწლოვანთა დანაშაული ჰქვია. ამ "რეფორმატორებმა" ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ვითომ გამოსავალი მონახეს, შექმნეს მანდატურის სამსახური, რომლის რეალური ფუნქციაც პედაგოგების თვალთავალი იყო. ფაქტი სახეზეა, რომ ამ სამსახურმა არ გაამართლა, ის სკოლის შენობაშიც კი ვერ ახდენს სათანადო კონტროლს და სკოლის გარეთ რა უნდა გააკეთოს, როცა ეს არც ევალება.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
2-02-2018, 18:01


სკოლის გამოსაშვები გამოცდები შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს. ამჟამად განათლების სამინისტრო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მოსალოდნელ ცვლილებებზე მუშაობს. კითხვას იგეგმება თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდებისა და უმაღლესი სასწავლებლების მისაღები გამოცდების გაერთიანება, განათლების მინისტრმა უპასუხა, რომ გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ მუშაობა ორივე ტიპის გამოცდაზე მიმდინარეობს: „ გაერთიანება არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ ორივე ტიპის გამოცდაზე ვმუშაობთ და ცვლილებები შესაძლებელია, ორივეს შეეხოს. განსაკუთრებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. თუმცა, გაერთიანება ნამდვილად არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. გაუქმდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები ვნახავთ. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდების სისტემა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდება და გამოცდა რეალურად შეამოწმებს ცოდნას. შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებით ცვლილებები წელსაც იყოს“ — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი საგნებში შეიძლება გაუქმდეს გამოცდები, თუმცა განათლების ექსპერტი ფიქრობს, რომ მოსალოდნელი ცვლილებები საბუნებისმეტყველო საგნებს შეეხება. მანანა ნიკოლაიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივის განხორციელება სკოლისმოსწავლეებისგან დაცლას და სასწავლო პროცესის ჩაშლასგამოიწვევს:

– გამოსაშვები გამოცდების რაოდენობის შემცირება ჩხენკელის ინიციატივა არ გახლავთ. ეს იდეა განათლების სამინისტროში თამარ სანიკიძის მინისტრობის დროიდან არსებობს, მაგრამ სანიკიძემ და ჯეჯელავამ სიბრძნე და წინდახედულება გამოიჩინეს და ამის განხორციელებაზე უარი თქვეს. სამწუხაროდ, მიხეილ ჩხენკელს ეს ყოვლად უვარგისი და მავნებლური იდეა მოწონს, ამიტომ მაინტერესებს იცის თუ არა, თავის დროზე რატომ დაინიშნა ეს გამოცდები?

– იქნებ, ჯერ მკითხველს განვუმარტოთ რატომაა გამოცდების რაოდენობის შემცირების იდეა უვარგისი და მავნებლური?


– დავიწყებ იმით, რომ ჩვენი განათლების სისტემა ყველაზე ხარისხიან ცოდნას მაშინ აძლევდა, როცა ბავშვები 9 და 12 გამოსაშვებ გამოცდას აბარებდნენ. გამოცდების გაუქმების შემდეგ კი საქართველოს სკოლები მოსწავლეებისგან დაიცალა. წლების წინ, მე და თქვენ ამ პროცესებს დინამიკაში ვაშუქებდით. ამოიღონ და ნახონ, როგორ ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ეს მავნებლური იდეა სკოლებს მოსწავლეებისგან დაცლიდა, არასრულწლოვნებში დანაშაულის სტატისტიკას გაზრდიდა და ა.შ. ზუსტად ასე მოხდა. სკოლა ჯერ მესამე საფეხურის მოსწავლეებისგან დაიცალა, შემდეგ მეორე საფეხურიც მიჰყვა და ბოლოს, სკოლაში მარტო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დადიოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სასწავლო პროცესს მოწყვეტილ არასრულწლოვნებში იმატა კრიმინალის შემთხვევებმა, ანუ ზუსტად ის პროცესები ვითარდებოდა, რისკენაც ახლა მივდივართ. მაშინ სააკაშვილი იძულებული გახდა საგანგებო ზომები მიეღო. ჰუმანისტი ნოდია ამას ვერ გაატარებდა, ამიტომ სისტემაში შაშკინი შეიყვანეს. გამოსაშვები გამოცდები აღედგინეს და ეფექტური სადამსჯელო მეთოდებიც აამუშავებეს.

– გაცდენებზე დაწესებულ ზღვარს გულისხმობთ?

– არა მარტო ამას.. მანდატურის სამსახური შექმნეს, დირექტორები დასაჯეს და გაცდენებზე ზღვარი დააწესეს. დიახ, თუ ბავშვს გაცდენების 25% ჰქონდა, კლასში რომ არ დარჩენილიყო, ექსტერნის გამოცდებზე უწევდა გასვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცდენების ზღვარი 30%-მდე აწიეს, რაც არასწორია. 30% ნიშნავს, რომ ბავშვი სასწავლო საათების 1/3 აცდენს და გაუგებარია, კლასიდან კლასში რატომ უნდა გადავიდეს? ნორმალურ უნივერსიტეტში სტუდენტებს ერთი ლექციის და პრაქტიკულის გაცდენის უფლება არა აქვს და ხშირად, ლექციებზე სიცხიანები დადიან. განათლების ხარისხი და დისციპლინა როგორ ამაღლდება, თუ ბავშვმა სკოლაში არ იარა? საინტერესოა, იციან თუ არა განათლების სამინისტროში, რომ ისეთი მძიმე საგნების დღეებში, როგორიც ფიზიკა და ქიმიაა, სკოლებში მოსწავლეთა დასწრება უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დროს? ამ საგნებში გამოცდებს თუ გააუქმებენ, მე 12 კლასელი სკოლაში ოთხი საგნის გამო ივლის? სკოლის დირექტორებისგან გავიგე, რომ მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, ვინც ამ ინიციატივის შესახებ გაიგო, იმ მოსწავლეებს ზარ ზეიმი აქვთ და გაკვეთილებზე აღარ დადიან. საოცარია, ბატონი მინისტრი ამბობს, რომ ბავშვებს შემოქმედებითი, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება უნდა განუვითარდეთ და იმ საგნებში აპირებს გამოცდების გაუქმებას, რომლებიც მათემატიკასთან ერთად, ამ უნარებს ავითარებენ. დიახ, ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია, დანარჩენი ლოგიკური აზროვნების მომხმარებელია.

— თქვენი აზრით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, განათლების ხარისხის გაუარესებას და მოზარდებში კრიმინალის მატებას უნდა ველოდოთ?


– ამის მიხვედრას დიდი წინასწარმეტყველობა არ ჭირდება. როცა მოსწავლეთა დასწრება იკლებს, როცა დისციპლინა ირღვევა, როცა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ჩაშლილია, როცა განათლების ხარისხი მინუსებშია გადასული, როცა აბსოლუტური უკონტროლობაა და სკოლის დირექტორები სასწავლო პროცესის დროს, ტრენენინგებზე დარბიან, კარგს რას უნდა ველოდოთ? დიახ, სკოლის დირექტორები, რომლებიც სკოლას სასწავლო პროცესის დასრულებამდე არ უნდა ტოვებდნენ, მასწავლებელთა სახლთან თანამშრომლობენ, ტრენინგებს ატარებენ და ორმაგ დაფინანსებას იღებენ. ბავშვების სიცოცხლე და უსაფრთხოება ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ დირექტორი ასეთი პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ არის, სკოლა უნდა დატოვოს და ტრენინგები ატაროს, სადაც საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას უხდიან. სწორედ გაუზარებლად ჩატარებულმა რეფორმებმა და უკონტროლობამ წლების წინ, სკოლაში ვითარება იმდენად უმართავი გახადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იძულებული გახდა დისციპლინის აღსადგენად, მანდატურების ინსტიტუტი შემოეღო და გამოცდებზე მოსწავლის ჩაჭრის შემთხვევაში, დირექტორის და მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა, რასაც ბოლომდე ვეთანხმები. ამ ქვეყანაში პასუხს არავინ არაფერზე აგებს. ქაოსი კი მაშინ იწყება, როცა პასუხისმგებლობა არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯიბიდან შევსებული ბიუჯეტიდან მოსწავლის ვაუჩერებზე მილიონები იმისთვის იხარჯება, რომ სკოლამ გამოცდაზე ბავშვის ჩაჭრა დაასაბუთოს. თუ ბავშვი ვერ ისწავლის, ატესტატს ვერ აიღებს, მიზანს ვერ მიაღწევს და მინიმალურ შედეგზე ვერ გავა, ამ ფულს რაში ვყრით? როგორ, ამაზე პასუხისმგებლობა არავინ უნდა აიღოს? დიახ, მართალი იყო სააკაშვილი, როცა რვა გამოცდა შემოიღო და გამოცდების შედეგებზე პასუხისმგებლობა სკოლის დირექტორს და მასწავლებელს დააკისრა, მართალი იყო გაცდენების პროცენტი რომ დააწესა და თავისებურად მართალი იყო, როცა სკოლაში მანდატურების ბატალიონები შეიყვანა, მაგრამ ტყუოდა, როცა მანამდე, ანტიმეცნიერული რეფორმები განახორციელა. სწორედ ამან გამოიწვია სკოლაში დისციპლინის დარღვევა და ამიტომ გახდა აუცილებელი სკოლაში მანდატურების შეყვანა.

– გამოდის, რომ ჩვენთან ყოველი ხელისუფლება წინამორბედთა შეცდომებს იმეორებს და მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს..

– იმიტომ, რომ ხელისუფლების ყველა შტოში მემკვიდრეობითობის პრინციპი გაწყვეტილია. ნაციონალების მოსვლისთანავე, სახელმწიფო უწყებებიდან ძველი თანამშრომლები გაყარეს და წინამორბედების შეცდომები რომ შეეხსენებინა, ასეთი არავინ დატოვეს. გამოცდილი კადრები ჰყოლოდა, სააკაშვილი იმ შეცდომებს არ დაუშვებდა, რომლებმაც თვითონაც და ქვეყანაც ჩიხამდე მიიყვანა. საქართველოს ხელისუფლებაში მემკვიდრეობითობა დარღვეულია და გამოცდილების არმქონე ახალგაზრდობა გვმართავს. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ უთქმელობაც აღარ შეიძლება.. ყველა ვხედავთ, რომ სკოლაში დისციპლინა თანდათან ირღვევა და გამოსაშვები გამოცდების შეკვეცა ბოლო აკორდი იქნება. მე ვიცი, რომ მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად გრძელვადიანი პერსპექტივით არის დანიშნული და ეს ინიციატივა მას მინისტრობის ვადას შეუმოკლებს. განათლების მინისტრს თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ და ვთხოვ, რომ სასკოლო გამოცდებს არ შეეხოს. სასკოლო გამოცდები უნდა დარჩეს, ოღონდ ფორმატი უნდა შეიცვალოს და სხვაგვარი დატვირთვა მიეცეს. თუ რამე უნდა გაუქმდეს, ეს ეროვნული გამოცდებია. კარტოზიას მინისტრობის დროს, ანუ შევარდნაძის პერიოდში, ეროვნული გამოცდების ცენტრი იმ პირობით შეიქმნა, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი უნდა ემოქმედა. უცხოეთის ქვეყნებში ერთიანი ეროვნული გამოცდები არსად არსებობს, მაგრამ სასკოლო გამოცდები ყველგანაა. სკოლაში უნდა ჩატარდეს საატესტატო გამოცდები და ეს ყველაფრის გამოცდები იქნება. შეიძლება ბავშვებს ა+ბ ტესტი მისცენ, საიდანაც „ა“ ტესტით სკოლის ცოდნას შეამოწმებენ და „ბ“ ტესტი იმ მიმართულების იქნება, სადაც ბავშვი აბარებს. გამოცდები ისევ საგამოცდო ცენტრმა უნდა ჩაატაროს, მაგრამ პროცესებში გარკვეულწილად, მასწავლებლები და სკოლის დირექციაც უნდა ჩაერთოს.

– დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოპონენტები გეტყვიან, რომ ეს კორუფციას გამოიწვევს.

– ეს არგუმენტი არაა. ყველაზე დიდი კორუფციული ცდუნება და შესაძლებლობები უმაღლეს ხელისუფლებას და მთავრობას აქვს და რა ვქნათ, სახლში გავუშვათ? ძალოვანი სტრუქტურები იმისთვის გვაქვს, რომ იმუშაონ და ერთს, ორს და ათს რომ დაიჭერენ, სხვა აღარ გააკეთებს.

ასე, რომ ჩხენკელმა სკოლის გამოცდებს თავი დაანებოს და გამოცდების ამ მოდელზე იფიქროს. ამასთან, სასწავლო პროცესი ხელშეუხებელი გახადოს და რეალურად აამოქმედოს ის მუხლი, სადაც წერია, რომ დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლო-აღმზრდელობით პროცესზე, რაშიც ბავშვის უსაფრთხოებაც შედის და სახელმწიფოს წინაშე პასუხს აგებს. სად არის დღეს ეს პასუხისმგებლობა? დაადგინოს გამოძიებამ სად იყვნენ ის დირექტორები, როცა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მოსწავლე მოკლეს? ეს არის ფაქტი, რომელსაც შეიძლება ხელისუფლება გადააყოლო და ამათ დირექტორების გათავისუფლება არ უნდათ. ბავშვებს როგორ და რატომ ვთხოვთ პასუხისმგებლობას, როცა უფროსები პასუხს არაფერზე ვაგებთ? თქვენ გგონიათ, ბავშვები ვერ ხედავენ, როგორ გადის დირექტორი დამატებითი ფულის საშოვნელად სკოლიდან?

– მაღაზია „დელფოსი“, კლინიკა „მედი“,„მაგთის ოფისი“- ეს არასრულწლოვანთა მიერ ბოლო ორ თვეში გაძარცვული ობიექტების არასრული ჩამონათვალია. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

– ეს კომპლექსური პრობლემაა და უამრავ საკითხს მოიცავს. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ მეტისმეტად ლოიალურია. დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი სრულწლოვანმაც და არასრულწლოვანმაც. რა თქმა უნდა, მოზარდები ციხეში სხვა პირობებში უნდა იყვნენ, მაგრამ სასჯელი უნდა მოიხადონ.

— თუ ჩვენი მიზანი დამნაშავე არასრუწლოვანის გამოსწორება და რესოციალიზაციაა, ციხე ამისთვის შესაფერისი ადგილი არ უნდა იყოს..

– რომ არ დაიჭერ, მაგით გამოსწორდება? სწორედ სასჯელი და პასუხისმგებლობაა ის მუხრუჭი, რომ ადამიანმა ის არ გააკეთოს, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. სასჯელი რომ არ არსებობს, იმიტომ იქმნება არასრულწლოვანთა ბანდები და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. შექმნილი მდგომარეობა ზუსტად იმ ანტირეფორმების ბრალია, რასაც მოქმედი, წინა თუ იმის წინა ხელისუფლებები წლების მანძილზე ახორციელებდნენ. „ზოგადი განათლების კანონით“ სკოლას აღარ გააჩნია აღმზრდელობითი ფუნქცია, დედ-მამას კი შვილისთვის აღარ სცალია. კვლევებით დადგენილია, რომ მშობელი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ, 7 წუთი ეკონტაქტება შვილს. საქართველოდან წასული მშობლების თემა კიდევ სხვა საკითხია. ასეთ რეალობაში, ბავშვებისთვის სკოლას და მის დირექტორსაც არ სცალია და სასწავლო საათების დროს, ტრენინგებს ატარებს..

– საუბრის ბოლოს, სამინისტროს კიდევ ერთ ინიციატივაზე გკითხავთ, რომელიც რელიგიის ისტორიის არჩევით საგანთა ნუსხაში ჩასმას ითვალისწინებს. თქვენი აზრით, ეს საგანი საერო თუ სასულიერო პირმა უნდა ასწავლოს?


– დავიწყოთ იმით, რომ რელიგიების ისტორია და კულტურა მართლმადიდებლური საგანი არაა, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. მე რელიგიების ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეკითხებოდა და მართლმადიდებლობის გარდა, ვისწავლე კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი, და ა.შ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლებას ეწინააღმდეგებიან. როგორ, განათლებულმა ადამიანმა ეს არ უნდა იცოდეს? რაც შეეხება საგნის მასწავლებლებს, სანამ სააკაშვილი საგნის სწავლებას გააუქმებდა, საერო პირები ასწავლიდნენ, რომლებმაც გია მურღულიას დახელოვნების ინსტიტუტში გაიარეს გადამზადება. ის კადრები დღესაც არსებობს, თანაც სასულიერო აკადემიას უამრავი ახალგაზრდა ამთავრებს და მათაც შეუძლიათ სწავლება. ეს ადამიანები მარტო მართლმადიდებლობას კი არ სწავლობენ, მსოფლიოში არსებულ ყველა რელიგიაზე და სექტაზე აქვთ წარმოდგენა. ასე, რომ სპეციალისტები საძებნელი არ გვაქვს და იმ პრობლემებს მივხედოთ, რომლებიც მართლა მისახედია..

ნელი თორდია

მეტის ნახვა
1-02-2018, 18:21


"ბახალას" ამბის გარშემო დიდი დისკუსიაა გამართული. ჭორები ვრცელდება, დიდ რაოდენობას ასახელებენო – ესეც ითქვა; არა, "ის"კი არ ჰქონდა "ეს" ჰქონდაო; არა, არაფერი არ ჰქონდაო; ჰქონდა, მაგრამ თავისთვისო… სხვათაშორის, იმასაც ამბობენ, რა ჩადებაზეა საუბარი, რა წრეშიც "ბახალა მოძრაობდა", სწორედაც რომ ვერ გაუბედავდნენ ჩადებასო.

ერთი "ბახალა" და ნარკოტიკის დიდი ოდენობით დაბრალება კი არა, ყველა ცოდოა რაიმეს დასაბრალებლად, მაგრამ თუ არავინ აბრალებს ვინმეს რამეს და მართლა სახეზეა დანაშაული, რა ვქნათ, დამნაშავედ არ უნდა სცნოს სასამართლომ ერთი ჯგუფის შიშით? დავიჯეროთ, კონკრეტულ მოსამართლეებს საქმის მასალები კი არ აძლევენ საფუძველს, პირადი შურისძიება ამოძრავებთ კონკრეტული პირების მიმართ? და ეს კონკრეტული პირები, რატომღაც, მაინც და მაინც ხელოვანი ან ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანები რატომ არიან?

მოგერიდება კაცს გვარ-სახელების ჩამოთვლა იმ პირებისა, რომლებიც ხელოვნების მსახურებასთან ერთად ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებასაც კარგად ემსახურებიან, ბევრად უკეთ, ვიდრე საკუთარ საქმეს, მღერა იქნება თუ ცეკვა, დაკვრა იქნება თუ წერა; ხატვა იქნება თუ როლის შესრულება და ა.შ ეს ხალხია დაკავშირებული კლუბებთან თუ რესტორნებთან ხოლო რამდენი ღამის კლუბია დღეისათვის თბილისში, სადაც ახალგაზრდობა ერთობა? გართობა ჰქვია, თორემ რეალურად ნარკოტიკზე რომ არის საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა გასამხიარულებლად და სასმელში გახსნილი ნარკოტიკი იყიდება, ვითომ სიცრუეა? "საცეკვაო ნარკოტიკი" ვითომ აღარ არის მოდაში?

კაფე "გალერიში" რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკოტიკის მიღებით, მაშინ ატყდა ყაყანი, დაიხუროსო, მაგრამ ერთი "გალერი" იყო და დამთავრდა? "ბიო" (ხელოვნურად გამდიდრებული მარიხუანა) არ კლავსო – ამბობდნენ. არ მაგონდება ფართო საზოგადოებას გაეგო, რომ ახალგაზრდა "ბიო-ს" ერთ-ერთი სახეობით, მეფედრონით გარდაიცვალა, რომელსაც ნარკომომხმარებლები "აბაზანის მარილის" სახელით იცნობენ…

ახალგაზრდა გოგონა აგერ ახლახანს, რამდენიმე თვის უკან შეიწირა ე.წ კლუბურმა ნარკოტიკმა, მაგრამ ამ ტრაგედიიდან მე 2 დღეს კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს საავადმყოფოში ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო, მთლიანობაში კი, იმ დროისათვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ათეულობით ახალგაზრდა მოხვდა…

კონკრეტულ დანაშაულზე, რაც ნარკოტიკების დიდ რაოდენობას ეხება, პირს თავისუფლების აღკვეთა 8-იდან 20 წლამდე ან უვადოდ ეხებაო და ეს ცინიზმია, როცა განზრახ მკვლელობაზე 7-იდან 15 წლამდეაო… ამ ერთ კატეგორიას რომ ჰკითხოს კაცმა, ნარკოტიკი არ კლავს, აფრთიანებს…

საინტერესოა, ვინმემ ჰკითხოს მათ, განზრახ მკვლელობაზე რომ გაიზარდოს აღკვეთის ვადები, ამაზე რას იტყვით პატივცემულებოო? თუმცა კითხვაც არა არის საჭირო, პასუხი იქნება, არაადექვატურიაო…

უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლი! – გაცვდა ყური ამ ფრაზით! თან ვინ არიან ამ ფრაზას რომ ამბობენ – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე უსამართლო სისტემის მორიგი კი არა, არაფრის და არანაირი მსხვერპლი რომ არ შეუმჩნევიათ, განურჩევლად ყველა რომ დამნაშავე იყო და იმიტომ იჭერდნენ, ან სულაც, კლავდნენ…
"მორიგი" – ვის შემდეგ, ვინ იყვნენ მანამდე "მსხვერპლები", ნარკოტიკების მომხმარებლები თუ გამსაღებლები?
კაცმა რომ თქვას, საინტერესოა კიდევ ერთი რამ – შეწყალების თხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება. არავის აქვს შეწყალების საწინააღმდეგო, მაგრამ ადამიანი არ ამბობს დავაშავე და ვნანობ, მეტს აღარ დავაშავებ, ამ ერთხელ მაპატიოთ იქნებო და პრეზიდენტმა რატომ უნდა შეიწყალოს? ადამიანი ამბობს, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას ციხიდანაც, არ მქონდა არაფერი და ვიბრძოლებ ამის გამოო და ესენი რის გამო შეწყალებას ითხოვენ თუ შესაწყალებელი არაფერია?

ნარკობარიგობით განთქმული ერთ-ერთი ცნობადი სახე სახელმწიფოს თუ ხელისუფლებას დამუქრებია, თუ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, იძულებული ვიქნები, საერთოდ გადავიხვეწო აქედანო. ხალხი კი მისძახის, ისემც გიქნიათ ყველა "ბარიგა" მოუსავლეთში გადახვეწილხართო, მაგრამ ვინ სადაა გამქცევი, მშვენივრად, თბილად და ტკბილად არიან მოკალათებულები და წამლავენ მომავალ თაობებს…

სასწაული ხალხი ვართ საქართველოში, ერთსა და იმავე დანაშაულისთვის ნაწილი დამნაშავის დასჯას ითხოვს, ნაწილი – დაუსჯელობას. კახა მამულაშვილს ("მამულიჩას") რომ 5. 591 გრ კოკაინი, 1,15 კანაფის ფისი და ე.წ "ექსტაზი" 0, 2048 გრამი აღმოაჩნდა და ბანდალ-ბანდალით მიჰყავდათ სამართალდამცველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რატომ გაანთავისუფლეს გირაოს სანაცვლოდო, – ბრაზობდა ხალხი, არადა, იმავე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარები უდგებოდნენ თავდებში; ახლა გიორგანაშვილი დააკავეს და რატომ დააკავესო…
კაცმა რომ თქვას, მართალია ის ხალხი, ვინც გიორგანაშვილის დაკავებას აპროტესტებს და სასამართლოს შენობის ფანჯრებს აგურს ესვრის უსამართლობის კერასთან ბრძოლის სახით. თვითონაც ნარკოტიკთან (მარიხუანა) დაკავშირებით ჰქონია პრობლემა კანონთან ბექა წიქარიშვილს და ისროდა გიორგანაშვილის გამო, აბა, რას იზამდა. თუშური ანდაზაა, თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსო…

სწორედაც რომ არ უნდა დაეკავებინათ გიორგი გიორგანაშვილი. აბა, როცა იმავე დანაშაულისთვის სხვას უშვებ, "ბახალას" კი უსჯი, სამართალი სად არის? "მამულიჩას" აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა 15 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა, რასაც, როგორც ფაქტი გვიჩვენებს, ბრალდების მხარეც უყოყმანოდ დაეთანხმა და ბრალდებულმა შინისაკენ გასწია, 20 000-ლარიანი გირაოთი "ბახალამ" რატომ ვერ გასწია შინისაკენ? "მამულიჩა" თუ არ იყო პაბლო ესკობარი, "ბახალა" აღმოჩნდა?

მოკლედ რომ ვთქვათ, შერჩევით სამართალს კი არ აპროტესტებენ, ზოგადად, ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებას და ბრალის წაყენებას აპროტესტებენ…

"მამულიჩა გამოუშვეს! ყოჩაღ, ლელა! გზა მიშას კარის მომღერლობიდან "ოცნების" კარის მომღერლობამდე" – წერდა მაშინ ჟურნალისტი ელისო კილაძე, ახლა კი, გიორგანაშვილის დაკავებას აპროტესტებდა და საკუთარი შვილის უდანასაულობაზე იგავ-არაკობდა…

"საბრალო ბახალა" არის თუ არ არის "საბრალო", მაინც ვერ დადგინდა რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგრამ როცა პრეცედენტი დადგა, იგივე "მამულიჩა", იდენტურ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს – რის საფუძველზე, უცნობია; პროცესი ისე ჩატარდა რომ ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზი დაუმალეს. ამას რა ჰქვია, ლელა წურწუმია მდგარა კანონზე მაღლა? ახლა გიორგანაშვილის მეუღლეც "საბრალოა" უკვე, ვერ იკანონა, ვერ გამოაშვებინა სასამართლო დარბაზიდან მეუღლე… საინტერესოა, ლელასთან არ მიესვლებოდა `ბახალას~ მეუღლეს? – ეცადა მაინც. რა ვიცი, "მამულიჩას" დაკავება-გამოშვებაზე ირაკლი ვაჭარაძე ბობოქრობდა, ლევან აბზიანიძე "პლანის" სავარაუდოდ მოწევის ეჭვის გამო მოკლეს და ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს. "ნაცების" ბრალია, ლელას გამო ასჯერ რომ შეიწყალესო და ეგებ დახმარებოდა გაკვალულ ბილიკზე… ზვიად კვაჭანტირაძე მაინც სად შეიმალა, "მამულიჩას" თუ ესარჩლებოდა, `ბახალას~ რატომ არ გამოესარჩლა?

როგორც აღვნიშნე, ერთი კატეგორიის ხალხი აპროტესტებდა ნარკოპოლიტიკას და ერთი კატეგორიის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ("ბახალა" ამ შემთხვევაში მიზეზი არის), ისინი, რომლებიც უცხოური გრანტის ჭამაში არიან გაწაფულები და რას გააპროტესტებენ, მნიშვნელობა არ აქვს.

მარიხუანის მოხმარება სასარგებლო ყოფილა ჯანმრთელობისთვის; ნარკოპოლიტიკა შესაცვლელი, ძალიან სიმკაცრეა თურმე და ნარკოლიბერალიზაციაა საჭირო, ანდა, სულაც, დეკრიმინალიზაცია უკეთესი ყოფილა. პარლამენტში ვითომ რაღაც ძვრა იყო და ისევ ჩაჩუმებულან, რა წესია ესაო, – ამჯერად ამას აპროტესტებდა მანამდე დაჟინებული მზერებით შეწუხებულ-აღშფოთებული ბაია პატარაია…

"არ იქნება დეკრიმინალიზაცია, არ იქნება მშვიდობაო" – მაშასადამე, პირთა ჯგუფისთვის მშვიდობა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარებასთან ასოცირდება. ამაზე მეტად გამოთაყვანება რომ მოუნდება ადამიანს, რაღა უნდა უთხრა, რას შეასმენინებ… სწორედ აქედან გამომდინარე უყვირეს აქციის მონაწილეებმა გამვლელ მონაზონს და მიალანძღეს საპატრიარქოც, შს მინისტრმა თქვა, პროცესები უნდა დაჩქარდესო, მაგრამ ეკლესიის ბრალია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გატარების პროცესი რომ გადაიდოო… აქციაზე შეკრებილი აღშფოთებულების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, არ სდომებია ხალხს არც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია-დეკრიმინალიზაცია და არც `ბარიგები~ თუ ნარკოტიკის მომხმარებლების მხარდაჭერა…

მამა გიორგიმ (რაზმაძე) თქვა, "ცისფერი კომისრების" მიერ მართული ნაძირალების ხროვა გვყავსო; ნარკოტიკების თემა შემოგდებულია რათა ახალგაზრდობა დაღუპონო…

მისი თქმისა არ იყოს, ისეთი სურათი იხატება, რომ ვიღაცების გამიზნული მოთხოვნაა "ჩაკაიფებული საქართველო" და რადგან ჯერჯერობით მაინც ვერ ხერხდება მიზანთან მიახლოება, გამიზნულად ხდება ძალოვანი სტრუქტურების დაშანტაჟება.

გიორგი ჩხეიძე

მეტის ნახვა
1-02-2018, 18:16


დღეიდან საქართველოში ახალი, ინოვაციური საინფორმაციო სერვისი იმუშავებს. „საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრი“ (Information Security and Protection Centre) დაინტერესებულ პირებს ახალ, მრავალპროფილურ და კომბინირებულ მომსახურეობას სთავაზობს, რომლის ფარგლებში ცენტრი ყველა კომპანიას თუ კერძო პირს მისთვის სასურველ მომსახურეობას გაუწევს.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ სერვისი საინფორმაციო სფეროში ნოვაცია და პრაქტიკულად, ხვალინდელი დღეა ინფორმაციისა და ინტერნეტის ეპოქაში. თანამედროვე პირობებში, ინფორმაციასთან წვდომა და მართვა გაადვილებულია, მაგრამ ცხადია, სამთავრობო სტრუქტურები, საზოგადოებრივი ჯგუფები, კომპანიები და კერძო პირები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგებიან ცალკეული ზოგადი თუ კერძო სახის ინფორმაციის დაზუსტების, მოპოვების, გავრცელებისა და უსაფრთხოების კუთხით. რთულია საჭირო და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

ცენტრი ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილურ, კომბინირებულ მომსახურეობას. დამკვეთებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ კი არ მიიღონ მათთვის სასურველი, ყველაზე რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციები, არამედ გადაამოწმონ უკვე არსებულის უტყუარობა სხვადასხვა სახისა და ფორმატის ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალებით.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში სრული კონფიდენციალობის დაცვით, იმუშავებენ კონკრეტულ შეკვეთაზე, რომლის არეალი მოიცავს ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას. სრულიად ახალი მიმართულება იქნება საინფორმაციო უსაფრთხოება და დაცვა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ, ტექნიკურ სერვისსაც.

მნიშვნელოვანია ცენტრის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულება, რომლის სერვისითაც სხვადასხვა მედიაგამოცემას, კომპანიასა და კერძო პირს შეუძლია ისარგებლოს. ცენტრის მიერ ინფორმაციის მოპოვების, გავრცელებისა და შეკავების გეოგრაფიული არეალი მიმდინარე ეტაპზე მოიცავს - ევროპას, დსთ-ს, თურქეთს, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთს. ცენტრში საქმიანობენ მაღვალკვალიფიციური მენეჯერები, ანალიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები, უსაფრთხოების სისტემისა და კიბერსპეციალისტები, რომლებიც ნებისმიერ მომხმარებელს აძლევენ გარანტიას მიიღოს ყოველმხრივ კვალიფიციური, მაღალპროფესიონალური მომსახურეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის:
ფეისბუქ გვერდი - https://www.facebook.com/ispc.ge
ელექტრონული ფოსტა - ispc.ge@gmail.com

მეტის ნახვა
1-02-2018, 17:41